Facebook Twitter

ბს-1079-1041(კ-08) 4 დეკემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 14 დეკემბერს ნ. ხ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. ზესტაფონში, ...-ის ქუჩის ¹22-ში. 1989 წლის 30 ნოემბერს ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომმა მიიღოO¹416 გადაწყვეტილება, რომლის თანახამადაც ნ. ხ.-ის სასარგებლოდ გაიცა გარანტია 3-ოთახიანი ბინით დაკმაყოფილების შესახებ. აღნიშნული გარანტიის შესრულების მოთხოვნით მიმართვისას მოსარჩელეს განუმარტავდნენ, რომ გარანტია შესრულდებოდა, თუმცა ვერ უთითებდნენ შესრულების დროსა და ვადას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1973წ) 65-ე, 197-ე, 205-ე, 212-ე მუხლების, საბინაო კოდექსის 104-ე და 106-ე მუხლების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი, მე-2 ნაწილისა და მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე, მოპასუხეებისათვის ქ. ზესტაფონში, ცენტრალურ ტერიტორიაზე სამოთახიანი ბინით მისი დაკმაყოფილების ან ბინის ღირებულების გადახდის დაკისრება მოითხოვა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ხ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნ. ხ.-ის სასარგებლოდ სამოთახიანი ბინის საბაზრო ღირებულების _ 20000 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 აპრილის განჩინებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ხ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობას ნ. ხ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა სამოთახიანი ბინის ღირებულების შესაბამისი ფულადი კომპენსაცია _ 20000 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ქ. ზესტაფონში, ...-ის ქუჩის ¹22-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და რომელიც დაინგრა ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს 1989 წლის 30 ნოემბრის ¹416 გადაწყვეტილებით, მიეცათ გარანტია, რომ ბინებს მიიღებდნენ 9-სართულიან 36-ბინიან საცხოვრებელ სახლში, რომელიც უნდა აშენებულიყო იმავე ადგილზე. ამორტიზებული სახილის მობინადრე იყო ნ. ხ.-ის ოთხსულიანი ოჯახი. აღმასკომის გადაწყვეტილებით გაიცა გარანტია ნ. ხ.-ის კეთილმოწყობილი ბინით უზრუნველყოფის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ოჯახი 1989 წელს მოყვა ასახლებაში. საქართველოს სსრ 1983 წლის საბინაო კოდექსის 104-ე, 106-ე, 108-ე მუხლების თანახმად, თუ სახლს ჩამოქცევის საფრთხე ემუქრებოდა, ამ მობინადრეებს უნდა მისცემოდათ სხვა კეთილმოწყობილი სადგომი იმავე დასახლებული პუნქტის ფარგლებში.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ რადგან ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს 1989 წლის 30 ნოემბრის ¹416 გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული კონკრეტული ვადა, ითვლებოდა, რომ გარიგება დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით. სააპელაციო სასამართომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 212-ე, 165-ე და 166-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა, რომელიც, “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს კანონის 65-ე მუხლის თანახმად, კანონიერი უფლებამონაცვლეობით წარმოადგენდა რაიაღმასკომის სამართალმემკვიდრეს, უნდა დაკისრებოდა ზიანის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს 1989 წლის 30 ნოემბრის ¹416 გადაწყვეტილებით ნ. ხ.-ს მიეცა გარანტია ბინით დაკმაყოფილების თაობაზე, რომელშიც არ იყო მითითებული რაიმე ვადა და ხანდაზმულობა ვერ იქნებოდა ათვლილი ბინის მშენებლობის შეწყვეტის დროიდან, ანუ 1991 წლიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამეგობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 20 ოქტომბრის განჩინებების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 4 დეკემბრამდე;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.