6 თებერვალი, 2025 წელი,
საქმე №ას-1507-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორი - საქართველოს გენერალური პროკურატურა (თავდაპირველი სარჩელის მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.გ–ძე, ნ.კ–ია, ხ.გ–ძე, ნ.ი–ნი (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელის ავტორები)
შეგებებული სარჩელის მოპასუხე, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოსარჩელის მხარეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოსარჩელის მხარეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოსარჩელის მხარეს - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“
II კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - ა.გ–ძე, ნ.კ–ია, ხ.გ–ძე, ნ.ი–ნი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინება
I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 1997 წლის 26 ივნისიდან 2004 წლის 3 ივნისამდე ა.გ–ძე (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან ბრალდებული) სს „ს.გ.ს.კ–იის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 10 აპრილის ბრძანებით პირველი მოპასუხე ამავე კორპორაციის პრეზიდენტად და საგანგებო რწმუნებულად დაინიშნა. თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მისი მიღებული შემოსავლები დაახლოებით 42 600 ლარს შეადგენდა. სს „ს.გ.ს.კ–იის“ 2001-2002 წლების საშტატო განრიგის მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხელფასი 1 000-დან 2 000 ლარამდე მერყეოდა.
2. ნ.კ–ია (შემდეგში - მეორე მოპასუხე) არის პირველი მოპასუხის მეუღლე, ხ.გ–ძე (შემდეგში - მესამე მოპასუხე) - შვილი, ნ.ი–ნი (შემდეგში - მეოთხე მოპასუხე) - შვილიშვილი.
3. მეოთხე მოპასუხის მამა, ა.ი–ნი, საქართველოს ეროვნული ბანკის 2004 წლის 11 ნოემბრის წერილის შესაბამისად, 1999 წლის 10 მარტიდან 2003 წლის 3 ოქტომბრამდე საქართველოს ეროვნულ ბანკში მუშაობდა და ამ ხნის განმავლობაში მისმა შემოსავალმა ჯამურად 53 962.92 ლარი შეადგინა. ენერგეტიკის სამინისტროს 2004 წლის 1 ნოემბრის ცნობით დგინდება, რომ ა.ი–ნი სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროში 2003 წლის 3 ოქტომბრიდან 2004 წლის 14 ივლისამდე მუშაობდა და მისმა შემოსავალმა 1 000 ლარი შეადგინა.
4. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3ა/428-2004) მოპასუხეთა, მათ შორის, ა.ი–ნის მიმართ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ აღძრული სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი და სახელმწიფოს დაუბრუნდა:
ა). პირველი მოპასუხის, ყოფილი თანამდებობის პირის, ბრალდებულის კუთვნილი ქონება:
(1). ქ.თბილისში ....... მდებარე №8 ბინის გაუმჯობესებაზე დახარჯული სახსრები, 50 000 ლარის ოდენობით;
(2). ქ.თბილისში, ........ №10-ში მდებარე №10 ბინა;
(3). ავტომობილი „მერსედეს ბენცი S-430” სახელმწიფო ნომრით ......;
(4). შპს „ვ–ში” 40%-ის ოდენობით პარტნიორის წილი;
(5). ქ.თბილისში, ....... მდებარე №8 ბინაში არსებული ავეჯი (საძინებლები, სამეულები, სამზარეულო და ძვირადღირებული კარადები,მაგიდები);
(6). ქ.თბილისში, ......... მდებარე №10–ში ბინაში არსებული ავეჯი (საძინებლები, სამეულები, სამზარეულო, ძვირადღირებული კარადები და მაგიდები).
ბ). მეორე მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი „ვოლვო“ S-60 სახელმწიფო ნომრით: ........;
გ). მესამე მოპასუხის კუთვნილი ქონება:
(1). ავტომობილი „ტოიოტა”, სახელმწიფო ნომრით: .......;
(2) ავტომობილი „ფოლცვაგენი”, სახელმწიფო ნომრით: .........
დ). ა.ი–ნის (პირველი მოპასუხის ახლო ნათესავი) კუთვნილი ქონება:
(1). ბიბლიოთეკის, ავეჯის, სამეულების, ძვირადღირებული ნახატი სურათის, ანტიკვარული თოფის ღირებულება, რაც თავად ა.ი–ნის შეფასებით 235 000 ლარს შეადგენდა;
(2). ა.ი–ნის, როგორც თანამდებობის პირის მიერ შევსებული 2004 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მითითებული ფულადი თანხა, 16 200 ლარის ოდენობით;
(3). სს „თ.ბ–ის” საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა 42 430 აშშ დოლარის ოდენობით.
ე. მეოთხე მოპასუხის (პირველი მოპასუხის ახლო ნათესავის) კუთვნილი ქონება:
(1). მცხეთის რაიონის სოფელ .......... მდებარე საცხოვრებელი სახლი;
(2). თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის 2004 წლის დეკლარაციაში ა.ი–ნის, როგორც თანამდებობის პირის მიერ მითითებული ფულადი თანხა მეოთხე მოპასუხის სახელზე 9 000 ლარის ოდენობით.
5. ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2005 წლის 18 აპრილს.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 იანვრის განჩინებით, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №3ა/428-2004) ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება დაკმაყოფილდა: თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი და საქმის წარმოება განახლდა.
7. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2024 წლის 20 თებერვლის წერილის შესაბამისად, თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ 2005 წლის 20 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით აღსრულების ეროვნულ ბიუროში სააღსრულებო საქმის წარმოება დაიწყო.
8. სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პუნქტებიდან შემდეგია აღსრულებული:
ა(2). ქ.თბილისში, ........ მდებარე №10 ბინა, ავტოსადგომი და სარდაფი - დაუსაბუთებელ ქონებად ჩაითვალა და სახელმწიფოს გადაეცა;
ა(3). ავტომობილი „მერსედეს ბენცი S-430”, სახელმწიფო ნომრით ......., დაუსაბუთებელ ქონებად ჩაითვალა და სახელმწიფოს გადაეცა;
ა(4). შპს „ვ–ში“ 40%-ის ოდენობით პარტნიორის წილი დაუსაბუთებელ ქონებად ჩაითვალა და სახელმწიფოს გადაეცა;
ა(5). ქ.თბილისში, ....... მდებარე №8 ბინაში არსებული ავეჯი (საძინებლები, სამეულები, სამზარეულო, ძვირადღირებული კარადები და მაგიდები) დაუსაბუთებელ ქონებად ჩაითვალა და სახელმწიფოს გადაეცა;
ა(6). ქ.თბილისში, ........ მდებარე №10 ბინაში არსებული ავეჯი (საძინებლები, სამეულები, სამზარეულო, ძვირადღირებული კარადები და მაგიდები) დაუსაბუთებელ ქონებად ჩაითვალა და სახელმწიფოს გადაეცა;
ბ(1). გარდაბნის რაიონის სოფელ .......... მდებარე საცხოვრებელი სახლი დაუსაბუთებელ ქონებად ჩაითვალა და სახელმწიფოს გადაეცა;
ბ(3). გარდაბნის რაიონის სოფელ .......... მდებარე საცხოვრებელ სახლში არსებული ავეჯი (საძინებლები, სამეულები, სამზარეულო, ძვირადღირებული კარადები და მაგიდები) დაუსაბუთებელ ქონებად ჩაითვალა და სახელმწიფოს გადაეცა;
გ(2). ავტომობილი ფოლცვაგენი, სახელმწიფო ნომრით: ......, დაუსაბუთებელ ქონებად ჩაითვალა და სახელმწიფოს გადაეცა;
ე(1). მცხეთის რაიონის სოფელ .......... მდებარე საცხოვრებელი სახლი დაუსაბუთებელ ქონებად ჩაითვალა და სახელმწიფოს გადაეცა.
აღუსრულებელია სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული შემდეგი პუნქტები:
ა(1). ქ.თბილისში, ......... მდებარე №8 ბინის გაუმჯობესებაზე დახარჯული ფულადი სახსრები, 50 000 ლარის ოდენობით დაუსაბუთებელ ქონებად ჩაითვალოს და მითითებული თანხა სახელმწიფოს დაუბრუნდეს;
ბ(2). ავტომობილი „ვოლვო’’ S-60, სახელმწიფო ნომრით ........, დაუსაბუთებელ ქონებად ჩაითვალოს და სახელმწიფოს გადაეცეს (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ავტომობილი საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა);
გ(1). ავტომობილი „ტოიოტა”. სახელმწიფო ნომრით ......, დაუსაბუთებელ ქონებად ჩაითვალოს და მითითებული ავტომობილი სახელმწიფოს გადაეცეს (ავტომობილი სახელმწიფო ნომრით - ......, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადაცემულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ძებნა/დაკავებაზე, ხოლო, დღეის მდგომარეობით მისი დაკავება არ განხორციელებულა);
დ(1). ბიბლიოთეკის, ავეჯის, სამეულების, ძვირადღირებული ნახატი სურათის, ანტიკვარული თოფის ღირებულება, რაც თავად ა.ი–ნის შეფასებით 235 000 ლარს შეადგენდა;.
დ)(2). ა.ი–ნის, როგორც თანამდებობის პირის მიერ შევსებული 2004 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მითითებული ფულადი თანხა 16 200 (თექვსმეტი ათას ორასი) ლარის ოდენობით დაუსაბუთებელ ქონებად ჩაითვალოს და სახელმწიფოს გადაეცეს;
დ)(3). 42 430 აშშ დოლარის ოდენობისს „თ.ბ–ის” საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა დაუსაბუთებელ ქონებად ჩაითვალოს და მითითებული თანხა სახელმწიფოს დაუბრუნდეს (საქმისწარმოების დაწყებისთანავე განხორციელდა მოვალე ა.ი–ნის საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთის მოძიება, საბანკო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხის თანახმად, ა.ი–ნს საბანკო ანგარიშებზე დადებითი ნაშთი არ უფიქსირდება);
ე)(2). ქონებრივი მდგომარეობის 2004 წლის დეკლარაციაში ა.ი–ნის, როგორც თანამდებობის პირის მიერ მითითებული ფულადი თანხა - მეოთხე მოპასუხის 9 000 ლარის ოდენობით, დაუსაბუთებელ ქონებად ჩაითვალოს და სახელმწიფოს გადაეცეს.
9. 1990 წლიდან 1996 წელს საქართველოში დაბრუნებამდე პირველი მოპასუხე რუსეთის ფედერაციაში, ავსტრიის რესპუბლიკასა და სხვა სახელმწიფოებში ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა, კერძოდ, მისი უშუალო მონაწილეობით კუთვნილი საწარმოები ნავთობპროდუქტების რეალიზაციას აწარმოებდნენ; 1996 წელს პირველმა მოპასუხემ ბიზნესის აქტივები გაასხვისა და სამუშაოდ საქართველოში დაბრუნდა.
10. 1994 წელს დარეგისტრირებულ კომერციულ საზოგადოება BRIJH-TRADING-ში კაპიტალდაბანდება განახორციელეს და საზოგადოების წარმომადგენლობის უფლებამოსილებით აღიჭურვნენ პირველი მოპასუხე, მ.ჩ–ი და ვ.ი.ჰ. აღნიშნული ამონაწერის მიხედვით, საწარმოს ლიკვიდაცია 1997 წელს ხარჯების დასაფარი ქონების არქონის მიზეზით განხორციელდა.
11. მოპასუხეთა წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ (შემდეგში - მოსარჩელე), რომელმაც შემდეგი ქონების დაუსაბუთებლად ცნობა მოითხოვა:
1). ბრალდებულის: ა). საცხოვრებელი ბინა, ავტოსადგომი, სარდაფი - მდებარე ქ.თბილისი .........; ბ). ავტომობილი „მერსედეს ბენცი“ სახელმწიფო ნომრით .......; გ). ქ.თბილისში, ......... მდებარე №8 ბინაში არსებული ავეჯი (საძინებლები, სამეულები, სამზარეულო, ძვირად ღირებული კარადები და მაგიდები); დ). ქ.თბილისში, ......... მდებარე №10 ბინაში არსებული ავეჯი (საძინებლები, სამეულები, სამზარეულო და ძვირად ღირებული კარადები, მაგიდები);
2). გარდაბნის რაიონის სოფელ .......... მდებარე მეორე მოპასუხის საცხოვრებელ სახლში არსებული ავეჯი (საძინებლები, სამეულები, სამზარეულო, ძვირად ღირებული კარადები და მაგიდები);
3). მესამე მოპასუხის ავტომობილი „ფოლცვაგენი“ სახელმწიფო ნომრით .......;
4). მცხეთის რაიონი სოფელ .......... მესამე მოპასუხის საცხოვრებელი სახლი.
12. მოსარჩელისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ მოპასუხეებმა სასამართლოში შეგებებული სარჩელი წარადგინეს, რომლითაც მოითხოვეს:
- პირველ მოპასუხეს დაბრუნებოდა უკანონოდ ჩამორთმეული ქონება და ეს უკანასკნელი ცნობილიყო ქ.თბილისში, .......... მდებარე №10 საცხოვრებელი სახლის, ავტოსადგომისა და სარდაფის მესაკუთრედ;
- პირველ მოპასუხეს დაბრუნებოდა უკანონოდ ჩამორთმეული ქონება და ცნობილიყო ავტომობილ მერსედეს ბენცის, სახელმწიფო ნომრის ......, მესაკუთრედ;
- პირველ მოპასუხეს დაბრუნებოდა უკანონოდ ჩამორთმეული ქონება - ქ.თბილისში, ........ მდებარე ბინა 8-ში არსებული ავეჯი (საძინებლები, სამეულები, სამზარეულო და ძვირად ღირებული კარადები, მაგიდები);
- მეორე მოპასუხეს დაბრუნებოდა უკანონოდ ჩამორთმეული ქონება - გარდაბნის რაიონის სოფელ .......... მდებარე საცხოვრებელ სახლში არსებული ავეჯი (საძინებლები, სამეულები, სამზარეულო და ძვირად ღირებული კარადები, მაგიდები);
- მესამე მოპასუხეს დაბრუნებოდა უკანონოდ ჩამორთმეული ქონება და ცნობილიყო ავტომობილის - „ფოლცვაგენი" სახელმწიფო ნომრით ...... -მესაკუთრედ;
- მეოთხე მოპასუხეს დაბრუნებოდა უკანონოდ ჩამორთმეული ქონება და ცნობილიყო მცხეთის რაიონის სოფელ .......... მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა.
14. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ერთი მხრივ, პირველმა მოპასუხემ, ხოლო, მეორე მხრივ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩა.
15.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის წევრთა საერთო კრების №31 ოქმის შესაბამისად, 2002 წლის 10 ოქტომბერს დარეგისტრირებულ უძრავი ქონებაზე (ქ.თბილისში, ......... მდებარე ბინა, ავტოსადგომი და სარდაფი) უფლება პირველმა მოპასუხემ 1997-1998 წლების პერიოდში, მ.ბ–ძესთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა. მოცემული სამართალურთიერთობის ფარგლებში, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის წევრ მ.ბ–ძეს, შესაბამისი ანაზღაურების გადაცემის სანაცვლოდ, პირველი მოპასუხე ჩაენაცვლა. ზემოაღნიშნული გარემოება 2024 წლის 15 მარტს პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაკითხული მოწმეების (კ.გ–ძე, ზ.ბ–ძე) ჩვენებებით დადასტურდა.
რაც შეეხებოდა გარდაბნის რაიონული სოფელ .......... მდებარე საცხოვრებელ სახლს, მეორე მოპასუხემ იგი 2004 წლის 18 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიიღო. მითითებულ უძრავ ქონებაში განთავსებული მოძრავი ნივთებიც (ავეჯი, საძინებლები, სამეულები, სამზარეულო, ძვირად ღირებული კარადები და მაგიდები) მეორე მოპასუხემ მემკვიდრეობის საფუძველზე მიიღო, რაც 2004 წლის 18 თებერვლის სანოტარო აქტით დასტურდებოდა, რომლის მიხედვითაც, მეორე მოპასუხემ, როგორც გარდაცვლილი ა.კ–ას პირველი რიგის მემკვიდრემ (შვილი), მემკვიდრეობით მიიღო უძრავი ქონება - გარდაბნის რაიონის სოფელ ..........
მდებარე საცხოვრებელ სახლი. ვინაიდან უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება მეორე მოპასუხეს გარდაცვლილი მამისგან მიღებული მემკვიდრეობის საფუძველზე წარმოეშვა, პრეზუმირებულია, რომ ა.კ–ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთში განთავსებული მოძრავი ქონება მისივე საკუთრებას წარმოადგენდა.
15.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან 1990-1997 წლებში პირველი მოპასუხე ნავთობპროდუქტების რეალიზაციის სფეროში ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა, საიდანაც სოლიდურ შემოსავალს (წლიურად 150 000 – 300 000 აშშ დოლარის ფარგლებში) იღებდა, ამდენად, 1997 წელს საქართველოში დაბრუნებამდე სადავო ქონებების ნაწილის შესაძენად მას კანონიერი გზით მიღებული საკმარისი ფულადი სახსრები ჰქონდა. აქედან გამომდინარე, პირველმა მოპასუხემ უზრუნველყო მოცემული სამართალურთიერთობის ფარგლებში მასზე კანონით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის დაძლევა და საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი გარემოებების დადასტურება, რაც, თავის მხრივ, სადავო ქონებების დაუსაბუთებლად ცნობასა და ძირითადი სარჩელის არგუმენტებს აქარწყლებდა.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
16.1. საკასაციო საჩივრით პირველი კასატორი მოითხოვს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, რასაც იმით ასაბუთებს, რომ პირველი მოპასუხის, მისი ოჯახის წევრისა და ახლო ნათესავების შემოსავალი არ იძლეოდა სადავო ქონების შეძენის შესაძლებლობას (დეტალურად იხილეთ საკასაციო საჩივარი).
16.2. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და, ახალი გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც შემდეგზე მიუთითებს:
- საქმის მასალებით დასტურდება, რომ პირველი მოპასუხის, მისი ოჯახის წევრისა და ახლო ნათესავების შემოსავალი საკმარისი არ იყო სადავო ქონების შესაძენად. სასამართლომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დაადგინა, რომ პირველ მოპასუხეს სხვადასხვა ქვეყანაში ჰქონდა ბიზნესი, რომლის აქტივების გასხვისების საფუძველზეც მან სადავო ქონება შეიძინა. ასეთი საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის (დეტალურად იხილეთ საკასაციო საჩივარი).
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 და 20 დეკემბრის განჩინებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით კასატორთა საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:
18. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
19. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.
კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.
20. მოცემული დავის საკვანძო საკითხი შემდეგია: არსებობს თუ არა სადავო ქონების დაუსაბუთებლად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, განსახილველი სარჩელის წარმატებისთვის მოსარჩელეს სასამართლოსთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ მის მიერ მითითებული ქონების შეძენის კანონიერებას მოპასუხეები (ქონების მესაკუთრეები) ვერ ადასტურებენ.
21. ზემომითითებული საკითხი სსსკ-ის 356.3 მუხლითაა მოწესრიგებული, რომლის შინაარი შემდეგია: თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ქონებას მოსამართლე უკანონოდ ცნობს, თუ საქმის წარმოების პროცესში, სათანადო მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე სასამართლომ გამოარკვია, რომ ქონება ან ამ ქონების შეძენისთვის საჭირო საშუალებები კანონის მოთხოვნათა დარღვევითაა მოპოვებული. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები თავისი ქონების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შესახებ.
22. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 (მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ) და 102-ე (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებაები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მუხლები).
შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება.
სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგან საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს (სსსკ-ის 105.2 მუხლი (სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ).
23. საკასაციო პალატის დასკვნით, საქმეზე დადგენილად ცნობილი გარემოებების (რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებშია წარმოდგენილი და, სსსკ-ის 407.2 მუხლიდან გამომდინარე საკასაციო პალატისთვის სავალდებულოა), მათ შორის, იმ საკვანძო ფაქტის გათვალისწინებით, რომ 1990-1997 წლებში ნავთობპროდუქტების რეალიზაციის სფეროში პირველი მოპასუხე ბიზნესსაქმიანობას აწარმოებდა და აღნიშნული საქმიანობის შედეგად სოლიდურ შემოსავალს (წლიურად 150 000 – 300 000 აშშ დოლარის ფარგლებში) იღებდა, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ 1997 წელს საქართველოში დაბრუნებამდე პირველ მოპასუხეს კანონიერი გზით შეძენილი საკმარისი ფულადი სახსრები გააჩნდა სადავო ქონების სოლიდური ნაწილის შესაძენად. გარდა აღნიშნულისა საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, საქმეზე დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებაზე, რომლის მიხედვით სადავო ქონების ნაწილი, კერძოდ, გარდაბნის რაიონული სოფელ .......... მდებარე საცხოვრებელი სახლი და მასში განთავსებული მოძრავი ნივთები მეორე მოპასუხემ 2004 წლის 18 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიიღო; მითითებული ფაქტი ქმნის იმ დასკვნის საფუძველს, რომ ხსენებული უძრავი და მოძრავი ნივთები, ამავე მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენდა, რომელიც მან მემკვიდროებით მიიღო.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სრულადაა გასაზიარებელი სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ შედავებული ქონების ნაწილი პირველმა მოპასუხემ და მისმა ახლო ნათესავებმა შეიძინეს პირველი მოპასუხის მიერ სს „ს.გ.ს.კ–იის“ პრეზიდენტად დანიშვნამდე. სადავო ქონების ნაწილი მოპასუხის მიერ მემკვიდრეობის საფუძველზეა მიღებული, რაც გამორიცხავს, მოპასუხეების მიერ ქონების დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად შეძენის შესაძლებლობას.
25. სადავო ქონების კანონიერად შეძენის ფაქტის დადგენილად ცნობის პირობებში, მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი წარმატებულია, რადგან შეგებებული სარჩელის ავტორთა პოზიცია სწორედ მათ მიერ ქონების კანონიერად შეძენის ფაქტის დადგენას უკავშირდებოდა.
26. საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
28. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორები გათავისუფლებული არიან საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა