საქმე №ას-1346-2024 23 იანვარი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ნ.ვ.დ–ვა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2020 წლის 31 დეკემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტსა (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, დამზღვევი, პოლიციის დეპარტამენტი) და სს სადაზღვევო კომპანია „ნ.ვ.დ–ვას“ (შემდეგში - მოპასუხე, მზღვეველი ან სადაზღვევო კომპანია) შორის დაზღვევის ხელშეკრულება (შემდეგში - დაზღვევის ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო, რომლის საგანი - მოპასუხის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის (თანდართული დაზღვევის პირობების დანართი №1-ისა და დანართი №2-ის შესაბამისად) მომსახურების გაწევა წარმოადგენდა.
ხელშეკრულების ღირებულება 47 751.31 ლარით განისაზღვრა.
2. ავტომობილი „TOYOTA LG-070“ (სახელმწიფო ნომრით - ......., შემდეგში წინამდებარე განჩინებაში მოხსენიებული, როგორც ავტომობილი ან სადავო ავტომობილი), ხსენებული დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში იქნა დაზღვეული.
3. 2021 წლის 5 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ......, სასაფლაოების მხრიდან - სოფელ ...... ცენტრის მიმართულებით, სადავო ავტომობილი დღის საათებში მოძრაობდა, რომელსაც პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი მოსამსახურე გ.ჩხაიძე (შემდეგში - მოსარგებლე) მართავდა. მსვლელობისას მოსარგებლემ გზაჯვარედინის გადაკვეთა დაახლოებით 30კმ/სთ სიჩქარით დაიწყო, რა დროსაც, გზაჯვარედინზე, მისგან მარჯვენა მხრიდან, დაახლოებით 40კმ/სთ სიჩქარით მოძრავ ავტომობილს „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსს დაეჯახა.
4. ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეულ პირად პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი მოსამსახურე, კერძოდ, მოსარგებლე იქნა მიჩნეული, რომლის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276.2 მუხლით დაკვალიფიცირდა, ხოლო, 2021 წლის 25 ოქტომბრის დადგენილებით საქმეზე გამოძიება შეწყდა, ვინაიდან პროკურორმა ბრალდებაზე უარი თქვა.
5. დაზღვევის ხელშეკრულების N1 დანართის, პირველი პუნქტის „ა“ პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო რისკია - საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა). ხელშეკრულების N1 დანართის, მე-2 ნაწილის პირველი პუნქტის პირველი ქვეპუნქტის მიხედვით, ნაწილობრივ დაზიანებად ითვლება, სატრანსპორტო საშუალების ზიანი, რომელიც ექვემდებარება შეკეთება/აღდგენას და რომლის შეკეთება/აღდგენის ღირებულება ხელშეკრულებაში მითითებული საბალანსო ღირებულების 80%-ზე ნაკლებია.
6. მოპასუხის ბალანსზე რიცხული ავტომობილის აღდგენითი მომსახურების ხარჯი 10 439.27 ლარს შეადგენს.
7. 2022 წლის 25 იანვრის წერილით სადაზღვევო ანაზღაურების მიღებაზე მოსარჩელეს მოპასუხემ უარი იმ მოტივით განუცხადა, რომ დამზღვევის მიერ უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედებით გამოწვეული ზიანი, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა.
8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ-ის საექსპერტოკრიმინალისტიკური სამსახურის 2021 წლის 1 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ როგორც გამოძიებით დადგინდა, 2021 წლის 5 აგვისტოს დღის საათებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ......, სასაფლაოების მხრიდან - სოფელ ...... ცენტრის მიმართულებით მოძრავ სადავო ავტომობილს მოსარგებლე მართავდა. მსვლელობისას მოსარგებლემ გზაჯვარედინი დაახლოებით 30კმ/სთ სიჩქარით გადაკვეთა, რა დროსაც, გზაჯვარედინზე მისგან მარჯვენა მხრიდან, დაახლოებით 40კმ/სთ სიჩქარით მოძრავ ავტომობილს „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსის შეეეჯახა.
საგზაო პირობები იყო შემდეგნაირი: შემთხვევის ადგილი გზაჯვარედინი, გზა ასფალტირებული, მშრალი, უდეფექტო, სასაფლაოს მხრიდან მოძრავი ავტომობილისთვის გზაჯვარედინზე მოქმედებდა საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“.
ამავე დასკვნის მიხედვით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება მოსარგებლეს შეეძლო, თუკი ის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საგზაო მოძრაობის წესების დანართის საგზაო ნიშნებისა და პრიორიტეტის ნიშნების მოთხოვნათა გათვალისწინებით იმოქმედებდა.
ტექნიკური თვალსაზრისით, მის განკარგულებაში არსებული მანძილის სიმცირის გამო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება მოსარგებლეს არ შეეძლო და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.
9. მზღვეველის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში დამზღვევმა შემდეგი მოთხოვნებით შეიტანა:
9.1. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის 10 439.27 ლარის ოდენობით სადაზღვევო ანაზღაურებისა და 150 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება; 9.2. მესამე პირის, ნ.ირემაძის სასარგებლოდ, მზღვეველისთვის 19 900 ლარის დაკისრება, საიდანაც, ავტომობილის დაზიანებით გამოწვეული ზიანია - 7 100 ლარი, ხოლო, ავტომობილის დაზიანების გამო წარმოშობილი მიუღებელი შემოსავალი - 11 200 ლარი.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
10.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დამზღვევის სასარგებლოდ მზღვეველს 10 439.27 ლარისა და 150 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა;
10.2. მესამე პირის სასარგებლოდ 19 900 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით: მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული; სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
12.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნა ჩამოაყალიბა:
საგზაო ნიშნის „დაუთმე გზა“ უგულებელყოფა იმ შედეგის გათვალისწინებით, რომელიც აღნიშნული ნიშნის დაუდევრად მხედველობაში მიუღებლობამ შეიძლება გამოიწვიოს, უხეში დარღვევაა, თუმცა ასეთი ქმედება (თავის არსით უხეში დარღვევა) შეიძლება შემსუბუქდეს და უხეშ დარღვევად ისეთ შემთხვევაში არ დაკვალიფიცირდეს, როდესაც, მაგალითად, სუბიექტი, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ცდილობს ამ ნიშნის უგულებელყოფით უფრო მნიშვნელოვანი სიკეთე გადაარჩინოს და აღნიშნული რაიმე ისეთი სიკეთის დარღვევის განმაპირობებელ ფაქტორად არ მიაჩნია, რომელიც უფრო მაღალი ხარისხისაა, ვიდრე ის სიკეთე, რომლის გადასარჩენადაც ის მიისწრაფვის. აღნიშნულ მსჯელობაში არ იგულისხმება ერთი ადამიანის სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნის ხარჯზე სხვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, - შემთხვევა, როდესაც საქმე თანაბარი სამართლებრივი ღირებულების მქონე სამართლებრივ სიკეთეებს (თანაბარღირებულების თეორია) შეეხება.
მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება, რომ პოლიციის ბალანსზე არსებული ავტომობილის მძღოლი რაიმე გადაუდებელ დავალებას ასრულებდა (მაგალითად, გამოძახების (განგაშის) საფუძველზე განსაკუთრებული დავალების შესასრულებლად მიდიოდა), რა დროსაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გარდაუვალი აუცილებლობა არსებობდა. პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მძღოლი - ავტომობილის მოსარგებლე, რიგით (ჩვეულ) სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, კერძოდ, სამსახურეობრივი მივლინების ფარგლებში ოზურგეთიდან თბილისში მიემგზავრებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება რაიმე გარდაუვალი აუცილებლობა, უკიდურესი საჭიროება, რაც საგზაო მოძრაობის წესების უგულებელყოფას გაამართლებდა. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, არ დასტურდება რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც უხეშ დარღვევას გაამართლებდა (შეამსუბუქებდა) და დარღვევის ხარისხს სიმძაფრეს დაუკარგავდა.
ამდენად, საქმეზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 829-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიკვეთა, რაც მზღვეველს ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.
13. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა.
- კასატორის მითითებით, მოსარგებლის მიერ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის ან ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის ფაქტი არც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ ჩატარებული გამოძიებით და არც სასამართლოში საქმის განხილვისას არ დადგენილა. ასევე, რაიმე ისეთი გარემოება არ გამოვლენილა, რომლითაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წარმოქმნისა და განვითარების მექანიზმის შესახებ მოსარჩელის განმარტების უარმყოფელი იქნებოდა. ფაქტებისა და გარემოებების ერთობლიობა ცხადყოფს, რომ მოსარჩელე უხეში გაუფრთხილებლობით კი არ მოქმედებდა, არამედ ადგილი აქვს მარტივ გაუფრთხილებლობას.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; 2025 წლის 16 იანვრის განჩინებით საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაადგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საჩივარი უნდა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მიერ განსახილველი საკითხი შემდეგია: რამდენად მართლზომიერია მოსარჩელის (დამზღვევი) მიერ სარჩელით მოთხოვნილი 10 439.27 ლარის ოდენობით სადაზღვევო ანაზღაურებისა და 150 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს მოპასუხისთვის დაკისრება.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) წარმოადგენს.
ამავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში (შდრ: ი.გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრატიკა, 2017, გვ.119).
დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო;
მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ.ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85.).
სსკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). მოცემული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე.
აქედან გამომდინარე, მხარეთა მიერ დაზღვევის ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირობების დაცვა უმნიშვნელოვანესია ვინაიდან გამოირიცხოს მზღვეველის მიმართ სათანადო საფუძვლის გარეშე თანხის დაკისრება, შესაბამისად მაქსიმალურად შეიზღუდოს დამზღვევის არაკეთილსინდისიერი მოქმედების წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის რეალურ დანიშნულებასა და მიზანს.
17. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოცემული დავის ძირითადი საკვლევი საგანი, კერძოდ, არსებობს თუ არა მოსარჩელის მიერ მითითებული ავტოსაგზაო შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად კვალიფიკაციის საფუძველი.
დასმულ საკითხზე სწორი დასკვნის ჩამოსაყალიბებლად, ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ გარემოებებზე:
17.1 სსკ-ის 829-ე მუხლით მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
მოცემულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი:
დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის განხილვისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესი შემდეგნაირია - მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი ხელშეკრულების გამონაკლისს წარმოადგენს, რის გამოც, სადაზღვევო დაფარვა მასზე ვერ გავრცელდება (სუსგ: Nას-1181-2020, 28.01.2021).
მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (შდრ. სუსგ Nას-1306-1226-2015, 1.07.2016წ).
17.2 უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (შდრ. სუსგ №ას-654-2019, 26.06.2020წ).
გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას არ წარმოადგენს, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის უმნიშვნელოდ გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არდათმობა, ავტომობილის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (შდრ. სუსგ Nას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-1279-2022, 20.12.2022წ.).
17.3 განსახილველი საქმის ფარგლებში ასევე საყურადღებოა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილად ცნობილი რიგი გარემოებები:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ-ის საექსპერტოკრიმინალისტიკური სამსახურის 2021 წლის 1 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია შემდეგი: როგორც გამოძიებით დადგინდა, 2021 წლის 5 აგვისტოს დღის საათებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ......, სასაფლაოების მხრიდან - სოფელ ...... ცენტრის მიმართულებით მოძრავ სადავო ავტომობილს მოსარგებლე მართავდა.
მსვლელობისას მოსარგებლემ გზაჯვარედინი დაახლოებით 30კმ/სთ სიჩქარით გადაკვეთა, რა დროსაც, გზაჯვარედინზე მისგან მარჯვენა მხრიდან, დაახლოებით 40კმ/სთ სიჩქარით მოძრავ „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსს შეეეჯახა.
18. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილი გარემოებებისა (რომლებიც სსსკ-ის 407.2 მუხლით საკასაციო პალატისთვის სავალდებულოა) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოთ მოყვანილი პრაქტიკის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს დასკვნით ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლის ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაციისთვის აუცილებელი ელემენტები არ იკვეთება. ავტომობილის მძღოლი მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით, იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში და მთლიანობაში მისი მოქმედებით აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნები უჩვეულოდ მაღალი ხარისხით არ დარღვეულა, რის გამოც ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მოქმედება მარტივ გაუფრთხილებლობად უნდა დაკვალიფიცირდეს.
19. დაზღვევის ხელშეკრულების N1 დანართის, პირველი პუნქტის „ა“ პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო რისკია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა).
ხელშეკრულების N1 დანართის, მე-2 ნაწილის პირველი პუნქტის პირველი ქვეპუნქტის მიხედვით, ნაწილობრივ დაზიანებად ითვლება, სატრანსპორტო საშუალების ზიანი, რომელიც ექვემდებარება შეკეთება/აღდგენას და რომლის შეკეთება/აღდგენის ღირებულება ხელშეკრულებაში მითითებული საბალანსო ღირებულების 80%-ზე ნაკლებია.
20. მოპასუხის ბალანსზე რიცხული ავტომობილის აღდგენითი მომსახურების ხარჯი 10 439.27 ლარს შეადგენს.
21. ვინაიდან სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი წარმატებულია, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნაც სამართლებრივად ვარგისია, გამომდინარე 417-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის) და 418.2 (შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან.
ამდენად, 10 439.27 ლარის ოდენობით სადაზღვევო ანაზღაურებასთან ერთად მოპასუხეს 150 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა უნდა დაეკისროს.
22. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, არ არსებობს განსახილველ შემთხვევაში საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
23. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან მოსარჩელე გათავისუფლებულია. შესაბამისად, სსსკ-ის 55.1 მუხლის (სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია) თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხეს 529.46 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-8, 53-ე, 264.3, 257.1, 253-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სს „ნ.ვ.დ–ვას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 10 439.27 ლარის ოდენობით სადაზღვევო ანაზღაურებისა და 150 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა;
5. სს „ნ.ვ.დ–ვას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 529.46 ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა