Facebook Twitter

27 თებერვალი, 2025 წელი,

საქმე №ას-1023-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.კ–ია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2018 წლის 5 აპრილს, სს „ს.ბ–სა“ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი ან ბანკი) და გ.კ–იას (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის ხელშეკრულება (შემდეგში - წინარე ხელშეკრულება) გაფორმდა, რომლითაც მხარეებმა 2018 წლის 5 მაისს შრომითი ხელშეკრულების დადების ვალდებულება იკისრეს. ხსენებული ხელშეკრულებით განისაზღვრა დასაქმებულის თანამდებობა, გამოსაცდელი ვადა, შრომითი ანაზღაურება, დასაქმების შეზღუდვა და სხვა პირობები. გარდა ამისა, წინარე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ, თუკი წინამდებარე დასაქმების პირობების შესაბამისად მოპასუხე ხელშეკრულებას არ გააფორმებდა, შრომითი ურთიერთობის დაწყების თარიღიდან 10 დღის განმავლობაში მას მოსარჩელისთვის 10 000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო უნდა გადაეხადა.

2. წინარე ხელშეკრულების საფუძველზე ბანკსა და მოპასუხეს შორის შრომითი ხელშეკრულება არ დადებულა, მოწინააღმდეგე მხარეს არც ფაქტობრივად არ შეუსრულებია შრომითი საქმიანობა.

3. 2018 წლის 27 აპრილს მოპასუხემ ბანკს წერილობით აცნობა, რომ წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის შესრულება და ამ უკანაკნელთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება იმ საფუძვლით ვერ ხერხდებოდა, რომ აღნიშნული პირობის შესრულება მასა და სს „თ.ბ–ს“ შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების დარღვევას გამოიწვევდა. წერილობითი შეტყობინებით მოპასუხემ ამ გარემოების გათვალისწინება ითხოვა.

4. 2018 წლის 15 მაისის წერილობითი შეტყობინებით ბანკმა მოპასუხეს აცნობა მის მიერ წინარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ და შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს (10 000 ლარის) გადახდის უზრუნველსაყოფად შეტყობინების ჩაბარებიდან დამატებით 10 კალენდარული დღის ვადა განუსაზღვრა. წერილობითი შეტყობინება მოპასუხეს 2018 წლის 18 მაისს ჩაჰბარდა. 2018 წლის 4 ივნისს, წერილობითი შეტყობინება მოსარჩელემ მოპასუხეს კვლავ გაუგზავნა და პირგასამტეხლოს გადასახდელად ვადა (არაუგვიანეს 2018 წლის 5 ივნისისა) განუსაზღვრა, რაც მოპასუხეს 2018 წლის 4 ივნისს ჩაბარდა.

5. მასსა და მოსარჩელეს შორის წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს (10 000 ლარი) მოცულობა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.

6. წინარე ხელშეკრულების დადების დროისთვის მოპასუხე სს „თ.ბ–ში“ იყო დასაქმებული და ამ უკანასკნელთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით ვალდებული იყო, შრომითი ურთიერთობის ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში, შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში დამსაქმებლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მუშაობა არ დაეწყო სხვა ფინანსურ ინსტიტუტში ან/და რომელიმე ფინანსურ ინსტიტუტთან დაკავშირებულ საწარმოში.

7. ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელისთვის ცნობილი იყო. მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება არ დადებულა და შრომითი საქმიანობა მოპასუხეს ფაქტობრივად არ შეუსრულებია.

8. 10 000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს მოპასუხისთვის დაკისრების მოთხოვნით მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

- სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ შეთანხმებით შეიზღუდა მოპასუხის უფლება, თავისი ნების შესაბამისად გაეფორმებინა ან არ გაეფორმებინა შრომითი ხელშეკრულება მოპასუხესთან.

ამდენად, მოცემულ დავაზე დაირღვა დასაქმებულის კონსტიტუციური უფლება, რაც მხარეთა შორის 2018 წლის 5 აპრილს დადებული შეთანხმების იმ ნაწილის ბათილად ცნობის საფუძველს ქმნიდა, რომლითაც დამსაქმელის ბრალით შრომითი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში 10 000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება დადგინდა.

12. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინა:

სამოქალაქო სამართალურთიერთობაში მოქმედებს უმნიშვნელოვანესი პრინციპები, როგორიცაა ხელშეკრულების თავისუფლება და ნების ავტონომიურობა. მხარეთა ავტონომიურობის პრინციპის გამოვლინებაა კერძო სამართლის სუბიექტთა უფლება - დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. საკანონმდებლო დონეზე მხარეთა ნების ავტონომიურობის პრინციპს ასახავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 319.1 მუხლი, რომლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ არა მხოლოდ შეთანხმებაზე ხელმოწერით გამოავლინა საკუთარი ნება, არამედ, დავის განხილვის დროსაც ის სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ წინარე ხელშეკრულება მხარეთა ორმხრივ ნებას ითვალისწინებდა. ამდენად, არ არსებობს პირგასამტეხლოზე შეთანხმების ნამდვილობის შემაფერხებელი რაიმე გარემოება და არც პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი (დეტალურად იხილეთ საკასაციო საჩივარი).

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

14. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.

16. მოცემული დავის საკვანძო საკითხია, მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლის არსებობა, კერძოდ, იმის დადგენა, კანონიერია თუ არა პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა.

17. განსახილველი საკითხის გადაწყვეტისას, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება სწორად გაამახვილა კანონის შემდეგ ნორმებზე, კერძოდ:

სსკ-ის 327-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზეც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნას შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად ჩაითვლება კანონის მიერ. ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება წინარე ხელშეკრულებაზეც.

სსკ-ის 319.1 მუხლის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

ამავდროულად, სააპელაცო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ, შრომითი ხელშეკრულების დადებისას ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება მხარეთა პრეროგატივაა, იგი სამოქალაქო სამართალში აღიარებული სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარეობს და მხარეებს სრული თავისუფლება აქვთ, შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების საკითხებზე, თუმცა - რადგან წინარე ხელშეკრულებით მხარეები შრომითი ხელშეკრულების დადების ვალდებულებაზე შეთანხმდნენ, სსკ-ის 327-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული წინარე ხელშეკრულების მიმართ ვრცელდება ყველა ის მოთხოვნა, რაც შრომითი ხელშეკრულების მიმართ.

ამრიგად, განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის უმნიშვნელოვანესია, სწორედ შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებისა და პრინციპების გათვალისწინება.

18. სამოქალაქო კოდექსით აღიარებული ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, შრომითი ხელშეკრულების მხარეები თავისუფალი არიან თავიანთი შრომითი ურთიერთობის დარეგულირებაში, სანამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში რჩებიან. დასაქმებულის საწინააღმდეგოდ კანონით დადგენილი საზღვრებიდან ნებისმიერი სახელშეკრულებო გადახვევა არის ბათილი. შრომის კოდექსის 1.3 მუხლში მითითებულია, რომ შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება, განისაზღვროს შრომის კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას, ხოლო 6.9 მუხლის მიხედვით, ბათილია ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ის პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება შრომის კოდექსს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება აუმჯობესებს დასაქმებულის მდგომარეობას („საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები“, სახელმძღვანელო მოსამართლეების, იურისტებისა და სამართლის პედაგოგებისთვის, გვ. 15).

სადავო საკითხის გაანალიზებისას, დასაქმებულის შრომითსამართლებრივი უფლების დაცვის თვალსაზრისით, კანონის შემდეგი ნორმებია საყურადღებო:

საქართველოს კონსტიტუციის 26.1 მუხლის თანახმად, ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის საფუძველზე, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან თავისუფლად დათანხმდება ან განახორციელებენ სათანადო ღონისძიებებს ამ უფლების უზრუნველყოფისთვის.

1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისთვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ შრომის თავისუფლება ფართო გაგებით პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ განვითარებას. ზემოაღნიშნული საერთაშორისო ნორმები კი, იძლევა დასკვნის საშუალებას დასაქმებულთა შრომის უფლების მინიმალური სტანდარტებით დაცვაზე სახელმწიფოს ვალდებულებასა და მიზანზე.

19. ვინაიდან პირგასამტეხლოს შესახებ პირობა წინარე შრომითი ხელშეკრულებით იმ შემთხვევაში განისაზღვრა, თუკი შეთანხმებულ ვადაში (2018 წლის 5 მაისი) მოპასუხე მოსარჩელე ბანკთან შრომით ხელშეკრულებას არ გააფორმებდა, შეთანხმების დასახელებული დანაწესით შეიზღუდა მოპასუხის უფლება, მოსარჩელესთან თავისი ნების შესაბამისად დაედო ან/და არ დაედო ან/და შეეწყვიტა წინარე შრომითი ხელშეკრულება.

შესაბამისად, წინარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობა პირგასამტეხლოს შესახებ, საქართველოს შრომის კოდექსის 1.3 მუხლის საწინააღმდეგოდ, აუარესებს დასაქმებული მდგომარეობას, ვინაიდან მის მიერ შრომითი ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ნებისმიერი მიზეზით მისი ბრალით ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევისთვის სანქციას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, ზემომითითებული დანაწესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ „შრომის თავისუფლების“ პრინციპს, რადგან შეთანხმებით გათვალიწინებული პირობა, მოპასუხეს თავისუფლებას უზღუდავს, მოსარჩელე ბანკთან თავისი ნების შესაბამისად გააფორმოს ან არ გააფორმოს შრომითი ხელშეკრულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ბათილია წინარე ხელშეკრულების ის პირობა, რომლის თანახმადაც, 2018 წლის 5 მაისს დამსაქმელის ბრალით შრომითი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის შემთხვევაში დამსაქმებლის მიმართ 10 000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება დადგინდა.

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

21. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „ს.ბ–ს“ (ს/ნ ..........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 500 ლარის (საგადახდო დავალება № 31031, გადახდის თარიღი - 26.10.2020) 70% - 350 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა