Facebook Twitter

04 აპრილი 2025 წელი

საქმე №ას-369-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „მ–სი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მოპასუხე - შ.პ.ს. „მ“-ს მიმართ, პირგასამტეხლოს - 18 720 ლარის დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი 139.62 ლარის მოთხოვნის ნაწილში ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 139.62 ლარის გადახდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. 2019 წლის 19 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ღირებულება 320 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო მოქმედების ვადა - 2020 წლის 1-ელი იანვრიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტი იყო მოსარჩელის ბალანსზე NAT190021335 ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული სხვადასხვა მარკის აზიური წარმოების სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება (საჭიროების შემთხვევაში, ევაკუატორით მომსახურება); ხელშეკრულების 3.2.6 პუნქტის თანახმად, სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში, მომსახურების გაწევის ვადა იყო არაუმეტეს 25 კალენდარული დღე; 3.2.5 პუნქტის მიხედვით, ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, ხიდი, სიჩქარეთა კოლოფი) გაწევის ვადა განისაზღვრა არაუმეტეს 15 კალენდარული დღით; ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად, ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის - ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.15%.

5.2. 2020 წლის 30 აპრილს მოსარჩელემ შემოწმების მიზნით მოპასუხესთან შეიყვანა ბალანსზე რიცხული ავტომანქანა HYUNDAI TUCSON ს/ნ ......, რომელსაც აღმოაჩნდა დაზიანებული სიჩქარის გადაცემათა კოლოფი. შესრულების ღირებულებამ 3152.49 ლარი შეადგინა.

5.3. 2020 წლის 03 მაისს, მოპასუხემ დაზიანებული ნაწილი (გადაცემათა კოლოფის ფრიქციონი) შეუკვეთა. შეკვეთის ფურცელს ხელი მოაწერა მოსარჩელის ექვსმა წარმომადგენელმა. შეკვეთის ვადად მითითებულია - 25 დღე.

5.4. მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა 2020 წლის 23 ივლისს.

5.5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ პირგასამტეხლო დაიანგარიშა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, ამასთან, დარღვევის პერიოდთან მიმართებით, დაეყრდნო 3.2.5. პუნქტს (ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, ხიდი, სიჩქარეთა კოლოფი) გაწევის ვადაა არაუმეტეს 15 კალენდარული დღე) და მიიჩნია, რომ ვინაიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება ნაცვლად 2020 წლის 15 მაისისა, გაწეული იქნა 2020 წლის 23 ივნისს, 39 კალენდარული დღის დაგვიანებით, ხელშეკრულების 9.3. მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების (320 000 ლარი) 0,15%, რაც 39 დღეზე (320000x0,15%x39) 18 720 ლარს შეადგენდა.

5.6. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1 და 417-ე-418-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავო არ იყო, რომ მოპასუხემ დაარღვია ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება - შეთანხმებული სამუშაო მოსარჩელეს მიაწოდა ვადის დარღვევით, შესაბამისად, წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. მხარეთა შორის სადავო იყო მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა.

5.7. სააპელაციო სასამართლომ ხელშეკრულების 9.3 პუნქტზე მიუთითა და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათავლისწინებული ვალდებულებები უნდა შესრულებულიყო ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნების შესაბამისად. პირგასამტეხლოს შემცირების მიზნებისათვის, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო მოსარჩელემ დარიცხა არა ვადაგადაცილებული ვალდებულების მოცულობის, არამედ - ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გათვალისწინებით.

5.8. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ პირგასამტეხლო უნდა გამოანგარიშებულიყო ხელშეკრულების შეუსრულებელი ნაწილიდან, კერძოდ, იმ სამუშაოების ღირებულებიდან, რომლის მიწოდების ვადაც დაარღვია მოპასუხემ. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, მოსარჩელის ბალანსზე არსებულ სატრანსპორტო საშუალებაზე შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 3152.49 ლარი, პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშებულიყო არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან (320 000 ლარი), არამედ - შეუსრულებელი ვალდებულების (3 152.49 ლარი) ღირებულებიდან.

5.9. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი დარღვევის პერიოდთან მიმართებით და აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ წარმოდგენილი ავტომანქანის ნაკლის აღმოფხვრა მოითხოვდა სიჩქარის გადაცემათა კოლოფში სათადარიგო ნაწილების გამოყენებას. დადგენილი იყო, რომ საჭირო გახდა ნაწილის უცხო ქვეყანაში შეკვეთა, რაც განხორციელდა 2020 წლის 03 მაისს. საყურადღებო იყო ის გარემოება, რომ შეკვეთის დოკუმენტს ხელი მოაწერა მოსარჩელის წარმომადგენელმა, რომელმაც შემდგომში ხელი მოაწერა შესრულებული სამუშაოების მიღების აქტსაც. შეკვეთის აქტში ვალდებულების შესრულების ვადად პირდაპირ იყო მითითებული 25 დღე, რაც შეესაბამებოდა 2019 წლის 19 დეკემბრის ხელშეკრულების 3.2.6. პუნქტს, რომლის თანახმად, სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში, მომსახურების გაწევის ვადა იყო არაუმეტეს 25 კალენდარული დღე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვალდებულების განხორციელების საბოლოო დღე არა 2020 წლის 15 მაისი, არამედ - 25 მაისი იყო.

5.10. სააპელაციო პალატის განმარტებით, ყურადსაღები იყო ის ფაქტი, რომ რიგ შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების ვადაგაცილების დღეების ოდენობა, არ შეიძლება მიჩნეული იქნას იმ ხარისხის დარღვევად, რაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას გაამართლებს. მართალია, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ვადა დარღვეული იქნა, თუმცა მოსარჩელეს არც პირველ და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ მიუთითებია ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებით გამოწვეული რაიმე ზიანის არსებობის შესახებ. ამასთან, პრეტენზია არ გაცხადებულა შესრულებული სამუშაოს ხარისხთან მიმართებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მომსახურება შესრულდა შეთანხმებული ხარისხით და ვადაგადაცილების შედეგად, შემსყიდველს რაიმე ზიანი არ წარმოშობია.

5.11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირგასამტეხლოზე მსჯელობისას, საგულისხმოა ის უმნიშვნელოვანესი დეტალი, რომ პირგასამტეხლოს მიზანს დარღვეული უფლების შეძლებისდაგვარად აღდგენა და საბოლოოდ, ვალდებულების დროულად შესრულების პროვოცირება წარმოადგენს. ზემოხსენებული გარემოებების მხედველობაში მიღებით და, ასევე, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი და პირგასამტეხლოს უნდა ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრული იყო და არ ვლინდებოდა მისი გაზრდის ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი.

5.12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2023 წლის 19 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი 139.62 ლარის ნაწილში ცნო. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანი იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.1. და 208.1. მუხლებიდან გამომდინარე. პალატის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე თანხვედრაშია როგორც სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსთან (პირგასამტეხლოს დანიშნულება და გონივრულობის სტანდარტი), ასევე, სასამართლოს პრაქტიკასთან.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი გამოთვლის წესი, მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე დათქმული პირობაა და სასამართლოს მიერ არამართლზომიერად შემცირდა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, მოთხოვნილი თანხა იყო დარღვევის ხანგრძლივობის პროპორციული. სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის პოზიციას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის თაობაზე, ისე, რომ მოპასუხეს არ მიუთითებია არცერთი ფაქტობრივი გარემოება თუ რატომ იყო არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალი დაკისრებული პირგასამტეხლო.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი დავობს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული და სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არ იყო შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან არამართლზომიერად მოხდა მისი შემცირება.

12. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის კანონიერება.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ:ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. ს.უ.ს.გ. Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

14. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის, ამავდროულად, უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (ს.უ.ს.გ. Nას-1928-2018, 31.10.2019წ.). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (ს.უ.ს.გ. Nას-1511-2018, 26.03.2019წ.; Nას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

15. სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (ს.უ.ს.გ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; ს.უ.ს.გ. №ას-535-2021, 29.10.2021წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (ს.უ.ს.გ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.; №ას-535-2021, 29.10.2021წ).

16. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2020 წლის 30 აპრილს მოსარჩელემ მოპასუხეს შეამოწმებინა ბალანსზე რიცხული ავტომანქანა HYUNDAI TUCSON ს/ნ PP-153-DD, რომელსაც აღმოაჩნდა დაზიანებული სიჩქარის გადაცემათა კოლოფი. შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 3152.49 ლარი. ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოპასუხემ მხარეთა მიერ შეთანხმებული ვადის დარღვევით შეასრულა. შესაბამისად, მოპასუხეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობა, კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო არ არის (მოპასუხემ სარჩელი ცნო 139.62 ლარის ნაწილში და გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია), სადავოა მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა.

17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მიუხედავად სახელშეკრულებო ვალდებულების მხოლოდ ნაწილობრივ დარღვევისა, პირგასამტეხლოს გაანგარიშების ბაზას მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება და არა უშუალოდ ვადის დარღვევით გაწეული მომსახურების საფასური.

18. საკასაციო პალატამ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არაერთხელ განმარტა, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ - მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ. ს.უ.ს.გ. №ას-164-160-2016, 28.07.2016წ., ას-971-2019, 28.10.2019წ.). ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას. დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მას არ დაურღვევია (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016). ხსენებული პრინციპით პირგასამტეხლოს გამოთვლის ვალდებულებაზე საკასაციო პალატის მიერ არაერთ დავაზე განემარტა კასატორს მისი მონაწილეობით სასამართლოში წარმართულ იმ საქმეებზე, სადაც დავის საგანს პირგასამტეხლოს დაკისრება/შემცირება წარმოადგენს (მრავალთა შორის იხ. ს.უ.ს.გ. № ას-732-2022, 24.11.2022წ; №ას-1274-2022, 22.11.2022წ; №ას-1007-2021, 13.04.2022წ). ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან აკუმულირებული პირგასამტეხლოს მოცულობა, როდესაც დარღვეულია ვალდებულების მხოლოდ ნაწილი, სანქციას იმთავითვე სძენს არაგონივრულად მკაცრი პასუხისმგებლობის შინაარსს, როდესაც სასამართლოს ვალია, აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირგასამტეხლოს სამართლიან საწყისებთან შესაბამისობის გზით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშებული პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, მართებულად შემცირდა, ვინაიდან შემსყიდველის განსაკუთრებული ინტერესი ერთიანი შესრულების მიმართ დადასტურებული არ არის. სასამართლომ კრედიტორისა და მოვალის მტკიცების ფარგლების, ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ღირებულების და ამით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, პირგასამტეხლო განსაზღვრა გონივრული და სამართლიანი ოდენობით.

19. მართალია, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ღირებულებიდან გამომდინარე იყო შეთანხმებული, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ამგვარად დაანგარიშება, შესრულების ვალდებულების ღირებულების გათვალისწინებით, არასამართლიან შედეგს იძლევა.

20. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან დამოუკიდებელია, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი ზიანის არსებობა, განსახილველ შემთხვევაში, არ გამოვლენილა.

21. აქვე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის ხელშეკრულების სრული ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს.

პირგასამტეხლოს დაანგარიშება მთლიანი შესრულების ღირებულებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთიანი შესრულების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი იკვეთება, როდესაც ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობა საფუძველს აცლის ძირითად შესრულებას, ე.ი, როდესაც, ვალდებულების ნაწილობრივი შეუსრულებლობა, თავისი არსით, მთლიანი ვალდებულების შეუსრულებლობას უთანაბრდება.

მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის იმ ტიპის ვალდებულება, რომლის ნაწილის შეუსრულებლობაც მთლიანი ვალდებულების შესრულებას დაუკარგავდა აზრს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მთლიანი თანხიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება გამართლებულია, განსახილველ შემთხვევაში კი, მოპასუხეს მოსარჩელის მიერ ჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს.

22. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

24. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი