Facebook Twitter

საქმე №ას-352-2025 20 მაისი 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „M. A. G.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი აღძრა ახალციხის რაიონულ სასამართლოში შპს „M. A. G.“-ის მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „M. A. G.“-ს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ დაეკისრა 10 000 ლარის გადახდის ვალდებულება.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის საოქმო განჩინებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.

6. სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებაზე მოსარჩელის/აპელანტის წარმომადგენელმა - წარადგინა კერძო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ პროცესზე გამოცხადება ვერ შეძლო ტექნიკური შეცდომის გამო, მართალია მოსამართლის თანაშემწემ მას სატელეფონო ზარით აცნობა სააპელაციო სასამართლოში სხდომის გამართვის თარიღი თუმცა სიტყვათა მსგავსების გამო, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სხდომის გამართვის თარიღად მიიჩნია „ცხრამეტი“ და არა „ცამეტი“ თებერვალი. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, ამგვარი ტექნიკური შეცდომის არსებობას ადასტურებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წლის 19 თებერვლის Nბ15. 16250506 ბრძანება, რომელიც სწორედ შპს „M. A. G.“-ის წინააღმდეგ საქმეზე ჩანიშნულ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად წარმომადგენლისთვის მივლინების გაფორმებას მიემართება. გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ სასამართლოს თანაშემწის მოთხოვნისთანავე, აპელანტმა უზრუნველყო საქმეზე განახლებული მინდობილობის გაგზავნა, რაც ადასტურებდა მიმდინარე დავის მიმართ მერიის ინტერესს.

7. გარდა ზემოაღნიშნულისა, კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებულ საოქმო განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებასაც, რომ 2025 წლის 13 თებერვალს გამართულ სხდომაზე, სააპელაციო საჩივარი ისე დარჩა განუხილველი, რომ აპელანტის წარმომადგენელთან არ განხორციელებულა ზარი სასამართლოს მოხელის მხრიდან, იმის გამოსარკვევად თუ რატომ აგვიანებდა მხარე პროცესზე. აღნიშნული აპელანტს შესაძლებლობას მისცემდა სხდომაზე მონაწილეობა მიეღო დისტანციურად. კერძო საჩივრის ავტორი, ასევე აცხადებს, რომ სასამართლოს არ განუხორციელებია დამატებითი უწყების გაგზავნა, რაც წარმომადგენელს მიუთითებდა ტექნიკური შეცდომის არსებობის და სხდომის არა „ცხრამეტ“, არამედ „ცამეტ“ თებერვალს გამართვის შესახებ.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის განჩინებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტი, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ, სხდომაზე არ გამოცხადდა, მოწინააღმდეგე მხარემ კი - იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

13. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი განუხილველად დარჩეს.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება წარმოადგენს მხარის სასამართლოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის პროცესუალურ შედეგს და მისი გამოყენების მართლზომიერება პირდაპირ უკავშირდება საკითხს იყო თუ არა მხარე ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის მიხედვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის შესახებ და უწყება ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა ერთ-ერთ მათგანს ან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ (იხ. სუსგ. საქმე №ას-1390-2023, 30 სექტემბერი, 2024 წელი).

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის.

17. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად.

19. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2025 წლის 13 თებერვალს 11:00 საათზე. საქმის განხილვის დროისა და ადგილის, ასევე, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე შესაბამისი მითითებებით აპელანტის უფლებამოსილ წარმომადგენელს სასამართლო უწყება ჩაბარდა სატელეფონო შეტყობინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 73-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2024 წლის 30 დეკემბერს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 22). უწყების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებას არ უარყოფს კერძო საჩივრის ავტორი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის წარმომადგენელი, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ვინაიდან სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა ცნობები მხარის გამოუცხადებლობის საპატიოდ ცნობის, ასევე, საქმის განხილვის გადადების წინაპირობების შესახებ, 2025 წლის 13 თებერვლის განჩინებით მან დააკმაყოფილა შუამდგომლობა და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.

21. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებას და მიიჩნევს, რომ ტექნიკურმა შეცდომამ განაპირობა მისი გამოუცხადებლობა. კერძოდ, მხარე აცხადებს, რომ სიტყვათა მსგავსების გამო, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სხდომის გამართვის თარიღად მიიჩნია „ცხრამეტი“ და არა „ცამეტი“ თებერვალი. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, ამგვარი ტექნიკური შეცდომის არსებობას ადასტურებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წლის 19 თებერვლის Nბ15. 16250506 ბრძანება, რომელიც სწორედ შპს „M. A. G.“-ის წინააღმდეგ საქმეზე ჩანიშნულ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად წარმომადგენლისთვის მივლინების გაფორმებას მიემართება. გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ სასამართლოს თანაშემწის მოთხოვნისთანავე, აპელანტმა უზრუნველყო საქმეზე განახლებული მინდობილობის გაგზავნა, რაც ადასტურებდა მიმდინარე დავის მიმართ მერიის ინტერესს. მხარე დასძენს, რომ სააპელაციო საჩივარი ისე დარჩა განუხილველი, რომ აპელანტის წარმომადგენელთან არ განხორციელებულა ზარი სასამართლოს მოხელის მხრიდან, იმის გამოსარკვევად თუ რატომ აგვიანებდა მხარე პროცესზე. აღნიშნული აპელანტს შესაძლებლობას მისცემდა სხდომაზე მონაწილეობა მიეღო დისტანციურად.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სწორედ იმ მიზნით აწესებს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის მიზეზის შეფასების ზემოთ მოყვანილ წესს, რომ მხარეებმა საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და მხოლოდ ობიექტურად გამოუვალი მდგომარეობა იქნეს მიჩნეული დასახელებული მოვალეობების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად (იხ. საქმე №ას-455-2024, 14 ივნისი, 2024).

23. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით (იხ. საქმე №ას-183-2023, 31 მაისი, 2023 წელი). საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შეუძლებლობის საპატიო მიზეზზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის მიერ მითითებული საფუძველი სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუსგ საქმე №ას-1270-2018, 2 ნოემბერი, 2018).

24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორი, რომელიც საჯარო დაწესებულების წარმომადგენელია და სასამართლოში საჯარო ინტერესების დაცვას ახორციელებს, ფიზიკურ პირებთან მიმართებით, უფრო მაღალი პასუხისმგებლობის სტანდარტით უნდა მოქმედებდეს. საკასაციო სასამართლოს აზრით, იმ პირობებში როდესაც სასამართლო სხდომები საჯაროა, მიმდინარეობის თარიღი და კონკრეტული დრო ქვეყნდება საიტზე, მხოლოდ სხდომის თარიღის არასწორად გაგება, ვერ იქნება აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიჩნეული.

25. საკასაციო პალატა მხარეს განუმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მხარეთა თანაბარი მოპყრობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ემყარება. საკასაციო პალატა სამართალწარმოების დისპოზიციურობის, პროცესის ეკონომიურობის პრინციპებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების გათვალისწინებით განმარტავს, რომ ნებისმიერი საპროცესო მოქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იყოს მხარეთა შორის უფლება-მოვალეობათა განაწილების სამართლიანი ბალანსი. ერთი მხარის მიერ თავისი საპროცესო უფლების არამართლზომიერად გამოყენებამ არ უნდა დააბრკოლოს მოდავე მხარის უფლებების რეალიზაცია და უსაფუძვლოდ არ უნდა გააჭიანუროს პროცესი (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1412-2018, 2018 წლის 10 დეკემბერი, სუსგ Nას-29-29-2016 2016 წლის 9 მარტი).

26. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის ვერც იმ არგუმენტს, რომ მოსამართლის თანაშემწე ვალდებული იყო გამოერკვია მხარის პროცესზე დაგვიანების/გამოუცხადებლობის მიზეზი ან განმეორებითი უწყება გაეგზავნა სასამართლო სხდომის გამართვის შესახებ. როგორც ზემოთ უკვე განიმარტა, საქმის განხილვის ჩანიშვნისას სასამართლო ვალდებულია, დროულად აცნობოს მხარეს მისი თარიღი და სხდომის გამართვის ადგილი, რაც განხორცილდა კიდეც. აღნიშნული ინფორმაცია აპელანტს ჩაბარდა. ამის შემდეგ კი საქმის განხილვაზე გამოცხადება უკვე მხარის ვალდებულებაა. თუ აღნიშნულის შემაფერხებელი გარემოებები არსებობს, უშუალოდ მხარეა მოვალე, დროულად აცნობოს ისინი სასამართლოს (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-917-2024 29 ნოემბერი, 2024 წელი).

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების წინააღმდეგ ვერ წარმოადგინა დასაბუთებული შედავება, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის საოქმო განჩინება დარჩეს უცვლელად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი