Facebook Twitter

საქმე №ას-364-2025 30 აპრილი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ.ფ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები - თ.მ–ძე, ვ.გ–ძე (მოსარჩელეები)

თავდაპირველი მოპასუხეები - თ.ლ–ძე, თ.მ–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, თ.მ–ძის (შემდეგ - პირველი მოსარჩელე, პირველი მოწინააღმდეგე მხარე) და ვ.გ–ძის (შემდეგ - მეორე მოსარჩელე, მეორე მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი მ.ფ–ძის (შემდეგ - პირელი მოპასუხე, აპელანტი, კასატორი), თ.ლ–ძის (შემდგომ - მეორე მოპასუხე) და თ.მ–ის (შემდგომ - მესამე მოპასუხე) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, რაც პირველმა მოპასუხემ საჩივრით გაასაჩივრა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 6 თებერვლის განჩინებით, პირველი მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, აპელანტის (პირველი მოპასუხის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 6 თებერვლის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

4. კასატორი დავის მატერიალურსამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

5. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

8. საკასაციო პალატის შეფასების საგანია სსსკ-ის 2321 მუხლის (მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შედეგები) შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება, ანუ რამდენად მართებულად შეაფასა თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საპროცესოსამართლებრივი წინაპირობები და არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ით გათვალისწინებული საფუძვლები.

9. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებიდან გამომდინარე, მხარეები სამოქალაქო პროცესში სარგებლობენ თანასწორი საპროცესო უფლებებით, კერძოდ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს სარჩელით დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დასაცავად, ხოლო იმ პირს კი, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია სარჩელი, შეუძლია თავი დაიცვას ამ სარჩელისაგან. ამასთან ერთად, სარჩელის აღძვრა და ამ სარჩელისაგან თავის დაცვა მიმდინარეობს კანონით განსაზღვრული წესითა და საშუალებების გამოყენებით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. მოპასუხის შესაგებელი წარმოდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით. ერთმანეთისაგან განასხვავებენ პროცესუალურ-სამართლებრივ და მატერიალურ-სამართლებრივ შესაგებელს. პროცესუალურ-სამართლებრივი შესაგებელი - ესაა მოპასუხის მიერ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება, რომლებსაც სამოქალაქო საპროცესო სამართლის ნორმები უკავშირებენ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას, საქმის წარმოების შეწყვეტას, სარჩელის განუხილველად დატოვებას ან საქმის წარმოების შეჩერებას. მატერიალურ-სამართლებრივი შესაგებელი - ესაა სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის საშუალება ისეთ ფაქტებზე მითითებით, რომლებსაც მატერიალური სამართალი უკავშირებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმას.

10. საგულისხმოა, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისაგან, ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხ.: Nideröst-Huber v Switzerland, 18/02/1997, § 23; Kress v France (დიდი პალატა), no.39594/98, § 72, ECHR 2001-VI; Yvon v France, no 44962/98, § 31, ECHR 2003-V; Gorraiz Lizarraga and Others v Spain, no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III.). სამართლიანი სასამართლოს უფლების ზოგადი კონცეფცია მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხ.: Ruiz-Mateos V Spain, 23/06/1993, § 63, ECHR , Series A, no.262; Lobo Machado v Portugal, 20/02/1996, § 31, 1996-I.) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ „სამართლიანი სასამართლო განხილვის“ მოთხოვნების დაცვა თითოეულ ინდივიდუალურ საქმეში (იხ.: Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27.10.1993, § 33, სერია A no. 274). აღნიშნული პრინციპი იმასაც გულისხმობს, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ (იხ.: Dilipak and Karakaya v Turkey, no. 7942/05 და 24838/05, 04/03/2014, § 77). თუ სასამართლო დოკუმენტები, მათ შორის სასამართლო სხდომის უწყებები მხარეს არ ჩაბარდა, მაშინ მას შეიძლება, ხელი შეეშალოს სამართალწარმოების პროცესში საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში (იხ.: Ozgur-Karaduman v Germany, no. 4769/02, 26/06/2007; Weber v Germany, no. 30203/03, 02/10/2007; Zavodnik v Slovenia, no.53723/13, 21/05.2015, § 70).

11. განსახილველ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობის გამო (სსსკ-ის 2321-ე მუხლი), რა დროსაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი ისეთი დამატებითი პირობაა საჭირო, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა. ამდენად, მოპასუხის მიერ არასაპტიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, არამედ არის კანონით გათვალისწინებული პირობა, რომ სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების იმპერატიულობა მდგომარეობს იმაში, რომ მოსარჩელის შუამდგომლობაც კი არ სჭირდება ასეთი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-121-117-2016).

12. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.

13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მომწესრიგებელი ნორმა სსსკ-ის 241-ე მუხლია, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი კი, განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.

14. შესაგებლის წარუდგენლობის გამო გამოტანილ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინებაზე წარდგენილი მხარის პრეტენზია უნდა ეფუძნებოდეს იმ გარემოებების მტკიცებას, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები (სსსკ-ს 233-ე მუხლის საფუძვლები) ან სახეზე იყო შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი.

15. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ მიუთითებია შესაგებლის (წერილობითი შეპასუხების) წარუდგენლობის საპატიო მიზეზებზე და არ უმტკიცებია მათი არსებობა, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობა გახდებოდა. ამასთან, მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომელიც დავის მატერიალურ საფუძველს ეხება, პალატა განმარტავს, რომ ამ საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანია დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება, შესაბამისად, კასატორის საკასაციო პრეტენზიები, წინამდებარე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება. კასატორს უნდა ემტკიცებინა იმ წინაპირობების არსებობა, რაც მოცემულია სსსკ-ის 241-ე მუხლის დანაწესში.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შესაგებლის წარუდგენლობის, შესაბამისად, სარჩელის უარყოფის (არცნობის) არარსებობის შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად, ამ პროცესუალური მოქმედების განუხორციელებლობა უტოლდება სარჩელში მითითებული ფაქტების აღიარებას (ივარაუდება ისეთი გარემოებები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას). ამით მოსარჩელე თავისუფლდება ამ ფაქტების დამტკიცების ტვირთისაგან. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედებს პრეზუმფცია, რომელიც ეხება ფაქტს, მტკიცების წესს და არა სამართალს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი). სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას- 664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი).

17. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დავის საგნის გათვალისწინებით, მართებულად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები დამფუძნებელ ნორმათა მითითებით სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა.

18. რაც შეეხება კასატორის მიერ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარსა და სააპელაციო საჩივრის არგუმენტზე, რომლის თანახმად მას, სარჩელი და თანდართული მასალები არ ჩაჰბარებია, პალატა ასევე არ იზიარებს და მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ სარჩელი და თანართული მასალები მოპასუხეს გაეგზავნა პენიტენციურ დაწესებულებაში (სსსკ-ის 184.1 და 184.5 მუხლები) და განესაზღვრა შესაგებლის წარდგენის 10 დღიანი ვადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მომართვის თანახმად, სარჩელი და თანდართული მასალები 2022 წლის 24 ივნისს პირველ მოპასუხეს ჩაჰბარდა, რაც დადასტურებულია ამ უკანასკნელის მიერ გზავნილის ჩაბარების ხელწერილზე ხელმოწერით (იხ. ტ 1, ს.ფ 280-281), შესაბამისად, ცალსახად დგინდება, რომ კასატორს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა სარჩელი და თანდართული მასალები, ხოლო კანონით დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც სასამართლოსთვის მოუმართავს წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის თაობაზე, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს კასატორის პრეტენზიების გაზიარების საფუძველი.

19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწორად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე ან არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (შესაგებლის წარდგენა), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს. ასეთ შემთხვევაში, საქმის განხილვის დროს მტკიცებულებები არ გამოიკვლევა, არამედ კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და, თუ მათი ერთობლიობა ქმნის იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღებაც მოსარჩელეს სურს, საქმის განმხილველი სასამართლო გამოიტანს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.

20. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე, 201-ე, 2321 მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა საპროცესო მოქმედებები, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ ერთ-ერთ საფუძველს კი წარმოადგენს სსსკ-ის 2321 მუხლი (იხ.: სუსგ №ას-270-2023, 31 მაისი, 2023 წელი, პ.51; №ას -205-2022, 05 მაისი, 2022 წ.).

22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება, შესაბამისად, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3-მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპის რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (იხ.: სუსგ №ას-1423-2019, 28 თებერვალი, 2020 წელი).

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

24. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

25. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

26. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. კასატორი გათავისუფლებულია სახელმიწფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა