Facebook Twitter

საქმე №ას-1200-2022 23 იანვარი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი.გ–ი (მოსარჩელე)

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.გ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ი.გ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული, შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი „დელტას“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა:

1.1. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი „დელტას“ 2021 წლის 29 ივნისის NMOD 421 00000926 ბრძანების ბათილად ცნობა ი.გ–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;

1.2. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი „დელტას“ 2021 წლის 9 ივლისის NMOD 421 00000962 ბრძანების ბათილად ცნობა, სსიპ „სახელმწიფო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ 2021 წლის 29 ივნისის NMOD 421 00000926 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

1.3. ი.გ–ის აღდგენა, გათავისუფლებამდე დაკავებულ პირვანდელ პოზიციაზე, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი „დელტას“ საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის ჯგუფის სპეციალისტის (IT სპეციალისტი) თანამდებობაზე;

1.4. მოპასუხისათვის ი.გ–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება ყოველთვიურად 2 194 ლარის (დარიცხული) ოდენობით, 2021 წლის 10 ივლისიდან სამსახურში აღდგენამდე; (მოსარჩელემ იშუამდგომლა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, სამი თვის სახელფასო განაცდურის ანაზღაურების და სამსახურში აღდგენის ნაწილში). (იხ. სასარჩელო მოთხოვნა, ს/ფ 9-15, დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა 2021 წლის 21 სექტემბრის სხდომის ოქმი 13:21:56 სთ, განცხადებები სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ ს/ფ 227, 276-277, შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ (ს.ფ 17). 2021 წლის 25 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი 10:33:05 სთ).

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, და მოითხოვა მისი უარყოფა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებელი საწარმოს 2021 წლის 29 ივნისის N MOD 421 00000926 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და საწარმოს 2021 წლის 9 ივლისის N MOD 421 00000962 ბრძანება, საწარმოს 2021 წლის 29 ივნისის N MOD 421 00000926 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ; დამსაქმებელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 10 755 (ხელზე მისაღები ოდენობა) ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

4. მხარეთა სააპელაციო საჩივარი

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა;

4.2. დასაქმებულმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა;

4.3. დამსაქმებელმა ორგანიზაციამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა;

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით დამსაქმებელი ორგანიზაციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

5.1.1. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმისა და კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით, სამსახურში აღდგენის ნაცვლად, დამსაქმებელ ორგანიზაციას მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 2 194 ლარის, ხოლო, იძულებითი განაცდურის სახით 2021 წლის 10 ივნისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე 2 194 ლარის გადახდა დაეკისრა.

5.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალური დირექტორის 2021 წლის 21 აპრილის N MOD 721 00000145 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი „დელტაში“ გათვალისწინებული იყო სულ 221 პოზიცია, რომლისთვის განსაზღვრული სახელფასო ფონდი შეადგენდა 485 903 ლარს. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი „დელტას“ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში გათვალისწინებული იყო 6 საშტატო პოზიცია, ხოლო აღნიშნული დეპარტამენტის სახელფასო ფონდი თვეში განისაზღვრებოდა 19 689 ლარით.

5.3. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალური დირექტორის 2021 წლის 12 ივლისის N MOD52100000288 ბრძანებით (რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალური დირექტორის 2021 წლის 21 აპრილის N MOD 721 00000145 ბრძანება) დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი „დელტაში“ გათვალისწინებული იყო სულ 239 პოზიცია, რომლისთვის განსაზღვრული სახელფასო ფონდი შეადგენდა 556 017 ლარს. ამასთანავე, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი „დელტას“ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში გათვალისწინებული იყო 10 საშტატო პოზიცია, ხოლო აღნიშნული დეპარტამენტის სახელფასო ფონდი თვეში განისაზღვრებოდა 31 496 ლარით.

5.4. 2021 წლის 10 ივლისიდან საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლების მონაცემების შესაბამისად, დეპარტამენტში განისაზღვრა 15 საშტატო ერთეული, სახელფასო ფონდით - 38 398 ლარი. ხოლო 2021 წლის 10 ივლისამდე არსებული თანამშრომლების მონაცემების შესაბამისად, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში დასაქმებული იყო 20 პირი და სახელფასო ფონდი შეადგენდა - 44 531 ლარს (იხ. ტ.1, ს.ფ. 149-150).

5.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია დასტურდებოდა მოპასუხე კომპანიაში რეორგანიზაციის ჩატარებისა და შტატების შემცირების გარემოება, თუმცა მოპასუხე მხარემ ვერ დაასაბუთა, კონკრეტულად რა ობიექტური საფუძვლებით განხორციელდა უშუალოდ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე წლების მანძილზე დასაქმებული იყო მოპასუხე ორგანიზაციაში და ჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

5.6. სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის მსჯელობასა და დასაბუთებაზე მითითებით განმარტა, რომ არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერი საფუძველი. ასევე, არ დასტურდებოდა გარემოება, რომ მოპასუხისათვის გარდაუვალი იყო მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასახული მიზნების მიღწევისათვის. ამდენად, არ დგინდებოდა გარემოება, რომ დამსაქმებელი შეეცადა (გაატარა შესაბამისი ღონისძიება), უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება, შესაბამისად არ დასტურდება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონით განსაზღვრული სათანადო წინაპირობების არსებობა.

5.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ მოცემულობაში, როდესაც ორგანიზაციული ცვლილებები კანონიერია, მოპასუხის ვალდებულებაა დაასაბუთოს სასამართლოსათვის მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, თუ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით და რა პროცედურების დაცვით მიანიჭა უპირატესობა სხვა თანამშრომელს და არა გათავისუფლებულს. მითუმეტეს იმ პირობებში, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში არ გაუქმებულა მოსარჩელის მიერ დაკავებული კერძოდ, საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის ჯგუფის სპეციალისტის თანამდებობა.

5.8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ბრძანებაში მითითებული, არც სხვა ობიექტური გარემოების არსებობა იკვეთებოდა სადავო შემთხვევაში.

5.9. სააპელაციო სასამართლომ, ბრძანების არამართლზომიერად ცნობისა და თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის პირობებში დასაბუთებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, ალტერნატიული ღონისძიების სახით, დამსაქმებლისთვის კომპენსაციის დაკისრების თაობაზე.

5.10. კომპენსაციის ოდენობისა და მისი გამოანგარიშების თაობაზე, სასამართლო პრაქტიკაზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ რამდენადაც მოსარჩელე მხარეს გათავისუფლებისას მიეცა ორი თვის კომპენსაცია, ასევე მხარე ითხოვდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასაც, დაკავებული პოზიციის მოქმედი ხელფასი - 2 194 ლარი (ერთი თვის ოდენობა), გონივრული ოდენობა იყო კომპენსაციის სახით მოპასუხისთვის დასაკისრებლად.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, დამსაქმებელი ორგანიზაციის საკასაციო საჩივარი, ხოლო, იმავე წლის 14 ნოემბრის განჩინებით დასაქმებულის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

9. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დავის განხილვისას, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებს:

10.1. მოსარჩელე 2011 წლიდან დასაქმებული იყო მოპასუხე ორგანიზაციის აიტი სამსახურში, ჯერ ადმინისტრატორის, შემდეგ კი, სპეციალისტის პოზიციაზე.

10.2. 2019 წლის 1 იანვარს, შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით, მოსარჩელე დაინიშნა საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე, ხოლო 2020 წლის 18 აგვისტოს შეთანხმების შესაბამისად, ასრულებდა ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის, მხარდაჭერის სპეციალისტის მოვალეობას;

10.3. მოსარჩელის თანამდებობრივი სარგო განსაზღვრული იყო 1 004 ლარის (ხელზე მისაღები 768.20 ლარი) ოდენობით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

10.4. დამსაქმებელი ორგანიზაციის გენერალური დირექტორის 2020 წლის 28 ოქტომბრის N MOD 82000000813 ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე 2020 წლის 22 ოქტომბრიდან სამსახურებრივ სამუშაოებს ასრულებდა დისტანციურად.

10.5. 2021 წლის 1 იანვრის შეთანხმების საფუძველზე, ცვლილება შევიდა მხარეთა შორის 2019 წლის 1 იანვარს გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში და განისაზღვრა შრომითი ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით დადება.

10.6. მოსარჩელე, დამსაქმებლის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის, მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლდა 2021 წლის 10 ივლისიდან (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ო“ ქვეპუნქტები);

10.7. დამსაქმებლის გენერალური დირექტორის 2021 წლის 21 აპრილის N MOD 721 00000145 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში გათვალისწინებული იყო 6 საშტატო პოზიცია, მათ შორის: დეპარტამენტის უფროსი - 1 საშტატო ერთეული; პროგრამული უზრუნველყოფის მართვის სამმართველოში - სამმართველოს უფროსი - 1 საშტატო ერთეული, მთავარი პროგრამისტი - 1 საშტატო ერთეული, მთავარი ანალიტიკოსი - 1 საშტატო ერთეული; სისტემური მართვის სამმართველოში - სამმართველოს უფროსი - 1 საშტატო ერთეული, მთავარი ადმინისტრატორი - 1 საშტატო ერთეული; საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელფასის ფონდი თვეში განისაზღვრებოდა 19 689 ლარით; ამავე ნუსხის მიხედვით ორგანიზაციაში სულ 221 პოზიცია იყო გათვალისწინებული, ხოლო სახელფასო ფონდი შეადგენდა 485 903 ლარს.

10.8. 2021 წლის 10 ივლისამდე, ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში დასაქმებული იყო 21 თანამშრომელი, კერძოდ: - მხარდაჭერის ჯგუფში - ჯგუფის უფროსის პოზიციაზე დასაქმებული იყო ერთი პირი, სპეციალისტის პოზიციაზე - დასაქმებული იყო 5 პირი, მათ შორის მოსარჩელე, მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე - დასაქმებული იყო 2 პირი, სათვალთვალო კამერების ადმინისტრატორის თანამდებობაზე - 1 პირი; - პროგრამული უზრუნველყოფის მართვის სამმართველოში - სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა ერთ პირს, პროგრამისტის პოზიცია ორ პირს და სპეციალისტის პოზიცია ერთ პირს; - სისტემური მართვის სამმართველო - სამმართველოს უფროსის პოზიცია დაკავებული ჰქონდა ერთ პირს, ქსელების ადმინისტრატორის თანამდებობა - ორ პირს, სისტემური ადმინისტრატორის პოზიცია ერთ პირს და მთავარი ადმინისტრატორის თანამდებობა ერთ პირს. - სისტემური პროგრამების და ელექტრონული ინჟინერიის ჯგუფი - ჯგუფის უფროსის პოზიცია ეკავა ერთ პირს, პროგრამისტის პოზიცია - ერთ პირს და მთავარი სპეციალისტის პოზიცია ერთ პირს.

10.9. ორგანიზაციის გენერალური დირექტორის 2021 წლის 12 ივლისის N MOD52100000288 ბრძანებით (რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა გენერალური დირექტორის 2021 წლის 21 აპრილის N MOD 721 00000145 ბრძანება (იხ. წინამდებარე განჩინების 7.7 ქვეპუნქტი)) დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში გათვალისწინებული იყო 10 საშტატო პოზიცია, მათ შორის: დეპარტამენტის უფროსი - 1 საშტატო ერთეული; პროგრამული უზრუნველყოფის მართვის სამმართველოში: სამმართველოს უფროსი - 1 საშტატო ერთეული, პროგრამისტი -2 საშტატო ერთეული; სისტემური მართვის სამმართველოში: სამმართველოს უფროსი - 1 საშტატო ერთეული, სისტემური ადმინისტრატორი - 1 საშტატო ერთეული, ქსელის ადმინისტრატორი - 1 საშტატო ერთეული; მხარდაჭერის ჯგუფში: ჯგუფის უფროსი - 1 საშტატო ერთეული, მხარდაჭერის სპეციალისტი - 2 საშტატო ერთეული.

10.10. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელფასის ფონდი თვეში განისაზღვრება 31 496 ლარით;

10.11. ამავე ნუსხის მიხედვით, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი „დელტაში“ გათვალისწინებული იყო სულ 239 პოზიცია, რომლისთვის განსაზღვრული სახელფასო ფონდი შეადგენდა 556 017 ლარს.

10.12. 2021 წლის 10 ივლისიდან, ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში დასაქმებულია 15 თანამშრომელი, კერძოდ: - პროგრამული უზრუნველყოფის მართვის სამმართველოში - სამმართველოს უფროსის პოზიცია უკავია ერთ პირს, პროგრამისტის და ელექტრონული ინჟინერიის სპეციალისტის პოზიციებზე დასაქმებულია ორ-ორი პირი; - სისტემური მართვის სამმართველოში - ქსელის ადმინისტრატორის თანამდებობა უკავია ორ პირს, სისტემური ადმინისტრატორის პოზიცია ერთ პირს; - მხარდაჭერის ჯგუფში - ჯგუფის უფროსის პოზიციაზე დასაქმებულია ერთი პირი, მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე - 3 პირი, სათვალთვალო კამერების ადმინისტრატორის თანამდებობაზე ერთი პირი, კაბელიზაციის და ქსელის სპეციალისტის თანამდებობაზე - ერთი პირი, კაბელიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე - ერთი პირი.

10.13. დამსაქმებელმა ორგანიზაციამ მოსარჩელეს, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტისთვის, კანონით გათვალისწინებული კომპენსაცია - 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით აუნაზღაურა

10.14. ორგანიზაციის გენერალური დირექტორის 2022 წლის 13 მაისის ბრძანებით განსაზღვრული საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შესაბამისად, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში განისაზღვრა 10 საშტატო ერთეული. (წარმოდგენილი დანართის შესაბამისად, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიცია ვაკანტური არ არის. ამავე დანართის შესაბამისად, ვაკანტურია მხოლოდ პროგრამისტის პოზიცია).

11. საკასაციო სასამართლო საკასაციო და შეგებებული საკასაციო საჩივრების მოთხოვნებზე გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ კასატორი ორგანიზაცია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას მართლზომიერად მიიჩნევს, რის გამოც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს, ხოლო, დასაქმებულის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მიუხედავად სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა, არასწორად განსაზღვრა თანმდევი შედეგი და იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაცვლად მოპასუხე ორგანიზაციას კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დააკისრა.

12. ამდენად საკასაციო სასამართლოს განხილვისა და შეფასების საგანს მოცემულ შემთხვევაში სადავო ბრძანების და დადგენილი ფაქტების გათვალისწინებით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება წარმოადგენს.

13. წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ მოპასუხე ორგანიზაციამ 2021 წლის 28 ივნისს აცნობა დასაქმებულს შრომითი ურთიერთობის 2021 წლის პირველი ივლისიდან შეწყვეტის თაობაზე, სამართლებრივ საფუძვლად კი საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას) და „ო“ (სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას) ქვეპუნქტები მიუთითა.

14. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის შედეგის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 2.1 „შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ“ 2.2 „შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით“, 48.8 „სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“, 58-ე „შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, 394.1 „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“, და 408.1 „იმ პირმა რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“.

15. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, რეორგანიზაცია დასაქმებულთა სამსახურიდან განთავისუფლების თავისთავადი საფუძველი არ არის, არამედ, საჭიროა, ცვლილებები წარმოშობდეს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობას (შდრ. სუსგ. №ას-224-224-2018; ას-168-2023, 28.09.2023).

16. მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყველა ბრძანებას თავისი ინდივიდუალური საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1304-2020, 11.06.2021; №ას-151-147-2016,1 9.04.2016; ას-771-2022, 16.11.2023).

17. რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან, რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას. საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში, საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, დაასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა შტატები ფორმალურად არ შემცირდეს და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად.

18. ამდენად, რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერად ჩატარებული, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის -რეორგანიზაციის საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს“ (იხ. სუსგ-ები: №ას-1029-2020, 2.12.2020; ას-771-2022, 16.11.2023; ას-662-2023, 26.10.2023; ას-703-2023, 20.10.2023).

19. განსახილველ შემთხვევებში, რეორგანიზაციის საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს, დამსაქმებელი ვალდებულია დაასაბუთოს რამდენიმე გარემოება - 1. ის საწარმოო აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა, ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა თუ შტატების შემცირებისათვის; 2. რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების ფაქტობრივი განხორციელებისა და მისი კანონთან შესაბამისობის საკითხი - ის ლეგიტიმური მიზანი, რომლის გამოც დამსაქმებელმა ცვლილებები წამოიწყო, მიღწეულ უნდა იქნეს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ამ პროცესში თვალთმაქცურად არ უნდა ჩატარდეს რეორგანიზაცია არასასურველი დაქირავებულების თავიდან მოშორების მიზნით (იხ. სუსგ: ას-280-2020, 5.03.2021).

20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. იხ. სუსგ: №ას-151-147-2016, 19.04.2016; №ას-483-457-2015, 7.10.2015; №ას-1276-1216-2014, 18.03.2015; ას-771-2022, 16.11.2023).

21. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმარტავს, რომ დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა, ვერ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები და არგუმენტები, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას. საქმეში არ არის წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც დადგინდებოდა, თუ რა მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა უშუალოდ მოსარჩელის მიმართ გადაწყვეტილების მიღება. რამდენად ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს ემყარებოდა დამსაქმებლის გადაწყვეტილება სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ, რის საფუძველზე მიიჩნია დამსაქმებელმა, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა შესაბამისი კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები, გაეგრძელებინა შრომითი ურთიერთობა განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებების პირობებში. არ მოიპოვება მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რა დამატებითი მოთხოვნები წაეყენა მოცემულ პოზიციაზე დასაქმებულ პირს და რეორგანიზაციის შედეგად კონკრეტულად რა კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა მოსარჩელემ. ამდენად არ არსებობდა სშკ-ს 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი წინაპირობა.

22. საკასაციო სასამართლო შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანებაში არსებულ კიდევ ერთ სამართლებრივ საფუძველზეც გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ ვერც სშკ-ის 47.1 „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები დაამტკიცა დამსაქმებელმა, კერძოდ, დამსაქმებელმა ვერ მიუთითა ისეთ სხვა ობიექტურ გარემოებაზე, რომელიც შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერ საფუძვლად მიესადაგებოდა მოცემულ შემთხვევას.

23. ამდენად, ბრძანების არამართლზომიერად მიჩნევის პირობებში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასების საგანი, გათავისუფლებული პირის იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობის შეფასებაა, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში დამსაქმებლისათვის კომპენსაციის დაკისრება.

24. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის ჯგუფის სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენა იყო. ასევე დადგენილია, რომ შესაბამის პოზიციაზე თავისუფალი შტატი არ არსებობს, რაც შეუძლებელს ხდიდა მოცემულ შემთხვევაში იმავე თანამდებობაზე აღდგენას და დამსაქმებლისთვის მხოლოდ კომპენსაციის დაკისრების შესაძლებლობას იძლეოდა.

25. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მართებულად მიიჩნევს, იძულებითი განაცდურის დაკისრებისა და სამსახურიდან გათავისუფლების დროს ორი თვის კომპენსაციის გადახდის პირობებში დამატებით, კომპენსაციის სახით 2 194 ლარის დაკისრებას.

26. ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნა (დაზუსტებული მოთხოვნით) კომპენსაციის გადახდასთან ერთად იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას წარმოადგენდა, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრძანების არამართლზომიერად ცნობის პირობებში დასაბუთებულია. კერძოდ, დადგენილია, რომ დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების მართლსაწინააღმდეგოდ შეწყვეტის პირობებში მოსარჩელემ ვერ შეძლო უკვე გაზრდილი სახელფასო ანაზღაურების მიღება, რაც ყოველთვიურად 2 194 ლარს შეადგენდა.

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია.

28. სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო (კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის თაობაზე შდრ. სუსგ. ას-650-2023, 7.7.2023).

29. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს აგრეთვე, შეგებებული საკასაციო საჩივრის მოთხოვნასა და პრეტენზიებზე, და იმავე არგუმენტებით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის საფუძველია, დაუშვებლად მიიჩნევს შეგებებულ საკასაციო საჩივარსაც. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დადგენილ გარემოებას, რომ მიუხედავად შრომის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა, დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო აღდგენა შეუძლებელი იყო, ამასთან, ვერც დასაქმებულმა უზრუნველყო დაემტკიცებინა შესაბამისი თანამდებობის არსებობა დამსაქმებელ ორგანიზაციაში, რის გამოც გონივრული ოდენობით მართლზომიერად დაეკისრა დამსაქმებელ ორგანიზაციას კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, ამდენად, შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა დაუშვებელია.

30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 405-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. ი.გ–ის შეგებებული საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

3. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ (202297335) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №22289, გადახდის თარიღი 06/10/2022), 1 755.2 ლარის 70% - 1 228.64 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი