Facebook Twitter

¹ბს-1081-1030(კ-06) 30 აპრილი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 24 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. ს-მა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 2005-2006 წლების საშვებულებო დახმარების _ 991 ლარისა და 2003-2004 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მივლინებასთან დაკავშირებული თანხის _ 3089 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მ. ს-ი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 16 მაისის ¹1128 ბრძანებით, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან, მაგრამ დათხოვნა მოხდა სრული ანგარიშსწორების გარეშე. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის შესაბამისად, მას არ აუნაზღაურეს 2005-2006 წლების საშვებულებო დახმარების თანხა _ 991 ლარი და ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის ¹220 ბრძანებულების თანახმად, 2003-2004 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მივლინებასთან დაკავშირებული თანხა _ 3089 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი (ს.ფ. 1-3).

საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა სარჩელზე საშვებულებო დახმარების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, შეამცირა მოთხოვნა სამივლინებო დახმარების ანაზღაურების ნაწილში და, საბოლოოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაგან მოითხოვა 2589.55 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება (ს.ფ. 35).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა სამივლინებო დავალიანების ასანაზღაურებლად 2589.55 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგნაირად დაასაბუთა:

სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ორგანიზაციას აღიარებული ჰქონდა მოსარჩელის დავალიანება, კერძოდ, სამივლინებო თანხა 2589.55 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამსახურეს ჰქონდა მისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ს.ფ. 38-39).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტი აღნიშნავდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ბიუჯეტში კი ამ სახსრების გათვალისწინება ხდებოდა წინასწარ. თავდაცვის სამინისტროს არ გააჩნდა სხვა რაიმე სახსრები ასეთი სახის დავალიანებების ასანაზღაურებლად. მ. ს-ს შეეძლო წინასწარ, მივლინებაში გამგზავრებამდე მოეთხოვა 2003-2004 წლების სამივლინებო თანხების ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესით, რასაც მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, მ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (ს.ფ. 44-45).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ს-ი 2006 წლის 15 მაისამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული აკადემიის სასწავლო სფეროს სამხედრო-საზღვაო ციკლის საზღვაო ტაქტიკის მასწავლებლად. იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2003 წლის 1 აპრილის ¹1072 ბრძანებით 2003 წლის 12 თებერვლიდან 28 ივნისამდე სასწავლო მივლინებით გააგზავნეს საერთაშორისო სწავლებებისა და წვრთნის პროგრამის ფარგლებში აშშ-ში დაგეგმილ “ინგლისური ენის კურსზე”, ხოლო 2003 წლის 29 ივნისიდან 2004 წლის 5 ივნისის ჩათვლით _ “არმიის ომის კოლეჯში”, ბოლო თანამდებობრივი ფულადი სარგოს შენარჩუნებით. 2004 წლის 6 ივნისს მ. ს-ი დაბრუნდა სასწავლო მივლინებიდან. მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 16 მაისის ¹1128 ბრძანებით 2006 წლის 15 მაისიდან გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ. ს-ის მიმართ გააჩნდა დავალიანება სამსახურებრივი მივლინების ხარჯის სახით 2589.55 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, რაც დასტურდებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 2006 წლის 16 აგვისტოს ¹854 წერილით (ს.ფ. 61-67).

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-4 მუხლების თანახმად, მ. ს-ი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს. აღნიშნული კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურეს ჰქონდა მისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უცხო სახელმწიფოში ერთ თვეზე მეტი ვადით მივლინება ითვლებოდა უცხოეთში გრძელვადიან მივლინებად, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, უცხო სახელმწიფოში გრძელვადიან მივლინებაში მოსამსახურის გაგზავნის წესი, მისი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობა და პირობები, აგრეთვე ამასთან დაკავშირებული სხვა სოციალური გარანტიები განისაზღვრებოდა მოქმედი კანონმდებლობით. 2003-2004 წლებში უცხო სახელმწიფოში გრძელვადიან მივლინებაში გაგზავნილი საჯარო მოსამსახურის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების პირობები დადგენილი იყო საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის ¹220 ბრძანებულებით, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, მივლინების ანაზღაურების აღნიშნული ბრძანებულებით განსაზღვრული წესები და ნორმები ვრცელდებოდა ქვეყანაში მოქმედ ნებისმიერ სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმის დაწესებულებაზე, საწარმოსა და ორგანიზაციაზე. სამხედრო მოსამსახურის პროფესიული განათლების მიღების უფლება, მათ შორის, სამხედრო-სასწავლო დაწესებულებაში შესვლის, მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე სწავლების უფლება, გათვალისწინებული იყო ასევე “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით. არც ერთი ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებდა დაწესებულების ბიუჯეტში შესაბამისი სახსრების არარსებობის გამო სამსახურებრივ მივლინებაში გაგზავნილი მოსამსახურეების მიმართ წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმას.

ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სამივლინებო თანხების დავალიანებების ანაზღაურებისათვის შესაბამისი თანხების საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში გაუთვალისწინებლობა შესაძლებელი იყო გამხდარიყო ამ თანხების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი (ს.ფ. 63-67).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა სამივლინებო თანხების არარსებობა ცენტრალურ ბიუჯეტში, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების სხვა წყაროები, სხვა შემოსავლების არქონა და მოპასუხეს დააკისრა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხების გადახდა (ს.ფ. 78-79).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, ვერ ასაბუთებს მისი მოთხოვნის არსებით საფუძვლიანობას.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ოქტომბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.