ბს-108-108(კ-08) 1 მაისი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. მ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის განჩინება
სარჩელის საგანი _ სახელფასო დავალიანებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 10 იანვარს ნ. მ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 20 აპრილის ¹910 ბრძანებით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის მიმართ დარჩა 1998-1999 წლების სახელფასო დავალიანება _ 509,16 ლარის, 1996-2005 წლების სანივთე ქონების კომპენსაცია _ 2976,76 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრება _ 3485,92 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 509,16 ლარისა და ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის _ 2976 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლომ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორისა და საფინანსო განყოფილების უფროსის 2006 წლის 2 ივნისს გაცემული ცნობებით დადგენილად მიიჩნია, რომ ...... ნ. მ-ე ნამდვილად მუშაობდა საქართველოს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სამხედრო მოსამსახურედ. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორისა და საფინანსო განყოფილების უფროსის 2006 წლის 2 ივნისს გაცემული ¹1041 ცნობის თანახმად, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნ. მ-ის მიმართ გააჩნდა 1998-1999 წლების სახელფასო დავალიანება _ 509,16 ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი).
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზეც მეორე მხარე ამყარებდა თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლოს შეეძლო საკმარის მტკიცებულებად ჩაეთვალა და საფუძვლად დაედო სასამართლო გადაწყვეტილებისათვის. მოპასუხემ წარმოდგენილი დოკუმენტით დაადასტურა რა დავალიანების არსებობა, ამით აღიარა მოთხოვნის არსებობა.
საქმის მასალებით საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნ. მ-ის მიმართ გააჩნდა ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანება, რომელიც 1996-2005 წლების ჩათვლით შეადგენდა 2976 ლარს.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმა მოსარჩელეს უფლებას ანიჭებდა, მოეთხოვა სახელმწიფოსგან მიუღებელი ფორმის ტანსაცმლის შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად იყო დადგენილი მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა სახელფასო დავალიანებისა და 1996-2005 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნაზე და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოპასუხისათვის სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის _ 2976 ლარის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი, ასევე გადაწყვეტილებაში ასახული დასაბუთება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელე ნ. მ-ის სასარგებლოდ სანივთე ქონების კომპენსაციის თანხის დაკისრების ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი ცნობებით უტყუარად მტკიცდებოდა, რომ მოპასუხე ორგანიზაციას მოსარჩელისათვის გასაცემი ჰქონდა ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის სახით 1996-1998 წლებში _ 932,40 ლარი, 1999-2001 წლებში _ 742,01 ლარი და 2002-2005 წლებში _ 1296,26 ლარი. აღნიშნული სააპელაციო სასამართლომ შეაფასა, როგორც მოპასუხე ორგანიზაციის მხრიდან მოსარჩელის მიმართ ვალის აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტები.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა წყდებოდა, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებდა მოთხოვნის არსებობას. ამავე კოდექსის 141-ე მუხლის საფუძველზე კი, თუ ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდებოდა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღებოდა და ვადის ათვლა დაიწყებოდა თავიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის _ სანივთე ქონების (ფორმის ტანსაცმლის) საკომპენსაციო თანხის თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრებაზე უარის თქმა.
კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელის სასარგებლოდ 1976 ლარის სანივთე ქონების კომპენსაციის დაკმაყოფილების ნაწილში და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2007 წლის 10 იანვარს, სასარჩელო მოთხოვნა კი ეხება 1996-2005 წლების სანივთე ქონების კომპენსაციას.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელეს უფლება არ ჰქონდა, მოეთხოვა 1996-2005 წლების სანივთე კომპენსაციის ანაზღაურება, რადგან სარჩელის აღძვრის დროისათვის ნ. მ-ე სამხედრო მოსამსახურეს აღარ წარმოადგენდა, ხოლო “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს სანივთე ქონება ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია ეძლევა სამსახურის პერიოდში, როდესაც იგი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა. რაც შეეხება სასამართლოს მიერ აღნიშნული ნორმის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ მოსარჩელეზე გავრცელებას, აღნიშნული უკანონოა, ვინაიდან “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ნორმები ვრცელდება მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებზე.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან, სამი წელია. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ცნობები შეაფასა დავალიანების აღიარებად, რაც არაკანონიერია, რადგან აღიარება ან დაპირება მხოლოდ მაშინ წარმოშობს ვალდებულებას, თუ იგი მიღებულია უფლებამოსილი პირის მიერ და თუ მას ინფორმაციული ხასიათი არა აქვს. კონკრეტულ შემთხვევაში მათ მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი გააჩნია. საქმეზე არ იქნა ყველა მტკიცებულება და გარემოება სათანადოდ გამოკვლეული, რაც წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 4 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 27 მარტამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 1 მაისს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის _ 2976 ლარის მისთვის დაკისრების ნაწილში, ხსენებული გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ნ. მ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 509,16 ლარის დაკისრების ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში, რის გამოც საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მხოლოდ ნ. მ-თვის სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის _ 2976 ლარის ანაზღაურების საფუძვლიანობა.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ნ. მ-ე მუშაობდა საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში და იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დაითხოვეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 20 აპრილის ¹910 ბრძანებით (ს.ფ. 2). საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის მიმართ დარჩა 1996-2005 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანება 2976,67 ლარის ოდენობით (ს.ფ. 4-6).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტზე (იმჟამად მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. იმავე კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა და ვალდებულ პირს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირის _ ნ. მ-ის წინაშე არც პროცენტის ან ავანსის გადახდით, არც გარანტიის გაცემით არ უღიარებია 1996-2005 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს და ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ ნ. მ-ე მოითხოვს 1996-2005 წლების სანივთე ქონების კომპენსაციას, რაც სამართლებრივად პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს, მის მიერ სარჩელი კი აღძრულია 2007 წლის 10 იანვარს, ანუ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიან ვადაში მოქცეულია მხოლოდ 2004-2005 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ მისი მოთხოვნა, ხოლო, რაც შეეხება მის მოთხოვნას 1996-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე, აღნიშნული წლების სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულია და შესაბამისად _ უსაფუძვლო.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ სანივთე ქონების კომპენსაციის შესახებ საქმეში წარმოდგენილი ცნობების მიჩნევას მოპასუხე ორგანიზაციის მხრიდან მოსარჩელის მიმართ ვალის აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტებად. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცნობების გაცემით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ უღიარებია ნ. მ-ის წინაშე სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანება და კასატორი სწორად მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დასახელებულ ცნობებს მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი გააჩნია. ამდენად, ხსენებული ცნობების გაცემა წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის (საკასაციო საჩივრის საფუძვლები) მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიაჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ, გაუქმდება გასაჩივრებული განჩინება და მიღებული იქნება ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. მ-ის სარჩელი სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანების ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდება ნაწილობრივ და ნ. მ-ეს აუნაზღაურდება 2004-2005 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანება, ხოლო 1996-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანების ანაზღაურებაზე უარი ეთქმება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. მ-ძის სარჩელი სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანების ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ნ. მ-ეს აუნაზღაურდეს 2004-2005 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანება, ხოლო 1996-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანების ანაზღაურებაზე უარი ეთქვას;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.