¹ბს-1083-1035(კ-07) 20 მარტი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ. დ.-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის განჩინება
დავის საგანი _ სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 9 ნოემბერს ნ. დ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 1995 წლის 12 ივნისს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს ...-ის განყოფილებაში საქმეთა მმართველის თანამდებობაზე. 2006 წლის 2 ოქტომბერს მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის (ავადმყოფობის გამო) შესაბამისად. დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისთანავე მოპასუხეს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ აუნაზღაურებია მოსარჩელისათვის მასზედ რიცხული დავალიანება, კერძოდ, მოსარჩელეს 1998-2000 წლებში ხელფასის სახით ყოველთვიურად უნდა მიეღო 92,82 ლარი, სულ _ 1093,48 ლარი. მას ასევე მისაღები ჰქონდა 2001-2003 წლებში სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხა 1104,78 ლარის ოდენობით. 2006 წლის 23 ოქტომბერს სახელფასო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემისა და სანივთე ქონების ღირებულების გადახდის შესახებ მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტს. ამ დეპარტამენტის 2006 წლის 2 ნოემბრის ¹9/3556 წერილით განემარტა, რომ სახელფასო დავალიანების გადახდა დამოკიდებული იყო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, ხოლო, რაც შეეხებოდა სამხედრო მოსამსახურეებზე უნიფორმის სანაცვლოდ გასაცემ შესაბამის საკომპენსაციო თანხას, კრედიტორული დავალიანების მონაცემებში არ იყო გატარებული და ვალად არ აღირიცხებოდა, რის გამოც ანაზღაურება იმ ეტაპზე ფაქტობრივად შეუძლებელი იყო და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა ნ. დ.-ის თხოვნა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხის უარი დავალიანების ანაზღაურების შესახებ სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო, რადგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2004 წლის 29 აპრილს გაცემულ იქნა ¹896/21 ცნობა სანივთე ქონების შესახებ, რომლის მიხედვით, მოსარჩელეს მიუღებელი ჰქონდა სხვადასხვა დასახელების 1104,78 ლარის ღირებულების სამხედრო ტანსაცმელი. მოპასუხის მიერ რომ მომხდარიყო, სამხედრო ფორმით უზრუნველყოფა ან შესაბამისი თანხის მისთვის ანაზღაურება, ცნობა მისაღები სამხედრო ფორმისა და საკომპენსაციო თანხის ოდენობის შესახებ არ გაიცემოდა.
მოსარჩელემ განმარტა, რომ სრულიად უკანონოდ ეთქვა უარი სახელფასო დავალიანების გადახდაზე იმ მოტივით, რომ აღნიშნული დავალიანების გადახდა საქართველოს მთავრობის კომპეტენციას განეკუთვნებოდა. მოპასუხე თავს არიდებდა მასზე რიცხული დავალიანების გადახდას, რაც მატერიალურ და მორალურ ზიანს აყენებდა მოსარჩელეს და უხეშად ხელყოფდა მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის, 1998-2000 წლებში მიუღებელი ხელფასის სახით 1093,48 ლარისა და 2001-2003 წლებში სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის _ 1104,78 ლარის, სულ 2198,26 ლარის მის სასარგებლოდ გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. დ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 1307,36 ლარის გადახდა; ასევე, სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის _ 1104,78 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლომ, საქმეში არსებული მასალების შესაბამისად, უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ნ. დ.-ი 1995 წლის 12 ივნისს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს .... განყოფილების საქმეთა მმართველის თანამდებობაზე, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 13 ოქტომბრის ¹2333 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ... შტაბის პასუხისმგებელი შემსრულებელი, უფროსი სერჟანტი ნ. დ.-ი ავადმყოფობის გამო დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში. სამსახურიდან დათხოვნისას ნ. დ.-ს არ გასწორებია საბოლოო ანგარიში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის მიმართ გააჩნდა დავალიანება, კერძოდ, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ...-ის უფროსის მიერ 2006 წლის 8 დეკემბერს გაცემული ¹3148 ცნობითაც დადგენილი იყო, რომ ნ. დ.-ის მიმართ 1998-1999-2000 წლების სახელფასო (მათ შორის, კვების კომპენსაციის) დავალიანება სულ შეადგენდა 1307,36 ლარს.
საქალაქო სასამართლომ, საქმეში არსებული, საქართველოს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის სამმართველოსა და სანივთე სამსახურის 2004 წლის 29 აპრილის ¹289/21 ცნობის შესაბამისად, ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. დ.-ის მიმართ სანივთე ქონების კომპენსაციის გაუცემელი თანხა შეადგენდა 1104,78 ლარს. სასამართლო არ დაეთანხმა მოპასუხის პოზიციას ამ მტკიცებულების გაზიარებაზე უარის თქმის შესახებ, რადგან ხსენებული ცნობა გაცემული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ და ის გარემოება, რომ დავალიანება არ იყო აღიარებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო სამსახურის მიერ, არ შეიძლებოდა გამხდარიყო მის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, მით უფრო, რომ რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, ნ. დ.-ი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებდა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო დაწესებულებაში. იმავე კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, მას უფლება ჰქონდა, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო, ხოლო საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი (საქართველოს თავდაცვის სამინისტრო) ვალდებული იყო ნ. დ.-თან საბოლოო ანგარიშსწორება მოეხდინა არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა. აღნიშნული მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არ შესრულებულა. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანი იყო, იგი უნდა დაკმაყოფილებულიყო და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაკისრებოდა მოსარჩელე ნ. დ.-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1307,36 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ საქმეზე ასევე გამოყენებული უნდა ყოფილიყო ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი და მესამე პუნქტები. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, ხოლო მესამე პუნქტით იმპერატიულად იყო განსაზღვრული, რომ სამხედრო მოსამსახურეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს დადგენილი ოდენობით არ მიუღია კუთვნილი ტანსაცმელი და არც შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. მოპასუხის მიერ აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა ნ. დ.-ის შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნისას და მოთხოვნის მიუხედავად, არც შემდგომში. მოცემული კანონისმიერი დანაწესი იყო სამხედრო მოსამსახურის სახელმწიფო უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის ერთ-ერთი გარანტია და მისი შესრულების ვალდებულება ეკისრებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საფინანსო ან რომელიმე სხვა სამსახურს, შესაბამისი ვალდებულების აღიარების მიუხედავად.
საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის მითითება მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან სანივთე ქონების ან მისი შესაბამისი კომპენსაციის გაცემის ვალდებულება, მისი შინაარსიდან გამომდინარე, არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით გათვალისწინებულ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად და მასზე არ შეიძლებოდა გავრცელებულიყო ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოპასუხისათვის სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის _ 1104,78 ლარის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი, ასევე გადაწყვეტილებაში ასახული დასაბუთება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელე ნ. დ.-ის სასარგებლოდ სანივთე ქონების კომპენსაციის თანხის დაკისრების ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული გვარდიის 2004 წლის 29 აპრილის ცნობა წარმოადგენდა მოპასუხე ორგანიზაციის მხრიდან მოსარჩელის მიმართ ვალის აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტს. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა წყდებოდა, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებდა მოთხოვნის არსებობას. ამავე კოდექსის 141-ე მუხლის საფუძველზე კი, თუ ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდებოდა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღებოდა და ვადის ათვლა დაიწყებოდა თავიდან.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო დასაბუთებული და კანონიერი, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა იგი, ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს მისცა სწორი შეფასება, რის გამოც არ არსებობდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის _ სანივთე ქონების (ფორმის ტანსაცმლის) საკომპენსაციო თანხის 1104,78 ლარის თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრებაზე უარის თქმა.
კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის დარღვევით. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილი, მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტები), ამასთან, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტი).
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელის სასარგებლოდ სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ და არასწორად განმარტა კანონი. დადგენილია, რომ მოსარჩელე შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილია 2006 წლის 2 ოქტომბრიდან, სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2006 წლის 9 ნოემბერს, სასარჩელო მოთხოვნა კი ეხება 2001-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაციას. მოსარჩელეს უფლება არ ჰქონდა, 2001-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება მოეთხოვა, რამდენადაც მოსარჩელე 2006 წლის 2 ოქტომბერს დათხოვნილი იყო სამსახურიდან, ხოლო ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს სანივთე ქონება ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია ეძლევათ სამსახურის პერიოდში, როდესაც ისინი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები არიან. რაც შეეხება სასამართლოს მიერ აღნიშნული ნორმის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ მოსარჩელეზე გავრცელებას, უკანონოა, ვინაიდან ,,სამხედრო მოსამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის დადგენილი ნორმები ვრცელდება მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებზე. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი 2007 წლის 11 მაისის ცვლილებამდე. დასახელებული ნორმით კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდათ სამხედრო მოსამსახურეებს. სარჩელის შეტანის დროისათვის მოსარჩელე ნ. დ.-ი აღარ იყო სამხედრო მოსამსახურე, ვინაიდან იგი სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს 2006 წლის 2 ოქტომბერს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს სარჩელის შეტანის დროს არ ჰქონდა ფულადი კომპენსაციის თანხის მოთხოვნის უფლება, რადგან უკვე აღარ იყო სამხედრო მოსამსახურე.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი 2004 წლის 29 აპრილის ¹896/21 ცნობა და 2006 წლის 2 ნოემბრის ¹9/3556 წერილი ჩათვალა აღიარებად და მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლზე, რომლითაც ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. არც ერთი ზემოაღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოსარჩელის მიმართ სანივთე ქონების (ფორმის ტანსაცმლის) კომპენსაციის _ ვალის აღიარებას ან სამომავლოდ გარანტიის მიცემას, პირიქით, 2004 წლის 29 აპრილის ¹896/21 ცნობა არის საინფორმაციო დოკუმენტი, ხოლო 2006 წლის 2 ნოემბრის ¹9/3556 წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ სახის დავალიანება არ გააჩნია. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე (2007 წლის მაისამდე მოქმედი რედაქცია) სამხედრო მოსამსახურეზე სანივთე ქონება (ფორმის ტანსაცმელი) ან მისი ფულადი კომპენსაცია გაიცემოდა ყოველი წლის დასაწყისში პერიოდულად, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი 2004 წლის 29 აპრილის ¹896/21 ცნობა, შესაბამისად, მოსარჩელეს 2003 წლის მიუღებელი სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ამოეწურა 2006 წლის დასაწყისში, ხოლო მოსარჩელემ სარჩელით სასამართლოს მიმართა 2006 წლის 9 ნოემბერს. ამდენად, სასამართლოს მიერ ამ საქმეზე – 2001-2006 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და შესაბამისად, მიიღო დაუსაბუთებელი და უკანონო განჩინება. გასაჩივრებული განჩინება მიღებულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეიძლებოდა არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ამგვარ საქმეებზე მანამდე მიღებული გადაწყვეტილებებისაგან, როგორიცაა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივლისის ¹ბს-219-207 (კ-07) გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტების მოთხოვნებს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 14 თებერვლამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განახილვა დაინიშნა 2008 წლის 20 მარტს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული. იმავე კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ნ. დ.-ი 1995 წლის 12 ივნისს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს ... განყოფილებაში საქმეთა მმართველის თანამდებობაზე (ს.ფ. 4); საქართველოს თავდაცვის მინისტრის ¹2333 ბრძანებით, 2006 წლის 2 ოქტომბერს მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის (ავადმყოფობის გამო) შესაბამისად (ს.ფ.5); ნ. დ.-მ სარჩელი სასამართლოში აღძრა 2006 წლის 9 ნოემბერს და მოითხოვა მოპასუხისათვის 2001-2003 წლებში სანივთე ქონების კომპენსაციის _ 1 104, 78 ლარის დაკისრება (ს.ფ. 2-3).
რაც შეეხება სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნას, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტზე (იმჟამად მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია და ფორმის ტანსაცმელი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასარჩელო მოთხოვნა სანივთე ქონების კომპენსაციის ნაწილში არ არის ხანდაზმული, იმ მოტივით, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა საქართველოს ეროვნული გვარდიის 2004 წლის 29 აპრილის ცნობის გაცემით, რითაც აღიარებულ იქნა ნ. დ.-ის მიმართ სანივთე ქონების კომპენსაციის _ 1104,78 ლარის დავალიანების არსებობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ხოლო ნ. დ.-ის სასარჩელო მოთხოვნა სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე არის ხანდაზმული, ვინაიდან მოსარჩელემ მოითხოვა 2001-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება, ხოლო აღნიშნულის თაობაზე სარჩელი აღძრა 2006 წლის 9 ნოემბერს, ანუ ხსენებული ვადის გასვლის შემდეგ. საქართველოს ეროვნული გვარდიის 2004 წლის 29 აპრილის ცნობის გაცემა ვერ ჩაითვლება მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებად, რადგან მასში არ არის მითითებული მოპასუხის მიერ სანივთე ქონების კომპენსაციის თანხის დავალიანებად აღიარებასა და მისი გადახდის დაპირებაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საქართველოს ეროვნული გვარდიის 2004 წლის 29 აპრილის ¹891/21 ცნობა ნ. დ.-ის მიმართ სანივთე ქონების კომპენსაციის თაობაზე საინფორმაციო ხასიათისაა და ვალის აღიარებად არ შეიძლება ჩაითვალოს. ამდენად, ამ ნაწილში სახეზეა არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, არამედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივნისის განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში უცვლელად დატოვების შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ნ. დ.-ის სარჩელი სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.