Facebook Twitter

31 ოქტომბერი 2023 წელი

№ას-579-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ კ.ა–ი

მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. ,,დ.ა–ი"

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ აუცილებელი გზის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შ.პ.ს. ,,დ.ა–მა" სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - კ.ა–ის მიმართ და მოითხოვა 131 კვ.მ. აუცილებელი საავტომობილო გზის დადგენა კ.ა–ის საკუთრებაში არსებულ 1214 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, მდებარე: თბილისი, ......., საკადასტრო კოდი: ........., შ.პ.ს. „დ.ა–ი“-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: .......) სასარგებლოდ, ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 13 მარტის №001782320 დასკვნის №1 დანართით - შ.პ.ს. „თ....“-ის მიერ 2019 წლის 17 ნოემბერს მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ საზღვრებში.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც შ.პ.ს. „დ.ა–ი“-ს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე კ.ა–ს მოცემული დავის დასრულებამდე აეკრძალა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს.კ ...........) „სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების ობიექტის განთავსებისთვის‘“ სპეციალური (ზონალური) შეთანხმებისა და პროექტის შეთანხმების მიღების მიზნით, ქ. თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურისთვის მიმართვა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც შ.პ.ს. ,,დ.ა“-ს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე კ.ა–ს მოცემული დავის დასრულებამდე აეკრძალა:

- მოსარჩელე შ.პ.ს. „დ.ა"-სთვის ხელშეშლა ისარგებლოს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთამდე (მდებარე: ქ. თბილისი, ......, საკადასრო კოდი: ...........) მისასვლედად არსებული საავტომობილო გზით, რომელიც გადის მოპასუხე კ.ა–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ.თბილისი, ..........., საკადასრო კოდი: ...........) თანახმად ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 13 მარტის N001782320 საინჟინრო დასკვნის N1 დანართისა - კერძოდ შ.პ.ს. „თ...."-ის მიერ 2019 წლის 27 ნოემბერს მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ საზღვრებში;

- მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ ........... ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2020 წლის 7 აგვისტოს N5050861 გადაწყვეტილებით გაცემული მშენებლობის ნებართვის შესაბამისად ღობის მშენებლობა - ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 13 მარტის N001782320 საინჟინრო დასკვნის N1 დანართის - კერძოდ შ.პ.ს. „თ...."- ის მიერ 2019 წლის 27 ნოემბერს მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ საზღვრებში;

- შ.პ.ს. ,,დ.ა“-ს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე კ.ა–ს მოცემული დავის დასრულებამდე დაევალა შეინარჩუნოს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ ........... არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა - ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 13 მარტის N001782320 საინჟინრო დასკვნის N1 დანართის - კერძოდ, შ.პ.ს. „თ...."-ის მიერ 2019 წლის 27 ნოემბერს მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ საზღვრებში.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად. განჩინება დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას:

5.1. ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ..........., საკადასტრო კოდი: ..........., 2015 წლის 28 დეკემბრიდან ირიცხება შ.პ.ს. „დ.ა“-ს საკუთრებაში (ს.ფ. ტომი 1, ს.ფ. 22-23).

5.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ს.ს.ი.პ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 მაისის №3240044 და 2018 წლის 07 მაისის №3942682 ბრძანებებით შ.პ.ს. „დ.ა“-ს საკუთრებაში არსებულ, №........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმებულია პროექტი და გაცემულია მშენებლობის ნებართვა (ტომი 1, ს.ფ. 24-27, ტომი 1, ს.ფ. 28-30).

5.3. ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ....... სასწავლო საცდელი მეურნეობა, საკადასტრო კოდი: ..........., 2018 წლის 26 სექტემბრამდე ირიცხებოდა სახელმწიფო საკუთრებაში. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას 2018 წლის 26 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება აღირიცხა კ.ა–ის საკუთრებად (ტომი 1, ს.ფ. 34-37).

5.4. 2018 წლის 17 დეკემბერს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილია №008629318 დასკვნა, სადაც გაცემულია პასუხი კითხვაზე: 2018 წლის 07 მაისს გაცემულია მშენებლობის ნებართვა ობიექტზე (AR1596164). აღნიშნული ობიექტი განკუთვნილია დიდ გაბარიტიანი ალუმინის კონსტრუქციების საწარმოებლად, რაც გულისხმობს მისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო მოძრაობის აუცილებლობას. ქონების მართვის სააგენტოს 07.03.2017 წლის NQN1478687 გადაწყვეტილებით მოგვეცა თანხმობა №........... საკადასტრო ერთეულის მიმდებარედ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზის მოწყობის მიზნით საჭირო სამუშაოების შესრულება დანართზე მითითებულ მიწის ნაკვეთზე. გთხოვთ, დამიდგინოთ, წარმოდგენილი შეთანხმებული პროექტის ფარგლებში გზის მოწყობის ოპტიმალური ვარიანტი და ასეთის არსებობის შემთხვევაში ვის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე უნდა გაიაროს გზამ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი შეთანხმებული პროექტის ფარგლებში გზის მოწყობის ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენს ის მონაკვეთი, რომელიც ასახულია შეთანხმებულ პროექტში. ასეთი სახით შესასვლელის მოწყობისას იგი განთავსდება №........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის საზღვრებში და მოიცავს ნაკვეთის 130 კვ.მ. ფართს (ტომი 1, ს.ფ. 41-43).

5.5. 2020 წლის 13 მარტს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილია №001782320 დასკვნა, სადაც გაცემულია პასუხი კითხვებზე: არსებობს თუ არა შ.პ.ს. „დ.ა“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...........) განთავსებული ობიექტის ჯეროვანი გამოყენებისთვის აღნიშნულ ობიექტამდე მისასვლელი საავტომობილო და საფეხმავლო გზა, როგორ უნდა განხორციელდეს დიდ გაბარიტიანი ავტომანქანების მოხვედრა მიწის ნაკვეთში და რომელია ოპტიმალური ვარიანტი (ტომი 2, ს.ფ. 84-103).

5.6. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა შეეხებოდა აუცილებელი გზის უფლების დადგენას, შესაბამისად მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი წარმოადგენდა. განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ..........., საკადასტრო კოდი: ..........., წარმოადგენს შ.პ.ს. „დ.ა–ი“-ს საკუთრებას. კ.ა–ის საკუთრებად საჯარო რეესტრში აღრიცხულია უძრავი ნივთი მდებარე: თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა, საკადასტრო კოდი: ............ მოსარჩელე აპელანტი აუცილებელი გზის დადგენას, შ.პ.ს. „თ....“-ის მიერ შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, უშუალოდ მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული 1214 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილზე, 131 კვ.მ.-ზე ითხოვს. თუმცა თავად მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ აღნიშნული მონაკვეთი მოსარჩელისთვის საჯარო გზასთან დამაკავშირებელ ერთადერთ საშუალებას არ წარმოადგენს. კერძოდ ექსპერტისათვის დასმული კითხვებისა და მასზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარეობდა, რომ შ.პ.ს. „დ.ა–ი“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს დაურეგიტრირებელი სივრცე, რომელიც წარმოადგენს სატრანსპორტო ზონა 1-ს, მაგრამ მისი პარამეტრები, საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი ევროპული ნორმების მოთხოვნების შესაბამისად არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ხსენებული სივრცის მომიჯნავედ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ნაწილების გავლის გარეშე უზრუნველყოს დიდგაბარიტიანი მისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატარება/გადაადგილება. შესაბამისად ექსპერტიზის თანახმად არსებობს ორი ალტერნატიული ვარიანტი:

1) საავტომობილო გზა (როგორც მსუბუქი ავტომობილებისთვის, ასევე დიდგაბარიტიანი მისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის) შესაძლებელია მოეწყოს კ.ა–ის საკუთრებაში არსებული (ს/კ №...........) მიწის ნაკვეთის გავლით.

2) საავტომობილო გზა (როგორც მსუბუქი ავტომობილებისთვის, ასევე დიდგაბარიტიანი მისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის) შესაძლებელია მოეწყოს ორი მიწის ნაკვეთის (ს/კ №...........); (ს/კ №.........) და დაურეგისტრირებელი სივრცის გავლით, რომლის ძირითად ნაწილზე უკვე არსებობს მისაბმელიანი საავტომობილო გზა.

ექსპერტის შეფასებით, ზემოაღნიშნული ვარიანტებიდან I ვარიანტში განხილული მოსაწყობი მისასვლელი საავტომობილო გზა არის უმოკლესი და ოპტიმალური, ვინაიდან ხსენებული გზა მოიცავს მხოლო ერთ სხვა რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს და მხოლოდ სხვა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მცირე ოდენობის ფართს.

2019 წლის 27 ნოემბერს შ.პ.ს. „თ....“-ის მიერ მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზში არსებული 131 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ადგილას, მისი ადგილმდებარეობის, კონფიგურაციის და სიგანის გათვალისწინებით, ტექნიკურად შესაძლებელია მოეწყოს №........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დამაკავშირებელი მისასვლელი საავტომობილო გზა (როგორც მსუბუქი ავტომობილებისთვის, ასევე დიდგაბარიტიანი მისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის).

5.7. სააპელაციო პალატამ მიუთითა ექსპერტიზის დასკვნაზე, როგორც მტკიცებულების ერთ-ერთ სახეზე, ექსპერტის როლზე, როგორც პროცესის მონაწილე სუბიექტზე. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ექსპერტიზის ჩატარება და დასკვნის სასამართლოში წარდგენა მხარის საპროცესო უფლებაა. საბოლოოდ კი, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიულ ძალას სასამართლო განსაზღვრავს და ამ მტკიცებულების შეფასების შედეგად ადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს.

5.8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსამართლე არ არის დამოკიდებული ექსპერტის აზრზე. მან კრიტიკული განხილვის შედეგად უნდა ჩამოაყალიბოს თავისი აზრი ექსპერტიზის დასკვნაზე. ამასთან, პალატამ მიუთითა იმ მეთოდებსა და კრიტერიუმებზე რომლებითაც აფასებს სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას. იქვე მიუთითა, რომ ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე.

5.9. განსახილველ შემთხვევაში, პალატამ ყურადღება გაამახვილა 2020 წლის 13 მარტის დასკვნაში დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის მიზნით დასკვნის ავტორი ექსპერტის განმარტებაზე, რომ არსებული სატრანსპორტო ზონა 1, მისი პარამეტრებიდან გამომდინარე (რადგან აღნიშნული გზა დასავლეთის და ჩრდილოეთის მიმართულებით 90 გრადუსით იცვლის მიმართულებას) არ უზრუნველყოფდა მომიჯნავედ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ნაწილების გავლის გარეშე დიდგაბარიტიანი მისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატარება/გადაადგილების საშუალებას. აქედან გამომდინარე ექსპერტი გზის მოწყობის ორ ვარინატს განიხლავდა და აღნიშნავდა, რომ როგორც პირველი, ისე მეორე ვარიანტით მისასვლელი გზის მოწყობის შემთხვევაში საჭირო იქნებოდა როგორც შესაბამისი პროექტის შედგენა, ასევე სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშოების ჩატარება. მეტიც, მეორე ვარიანტზე მსჯელობისას ექსპერტი მიუთითებდა, რომ გზის ძირითად ნაწილზე უკვე არსებობდა მისაბმელიანი საავტომობილო გზა. თუმცა, საბოლოოდ უპირატესობას პირველ ვარიანტს ანიჭებდა, რასაც მხოლოდ იმით ხსნიდა, რომ აღნიშნული გზა მოიცავდა მხოლოდ ერთ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს და სხვა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მცირე ოდენობის ფართს.

5.10. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ამ ნორმით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ხოლო ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში. აუცილებელი გზა იმგვარად უნდა დადგინდეს, რომ ორივე მხარის უფლებები იყოს დაცული და მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შესაძლებლობა ყველაზე ნაკლებად შეზღუდოს.

5.11. პალატამ მიუთითა, რომ ალტერნატივის არსებობისას მესაკუთრეს აუცილებელი გზის მოთხოვნის უფლება იმ მეზობლის მიმართ შეიძლება ჰქონდეს, რომლის ნაკვეთიც მას საჯარო გზაზე უმოკლეს და გონივრულ გასასვლელს მისცემს. გონივრულ გასასვლელში მეზობლის ყველაზე ნაკლებ შემზღუდავი სარგებლობაც იგულისხმება. უფლების სასამართლო გზით დაცვა კი ყველა პირისათვის თანაბრად უნდა იყოს უზრუნველყოფილი. თუ აპელანტის სარჩელი მოპასუხის მიმართ არ დაკმაყოფილდებოდა მას წარმოეშობოდა აუცილებელი გზის ალტერნატიული ვარიანტის მოთხოვნის უფლება, მათ შორის სხვა მეზობლისაგან. სადავო საკითხის სწრაფად და ეფექტურად განხილვის უზრუნველსაყოფად კი პალატამ მიიჩნია, რომ სამართალწარმოებაში მოპასუხედ დასახელებულ პირთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღო საჯარო რეესტრში №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, რათა საშუალება ჰქონოდა დავის საგანთან დაკავშირებით სასამართლოსათვის თავისი პოზიცია წარედგინა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო იყო აუცილებელი გზით სარგებლობის დადგენის საფუძველი, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით და ექპერტიზის დასკვნით დგინდებოდა სარჩელით მოთხოვნილი გზის მოწყობის ალტერნატიული ვარიანტი, ასეთი ფაქტის დადგენის შემთხვევაში, საპროცესო ეკონომიის პრინციპის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლოს უნდა უზრუნველეყო ყველა იმ პირის საქმეში ჩაბმა, რომელთა უფლებებზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს საქმეზე მისაღებმა სასამართლო გადაწყვეტილებამ.

5.12 სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენის საკითხის კვლევისას, სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა გამხდარიყო არსებობდა თუ არა დიდგაბარიტიანი მისაბმელიანი ავტოსატრანპორტო საშუალების გატარებისთვის საჭირო გზის მოწყობის ობიექტური აუცილებლობა.

5.13. ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე პალატამ აღნიშნა, რომ სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძვლები. ამასთან, საქმის ხელახლა განხილვის პროცესში პალატა არ გამორიცხავდა დამატებითი ექპერტიზის ჩატარების შესაძლებლობასაც.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

6.1. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები. სასამართლო გასცდა სარჩელის მოთხოვნის ფაგლებს და ნაცვლად იმისა, რომ ემსჯელა რამდენად სწორად და სამართლიანად ითხოვდა მოსარჩელე აუცილებელი გზის დადგენას მოპასუხის ნაკვეთზე, იმსჯელა მის ალტერნატიულ მოთხოვნებზე სხვა პირების მიმართ, როცა მოსარჩელეს მხოლოდ ერთი მოთხოვნა (მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის დადგენა) ჰქონდა წარმოდგენილი. ყოველივე ზემოაღნიშნულს კი საკითხის სწრაფად და ეფექტურად განხილვის ინტერესით ასაბუთებდა. ზემოაღნიშნული არ ტოვებს ობიექტურობის განცდას იმ პირობებში, როცა სარჩელი სასამართლოში 2019 წელს აღიძრა სააპელაციო სასამართლოს საქმე წარმოებაში ჰქონდა 2021 წლიდან, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინება 2023 წლის თებერვალში იქნა მიღებული. ამ ხნის განმავლობაში მესაკუთრეს შეზღუდული აქვს საკუთრების უფლებით სრულად სარგებლობის უფლება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით მოსალოდნელია, რომ აღნიშნული პროცესები კიდევ წლების განმავლობაში გაჭიანურდეს. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოსადმი გაკეთებულ მითითებას, რომ მან უნდა გამოარკვიოს საკითხი არსებობს, თუ არა დიდგაბარიტიანი მისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების გატარებისათვის საჭირო გზის მოწყობის ობიექტური აუცილებლობა, აღნიშნული წარმოადგენდა მოსარჩელის მტკიცების საგანს, რისი დადასტურებაც მან ვერ შეძლო. სასამართლომ კი ზემოაღნიშნული მითითებით დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი.

6.2. კასატორი პრეტენზიას გამოთქვამს, რომ სასამართლომ არ გაითვალსიწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ თავად შეიქმნა აუცილებელი გზით სარგებლობის მოთხოვნის მდგომარეობა. სასარჩელო მოთხოვნა დაფუძნებულია შემდეგ ფაქტებზე: მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გაიცა მშენებლობის ნებართვა ალუმინის კარ-ფანჯრების ნაკეთობათა საამქროს მშენებლობისათვის. მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2018 წლის 02 მაისს, თუმცა ცვლილების შედეგად მშენებლობის დასრულების თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 02 მაისი. მოსარჩელე აპელირებს, რომ საამქროსთან მისასვლელი გზა არ აქვს, ამასთან მიუთითებს, რომ აიღო შესაბამისი ნებართვები. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მისასვლელი გზა, რომელზეც მითითებულია სარჩელში და რომლის მოწყობაზეც ნამდვილად არის გაცემული ნებართვა, არ წარმოადგენს სახელმწიფოსთან გაფორმებულ სერვიტუტის ხელშეკრულებას, წარმოდგენილი არის ნებართვა მხოლოდ დროებითი გზის მოწყობაზე, რაც გამოყენებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ მშენებლობის პროცესში, სახელმწიფოს არ გამოუხატავს ნება სერვიტუტით დაეტვირთა თავისი კუთვნილი ნივთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში ეს დაფიქსირებული უნდა ყოფილიყო საჯარო რეესტრში. ამასთან, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იქნა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მიწის ნაკვეთის შეძენისას მასზე არ იყო რეგისტრირებული რაიმე სანივთო უფლება. მიწის ნაკვეთი შეძენისას თავისუფალი იყო ყველანაირი ვალდებულებისგან, რასაც მოწმობს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. არც ადგილზე დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით არ დგინდება მიწის ნაკვეთზე რაიმე სახის დროებითი გზის არსებობა. არც მიწის ნაკვეთზე საინფორმაციო ბანერის (ობიექტის საპრივატიზაციოდ მომზადების თაობაზე) დადგმის შემდეგ არ იზრუნა მოსარჩელემ მის ნაკვეთზე მისასვლელი გზის მოწყობისთვის მიემართა სახელმწიფოსათვის და დაელოდა ამ ნაკვეთის ფიზიკური პირისაგან შესყიდვას და ამის შემდეგ აღძრა სარჩელი აუცილებელი გზის მოთხოვნით. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შენობა-ნაგებობა დაპროექტებულია იმგვარად, რომ მასში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოხვედრა განხორციელდეს ქუჩის მხრიდან.

6.3. კასატორის შემდეგი პრეტენზია შეეხება სააპელაციო სასამართლოს მითითებას პირველი ინსტანციის სასამართლოსადმი, რომ მსჯელობის საგანი გაეხადა რამდენად მნიშვნელოვანი იყო დიდგაბარიტიანი მისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მისვლა მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან. კასატორი აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას ყურადღებას მიაქცევს ზოგადად ზემოთქმულის საჭიროებას და ასევე რამდენად შეიძლება აღნიშნული დადგინდეს ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 13 მარტის ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით. კასატორის მითითებით, აუცილებელი გზის მოთხოვნისათვის უნდა არსებობდეს რამდენიმე პირობა: მიწის ნაკვეთს არ უნდა ჰქონდეს ჯეროვანი გამოყენებისთვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან. პირველ რიგში უნდა დადგინდეს, რა არის მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება და შემდეგ უნდა განისაზღვროს არსებობს თუ არა ასეთი გზა. მოსარჩელის განმარტებით, შენობა რომელთან მისასვლელადაც მოთხოვნილია გზა, არის ალუმინის კარ-ფანჯრების ნაკეთობათა საამქრო, მოგვიანებით კი ექსპერტს განემარტა, რომ ობიექტი განკუთვნილი იყო დიდ გაბარიტიანი ალუმინის კონსტრუქციების საწარმოებლად. საბოლოოდ გაურკვეველია რას აწარმოებს მოსარჩელე და რისთვის ესაჭიროება დიდგაბარიტიანი მისაბმელიანი ტრანსპორტის მიყვანა შენობამდე. აღნიშნულის დასტურად მოსარჩელე უთითებდა შ.პ.ს. „ტ.ფ.გ“-ს დირექტორის მიერ გაცემულ ცნობაზე, რაც არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას, რადგან არ შეიცავს კონკრეტულ მონაცემებს და ბუნდოვანია რისი ტრანსპორტირებისთვის დაიდო ამ ორ კომპანიას შორის მითითებული ხელშეკრულება. მოსარჩელე ვერ ადასტურებს არათუ დიდგაბარიტიანი, არამედ დიდგაბარიტიანი და მისაბმელიანი ავტომანქანისთვის მისასვლელი გზის საჭიროებას. შესაბამისად არ დასტურდება, რომ მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისთვის საჭიროა მაქსიმალური გაბარიტების მქონე ავტომობილის მისვლა კონკრეტულ შენობასთან.

6.4. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლომ სრული იგნორირება გაუკეთა იმ ფაქტს, რომ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა არსებობს და ეს არის საკადასტრო რუკებზე მითითებული სატრანსპორტო ზონა 1. აღნიშნული გზა მიდის მოსარჩელის კუთვნილ შენობამდე, თუმცა მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამ შენობას მითითებული გზიდან შესასვლელი არ აქვს, ამავდროულად გზის ერთ-ერთ ადგილზე დიდგაბარიტიან მისაბმელიან ტრანსპორტს მოუწევს 90-გრადუსიანი კუთხით მოხვევა, რაც შეუძლებელია და არ აკმაყოფილებს ISO სტანდარტს. რაც შეეხება ექსპერტის დასკვნით შემოთავაზებულ პირველ ვარიანტს, რომლითაც გზა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გადის, სჭირდება პროექტის შედგენა და სამშენებლო სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება. ამასთან, არც მისი ISO სტანდარტთან შესაბამისობა არ დგინდება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელის ინტერესია აიცილოს ზედმეტი ხარჯი და შეიქმნას მეტი კომფორტი და არა ეძებოს სხვა გამოსავალი, რაც მეორე პირის საკუთრების უფლების შეზღუდვის არაპროპორციულია. ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მისთვის აუცილებელია დიდგაბარიტიანი და მისაბმელიანი ავტომანქანით, რომელიც საკუთრებაში არ ჰყავს, მომსახურეობა. მეორე მხრივ კი დასტურდება რომ მას ნაკვეთთან მისასვლელი გზა აქვს.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

9. წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, ვლინდებოდა თუ არა სააპელაციო პალატის მიერ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების სამართლებრივი წინაპირობები.

10. საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი აქვს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამრიგად, აღნიშნული მუხლი, ერთი მხრივ, უთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის დაბრუნების საფუძვლებზე, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოს აძლევს უფლებას, ამ საფუძვლების არსებობისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების სტანდარტიდან გამომდინარე, შეაფასოს, რა უფრო მართებულია - მის მიერ გადაწყვეტილების გამოტანა, თუ საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება (იხ. სუსგ-ები საქმეებზე: N ას-1234-1175-2014, 23.02.2015წ.; N ას-1167-2019, 22.07.2020წ; N ას-942-2021, 11.03.2022წ; N ას-1147-2021, 31.03.2023წ; N ას-785-2022, 6.04.2023წ; N ას-824-2022, 25.05.2023წ).

11. სააპელაციო პალატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის უკან დაბრუნების მართებულობის შეფასებისას, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოს: 1) რა პროცესუალური გარემოებები მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის უკან დაბრუნებაზე; 2) ამ გარემოებების გათვალისწინებით, რამდენად მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება და 3) ხომ არ გამოიწვევს ეს საქმის უსაფუძვლოდ გაჭიანურებას (იხ. სუსგ-ები საქმეებზე: №ას-1118-1145-2011, 10.01.2012წ; №ას-1234-1175-2014, 23.02.2015წ; №ას-209-196-2015, 30.07.2015წ; №ას-825-791-2016, 12.06.2017წ; №ას-8-2023, 25.05.2023წ.).

12. როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილი სააპელაციო სასამართლოს აძლევს უფლებამოსილებას თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და არ დააბრუნოს საქმე უკან, როდესაც არ არსებობს მისი იურისდიქციიდან გამომდინარე შეზღუდვები და მხარეთა პროცესუალური უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით საქმის უკან დაბრუნების აუცილებლობა (იხ. სუსგ-ები საქმეებზე: №ას-1118-1145-2011,10.01.2012წ; №ას-173-2021,31.01.2021წ.). აღნიშნულს მოითხოვს აგრეთვე რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპები, რომლებიც გულისხმობს, რომ სააპელაციო სასამართლომ, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ასევე, საქმის არსებითად განმხილველი, ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლოა, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც თვითონ მას რეალურად გაუჭირდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება მხარეთა შეჯიბრების პრინციპის დასაცავად (იხ. სუსგ-ები საქმეებზე №ას-657-618-2012, 10.12.2012წ; №ას-1308-1234-2012, 4.02.2013წ; №ას-1136-2023, 16.11.2023წ.).

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელე იღებს რა გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ, თავად განსაზღვრავს დავის საგანს და მოპასუხეთა წრეს, ხოლო დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის ჩაბმის საკითხს სასამართლო იხლავს ერთ-ერთი მხარის ან უშუალოდ დაინტერესებული პირის შუამდგომლობის საფუძველზე (სსსკ-ის 89-90 მუხლები).

14. განსახილველ შემთხვევაში, შ.პ.ს. ,,დ.ა–ი" მოპასუხე კ.ა–ის მიმართ სარჩელით ითხოვს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენას, კერძოდ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული N........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ჯეროვანი გამოყენებისთვის საჯარო გზასთან საავტომობილო გზის მოწყობის მიზნით მოპასუხის საკუთრებაში არსებული N........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებით, როგორც აუცილებელი გზით, სარგებლობის უფლების მინიჭებას, ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 13 მარტის №001782320 დასკვნის №1 დანართით - შ.პ.ს. „თ....“-ის მიერ 2019 წლის 17 ნოემბერს მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ საზღვრებში.

15. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე ინსტანციის სასამართლოს, რასაც საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ვინაიდან სადავო იყო აუცილებელი გზით სარგებლობის დადგენის საფუძველი, ამასთან, საქმის მასალებით დგინდებოდა სარჩელით მოთხოვნილი გზის მოწყობის ალტერნატიული ვარიანტი, იმ შემთხვევაში თუ აპელანტის სარჩელი მოპასუხის მიმართ არ დაკმაყოფილდებოდა, მას წარმოეშობოდა აუცილებელი გზის ალტერნატიული ვარიანტის მოთხოვნის უფლება მათ შორის სხვა მეზობლისაგან. საქმის სწრაფად და ეფექტურად განხილვის, საპროცესო ეკონომიის პრინციპის უზრუნველყოფის მიზნით კი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს უნდა უზრუნველეყო ყველა იმ პირის საქმეში ჩაბმა, რომელთა უფლებებზეც შესაძლოა გავლენა მოეხდინა მისაღებ სასამართლო გადაწყვეტილებას, კერძოდ სამართალწარმოებაში მოპასუხედ დასახელებულ პირთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღო საჯარო რეესტრში №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრესაც. ასევე მსჯელობის საგანი უნდა გამხდარიყო, არსებობდა თუ არა დიდგაბარიტიანი მისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების გატარებისათვის საჭირო გზის მოწყობის ობიექტური აუცილებლობა.

16. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა რამდენად სწორად და სამართლიანად ითხოვდა მოსარჩელე აუცილებელი გზის დადგენას მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილი სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით, კერძოდ, სარჩელისა და შესაგებლის, ექსპერტების წინაშე გამოსაკვლევად დასმული შეკითხვების, კვლევითი ნაწილებისა და თავად დასკვნების შინაარსის შეფასების შედეგად დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს კავშირი საჯარო გზასთან აქვს, მხოლოდ უმოკლესი და ოპტიმალური არის მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოყენება დიდგაბარიტიანი მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის.

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის აუცილებელი გზის უფლების დადგენა, შესაბამისად, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი წარმოადგენს (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო- ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით), რომელშიც საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული. მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები, მესაკუთრემ უნდა ითმინოს თავისი უძრავი ნივთის დატვირთვა მეზობლის ინტერესებში. აღნიშნული მუხლის დანაწესი გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. ამ გარემოების არსებობა კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით სარწმუნოდ უნდა იქნეს დადგენილი (შდრ. სუსგ-ები სამეებზე №ას-1291-1211-2017, 15.12.2017წ; №ას-1048-1316-09, 23.03.2010წ.). აუცილებელ გზაში იგულისხმება არა მარტო ბილიკი, საცალფეხო გზა, არამედ სამანქანე გზაც (იხ. სუსგ-ები საქმეებზე №ას-45-2021, 22.04.2021წ; №ას-1238-202, 22.03.2022წ.).

18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება, მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ (შდრ. სუსგ Nას-1513-2018, 08.02.2019წ.)

19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-86-2022, 5.05.2022 წ.). აუცილებელი გზის გამოყენებას უნდა ჰქონდეს მხოლოდ მისი ამ შინაარსით გამოყენების უფლება და ეს არ უნდა იწვევდეს სხვისი უფლებებისთვის დაუსაბუთებელ ზიანის მიყენებას. სწორედ აღნიშნულ საკითხს აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლიც, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემული მუხლიც თავისი თვალთახედვითაც განამტკიცებს საკუთრების უფლების არააბსოლუტურ ხასიათს, რაც გულისხმობს საკუთრების უფლების ისეთი არალეგიტიმური გამოყენების აკრძალვას, რამაც შესაძლოა სხვისი უფლებების დარღვევა გამოიწვიოს. საკუთრების უფლება არ უნდა იქნეს გამოყენებული ისე, რომ სხვისი საკუთრების უფლება იქნეს გაუმართლებლად შეზღუდული. საკუთრების უფლების გამართლებული შეზღუდვის დასაბუთების ტვირთი კი სწორედ მოსარჩელეს ეკისრება, რომელმაც უნდა დაასაბუთოს მოპასუხის საკუთრებაზე აუცილებელი გზის დათმობის ლეგიტიმური საფუძველი (სუსგ №ას-753-2024, 25.11.2024წ.).

20. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კასატორის (მოპასუხის) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი არ არის საჯარო გზასთან დამაკავშირებელი ერთადერთი შესაძლებლობა, არსებობს სხვა ალტერნატიული გზებიც, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით - დაურეგისტრირებელი სივრცე (სატრანსპორტო ზონა 1, მერიის არქიტექტურის სამსახურის ოფიციალური მონაცემების მიხედვით), რომელიც უკავშირდება საჯარო გზას (.........ქუჩა). მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას საჯარო გზასთან დასაკავშირებლად უალტერნატივოდ ესაჭიროებოდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონების გამოყენება. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს ესაზღვრება დაურეგისტრირებელი სივრცე - სატრანსპორტო ზონა, რომელიც უკავშირდება არსებულ გზას. მართალია, ექსპერტიზის დასკვნაში მოსარჩელის კითხვის პასუხად მითითებულია, რომ აღნიშნული გზით პრობლემა წარმოიშვება მხოლოდ დიდგაბარიტიანი მისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების (სიგრძე 13,62 მ. სიგანე 2.55მ სიმაღლე 4მ, სიგრძე 20მ სიგანე 2.55მ. სიმაღლე 4მ) გამოყენებისას იმ ნაწილში, სადაც გზა უხვევს დასავლეთისკენ 90 გრადუსით (საჭიროებს გაფართოებას), მაგრამ საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფუნქციიდან გამომდინარეზე ფაქტობრივი საჭიროება არსებობს მითითებული პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენების, ამგვარს არც სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებში მიუთითებს მოსარჩელე და აღნიშნავს მხოლოდ საავტომობილო და საფეხმავლო გზის არარსებობის შესახებ (იხ. სარჩელის მე-5-6 ფაქტობრივი გარემოებები). 2019 წლის 28 ნოემბრის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შპს ,,ტ.ფ.გ“-ს ცნობა (ტომი 1 ს.ფ. 270), რომლის მიხედვით კომპანია მოსარჩელეს 20.07.2015-დან აწვდის ტვირთებს დიდგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტის განმარტების მიხედვით, დიდგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალება ნაკვეთს დაუკავშირდება, საკითხი ეხება დიდგაბარიტიან მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებას (სხდომის ოქმი: 28.11.2019. 18:23:32) ექსპერტის განმარტების მიხედვით, მოსარჩელის კუთვნილი შენობის პროექტიდან გამომდინარე, ოპტიმალური იყო მოპასუხის მიწის ნაკვეთიდან გზის მოწყობა, ტექნიკურად შესაძლებელია გზა ყველა მხრიდან მოეწყოს, რეგისტრაციებს შორის არის თავისუფალი სივრცე - სატრანსპორტო ზოლი, ავტომანქანით გადაადგილება და მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან დაკავშირება შესაძლებელია, მაგრამ რეალურად გზა არ არის მოწყობილი. დღეის მდგომარეობით სასაზღვრო მიჯნა არ არსებობს და დიდგაბარიტიანი მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებაც მოუხვევს პრობლემურ ნაწილში, მაგრამ სასაზღვრო მიჯნის აგების შემდეგ საჭირო იქნება დიდგაბარიტიანი მისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მოხვევის ადგილზე გზის გაგანიერება (სხდომის ოქმი: 28.11.2019 17:59:07; 18:11:06)

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის საკითხის განხილვისას სასამართლო მკაცრი და დასაბუთებული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს იმ მიზნით, რომ გაუმართლებლად არ შეიზღუდოს იგი, როგორც ინდივიდის უფლების განუყოფელი მახასიათებელი. მაშინ, როდესაც სასამართლო საკუთრების შეზღუდვის მართებულობაზე მსჯელობს, იგი გამორიცხავს ყველა შესაძლო სხვა ვარიანტს და თუ დაადგენს, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს, იღებს გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების შეზღუდვის თაობაზე. მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ადასტუროს სხვისი საკუთრების უფლების კანონისმიერი ბოჭვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრული პირობების არსებობა (შდრ. სუსგ-ები საქმეზე №ას-367-2021, 15.10.2021წ; №ას-828-2020, 18.12.2020წ; საქმე №ას-258-2019 30.10.2023წ.). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

22. განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, როდესაც მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს საჯარო გზასთან აქვს კავშირი სატრანსპორტო ზონით (სატრანსპორტო ზონა 1, მერიის არქიტექტურის სამსახურის ოფიციალური მონაცემების მიხედვით), მოპასუხის საკუთრების უფლების შეზღუდვის და მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის დადგენის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს. მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, რის საფუძველზეც, მოპასუხის მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის უფლების დადგენა გამართლებული იქნებოდა.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ იკვეთებოდა სააპელაციო პალატის მიერ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. აღნიშნული ეწინააღმდეგება რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნამდვილ აზრს, რითაც შებოჭილია სააპელაციო სასამართლო.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება და მიუღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება შ.პ.ს. „დ.ა–ი"-ს სარჩელის დაკმაყოფილებაე უარის თქმის შესახებ.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

26. ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე, მოპასუხე კ.ა–ს დავის დასრულებამდე აეკრძალა საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ ...........) „სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების ობიექტის განთავსებისთვის" სპეციალური (ზონალური) შეთანხმებისა და პროექტის შეთანხმების მიღების მიზნით, ქ. თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურისთვის მიმართვა.

ასევე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე:

- მოპასუხე კ.ა–ს აეკრძალა მოსარჩელე შ.პ.ს. „დ.ა–ი"-სთვის ხელშეშლა ესარგებლა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთამდე (მდებარე: ქ. თბილისი, ..........., საკადასტრო კოდი: ...........) მისასვლედად არსებული საავტომობილო გზით, რომელიც გადის მოპასუხე კ.ა–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ.თბილისი, ..........., საკადასრო კოდი: ...........) თანახმად ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 13 მარტის N001782320 საინჟინრო დასკვნის N1 დანართისა, კერძოდ, შ.პ.ს. „თ...."-ის მიერ 2019 წლის 27 ნოემბერს მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ საზღვრებში;

- კ.ა–ს აეკრძალა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...........) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2020 წლის 7 აგვისტოს N5050861 გადაწყვეტილებით გაცემული მშენებლობის ნებართვის შესაბამისად ღობის მშენებლობა - ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 13 მარტის N001782320 საინჟინრო დასკვნის N1 დანართის, კერძოდ, შ.პ.ს. „თ...."- ის მიერ 2019 წლის 27 ნოემბერს მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ საზღვრებში;

- მოპასუხე კ.ა–ს დაევალა დავის დასრულებამდე საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...........) არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის შენარჩუნება - ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 13 მარტის N001782320 საინჟინრო დასკვნის N1 დანართის, კერძოდ, შ.პ.ს. „თ...."-ის მიერ 2019 წლის 27 ნოემბერს მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ საზღვრებში.

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის (სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისთვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა), ამავე მუხლის მე-2 ნაწილის (მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს) და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის (დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა) საფუძველზე, განსახილველ საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 150 ლარს. კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლიდან გამომდინარე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 150 ლარი. ვინაიდან, დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივარი და შ.პ.ს. ,,დ.ა–ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შ.პ.ს. ,,დ.ა–ის" მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება, ხოლო შ.პ.ს. ,,დ.ა–ს" კ.ა–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 150 ლარის გადახდა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. კ.ა–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. შ.პ.ს. ,,დ.ა–ი"-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. კ.ა–ს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი (გადახდის თარიღი: 13/04/2023, საგადასახადო დავალება № 8471, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150

5. შ.პ.ს. ,,დ.ა"-ს მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.

6. შ.პ.ს. "დ.ა–ს" კ.ა–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა.

7. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე, მოპასუხე კ.ა–ს მოცემული დავის დასრულებამდე აეკრძალა საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ ...........) „სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების ობიექტის განთავსებისთვის‘“ სპეციალური (ზონალური) შეთანხმებისა და პროექტის შეთანხმების მიღების მიზნით, ქ. თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურისთვის მიმართვა.

8. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე:

8.1. მოპასუხე კ.ა–ს აეკრძალა მოსარჩელე შ.პ.ს. „დ.ა–ი"-სთვის ხელშეშლა ესარგებლა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთამდე (მდებარე: ქ. თბილისი, ..........., საკადასრო კოდი: ...........) მისასვლედად არსებული საავტომობილო გზით, რომელიც გადის მოპასუხე კ.ა–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე: ქ.თბილისი, ..........., საკადასრო კოდი: ...........) თანახმად ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 13 მარტის N001782320 საინჟინრო დასკვნის N1 დანართისა, კერძოდ, შ.პ.ს. „თ...."-ის მიერ 2019 წლის 27 ნოემბერს მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ საზღვრებში;

8.2. კ.ა–ს აეკრძალა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...........) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2020 წლის 7 აგვისტოს N5050861 გადაწყვეტილებით გაცემული მშენებლობის ნებართვის შესაბამისად ღობის მშენებლობა - ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 13 მარტის N001782320 საინჟინრო დასკვნის N1 დანართის, კერძოდ, შ.პ.ს. „თ...."- ის მიერ 2019 წლის 27 ნოემბერს მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ საზღვრებში;

8.3. მოპასუხე კ.ა–ს დაევალა დავის დასრულებამდე საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...........) არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის შენარჩუნება - ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 13 მარტის N001782320 საინჟინრო დასკვნის N1 დანართის, კერძოდ, შ.პ.ს. „თ...."-ის მიერ 2019 წლის 27 ნოემბერს მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ საზღვრებში.

9. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი

ამირან ძაბუნიძე