საქმე №ას-54-2025 20 მაისი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ყ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მ.ყ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 11 იანვრის, NSSA52400000006 სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა; მ.ყ–ის სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრში სოციალური აგენტის პოზიციაზე აღდგენა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება.
2. სარჩელის საფუძვლები
2.1. მოსარჩელე, 2023 წლის 2 ივნისს მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, კეთილსინდისიერად ასრულებდა შრომით მოვალეობას სოციალური აგენტის პოზიციაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრში.
2.2. მ.ყ–ს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 11 იანვრის ბრძანებით, შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, რასაც საფუძვლად დაედო საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დიზაინის, მონიტორინგისა და შეფასების სამმართველოს 2023 წლის 25 დეკემბრის N236 დასკვნა, რომელში მითითებული გარემოებებიც, მოსარჩელეს მტკიცებით, არ შეესაბამება სიმართლეს.
2.3. სარჩელის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანება, დაუსაბუთებელია, მასში მითითებული მიზეზები არ შეიძლებოდა შეფასებულიყო იმგვარ გადაცდომად, რომელიც აუცილებელს გახდიდა დასაქმებულის მიმართ ყველაზე მძიმე და უკიდურესი ღონისძიების (სამსახურიდან დათხოვნა) გამოყენებას და გამორიცხავდა მისთვის თუნდაც პასუხისმგებლობის შედარებით სხვა, უფრო მსუბუქი ღონისძიების, გამოყენების შესაძლებლობას.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3.2. მოპასუხის მითითებით, სოციალური აგენტი მ.ყ–ი მასზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდა არასათანადოდ/ვადების დარღვევით, რითაც მის მიერ 91 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2007 წლის 28 დეკემბრის N02/150 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის 3.2 პუნქტით და ამავე წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას.
3.3. მ.ყ–ი არ ითვალისწინებდა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ქცევისა და ეთიკის წესებს, როგორც სერვის ცენტრის თანამშრომლებთან, ასევე ბენეფიციარებთან ინტერვიუებისას, რომელთა უკმაყოფილებების დაფიქსირება ყოველდღიურად იზრდებოდა.
3.4. მოპასუხის მტკიცებით, ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა ქმნიდა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ლეგიტიმურ საფუძველს.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4.1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით მ.ყ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 11 იანვრის NSSA 5 24 00000006 ბრძანება – შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან (სოციალური აგენტი) მ.ყ–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მ.ყ–ი აღდგენილ იქნა პირვანდელ სამუშაო ადგილზე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრში სოციალური აგენტის პოზიციაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისრა მ.ყ–ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 484 ლარის (დარიცხული ხელფასი) ოდენობით, 12.02.2024 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენის ნაწილში მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4.2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.
5.2. სააპელაციო პალატამ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, მასზედ, რომ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის ბრძანებას არ ჰქონდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. სასამართლომ მიუთითა, რომ მ.ყ–ის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების საფუძვლად მითითებული იყო შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი - „დასაქმებულის მიერ, მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა“, რაც, დამსაქმებლის მტკიცებით, გამოიხატა - თანამშრომლებისა და მოქალაქეების მიმართ ქცევისა და ეთიკის წესების დარღვევაში, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ამავე ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების „ოჯახის დეკლარაციაში“ არასწორი/არაზუსტი მონაცემების შეყვანაში. სააპელაციო პალატის აზრით, გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული გადაცდომების სამტკიცებლად საქმის მასალებში არ ყოფილა წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები. სახელდობრ, გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული საფუძვლების სამტკიცებლად, დამსაქმებელმა წარმოადგინა მხოლოდ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ საერთაშორისო ურთიერთობების და ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის N236 დასკვნა და მოქალაქეების ი.დ–ძისა და ნ.ქ–ძის განცხადებები, რაც, სააპელაციო სასამართლოს განსჯით, შრომით სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის რეალიზების ფარგლებში, მის მიერ მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად, საკმარისი არ იყო. ამასთან, სხვა რაიმე სარწმუნო და სათანადო მტკიცებულება დამსაქმებლის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. პალატამ მიუთითა, რომ ამ მიმართებით, დამსაქმებელს შეეძლო წარმოედგინა მ.ყ–ის დარღვევების (ხარვეზების, შეცდომების) დამადასტურებელი უშუალო მტკიცებულებები, ასევე მოწმის სახით დაეკითხა უკმაყოფილო თანამშრომლები/მოქალაქეები, რაც საშუალებას მისცემდა მოსარჩელე მ.ყ–ს, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით, მოეხდინა მისი საპროცესო უფლებების რეალიზება (კერძოდ, დაესვა კითხვები მოწმეებისათვის), რაც დამსაქმებელს არ გაუკეთებია.
5.3. აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს აზრით, დარღვევების დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, სააგენტოსთვის რაიმე სახის ფინანსური ზიანის მიყენების ფაქტი არ დასტურდებოდა, რაც არ გამორიცხავდა დასაქმებულის მიმართ სხვა უფრო ნაკლებად მზღუდავი დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.
5.4. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ი.დ–ძისა და ნ.ქ–ძის განცხადებებში მითითებულ ფაქტებზე და აღნიშნა, რომ მ.ყ–ის განმარტებით, ი.დ–ძის ოჯახში ვიზიტისას, არასრულწლოვანი ბავშვების მამის თაობაზე დასმული კითხვის მიზანი იყო „ოჯახის დეკლარაციაში“ შესაბამისი გრაფის შევსება. მ.ყ–ის მტკიცებით, აღნიშნული ემსახურებოდა არასრულწლოვანი ბავშვების საჭიროებების გამოვლენას და შესაბამისად, სახელმწიფოს თანადგომის ფარგლების განსაზღვრას, რაც სავსებით ლოგიკურია. რაც შეეხება მათ განცხადებებში მითითებულ მ.ყ–ის მიერ უხეშად მიმართვის ფაქტებს, ეს გარემოებები რაიმე სახის მტკიცებულებით გამყარებული არ ყოფილა, რაც გამორიცხავდა მათი დადასტურებულად მიჩნევის შესაძლებლობას.
5.5. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო დამსაქმებლის მიერ მითითებულ სამსახურებრივ შეცდომებსა და გადაცდომებს და განმარტა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი იყო მ.ყ–ის მოხსენებითი ბარათი, რომელშიც იგი მიუთითებდა, რომ მის მიერ დაშვებული შეცდომების მიზეზი იყო ის, რომ არ იყო უზრუნველყოფილი სათანადო ტექნიკური მომსახურებით. კომპიუტერით სარგებლობის უფლება მხოლოდ განსაზღვრულ საათებში ჰქონდა და რადგან ბევრი დავალება გადაეცემოდა შესასრულებლად და თანაც დროში იყო შეზღუდული, ხდებოდა უზუსტობები, რომელსაც შემდეგ აზუსტებდნენ. ამასთან, ყოველდღიურად უწევდათ დაახლოებით 10-მდე ვიზიტის განხორციელება სხვადასხვა მისამართზე, რომელთაგან დიდი ნაწილი იყო ისეთ ადგილზე, სადაც ტრანსპორტირება გართულებული იყო, ხოლო სამსახურის მიერ ტრანსპორტით მომსახურება არ ხდებოდა და ხშირად საკუთარი სახსრებით - დაქირავებული ტრანსპორტით უწევდა გადაადგილება. ამ მიმართებით, სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დამსაქმებლის მიერ დადასტურდა, რომ მ.ყ–ის პერსონალურად სამუშაო კომპიუტერი მართლაც არ ჰქონდა გამოყოფილი და ერთ სამუშაო კომპიუტერს იყენებდა რამდენიმე დასაქმებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.ყ–ის სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, მისთვის სამსახურებრივი კომპიუტერის გარკვეული დროით გამოყოფა, შესაძლოა ყოფილიყო სწორედ იმ შეცდომების, ხარვეზების დაშვების წინაპირობა, რაზეც დამსაქმებელი მას ედავებოდა.
5.6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინება, საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით, გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
6. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
6.2. კასატორის განმარტებით, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა საპროცესო და მატერიალური საკანონმდებლო ნორმების უგულებელყოფით, არასწორად დაადგინეს მოსარჩელის მიერ ვალდებულების უხეში დარღვევის არარსებობის ფაქტი. კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეზე არ მოხდა მტკიცებულებათა სრული და ობიექტური გამოკვლევა, რის შედეგადაც საქმეზე მოპასუხის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.
6.3. კასატორი აცხადებს, რომ სოციალური აგენტი მ.ყ–ი მასზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდა არასათანადოდ/ვადების დარღვევით, კერძოდ, მის მიერ 91 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2007 წლის 28 დეკემბრის N02/150 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის 3.2 პუნქტით და ამავე წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას.
6.4. მისივე მტკიცებით, 2023 წლის 30 ნოემბერს NSSA 1280269 წერილით, მ.ყ–ისათვის გაგზავნილი იქნა შეტყობინება სავარაუდო სამსახურებრივი დისციპლინური გადაცდომის თაობაზე დასაბუთებული ეჭვის საფუძველზე დაწყებული დისციპლინური წარმოების თაობაზე, რომელშიც განმარტებული იყო „სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოში „დისციპლინური წარმოების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 15 აპრილის N04-60/ო ბრძანების დანართი N1 დამტკიცებული „დისციპლინური წარმოების წესის“ მე-8 მუხლით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის უფლებები. მ.ყ–ის მიერ არ იქნა წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაცია.
6.5. მოსარჩლესთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის ჩადენის გამო, რაც გამოიკვეთა 2023 წლის 25 დეკემბრის დისციპლინური წარმოების შესახებ N236 დასკვნით. შესწავლის მიზეზი გახდა სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის თანამშრომელთა ერთობლივი განცხადება (დოკ. NSSA 6 23 01004706 25.09.2023წ) რომელიც ეხებოდა ამავე სერვის ცენტრში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული უფლებამოსილი პირის (სოციალური აგენტი) მ.ყ–ის სამსახურებრივ საქმიანობას, კერძოდ: განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 2023 წლის აპრილის თვიდან მ.ყ–ი სამტრედიის სერვის ცენტრში დასაქმდა სოციალური აგენტის პოზიციაზე, რომელიც სამსახურის დაწყებისთანავე უკმაყოფილებას გამოთქვამდა სამუშაო პირობებზე და გარემოზე, ასევე ზოგიერთი თანამშრომლის მიმართ (სერვის ცენტრის უფროსი, მთავარი სპეციალისტი და სერვის ცენტრზე მიმაგრებული მძღოლი) ჰქონდა გარკვეული უთანხმოება. სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრის თანამშრომლები ერთობლივ განცხადებაში ასვე აღნიშნავენ, რომ სოციალური აგენტი მ.ყ–ი თანამშრომლებს მუდმივად მიმართავდა მუქარისა და შანტაჟის ფორმით, მუდმივად აჟღერებდა ფრაზებს „თქვენი სამსახურიდან წასვლის საკითხს დავაყენებ“; „ვოცნებობ შენს თანამდებობაზე“; სადაც საჭიროა იქ დავაფიქსირებ“. და ა.შ; ასევე სოციალური აგენტი მ.ყ–ი შეურაცხმყოფელი ფრაზებით იხსენიებდა ჯანდაცვის სისტემას, სერვის ცენტრს, რომელსაც უწოდებდა „კანტორას“; ჯოგთა პარადს“; „ჩლუნგების პარადს“; „სამსახურში ყოფნას ადარებდა ცირკში ყოფნას“. კასატორის მტკიცებით, სოციალური აგენტი მ.ყ–ი არ ითვალისწინებდა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ქცევისა და ეთიკის წესებს, როგორც სერვის ცენტრის თანამშრომლებთან ასევე, ბენეფიციარებთან ინტერვიუებისას, რომელთა უკმაყოფილებების დაფიქსირება ყოველდღიურად იზრდებოდა.
6.6. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა უგულებელყვეს გასაჩივრებული აქტით წარმოდგენილი სადავო გარემოებების მნიშვნელობა, დასაქმებულის მიერ შესასრულებელი სამუშაოს როლი და მის მიერ შესასრულებელი შედეგის, როგორც საზოგადოებრივი, ასევე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. ამასთან კასატორი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ისე მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რომ გასაჩივრებული განჩინების არცერთ ნაწილში არ არის ყურადღება გამახვილებული იმაზე, თუ რა გადაუდებელი ზიანი შეიძლებოდა მისდგომოდა დასაქმებულს, ასევე არ იქნა გათვალისწინებული მოდავე მხარეთა ინტერესების პროპორციულობა.
6.7. კასატორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დასაქმებულის ქცევას, როგორც თანამშრომლებთან, ასევე ბენეფიციარებთან და კვლავაც მიიჩნევს, რომ დისციპლინური წარმოების შესახებ N236 დასკვნაში მითითებული გადაცდომები ქმნიდა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს. ამ მოსაზრებას კასატორი აყრდნობს სოციალური მომსახურების სააგენტოს მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ფუნქციას და განმარტავს, რომ საქმის ზეპირი განხილვის დროს არ ყოფილა ინდივიდუალურად განხილული და შეფასებული საქმეში არსებული დისციპლინურ გადაცდომად მიჩნეული გარემოებების ხასიათი, შინაარსი და სიმძიმე, რამაც განაპირობა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება. კასატორის მტკიცებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის სამსახურებრივი ფუნქციები მოიცავდა ისეთ ოჯახებთან სამუშაო პროცესს, რომლებზეც ზრუნვა სახელმწიფოს გაცხადებული პრიორიტეტია და მათთან დაკავშირებული ნებისმიერი უკანონო მოქმედება აზიანებს, როგორც საზოგადოების, ასევე სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის განხორციელების ინტერესებს, მათ შორის შესაძლებელია ადამიანებში აღვივებდეს ნიჰილიზმის განცდას, მნიშვნელოვანია სააგენტოს თანამშრომელი არსებითად ყურადღებით ეკიდებოდეს ამგვარი შინაარსის ფუნქციების განხორციელებას, მ.ყ–ის მიერ კი, მისი სამსახურებრივი მოვალეობები ხშირად ირღვეოდა.
6.8. კასატორის მტკიცებით, დამსაქმებელმა სასამართლოს წარუდგინა ახსნა-განმარტება ჩატარებული წარმოებისა და მიღებული შედეგების შესახებ, სადაც დეტალურად იყო მითითებული დამსაქმებლის მიერ განხორციელებული გადაცდომები, მათ შორის მ.ყ–ის ოჯახის მიერ, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევა, რაც გამოიხატა მისი ოჯახის მხრიდან სააგენტოსთვის დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლის შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობაში, რის გამოც მათ გაუუქმდათ რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში და მომდევნო 1 წლის განმავლობაში აეკრძალათ ახალი რეგისტრაციის განხორციელება.
6.9. კასატორი მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებას საქმეზე N416-399-2016 და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება დადგენილ პრაქტიკას.
6.10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. შესაბამისად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- 2023 წლის 30 მარტს, მ.ყ–სა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ასრულებდა შრომით მოვალეობას სოციალური აგენტის პოზიციაზე – სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრში. ხელშეკრულება მოქმედებდა 2023 წლის 30 ივნისამდე. ამავე წლის 2 ივნისს, მხარეებს შორის გაფორმდა ახალი შრომითი ხელშეკრულება იმავე პირობებით და ვადით (იხ. ს.ფ. 15-19, 69-73; პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების 4.1.1 პუნქტი);
- 2023 წლის 5 ივლისს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მ.ყ–ს შორის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 5 ივლისის NSSA 2 23 00000484 ბრძანების საფუძველზე, გაფორმდა შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმება, რომლის თანახმად შრომითი ხელშეკრულება დაიდო უვადოდ;
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვისცენტრის უფროსს 06.08.2023წ. განცხადებით მიმართა მოქალაქე ი.დ–ძემ და მიუთითა, რომ - 2023 წლის 4 აგვისტოს მის ოჯახში ვიზიტი განახორციელა სოციალურმა აგენტმა მ.ყ–მა. ვიზიტისას სოციალური აგენტი მ.ყ–ი გამოირჩეოდა აგრესიით და უხეშობით, კერძოდ, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ი.დ–ძე არის მრავალშვილიანი (ექვსი შვილი) დედა, მისი მეუღლის თანდასწრებით, იგი დაინტერესდა ყველა შვილს ჰყავდა თუ არა ერთი და იგივე ბიოლოგიური მამა, რაც, როგორც მისთვის, ასევე მეუღლისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. აღნიშნულის გამო, მოქალაქე ი.დ–ძე გამოთქვამდა უკმაყოფილებას და ითხოვდა შესაბამის რეაგირებას (იხ. ს.ფ. 74);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვისცენტრის უფროსს 21.09.2023წ. განცხადებით მიმართა მოქალაქე ნ.ქ–ძემ და მიუთითა, რომ - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია სამ შვილთან ერთად და სარგებლობს ფულადი საარსებო შემწეობით. მისამართის ცვლილების გამო, განხორციელდა მისი ოჯახის განმეორებითი შეფასება. მინიჭებული ქულების შესაბამისად, მოიპოვა უფლება ფულადი სოციალური დახმარების სარგებლობის. დახმარების დანიშვნის მიზნით, სოციალური აგენტი მ.ყ–ი დაუკავშირდა ტელეფონით და შეუთანხმდა სერვის ცენტრში შეხვედრაზე. თუმცა, იმის შემდეგ, რაც მოქალაქე ნ.ქ–ძემ განუმარტა, რომ ვერ შეძლებდა სერვის ცენტრში მისვლას და დაუფიქსირა, რომ არსებული კანონით თავად უნდა განეხორციელებინა მის ოჯახში ვიზიტი, სოციალური აგენტი გახდა აგრესიული და ხმამაღალი სიტყვით მიმართა „თუ არ გინდათ ხელის მოწერა, ეგ თქვენი გადასაწყვეტიაო“ და დაემშვიდობა. აღნიშნულის გამო, მოქალაქე ნ.ქ–ძე გამოთქვამდა უკმაყოფილებას და ითხოვდა შესაბამის რეაგირებას (იხ. ს.ფ. 91);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 11 იანვრის ბრძანებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის სერვის ცენტრში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს (სოციალურ აგენტს) მ.ყ–ს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა) შესაბამისად, რასაც საფუძვლად დაედო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების და ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის N236 დასკვნით გამოვლენილი ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა.
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების და ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის N236 დასკვნის თანახმად, მ.ყ–ის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1) სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განსაზღვრული ქცევისა და ეთიკის წესების დარღვევა, როგორც სერვის ცენტრის თანამშრომლებთან, ასევე ბენეფიციარებთან ინტერვიუებისას, რომელთა უკმაყოფილებების დაფიქსირება ყოველდღიურად იზრდებოდა. ასეთები იყვნენ მოქალაქეები ი.დ–ძე და ნ.ქ–ძე, რომლებმაც განცხადებებით მიმართეს სააგენტოს; 2) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრის მ.ყ–ის მიერ დარღვეული იქნა „ოჯახის დეკლარაციის“ (17.02.2020წ.) შევსების შემდგომ პერიოდში არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. მისმა ოჯახმა არ აცნობა სააგენტოს ოჯახის დემოგრაფიული ცვლილების შესახებ. აღნიშნულის გამო, შემდგომში მოქალაქე მ.ყ–ის ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში; 3) სოციალური აგენტი მ.ყ–ი მასზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდა არასათანადოდ/ვადების დარღვევით; 4) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების „ოჯახის დეკლარაციაში“ დაფიქსირებული იყო არასწორი მონაცემები. ასევე „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული/რეგისტრაციის მაძიებელი ოჯახების შესახებ ინფორმაციის დამუშავებაზე რეაგირება არ იყო განხორციელებული ან/და სამუშაო დაგვიანებით იქნა შესრულებული. 84 დეკლარაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სოციალური აგენტის მ.ყ–ის მიერ ყველა - 84 შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2007 წლის 28 დეკემბრის N02/150 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის 3.2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, რამაც ერთ შემთხვევაში გამოიწვია ოჯახისათვის ფინანსური ზიანის მიყენება 400 ლარის ოდენობით (თუმცა, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ ოჯახს ეს თანხა მოგვიანებით აუნაზღაურდა) (იხ. ს.ფ. 44-53);
- საქმეში წარმოდგენილი მ.ყ–ის მოხსენებითი ბარათების თანახმად, მის მიერ დაშვებული შეცდომების მიზეზი იყო ის, რომ არ იყო უზრუნველყოფილი სათანადო ტექნიკური მომსახურებით. კომპიუტერით სარგებლობის უფლება მხოლოდ განსაზღვრულ საათებში ჰქონდა და რადგან ბევრი დავალება გადაეცემოდა შესასრულებლად და თანაც დროში იყო შეზღუდული, ხდებოდა უზუსტობები, რომელსაც შემდეგ აზუსტებდნენ. ამასთან, ყოველდღიურად უწევდათ დაახლოებით 10-მდე ვიზიტის განხორციელება სხვადასხვა მისამართზე, რომელთაგან დიდი ნაწილი იყო ისეთ ადგილზე, სადაც ტრანსპორტირება გართულებული იყო, ხოლო სამსახურის მიერ ტრანსპორტით მომსახურება არ ხდებოდა და ხშირად საკუთარი სახსრებით - დაქირავებული ტრანსპორტით უწევდა გადაადგილება (იხ. ს.ფ. 76-77);
- მ.ყ–ის მიერ მისი სამუშაოდან გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური აგენტის პოზიცია სამტრედიის სერვის ცენტრში - გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დროისათვის ვაკანტური იყო და მისი თანამდებობრივი სარგოს ოდენობა შეადგენდა 484 ლარს (იხ. ს.ფ. 185).
13. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი (სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), 58-ე (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.
14. განსახილველ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერების დადგენა დამოკიდებულია მოპასუხის მხრიდან დამაჯერებელი არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენაზე, რომლითაც ის დაამტკიცებს, რომ მოსარჩელემ სამსახურებრივი მოვალეობა ნამდვილად უხეშად დაარღვია, რადგანაც, საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში.
15. ამრიგად, მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ-ები N ას-416-399-16, 2016 წლის 29 ივნისის განჩინება; Nას-812-779-2016, 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინება; Nას-1276-1216-2014, 2015 წლის 18 მარტის განჩინება; Nას-483-457-2015, 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინება). საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების თანახმად, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული აღნიშნული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების კანონიერების შეფასებისას, არის პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი პროპორციული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება (იხ. სუსგ საქმე №ას-106-101-2014, 02 ოქტომბერი, 2014 წელი; №ას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი).
16. დამსაქმებელმა მოსარჩელე სამსახურიდან გაათავისუფლა დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის საფუძველზე, რაც მოპასუხის მტკიცებით, თანამშრომლებისა და მოქალაქეების მიმართ ქცევისა და ეთიკის წესების დარღვევაში, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ამავე ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების „ოჯახის დეკლარაციაში“ არასწორი/არაზუსტი მონაცემების შეყვანაში გამოიხატა, ეს კი, მისი მოსაზრებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მძიმე ზომის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია.
17. გათავისუფლების კანონიერების საკითხის გამოკვლევისას, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ერთობლიობაში შეაფასოს საქმეზე დადგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოება, მათ შორის, დასაქმებულის პოზიცია, ფუნქციები, ჩადენილი დარღვევის შემადგენლობა და შედეგები. საკასაციო სასამართლო თანმიმდევრულად გაამახვილებს ყურადღებას ყველა იმ გარემოებაზე, რაც მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას დაედო საფუძვლად. კერძოდ, როგორც გათავისუფლების ბრძანებაში, ასევე საკასაციო საჩივარშიც, ვრცლად არის აღწერილი გარკვეული სამსახურებრივი გადაცდომები, თუმცა საგულისხმოა, რომ ამ გადაცდომების მ.ყ–ის მიერ ჩადენის ფაქტი, გარდა 2023 წლის 25 დეკემბრის N236 დასკვნისა, სხვა რელევანტური და განკუთვნადი მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის. ნიშანდობლივია ასევე ისიც, რომ საქმის მასალებით ვერ დგინდება დასაქმებულის მიერ ჩადენილი სამსახურებრივი გადაცდომების ხარისხი. ლოგიკურია დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყველა უზუსტობა შედეგობრივად თუ მისი შინაარსის გათვალისწინებით არ არის იმგვარი ხასიათიც, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნეს ყველაზე ხისტი ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება. შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც დასაქმებული საკასაციო საჩივარში მხოლოდ შაბლონურად აღწერს გარკვეულ გადაცდომებს და არ მიუთითებს მათ შედეგებზე, ხარისხზე თუ მათ შინაარსზე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს დასაქმებულის მიერ ჩადენილ გადაცდომის ხარისხზე და შეაფასოს გამოყენებულ ყველაზე მძიმე დისციპლინურ სახდელსა და დაშვებულ შეცდომებს შორის პროპორციულობა. აღნიშნული მსჯელობა განსაკუთრებით რელევანტურია იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მიუთითებდა და დასაქმებულიც ადასტურებდა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ტექნიკური ბაზა, დასაქმებულებს არ ჰქონდათ მიწოდებული შეუზღუდავად და მათი დაშვება კომპიუტერებთან იყო შეზღუდული. ამ პირობებში, კასატორს არ მიუთითებია, თუ რამდენად შეიძლებოდა დაშვებული შეცდომები გამოწვეული ყოფილიყო დასაქმებულების მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან შეზღუდული დაშვების გამო, ასევე არ მიუთითებია ამგვარი შეზღუდვის პირობებში ხომ არ ხდებოდა დასაქმებულებისთვის გადაცემული დავალების პროპორციულად შემცირება, რათა მათი ხარისხიანი შესრულება მომხდარიყო, ასევე არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმავე მდგომარეობაში მყოფი სხვა დასაქმებულების მიერ, იდენტური სამუშაოს განსხვავებულად (უშეცდომოდ) განხორციელების ფაქტს. საკასაციო პალატის აზრით, გათავისუფლების ბრძანებაში მითითებულ გადაცდომებსა და მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ დისციპლინურ ზომას შორის არაპროპორციულ კავშირზე ასევე მიუთითებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის განვითარების ქრონოლოგიაც. სახელდობრ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ 2023 წლის 30 მარტს, მ.ყ–სა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, ხელშეკრულება მოქმედებდა 2023 წლის 30 ივნისამდე. ამავე წლის 2 ივნისს, ანუ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, მხარეებს შორის გაფორმდა ახალი შრომითი ხელშეკრულება იმავე პირობებით და ვადით (იხ. ს.ფ. 15-19, 69-73; პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების 4.1.1 პუნქტი), 2023 წლის 5 ივლისს კი, ვადიანი ხელშეკრულების დაწყებიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში, მოდავე მხარეთა შორის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 5 ივლისის NSSA 2 23 00000484 ბრძანების საფუძველზე, გაფორმდა შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმება, რომლის თანახმად შრომითი ხელშეკრულება დაიდო უვადოდ (იხ. ს.ფ. 20; პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების 4.1.2 პუნქტი). მოხმობილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივარში ვრცლად აღწერილი გადაცდომების ურთიერთშეჯერების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ აღწერილი დარღვევების ხასიათი არ იძლევა იმგვარი დაშვების შესაძლებლობას, რომ გადაცდომები მოკლევადიანი იყო, ამიტომ, იმ პირობებში თუ დასაქმებული სისტემატურად არღვევდა და არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ შრომით ვალდებულებებს, პალატისთვის გაუგებრად რჩება, რამ გამოიწვია ვადიანი შრომითი ხელშეკრულების, დასაქმებულის ინიციატივით, ვადაზე ადრე, უვადო ხელშეკრულებით ჩანაცვლება.
18. რაც შეეხება გათავისუფლების ბრძანებაში ასახულ მეორე საფუძველს, რომელიც ბენეფიციართა პრეტენზიას მიემართება, ამ მხრივ საგულისხმოა დასაქმებულის ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, ი.დ–ძის ოჯახში ვიზიტისას, არასრულწლოვანი ბავშვების მამის თაობაზე მისი კითხვის მიზანი იყო „ოჯახის დეკლარაციაში“ შესაბამისი გრაფის შევსება. მისივე მტკიცებით, აღნიშნული ემსახურებოდა არასრულწლოვანი ბავშვების საჭიროებების გამოვლენასა და შესაბამისად, სახელმწიფოს თანადგომის ფარგლების განსაზღვრას, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით არ გაუქარწყლებია დამსაქმებელს. რაც შეეხება ბენეფიციართა განცხადებებში მითითებულ მ.ყ–ის მიერ უხეშად მიმართვის ფაქტებს, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, მასზედ, რომ ეს გარემოებები რაიმე სხვა სახის მტკიცებულებით გამყარებული არ არის, რაც გამორიცხავს მათი დადასტურებულად მიჩნევის შესაძლებლობას.
19. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაპყრობს გათავისუფლების ბრძანებაში მითითებულ სხვა საფუძველსაც, რომლის თანახმადაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრის მ.ყ–ის მიერ დარღვეული იქნა „ოჯახის დეკლარაციის“ (17.02.2020წ.) შევსების შემდგომ პერიოდში არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. მისმა ოჯახმა არ აცნობა სააგენტოს ოჯახის დემოგრაფიული ცვლილების შესახებ. აღნიშნულის გამო, შემდგომში მოქალაქე მ.ყ–ის ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. ამ მიმართებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ამოწმებს რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი). ამდენად, ასეთ დროს, სასამართლო იკვლევს მხოლოდ გათავისუფლების ბრძანებაში მითითებულ საფუძველს და ვერ იმსჯელებს საკითხზე, ხომ არ არსებობდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სხვა რაიმე წინაპირობა (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-573-2021 21 ივნისი, 2022 წელი, პ.13; №ას-660-2020 11 მარტი, 2022 წელი), თუნდაც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სხვა საფუძვლები იკვეთებოდეს. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან დასაქმებული სამსახურიდან მასზე დაკისრებული შრომითი ვალდებულებების უხეში დარღვევის მოტივით გათავისუფლდა, ბრძანების კანონიერებაზე გავლენა ვერ ექნება მ.ყ–ისა თუ მისი ოჯახის მხრიდან „ოჯახის დეკლარაციის“ (17.02.2020წ.) არასწორად შევსების ფაქტს.
20. საკასაციო პალატა, ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კრიტიკასაც, ვინაიდან კასატორმა გადაწყვეტილების ეს ნაწილი გაასაჩივრა კანონით დადგენილი წესით - კერძო საჩივრით, რაზეც იმსჯელა კიდეც ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საკასაციო საჩივრით მხოლოდ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ოქტომბრის ძირითადი განჩინებაა გასაჩივრებული, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარში მოხმობილ ამ შედავებასაც დაუსაბუთებლად მიიჩნევს.
21. საქმეში არსებული მტკიცებულებების სრული, ყოველმხრივი და ობიექტური შეფასების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ, რომელსაც კანონი აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობის დადასტურების მტკიცების ტვირთს, ვერ შეძლო ამგვარი უხეში დარღვევის ჩადენის ფაქტის სათანადო დასაბუთება (შდრ. იხ. სუსგ #ას-151-147-2016, 19.04.2016წ.; #ას-483-457-2015, 7.10.2015წ.; #ას-1276-1216-2014, 18.03.2015წ.). საკასაციო პალატის ის განჩინება კი, რომელსაც თავად კასატორი მოიხმობს (ას-416-399-2016) განსახილველი დავისგან აბსოლუტურად განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება და ამ საქმეშიც დასაქმებულის სასიკეთო სამართლებრივი შედეგია დამდგარი.
22. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საქმის განხილვაზე.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 04/02/2025წ. №02172 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი