Facebook Twitter

საქმე №ას-85-2025 20 მაისი 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.გ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ–ო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის წარმოების განახლება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „თ.ბ–ის“ წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.გ–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2023 წლის 23 მარტს მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებით სამოქალაქო საქმეზე სს „თ.ბ–ის“ სარჩელისა გამო, მოპასუხე ნ.გ–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, მოსარჩელე სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს „ფ–ო“.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 აპრილის განჩინებით ნ.გ–ის საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

7. ზემოაღნიშნული განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ.გ–მა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ნ.გ–ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ.გ–ის წარმომადგენელმა წარადგინა კერძო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება ხარვეზის შეუვსებლობის გამო, იყო უკანონო, ვინაიდან მხარე მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობდა, რაც სასამართლომ უმართებულოდ არ გაიზიარა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინებით, ნ.გ–ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა არ შეავსო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით, რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება არის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი, რამდენადაც იგი პირდაპირაა რეგულირებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და ემსახურება კიდეც სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიზანს. ამგვარად, საკასაციო პალატა, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული ზომა - ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, კანონიერია და კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია გარემოებები რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.

16. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ.სუსგ. №ას-1188-2024 22.11.2024წ). შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. ამავე კოდექსით დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი. საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს განსაზღვრული ვადის დაცვით, მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები (იხ. სუსგ-ები: №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2011წ.).

17. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის საფუძველზე (თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა) სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

18. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინება, არაერთხელ გაეგზავნა აპელანტ - ნ.გ–ს საქმეში არსებულ მისამართზე, (მის: თბილისი, ..........) თუმცა ვერ ჩაბარდა. სასამართლოს განჩინება ასევე გაეგზავნა მის წარმომადგენელს დ.ა–ძეს (მის: თბილისი, ...........) თუმცა ვერც მას ჩაბარდა.

19. საქმის მასალების კვლევით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შესაბამის საუბნო სამსახურს დაევალა 3 დღის ვადაში, ამავე განჩინების ასლის ჩაბარებიდან აპელანტ - ნ.გ–ს (მისამართზე: თბილისი, ...........) ჩაბარებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მასალით, კერძოდ 14.10.24 წლით დათარიღებული მისამართზე გამოცხადების ოქმით ირკვევა, რომ ადრესატის მოძიება ვერ მოხერხდა.

20. საქმეში არსებული ტელეფონის ნომერზე სასამართლო შეტყობინების შესახებ სატელეფონო აქტით (ტ.1, ს.ფ 264) დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინება ჩაბარდა აპელანტ - ნ.გ–ს პირადად 2024 წლის 13 სექტემბერს, რითაც მოხდა ინფორმირება დადგენილი ხარვეზის შესახებ.

21. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, აპელანტს ხარვეზის განჩინება ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 14 ოქტომბერს ხოლო თუ, როგორც ეს სააპელაციო პალატამ აღნიშნა, მხედველობაში იქნება მიღებული პოლიციის დავალება, მაშინ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის ათვლის დაწყება შეიძლება დაუკავშირდეს, 2024 წლის 15 ოქტომბერს, თუმცა საკასაციო პალატის აზრით, უწყების კანონით დადგენილი წესით, ჩაბარების გამო, ამის საჭიროება არ არსებობს, შესაბამისად მიიჩნევა რომ ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 2024 წლის 23 ოქტომბერს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და სასამართლოს წინაშე არც სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე შუამდგომლობა ყოფილა წარდგენილი, როგორც ამას კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი მიუთითებს, რაც პალატის აზრით, მართებულად გახდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

22. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს სტანდარტის მიხედვით, სამართალწარმოებისთვის გარკვეული საფასურის დაწესება არ არღვევს კონვენციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელიც მოიცავს სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებასაც. სასამართლოს განმარტებით, ბაჟის ოდენობა უნდა გამოანგარიშდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად მომჩივნის ფინანსური მდგომარეობისა და სამართალწარმოების ეტაპის გათვალისწინებით (Kreuz v. Poland, 19.06.2001).

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი (თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება) ითვალისწინებს.

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება; იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით, ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება;

25. განსახილველ შემთხვევაში, განჩინება ნ.გ–ს პირადად ჩაბარდა 2024 წლის 13 სექტემბერს, 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 14 სექტემბერს, ხოლო თუ როგორც ეს სააპელაციო პალატამ აღნიშნა, მხედველობაში იქნება მიღებული პოლიციის დავალება, მაშინ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის ათვლის დაწყება შეიძლება დაუკავშირდეს, 2024 წლის 15 ოქტომბერს, თუმცა საკასაციო პალატის აზრით, უწყების კანონით დადგენილი წესით, ჩაბარების გამო, ამის საჭიროება არ არსებობს. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 2024 წლის 23 ოქტომბერს, დროის ამ მონაკვეთში, აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე სახის შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსთვის, როგორც ეს კერძო საჩივარშია აღნიშნული.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ნ.გ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი