საქმე №ას-163-2025 20 მაისი 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ს–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო. თ.ს–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, .........., საკადასტრო კოდი N.........და დადგინდა სს „ს.ბ–ისთვის“ უძრავი ნივთის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილი იყო ამავე სასამართლოს 2022 წლის 9 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის/აპელანტის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 4 ივლისის განჩინება.
4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები:
- 2021 წლის 15 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა თ.ს–ძის მიმართ და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა მოითხოვა. სადავო უძრავი ნივთის მისამართია ქ. თბილისი, ........., საკადასტრო კოდი N....... მოსარჩელემ ასევე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე იშუამდგომლა;
- 2022 წლის 9 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (ს. ფ. 51-60);
- მოპასუხე სასამართლოს არ დაჰკავშირებია და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის;
- სადავო უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით N........... საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე;
- მოპასუხე ფლობს უძრავ ნივთს და მას არ გააჩნია ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი წარდგენილია 2021 წლის 16 მაისს, ხოლო შესაგებელი - 2022 წლის 13 სექტემბერს. მოცემულ საქმეზე სს „ს.ბ–ის“ სარჩელი წარდგენილია 2021 წლის 15 თებერვალს, მოპასუხე მხარემ შესაგებელი წარადგინა 2021 წლის 15 მარტს. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია 2022 წლის 9 აგვისტოს. მოპასუხემ სასამართლოს საჩივრით მიმართა 2023 წლის 28 აპრილს, საჩივრის განხილვის შესახებ სხდომა დანიშნული იყო 2023 წლის 4 ივლისს. მტკიცებულებათა დართვის შესახებ განცხადებით მოპასუხემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 სექტემბერს მიმართა, თუმცა აპელანტი არ განმარტავდა, თუ რა მიზეზით ვერ განხორციელდა მისი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენა. ხსენებულის გამო, კი პალატამ მიიჩნია, რომ მხარეს შეეძლო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდე წარედგინა შუამდგომლობა მტკიცებულებათა დართვის შესახებ.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6. კასტორის მტკიცებით, არ არსებობდა არც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და არც სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები. კასატორი აცხადებს, რომ პროცესზე გამოცხადება ვერ მოახერხა შვილის ავადმყოფობის გამო, ხოლო რწმუნებულის დაქირავება ვერ შეძლო შესაბამისი ფინანსური სახსრების უქონლობის გამო. კასატორი ასევე, მიუთითებს ადმინისტრაციულ სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებთან მიმართებით და განმარტავს, რომ სასამართლომ დაარღვია თანასწორობის პრინციპი. მისი აზრით, მხარეს არ უნდა წაერთვას შესაძლებლობა, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სასამართლოს წარუდგინოს ახალი და საქმისთვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით თ.ს–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. საკასაციო პალატის შეფასების საგანია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის (მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო) შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება, კერძოდ, რამდენად მართებულად შეაფასა თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საპროცესოსამართლებრივი წინაპირობები და არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოპასუხის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. აღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას (იხ.: სუსგ №ას-152-148-2016, 3.06.2016წ.; №ას-365-2023, 30.11.2023წ.; №ას-791-2023, 21.07.2023წ.), თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნისა ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებს თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ.: სუსგ №ას-1468-1388-2017, 11.05.2018წ.; №ას-563-2023, 20.07.2023წ.).
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.
15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი. ამასთან, არ იკვეთებოდა ხსენებული მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განმაპირობებელი გარემოება. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი არცერთი გარემოება არ დადგენილა. დადგენილია მოპასუხე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ფაქტი და მიზეზის სასამართლოსათვის შეუტყობინებლობაც. დასახელებული გარემოება, თავის მხრივ, სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილების მიზეზი გახდა. ამასთან დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ მოგვიანებით გაცხადებული მიზეზი - შვილის ავადმყოფობა, ეფუძნებოდა მხოლოდ ახსნა-განმარტებებს ვინაიდან, არც პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ საჩივარს და არც სააპელაციო საჩივარს არ ერთოდა შესაბამისი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება.
16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მომწესრიგებელი ნორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლია, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი კი, განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის არგუმენტი, რომ მას არ გააჩნდა ადვოკატის ასაყვანად საკმარისი ფინანსური ხარჯები, ან ის რომ პროცესზე გამოცხადება ვერ შეძლო შვილის ავადმყოფობის გამო, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, არ ქმნის მხარის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
17. საკასაციო პალატა ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს, კასატორის არგუმენტებს, რომელიც სააპელაციო პალატის მიერ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი სარჩელის ასლისა და შპს „თ.ს.ს–ის“ მიერ 2022 წლის 13 სექტემბერს წარდგენილი შესაგებლის ასლის საქმეზე მტკიცებულების სახით დართვაზე უარს შეეხებოდა. ამ მიმართებით გასაჩივრებულ განჩინებაში სრულიად მართებულადაა აღნიშნული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი წარდგენილი იყოს 2021 წლის 16 მაისს, ხოლო შესაგებელი - 2022 წლის 13 სექტემბერს. განსახილველ საქმეზე სს „ს.ბ–ის“ სარჩელი წარდგენილი იყო 2021 წლის 15 თებერვალს, მოპასუხე მხარემ შესაგებელი წარადგინა 2021 წლის 15 მარტს. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია 2022 წლის 9 აგვისტოს. მოპასუხემ სასამართლოს საჩივრით მიმართა 2023 წლის 28 აპრილს, საჩივრის განხილვის შესახებ სხდომა დანიშნული იყო 2023 წლის 4 ივლისს. სადავო მტკიცებულებათა დართვის შესახებ განცხადებით მოპასუხემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2024 წლის 24 სექტემბერს, თუმცა აპელანტი არ განმარტავდა, თუ რა მიზეზით ვერ განხორციელდა მისი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენა. შესაბამისად, პალატა იზიარებს, გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ დასკვნას, რომლის თანახმადაც მხარეს შეეძლო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდე წარედგინა შუამდგომლობა მტკიცებულებათა დართვის შესახებ, რაც არ არღვევს მხარეთა თანასწორობის პრინციპს.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016).
19. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმ(ებ)ის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმ(ებ)ის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ.: სუსგ №ას-2-2-2017, 14.07.2017წ.), ანუ მოთხოვნის იურიდიული მართებულობა უნდა შემოწმდეს იმის მიხედვით, არის თუ არა იგი კანონიერი, შეიძლება თუ არა სასამართლოში ასეთი სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილ იქნეს და იგი დაკმაყოფილდეს კანონმდებლობის შესაბამისად (იხ.: ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა (შევსებული და გადამუშავებული), გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2015, გვ. 637).
20. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (იხ.: სუსგ №ას-914-2019, 25.07.2019წ.; Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.). განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებდა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნას.
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მხარე მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
22. კასატორმა მხარემ ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
24. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ.: სუსგ №ას-246-246-2018, 20.03.2018წ.; №ას-634-2020, 19.11.2020წ.; №ას-1274-2020, 24.12.2020წ.; №ას-292-2020, 16.12.2020წ.; №ას-759-2024, 15.10.2024წ.).
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ.ს–ძის საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. თ.ს–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს დ. ა–ის მიერ 28.02.2025წ. №26135678627 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი; შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი