ბს-1080-1032(კ-07) 2 აპრილი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ხ-მა 02.08.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოპასუხისათვის დავალიანების _ 1384,87 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მსახურობდა ყოფილი თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის ..... სანიტრად, საიდანაც გათავისუფლდა 20.11.06წ. სამსახურში მუშაობის დროს მიუღებელი დარჩა ხელზე ასაღები დავალიანება 1384,87 ლარი, მათ შორის: ხელფასი – 436,69 ლარი, კვების ფულადი კომპენსაცია _ 669,06 ლარი, ჯილდო – 216 ლარი და მატერიალური დახმარება – 63,11 ლარი. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო. შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ ფულად შეღავათებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.08.07წ. გადაწყვეტილებით ნ. ხ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების თანხა 1384,87 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების მიერ გაცემული ცნობით დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის ყოფილი თანამშრომლის – ნ. ხ-ის კუთვნილი, ხელზე გასაცემი დავალიანება შეადგენდა 1384,87 ლარს. ამასთან, შრომის წიგნაკის ამონაწერის თანახმად მოსარჩელე თავდაცვის სამინისტროს კლინიკურ ჰოსპიტალში მუშაობდა 2004-2006 წლებში. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ხ-ი იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, საჯარო მოხელეს წარმოადგენდა. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებზე ვრცელდებოდა აღნიშნული კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), ხოლო სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-16 მუხლის მიხედვით, დაწესებულება, რომელშიც მუშაობს თანამშრომელი, თვითონ არის პასუხისმგებელი ხელფასის ანაზღაურებაზე. ამავე კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილია, რომ მუშას ან მოსამსახურეს დათხოვნისას, საწარმოსაგან, დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისაგან კუთვნილი მთელი თანხა ეძლევა დათხოვნის დღეს. აღნიშნული საკითხი ანალოგიურად არის მოწესრიგებული მოქმედი შრომის კოდექსითაც. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე თანდართული მტკიცებულებით მოპასუხის მიერ ფაქტობრივად აღიარებული იყო, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხებოდა სახელფასო დავალიანება 1384,87 ლარის ოდენობით, რაც სრულად წარმოადგენს მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი არ ითვალისწინებდა წინა წლების დავალიანებების ასანაზღაურებელ თანხებს, იგი ვერ გადაიხდიდა სახელფასო დავალიანებას, რაც სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად ვერ იქნებოდა მიჩნეული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.08.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.10.07წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.08.07წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. ამასთან, სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, ვინაიდან სადავო ურთიერთობის მიმართ არ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლებით დადგენილი სარჩელის ხანდაზმულობის ვადები. აღნიშნული საფუძვლებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.08.07წ. გადაწყვეტილება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.10.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება აღნიშნული კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მეორე ნაწილით, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, სამუშაო ადგილზე. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127.1 მუხლით, მოხელეს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. სსკ-ის 130-ე მუხლით ხანდაზმულობის ვადის დინება იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ე.ი. ხელფასის გაცემისათვის დადგენილი დღიდან. მოსარჩელეს თითოეული თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება უნდა მოეთხოვა იმ დღიდან ერთ თვეში, რაც დადგენილია ხელფასის გაცემის დღედ. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა 2004-2006 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია. საყურადღებოა, რომ სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127.1 მუხლის გამოყენების მიზანშეწონილობაზე, თუმცა, მუხლის შინაარსიდან და მოთხოვნის ხასიათიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იყო ამ ნორმის გამოყენება. მით უმეტეს, რომ სასკ-ის მე-4 და მე-19 მუხლებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სასამართლო ვალდებული იყო, საკუთარი ინიციატივით დაედგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება – გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადის გასვლის ფაქტი. კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ფაქტები ცალსახად მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ სსსკ-ის 377.1 მუხლის დარღვევის ფაქტზეც, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არ შეამოწმა საჩივრის არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი, რამაც გამოიწვია დაუსაბუთებელი და არასრული გადწყვეტილების გამოტანა, რაც განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 14.12.07წ. განჩინებით, სასკ-ის 34.3 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი. აღნიშნულ განჩინებაზე მოსაზრებები წარმოადგინეს ნ. ხ-მა და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. ნ. ხ-მა თავის 27.12.07წ. მოსაზრებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 03.01.08წ. მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “ბ” და “გ” ქვეპუნქტების შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.