Facebook Twitter

08 ნოემბერი 2024 წელი

საქმე №ას-583-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შ.პ.ს. „მ–სი“

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შ.პ.ს. „მ–სი“-ს მიმართ, მომსახურების გაწევის ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.10%-ის, ჯამში 5100 ლარის ოდენობით.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ, პირგასამტეხლოს სახით 333 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 333 ლარის გადახდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის, მიხეილ ქურციკიძის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად. შ.პ.ს. „მ–სს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 4767 ლარის გადახდა. სააპელაციო პალატამ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველებზე დაამყარა:

5.1. პალატამ მიუთითა არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

5.1.1. მხარეებს შორის 2020 წლის 13 იანვარს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N21 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე რიცხული, სხვადასხვა მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების (საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება) შესყიდვა, სავარაუდო ღირებულებით 100 000 ლარი.

5.1.2. აღნიშნული ხელშეკრულების 3.2.6. ქვეპუნქტის მიხედვით, მომსახურების გაწევის ვადები სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში, განსაზღვრული იყო არაუმეტეს 30 კალენდარული დღით.

5.1.3. იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ვანის სახანძრო-სამაშველო განყოფილების კუთვნილი „მიცუბიში პაჯეროს“ მარკის ავტომანქანას (სახ.ნ. .......) ესაჭიროებოდა სავალი ნაწილების, სამუხრუჭე და ელექტრო სისტემის შეცვლა-შეკეთება.

5.1.4. სადავო ავტომანქანა N21 ხელშეკრულების ფარგლებში შევიდა ქ. ქუთაისის შ.პ.ს. „მ“-ს სერვის-ცენტრში შემოწმება-შეკეთების მიზნით, სადაც დადგინდა შემდეგი სახის დაზიანებები: მწყობრიდან იყო გამოსული მცოცავი ქურო (მახავიკი) და მუხრუჭის ABC სისტემა.

5.1.5. იქედან გამომდინარე, რომ მცოცავი ქურო განეკუთვნება დეფიციტური კატეგორიის სათადარიგო ნაწილს და უნდა მოძიებულიყო ქვეყნის საზღვრების გარეთ ამასთან, დაზიანებული დეტალი არ იყო გათვალისწინებული მოქმედი ხელშეკრულების პრეისკურანტში და საჭირო გახდა შემდგარიყო მხარეებს შორის შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

5.1.6. შ.პ.ს. „მ–სი“-ს მიერ გამოიწერა შესაბამისი დეფექტური აქტი და ინვოისი, რის საფუძველზეც, 17.07.2020 წელს ხელი მოეწერა მხარეებს შორის შეთანხმებას. აღნიშნული შეთანხმებით მოპასუხემ აიღო ვალდებულება ეწარმოებინა ყველა სამუშაო, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, კერძოდ, 17.07.2020 წლიდან.

5.1.7. შ.პ.ს. „მ–ისის“ მიერ წარმოდგენილი შესაკეთებელი ნაწილის შეკვეთის აქტით გაირკვა, რომ მოპასუხის მიერ ნაწილი შეკვეთილი იქნა 28.08.2020 წელს. შ.პ.ს. „მ–სი“-ს მიერ სადავო მანქანა შეკეთდა 06.10.2020 წელს - 51 დღის ვადაგადაცილებით.

5.1.8. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების მესამე მუხლის 3.2.6. ქვეპუნქტი (მომსახურების გაწევის ვადები), რის საფუძველზეც აღნიშნული ხელშეკრულების მეცხრე მუხლის 9.3 პუნქტის შესაბამისად, შ.პ.ს. „მ“-ს 17.08.2020 წლიდან ყოველ ვადაგადცილებულ დღეზე დაერიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.10% ოდენობით (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარი), რამაც შეადგინა 5100 ლარი.

5.1.9. მოპასუხეს, 06.11.2020 წლის წერილით და სატელეფონო საუბრით ეცნობა ზემოთაღნიშნული მოთხოვნა და განესაზღვრა პირგასამტეხლოს გადახდის ვადა.

5.2. პირველი ინსტანციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით მხარეები ცალსახად და არაორაზროვნად იყვნენ შეთანხმებულნი პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლო გასცდა თავის უფლებამოსილებებს და ჩაერია მხარეთა კერძო ავტონომიაში. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე დაყრდნობით პირგასამტეხლო, არათუ შეამცირა, არამედ ხელშეკრულებისგან განსხვავებული გამოთვლის ხერხი/„ფორმულა“ შესთავაზა, რომელიც არ შეესაბამებოდა მხარეთა ნამდვილ ნებას და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდა სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპთან. აქედან გამომდინარე სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა.

5.3. დადგენილია, რომ საქმის განხილვის თაობაზე მოწინააღმდეგე მხარე სათანადო წესით იქნა გაფრთხილებული, თუმცა ის არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე და აპელანტმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება იშუამდგომლა.

5.4. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387.2-ე, 230.2-ე, 233.1 მუხლებზე და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ”ე” ქვეპუნქტის, სამოქალაქო კოდექსის 417- 418-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად გამართლებული იყო.

5.5. პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობასთან დაკავშირებით პალატამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხე) სტატუსის, სამეწარმეო საქმიანობის გამოცდილებისა და დარღვევის ვადაგადაცილების გათვალისწინებით, აპელანტის მოთხოვნა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%, რაც მთლიანობაში შეადგენს 5100 ლარს) თანაზომიერ, საპირწონე და გონივრულ ოდენობად მიჩნევის, ასევე, 333 ლარამდე მისი შემცირების თაობაზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე დასაბუთებული და იურიდიულად გამართლებული იყო.

6. ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა შ.პ.ს. „მ–მა“, რომელმაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განჩინებით შ.პ.ს. „მ“-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შემდეგი საფუძვლებით:

7.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის ზეპირი განხილვისას სასამართლოს სხდომაზე, რომელიც დანიშნული იყო 2023 წლის 20 დეკემბერს 12:30 საათზე, არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც საქმის განხილვაზე მოწვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარე, კერძოდ, კი მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელი შალვა ციცხვაია კანონით დადგენილი წესით იქნა გაფრთხილებული სასამართლო უწყების მეშვეობით) ამასთან, გამოუცხადებელ მხარეს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია.

7.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 241-ე, 233-ე, 393-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, ამასთან, მოწინააღმდეგე მხარისათვის ცნობილი იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც ადასტურებდა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო ნორმის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

7.3. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების იურიდიულ მართებულობასთან დაკავშირებით პალატამ მიჩნია, რომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა დასაბუთებული იყო, რაც ასევე გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივრის დაკმაყოფილებას. ამ საკითხზე პალატამ დამატებით განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-მუხლის პირველი ნაწილისა და 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია შეამციროს მხარეთა მიერ ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლებში შეთანხმებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საპროცესო ეტაპზე არ ხდება მტკიცებულებების შეფასება და სასამართლო მხოლოდ სარჩელში დაფიქსირებული ფაქტების სამართლის ნორმებთან შესაბამისობას ადგენს, ამასთან, მატერიალური კანონმდებლობით გათვალისწინებულია არა ვალდებულება, არამედ სასამართლოს უფლება შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა, აპელანტის (მოსარჩელის) მოთხოვნა მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 417-418-ე მუხლებიდან გამომდინარე იურიდიულად გამართლებული იყო. აღნიშნულით კი დასტურდებოდა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სწორად შეფასდა სააპელაციო საჩივრისა და სასარჩელო მოთხოვნების შესაბამისობა სამართლის ნორმებთან. შესაბამისად პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 03 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე ამავე სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

8.1. სააპელაციო პალატამ აქცენტი გააკეთა ორ საკითხზე: პირველი - მხარეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა საქმის განხილვის თარიღი, ის არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე და სასამართლოსათვის უცნობი იყო გამოუცხადებლობის მიზეზი. მეორე - სახეზე იყო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა, რადგანაც მხარეებმა სახელშეკრულებო თავისულების ფარგლებში განსაზღვრეს პირგასამტეხლოს ოდენობა და პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უნდა შეემცირებინა პირგასამტეხლო.

8.2. კასატორის განმარტებით, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარში მხარე არ უთითებდა პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიოობაზე, შესაბამისად, მსჯელობა ამ მიმართულებით არარელევანტური იყო.

8.3. რაც შეეხება იურიდიულ მართებულობას, სააპელაციო მოთხოვნა არ იყო იურიდიულად გამართლებული და სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%) დაკისრების თაობაზე, იყო დასაბუთებული და იურიდიულად გამართლებული. მართალია, სააპელაციო პალატა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის პრაქტიკას, მაგრამ მითითებული პრაქტიკა არ იყო რელევანტური და გადაწყვეტილების ამ პრაქტიკაზე დაფუძნება იყო უსაფუძვლო.

8.4. ამდენად, სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ შეაფასა მხოლოდ სარჩელში ფიქსირებული ფაქტები. ასეთი მსჯელობა მცდარია, რადგან პირგასამტეხლოს დაკისრება არა ფაქტების, არამედ სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, ანუ მოთხოვნის იურიდიული მართებულობით უნდა განისაზღვროს და როდესაც პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო საფასურიდან დაანგარიშება არსებითად ეწინააღმდეგება არა მარტო უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკას, არამედ კანონის ნორმატიულ შინაარსსაც კი, თავისთავად ცხადია, რომ მოთხოვნა არ არის იურიდიულად მართებული და რომ სააპელაციო პალატას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, ხოლო ასეთ გადაწყვეტილებაზე საჩივრის წარდგენისას კი, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისთვის. შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება ანალოგიურ საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან, რაც გასაჩივრებული გადაწყეტილებისა და განჩინების გაუქმების და საკასაციო საჩივრის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაშვებად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცნობილი იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერება.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

14. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მოპასუხე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: 1. მოპასუხეს საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა; 2. იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა; 3. მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, 4. სარჩელში მითითებული გარემოებები (ფაქტები) იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას (იხ. ზ. ძლიერიშვილი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თეორია და პრატიკა, თბილისი, 2022, გვ. 46).

15. მითითებული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა სასამართლოს მხრიდან მოიაზრებს დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და იძლევა ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია, ხოლო, თუ აღმოჩნდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად არ ამართლებს სარჩელში მითითებულ გარემოებებს, სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს.

16. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, მოპასუხის მიერ სადავო მანქანა შეკეთდა 51 დღის დაგვიანებით, რითაც მან დაარღვია ხელშეკრულების 3.2.6 პუნქტი (მომსახურების გაწევის ვადები). აღნიშნულის საფუძველზე, ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო 17.10.2020 წლიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.10% ოდენობით, რამაც ჯამში 5100 ლარი შეადგინა. კასატორის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო საფასურიდან დაანგარიშება არსებითად ეწინააღმდეგება როგორც უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკას, ასევე კანონის ნორმატიულ შინაარსს და სასარჩელო მოთხოვნა არ არის იურიდიულად მართებული.

17. საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, საკასაციო სასამართლო უპირველესად, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე მიუთითებს. ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

19. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებით, საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან განსაზღვრა, მაშინ როდესაც სამუშაოს მხოლოდ ნაწილია ვადის დარღვევით შესრულებული, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს და პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ ასრულებს. იგი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას და, მეორე მხრივ, მოვალეს უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილში აკისრებს პასუხისმგებლობას... პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სსკ-ს მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას (სუსგ-ები: Nას-164-160-2016, 28.07.2016წ.; N ას-971-2019, 28.10.2019წ; N ას-249-2021, 25.12.2022წ.; №ას-358-2024 14 ივნისი, 2024 წელი).

20. მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობისას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის კონტექსტში (სსსკ-ის 387-ე მუხლი) დადგენილად მიიჩნევა დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს არა მხარის მოსაზრებებს, არამედ, იურიდიული მნიშვნელობის მქონე იმ ფაქტებს, რომლებიც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას ქმნიან, რაც შეეხება ამა თუ იმ მოსაზრებას, რომელსაც მხარე ავითარებს, ისინი სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, რა დროსაც სასამართლო ამოწმებს ამ ფაქტებს მატერიალური სამართლის დანაწესებთან მიმართებით. თავის მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ მართლმსაჯულების აქტი, მიუხედავად იმისა, იგი მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპითაა მიღებული თუ ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობის შედეგად, ყოველთვის უნდა ემყარებოდეს მატერიალური სამართლის ნორმას. საქმის განხილვაზე ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუნდაც ეს არასაპატიო მიზეზით იყოს განპირობებული, სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება, გადაწყვეტილებას მხოლოდ სამართლებრივი სანქციის ფუნქცია შესძინოს და იურიდიული შეფასების გარეშე დააკმაყოფილოს გამოცხადებული მხარის ყველა პრეტენზია (სუსგ საქმე №ას-408-381-2017 30.06.2017~წ; დაუსწრებელი გადაწყვეტილება თეორია და პრაქტიკა ზ.ძლიერიშვილი გამომცემლობა მერიდიანი 2022 წ. გვ. 49). განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დაკისრება არა შეუსრულებელი (დაგვიანებული) ვალდებულების მოცულობის, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რის გამოც, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებები და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა)საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ)არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.

23. ვინაიდან, საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით საქმის წარმოება არ დასრულებულა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილიდან გამომდინარე ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „მ–სი“-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი