30 იანვარი, 2025 წელი,
საქმე №ას-660-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ი.დ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ვ.რ–ი, ნ.რ–ი, ნ.რ–ი (მოპასუხეები)
თავდაპირველი მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტო, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,დადიანის 8“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი - კრების ოქმის ბათილად ცნობა, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 23 აპრილის ამონაწერით დადგენილია, რომ 1999 წლის 13 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე ქ.თბილისში, ......... მდებარე 68.83კვ.მ ფართი (N.........) ვ.რ–ის (შემდეგში - პირველი მოპასუხე), ნ.რ–ის (შემდეგში - მეორე მოპასუხე), ნ.რ–ისა (შემდეგში - მესამე მოპასუხე) და ე.რ–ის (შემდეგში - მეოთხე მოპასუხე) თანასაკუთრებად იყო დარეგისტრირებული.
2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 მარტის ამონაწერის მიხედვით, 68.83კვ.მ. ფართის (მდებარე მისამართზე ქ.თბილისი, ........, საკადასტრო კოდი N.........) თანამესაკუთრეებად რეგისტირებული იყვნენ პირველი, მეორე და მესამე მოპასუხე, რომელთა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენდა - 1999 წლის 13 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულება და 2011 წლის 5 ივლისის სამკვიდრო მოწმობა.
3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 დეკემბრის ამონაწერით დადგენილია, რომ 68.83კვ.მ ფართი (მდებარე მისამართზე ქ.თბილისი, ........, საკადასტრო კოდი N..........) პირველი მოპასუხის საკუთრებად დარეგისტრირდა, ხოლო, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად 1999 წლის 13 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულებასა და 2016 წლის 15 დეკემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ორ ხელშეკრულებაზე მიეთითა.
4. ამხანაგობის 2010 წლის 7 აპრილის N5 კრების ოქმის თანახმად, ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტმა დაადასტურა, რომ ქ.თბილისი, .......... მდებარე 72.98კვ.მ ფართი მოპასუხეების ინდივიდუალურ საკუთრებაშია.
5. 2011 წლის 5 ივლისის სამკვიდრო მოწმობის მე-7 პუნქტის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ ნოტარიუსმა შეამოწმა 2010 წლის 13 დეკემბერს გარდაცვლილი მეოთხე მოპასუხის მეუღლისა და კანონისმიერი მემკვიდრის ასევე მეორე მოპასუხის მიერ ნოტარიუსისთვის წარდგენილი დოკუმენტაცია და დარწმუნდა, რომ სამკვიდრო ქონება ქ.თბილისში, ....... მდებარე 68.83კვ.მ ფართის ¼ ნაწილს წარმოადგენდა.
ამავე სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ, მეორე მოპასუხემ, როგორც მეოთხე მოპასუხის მეუღლემ და კანონისმიერმა მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო ქ.თბილისში, .......... მდებარე 68.83კვ.მ ფართის ¼ ნაწილი (სამკვიდრო ქონება).
6. 2016 წლის 15 დეკემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით დადგენილია, რომ, მეორე მოპასუხემ, თავის შვილს, პირველ მოპასუხეს აჩუქა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი - ქ.თბილისში, .......... მდებარე 68.83კვ.მ საერთო თანასაკუთრების ფართიდან, კუთვნილი 2/4 ნაწილი.
7. 2016 წლის 15 დეკემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით დადგენილია, რომ, მესამე მოპასუხემ, თავის ძმას, პირველ მოპასუხეს აჩუქა ქ.თბილისში, ......... მდებარე 68.83კვ.მ საერთო თანასაკუთრების ფართიდან თავისი კუთვნილი ¼ ნაწილი.
8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 23 აპრილის N882010555250-06 გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2010 წლის 8 აპრილს, სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა პირველი მოპასუხის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო მისამართზე ქ.თბილისში, ........ მდებარე უძრავი ნივთის რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია.
განცხადებასთან ერთად წარდგენილი იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ამხანაგობის (სადავო) კრების ოქმი და ამ ოქმში მითითებული, „იუნაიტიდ ჯორჯიას“ მიერ შედგენილი შიდა აზომვითი ნახაზი, რის საფუძველზეც, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. იმავე გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში გადაწყვეტილება გასაჩივრებას ექვემდებარებოდა.
9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად, 2016 წლის 2 მარტს სარეგისტრაციო სამსახურს მეორე მოპასუხის განცხადება წარედგინა, რომლითაც მოთხოვნილი იყო ქ.თბილისში, ........ მდებარე 68.83კვ.მ ფართზე მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
განცხადებასთან ერთად წარდგენილი იყო სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება გასაჩივრებას გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში ექვემდებარებოდა.
10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2016 წლის 15 დეკემბერს სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა პირველი მოპასუხის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო ქ.თბილისში, .......... მდებარე უძრავ ქონებაზე ჩუქების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებასთან ერთად წარდგენილი იყო შესაბამისი ჩუქების ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. იმავე გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებას გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში ექვემდებარებოდა.
11. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 8 აპრილის ექსპერტის დასკვნით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ............, მე-3 სართულზე მდებარე 68.83კვ.მ ფართი, საჯარო რეესტრში N.........საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ და პირველი მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ 69.37კვ.მ ფართს შეესაბამება. ექსპერტიზის ამავე დასკვნის თანახმად, ფართებს შორის სხვაობა, შესაძლოა, გამოწვეული იყოს აზომვითი სამუშაოების ჩატარების მეთოდიკის ან/და სარემონტო/ლესვითი სამუშაოების შედეგად.
12. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 აპრილის ინფორმაციით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად, ქ.თბილისში, ......... მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალაში წარმოდგენილი იყო 1999 წლის 13 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, .......... მდებარე 40კვ.მ ბინა (საერთო ფართით 69კვ.მ) მოპასუხეებს საკუთრებაში გადაეცათ.
13. მოპასუხეთა წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა:
13.1. ამხანაგობის 2010 წლის 7 აპრილის კრების ოქმის ბათილად ცნობა;
13.2. 2011 წლის 5 ივლისის სამკვიდრო მოწმობის მე-7 პუნქტის მე-2 ნაწილის (სადაც ქ.თბილისში, ......... მდებარე 68.83კვ.მ (საკადასტრო კოდი N...........) ფართის 1/4 ნაწილზეა (სამკვიდრო ქონება) მითითებული)) ბათილად ცნობა;
13.3. ქ.თბილისში, .......... მდებარე, საჯარო რეესტრში N.........საკადასტრო კოდით დარეგისტრირებული უძრავი ნივთის 2016 წლის 15 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა;
13.4. რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
13.5. ე.რ–ის დანაშთი ქონების 2011 წლის 5 ივლისის სამკვიდრო მოწმობით მოპასუხეებზე წილობრივად რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
13.6. 2016 წლის 15 დეკემბერს მეორე მოპასუხისა და მესამე მოპასუხის მიერ ჩუქების ხელშეკრულებით პირველი მოპასუხის სახელზე უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
13.7. ქ.თბილისში, .......... მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-3 სართულზე არსებული შემინული აივნის (დერეფანი) 28.83კვ.მ-ის თანამესაკუთრედ მოსარჩელის აღიარება.
14. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
14.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
14.2. ბათილად იქნა ცნობილი ე.რ–ის, პირველი მოპასუხის, მეორე მოპასუხისა და მესამე მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებაში 72.98კვ.მ ბინის არსებობის ფაქტის დადასტურების შესახებ ამხანაგობის 2010 წლის 7 აპრილის N5 კრების ოქმი;
14.3. 2011 წლის 5 ივლისის სამკვიდრო მოწმობის მე-7 პუნქტის მე-2 ნაწილის ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა;
14.4. ქ.თბილისში, .........-ში მდებარე, საჯარო რეესტრში N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე 2016 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
16.4. საჯარო რეესტრის 2010 წლის 23 აპრილის, 2016 წლის 4 მარტის და 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა;
14.5. ქ.თბილისში, .......... მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-3 სართულზე არსებული 28.83კვ.მ შემინული აივნის (დერეფნის) თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
15. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით: სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული; სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
16.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნა ჩამოაყალიბა:
- ამხანაგობის 2010 წლის 7 აპრილის კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა აღიარებით მოთხოვნას წარმოადგენდა, თუმცა ხსენებული კრების ოქმის ბათილად ცნობასთან მიმართებით მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი გამოკვეთილი არ იყო. ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 მარტის ამონაწერით დადგინდა, რომ ქ.თბილისში, ......... (საკადასტრო კოდი N...........) მდებარე 68.83კვ.მ ფართი, 1999 წლის 13 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და 2011 წლის 5 ივლისის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე პირველი, მეორე და მესამე მოპასუხის სახელზე იყო დარეგისტირებული, აღნიშნულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მოპასუხეებს ამხანაგობის 2010 წლის 7 აპრილის კრების ოქმის საფუძველზე არ მოუპოვებიათ.
სხვაგვარად რომ ითქვას, არ იკვეთებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 180-ე მუხლით განსაზღვრული ის იურიდიული ინტერესი, რომელიც მოსარჩელეს ამ მოთხოვნის მიმართ ჰქონდა.
იურიდიული ინტერესის ცნებაში იგულისხმება ის მატერიალურსამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. მოსარჩელის მიერ სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნა გამართლებული იქნებოდა, თუკი მოსარჩელე დაადასტურებდა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობით იგი გარკვეული იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილებას შეძლებდა და მდგომარეობას სამართლებრივად გაიუმჯობესებდა.
მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის (სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის) დაკმაყოფილებას პროცესუალურად გამორიცხავდა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რა შედეგის მომტანი იქნება მისთვის სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა.
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გააწყვეტილებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:
- კასატორის მიერ ვრცლად არის წარდგენილი საკასაციო პრეტენზია როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენის, ისე მტკიცების ტვირთის არასწორად გადანაწილების და სამართლებრივი ნორმების გამოყენების თვალსაზრისით. კერძოდ, საქმეზე წარმოდგენილი სახლის ტექინვენტარიზაციის ბიუროს გეგმით ერთმნიშვნელოვნად ირკვევა, რომ მოპასუხეთა მიერ მითვისებული ფართი შემინულ დერეფანს წარმოადგენს, რომლის მათ მიერ გამოყენების ფაქტიც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 ნოემბრის დასკვნით დასტურდება, თუმცა აღნიშნული გარემოება სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო (დეტალურად იხილეთ საკასაციო საჩივარი).
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 9 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
19. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
20. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.
კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.
21. მოცემული დავის საკვანძო საკითხი შემდეგია: არსებობს თუ არა გასაჩივრებული ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებული საფუძველი?
დასმულ შეკითხვას სააპელაციო სასამართლომ უარყოფითი პასუხი გასცა, რისი დასაბუთებისთვის საჭირო არგუმენტები გასაჩივრებულ განჩინებაში ამომწურავადაა წარმოდგენილი.
ამავდროულად, შექმნილი ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო პალატასაც უყალიბებს დასკვნას იმის თაობაზე, რომ არ გამოიკვეთა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 180-ე მუხლით განსაზღვრული ის იურიდიული ინტერესი, რომელიც მოსარჩელეს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიმართ უნდა ჰქონოდა. იურიდიული ინტერესის ცნებაში იგულისხმება ის მატერიალურსამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი.
მოსარჩელის მიერ სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნა გამართლებული იქნებოდა, თუკი მოსარჩელე დაადასტურებდა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობით იგი გარკვეული, ხელშესახები, იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილებას შეძლებდა და მდგომარეობას სამართლებრივად გაიუმჯობესებდა.
მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის (სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობა) დაკმაყოფილებას პროცესუალურად გამორიცხავს ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ერთმნიშვნელოვნად ვერ დაასაბუთა, თუ რა სამართლებრივი შედეგის მომტანი იქნება მისთვის სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობა. ეს გარემოება კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უალტერნატივო საფუძველს წარმოქმნის და შესაბამისად, რაკი სადავო ოქმის კანონშეუსაბამო ხასიათი არაა გამოკვეთილი, სასარჩელო მოთხოვნა წარუმატებელია.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
23. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.დ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ი.დ–ძეს დაუბრუნდეს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ხ.დ–ის (პ/ნ ..........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (გადახდის ქვითარი № 41067031, გადახდის თარიღი - 23.04.2024) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა