24 ოქტომბერი, 2024 წელი,
საქმე №ას-814 -2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორი - ნ.ყ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)
II კასატორი - სს „ს.ბ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ყ–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2018 წლის 19 მარტიდან ნ.ყ–ი (შემდეგში - მოსარჩელე ან დასაქმებული) სს „ს.ბ–ში“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, საწარმო, ბანკი) კასპის 106-ე სერვისცენტრის მიკრო-საკრედიტო სესხების ექსპერტად მუშაობდა. დარიცხული 1 200 ლარის ოდენობით შრომის ანაზღაურება დასაქმებულს თვეში 2 ჯერ (პირველი გადახდა - არაუგვიანეს მიმდინარე თვის 15 რიცხვისა და, მეორე გადახდა - არაუგვიანეს მიმდინარე თვის ბოლო თარიღისა) ეძლეოდა. გარდა ამისა, ყოველი თვის ბოლოს მოსარჩელე ბონუსის სახით დარიცხულ 1 428 ლარს იღებდა.
2. მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად, დასაქმებულმა იკისრა ხელშეკრულებით, დანართებით, თანამდებობრივი ინსტრუქციითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების ვალდებულება.
3. შრომითი ხელშეკრულების 7.1.8 პუნქტით დასაქმებულმა დაადასტურა, რომ ხელშეკრულების დადების/ხელმოწერის მომენტისთვის გაეცნო შინაგანაწესს და სრულად ფლობს ინფორმაციას შრომითი ურთიერთობის (მათ შორის, ხელშეკრულების) არსებითი პირობების თაობაზე. შრომითი ხელშეკრულების Nბ დანართი ხელმოწერით დასაქმებულმა ასევე დაადასტურა, რომ გაეცნო შინაგანაწესსა და თანამდებობრივ ინსტრუქციას.
4. საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) 47.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამსაქმებლის 2023 წლის 6 ივლისის ბრძანებით (შემდეგში - სადავო ბრძანება ან გასაჩივრებული ბრძანება) მოსარჩელესთან შეწყდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობა.
5. სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და გამოუყენებელი საშვებულებო თანხის ანაზღაურების მოთხოვნით დამსაქმებლის წინააღმდეგ დასაქმებულმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
6. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დასაქმებულმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით:
- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;
- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- სადავო ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი;
- დასაქმებულის სასარგებლოდ დამსაქმებელს 3 000 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაეკისრა;
- 2023 წლის 9 ივლისიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად 1 200 ლარის (დარიცხული) გადახდა დაეკისრა;
- დანარჩენ ნაწილში მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
8.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-4 ქვეპუნქტებში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები და, დამატებით, შემდეგზე მიუთითა:
- მოპასუხის განმარტებით, დასაქმებულის მიერ დარღვეულია შრომითი ხელშეკრულება, შინაგანაწესი, ეთიკის კოდექსი, ბანკის თანამშრომლების კორპორატიული სახელმძღვანელო, საცალო ბიზნესის საკრედიტო პროდუქტების დამუშავების პროცედურები, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტება გაიზიარა.
- შრომით დავებზე არსებული მტკიცების ტვირთის სპეციალური განაწილების წესის მიხედვით, დამსაქმებელია ვალდებული, წარმოადგინოს მისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი ახსნა-განმარტება გაიზიარა. საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა დასაქმებულის მიმართ არსებული დისციპლინური წარმოების მასალები, მხოლოდ ელექტრონული მიმოწერა იქნა წარმოდგენილი, რაც მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების კანონიერების დასადგენად საკმარის საფუძველს არ ქმნიდა.
- გარდა ზემოაღნიშნულისა, სამსახურიდან მოსარჩელის განთავისუფლების საფუძველი საწარმოს შიდა აუდიტის დასკვნაში მითითებული დარღვევები შეიქმნა, თუმცა ხსენებული აუდიტის დასკვნა საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, დაუსაბუთებელი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტება იქნა გაზიარებული, რადგან მოპასუხემ საქმეზე ვერ წარმოადგინა დასაქმებულის მიერ ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, ასეთი დარღვევების დადასტურების შემთხვევაშიც, შრომითი ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის კანონიერება ე.წ. „პროპორციულობის ტესტით“ უნდა შეფასებულიყო, ვინაიდან შრომის უფლება პირის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომლის დაცვაც საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის რეგულაციაში ექცევა და ამგვარი ურთიერთობის დამსაქმებლის მხრიდან შეწყვეტა სწორედ კონსტიტუციით დაცულ სფეროში ჩარევას წარმოადგენს, თუმცა, იმის გასარკვევად, ამ ჩარევის შედეგად დაირღვა თუ არა პირის გარანტირებული უფლება, ასევე, შემოწმებას ექვემდებარება - უფლების დაცულ სფეროში ჩარევას აქვს თუ არა ლეგიტიმური საფუძველი და წარმოადგენს თუ არა ჩარევა მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებას. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკიდურესი ღონისძიებაა, რომელიც გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში უნდა იქნეს გამოყენებული. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო.
- განსახილველ შემთხვევაში, ერთის მხრივ, სათანადო სარწმუნო მტკიცებულებების წარმოდგენით მოპასუხემ ვერ დაადასტურა დასაქმებულის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, მეორეს მხრივ, ასეთი დარღვევების არსებობის შემთხვევაშიც, სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერებისთვის დარღვევამ უნდა მიაღწიოს იმ სიმძიმეს, რისი აღკვეთისთვისაც დისციპლინური ღონისძიების სახით მხოლოდ სამსახურიდან განთავისუფლების გამოყენება იქნება მიზაშეწონილი. არ დადასტურდა დასაქმებულისთვის მიყენებული რაიმე სახის ზიანი, არ დადგინდა, რომ დამსაქმებლის მიერ დადებული ხელშეკრულებები შეწყვეტილია, მოსარჩელის ქმედების შედეგად გართულებულია ხელშეკრულების შესრულება ან სხვა, რაც შეუძლებელს გახდიდა მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის გაგრძელებას. შესაბამისად, დარღვევის არსებობის შემთხვევაშიც, ის მსუბუქი სახის დარღვევაა, ხოლო მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ გამოყენებული ღონისძინება (სამსახურიდან განთავისუფლება) არაპროპორციული ზომაა.
აღსანიშნავია, რომ დასაქმებულს 2022 წლის 7 ივნისს გამოეცხადა სასტიკი საყვედური, ხოლო აღნიშნული დროიდან გასაჩივრებული ბრძანების გამოცემამდე, 2023 წლის 6 ივლისამდე - ერთ წელზე მეტია გასული. შესაბამისად, დისციპლინური ღონისძიება გაქარწყლებულია.
- ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების მართლზომიერება, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო და სადავო ბრძანება ბათილად უნდა ცნობილიყო (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის 54-ე მუხლი).
- განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურეობის დეპარტამენტის ქ.კასპის №106-ე სერვის ცენტრში მიკრო საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდა, თუმცა წარდგენილი მასალებით დასტურდებოდა, რომ აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური არ იყო. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურში აღდგენა შეუძლებელი იყო, რის გამოც სასამართლოს კომპენსაციის დაკისრებაზე უნდა ემსჯელა. საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დასაქმებულის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა 3 000 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით კომპენსაცია და 2023 წლის 9 ივლისიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიურად 1 200 ლარის (დარიცხული) ოდენობით (სშკ-ის 48.8 მუხლი).
- რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, მოპასუხისთვის მოსარჩელის მიერ 2022 წლის გამოუყენებელი ფასიანი 17 დღის საშვებულებო თანხის, 2023 წლის გამოუყენებელი ფასიანი 19 დღის საშვებულებო თანხისა და აღნიშნულ თანხაზე დარიცხული 0.07%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ამ ნაწილში მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.
დადგენილია, რომ მოსარჩელეს სრულად აქვს გამოყენებული 2022 წლის ანაზღაურებადი შვებულების დღეები. 2023 წლის ანაზღაურებადი შვებულებიდან მოსარჩელემ ნაწილი გამოიყენა, ხოლო დარჩენილი 7 სამუშაო დღის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ დამსაქმებელმა ჩარიცხა, რაც საქმეზე წარმოდგენილი საგადასახადო დავალებით დასტურდებოდა. შესაბამისად, არ არსებობდა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი (სშკ-ის 31.5, 41.4 მუხლები).
9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
9.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას მოითხოვს დასაქმებული, რომელიც აღნიშნავს, რომ, კომპენსაცია პასუხისმგებლობის ზომაა, რისი გადახდაც დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისთვის ეკისრება. კომპენსაციის ოდენობამ დასაქმებულის შესაბამისი სოციალური გარანტიის შექმნა უნდა უზრუნველყოს, რითაც კომპენსაცია ზიანის ანაზღაურების პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან განსხვავდება, თუმცა აღნიშნული სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა (დეტალურად იხილეთ საკასაციო საჩივარი).
9.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფაა - დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, რასაც იგი შემდეგნაირად ასაბუთებს:
- სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მტკიცებულებები, რომლებიც ინდივიდუალურადაც და კუმულატიურადაც ადასტურებენ მოსარჩელის მიერ უხეში დარღვევის ჩადენის ფაქტს, კერძოდ, ესენია: ამონაწერი ელექტრონული მეილის მიმოწერიდან; პროგრამული ამონაბეჭდი, საბანკო პროგრამა „კრიფიდან“; კორპორაციული სახელმძღვანელო; საცალო ბიზნესის საკრედიტო პროდუქტების დამუშავების პროცედურა; ეთიკის კოდექსი.
- სააპელაციო სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა მოსარჩელისთვის იგივე ქმედების განხორციელების გამო სასტიკი საყვედურის გამოცხადების ფაქტი. მართალია, შესაბამისი ვადის გასვლის გამო მითითებული დისციპლინური ღონისძიება გაქარწყლებულია, მაგრამ სასტიკი საყვედურის მიღებიდან ზუსტად 13 თვეში გაცილებით მასშტაბური და იგივე შინაარსის დარღვევის მხედველობაში მიუღებლობა სასამართლოს ტენდენციურობაზე მიუთითებს. კონკრეტულ შემთხვევაში, დასაქმებულის ქმედებები ობიექტურად იწვევს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული ნდობის იმ დონეზე შერყევას, რომ დამსაქმებელს არ უნდა მოეთხოვოს დასაქმებულისთვის მსუბუქი სანქციის შეფარდება (დეტალურად იხილეთ საკასაციო საჩივარი).
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:
11. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
12. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
13. მოცემული დავის საკვანძო საკითხია, დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების კანონიერების განსაზღვრა, ე.ი. შესამოწმებელია, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას.
ზემოაღნიშნული საკითხის დადგენა, შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1304-2020, 11.06.2021; №ას-151-147-2016,1 9.04.2016).
14. სადავო ბრძანების კანონიერების შემოწმებისას, შემდეგი საკითხია საყურადღებო: სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი).
შრომითსამართლებრივ დავებში კი, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. იხ. სუსგ: №ას-151-147-2016, 19.04.2016; №ას-483-457-2015, 7.10.2015; №ას-1276-1216-2014, 18.03.2015).
15. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ბრძანების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 47.1 მუხლის „ზ” ქვეპუნქტი, რაც ითვალისწინებს დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევას. მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად, მოპასუხემ, 2023 წლის 7 ივნისს მონიტორინგის პროცესში დასაქმებულის მხრიდან საქმიანობის პროცესში დაშვებულ უხეშ დარღვევებზე მიუთითა.
საკასაციო სასამართლოს სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით მოპასუხემ ვერ დაადასტურა დასაქმებულის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევა, რაც სადავო ბრძანების ბათილობის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას დაასაბუთებდა (სსკ-ის 54-ე მუხლი).
16. ვინაიდან საქმეზე სადავო ბრძანების ბათილობის საფუძველი გამოიკვეთა და, ამავდროულად, დადგინდა, რომ აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური არ იყო, სააპელაციო სასამართლომ დასაქმებულს მართებულად აუნაზღაურა კომპენსაცია და იძულებითი განაცდური.
დამსაქმებლისთვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობის კანონიერად განსაზღვრისას, საკასაციო პალატა შემდეგ გარემოებებს იღებს მხედველობაში, სახელდობრ:
16.1. განსახილველი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სშკ-ის 48.8 მუხლშია წარმოდგენილი (მოსარჩელის სამუშაოდან განთავისუფლების დროისათვის, იმავე შინაარსის ნორმას ადგენდა სშკ-ის 38.8 მუხლი), რომლის შინაარსიც ასეთია: სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი რეგულირებით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
მითითებული რეგულაციით, დამსაქმებლისათვის დადგენილია, უკანონოდ განთავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი ეს შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. იხ. სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016).
ამდენად, შრომის კანონმდებლობა, უპირატესად, სწორედ დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენას მოიაზრებს დარღვეული უფლების რესტიტუციის ყველაზე უფრო სამართლიან ღონისძიებად, ერთადერთ დამაბრკოლებელ გარემოებად ამ უფლების გამოყენებისათვის, კანონმდებლობა შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებულის აღდგენის შეუძლებლობას (აღარ არსებობს ის სტუქტურული ერთეული, რომელშიც დასაქმებული მუშაობდა, დასაქმებულის მიერ დაკავებულ შტატზე სხვა პირი დასაქმდა და სხვა) განიხილავს (იხ. სუსგ №ას-1161-2018, 15.10.2020).
კანონის ზემომითითებული ნორმით გათვალისწინებული „კომპენსაციის“ ცნება არაერთხელ გამხდარა საკასაციო პალატის განმარტების საგანი. შესაბამისად, ამ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მრავალი განჩინება თუ გადაწყვეტილება არსებობს. წინამდებარე დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის, საგულისხმოა, ხსენებული სასამართლო პრაქტიკიდან რამდენიმე ამონარიდი, კერძოდ:
დასახელებული საქმეებიდან ერთ-ერთზე, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ: საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. სუსგ: Nას-1161-2018, 15.10.2020; Nას-267-2021, 11.06.2021).
საკასაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ სხვადასხვა ქვეყნის სასამართლო პრაქტიკის განზოგადება ქმნის კომპენსაციის გამოთვლის შესაძლებლობას შემდეგი კრიტერიუმებით: კომპანიის ლიკვიდურობა; პირის შანსები შრომის ბაზარზე; პირის სოციალური მდგომარეობა; დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა; პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში; სამუშაო სტაჟი; დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა; პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან (იხ. სუსგ, საქმე №ას-1339-1259-2017, 30.07.2018).
16.2. ზემოთ წარმოდგენილი პრაქტიკისა და მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს მიერ დამსაქმებლისთვის 3 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის დაკისრება სამართლიანია და სრულადაა გასაზიარებელი.
17. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმ ნაწილშიც, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა გამოუყენებელი ფასიანი შვებულების ნაწილის ანაზღაურებაზე. როგორც საქმის მასალებით დადგინდა, მოსარჩელეს სრულად აქვს გამოყენებული 2022 წლის ანაზღაურებადი შვებულების დღეები, ხოლო 2023 წლის ანაზღაურებადი კუთვნილი შვებულების დღეებიდან დასაქმებულმა გამოიყენა ანაზღაურებადი შვებულების 5 სამუშაო დღე, ხოლო დარჩენილი 7 სამუშაო დღის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ დამსაქმებელმა სრულად ჩარიცხა (სშკ-ის 31.5, 41.4 მუხლები).
18. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დამსაქმებლის მიერ საკასაციო საჩივარში იმ გარემოებაზე მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა მოსარჩელისთვის იგივე ქმედების გამო სასტიკი საყვედურის გამოცხადების ფაქტი. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სააპელაციო სასამართლომ მკაფიოდ აღნიშნა, რომ, მართალია, 2022 წლის 7 ივნისს დასაქმებულს სასტიკი საყვედური გამოეცხადა, მაგრამ, აღნიშნული დროიდან გასაჩივრებული ბრძანების გამოცემამდე (2023 წლის 6 ივლისი) ერთ წელზე მეტია გასული, რის გამოც დისციპლინური ღონისძიება სამართლებრივად გაქარწყლებულია.
აღნიშნულ მსჯელობას საკასაციო პალატაც იზიარებს და სშკ-ის 47.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის სადავო ბრძანების გამოცემის დროისთვის მოქმედ რედაქციაზე მიუთითებს, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია - დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ მის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.
19. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან.
20. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივრები დასაშვები იქნებოდა.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, დამსაქმებელს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი, ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) დასაქმებულს ს 30%-ის (90 ლარი) გადახდა უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ყ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ.ყ–ს (ს/კ .........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 30%-ის - 90 ლარის გადახდა;
3. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
4. სს „ს.ბ–ს“ (ს/ნ ........) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 812 ლარისა (საგადასახდო დავალება #20669, გადახდის თარიღი 10.06.2024წ) და 58 ლარის (საგადასახდო დავალება #1692, გადახდის თარიღი 21.08.2024წ), ჯამურად - 870 ლარის, 70% - 609 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა