Facebook Twitter

04 აპრილი 2025 წელი

საქმე №ას-234-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ტ.ღ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ჩ–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა, ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.ჩ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ.ჩ–ი (პ/ნ …….) ცნობილი იქნა, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ……… /…… ქ. (ყოფ. ….) №2-ში მდებარე, მოპასუხე ტ.ღ–ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან (ს/კ ….) შენობა-ნაგებობა №2/1-დან - 31.74 კვ.მ. ფართის და №3 შენობა-ნაგებობის (5.45 კვ.მ.) მესაკუთრედ (ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ №004863923 დასკვნაზე №1 დანართად წარმოდგენილი ნახაზის შესაბამისად, ტომი IV, ს.ფ. 32), მოპასუხე ტ.ღ–ისათვის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის - 22662,00 ლარის გადახდის სანაცვლოდ (რომელიც განთავსებულია საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე, საგადახდო დავალება №15332022850 და საგადახდო დავალება №18889791342). ტ.ღ–ს აეკრძალა მოსარჩელე ნ.ჩ–ისათვის საცხოვრებელი ფართით (მდებარე: თბილისში, ……/…….. ქ. №2-ში (……. ქ. №2), ს/კ ……….) სარგებლობაში ხელის შეშლა, კერძოდ, აეკრძალა მოპასუხეს მოსარჩელე ნ.ჩ–ისა და მისი ოჯახის წევრებისათვის საცხოვრებელ ფართში შესვლის ხელშეშლა - აღნიშნულ მისამართზე საერთო ეზოს კარებისა და ეზოში მდებარე საპირფარეშოს ჩაკეტვა. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ტ.ღ–მა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შევსების მიზნითაც, აპელანტს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სახელმწიფო ბაჟის - 1377.52 ა.შ.შ. დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა, ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის - 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საკითხზე მსჯელობის მიზნით, შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა. აპელანტს ასევე დაევალა მოწინააღმდეგე მხარის დაზუსტება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლის დართვა, რამდენი მონაწილეც არის საქმეში.

4. აღნიშნული განჩინება აპელანტს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. სასამართლო გზავნილის ჩაბარების დასტურით ირკვევა, რომ 2024 წლის 08 ნოემბერს გზავნილი ჩაბარდა მ.გ–ს (ტ.ღ–ის მეუღლეს) (იხ. გზავნილი და ჩაბარების დასტური, ტ.1, ს.ფ. 250-252).

5. 2024 წლის 12 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მ.გ–მა და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, ტ.ღ–ს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა დამატებით 10 დღით და დაევალა მოწინააღმდეგე მხარის დაზუსტება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლის დართვა, რამდენი მონაწილეც არის საქმეში. ამავე განჩინებით განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა გამოიწვევდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.

7. ზემოაღნიშნული განჩინება გაეგზავნა აპელანტს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. სასამართლო გზავნილის ჩაბარების დასტურით ირკვევა, რომ 2023 წლის 27 ნოემბერს გზავნილი ჩაბარდა მ.გ–ს (ტ.ღ–ის მეუღლეს) (იხ. გზავნილი და ჩაბარების დასტური, ტ.1, ს.ფ. 264-265).

8. დადგენილია, რომ აპელანტს სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში - 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2024 წლის 09 დეკემბრის ჩათვლით დროის შუალედში, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.

9. 2024 წლის 10 დეკემბერს ტ.ღ–მა თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად დადგენილი ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის მოტივით.

11. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გაეგზავნა აპელანტს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2025 წლის 03 თებერვალს ჩაბარდა ნინო ღარიბაშვილს (ტ.ღ–ის შვილი).

12. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ტ.ღ–მა. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გამოტანის საფუძვლებს. ის მიუთითებს, რომ გზავნილის მისი მეუღლისათვის ჩაბარების დღეს ის არ იმყოფებოდა სახლში. მეუღლე იყო შეუძლოდ, მაღალი არტერიული წნევის გამო, რა მიზეზითაც დროულად ვერ მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია, ხოლო მას შემდეგ, რაც თავად აღმოაჩინა აღნიშნული ხარვეზის შესახებ, იმავე დღეს შეავსო ხარვეზი და წარადგინა სასამართლოში. აპელანტს რომ დავის ინტერესი დაკარგული არ აქვს, მოწმობს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიც. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 მარტის განჩინებით, ტ.ღ–ის კერძო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

15. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა არ შეავსო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი საამისოდ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.

17. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

18. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლითაც დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა საქმის მასალებში (სააპელაციო საჩივარში) მის მიერ მითითებულ მისამართზე: თბილისი, ……. და გზავნილი 2024 წლის 27 ნოემბერს ჩაბარდა აპელანტის მეუღლეს.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. იმავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში სასამართლო უწყების ჩამბარებელმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას.

20. კანონის მოცემული დანაწესის მიზანია, საქმის განხილვის უსაფუძვლოდ გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად გაამარტივოს მხარისათვის სასამართლო საპროცესო დოკუმენტების ჩაბარების წესი, რა დროსაც უფლებამოსილი პირის მიერ მხარის მისამართზე გამოცხადებისას ადრესატის არყოფნის შემთხვევაში ხსენებული დოკუმენტები ჩააბაროს მისი ოჯახის ქმედუნარიან წევრს. ასეთი პირი დაადასტურებს სასამართლო გზავნილისა თუ უწყების მიღების ფაქტს შესაბამის დოკუმენტზე ხელის მოწერით, რომელიც წარედგინება სასამართლოს. მართალია, ზემოაღნიშნული ნორმა ითვალისწინებს მხარის ოჯახის წევრის მიერ მიღებული დოკუმენტების მხარისათვის გადაცემის ვალდებულებას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი პირის მიერ მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკი თავად მხარეს ეკისრება.

21. განსახილველ შემთხვევაში, დაუსაბუთებელია და რაიმე მტკიცებულებით დადასტურებული არ არის კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ ის არ იმყოფებოდა სახლში, ხოლო მეუღლე, რომელმაც სასამართლო გზავნილი ჩაიბარა, იყო შეუძლოდ და დროულად ვერ გადასცა გზავნილი ადრესატს.

22. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სასამართლო გზავნილის აპელანტის მეუღლისათვის ჩაბარება თავად აპელანტისათვის მის გადაცემას უთანაბრდება და აღნიშნული წარმოადგენს შესაბამისი საპროცესო ვადის ათვლის საფუძველს.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

25. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

26. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

27. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადის ათვლა 2024 წლის 28 ნოემბრიდან (განჩინების ასლის ადრესატისათვის გადაცემის მომდევნო დღიდან) დაიწყო და მიმდინარეობდა 2024 წლის 09 დეკემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც შეუვსებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

28. პალატის შეფასებით, აპელანტს გონივრული ვადა (10 დღე) მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის (საპროცესო ვადის აღგენის) შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო პალატისათვის, რამაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.

29. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ განჩინებას იმ საფუძვლით, რომ მან ხარვეზის დადგენილ ვადაში შევსება ვერ შეძლო საპატიო მიზეზის გამო, კერძოდ, აპელანტი არ იმყოფებოდა სახლში, გზავნილი ჩაიბარა მეუღლემ რომელიც შეუძლოდ იყო. მას შემდეგ კი რაც აპელანტმა თავად აღმოაჩინა ხარვეზის თაობაზე მეორე დღესვე აღმოფხვრა დადგენილი ხარვეზი. სააპელაციო საჩივრის განხილვის ინტერესი დაკარგული რომ არ ჰქონდა ამას მოწმობს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიც. ყოველივე ზემოაღნიშული კი გასაჩივრებლი განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძველია.

30. პალატა განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი. საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული (შდრ. სუსგ. №ას-366-366-2018, 18.05.2018წ.). საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას. ასეთ გარემოებაზე მითითების ვალდებულება შესაბამისი ვადის გამშვებ პირს აკისრია, რომელმაც პირველ რიგში უნდა იშუამდგომლოს გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე და ამასთან, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადოდ უნდა დაადასტუროს ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობა (შდრ. სუსგ. №ას-1023-2019, 25.09.2019წ.), რაც საქმის მასალებით არ დასტურდება.

31. დადგენილია, რომ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში საპროცესო ვადის ამოწურვის შემდეგ, 2024 წლის 10 დეკემბერს წარადგინა. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება, რომ სახლში არ იმყოფებოდა და გზავნილის შინაარსი მისთვის უცნობი იყო, ვადის გაშვების საპატიოობას არ ადასტურებს.

32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის მიხედვით შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

33. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან უდავოა სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის დანიშნულ ვადაში შეუვსებლობის ფაქტი, საკასაციო პალატა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე, კანონიერად მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებულ განჩინებას.

34. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ-ები: №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). სწორედ საპროცესო კოდექსითაა დადგენილი საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს განსაზღვრული ვადის დაცვით მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები.

35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).

36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 177.3-ე და 368.1-ე მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები).

37. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს დაუდგინდა გონივრული (10-დღიანი) ვადა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისათვის. თავის მხრივ, მან არ გამოასწორა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი შესაბამისად, ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს სწორედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენდა. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

38. ამრიგად, ვინაიდან, კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დაცვით, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ტ.ღ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 დეკემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი