Facebook Twitter

13 მაისი 2025 წელი

№ას-79-2023 ქ.თბილისი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ვ.გ–ი

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ განცხადების ბათილად ცნობა, ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ვ.გ–მა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ განცხადების ბათილად ცნობის, ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნით.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ვ.გ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 დეკემბრის განჩინებით ვ.გ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ.გ–მა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, ვ.გ–ის საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად და მიღებული იქნა განსახილველად.

8. 2025 წლის 29 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმეთა პალატას განცხადებით მომართა ვ.გ–მა და საკასაციო საჩივარზე უარი განაცხადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლო გაეცნო კასატორის წარმომადგენლის განცხადებას და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ ვ.გ–ის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს მის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.

11. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ ვ.გ–ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვ.გ–ის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება. ამასთან, უნდა განემარტოს კასატორს, რომ მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 6000 ლარის ოდენობით. ვინაიდან, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადება წარმოდგენილია საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.გ–ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ, დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება ვ.გ–ის საკასაციო საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 დეკემბრის განჩინების გაუქმების შესახებ.

3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

4. ვ.გ–ს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 6000 ლარი (გადახდის თარიღი: 20.01.2023წ. გადამხდელი: ვ. გ–ი (პ/ნ .......) საგადასახადო დავალება №15803944188, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“), შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი