საქმე №ას-572-2025 30 აპრილი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.ბ–ძის უფლებამონაცვლე – გ.კ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლა (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სარჩოს გადაანგარიშება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით ე.ბ–ძის (შემდგომ - მოსარჩელე) სარჩელი სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის (შემდგომ - მოპასუხე) მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: 1.1. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2015 წლის პირველი სექტემბრიდან 2016 წლის პირველი აპრილამდე მიუღებელი სარჩოს - 385.03 ლარის ანაზღაურება; 1.2. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2016 წლის პირველი აპრილიდან სარჩოს სახით ყოველთვიურად 654.42 ლარის გადახდა, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით; 2. სასარჩელო მოთხოვნა მასწავლებელთა ხელფასის, შრომის ანაზღაურების ცვლილების შესაბამისად, 2017 წლის პირველი იანვრიდან გადაანგარიშებული სარჩოს - 982.42 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 247.14 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, მიუღებელი სარჩოსა და 2016 წლის პირველი აპრილიდან გადაანგარიშებული სარჩოს მოთხოვნის ნაწილში - მოსარჩელემ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო საჩივრიდან ირკვევა, რომ მოპასუხე აპელანტმა სადავოდ გახადა დამრიგებლობის დანამატის გადაანგარიშება და სარჩოს გადაანგარიშებისას მის მიერ 2016 წლის აპრილი-ივლისში მოსარჩელისათვის გადახდილი სარჩოს ოდენობის გაუთვალისწინებლობა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელის უფლებამონაცვლე გ.კ–ამ (შემდგომ - მოსარჩელის უფლებამონაცვლე, კასატორი) წარადგინა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის უფლებამონაცვლის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2 ქვეპუნქტი – მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2016 წლის პირველი აპრილიდან სარჩოს სახით ყოველთვიურად 654,42 ლარის დაკისრების შესახებ, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით, და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. მოსარჩელის უფლებამონაცვლემ გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის (მისი უფლებამონაცვლის) სასარგებლოდ 2016 წლის პირველი აპრილიდან სარჩოს სახით ყოველთვიურად 654.42 ლარის გადახდა, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით (გადაწყვეტილების 1.2 პუნქტი), ასევე, სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სასარჩელო მოთხოვნა - 2016 წლის პირველი აპრილიდან, სარჩოს სახით, ყოველთვიურად 834,42 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 80,85 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; მოსარჩელის უფლებამონაცვლეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისრა 400,52 ლარის ანაზღაურება.
7. კასატორმა მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მიუღებელი სარჩოს – 3677,93 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:
8. კასატორმა სადავოდ გადახდა სააპელაციო პალატის 2023 წლის 14 თებერვლის საოქმო განჩინებაც მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლად ადვოკატის კვალიფიკაციისა და სტატუსის არმქონე პირის პროცესზე დაშვების შესახებ. მისი მითითებით, ხარაგაულის რესურსცენტრის წარმომადგენელს - მთავარ იურისტს საქმის განხილვაზე მოპასუხის წარმოდგენის უფლება უნდა ჩამოერთვას. რესურსცენტრი, როგორც მოპასუხე დაწესებულების მაკონტროლებელი ორგანო, ზეგავლენას ახდენდა მოპასუხის პოზიციაზე, რაც საზიანო იყო მოსარჩელისათვის.
9. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სსსკ-ის მე-3, მე-4, მე-5 და 384-ე მუხლები, როდესაც იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 1.2 პუნქტის გაუქმებაზე, რადგან აღნიშნულ ნაწილში მოპასუხემ სააპელაციო შესაგებელში აღნიშნა, რომ არ არის თანახმა სკოლის დამრიგებლის დანამატის გადახდაზე, თუმცა დასაბუთებული პოზიცია ამ საკითხზე არ წარუდგენია. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი კი სასამართლო სხდომაზე არ განხილულა.
10. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად განსაზღვრა დავის საგანი, რაც რეალურად იყო არა სარჩოს დაკისრება, არამედ მისი გადაანგარიშება.
11. კასატორმა მიუთითა, რომ სარჩოს გადაანგარიშებასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკის ცვლილება აუარესებს მოსარჩელის მდგომარეობას და მას უკუქცევით ძალა, კანონის მსგავსად, მოცემულ დავაზე არ უნდა მიენიჭოს. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის №ას-734-702-2014 წლის გადაწყვეტილებით დადგენილი პრაქტიკით, რომელიც ამავე საქმეზე იქნა მიღებული.
12. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად დაითვალა საპროცესო ხარჯები. სსსკ-ის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოცემულ დავაში ორივე მხარე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად, მოსარჩელეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ უნდა დაკისრებოდა. მოპასუხეს, კვალიფიციური წარმომადგენლის პირობებში, უნდა მოეთხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა ამ საკითხზე.
13. სააპელაციო სასამართლოს არ უნდა განეხილა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, რადგან მას მანამდე იმავე საკითხებზე საკასაციო საჩივარი არ წარუდგენია.
14. სააპელაციო პალატამ დაარღვია სსსკ-ის მე-10 მუხლი. სარჩო რამდენიმე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გადაანგარიშდა. სააპელაციო სასამართლომ, ფაქტობრივად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები გააუქმა, რადგან ახალი მოთხოვნა უკვე განხილული მოთხოვნების ანალოგიური იყო.
15. კასატორმა მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა კლასის დამრიგებლისა და მასწავლებლის სტატუსის დანამატი, რადგან მოსარჩელეს უფროსი მასწავლების სტატუსი ჰქონდა მოპოვებული, რაც იმ დროისათვის უმაღლეს რანგს წარმოადგენდა. 2-15 წლის პირველი სექტემბრიდან დანიშნულ და აღებულ 512,82 ლარის გარდა, მოსარჩელემ უნდა მიიღოს სექტემბერი-მარტის 7 თვის მიუღებელი სხვაობა - 1533 ლარი 7X (731,82-512,82)= 7 X 219.
16. მასწავლებლის შესაბამისი სტატუსის დანამატზე მსჯელობისას სააპელაციო პალატას არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილება, არამედ უნდა ეხელმძღვანელა სსსკ-ის მე-7 მუხლით.
17. საქართველოს განათლების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებისა და საქართველოს მთავრობის №68 ბრძანების გათვალისწინებით, 2016 წლის პირველი აპრილიდან, რა დროიდანაც გაიზარდა მასწავლებლის ხელფასი, სკოლას დანიშნული სარჩო უნდა გადაეანგარიშებინა 834,42 ლარის ოდენობით. ძირითადი ხელფასი შეადგენდა 573,42 ლარს, ხოლო დანამატი - 261 ლარს.
18. კასატორის მოსაზრებით, რადგან მოსარჩელე მასწავლებელი გარდაიცვალა, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკორექტირდეს, მან სკოლიდან ყოველთვიური სარჩოს მოთხოვნა ამოიღო და მოითხოვა აუღებელი სარჩოს სხვაობის გადაანგარიშება 2015 წლის პირველი სექტემბრიდან 2016 წლის 8 ოქტომბრამდე.
19. კასატორი არ დაეთანხმა სარჩოს დაბეგვრის შესახებ გადაწყვეტილებას. მართალია, საგადასახადო კანონმდებლობა პირდაპირ არ ითვალისწინებს სარჩოს დაბეგვრისაგან გათავისუფლებას, თუმცა იგი უნდა გაუთანაბრდეს სახელმწიფო პენსიასა და სახელმწიფო კომპენსაციას.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
21. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
22. უპირველესად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავა ერთხელ უკვე განხილულ იქნა საკასაციო წესით, რა დროსაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით დეტალურად პასუხი გაეცა მოსარჩელის საკასაციო პრეტენზიებს, მათ შორის, ამჟამად წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლების ნაწილს, რაზეც საკასაციო სასამართლო ხელახლა აღარ იმსჯელებს.
23. მოცემული საქმის სააპელაციო პალატისათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნებისას საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით სადავოდ გახადა მხოლოდ დამრიგებლობის დანამატის გადაანგარიშება, ასევე, სარჩოს გადაანგარიშება 2016 წლის აპრილი-ივლისის პერიოდში იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მის მიერ მოსარჩელისათვის ამ პერიოდში გადახდილი სარჩოს ოდენობა.
24. საკასაციო სასამართლოს მითითებით, არ იყო გამოკვლეული, რა ოდენობის სარჩო გადაუხადა მოპასუხემ მოსარჩელეს 2016 წლის აპრილი-ივლისის პერიოდში, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სკოლისათვის 2016 წლის პირველი აპრილიდან დაკისრებული სარჩოდან რა ოდენობა წარმოადგენდა დანამატს კლასის დამრიგებლობისათვის, რის გამოც 2016 წლის პირველი აპრილიდან გადაანგარიშებული სარჩოს მოთხოვნის ნაწილში საქმე უნდა განხილულიყიო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ ხელახლა, რა დროსაც სააპელაციო პალატას უნდა გამოეკვლია ზემოაღნიშნული გარემოებები და, სკოლის მიერ გადახდილი თანხის შესაბამისად, დაედგინა მოსარჩელე გარდაცვალებამდე (08.10.2016წ.) ჯამურად რა ოდენობის სარჩოს მიიღებდა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს დამრიგებლობის დანამატზე მსჯელობისას უნდა გაეთვალისწინებინა გარემოება, რომ დაზარალებულის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრებული სარჩო გადაანგარიშებას ექვემდებარებოდა 1994 წლის ჩათვლით, ანუ იმ პერიოდამდე, ვიდრე დაზარალებული ფაქტობრივად ასრულებდა შრომით მოვალეობებს.
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
26. მოსარჩელე დაიბადა 1932 წლის 15 აპრილს.
27. 1955 წლის 20 ივლისიდან იგი მუშაობდა მოპასუხე სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
28. 1978 წლის 5 თებერვალს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მიიღო მოსარჩელემ ტრავმა, რის გამოც 80%-ით შეუმცირდა შრომის უნარი.
29. მიღებული ტრავმის მიუხედავად, მან სკოლაში მუშაობა განაგრძო, ასრულებდა როგორც მასწავლებლის, ასევე, კლასის დამრიგებლის მოვალეობას. 1986 წლის 23 აგვისტოს მიენიჭა უფროსი მასწავლებლის წოდება და იღებდა შესაბამის ანაზღაურებას. 1992 წლის აპრილში მოსარჩელემ საპენსიო ასაკს მიაღწია, თუმცა, ფაქტობრივად, შრომით მოვალეობებს ასრულებდა 1994 წლის ჩათვლით და იღებდა შესაბამის ანაზღაურებას.
30. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩოს გადახდა 2004 წლის 6 იანვრიდან ყოველთვიურად 75,2 ლარის ოდენობით.
31. ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სკოლისათვის დაკისრებული სარჩოს ოდენობა გაიზარდა 139,28 ლარამდე. გარდა ამისა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი სარჩოს - 256,32 ლარის გადახდა.
32. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული სარჩოს ოდენობა კვლავ გაიზარდა და სკოლას დაეკისრა 2014 წლის პირველი იანვრიდან ყოველთვიურად 458,62 ლარის გადახდა.
33. საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელის საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ 2015 წლის სექტემბრიდან სკოლამ საკუთარი ინიციატივით გაზარდა სარჩოს ოდენობა და მოსარჩელეს გარდაცვალებამდე (2016 წლის 8 ოქტომბრამდე) უხდიდა 512,82 ლარს, რაც ერიცხებოდა ყოველი თვის ბოლოს.
34. 2016 წლის აპრილიდან ივლისის ჩათვლით, ანუ 4 თვის განმავლობაში მოსარჩელეს ჩაერიცხა სარჩო - 2051,28 (512,82x4=2051,28) ლარი, ხოლო 2016 წლის აპრილიდან გარდაცვალებამდე, ანუ 2016 წლის 8 ოქტომბრამდე, - ყოველთვიურად 512,82 ლარი, სულ - 3585,4 (512,82 x7=3585,4) ლარი.
35. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ მე-V თავის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებით დადგენილი „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის და პირობების“ პირველი თავის შესაბამისად, მოსარჩელის პროფესიული განვითარება შეესაბამება პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს 10 წელზე მეტი მუშაობის სტაჟით. ამავე დადგენილების მე-VIII თავის თანახმად, ამ კატეგორიის მაგისტრატურის განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლის საბაზო სახელფასო განაკვეთი 2015 წლის პირველი სექტემბრიდან განისაზღვრა 481.0 ლარით. ამასთან, მასწავლებელს მიეცემა თანამდებობრივ სარგოებზე არსებული დანამატები, კერძოდ: კლასის დამრიგებლობის დანამატი - 88,75 ლარი; სრულზე მეტი დატვირთვისათვის - კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, ერთ საათზე დანამატი 5 ლარის ოდენობით.
36. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებით, კლასის დამრიგებლის დანამატი განისაზღვრა 88,75 ლარით.
37. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში 2016 წლის 18 აპრილს განხორციელებული ცვლილების თანახმად (№3 და №4 დანართები), 2016 წლის პირველი აპრილიდან მაგისტრატურის განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე 10 წელზე მეტი სტაჟის მქონის პრაქტიკოსი მასწავლებლის საბაზო სახელფასო განაკვეთი შეადგენს 548.78 ლარს. მასწავლებელს მიეცემა თანამდებობრივ სარგოებზე არსებული დანამატები, კერძოდ: კლასის დამრიგებლობის დანამატი - 101.25 ლარი; სრულზე მეტი დატვირთვისათვის - კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, ერთ საათზე დანამატი 6 ლარის ოდენობით.
38. 2016 წლის 10 მაისს მოსარჩელემ წინამდებარე სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა: 2016 წლის პირველი აპრილიდან გაზრდილი სარჩოს - ყოველთვიურად 834,42 ლარის, ხოლო 2017 წლის პირველი იანვრიდან ყოველთვიურად 982,42 ლარის გადახდის დაკისრება; ასევე, 2015 წლის პირველი სექტემბრიდან 2016 წლის პირველი აპრილამდე მიუღებელი სარჩოს - 1533 ლარის გადახდის დაკისრება.
39. 2016 წლის 8 ოქტომბერს მოსარჩელე გარდაიცვალა. მისი სამკვიდრო მიიღო შვილმა, რის გამოც ეს უკანასკნელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით ჩაება მოცემულ დავაში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ.
40. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის მიერ სადავო სარჩოს განსაზღვრის წესსა და მის ოდენობას.
41. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
42. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება; ხოლო, მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.
43. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის ამგვარი ფორმულირების მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის აღდგენა იმგვარად, რომ მივიღოთ ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობა. თეორიულად, განხორციელდეს ე.წ რესტიტუცია, რაც პრაქტიკულად დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს, რომელიც ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობისას იქნებოდა სახეზე. სადავო შემთხვევაშიც, სარჩოს გადაანგარიშების მიზანს დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება წარმოადგენს, რაც დაზარალებულმა მიიღო დაზიანების (უბედური შემთხვევის) გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ მხედველობაშია მისაღები ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან (დელიქტის არარსებობის პირობებში) აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ. რაც შეეხება იმავე მუხლის მე-2 ნაწილს, იგი მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების ოდენობის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, რა დრომდეა ვალდებული საწარმო გადაუხადოს დაზარალებულს კომპენსაცია. ამდენად, შეფასებას საჭიროებს გარემოება, რომელიც პირის დასაქმების პერიოდს უკავშირდება (იხ. სუსგ №ას-52-48-2017, 26 ოქტომბერი, 2018 წელი; №ას-1248-2023, 16 ნოემბერი, 2023 წელი).
44. საგულისხმოა თავად უფლებამოსილი პირის (კრედიტორის) მოთხოვნის ფარგლებიც, კერძოდ, სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
45. საკასაციო სასამართლოს მიერ მსგავს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით (საქმე №789-746-2015, 22 იანვარი, 2016 წელი) შეიცვალა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკა და დაშვებულ იქნა პრეზუმფცია, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში, დასაქმებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა. შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდამდე იქნებოდა ვალდებული, საწარმო აენაზღაურებინა მისთვის ხელფასი, რომ არ დამდგარიყო სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამასთან, საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ, მართალია, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში დაზარალებული საპენსიო ასაკამდე იმუშავებდა, თუმცა დაზარალებულისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდის ვალდებულება მისი სიცოცხლის განმავლობაში კვლავაც ეკისრება საწარმოს (იხ. სუსგ №ას-1216-1141-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; №ას-1220-1145-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; №ას-1180-1141-2016, 31 მარტი, 2017 წელი; №ას-349-349-2018, 18 ივნისი, 2020 წელი).
46. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, დასაქმებულის სასარგებლოდ სარჩოს გადახდის ვალდებულება საწარმოს ეკისრება დაზარალებულის სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო, დაკისრებული სარჩო ხელფასის ზრდის შესაბამისად გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება მას შემდეგ, რაც დაზარალებული საპენსიო ასაკს მიაღწევს (იხ. სუსგ №ას-1216-1141-2015, 03 ივნისი, 2016 წელი, №ას-1220-1145-2015, 03 ივნისი, 2016 წელი; №ას-799-766-2016, 08 მაისი, 2017 წელი; №ას-1180-1141-2016, 07 აპრილი, 2017 წელი; №ას-349-349-2018, 18 ივნისი, 2020 წელი).
47. განსახილველ საქმეზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ კანონის მოთხოვნათა დაცვით დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი, ზემოთ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებანი, სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი, რა დროსაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ იქნა საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა სარჩოს ოდენობის გადაანგარიშებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოსარჩელისათვის დანიშნული სარჩო გადაანგარიშებას ექვემდებარებოდა იმ პერიოდამდე, ვიდრე მოსარჩელე ფაქტობრივად ასრულებდა შრომით მოვალეობებს (1994 წლის ჩათვლით), 2016 წლის პირველი აპრილიდან გადაანგარიშებული (გაზრდილი) სარჩოს მოთხოვნა კი იურიდიულ დასაბუთებას მოკლებულია.
48. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება კასატორის არგუმენტი, რომ მოცემულ დავაში უკანონოდ მონაწილეობდა ხარაგაულის რესურსცენტრის წარმომადგენელი, რომელიც მოსარჩელისათვის არახელსაყრელ ზეგავლენას ახდენდა მოპასუხეზე.
49. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დაწესებულება საქმეში სარგებლობდა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის არმქონე მესამე პირის სტატუსით. მხარის მოსაზრება კი, რომ ამ დაწესებულების წარმომადგენელი არ იყო ადვოკატი, რაც საქმეში მისი მონაწილეობის ხელისშემშლელი გარემოებაა, ეწინააღმდეგება სსსკ-ის 440-ე მუხლის დანაწესს (პირს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალება წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე).
50. ამდენად, მითითებული ნორმა უფლებას ანიჭებს ორგანიზაციის თანამშრომლებს ამ ორგანიზაციის მონაწილეობით მიმდინარე საქმეებზე გამოვიდნენ სასამართლოში მათი სახელით სხვა დამატებითი მოთხოვნების გარეშე (იხ. სუსგ №ას-431-781-07, 29 ოქტომბერი, 2007 წელი; №ას-273-2019, 24 მაისი, 2019 წელი).
51. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ვერ გამოიწვევს მხარის პრეტენზია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაითვალა საპროცესო ხარჯები. საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება, რომ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ უნდა დაკისრებოდა სსსკ-ის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რადგან მოცემული დავის ორივე მხარე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
52. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე დაწესებულებამ სახელმწიფო ბაჟი საქმის წარმოების განმავლობაში რამდენჯერმე გადაიხადა და მითითებულისაგან მისი გათავისუფლების ფაქტობრივ-სამართლებრივ წინაპირობების არსებობა კანონით დადგენილი წესით არ დაუდასტურებია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვამელა ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით და მოსარჩელეს დააკისრა სახელმწიფო ბაჟი იმ ოდენობის პროპორციულად, რა ნაწილშიც სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
53. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
54. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
55. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
56. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
57. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
58.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.ბ–ძის უფლებამონაცვლე – გ.კ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა