საქმე №ას-1158-2022 7 მარტი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.ტ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ა.გ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ცვლილებების რეგისტრაცია
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ.ტ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ა.გ–ის მიმართ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ცვლილებების რეგისტრაციის მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2017 წლის 6 დეკემბერს, გ.ტ–ძემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა შპს „დ“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ - საწარმოს დირექტორად გ.ტ–ძის დარეგისტრირება.
2.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა სარეგისტრაციო წარმოებაზე, ხოლო 2018 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოსარჩელეს უარი უთხრა ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, ბ.ქ–ს აკრძალული აქვს შპს „დ“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში (საჯარო რეესტრში, ასევე სამეწარმეო რეესტრში და სახელმწიფოს სხვა ორგანოებში) რაიმე სახის ცვლილების ან/და დამატების წარდგენის ან/და რეგისტრაციის განხორციელების უფლება, ხოლო პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელებას ითხოვს, მიღებულია სწორედ ბ.ქ–ის მიერ.
2.3. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ საჯარო რეესტრის უარი მოსარჩელის საწარმოს დირექტორად რეგისტრაციაზე იყო უკანონო, რადგან ბ.ქ–ს სასამართლოს გადაწყვეტილებით არ შეჩერებია საწარმოს პარტნიორის უფლებამოსილება, შესაბამისად, იგი უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილებები, რომელთა შესაბამისი ცვლილების რეგისტრაციაზე უარის თქმის უფლება საჯარო რეესტრს არ ჰქონდა.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, ბ.ქ–ს არ ჰქონდა მოთხოვნილი ცვლილებების განხორციელების უფლება, რის გამოც სარჩელი დაუსაბუთებელია.
3.2. მოპასუხე ა.გ–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინების გათვალისწინებით, ბ.ქ–ს აკრძალული აქვს შპს „დ“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში (საჯარო რეესტრში, ასევე სამეწარმეო რეესტრში და სახელმწიფოს სხვა ორგანოებში) რაიმე სახის ცვლილების ან/და დამატების წარდგენის ან/და რეგისტრაციის განხორციელება, რის გამოც საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში ბ.ქ–ის გადაწყვეტილების საფუძველზე სადავო ცვლილების განხორციელება დაუშვებელია.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ.ტ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4.2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გ.ტ–ძემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება.
5.2. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი გარემოებები და მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, ბ.ქ–ს აეკრძალა შპს „დ“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში (საჯარო რეესტრში, ასევე სამეწარმეო რეესტრში და სახელმწიფოს სხვა ორგანოებში) რაიმე სახის ცვლილების ან/და დამატების წარდგენის ან/და რეგისტრაციის განხორციელება. ასევე, შპს „დ“-ის პარტნიორთა კრების ოქმით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში სადავო ცვლილების რეგისტრაციას ითხოვდა, მიღებულია ბ.ქ–ის მიერ, ხოლო საჯარო რეესტრის უარი სადავო ცვლილების რეგისტრაციაზე განპირობებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის ზემოაღნიშნული განჩინებით, ბ.ქ–ის მიმართ დადგენილი შეზღუდვის გათვალისწინებით.
5.3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან ბ.ქ–ს შეზღუდული არა ჰქონდა საწარმოს პარტნიორის უფლებამოსილება, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარებოდა. პალატის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, გათვალისწინებული შეზღუდვა ვრცელდება ბ.ქ–ის მიერ რეგისტრაციასავალდებულო გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილებაზე. საწარმოს ახალი დირექტორის დანიშვნა კი, სწორედ რეგისტრაციასავალდებულო გადაწყვეტილებათა რიცხვს განეკუთვნება, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
5.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ივლისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა გ.ტ–ძემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორის მტკიცებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, ბ.ქ–ს აეკრძალა მხოლოდ საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში რაიმე სახის ცვლილებების ან დამატებების შეტანა და არა საწარმოს პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელება, ამიტომ არასწორია ამ გადაწყვეტილების იმგვარი განმარტება, რომ ბ.ქ–ს არ შეეძლო მიეღო სხვადასხვა გადაწყვეტილებები, როგორც პარტნიორს, თუნდაც დაენიშნა დირექტორი.
6.3. კასატორი აცხადებს, რომ შპს „დ“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში რაიმე ცვლილების ან/და დამატების წარდგენის აკრძალვა, წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რომლის შინაარსს და ფორმას ირჩევს მოსარჩელე. კასატორი მიიჩნევს, რომ ამ ღონისძიების სასამართლოს მიერ ფართოდ განმარტება სახიფათოა და მოსარჩელის ინტერესების გადაჭარბებული დაცვას ემსახურება.
6.4. კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების ამგვარი განმარტება, ქმნის ისეთ მიდგომას თითქოს უზრუნველყოფის ღონისძიების განმარტება სასამართლოს ძალიან ფართოდ შეუძლია, ასეთ შესაძლებლობას კი არცერთი ნორმატიული აქტი ან კანონი არ ითვალისწინებს.
6.5. კასატორი განმარტავს, რომ გადაწყვეტილება, რომლის რეგისტრაციაზეც საჯარო რეესტრმა უარი განაცხადა, აუცილებელია საწარმოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ა.გ–ი, წლების განმავლობაში ასაიდუმლოებდა კომპანიის ბრუნვის შესახებ ინფორმაციას, კომპანია გადაიყვანა ნაღდ ანგარიშსწორებაზე, არ ანაწილებდა დივიდენდს და არაერთი სხვა ქმედებით ზიანს აყენებდა ბ.ქ–ისა და საწარმოს ინტერესს. სწორედ ამიტომ, განმეორებით ჩატარებულ პარტნიორთა კრებაზე კასატორმა მიიღო დირექტორის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება, რაც იყო სრულიად კანონიერი და აუცილებელი. კასატორი ამტკიცებს, რომ რადგან მისთვის სასამართლოს არ შეუწყვეტია პარტნიორის უფლებამოსილება, ამიტომ საჯარო რეესტრის უარი გ.ტ–ძის დირექტორად რეგისტრაციის შესახებ უკანონოა, რაც უნდა გახდეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
6.6. გ.ტ–ძის, საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
11. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ივლისის განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის უარი სადავო ცვლილების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ იყო კანონიერი. კასატორის უმთავრესი პრეტენზია მიემართება იმ საკითხს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ ძალიან ფართოდ განმარტა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინება, რომლის ძალითაც ბ.ქ–ს აეკრძალა შპს „დ“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში (საჯარო რეესტრში, ასევე სამეწარმეო რეესტრში და სახელმწიფოს სხვა ორგანოებში) რაიმე სახის ცვლილებების ან/და დამატებების წარდგენის ან/და რეგისტრაციის განხორციელება. კასატორს მიაჩნია, რომ მის მიერ საწარმოს დირექტორად გ.ტ–ძის დანიშვნა გამომდინარეობდა საწარმოს ინტერესებიდან და რომ უკანონოდ შეეზღუდა პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა. ამასთან ხაზგასასმელია, რომ საქმეზე სადავოდ არაა გამხდარი პარტნიორთა კრების ჩატარებისა და ამ კრებაზე სადავო გადაწყვეტილების მიღების კანონიერების საკითხი, რის გამოც პალატა მოკლებულია შესაძლებლობას ხსენებული ქმედებები სამართლებრივად შეაფასოს.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. შესაბამისად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- შპს „დ...“ რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში 2000 წლის 12 იანვრიდან, საიდენტიფიკაციო ნომრით ........ საწარმოს პარტნიორები არიან საწარმოს საწესდებო კაპიტალის 50%-იანი წილის მესაკუთრე ბ.ქ–ი და საწარმოს საწესდებო კაპიტალის 50%-იანი წილის მესაკუთრე ა.გ–ი. საწარმოს დირექტორია ა.გ–ი (ტომი I, ს.ფ. 209-212);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, ბ.ქ–ს აეკრძალა შპს „დ“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში (საჯარო რეესტრში, ასევე სამეწარმეო რეესტრში და სახელმწიფოს სხვა ორგანოებში) რაიმე სახის ცვლილებების ან/და დამატებების წარდგენის ან/და რეგისტრაციის განხორციელება. ამავე განჩინებით, შპს „დ...“-ის განცხადება ბ.ქ–ისათვის საზოგადოების პარტნიორის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2015 წლის 29 დეკემბერს მიღებული განჩინების შესაბამისად, 2015 წლის 30 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებში რეგისტრირებულია შესაბამისი შეზღუდვა (ტომი I, ს.ფ. 160-166, 209-212);
- 2017 წლის 4 დეკემბრის შპს „დ“-ის პარტნიორთა კრების ოქმით დადგენილია, რომ საზოგადოების პარტნიორმა ბ.ქ–მა მიიღო გადაწყვეტილება შპს „დ“-ის დირექტორის თანამდებობიდან ა.გ–ის გათავისუფლებისა და საწარმოს დირექტორად გ.ტ–ძის დანიშვნის შესახებ (ტომი I, ს.ფ. 28-33);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.ტ–ძეს უარი ეთქვა შპს „დ“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილების განხორციელებაზე (გ.ტ–ძის საწარმოს დირექტორად რეგისტრაციაზე). საჯარო რეესტრის უარს საფუძვლად დაედო რეესტრში რეგისტრირებული აკრძალვა, რომლითაც შპს „დ“-ის პარტნიორს ბ.ქ–ს აკრძალული ჰქონდა საზოგადოების რეგისტრირებულ მონაცემებში რაიმე სახის ცვლილების ან/და დამატების წარდგენის ან/და რეგისტრაციის განხორციელება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით, გ.ტ–ძეს იგივე საფუძვლით უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზეც (ტომი I, ს.ფ. 157-158, 175-178).
14. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით გათვალისწინებული შეზღუდვა ვრცელდება ბ.ქ–ის მიერ მიღებულ ყველა რეგისტრაციასავალდებულო გადაწყვეტილებაზე, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უარი ცვლილების დარეგისტრირებაზე კანონიერია.
15. „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო ვალდებულია რეგისტრაციის საკითხზე სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის, ხარვეზის დადგენის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო საამისო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება ან განუხილველი დატოვოს განცხადება.
16. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილებების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის 23-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციაზე უარის თქმას.
17. როგორც აღინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, ბ.ქ–ს აეკრძალა შპს „დ“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში (საჯარო რეესტრში, ასევე სამეწარმეო რეესტრში და სახელმწიფოს სხვა ორგანოებში) რაიმე სახის ცვლილებების ან/და დამატებების წარდგენის ან/და რეგისტრაციის განხორციელება. სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ შპს „დ...“-ის განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილებას და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, საფუძვლად დაედო ბ.ქ–ის შესაძლო არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის რისკი, კერძოდ, არსებობდა საშიშროება, რომ იგი მოტყუებით დაირეგისტრირებდა თავს საწარმოს დირექტორად, გადამალავდა ან უმიზნოდ განკარგავდა საწარმოს ფინანსებს, რაც საწარმოს მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებდა. მართალია ამავე განჩინებით განცხადება მოპასუხისთვის საზოგადოების პარტნიორის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, თუმცა საკასაციო პალატის განსჯით, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ბ.ქ–ს უფლება აქვს, საწარმოს პარტნიორის საფარველქვეშ, გვერდი აუაროს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და ალტერნატიული ქმედებით დაარღვიოს მოწინააღმდეგე მხარის ის ლეგიტიმური ინტერესი, რომლის დაცვაც სასამართლოს განჩინებით მოხდა, კერძოდ, კასატორის მიერ დანიშნული დირექტორი - გ.ტ–ძე, საწარმოში სწორედ იმ ქმედებების განხორციელების რისკს ატარებს, რისი პრევენციაც სააპელაციო პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით მოხდა.
16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებს ადგენს რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი (მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე), იგი წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის დროებით და ეფექტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობის მიზანს ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე სახეზეა მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა. იქიდან გამომდინარე, რომ კასატორს სასამართლოს წინაშე არ წარუდგენია რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით დაცული კანონიერი ინტერესი აღარ არსებობს (ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობის არარსებობას), ამიტომ, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სრულიად მართებულად აქვს შეფასებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გამოყენებული აღსრულების უზრუნველყოფის შინაარსი, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების შეცვლის კანონიერი საფუძვლები.
17. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
18. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მხარეს უარი უნდა ეთქვას საქმის განხილვაზე.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.ტ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ.ტ–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ბ. რ–ის მიერ 08/09/2022წ. №1662643767 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი