Facebook Twitter

27 თებერვალი, 2025 წელი,

საქმე №ას-1495-2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ზ.ო–ი, ლ.ს–ია, ზ.ც–ძე, გ.ფ–ვა, თ.ა–ძე, თ.ც–ია (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სისხლის სამართლის საქმეზე ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებისა და ქ.თბილისის მერიის მიწის ლეგალიზების კომისიის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ჩატარებული წინასწარი გამოძიების მასალების საფუძველზე, ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის 2009 წლის 16 დეკემბრის დადგენილებით, ქ.თბილისის მერია (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი ან დაზარალებული) დაზარალებულად იქნა ცნობილი.

2. ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის 2009 წლის 17 დეკემბრის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო გ.ფ–ვას (შემდეგში - პირველი მოპასუხე), ზ.ო–ის (შემდეგში - მეორე მოპასუხე), თ.ა–ძის (შემდეგში - მესამე მოპასუხე), ლ.ს–იასა (შემდეგში - მეოთხე მოპასუხე), თ.ც–იასა (შემდეგში - მეხუთე მოპასუხე) და ზ.ც–ძის (შემდეგში - მეექვსე მოპასუხე) ბრალდების საქმე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2010 წლის 2 ივნისის განაჩენით დამტკიცდა ქ.თბილისის პროკურატურასა და მოპასუხეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და მოპასუხეები დამნაშავედ იქნენ ცნობილი. განაჩენის მიხედვით, მოპასუხეთა ქმედება რამდენიმე დანაშაულებრივ ეპიზოდს მოიცავს, რომელთაგან ზოგიერთი თანამონაწილეობით არის ჩადენილი, ზოგიერთი კი თითოეული მოპასუხის მიერ – ინდივიდუალურად.

4. მოპასუხეთა წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სოლიდარულად მათთვის 2 663 065 ლარის დაკისრება მოითხოვა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

7.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მოპასუხეთათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების ფაქტობრივ საფუძველს ქმნიდა ზიანი, კერძოდ, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) სამართლებრივ მოწესრიგებას დელიქტური ვალდებულებებით გათვალისწინებული საფუძვლებით - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 992-ე, 408.1 მუხლებით საჭიროებდა.

7.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზიანის შესახებ მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ვრცელდება (სსკ-ის 1008-ე მუხლი - დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ), რომლის ათვლა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გამოცხადების თარიღიდან - 2010 წლის 2 ივნისიდან უნდა დაიწყოს. ამ თარიღიდან სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე დაზარალებულად იქნა ცნობილი და რომლებმაც მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება განაპირობა. ვინაიდან სარჩელი დაზარალებულმა სასამართლოში 2019 წლის 22 იანვარს, კერძოდ, დელიქტური ვალდებულების ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ წარადგინა, სააპელაციო სასამართლოს დაკსვნით იგი ხანდაზმული იყო.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა, ამ განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

- კასატორი სსკ-ის 991-ე მუხლზე მიუთითებს, რომლითაც დადგენილია, რომ პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც ამ თავშია გათვალისწინებული, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული სარგებელი. ამასთან, კასატორი აუდიტორულ დასკვნაზე აპელირებს, რომლის თანახმადაც, 2010 წლის 2 ივნისის მდგომარეობით სადავო მიწის ნაკვეთების ღირებულება 2 663 065 ლარს შეადგენდა, რაც მოპასუხეებმა უნდა აანაზღაურონ.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

10. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.

12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად კანონიერია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის მოტივით ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის უარყოფის თაობაზე.

13. პალატის მოსაზრებით, სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი გარემოებები ქმნის, კერძოდ:

1). ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებისა და ქ.თბილისის მერიის მიწის ლეგალიზების კომისიის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ჩატარებული წინასწარი გამოძიების მასალების საფუძველზე, ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის 2009 წლის 16 დეკემბრის დადგენილებით, მოსარჩელე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი.

2). ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის 2009 წლის 17 დეკემბრის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო მოპასუხეთა ბრალდების საქმე.

3). თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2010 წლის 2 ივნისის განაჩენით დამტკიცდა ქ.თბილისის პროკურატურასა და მოპასუხეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და მოპასუხეები დამნაშავედ იქნენ ცნობილი. განაჩენის მიხედვით, მოპასუხეთა ქმედება რამდენიმე დანაშაულებრივ ეპიზოდს მოიცავს, რომელთაგან ზოგიერთი თანამონაწილეობით არის ჩადენილი, ზოგიერთი კი თითოეული მოპასუხის მიერ – ინდივიდუალურად.

4). მოპასუხეთა წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მათთვის სოლიდარულად 2 663 065 ლარის დაკისრება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ზემომითითებული გარემოებების მიმართ კასატორს (მოპასუხე) დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

14. შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სარჩელი იყო ხანდაზმული, რადგან მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი შემადგენლობა დელიქტური ვალდებულებით გათვალისწინებული საფუძვლებიდან (სსკ-ის 992-ე, 408.1 მუხლები) გამომდინარეობს, რომელზეც სსკ-ის 1008-ე მუხლით (დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ) გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ვრცელდება.

ამავდროულად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა სააპელაციო სასამართლომ სწორად დაუკავშირა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 ივნისის განაჩენს, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი განხილვის შედეგად სწორედ ხსენებული განაჩენით დადგინდა ის მთავარი გარემოება, რომ მოპასუხეთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოსარჩელეს ზიანი მიადგა, რომლის ანაზღაურებაც განსახილველი სარჩელის დავის საგანია.

15. ზემოთ მოყვანილი მსჯელობის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მართებულია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების არგუმენტები დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

16. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

18. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორის მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა, მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის კასატორისათვის დაკისრების თაობაზე, შემდეგ გარემოებთა გამო:

სსსკ-ის 53.1 თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მოწინააღმდეგე მხარისთვის წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრების შესაძლებლობას და ყურადღებას ამახვილებს, რომ პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში ზ.ც–ძის წარმომადგენლობითი ხარჯების ანაზღაურების მიზნით 3000 და 1000 ლარი მოსარჩელე მხარეს უკვე დაეკისრა.

საკასაციო ინსტანციის სასამართლოში ზ.ც–ძის ადვოკატის მიერ საკასაციო საჩვართან დაკავშირებით წარმოდგენილია ერთი საპროცესო დოკუმენტი - საკასაციო შესაგებელი, თავად საქმის განხილვა კი ზეპირო მოსმენის გარეშე წარიმართა. ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე საკასაციო პალატა გონივრულად მიიჩნევს მესამე ინსტანციაში საქმის განხილვაში მონაწილეობის ადექვატურ ანაზღაურებად დამატებით განსაზღვროს 1000 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

3. ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად ზ.ც–ძის სასარგებლოდ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს 1000 ლარის გადახდა;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა