საქმე №ას-1402-2024 6 თებერვალი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ზ.დ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ.მ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
კერძო საჩივრის დავის საგანი - საპროცესო ხარჯების განაწილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ამხანაგობა „ფ.გ...-ის“ წევრების: დ.მ–ის (შემდეგში - მოწინააღმდეგე მხარე ან პირველი მოპასუხე), ვ.ჩ–ძის, გ.მ–ძის, მ.თ–ძის, დ.გ–ის, ზ.ხ–ის, ნ.ბ–ას, ლ.ჩ–ის, გ.ს–ას, თ.კ–ას, თ.ხ–ას, ნ.ჯ–ის, ო.ო–ის, ლ.ფ–ძის, მ.ბ–ის, ი.გ–ის, გ.ც–ისა და მ.პ–ის (შემდეგში წინამდებარე განჩინებაში მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები) წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ზ.დ–მა (შემდეგში - მოსარჩელე ან კერძო საჩივრის ავტორი) შეიტანა, რომელმაც მოითხოვა უძრავი ქონების დათმობა, ამხანაგობის წევრად მიღება და 2012 წლის 27 ივლისის შეთანხმების საფუძველზე მოპასუხეთათვის მის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ ამხანაგობაში განხორციელებული 127 500 აშშ დოლარის ოდენობით შენატანის სოლიდარულად დაკისრება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით:
4.1. სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა;
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა;
4.3. სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა
4.4. მოპასუხეებს უკან დაუბრუნდათ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (5 000 ლარი) ნახევარი - 2 500 ლარი (გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი).
5. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ, რომელმაც ამ განჩინების გაუქმება, მოპასუხეთა მიერ გადახდილი 2 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟისა და 5 000 ლარის ოდენობით ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება მოითხოვა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის განჩინებით:
6.1. კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
6.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინების მე-5 პუნქტი გაუქმდა, სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების დაკისრების მართლზომიერების ხელახლა შესამოწმებლად საქმე იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის განჩინებით: საპროცესო ხარჯის განაწილების შესახებ პირველი მოპასუხის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინების მე-5 პუნქტი შემდეგი სახით ჩამოყალიბდა:
- მოპასუხეებს დაუბრუნდათ სააპელაციო საჩივარზე 2018 წლის 12 თებერვალს სს „თ. ბ–ში“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 5 000 ლარის ნახევარი - 2 500 ლარი;
- მოპასუხეთა სასარგებლოდ მოსარჩელეს დაეკისრა მოპასუხეთა მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნახევრის - 2 500 ლარის ანაზღაურება.
- მოსარჩელეს, პირველი მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა, ამ უკანასკნელის მიერ გაღებული იურიდიული მომსახურების ხარჯის - 5 000 ლარის ანაზღაურება.
7.1. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებზე გაამახვილა:
- სააპელაციო საჩივრის ფასი მოცემულ შემთხვევაში 127 500 აშშ დოლარს შეადგენდა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე მოპასუხეებმა 5 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი გადაიხადეს, საიდანაც 2 500 ლარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინების მე-5 პუნქტით მოპასუხეებს დაუბრუნდათ;
- სარჩელზე უარის თქმის შესახებ განცხადება მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე - 2021 წლის 19 ოქტომბერს წარადგინა;
- 2024 წლის 13 მარტის სხდომაზე სააპელაციო სასამართლომ მხარეთა თანმხვედრი პოზიციები მოისმინა და დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმა მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულების ნებაყოფლობითი შესრულებით კი არ იყო გამოწვეული, არამედ - საქმის მიმართ მხარის სტრატეგიით, დავა მოსარჩელემ უპერსპექტივოდ მიიჩნია და სარჩელზე უარი თქვა.
7.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელზე უარის თქმის გამო საქმეზე დამდგარი საპროცესო შედეგი – სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა, მოპასუხის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებაა და ამ საფუძვლით, საქმის წარმოების შეწყვეტისას, საპროცესო ხარჯების განაწილების საკითხი ექცევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 53.1 მუხლის მოქმედების ფარგლებში. შესაბამისად, სადავო შემთხვევაში, მოპასუხეთა მიერ გაღებული საპროცესო ხარჯების (სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების) ანაზღაურება ეკისრება მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) მხარეს, ვინაიდან სარჩელზე უარის თქმის თაობაზე დისპოზიციური უფლება, როგორც შეუზღუდავი ნების გამოვლენა, მოსარჩელის მხრიდან საქმის სააპელაციო წესით განხილვის ეტაპზე იქნა რეალიზებული.
7.3. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით (შედეგი მოპასუხეთა/აპელანტთა სასარგებლოა, საქმეზე საქმის წარმოება შეწყდა; მოსარჩელე ვეღარ იდავებს იმავე საგანზე იმავე საფუძვლით, იმავე მხარეების მიმართ), გასაჩივრებული განჩინების მე-5 პუნქტით განსაზღვრული შედეგი (სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხიდან (5 000 ლარი) 2 500 ლარის მოპასუხეთათვის დაბრუნება) უცვლელად უნდა დარჩენილიყო და, ასევე, მოპასუხეთა სასარგებლოდ მოსარჩელეს 2 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის თანხის ანაზღაურება უნდა დაკისრებოდა.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზემომითითებულ პირობებში სარჩელზე უარის თქმა უტოლდება პროცესში წაგებული მხარის პოზიციის მორგებას, რის გამოც იურიდიული მომსახურების ხარჯების საკითხი სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 53.1 მუხლით გათვალისწინებული ნორმის დანაწესისის თანახმად უნდა გადაწყვიტოს.
8. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 მარტის განჩინება მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ საქმეზე წარმოების შეწყვეტის პირობებში მოპასუხის სასარგებლოდ საპროცესო ხარჯის ანაზღაურების მოსარჩელისთვის დაკისრება კანონმდებლობის მოთხოვნებს არ შეესაბამება (დეტალურად იხილეთ კერძო საჩივარი).
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 იანვრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებულია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტის ანალიზის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასაბუთებული შედავება მას არ წარმოუდგენია.
11. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი შემდეგი შინაარისაა:
- საპროცესო ხარჯის განაწილების შესახებ პირველი მოპასუხის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინების მე-5 პუნქტი შემდეგი სახით ჩამოყალიბდეს:
- მოპასუხეებს დაუბრუნდეთ სააპელაციო საჩივარზე 2018 წლის 12 თებერვალს სს „თ.ბ–ში“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 5 000 ლარის ნახევარი - 2 500 ლარი;
- მოპასუხეთა სასარგებლოდ მოსარჩელეს დაეკისროს მოპასუხეთა მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნახევრის - 2 500 ლარის ანაზღაურება.
- მოსარჩელეს, პირველი მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ გაღებული იურიდიული მომსახურების ხარჯის - 5 000 ლარის ანაზღაურება.
12. სადავო საკითხის, კერძოდ, საპროცესო ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის წარმატებულობის გარკვევის მიზნით, საქმის მასალებით დადგენილი შემდეგი გარემოებებია საყურადღებო:
- სააპელაციო საჩივარზე მოპასუხეებმა 5 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი გადაიხადეს, საიდანაც 2 500 ლარი მათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინების მე-5 პუნქტით დაუბრუნდათ;
- სარჩელზე უარის თქმის შესახებ განცხადება მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე - 2021 წლის 19 ოქტომბერს წარადგინა;
- 2024 წლის 13 მარტის სხდომაზე სააპელაციო სასამართლომ მხარეთა თანმხვედრი პოზიციები მოისმინა და დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმა მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულების ნებაყოფლობითი შესრულებით კი არ იყო გამოწვეული, არამედ - საქმის მიმართ მხარის სტრატეგიით, დავა მოსარჩელემ უპერსპექტივოდ მიიჩნია და სარჩელზე უარი თქვა.
13. გარდა აღნიშნულისა საყურადღებოა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შემდეგი ნორმები:
სსსკ-ის 37-ე მუხლი - პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისთვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე, მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სსსკ-ის 49.1 მუხლი - თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
სსსკ-ის 53.1 მუხლის პირველი წინადადება - იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობისა.
ამდენად, სსსკ-ის 53.1 მუხლის დეფინიციით სასამართლო დავაში წაგებულ მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა პროცესის ხარჯებზე და სწორედ ისაა ვალდებულია აანაზღაუროს როგორც სასამართლო, ასევე სასამართლოს გარეშე დანახარჯი.
14. შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რომელშიც განმარტებულია შემდეგი:
მხარის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებაში იგულისხმება დავის გადაწყვეტის არა მხოლოდ პროცესუალურსამართლებრივი, არამედ უპირველესად – მატერიალურსამართლებრივი შედეგი. ეს პირდაპირ გამომდინარეობს სარჩელის ცნებიდან, კერძოდ, სარჩელი, როგორც სამოქალაქო-საპროცესო სამართლის ინსტიტუტი, არის უფლების დაცვის შესახებ პირის შუამდგომლობა სასამართლოსადმი, რათა მან განიხილოს სარჩელში მოპასუხის წინააღმდეგ წაყენებული მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა და გამოიტანოს ამის თაობაზე გადაწყვეტილება.
ამდენად, სარჩელი, მართალია, საპროცესო სამართლის ინსტიტუტია, მაგრამ იგი არ არსებობს იმ უფლებაზე მითითების გარეშე, რომლის დაცვასაც მოსარჩელე მოითხოვს, ე.ი. მოპასუხისადმი წაყენებული მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის გარეშე. სარჩელის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სწორედ მოპასუხისადმი წაყენებული მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის მიმართ და, შესაბამისად, ან აკმაყოფილებს სარჩელს ან უარს ამბობს მის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოგებული მხარეა მოსარჩელე, ხოლო წაგებული – მოპასუხე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დროს პირიქითაა – მოგებულია მოპასუხე, ხოლო, წაგებული – მოსარჩელე.
საქმის მოგება-წაგება კი პირდაპირ უკავშირდება მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილებას. კერძოდ, თუ მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არსებობს, მაშინ სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არა. აქედან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დროს მოპასუხის სასარგებლო გადაწყვეტილებაა გამოტანილი იმიტომ, რომ მოსარჩელეს უარი ეთქმევა მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, მოპასუხის სარგებელი ისაა, რომ მას მომავალში მოსარჩელე ვეღარ შეედავება იმ უფლების შესახებ, რომლის დაცვასაც ეს უკანასკნელი სარჩელით ცდილობდა.
ანალოგიური ვითარებაა სარჩელეზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაშიც. კერძოდ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო საქმეზე დამდგარი საპროცესო შედეგი – სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა – უშუალო გავლენას ახდენს მოპასუხისადმი წაყენებულ მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნებზე, ვინაიდან ამ შემთხვევაში მოსარჩელე კარგავს უფლებას, შეედავოს მოპასუხეს იგივე სარჩელით (სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ” ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 273-ე მუხლი). ამდენად, სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა, მოპასუხის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებაა (იხ. სუსგ: №ას-795-849-2011, 18.07.2011; №ას-1771-1751-2011, 9.02.2012).
15. საქმეზე დადგენილი გარემოებების, ზემოთ მოყვანილი კანონის ნორმებისა და სასამართლო პრაქტიკის ერთობლივი ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა, მოპასუხის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებაა და, ამ საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტისას, საპროცესო ხარჯების განაწილების საკითხი ექცევა სსსკ-ის 53.1 მუხლის პირველი ნაწილის მოწესრიგების ფარგლებში.
16. ზემოაღნიშნული მოსაზრების საწინააღმდეგოდ ვერ გამოდგება სსსკ-ის 54.1 მუხლის დანაწესი, რომლითაც დადგენილია, რომ თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ, თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით სასამართლო მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის ხარჯების ანაზღაურებას. ეს ნორმა არ გამორიცხვას მოპასუხის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურების შესაძლებლობას, ვინაიდან იგი მხოლოდ იმ შემთხვევას აწესრიგებს, როდესაც მოსარჩელე უარს ამბობს თავის სარჩელზე იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა სარჩელის აღძვრის შემდეგ. განსახილველ შემთხვევაში ასეთი ვითარება ჩამოყალიბებული არ არის.
17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.დ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა