Facebook Twitter

16 იანვარი, 2025 წელი

საქმე №ას-553-2024

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ა(ა)იპ „ხ.კ.ც–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ხ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2020 წლის 4 თებერვალს, ა(ა)იპ ხ.კ.ც–ში (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, დამსაქმებელი, ცენტრი) დირექტორის მოადგილედ გ.ხ–ძე (შემდეგში - მოსარჩელე ან დასაქმებული) დაინიშნა, რომლის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 520 ლარს შეადგენდა.

2. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, მოპასუხეს, „საბიუჯეტო ორგანიზაციაში ქონების, მოთხოვნების და ვალდებულებების ინვენტარიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების დაცვით ინვენტარიზაციის ჩატარების რეკომენდაცია მიეცა.

ცენტრის დირექტორის 2021 წლის 5 აპრილის ბრძანებით, მატერიალურ-ტექნიკურ და სხვა ფასეულ ინვენტარზე საინვენტარიზაციო კომისია შეიქმნა, რომლის შემადგენლობაც 5 წევრით დაკომპლექტდა. საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარეობა დასაქმებულს დაეკისრა.

3. 2021 წლის 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე მოსარჩელე კუთვნილ შვებულებაში გავიდა. დამსაქმებლის 2021 წლის 16 ივლისის ბრძანებით დასაქმებული შვებულებიდან გამოიძახეს. გამოძახების საფუძველად, კულტურის ცენტრში არსებული გადაუდებელი ხასიათის სხვადასხვა მასობრივი კულტურული ღონისძიებების მომზადება და ჩატარება, ასევე, საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობის შეფერხების აღმოფხვრა მიეთითა.

4. ცენტრის დირექტორის 2021 წლის 19 ივლისის ბრძანებით, სამსახურიდან წასვლისა და სამსახურში არგამოცხადების გამო მოსარჩელეს გაფრთხილება მიეცა.

5. შვებულებიდან გამოძახების შესახებ დასაქმებულს ტელეფონით ეცნობა, ხოლო ბრძანება, 2021 წლის 19 ივლისს ჩაბარდა. ბრძანების ჩაბარების შემდეგ მოსარჩელე სამსახურში გამოცხადდა, ხსენებულ ბრძანებას გაეცნო, გარკვეული პერიოდი გაჩერდა, შემდეგ სამსახურიდან წავიდა და 19 ივლისს სამსახურში აღარ დაბრუნებულა. მოსარჩელეს ტელეფონით დაურეკა მოპასუხე ცენტრის დირექტორმა ჯ.ა–ძემ და სამსახურში გამოცხადება მოსთხოვა. დასაქმებულმა უპასუხა, რომ სამსახურში ერთ საათში დაბრუნდებოდა, მაგრამ, აღარ დაბრუნებულა.

6. სამსახურში გამოუცხადებლობის გამო მოპასუხის 2021 წლის 20 ივლისის ბრძანებით მოსარჩელეს დისციპლინური სახდელის სახით საყვედური შეეფარდა.

7. 2021 წლის 20 ივლისს დასაქმებული სამუშაოზე არ გამოცხადდა; ცენტრის დირექტორმა მას სატელეფონო შეტყობინება გაუგზავნა, აცნობა, რომ ინვენტარიზაციის მასალები იყო საჭირო და სამსახურში გამოცხადება მოსთხოვა. საპასუხოდ მოსარჩელემ სატელეფონო შეტყობინებით უპასუხა, რომ ოჯახური პრობლემებისა და ბაირამობის (მუსლიმანური დღესასწაული) დღესასწაულის გამო სამუშაოზე ვერ გამოცხადდებოდა, ინვენტარიზაციის მასალებთან დაკავშირებით კი მიუთითა, რომ მასალები მოთავსებული იყო მაგიდაზე.

8. მოპასუხის 2021 წლის 21 ივლისის ბრძანებით (შემდეგში - სადავო ბრძანება ან გასაჩივრებული ბრძანება) მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა.

9. საინვენტარიზაციო კომისიას, ინვენტარიზაცია 2021 წლის 1 მაისამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა დადგენილ დროში მისი დაუსრულებლობის გამო ეს ვადა 2021 წლის 1 ივლისამდე უშედეგოდ გაგრძელდა და მითითებული პროცესი ვერც აღნიშნულ ვადაში დამთავრდა.

10. შვებულებიდან გამოძახების, დისციპლინური სახდელების დადებისა და სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენის, მორალური ზიანის ანაზღაურების, კომპენსაციის დაკისრებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით დამსაქმებლის წინააღმდეგ დასაქმებულმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

11. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით:

11.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

11.2. სადავო ბათილად იქნა ცნობილი;

11.3. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს სამი თვის ოდენობით იძულებითი განაცდურის (თვეში 520 ლარი) ანაზღაურება დაეკისრა;

11.4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით:

- მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ცვლილება შევიდა და სამი თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების (თვეში 520 ლარის ოდენობით) ნაცვლად მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს თვეში 520 ლარის ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა - 2021 წლის 21 ივლისიდან - დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

- დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარაჩა უცვლელად.

13.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნები ჩამოაყალიბა:

13.1. მოსარჩელის, რომელიც საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე იყო, შვებულებიდან გამოძახება, არც კანონს არ ეწინააღმდეგებოდა და არც შვებულებიდან გამოძახების შესახებ ბრძანების გაუქმებას არ განაპირობებდა (საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში - სშკ-ის 35.1 მუხლი). რაც შეეხებოდა სხვა დარღვევებს, თითოეული მათგანი, ცალ-ცალკე და, ერთობლიობაში, ისეთი მძიმე ხარისხის ,,უხეშ“ დარღვევას არ წარმოადგენდა, რაც უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდებას გამორიცხავდა და უკიდურესი ზომის (სამუშაოდან განთავისუფლების) გამოყენება გამართლებული იქნებოდა. ამდენად, სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანება ბათილად ცნობას ექვემდებარებოდა.

იმის გათვალისწინებით, რომ დამსაქმებელთან მოსარჩელე უვადო შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა, ხოლო მისი ხელფასი ყოველთვიურ 520 ლარს შეადგენდა, სააპელაციო სასამართლომ გონივრულად და პროპორციულად მიიჩნია, მის სასარგებლოდ, მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის - უკანონო განთავისუფლებიდან (2021 წლის 21 ივლისი) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრება (სშკ-ის 48.8 მუხლი).

14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოპასუხემ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის ნაწილში ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რადგან სამსახურში გამოუცხადებლობა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლების საფუძველია. იძულებითი განაცდურის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან აღსრულებამდე ანაზღაურების ნაწილშიც გადაწყვეტილება კანონშეუსაბამოა, ვინაიდან დასაქმებული სამუშაოდან სშკ-ის 47.1 მ უხლის „თ“ ქვეპუნქტით გათავისუფლდა.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

16. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

17. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.

18. პირველ რიგში, პალატა მიუთითებს სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის შინაარსით: საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემდეგია: წარმატებულია თუ არა სამუშაოდან მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დასაქმებულის მოთხოვნები.

სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია, რის გამოც გადაწყვეტილების ეს ნაწილი კანონიერ ძალაშია შესული და საკასაციო პალატა მასზე არ იმსჯელებს (სსსკ-ის 264.1 მუხლი).

19. მოცემული დავის სწორად გადასაწყვეტად, პირველ რიგში, დამსაქმებლის სადავო გადაწყვეტილების კანონიერებაა შესაფასებელი, ე.ი. გამოსარკვევია, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას.

20. დადგენილი სასამართლო პრაქტიკით, აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. იხ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016).

მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ გადაწყვეტილებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ასაბუთებს ან ვერ ასაბუთებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი დამსაქმებლის სწორედ ამ გადაწყვეტილების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია.

21. დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების საფუძვლის კანონიერების შემოწმებისას, რამდენიმე საკითხია საყურადღებო:

1). არსებობს დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპი, რომლის თანახმად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმისა და დარღვევით გამოწვეული შედეგის თვალსაზრისით. ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტურ შრომის მოტივაციას შეუქმნის. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად ჩაითვალოს, აუცილებელია, ვლინდებოდეს ისეთი დარღვევა, როდესაც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენება მიზანშეუწონელია (შდრ. იხ. სუსგ: №ას-267-2021, 11.06.2021; №ას-997-2020, 10.02.2021; №ას-658-2020, 4.12.2020).

2). შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკიდურესი ღონისძიებაა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. იხ. სუსგ: №ას-941-891-2015, 29.01.2016; №ას-1421-2020, 5.03.2021; №ას-512-2020, 18.02.2021).

3). სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). შრომითსამართლებრივ დავებში კი, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად განთავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. იხ. სუსგ: №ას-151-147-2016, 19.04.2016; №ას-483-457-2015, 7.10.2015; №ას-1276-1216-2014, 18.03.2015).

22. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ბრძანების ფაქტობრივ საფუძვლად მოპასუხემ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ სამსახურში საჭირო იყო ინვენტარიზაციის ჩატარება, რის გამოც მოსარჩელე შვებულებიდან გამოიძახეს, თუმცა, ის სამსახურში არ ცხადდებოდა. მიუხედავად არაერთი სიტყვიერი შენიშვნისა, მკაცრი გაფრთხილებისა და საყვედურის გამოცხადებისა, დასაქმებული 2021 წლის 21 ივლისს სამუშაოზე კვლავ არ გამოცხადდა, ტელეფონი გათიშა და შეტყობინებებს არ პასუხობდა.

სამუშაოდან დათხოვნის დასახელებული საფუძველი სშკ-ის 47.1 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტის (გასაჩივრებული ბრძანების მიღების დროს მოქმედი რედაქცია) დანაწესს მიესააგება. ამ მუხლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია - დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ მის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.

23. გასაჩივრებული ბრძანების კანონიერების შესწავლისას, ყურადღება უნდა მიექცეს საქმის მასალებით გამოვლენილ შემდეგ გარემოებებს:

1). ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, მოპასუხეს, „საბიუჯეტო ორგანიზაციაში ქონების, მოთხოვნების და ვალდებულებების ინვენტარიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების დაცვით ინვენტარიზაციის ჩატარების რეკომენდაცია მიეცა. აღნიშნულ დოკუმენტში მითითებულია, რომ მიღებული აქტივები ჩამოწერას ექვემდებარებოდა, ხოლო დარჩენილი ინვენტარი დასანომრი იყო, რის გამოც ინვენტარიზაცია დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელებულიყო.

2). ცენტრის დირექტორის 2021 წლის 5 აპრილის ბრძანებით, მატერიალურ-ტექნიკურ და სხვა ფასეულ ინვენტარზე საინვენტარიზაციო კომისია შეიქმნა, რომლის შემადგენლობაც 5 წევრით დაკომპლექტდა. საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარეობა დასაქმებულს დაეკისრა.

3). ინვენტარიზაცია, კომისიას 2021 წლის 1 მაისამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა დადგენილ დროში მისი დაუსრულებლობის გამო ეს ვადა 2021 წლის 1 ივლისამდეც უშედეგოდ გაგრძელდა და მითითებული პროცესი ვერც აღნიშნულ ვადაში ვერ დამთავრდა.

4). 2021 წლის 1 ივლისს, 1 აგვისტომდე მოსარჩელე კუთვნილ შვებულებაში გავიდა. დამსაქმებლის 2021 წლის 16 ივლისის ბრძანებით დასაქმებული შვებულებიდან გამოიძახეს. გამოძახების საფუძველი, კულტურის ცენტრში არსებული გადაუდებელი მასობრივი კულტურული ღონისძიებების მომზადება და ჩატარება, ასევე, საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობის შეფერხების აღმოფხვრა იყო.

5). ცენტრის დირექტორის 2021 წლის 19 ივლისის ბრძანებით, სამსახურიდან წასვლისა და სამსახურში გამოუცხადებლობის გამო მოსარჩელეს გაფრთხილება მიეცა.

6). შვებულებიდან გამოძახების შესახებ დასაქმებულს ტელეფონით ეცნობა, ხოლო ბრძანება, 2021 წლის 19 ივლისს ჩაჰბარდა. ბრძანების ჩაბარების შემდეგ მოსარჩელე სამსახურში გამოცხადდა, ხსენებულ ბრძანებას გაეცნო, გარკვეული პერიოდი გაჩერდა, შემდეგ სამსახურიდან წავიდა და 19 ივლისს სამსახურში აღარ დაბრუნებულა. მოსარჩელეს ტელეფონით დაურეკა მოპასუხე ცენტრის დირექტორმა ჯ.აბაშიძემ და სამსახურში გამოცხადება მოსთხოვა. დასაქმებულმა უპასუხა, რომ სამსახურში ერთ საათში დაბრუნდებოდა, მაგრამ, აღარ დაბრუნებულა.

7). სამსახურში გამოუცხადებლობის გამო მოპასუხის 2021 წლის 20 ივლისის ბრძანებით მოსარჩელეს დისციპლინური სახდელის სახით საყვედური შეეფარდა.

8). 2021 წლის 20 ივლისს დასაქმებული სამუშაოზე არ გამოცხადდა; ცენტრის დირექტორმა მას სატელეფონო შეტყობინება გაუგზავნა, აცნობა, რომ ინვენტარიზაციის მასალები იყო საჭირო და სამსახურში გამოცხადება მოსთხოვა. საპასუხოდ მოსარჩელემ სატელეფონო შეტყობინებით უპასუხა, რომ ოჯახური პრობლემებისა და ბაირამობის (მუსლიმანური დღესასწაული) დღესასწაულის გამო სამუშაოზე ვერ გამოცხადდებოდა, ინვენტარიზაციის მასალებთან დაკავშირებით კი მიუთითა, რომ მასალები იდო მაგიდაზე.

9). სადავო ბრძანებით მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა.

საკასაციო სასამართლოს დასკვნით, შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა, რომ მოსარჩელის, რომელიც იყო საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარე, შვებულებიდან გამოძახება კანონს არ ეწინააღმდეგებოდა, რადგან სშკ-ის 35.1 მუხლის (თუ დასაქმებულისთვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება სამუშაო პროცესის ნორმალურად წარმართვაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების მომდევნო წლისთვის გადატანა) შინაარსის გათვალისწინებით, სამსახურის მიზნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, დასაქმებულის შვებულებიდან გამოძახებას კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს.

რაც შეეხება სადავო ბრძანების სხვა ნაწილს, საკასაციო პალატის დასკვნით, საქმის განხილვისას მოპასუხე მხარის მიერ მითითებული დარღვევების ერთობლიობაში შესწავლის შედეგად დასაქმებულის მიმართ უკიდურესი ღონისძიების გამოყენების მოზანშეწონილობა არ არსებობდა, შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო, აუცილებელ და პროპორციულ ღონისძიებად ვერ მიიჩნევა.

24. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილშიც სარჩელი სწორად დაკმაყოფილდა. მოცემული საკითხის გაანალიზებისას, პალატა მხედველობაში იღებს საქმის მასალებით გამოვლენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების მიმდინარეობისას დასაქმებულმა უარი თქვა მოპასუხისთვის კომპენსაციის დაკისრებაზე. ამავდროულად, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ, მოქმედი კანონმდებლობით, დასაქმებულს იძულებითი განაცდური ერთი ან რამდენიმე წლის ხელფასის ფარგლებშიც შეიძლება აუნაზღაურდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2021 წლის 21 ივლისიდან - დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე - გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის მიკუთვნებული ხელფასი, დასაქმებულის დარღვეული შრომითი უფლების სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციად უნდა ჩაითვალოს.

25. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

26. ასევე არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

27. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა(ა)იპ „ხ.კ.ც–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ა(ა)იპ „ხ.კ.ც–ს“ (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ლარის, 936 ლარის (საგადახდო მოთხოვნა # 01137, გადახდის თარიღი - მოთხოვნის დამოწმება - 24.05.2024; მოთხოვნის გაგზავნა ხაზინაში - 27.05.2024) 70% – 655.2 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა