04 აპრილი 2025 წელი
საქმე №ას-353-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - გ.მ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ბ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ძირითადი სარჩელით), უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა (შეგებებული სარჩელით)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.ბ–ძემ სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - გ.მ–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (რომლის მისამართია: გურჯაანი, ........., ს/კ ..........) გამოთხოვისა და თავისუფალ მდგომარეობაში მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მან შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და ზემოხსენებული სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა.
3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა სადავო უძრავი ნივთი (რომლის მისამართია: გურჯაანი, ............., , ს/კ ........) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. შეგებებული სარჩელი უარყოფილი იქნა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ (შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ), მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება, ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. უძრავი ნივთი, რომლის მისამართია: გურჯაანი ........., სადარბაზო 2, სართული 4, ბ. 10, ს/კ ........ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით მოსარჩელის საკუთრებად ირიცხება. მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია - 10.09.2019წ.
5.2. 2000 წელს მოსარჩელემ კუთვნილი სადავო უძრავი ნივთი, ნასყიდობის ზეპირი შეთანხმების საფუძველზე გადასცა მოპასუხეს, რომელიც დღემდე ფლობს აღნიშნულ ქონებას.
5.3. სადავო უძრავ ქონებას მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს. მას სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა სადავო უძრავი ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძვლების არსებობას.
5.4. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია მისი სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობის საფუძვლების არსებობის თაობაზე. პალატამ განმარტა, რომ 2000 წლის მდგომარეობით მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელი იყო, სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. რეგისტრაციაზე განცხადების შეტანა შეეძლო როგორც გამსხვისებელს, ისე - შემძენს. ამავე პერიოდში მოქმედი 323-ე მუხლის მიხედვით კი, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე კისრულობდა ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადაეცა სხვას ან შეეძინა იგი, უნდა დამოწმებულიყო სანოტარო წესით.
5.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა და სასამართლომ დადგენილად მიიჩნია 2000 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ბინის ნასყიდობის თაობაზე ზეპირი შეთანხმების დადება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა 1500 აშშ დოლარი, მაგრამ იმავდროულად დადგინდა, რომ მხარეები გარიგების დადების დროს მოქმედი სავალდებულო წესის დაცვით უძრავი ნივთის ნასყიდობის თაობაზე არ შეთანხმებულან, რაც იმას ნიშნავს, რომ უძრავი ქონების თაობაზე გარიგება დადებულია გარიგების დადების დროს მოქმედი კანონით დადგენილი სავალდებულო ფორმის დაუცველად, რის გამოც ბათილი გარიგებაა და იურიდიული შედეგი ვერ მოყვებოდა.
5.6. კანონით დადგენილ სავალდებულო ფორმას დაქვემდებარებული გარიგებების ნამდვილობის საკითხის გადაწყვეტისას, კანონი არ განსაზღვრავს გარიგების დადებისას ფორმის დაუცველობის მიზეზების დადგენას, რაც იმას გულისხმობს, რომ კანონი გარიგების ბათილობას უკავშირებს კანონით დადგენილი სავალდებულო ფორმის დაუცველობას იმის მიუხედავად, თუ ვისი მიზეზით იყო აღნიშნული გამოწვეული. შესაბამისად, იმ გარემოების შეფასება, თუ რა მიზეზით დაიდო ზეპირი ფორმით გარიგება სადავო ქონების გასხვისებაზე, გავლენას ვერ მოახდენდა გარიგების ნამდვილობის საკითხის გადაწყვეტის კუთხით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ ვლინდებოდა მოპასუხის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5.7. რაც შეეხება მოსარჩელის სავინდიკაციო სარჩელს, პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი წინაპირობები. აპელანტის პრეტენზია დაემყარა იმ არგუმენტს, რომ მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ნივთის ფლობა მართლზომიერი იყო, რადგან მან ეს ქონება იყიდა მოსარჩელისაგან და გადაიხადა ნივთის საფასური. გარდა აღნიშნულისა, აპელანტის მითითებით, სასამართლოს არ დაუდგენია ის გარემოება, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენამდე მოსარჩელეს არასდროს მიუმართავს მოპასუხისათვის ნასყიდობის დარჩენილი თანხის გადახდის და არც ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით.
5.8. სადავო ბინაზე აპელანტის მფლობელობის მართლზომიერების შეფასებისას, პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მართალია მოპასუხეს უძრავი ქონება მფლობელობაში გადაეცა მოსარჩელის მიერ, თუმცა მნიშვნელოვანი იყო, რომ ქონების მლობელობაში გადაცემის საფუძველს წარმოადგენდა ნასყიდობის თაობაზე ზეპირი შეთანხმება, ფორმადაუცველი გარიგება, რომლის სამართლებრივად დადასტურებისა და მოწესრიგების ნება უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირების შემდგომ მოსარჩელემ აღარ გამოხატა, უფრო მეტიც, მოითხოვა საკუთრებაში არსებულ ბინაზე მოპასუხის მფლობელობის შეწყვეტა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, ანუ უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის დროიდან აღარ არსებობდა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, მოპასუხის მფლობელობა მართლზომიერად ვერ შეფასდებოდა და სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივსამართლებრივ წინაპირობას ქმნიდა.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ დაასკვნეს, რომ იგი სადავო უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს. უდავო გარემოებაა, რომ მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე და უძრავი ქონება გადაეცა მყიდველს - მოპასუხეს, ნასყიდობის საფასურის გადახდის სანაცვლოდ. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას მოსარჩელეც ადასტურებს. ერთადერთი, რაც სასამართლომ მესაკუთრედ ცნობის დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნია, ფორმადაუცველი ნასყიდობის ხელშეკრულებაა. იმ პირობებში, როდესაც, ორივე მხარემ დაადასტურა ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ მოწმობს აღნიშნულს, სასამართლოს კანონით მინიჭებული უფლების ფარგლებში მოპასუხე სადავო ქონების მესაკუთრედ უნდა ეცნო. ნიშანდობლივია, რომ გარიგების ფორმა რომ დაცული ყოფილიყო, კასატორი საჯარო რეესტრის გზით დაირეგისტრირებდა უძრავ ქონებას და სასამართლოში სამართალწარმოების დაწყება საჭირო არ გახდებოდა. მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს ნივთის ფლობის უფლება ჰქონდა და ამჟამადაც აქვს. ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და დაუსაბუთებლად უარყო მოპასუხის შეგებებული სარჩელი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივრები მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. საკასაციო საჩივრის ფარგლებში მხარეთა შორის სადავო საკითხს წარმოადგენს კასატორის მხრიდან სადავო უძრავი ნივთის ფლობის მართლზომიერება და ამ ქონებაზე მისი მესაკუთრედ ცნობა.
11. საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის პოზიცია სადავო უძრავი ნივთის ფლობის მართლზომიერებასა და ამ ქონების მესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით. კასატორი თავს მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევს იმ არგუმენტით, რომ მხარეთა შორის დადებულია ნასყიდობის ხელშეკრულება ზეპირი ფორმით, შესაბამისად, ცალსახაა მისი სადავო ქონების მართლზომიერად ფლობა და იკვეთება ამ ქონების მისი მესაკუთრედ ცნობის წინაპირობა.
11.1. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ 2000 წელს უძრავი ქონების გასხვისების თაობაზე მხარეთა შორის მიღწეული ზეპირი შეთანხმება არ აკმაყოფილებდა იმ დროისთვის მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 183-ე (უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. რეგისტრაციისათვის განცხადების შეტანა შეუძლია როგორც გამსხვისებელს, ისე შემძენს; საბუთში ზუსტად უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის შეძენის საფუძველი. თუ ერთ-ერთი მხარე მონაწილეობს წარმომადგენლის მეშვეობით, მაშინ საბუთში ზუსტად უნდა აღინიშნოს ამის შესახებ) და 323-ე (ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით) მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს, რაც გულისხმობდა სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების გაფორმებასა და შემძენის საკუთრების უფლების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში.
11.2. მართალია, საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ მხარეებს შორის არსებობდა ზეპირი ნასყიდობის შეთანხმება და კასატორმა გადაიხადა ნივთის საფასური, თუმცა ვინაიდან ეს გარიგება დადებული იქნა ფორმადაუცველად, იგი ბათილია და ვერ წარმოშობს საკუთრების უფლებას უძრავ ქონებაზე.
11.3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობა რეგისტრაციასთან არის დაკავშირებული. როგორც გასაჩივრებული განჩინებით იქნა დადგენილი, სადავო ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად, ხოლო კასატორს სასამართლოსთვის არც ნასყიდობის დამოწმებული დოკუმენტი და არც რეგისტრაციის განაცხადი არ წარმოუდგენია, ამდენად, მისი უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა ობიექტურად შეუძლებელი იყო.
11.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფორმადაუცველი გარიგება, მიუხედავად იმისა, რომ მხარეები არ ურყოფდნენ მის არსებობას, არ განაპირობებს იურიდიულ შედეგს. იმ პირობებში, როდესაც, საკუთრების უფლების წარმოშობა შესაძლებელი იყო ფორმალური წესის დაცვით, თუმცა ეს ნაბიჯი არ იქნა გადადგმული, პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ იმ მხარეს, რომელმაც ფორმალური რეგისტრაცია ვერ უზრუნველყო.
11.5. ამრიგად, მხოლოდ ფაქტობრივი მფლობელობა და ზეპირი შეთანხმების არსებობა არ ქმნის საკმარის საფუძველს მესაკუთრედ ცნობისთვის.
12. რაც შეეხება მოსარჩელის სავინდიკაციო სარჩელს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245; ს.უ.ს.გ. №ას-457-2021, 05.10.2021წ.)
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (ს.უ.ს.გ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; ს.უ.ს.გ. Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.).
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
15. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით არ არის შედავებული, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ სადავო უძრავ ქონებას, ფლობს კასატორი.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (ს.უ.ს.გ. Nას-1579-2019, 17.12.2019წ.).
17. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ ის მართლზომიერად ფლობს სადავო უძრავ ქონებას.
18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (ს.უ.ს.გ. Nას-887-2019, 27.12.2019წ.).
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
20. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 მარტის განჩინებით, გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 30% – 90 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. გ.მ–ს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 მარტის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 30%-ის - 90 ლარის გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი