Facebook Twitter

საქმე №ას-33-2023 15 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები/მოწინააღმდეგე მხარე – შპს ს.ს.წ.ი. ა.ს.ს.ც–ი“, დ.ლ–ძე, ხ.ხ–ძე (მოპასუხეები)

საკასაციო საჩივრის ავტორი/მოწინააღმდეგე მხარე – ე.უ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ე.უ–ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, შპს ს.ს.წ.ი. და ა.ს.ს.ც–ის“, დ.ლ–ძისა და ხ.ხ–ძის წინააღმდეგ, მოითხოვა ზიანის ანაზღაურება, სოლიდარულად 18 000 ლარი და მორალური ზიანის ანაზღაურება - 5000 ლარი.

2. მოპასუხეთა პოზიცია

2.1. მოპასუხეებმა მსგავსი შინაარსის შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს და მის უსაფუძვლობაზე მიუთითეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 5 000 ლარის გადახდა.

5.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო იყო გარემოება, მოსარჩელის მეუღლეს გაეწია თუ არა არასრული და არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურება, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია.

5.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მეუღლის მიმართ, მოპასუხე დაწესებულებაში გაწეული მომსახურებისას მთელი რიგი დარღვევები დგინდებოდა. დადგენილია, რომ მოსარჩელის მეუღლემ ხელი მოაწერა მოპასუხის მიერ გადაცემულ დოკუმენტს - პაციენტის წერილობით ინფორმირებული თანხმობას, სადაც მითითებულია გაწეული სამედიცინო დახმარების მოსალოდნელი გართულებები, ის რომ პაციენტს ესაჭიროებოდა სისხლის და სისხლის კომპონენტების გადასხმა, ასევე რა გართულებები შეიძლება მოჰყოლოდა ამ პროცედურის ჩაუტარებლობას, თუმცა, პაციენტმა კატეგორიული უარი განაცხადა სისხლისა და სისხლის კომპონენტების გადასხმაზე, ისე, რომ ბარათში არსად იყო აღნიშნული უარის თქმის მიზეზები, ასევე, არ იყო მითითებული ოპერაციის შესაძლო ლეტალური შედეგის შესახებ.

5.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პაციენტს არ მიეწოდა ინფორმაცია მოსალოდნელი გართულებების შესახებ, ასევე სისხლისა და სისხლის კომპონენტების გადაუსხმელობის შემთხვევაში, ასეთის აუცილებლობისას, შესაძლო შედეგების, მათ შორის ლეტალური შედეგების თაობაზე, შესაბამისად, მისგან მიღებული თანხმობა არ იყო ინფორმირებული, გაცნობიერებული და გააზრებული პაციენტის მიერ, რის გამოც დაირღვა პაციენტის უფლება - დამოუკიდებლად განესაზღვრა საკუთარი თავისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საკითხი.

5.5. სააპელაციო სასამართლომ მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობებზე გაამახვილა ყურადღება, ამასთან, განმარტა, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალებით გამოწვეული დარდი, გულისტკივილი, შინაგანი ცხოვრების რიტმის დარღვევა, საკმარისი წინაპირობა იყო მის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. დადგენილი იყო მოსარჩელის მძიმე ფსიქოემოციური განცდები დამდგარი ზიანის სიმძიმის, მოსარჩელე მხარის სუბიექტური დამოკიდებულებით დამდგარი ზიანის მიმართ და განცდების ინტენსივობა, რის გამოც მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით მოწინააღმდეგე მხარისთვის 5 000 ლარის დაკისრება გონივრული იყო.

5.6. სააპელაციო სასამართლომ მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის თაობაზე განმარტა, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებდა მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას, ზიანსა და მის ოდენობას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები.

6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

6.1. მოსარჩელემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

6.2. კასატორი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება მატერიალური ზიანის ნაწილში და განმარტავს, რომ აღნიშნული მოთხოვნა დასაბუთებული და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებული იყო.

6.3. კასატორის განმარტებით, ოჯახში მეუღლეებს გარკვეული ფუნქციები ჰქონდათ განაწილებული, გარდაცვლილი კასატორს, ასევე შვილებს უვლიდა და ზრუნავდა მათზე. ამდენად, გარდაცვალების შედეგად როგორც მეუღლე, იმავდროულად საოჯახო საქმეებზე მზრუნველი პარტნიორი დაკარგა, რის გამოც, სარჩოს სახით კასატორს, მოწინააღმდეგე მხარემ უნდა გადაუხადოს ის თანხა, რასაც გარდაცვლილი იღებდა.

7. მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს აგრეთვე მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

7.2. კასატორების განმარტებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა პაციენტის სამედიცინო ბარათი, ასევე არასწორად დაასკვნა, რომ არაინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება მოუწია პაციენტს.

7.3. კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 1008-ე მუხლი რომლის მიხედვითაც მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული იყო.

8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

8.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით კასატორის საკასაციო საჩივარი, ხოლო 2023 წლის 6 მარტის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

11. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

12.1. მოსარჩელე 1983 წლის 25 იანვრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაშია დ.უ–ძესთან, ქორწინების განმავლობაში შეეძინათ 3 შვილი (ტ.1,ს.ფ. 47-50).

12.2. დ.უ–ძე გარდაიცვალა 2013 წლის 27 ივნისს მოპასუხე დაწესებულებაში ოპერაციის ჩატარების შემდეგ. დ.უ–ძის გარდაცვალების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი შვილი - ლ.უ–ძე იყო არასრულწლოვანი.

12.3. დ.უ–ძემ 2013 წლის 25 ივნისს ტკივილების გამო, მიმართა მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებას, რის შედეგადაც მას ჩაუტარდა წინასაოპერაციო გამოკვლევები. აღნიშნული კვლევების საფუძველზე დ.უ–ძეს დაესვა დიაგნოზი: „პანკრეასის სიმსივნე C25“ და 2013 წლის 27 ივნისს ამავე კლინიკაში დაიგეგმა ოპერაციული მკურნალობის ჩატარება (ტ.1,ს.ფ. 71-79).

12.4. პაციენტს, 2013 წლის 27 ივნისს დაგეგმილი ოპერაციის ჩატარებამდე, განემარტა ოპერაციის შესაძლო გართულებებისა და რისკების შესახებ, რის შედეგადაც პაციენტმა გასცა წერილობითი ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე.

12.5. პაციენტის წერილობით თანხმობაში მითითებულია, რომ პაციენტს აქვს პანკრეატო-დუოდენალური არეს სიმსივნური წარმონაქმნი გამოხატული ტკივილებით და საჭიროებს ოპერაციულ მკურნალობას. ამასთან, პაციენტს მიეწოდა ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების მოსალოდნელი შედეგების შესახებ, რომლის თანახმადაც „ოპერაციული მკურნალობის მოსალოდნელი შედეგია გაუმჯობესება, თუმცა ამის გარანტია არ არსებობს, ასევე დიდი ალბათობით მოსალოდნელია უარყოფითი შედეგები, მათ შორის, ლეტალური გამოსავალი“.

12.6. აღნიშნული წერილობითი ინფორმირებული თანხმობის მიხედვით, პაციენტს ასევე განემარტა მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ამ მომსახურებასთან დაკავშირებული შემდეგი რისკის შესახებ: „ოპერაციული მკურნალობა დაკავშირებულია დიდ რისკთან, მათ შორის, როგორც ჯანმრთელობისა, ასევე სიცოცხლისათვის, მოსალოდნელია გართულებები ოპერაციის მსვლელობისას - სისხლდენა, გაუვალობა, თრომბოემბოლია, ჩირქოვანი გართულებები, შესაძლებელია დასჭირდეს რელაპარატომია“.

12.7. პაციენტმა, დაგეგმილი ოპერაციის ჩატარებამდე უარი განაცხადა სამედიცინო დაწესებულებაში 2013 წლის 27 ივნისს დაგეგმილი ოპერაციისას შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით სისხლის და სისხლის კომპონენტების გადასხმის სამედიცინო მომსახურების გაწევაზე.

12.8. ოპერაციის დღეს, 2013 წლის 27 ივნისს - ოპერაციის დაწყებამდე, 09:00 საათზე, პაციენტის მკურნალი ექიმის - დ. ლ–ის გაკეთებული ჩანაწერის მიხედვით: „ავადმყოფი უჩივის ძლიერ ტკივილებს მუცლის ღრუში, მეტად მარჯვნივ, წონაში პროგრესირებად კლებას, მზარდ სისუსტეს, ღებინებას, სიმსივნური წარმონაქმნის არსებობას მუცლის ღრუში. ანამნეზით: 2005წ. ომის ვეტერანთა ჰისპოტალში, პანკრეასის სიმსივნური წარმონაქმნის გამო, გაუკეთდა ოპერაცია - სიმსივნური წარმონაქმნის ამოკვეთა, ქოლეცისტო-იეუნოსტომია, ბრაუნის შერთულით. სიმსივნის რეციდივის გამო, 2009წ. ონკოლოგიის ცენტრში გაუკეთდა განმეორებითი ოპერაცია - გასტრო-იუნესტომია, სიმსივნური წარმონაქმნი ამოღებული არ იქნა... ბოლო სამი თვის განმავლობაში აღენიშნა სიმსივნური წარმონაქმნის პროგრესირებადი ზრდა, რასაც დაერთო მუდმივი, ძლიერი ტკივილები, წონაში კლება, სისუსტე... ექოსკოპიით აღენიშნება სიმსივნური პროცესი, რომელიც იზრდება პანკრეასის ქსოვილიდან და აწვება ქვემო ღრუ ვენას... წინასწარი კლინიკური ანალიზი: ავადმყოფს აქვს პანკრეატოდუოდენალურ არეში სიმსივნე. მ.რ.ტ კვლევით აღინიშნება ზეწოლა სისხლძარღვებზე, მაგრამ მათში ჩაზრდის სარწმუნო ნიშნები არ ვლინდება, რის გამოც შესაძლებელია ოპერაციული მკურნალობა. ავადმყოფი ამბულატორიულად მომზადდა ოპერაციისთვის. აღსანიშნავია, რომ ავადმყოფი სარწმუნოებრივი შეხედულებების გამო უარს აცხადებს სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმაზე, რაც შესაძლოა, აუცილებელი გახდეს ოპერაციის მსვლელობისას. გაფრთხილებულია შესაძლო გართულებების შესახებ ავადმყოფი. მიუხედავად ამ გაფრთხილებისა, მოითხოვს ოპერაციულ მკურნალობას...“.

12.9. 2013 წლის 27 ივნისს 10:00 საათზე (ოპერაციის დაწყებამდე) ქირურგიული განყოფილების უფროსის - ხ.ხაჯაველიძის ჩანაწერის მიხედვით: „...დიაგნოსტირებულია პანკრეასის დიდი ზომის სიმსივნე, რის გამოც გაკეთებული აქვს ორი ოპერაცია. ავადმყოფის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, რაც განპირობებულია ზოგადი ინტოქსიკაციით, ბოლო პერიოდში აქვს ძლიერი ტკივილები, წონის პროგრესირებადი კლება, ზოგადი სისუსტე. მ.რ.ტ.-კვლევით აღენიშნება სიმსივნის ზონაში მკვეთრი მატება და მჭიდრო კონტაქტი სისხლძარღვებთან, თუმცა მათში ღრმა პენეტრაციის სარწმუნო ნიშნები არ ვლინდება. ავადმყოფი გაფრთხილებულია, რომ აღნიშნული მასშტაბის ოპერაცია დაკავშირებულია დიდ რისკთან, ოპერაციის მსვლელობისას შესაძლოა განვითარდეს სისხლდენა და აუცილებელი გახდეს სისხლის გადასხმა, ასევე გაფრთხილებულია ყველა შესაძლო გართულების შესახებ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოითხოვა ოპერაციული მკურნალობა და უარი განაცხადა სისხლისა და მისი შემცვლელების გადასხმაზე“.

12.10. ანესთეზიოლოგის წინასაოპერაციო ჩანაწერის მიხედვით პაციენტმა უარი განაცხადა ჰეომოტრასფუზიაზე.

12.11. 2013 წლის 27 ივნისს პაციენტ დ.უ–ძისთვის ჩატარებული ოპერაციის პროტოკოლის მიხედვით: „11.00-15.00 სთ - პაციენტ დ.უ–ძეს ჩაუტარდა ოპერაცია; ლაპარატომია, პანკრეატოდუოდენექტომია, სიმსივნის ნაკერი, მუცლის ღრუს სანაცია, დრენირება“. ინტრაოპერაციული დიაგნოზი: კუჭუკანა ჯირკვალის c-r, პენეტრაცია 12-გოჯა ნაწლავში, ღვიძლში და ჰეპატოდუოდენალურ იოგში. საერთო სისხლის დანაკარგი ოპერაციის მიმდინარეობის დროს 1000-1100 მლ ... სიმსივნური წარმონაქმნი ზომით 20x20 სმ, ხორკლიანი, პანკრეასის ქსოვილში ჩაზრდილი, ერთ კონგლომერატად, 12-გოჯა ნაწლავთან ერთად, გაიგზავნა მორფოლოგიურ კვლევაზე (ექ. ხ. ხ–ძე, პირველი ასისტენტი დ. ლ–ძე). 15:00-18:00სთ - პოსტოპერაციულ პერიოდში ექიმის ჩანაწერების მიხედვით, პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, ფ.ხ.ვ-ზე, 16:00სთ ჩაუტარდა ცენტრალური ვენის კათეტერიზაცია. მიუხედავად ინოტროპული, ვაზოპრესორული და მაღალკოლოიდური ხსნარების ინფუზიისა, ჰემოდინამიკა არასტაბილური...17:40სთ მუცლის ღრუს დრენაჟებიდან აღენიშნა სისხლიანი გამონადენი 700-800 მლ. ...მიღებულ იქნა მეუღლის თანხმობა ჰემოტრანსფუზიაზე (სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათს ერთვის პაციენტის მეუღლის, ე. უ–ის მიერ 27.06.13 17:30-18:00 სთ ხელმოწერილი „პაციენტის თანხმობა სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმის ოპერაციაზე“), რის შედეგადაც ექიმის მიერ განხორციელდა ჰემოტრანსფუზია: „სისხლისა და სისხლის კომპონენტის გადასხმის ოქმები №1 (17:45-18:30სთ) ერით.მასა; №2 (18:35-19:10სთ) ერით.მასა; №3 (18:00-18:15სთ) ა.გ.პ; №4 (18:20- 18:45სთ) ა.გ.პ; №5 (18:50-19:00სთ) ა.გ.პ; №6 (19:05-19:20სთ) ა.გ.პ; №7 (19:25-20:10სთ) ერით.მასა. 27.06.13, 17:40სთ - პაციენტი კონსულტირებულია ქირურგიული განყოფილების უფროსის მიერ, გადაწყდა გადაუდებელი რეალაპარატომის ჩატარება (ექ. ხ. ხ–ძე). 27.06.13, 18:04-19:00სთ - გაუტკივარების ოქმის მიხედვით, ჩაუტარდა ოპერაცია რელაპარატომია, რევიზია, სისხლდენის შეჩერება, მუცლის ღრუს სანაცია, დრენირება. ინტრაოპერაციული დიაგნოზი: „პანკრეასის სიმსივნე, ოპერაციის შემდგომი სისხლდენა სიმსივნის სარეცლიდან“. სისხლდენა შეჩერებულ იქნა... მიღწეულ იქნა სრული ჰემოსტაზი. ოპერაციისას ამოიწმინდა 300 მლ სისხლი ოპერაციის შემდეგ, ავადმყოფი გადაყვანილ იქნა კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში (ექ. ხ.ხაჯაველიძე, ასისტენტი დ.ლაგაზიძე). 27.06.13, 19:00სთ - ექიმ ი. მაჩაბელის ჩანაწერის მიხედვით: „ავადმყოფი შემოყვანილია კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, გაუგრძელდა ფხვ, სუნთქვა ორივე მხარეს ტარდება თანაბრად, ჰემოდინამიკა არასტაბილური, პულსაცია ისინჯება კაროტიდებზე, პერიფერიაზე პულსი არ ისინჯება, პაციენტს ესხმება ერითმასა და ახლადგაყინული პლაზმა, დაიწყო კარდიომონიტორინგი, სრულდება დანიშნული მკურნალობა“. 27.06.13. 19:40სთ - ექიმ ი. მაჩაბელის ჩანაწერის მიხედვით: „ავადმყოფის ზოგადი მიმდინარეობა კრიტიკული.. პულსი არ ისინჯება, წნევა არ იზომება... მაგისტრალურ სისხლძარღვებზე პულსაცია არ აღინიშნება, Cor-ტონები არ მოისმინება, ეკგ-მონიტორზე დაფიქსირდა ასისტოლია.. დაეწყო გულის არაპირდაპირი მასაჟი, 5წთ-ს ინტერვალით 3 ჯერ ი/ვ გაკეთდა ადრენალინი, მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებისა სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენა-შენარჩუნება ვერ მოხერხდა და 27.01.13, 20:25 სთ დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“.

12.12. მოსარჩელემ, 2013 წლის 27 ივნისის ხელწერილით უარი განაცხადა დ.უ–ძის გვამის გაკვეთაზე, თუმცა მიუთითა, რომ აღნიშნულის აუცილებლობის თაობაზე ინფორმირებული იყო ექიმისგან. ამავე ხელწერილის თანახმად, მოსარჩელემ განაცხადა, რომ არ ჰქონდა პრეტენზია ჩატარებული მკურნალობისა და მედპერსონალის მიმართ (ტ.1,ს.ფ. 117 (2)).

12.13. დ.უ–ძის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე №004310714006. აღნიშნულ საქმეზე 2019 წლის 23 მაისის დადგენილებით მოსარჩელე ცნობილია დაზარალებულის უფლებამონაცვლედ.

13. საკასაციო სასამართლო, განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ №ას-15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; სუსგ საქმე №ას-973-1208-04).

14. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან. ამასთან, სამოქალაქო დავის გადაწყვეტის ორიენტირი არის საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები და არა ზოგადად კანონის მხოლოდ აბსტრაქტული შემადგენლობა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქმეზე დადგენილია დავის ფაქტობრივი გარემოებები, ადგილი აქვს ნორმის შემადგენლობის ნიშნების მისადაგებას (სუბსუმცია) დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილი სარჩელით, მოსარჩელე მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი მეუღლე 2013 წლის 27 ივნისს გარდაიცვალა მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებაში, ოპერაციის შემდეგ გამოხატული გართულებების შედეგად. მოსარჩელის მტკიცებით მეუღლის გარდაცვალების მიზეზს მოპასუხეთა მიერ არასათანადო მკურნალობის გაწევა წარმოადგენდა. ამასთან, განმარტავდა, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაკავშირებული იყო მეუღლის მიერ ხელფასის სახით მისაღებ სავარაუდო შემოსავალთან, ხოლო მორალური ზიანის წინაპირობა იყო მეუღლის გარდაცვალებით გამოწვეული მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა.

15. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელისა და მის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისთვის აუცილებელ სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს სკ-ის 1007-ე, 992-ე, 413-ე მუხლები.

16. სკ-ის 1007-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაციის ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი) პირის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით. ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის.

17. „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს კომპენსაცია ქონებრივი და არაქონებრივი ზიანისა, რომლებიც გამოწვეულია: ა.ა) პაციენტის უფლებების დარღვევით; ა.ბ) მცდარი სამედიცინო ქმედებით.

18. სამედიცინო შეცდომით მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობის პირობები იგივეა, როგორც ყველა დელიქტურ ვალდებულებებში: ზიანი, მართლწინააღმდეგობა, ბრალი და მიზეზობრივი კავშირი (სსკ-ის 992-ე მუხლი). აღნიშნული 992-ე მუხლის თანახმად, პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის (შდრ: №ას-260-244-2014, 28 მაისი, 2014 წელი). ნორმათა დანაწესები ერთობლიობაში განამტკიცებენ საექიმო შეცდომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წესს და ადგენენ ზიანის ანაზღაურების ზოგად პირობებს. საყურადღებოა, რომ დელიქტური ვალდებულების ზემოაღნიშნული შემადგენლობის რომელიმე კომპონენტის არარსებობა გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. ამასთან, თითოეული ამ კომპონენტების თავისებურება სამედიცინო საქმიანობის ხასიათით განისაზღვრება.

19. მკურნალობის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუკი პირისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია უშუალოდ მცდარი სამედიცინო მოქმედებით, ანუ გამოკვეთილია მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ის გარემოება, რომ ზიანი გამოიწვია სამედიცინო პერსონალის ქმედებამ, უტყუარად უნდა დადგინდეს. უშედეგო მკურნალობა ან მკურნალობის უარყოფითი შედეგი თავისთავად (უალტერნატივოდ) არ იწვევს სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობას. ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მკურნალობისას დაშვებული შეცდომებით, ანუ, თუ მკურნალობა სწორადაა ჩატარებული, თუნდაც მას უარყოფითი შედეგი მოჰყვეს, არ იწვევს ექიმის პასუხისმგებლობას (იხ. სუსგ საქმე №260-244-11, 27 ივნისი, 2011 წელი).

20. საქართველოს კანონმდებლობაში საექიმო შეცდომების აღმნიშვნელი სხვადასხვა ტერმინები გამოიყენება. ტერმინი „მცდარი საექიმო ქმედება“ (იგივე „მცდარი სამედიცინო ქმედება“) გულისხმობს ექიმის მიერ უნებლიედ პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო დიაგნოზის ან/და სამკურნალო ღონისძიების ჩატარებას, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა („ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი).

21. საექიმო შეცდომით პირისათვის მიყენებული ზიანი შესაძლოა იყოს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი. მატერიალური (ქონებრივი) ზიანი შესაძლოა გამოიხატოს ჯანმრთელობის დაზიანებაში, დამატებითი ხარჯების გაწევაში და სხვ., ხოლო მორალური (არაქონებრივი) ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებსა და სულიერ ტკივილში, რომელსაც იგი განიცდის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად... მორალური ტანჯვით მიყენებული ზიანის (არაქონებრივი ზიანის) ანაზღაურება ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, მისი მიზანია არამატერიალური სიკეთის ხელყოფით გამოწვეული ტანჯვის შემსუბუქება, ნეგატიური განცდების სიმძიმისა და ინტენსივობის შემცირებ. (იხ. სუსგ საქმე №ბს-327-309(2კ-07) 16 მაისი, 2019 წელი).

22. საექიმო შეცდომაში იგულისხმება ექიმის მიერ საზოგადოდ აღიარებული სამედიცინო და ეთიკური სტანდარტების, კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევა, რამაც განაპირობა პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოსტიკო და/ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც, თავის მხრივ, პაციენტისათვის ზიანის მიყენების უშუალო მიზეზი გახდა. ექიმს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ პაციენტის მიმართ ჩატარდა მართლზომიერი და უშეცდომო მკურნალობა, იგი პასუხს აგებს არასწორ მკურნალობაზე და მხოლოდ ასეთი მკურნალობის თანამდევ უარყოფით შედეგზე. ამდენად, ექიმის პასუხისმგებლობის საფუძველი არის არა მკურნალობის უარყოფითი შედეგი, არამედ სამედიცინო მეცნიერების სტანდარტებიდან გადახვევა (შდრ. იხ. სუსგ, საქმე №1268-1526-09, 25 მაისი, 2010 წელი).

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული კატეგორიის დავებში პაციენტს (მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს) ეკისრება, როგორც ფაქტების სრულყოფილად და დამაჯერებლად წარდგენისა და გაცხადების ვალდებულება, აგრეთვე მტკიცების ტვირთი იმის დასადასტურებლად, რომ ადგილი ჰქონდა სამკურნალო შეცდომას. თუ პაციენტის (მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის) განმარტებები არ დადასტურდება, მაშინ სამკურნალო შეცდომა პაციენტის (მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის) მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, არ დამტკიცდება. ასევე, პაციენტმა (მისმა ნათესავმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა წარმოადგინოს და დაამტკიცოს, რომ დამდგარი ზიანი ეფუძნება სამედიცინო დაწესებულების ვალდებულების დარღვევას (იხ. სუსგ საქმე №ას-111-111-2018, 11 მაისი, 2018 წელი).

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 1007-ე მუხლი ადგენს სწორედ მტკიცების ტვირთის განაწილების წესს, რომლის დანაწესი სამედიცინო დაწესებულების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთს აკისრებს დაზარალებულს. ნორმის აღნიშნული დანაწესის თანახმად, დაზარალებულმა ერთდროულად უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, როგორიცაა: ა) ზიანი; ბ) ზიანის მიმყენებლის არამართლზომიერი მოქმედება ან უმოქმედობა; ბ) არამართლზომიერ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი. სამედიცინო დაწესებულების მტკიცების ტვირთი კი მოიცავს იმის მტკიცებას, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის.

25. დასახელებული ნორმის მიხედვით მართლსაწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევა სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული დიაგნოსტიკა, ქირურგიული ოპერაცია და მკურნალობა, რამაც გამოიწვია ზიანი. პაციენტს ზიანის ანაზღაურების უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ: 1. სამედიცინო საქმიანობის მიზანი მიღწეული არ არის (ადამიანის ჯანმრთელობის აღდგენა და სიცოცხლის შენარჩუნება) და 2. მედიცინის მუშაკის ქმედება არ შეესაბამება სამედიცინო მაჩვენებლებს. სამედიცინო მუშაკის ქცევის, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქცევის კვალიფიკაციისას, აუცილებელია არასათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ფაქტის დადგენა. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მოიცავს არა მარტო მის აქტიურ მოქმედებებს, არამედ უმოქმედობასაც (სუსგ, საქმე №ას-1800-2019). საკასაციო სასამართლო, დასახელებული პრაქტიკის მიხედვით, სამედიცინო შეცდომით გამოწვეული ზიანის შემადგენლობაში ბრალის ხარისხზე გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ პაციენტისათვის მიყენებული ზიანისას, როგორც წესი, ექიმის განზრახი ბრალი არ გვაქვს. ასეთ შემთხვევებში საკმარისია, დადგინდეს ექიმის გაუფრთხილებლობა, რაც გულისხმობს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების აუცილებელი გულისხმიერებისა და ყურადღების გარეშე განხორციელებას. გულისხმიერებასა და ყურადღებიანობაში იგულისხმება ექიმის მიერ საჭირო სამედიცინო მოქმედებების ზედმიწევნით ხარისხიანად, აღიარებული სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად შესრულება. საინტერესოა ასევე განმარტება, რომლის თანახმადაც, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის სავალდებულოა დადასტურდეს ექიმის გაუფრთხილებლობა და არა განზრახვა არასასურველი შედეგის დადგომის მიმართ, ამასთანავე, დამდგარი ზიანი უშუალოდ ამ ქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს და არა მკურნალობის თანმდევ შედეგს, რომლის თავიდან აცილების შესაძლებლობაც სამედიცინო დაწესებულებას ობიექტურად არ შეეძლო (შდრ: სუსგ 17 №ას-593-568-2016, 14 ივლისი, 2017 წელი).

26. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, პაციენტის მიერ კლინიკისთვის მიმართვიდან გარდაცვალებამდე ავადმყოფობის მიმდინარეობა, ასევე მისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების საკითხი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ კომისიური წესითაა მოკვლეული. პაციენტ დ.უ–ძისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების საკითხის შესწავლის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიხედვით, მოპასუხე სამედიცინო დაწესებულების ექიმების ხ.ხ–ძის და დ.ლ–ძის მიმართ დადგინდა გარკვეული გადაცდომები, თუმცა საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, პაციენტის მკურნალობისას გამოხატული სამედიცინო შეცდომა არ ემყარება მოპასუხე ექიმთა აღნიშნულ გადაცდომებს.

27. საკასაციო სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ მოსარჩელეს ეცნობა ოპერაციის თანმდევი შესაძლო შედეგების, მათ შორის, ფატალური შედეგის შესახებ, ისევე როგორც იმ ფაქტის თაობაზე, რომ შესაძლოა გართულების შემთხვევაში დამდგარიყო სისხლის გადასხმის საჭიროება, რაზეც მას უარი ჰქონდა წინასწარ გაცხადებული. საქმეში არსებული, პაციენტის თანხმობების, საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულებად ვერ განიხილება მოწმედ დაკითხული თ.უ–ძის ჩვენება (მოსარჩელისა და დ.უ–ძის შვილი), რომლის განმარტებითაც პაციენტს ოპერაციამდე მიეცა გარანტია იმის თაობაზე, რომ არ დადგებოდა სისხლის გადასხმის აუცილებლობა.

28. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მიუხედავად პაციენტის მიერ გაცხადებული წინასწარი თანხმობისა, ოპერაციის შემდგომი გართულების შემდეგ - განვითარებული სისხლდენის და თრომბოჰემორაგიული სინდრომის გამო, მაინც დადგა მისთვის სისხლის და სისხლის კომპონენტების გადასხმის აუცილებლობა და აღნიშნულზე მოსარჩელის თანხმობის გაცხადების შემდეგ პაციენტს გადაესხა სისხლი. მიუხედავად აღნიშნულისა, დადგა ლეტალური შედეგი.

29. საკასაციო სასამართლო მტკიცების ტვირთს გაუსვამს კვლავ ხაზს და განმარტავს, რომ წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, თანამედროვე მედიცინაში არსებობს ოპერაციული მკურნალობისას სისხლის და სისხლის კომპონენტების გადასხმის ალტერნატიული საშუალებები ცნობილი ე.წ. „უსისხლო მეთოდების“ სახელით (მათ შორის, მოსარჩელის მიერ სარჩელში მოხსენებული „სელსეივერის“ აპარატი). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული მტკიცებულებები (დისკები) თანამედროვე მედიცინის მიღწევების თაობაზე საინფორმაციო ხასიათის მატარებელია. მოსარჩელის პრეტენზიები მოპასუხეთა მიმართ უნდა შეფასდეს არა თანამედროვე მედიცინის ზოგადი მიღწევებით, არამედ სადავო პერიოდში ქვეყანაში არსებული სამედიცინო სტანდარტის მიხედვით.

30. აღნიშნული კატეგორიის დავებში პაციენტს (მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს) ეკისრება, როგორც ფაქტების სრულყოფილად და დამაჯერებლად წარდგენისა და გაცხადების ვალდებულება, აგრეთვე, მტკიცების ტვირთი იმის დასადასტურებლად, რომ მკურნალობისას შეცდომა დაუშვეს. თუ მისი განმარტებები არ დადასტურდება, მაშინ სამკურნალო შეცდომა მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არ დამტკიცდება. ასევე, პაციენტმა უნდა წარმოადგინოს და დაამტკიცოს, რომ ზიანი ეფუძნება სამედიცინო დაწესებულების ვალდებულების დარღვევას (იხ.: სუსგ საქმე №ას-111-111-2018, 11.05.2018წ.; №ას-1169-2022 17.11.2022წ.).

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გარდაცვლილის მეუღლე, სწორედ სისხლის გადასხმის ალტერნატიული მეთოდების უქონლობას მიიჩნევდა მოპასუხეთა მიერ გამოხატულ არამართლზომიერ ქმედებად, თუმცა, ვერ ამტკიცებდა, რომ იმ პერიოდში საქართველოში დანერგილი იყო სისხლის გადასხმის ალტერნატიული მეთოდი. ასევე, არ დასტურდებოდა სისხლის გადასხმის ალტერნატიული მეთოდის არსებობა, საქართველოში მოქმედ სხვა კლინიკებში.

32. საკასაციო სასამართლო მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ, მოპასუხის საკასაციო პრეტენზიაზე გაამახვილებს ყურადღებას. კასატორის პრეტენზიით სარჩელი ხანდაზმული იყო.

33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავი გარემოებაა, რომელიც მოპასუხის ე.წ. თავდაცვის საშუალებას წარმოადგენს, თუმცა, სარჩელის ხანდაზმულობაზე, როგორც ფაქტზე მითითება, გარკვეულ პროცესუალურ წინაპირობებს უნდა აკმაყოფილებდეს, მაგალითად, ისევე, როგორც სხვა ფაქტები, მხარემ, ხანდაზმულობის თაობაზე პრეტენზიაც გარკვეულ ვადაში უნდა წარუდგინოს სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილების გამორიცხვა ხანდაზმულობის მოტივით შეუძლებელი იქნება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარემ სასარჩელო ხანდაზმულობაზე სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მიუთითა და არა შესაგებელში ან მოსამზადებელი სხდომის დასრულებამდე, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას სარჩელის ხანდაზმულობაზე არსებითად იმსჯელოს.

34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის პრეტენზია, მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, კერძოდ ზიანისა და მისი ოდენობის თაობაზე არ იყო შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული, და მხოლოდ თეორიული დაშვებების საფუძველზე საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, მოპასუხისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, თუმცა, მორალური ზიანის თაობაზე მოსარჩელის პრეტენზია, მოპასუხეების საკასაციო პრეტენზიის საპირისპიროდ, დასაბუთებულია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 413-ე მუხლის შესაბამისად არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. საექიმო შეცდომით პირისათვის მიყენებული ზიანი შესაძლოა, იყოს როგორც ქონებრივი, ისე - არაქონებრივი. მატერიალური ზიანი შესაძლოა გამოიხატოს ჯანმრთელობის დაზიანებით, დამატებითი ხარჯების გაწევით და სხვა, ხოლო მორალური ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებსა და სულიერ ტკივილში, რომელსაც იგი განიცდის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად.

35. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე შეაფასა „შვილის გარდაცვალებით მშობლისათვის მიყენებული მორალური ზიანი და განმარტა: უდავოა, რომ ახალგაზრდა შვილის გარდაცვალებით მშობელი განიცდის მნიშვნელოვან მორალურ ტკივილს, რაც დაკავშირებულია განგრძობად ნეგატიურ განცდებსა და სტრესულ მდგომარეობასთან...მორალური ტანჯვით მიყენებული ზიანის (არაქონებრივი ზიანის) ანაზღაურება ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, მისი მიზანია არამატერიალური სიკეთის ხელყოფით გამოწვეული ტანჯვის შემსუბუქება, ნეგატიური განცდების სიმძიმისა და ინტენსივობის შემცირება“ (იხ.: საქმე №ბს-327-309 (2კ-07), 16.05.2019წ.).

36. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ს-ბ–ძე საქართველოს წინააღმდეგ“ სამედიცინო შეცდომის გამო გარდაცვლილი პირის ცოცხლად დარჩენილი ახლო ნათესავის მიერ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მიიჩნია სამართლებრივი დაცვის ერთ-ერთ ფორმად, მისი განხორციელების მექანიზმის არარსებობა კი შეაფასა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევად სამოქალაქოსამართლებრივ დაცვის საშუალებებთან მიმართებით. მისი განმარტებით, კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევის შედეგად არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება, პრინციპში, შესაძლებელი უნდა იყოს, როგორც სამართლიანი დაცვის საშუალებების ერთ-ერთი ფორმა (იხ. ,,პოლ და ოდრი ედვარდსები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ ((Paul and Audrey Edwards v. the United Kingdom), №46477/99, §§ 97 და 101, ECHR 2002-II; ბაბინსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Bubbins v. the United Kingdom), №50196/99, § 171, ECHR 2005-II (ამონარიდები); რეინოლდსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Reynolds v. the United Kingdom), №2694/08, §§ 65-68, 13.03.2012 და მოვსესიანი სომხეთის წინააღმდეგ (Movsesyan v. Armenia), №27524/09, § 73, 16.11.2017). შედეგად, უზენაესი სასამართლოს მიერ იმის დადასტურების ფონზე, რომ მომჩივანმა „უდავოდ“ განიცადა ფსიქოლოგიური სტრესი ახალგაზრდა შვილის გარდაცვალების გამო, უპირობო საკანონმდებლო შეზღუდვით მომჩივანს გაუმართლებლად წაერთვა შესაძლებლობა, სასამართლოს გზით მოეთხოვა კომპენსაციის მიღება არაქონებრივი ზიანის სანაცვლოდ, როგორც მისთვის ხელმისაწვდომი სამოქალაქოსამართლებრივი დაცვის საშუალება (საქმე სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ/CASE OF SARISHVILI-BOLKVADZE v. GEORGIA, საჩივარი N 58240/08, 19.07.2018წ. გადაწყვეტილება, 96-98; იხ.: http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/sarishvili-bolkvadze-saqartvelos-winaagmdeg.pdf). ამდენად, მოცემულ დავაში მოსარჩელეებს აქვთ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

37. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ განიცადა მნიშვნელოვანი მორალური ტკივილი, რაც განგრძობად ნეგატიურ განცდებსა და სტრესთანაა დაკავშირებული. ამდენად, მორალური ზიანის ნაწილში, მოპასუხეთა პრეტენზიების დაუსაბუთებელია.

38. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთების გათვალისწინებით, მხარეთა საკასაციო პრეტენზიები დაუსაბუთებელია, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და სამართლებრივ შეფასებებს, რის გამოც მხარეთა საკასაციო საჩივრები დაუშვებელია.

40. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს ს.ს.წ.ი. ა.ს.ს.ც–ის“, დ.ლ–ძისა და ხ.ხ–ძის საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. ე.უ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

3. დ.ლ–ძეს (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №9242, გადახდის თარიღი 22/02/2023), 100 ლარის 70% - 70 ლარი;

4. შპს ს.ს.წ.ი. ა.ს.ს.ც–ს“ (........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №106, გადახდის თარიღი 21/02/2023), 100 ლარის 70% - 70 ლარი;

5. ხ.ხ–ძის (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №9585, გადახდის თარიღი 21/02/2023), 100 ლარის 70% - 70 ლარი;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი