Facebook Twitter

საქმე № ას-464-2024 20 მაისი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ხ–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,კ.ბ–ი’’ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სს ,,კ.ბ–მა" სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ხ–იას მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (მდებარე: ქ. ზუგდიდში, ..........., საკადასტრო კოდი ........) გამოთხოვა.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. მოპასუხე უკანონოდ ფლობს ქონებას და უარს აცხადებს მის ნებაყოფლობით გათავისუფლებაზე, რითაც მოსარჩელეს ხელი ეშლება კანონიერი უფლებების რეალიზებაში. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხე არ ათავისუფლებს საცხოვრებელ სახლს.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო, სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო გახადა იძულებითი აუქციონის შედეგები, რომლის საფუძველზეც სს "კ.ბ–ი" გახდა მ.ხ–იას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრე. კერძოდ, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ.ხ–იამ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, კერძო აღმასრულებელ ვახტანგ მოწყობილისა და მესამე პირის სს "კ.ბ–ის" მიმართ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის (აღმასრულებლის განკარგულების) ბათილად ცნობის მოთხოვნით. აღნიშნული განკარგულებით, 2018 წლის 15 ივნისს გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე, სს "კ.ბ–მა" 36 000 ლარად შეიძინა მ.ხ–იას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ზუგდიდში, ........, ს.კ. .........

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. ზუგდიდში, ............, საკადასტრო კოდი N........ და გამოთავისუფლებული გადაეცა მესაკუთრეს.

5. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მ. ხ–ამ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

7. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

7.1. კასატორი მიუთითებს სსსკ-ს 377-ე, 386-ე, 390-ე,393-ე და 394-ე მუხლებზე და განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ სს „კ.ბ–ის“ საკუთრებაა სადავო უძრავი ქონება, 2018 წლის 20 ივნისს გამოცემული განკარგულება უკანონოა, ვინაიდან მიღებულია კანონის უხეში დარღვევით გამართულ აუქციონზე გაყიდვის გზით, კერძოდ: მას შემდეგ, რაც აღმასრულებელს გადაეცა სააღსრულებო ფურცელი აღსრულების მიზნით, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა პროცესუალური ნორმების დარღვევით. სასამართლომ სააღსრულებო ფურცელი 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გასცა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მას გასაჩივრებული ჰქონდა 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება, მ.ხ–იამ მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვა. 2018 წლის 14 აპრილს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც წარდგენილი ჰქონდა კერძო საჩივარი საკასაციო სასამართლოში და სრულიად სამართლიანად და საფუძვლიანად ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და საქმის განსახილველად დაბრუნებას, კერძო აღმასრულებელმა მიმართა სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, 2018 წლის 7 ივნისს აუქციონზე გავიდა და 2018 წლის 20 ივნისს გამოიცა აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების თაობაზე განკარგულება, რომელიც მესაკუთრედ ცნობდა სს „კ.ბ–ს“. საკასაციო სასამართლოს მიერ განჩინება კი, დაბრუნდებოდა თუ არა საქმე ხელახლა განსახილველად, მიღებულ იქნა 2018 წლის 27 სექტემბერს, რამაც არსებითად დაარღვია მოპასუხის უფლებები.

7.2. კასატორი აღნიშნავს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლო განიხილავს სამოქალაქო საქმეს N3/65-19, სადაც მოსარჩელე მ.ხ–ია, ხოლო მოპასუხე არის სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო", დავის საგანი კი – სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. შესაბამისად, გაუგებარია, პოზიცია, რატომ ცხოვრობს მ. ხ–ია ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე აღნიშნულ მისამართზე. კასატორს მიაჩნია, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისას, ქონება ბანკის მიერ გასხვისდება, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განკარგულების ბათილად ცნობის შემთხვევაში კი, უკვე სხვა მესაკუთრე ეყოლება და კასატორს მიადგება გამოუსწორებელი ზიანი.

7.3. კასატორი მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებაზე, სადაც: „უფლებათა და თავისუფლებათა სასამართლო წესით დაცვის უფლება ილუზორული (არარეალური) გახდებოდა, თუკი სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემა დაუშვებდა, რომ საბოლოო, სავალდებულო სასამართლო გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩენილიყო.“ ამით, ვინაიდან – „სამართლიანად შეიზღუდა მისი „სამართლიანი სასამართლოს“ უფლება, სასამართლოს უფლება მოიცავს არა მარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, სასამართლო გონივრულ ვადაში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. თუ მ.ხ–იას ქონებას იყიდდა ვინმე მესამე პირი, რომელმაც არც კი იცოდა, რომ აუქციონზე ქონება გატანილი იყო პროცესუალური ნორმების დარღვევით, გამოუსწორებელი ზიანი მიადგებოდათ, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ის გახდებოდა კეთილსინდისიერი შემძენი და, რომც დაედასტურებინა აუქციონის უკანონობამ.ხ–ია ვეღარ შეძლებდა ქონების უკან დაბრუნებას, ვინაიდან დაუშვებელია, კეთილსინდისიერ შემძენს ჩამოერთვას საკუთრების უფლება შეძენილ ქონებაზე.

7.4. კასატორს მიაჩნია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა ეხელმძღვანელა აღმასრულებელს და შეეჩერებინა წარმოება. საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 4 აპრილის, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიში, რომელიც შედგენილია ყოველგვარი შემოწმებისა და დათვალიერების გარეშე. შემფასებელს არ დაუთვალიერებია სადავო ქონება, ხოლო დასკვნა მოპასუხისათვის არ გადაუცია. კიდევ ერთი არსებითი დარღვევა, რომელიც მის საქმეში წარმოიშვა გახლავთ შემდეგი: 2018 წლის 20 ივნისს გამოცემულ განკარგულებაში არ არის მითითებული გასაჩივრების წესი და ვადა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დადგენილება მ.ხ–იას აღმასრულებლის ბრალით არ გადაეცა და მხოლოდ მისი მიმართვის შემდეგ, 2019 წლის 21 თებერვალს ჩაჰბარდა. ამასთან, მასში არ მიუთითებიათ გასაჩივრების ვადისა და წესების შესახებ .

7.5. კასატორის მტკიცებით, დარღვევად უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების არამართლზომიერება, უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება, ხოლო, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ უწევს ანგარიშს კანონმდებლობის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების თავისუფალ სივრცეს, ასეთ შემთხვევაში, აშკარაა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ღონისძიება უკანონოა. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ არ გამოიყენა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, ანგარიში არ გაუწია კანონის ნორმის მიზნებს, რომლის მიხედვითაც ხელყო თვით კანონით განმტკიცებული საკუთრების უფლება. როგორც აღინიშნა, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ იძულებითი სააღსრულებო წარმოება ისე წარმართა, რომ დროულად არ შეატყობინა მ.ხ–იას. აუქციონზე ქონება გაიტანა კანონის დარღვევით, ქონების აღწერისა და დათვალიერების გარეშე შეფასების ანგარიშის საფუძველზე, რეალურ საბაზრო ღირებულებაზე თითქმის 2 ჯერ ნაკლებ ფასად. აღმასრულებელს ქონება რეალური საბაზრო ღირებულების შეფასების შედეგად უნდა გაეტანა აუქციონზე ან აუქციონის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა დროულად, რათა მას თავად შესძლებოდა, მონაწილეობის მიღება.

7.6. კასატორი მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განასხვავებს საქმისწარმოების შეჩერების სავალდებულო და ფაკულტატიურ (არასავალდებულო) საფუძვლებს. სსსკ-ს 279-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მოსამართლე ვალდებულია, შეაჩეროს სასამართლო წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე; სასამართლოს მიერ საქმისწარმოება განუსაზღვრელი ვადით არ ჩერდება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია საქმისწარმოების შეჩერების ვადებიც. სსსკ-ს 279-ე მუხლის „დ“ პუნქტთან მიმართებით კი, მოსამართლემ უნდა შეაჩეროს საქმის განხილვა სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების განხილულ ადმინისტრაციული წესით საქმეზე კანონიერ ძალაში შესვლამდე გადაწყვეტილების გამოტანამდე; საქმისწარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა კატეგორიის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა ამ საქმის გადაწყვეტისას.

7.7. კასატორის მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ.ხ–იამ მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და მესამე პირი - სს „კ.ბ–ის" მიმართ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 ივნისს გამოცემული განკარგულების N18018281-020/001 ბათილად ცნობის მოთხოვნით. აღნიშნული სარჩელით კონკრეტულად დავის საგანს წარმოადგენს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 20 ივნისის N18018281-020/001 განკარგულება, რომელიც საფუძვლად დაედო N.......... საკადასტრო კოდით უძრავ ნივთზე სს „კ.ბ–ის" საკუთრების უფლების რეგისტრაციას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქმის მასალების თანახმად, მითითებული ქონების წინა მესაკუთრე იყო მ.ხ–ია, ხოლო განსახილველი სარჩელით მოსარჩელე. სადავო განკარგულების საფუძველზე, მესაკუთრის მიერ მოთხოვნილია სწორედ მითითებული საკადასტრო კოდით უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა. გამომდინარე აქედან, მოცემული საქმესა და ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში არსებულ ადმინისტრაციულ საქმეს შორის არსებობს ურთიერთკავშირი, ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს სასამართლოს წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეზე განსახილველ საკითხზე, რაც მიუთითებს მასზე, რომ სამოქალაქო საქმის განხილვა შეუძლებელია ადმინისტრაციული საქმის გადაწყვეტამდე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „გ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საქმისწარმოება შეჩერდება 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, გადაწყვეტილების გამოტანამდე.

7.8. კასატორის მითითებით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს სს „კ.ბ–ის“ აუქციონის გზით ქონების შეძენისა და განკარგულების კანონიერების შესახებ განხილვა. საქმეში, რომელიც ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე, არსებობს სრული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები იმისა, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. იმ შემთხვევაში, თუ ზუგდიდის რაიონული სასამართლო დააკმაყოფილებს მ.ხ–იას მოთხოვნას, გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება, ვინაიდან ქონების კეთილსინდისიერ შემძენს, რომელმაც არც იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ გამყიდველს ედავებოდნენ სასამართლოში საკუთრების უფლების ნამდვილობაზე, ვეღარ ჩამოერთმევა საკუთრება და სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი, რაც პირდაპირ და უშუალო გავლენას მოახდენს მ.ხ–იას არა მარტო საკუთრების უფლებაზე, არამედ მას მიაყენებს გამოუსწორებელ მატერიალურ და მორალურ ზიანს. მოპასუხე აღმოჩნდება მძიმე მატერიალური მდგომარეობის წინაშე, ვინაიდან ამ ფართში ცხოვრობს მოხუც დედასა და ავადმყოფ ძმასთან ერთად, თუ გამოასახლებენ, ისინი დარჩებიან საცხოვრებლის გარეშე.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

10.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10.2. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172.1 მუხლი.

10.3. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

10.4. ქალაქ ზუგდიდში, ........., მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი N.......... მოსარჩელის საკუთრებაა.

10.5. სადავო უძრავ ქონებას მოპასუხე ფლობს და მოსარჩელე ვერ სარგებლობს თავისი ქონებით. მოპასუხე არ არის სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელი.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

12. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

13. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

14. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, მოპასუხე სადავო უძრავ ქონებას ფლობს. მოპასუხემ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მფლობელობის მართლზომიერება.

15. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის საქმე Nას-887-2019, განჩინება). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის წინაპირობების არსებობას, რაც მართებულად გახდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ამდენად, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

16. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს არ წარმოადგენს კასატორის შედავება, რომ მოპასუხე ცხოვრობს მოხუც დედასთან და ავადმყოფ ძმასთან ერთად, თუ მათ გამოსახლება მოხდება, ისინი დარჩებიან საცხოვრებლის გარეშე. ხსენებული გარემოება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და სხვისი საკუთრების უფლების შეზღუდვას ვერ გამოიწვევს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი). სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედვით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII; პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

17. რაც შეეხება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების სსსკ-ის 279-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს ვალდებულების წარმომშობი საფუძვლები. მითითებული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. ნორმა საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მოცემულ საქმეზე მოპასუხის მითითება, რომ მის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული სარჩელით მოთხოვნილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც სადავო ნივთი მოსარჩელის საკუთრებად აღირიცხა, განიხილება ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, არ წარმოადგენს განსახილველ ვინდიკაციურ სარჩელზე საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს, რადგან მოცემული საქმის განხილვა არ არის დამოკიდებული კასატორის მიერ მითითებული სამოქალაქო საქმის განხილვაზე. შესაბამისად, საქმის განხილვის შეჩერების მავალდებულებელი გარემოება - მოცემული საქმის განხილვის შეუძლებლობა, არ არის სახეზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობა.

18. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხის მხრიდან სადავო ფართის მართლზომიერად ფლობა რაიმე რელევანტური მტკიცებულებით დადასტურებული არ არის.

19. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ხ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ.ხ–იას (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს შ.ბ–ძის მიერ 04.05.2024წ. №21706769259 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი