Facebook Twitter

¹ბს-1081-1033(კ-07) 13 თებერვალი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 26 სექტემბერს ვ. ქ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-.... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის მიმართ დარღვეული უფლების აღდგენის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1992 წლის 20 ოქტომბრიდან 1993 წლის 19 მარტამდე ირიცხებოდა აფხაზეთის ყოფილი სამხედრო პოლიციის სამმართველოს შრომის ასეულში. 1993 წლის 19 მარტს ნაღმის აფეთქების შედეგად მიიღო ჭრილობა თავის არეში და ტვინის შერყევა, სამხედრო ტრავმის შედეგად არის II ჯგუფის ინვალიდი. მოსარჩელემ მიმართა თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა შესაბამისი ბრძანების გამოცემა მისი შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვის და შემდგომ ამორიცხვის შესახებ, საიდანაც მიიღო უარი.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის უარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მის უფლებებს, ვინაიდან ვერ სარგებლობდა კანონით მინიჭებული იმ უფლებით, რომელიც გათვალისწინებულია ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონით, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეების ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს, მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს დავალებოდა შესაბამისი ბრძანების გამოცემა მოსარჩელის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვისა და შემდგომში ამორიცხვის თაობაზე და ასევე გაეცა ომის მონაწილეობის მოწმობა.

2006 წლის 29 ნოემბერს საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ვ. ქ-ას წარმომადგენლის შუამდგომლობა და საქმეში თანამოპასუხედ ჩაება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი.

მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სარჩელი არ ცნო არც თანამოპასუხე ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენელმა და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ქ-ას სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი 2006 წლის 13 სექტემბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა 2 თვის ვადაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა ომის მონაწილის მოწმობის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების 2006 წლის 13 სექტემბრის წერილი არ იყო ადმინისტრაციული აქტი, იგი იყო მხოლოდ საინფორმაციო წერილი, რომელიც გაეცა ვ. ქ-ას განცხადების პასუხად.

ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2004 წლის 20 ივლისის ,,ინსტრუქციის” თანახმად, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემა ხდება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ. აპელანტის განმარტებით, არც ერთ სამართლებრივ აქტში და არც ერთ ინსტრუქციაში არ არის მითითებული, რომ იმ პირთა მიმართ, რომელთა მონაცემებიც თავდაცვის სამინისტროში არ მოიპოვება, თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია, ჩაატაროს რაიმე სახის მოკვლევა. ამიტომ აპელანტი მიიჩნევდა, რომ ეს საკითხი შესწავლილი და გადაწყვეტილი უნდა ყოფილიყო ვეტერანთა დეპარტამენტში და არა თავდაცვის სამინისტროში.

ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, რაც არამართებულია, ვინაიდან, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ” პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო ვადიან საკონტრაქტო და კადრის სამხედრო სამსახურს, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდასთან და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის რეგულირების მიზნით, სამსახურებრივი მოვალოების შესრულების ერთ-ერთ დამადასტურებელ პირობად ითვლება საბრძოლო მოქმედებებში მონაწილოება.

ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-2-4 პუნქტების შესაბამისად, სამხედრო სამსახურის დაწყების დღედ ითვლება სამხედრო ნაწილის პირად შემადგენლობაში ან შესაბამისი სამხედრო უწყების სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღე. სამხედრო სამსახურის დამთავრების დღედ ითვლება ამ კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისა და სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის დღე. სამხედრო შეკრებათა და სამხედრო სამსახურის გავლის დრო ჩაითვლება სამხედრო სამსახურის და/ან შრომის საერთო სტაჟში.

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცდა სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულება. აღნიშნული დებულების თანახმად, მისი მოთხოვნები ვრცელდება შეიარაღებული ძალების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალების, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი სხვა შეიარაღებული ფორმირებების სამხედრო მოსამსახურეებზე. აღნიშნული დებულების მე-2 თავის პირველი პუნქტის შესაბამისად, სავალდებულო ვადიანი სამსახურის რიგითების (მატროსების), სერჟანტების (ზემდეგების), ზემდეგების (მიჩმანების), სამხედრო სამსახურის დაწყების დღედ ითვლება სამხედრო ნაწილში ბრძანებით მათი ჩარიცხვის დღე, ხოლო სამხედრო სამსახურის დამთავრების დღედ – კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისას პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის დღე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამხედრო სამსახურში პირის ჩარიცხვა და მისი ამორიცხვა წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას.

ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და მიუთითა, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ” ქვეპუნტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ასევე დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორის მითითებით სააპელაციო სასამართლომ 1993 წელს წარმოშობილ ურთიერთობაზე გაავრცელა მისი წარმოშობის შემდეგ მიღებული ნორმატიული აქტები, რითაც დაარღვია ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რადგან არც ერთ სასამართლოს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ გამოიყენა სზაკ-ის ნორმები ადმინისტრაციული აქტის მასთან შეუსაბამობის გამო, მაშინ როცა, ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილით სზაკ-ის მოქმედება არ ვრცელდება სამხედრო საკითხებზე.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაითვალისწინა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება დამტკიცებული იყო საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის ¹19 ბრძანებულებით.

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის” შესახებ კანონის 18.2 მუხლით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჟ-..... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულება დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის ¹146 ბრძანებით.

ამავე დებულების მე-6 მუხლის ,,ტ” პუნქტით დეპარტამენტის ერთ-ერთი ფუნქციაა-მოქალაქეთა განცხადებებისა და დეპარტამენტის საარქივო მასალების საფუძველზე, შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მოქმედებებში შესაძლო მონაწილეობის დადასტურება ან უარყოფა სათანადო ცნობის გაცემით.

ამდენად, ჟ-.... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უარი იმ მოტივით, რომ საარქივო ცნობებში არ მოიძებნა კონკრეტული განმცხადებლის ჩარიცხვა ამორიცხვის ბრძანებები, არ შეიძლება ჩაითვალოს საზაკ-ის დარღვევით გამოცემულ აქტად.

კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადსტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოახდინა საქმის ადმინისტრაციული წარმოება, გადაამოწმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-.... პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის არქივში დაცული გარდაცვლილ და თადარიგში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეები და გასცა შესაბამისი ინფორმაცია წერილობითი ფორმით. ამასთან, არც ერთ ნორმატიულ აქტში არ არის განსაზღვრული თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება, ჩაატაროს რაიმე სახის მოკვლევა იმ პირთა მიმართ, რომელთა შესახებ მონაცემებიც (ჩარიცხვა-ამორიცხვის ბრძანებები, კონფლიქტის ზონაში მივლინების ბრძანება ან სხვა რაიმე დოკუმენტი) თავდაცვის სამინისტროში არ მოიპოვება.

ამას გარდა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ,,საბრძოლო მოკვლევის” საფუძველზე, მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ,,უტყუარად და დასაბუთებულად” მიჩნევა, არ გულისხმობს მისი შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვისა და შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში სამხედრო მოსამსახურის სტატუსით მონაწილეობის ფაქტის დადასტურებას.

,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანად და მათთან გათანაბრებულ პირებად განსაზღვრული არიან ის პირები, რომლებიც საქართველოს მთლიანობისათვის, აფხაზეთის და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში მონაწილობდნენ, ანუ საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, აგრეთვე დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები. ხოლო, ამავე კანონის მე-3 მუხლით ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველმყოფ სახელმწიფო სამსახურად განსაზღვრულია ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი. ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების” _ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 21 დეკემბრის ¹351/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის ,,ე” პუნქტის მიხედვით, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ფუნქციად განისაზღვრა ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ”, ,,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვალოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ”, აგრეთვე საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი პირების ზუსტი აღრიცხვა, ერთიანი კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნა, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობების დამზადება-გაცემა. შესაბამისად, საბრძოლო მოქმედებებში პირის მონაწილეობის დადასტურება და ვეტერანის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას. ვეტერანთა სოციალურ-სამართლებრივი უზრუნველყოფა განეკუთვნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის კომპეტენციას და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად იგი ვალდებულია ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი და ითხოვდა ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 14 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. უარი ეთქვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.