საქმე №ას-1155-2023 22 იანვარი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ნ.ხ–ი, გ.ხ–ა, ლ.ბ–ვა (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ტ.შ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ქორწინების განმავლობაში შეძენილ უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ტ.შ–მა მოითხოვა, გ.ხ–ასა და ნ.ხ–ს შორის 2018 წლის 31 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 1/2 ნაწილში ბათილად ცნობა - უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, …….., 1168 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი ……;
1.2. ნ.ხ–სა და ლ.ბ–ვას შორის 2021 წლის 19 აპრილს დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ½ ნაწილში ბათილად ცნობა - უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, …….., 1168 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი ……;
1.3. ქორწინების პერიოდში, თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ……., 1168 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი …….. თანამესაკუთრედ ცნობა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა ერთობლივად წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს შორის დადებული ხელშეკრულებები ბათილად იქნა ცნობილი, მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო უძრავი ნივთის ½ ნაწილის მესაკუთრედ.
4. მოპასუხეთა სააპელაციო მოთხოვნა
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5.2. სააპელაციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითა და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). მოხმობილი მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრებს შეაფასებს მათში მითითებული ძირითადი ასპექტების ფარგლებში.
5.3. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, დაადგინა, რომ მეუღლეები ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ - ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას 2018 წლამდე, სანამ არ მოხდა მათ შორის ფაქტობრივად თანაცხოვრების შეწყვეტა. უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ........, 1168 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი ......., შეძენილია 2016 წელს, მაშინ როდესაც მოპასუხე ნ.ხ–ი საქართველოში არ ცხოვრობდა. პალატა მიიჩნევს, რომ მიწის ნაკვეთის შეძენა (მოძიება, მოლაპარაკება გამყიდველთან, თანხის გადახდა), ისევე, როგორც მასზე შენობის აშენება/გარემონტება (არ არის აღრიცხული საჯარო რეესტრში), ხოლო შემდგომ სარგებლობა/ფლობა უშუალოდ და ფაქტობრივად განხორციელდა გ.ხ–ას მიერ და დღესაც გრძელდება. მოცემულ საქმეზე სადავო იყო ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის (საწყის ეტაპზე მიწის ნაკვეთი) გ.ხ–ას სურვილით/თანხებით შეძენა. მოპასუხე მხარე მიუთითებდა, რომ მიწის ნაკვეთი შეიძინა დედის - ნ.ხ–ის დავალებით და მისივე თანხებით, 10 000 აშშ დოლარი გადმოურიცხეს მშობლებმა ქონების შეძენამდე, ხოლო ნასყიდობის საფასურის (29 200 აშშ დოლარი) დანარჩენი ნაწილი გადაიხადა ნ.ხ–ის ნათესავისაგან ნასესხები თანხით. მოპასუხე მხარე თავის პოზიციას ამყარებდა, ქონების შეძენამდე რუსეთის ფედერაციიდან განხორციელებულ ფულად გზავნილებზე დაყრდნობითა და სესხების აღების შესახებ მოწმეთა ჩვენებებით. სასამართლომ ასევე უდავო ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითა, კერძოდ, 2017 წლის 7 ივნისს ნ.ხ–ი გახდა თბილისში მდებარე უძრავი ქონების (............) მესაკუთრე და მოპასუხის განმარტება, რომ მშობლებისაგან გადარიცხული 10 000 აშშ დოლარით მოხდა სადავო უძრავი ქონების შეძენა, იგივე წარმატებით შეიძლება ითქვას, რომ მშობლებისაგან გადარიცხული 10 000 აშშ დოლარით მოხდა ნ.ხ–ის სახელზე ..... გამზირზე საცხოვრებელი ბინის შეძენა, ვინაიდან ამ საკითხზე (გადმორიცხული თანხის მიზნობრიობა) მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებაა წარმოდგენილი და სხვა მტკიცებულებები არ არსებობს და ორივე ქონების შეძენა განხორციელდა დაახლოებით ერთი წლის ინტერვალით.
5.4. სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის მსჯელობა გაიზიარა და განმარტა, რომ მოწმეთა ჩვენებებიდან მოპასუხის პოზიციის სასარგებლო გარემოებები ვერ დადასტურდა, მეტიც მოწმეთა ჩვენების მიხედვით დასტურდება, რომ გ.ხ–ამ გამოთქვა სურვილი მოეძიებინა შესაძენი მიწის ნაკვეთი, მოელაპარაკა გამყიდველებს, შეიძინა და თავად მონაწილეობდა შემდგომში მასზე შენობის აშენება/გარემონტებაში. მოწმეთა ჩვენებებით არ დადასტურებულა ის გარემოება, რომ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ ნ.ხ–ს თავად სურდა საქართველოში მიწის ნაკვეთის შეძენა და მასზე სახლის აშენება. ასევე, ვარგისი მტკიცებულებით არ დადასტურებულა, რომ ბინის საფასურის დარჩენილი ნაწილისათვის, ნამდვილად ჰქონდა ადგილი გ.ჯ–აგან სესხის გაცემას/აღებას. უდავოა, რომ ნ.ხ–ი და რ.ხ–ა ფინანსურად ეხმარებოდნენ შვილს, მაგრამ მხოლოდ აღნიშნული და მოპასუხეების (გ.ხ–ას და ნ.ხ–ის) განმარტებებით არ დასტურდებოდა, რომ ნ.ხ–ის დავალებით მოქმედებდა გ.ხ–ა და მასზე მხოლოდ ფორმალურად იქნა აღრიცხული სადავო უძრავი ქონება. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ტ.შ–ს და გ.ხ–ას თანაცხოვრების პერიოდში გააჩნდათ საკუთარი შემოსავლები (ზუსტი ოდენობა დაუდგენელია).
5.5. სააპელაციო სასამართლომ, ასევე უდავოდ დადგენილად მიიჩნია სადავო უძრავი ქონების შეძენა, აშენება, გარემონტებაში გ.ხ–ას ფაქტობრივი მონაწილეობის ფაქტი, ამასთან დაადგინა, რომ 2018 წლიდან სწორედ აღნიშნულ სახლში დასახლდა, შესაბამისად არამარტო ფაქტობრივად მონაწილეობდა ქონების შეძენაში თუ გარემონტებაში, არამედ როგორც მესაკუთრე ფლობდა და განკარგავდა მას.
5.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თუ გ.ხ–ა მოქმედებდა ნ.ხ–ის სახელით, შესაძლებელი იყო მინდობილობის გაფორმება, ან ნ.ხ–ის საქართველოში ჩამოსვლისთანავე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება.
6. მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
6.2. კასატორების განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება არასაკმარისად დასაბუთებულია, სასამართლომ სრულყოფილად არ იმსჯელა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაზედაც მოსარჩელე ამყარებდა თავის მოთხოვნას. კასატორების, მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე ისეთი საპროცესო დარღვევებით განიხილა, რომელიც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს წარმოადგენს.
6.3. კასატორების განმარტებით, გასაჩივრებული განჩინებით არასწორადაა დადგენილი, რომ სადავო უძრავი ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენდა. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის გარემოებები, რომ თბილისთან ახლოს სააგარაკე სახლის აშენება ნ.ხ–ისა და მისი მეუღლის რ.ხ–ას ინტერესი იყო და შესაბამისად მათ სთხოვეს თავის შვილს შესაბამისი ადგილი მოძებნა, ამასთან თავადვე უგზავნიდნენ აღნიშნული მიზნის მისაღწევად საჭირო თანხას.
6.4. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ნ.ხ–სა და გ.ხ–ას შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების მიზანს წარმოადგენდა, ნ.ხ–ის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ამ უკანასკნელისათვის მოქალაქეობის აღდგენისთვის საჭირო პროცედურების წარმატებით გავლა, ხოლო სადავო მიწის ნაკვეთი იმ მიზნით არ გაფორმდა ნ.ხ–ის სახელზე, რომ სამშენებლო საქმიანობისთვის ნებართვები იქნებოდა საჭირო, შესაბამისად უცხოეთში მყოფი მოქალაქე ვერ იმოქმედებდა ისე, როგორც ქვეყანაში მყოფი მისი შვილი.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
10. სსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დავის განხილვისას დადგენილ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებს:
12. ტ.შ–ი და გ.ხ–ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2010 წლის 23 ოქტომბრიდან. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ ორი შვილი - 2011 წლის 24 დეკემბერს დაბადებული დ.ხ–ა და 2016 წლის 6 თებერვალს დაბადებული ა.ხ–ა.
13. მხარეთა ოჯახური თანაცხოვრება ფაქტობრივად შეწყდა 2018 წლიდან - გ.ხ–ა წავიდა სახლიდან და დასახლდა მისამართზე, მდებარე: ქ. თბილისი, .........., 1168 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი ......., ტ.შ–ის და გ.ხ–ას რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 2020 წლის 12 მარტს.
14. 2016 წლის 5 თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, გ.ხ–ამ 29 200 აშშ დოლარად შეიძინა უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ........, 1168 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი ........., რომელიც საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მის სახელზე. მიწის ნაკვეთზე აშენდა საცხოვრებელი სახლი (არ არის აღრიცხული საჯარო რეესტრში), რომელშიც 2018 წლიდან ცხოვრობდა გ.ხ–ა (შესაგებლის წარდგენის დროისათვის - 28.06.2021წ. ნ.ხ–ის და გ.ხ–ას მისამართად მითითებულია, ქ. თბილისი, .........).
15. უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, .......... (საკადასტრო კოდი: ........), საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში 1992 წლიდან ირიცხებოდა ნ.ხ–ის სახელზე. ფაქტობრივად ქონების საერთო ფართობია 71.43 კვ.მ., საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 32.00 კვ.მ. 2014 წლის 1 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში ირიცხებოდა გ.ხ–ას სახელზე, ხოლო, 2016 წლის 22 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღირიცხა კვლავ ნ.ხ–ის სახელზე.
16. გ.ხ–ასთან თანაცხოვრების ფაქტობრივად შეწყვეტის შემდეგ, 2018 წლიდან, ტ.შ–ი არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობდა ნ.ხ–ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაში, მდებარე: ქ. თბილისი, ........ (საკადასტრო კოდი: ..........). ამავე ბინაში 2020 წლის 6 ოქტომბერს შეწყდა ბუნებრივი აირის მიწოდება (ბუნებრივი აირის უკანონო/უმრიცხველო მოხმარება, ბინა არააბონირებულია).
17. ტ.შ–სა და გ.ხ–ას შორის განქორწინების პერიოდში (2020 წელი) ურთიერთობა კონფლიქტური გახდა, გ.ხ–ას მიმართ გამოცემულია ორი შემაკავებელი ორდერი ტ.შ–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის (სიტყვიერი შეურაცხყოფა) ფაქტზე.
18. 2018 წლის 31 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ნ.ხ–მა გ.ხ–ასგან 25 000 ლარად იყიდა უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ..........., 1168 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი ......... რომელიც საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ნ.ხ–ის სახელზე.
19. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა სამოქალაქო საქმე N17064-20, ტ.შ–ის სარჩელის გამო გ.ხ–ას მიმართ, ალიმენტის დაკისრებისა და არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნებით, ასევე გ.ხ–ას შეგებებული სარჩელი ტ.შ–ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით.
20. ზემოაღნიშნულ საქმეზე, მხარეთა მორიგების გამო, საქმის წარმოება შეწყდა 2020 წლის 8 დეკემბრის განჩინებით, რაზეც 2021 წლის 4 თებერვალს გაცემულია ორი სააღსრულებო ფურცელი. განჩინებით განსაზღვრული პირობები (ალიმენტი, სწავლის/ბაღის საფასური), სრულდება გ.ხ–ას მიერ.
21. ტ.შ–მა სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე გ.ხ–ას და ნ.ხ–ის მიმართ. მოსარჩელე ასევე ითხოვდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, რაზედაც 2021 წლის 2 აპრილის განჩინებით (საქმე N2/7000-21) სარჩელისა და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების წარმოებაში მიღებაზე ეთქვა უარი.
22. 2021 წლის 21 მაისს ტ.შ–მა (მოცემულ საქმეზე N2/11682-21) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2021 წლის 3 ივნისს წარადგინა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, ტ.შ–ი ითხოვდა ნ.ხ–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, .........., 1168 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი ........ – ½ ნაწილზე ყადაღის დადებას. განცხადებას თან ერთვოდა 2021 წლის 1 აპრილს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერი სადავო უძრავ ქონებაზე.
23. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ივნისის განჩინებით (საქმე N2/11682-21), ტ.შ–ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა წარედგინა ნ.ხ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, ........, 1168 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი ..........) შესახებ ინფორმაცია უახლესი მონაცემებით. ტ.შ–მა 2021 წლის 10 ივნისს სასამართლოში წარადგინა განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე და დაზუსტებული სარჩელი მოპასუხეების გ.ხ–ას, ნ.ხ–ისა და ლ.ბ–ვას მიმართ. 2021 წლის 8 ივნისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ..........., 1168 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი ......., მესაკუთრედ რეგისტრირებულია ლ.ბ–ვა. უფლების რეგისტრაციის თარიღი: 19/04/2021, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 19/04/2021.
24. 2021 წლის 19 აპრილის, გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ნ.ხ–მა, რომელიც წარმოადგენს გამოსყიდვის უფლების მქონე პირს, მიჰყიდა უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ............, 1168 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი ........., ლ.ბ–ვას 80 000 აშშ დოლარად (274 904 ლარად). გამოსყიდვის ვადა შეადგენს ორ წელს, არაუგვიანეს 2023 წლის 19 აპრილისა.
25. გ.ხ–ას 01/01/2016-დან 31/12/2016-მდე პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან მიღებული აქვს შემდეგი გზავნილები: 25/01/2016 - გამგზავნი: რ.ხ–ა - 5 000 აშშ დოლარი, 25/01/2016 - გამგზავნი: ნ.ხ–ი - 5 000 აშშ დოლარი, 12/02/2016 - გამგზავნი: რ.ხ–ა - 1 000 აშშ დოლარი, 03/03/2016 - გამგზავნი: რ.ხ–ა - 1 000 აშშ დოლარი, 29/03/2016 - გამგზავნი: ნ.ხ–ი - 1 100 აშშ დოლარი, 23/04/2016 - გამგზავნი: ნ.ხ–ი - 5 000 აშშ დოლარი, 07/06/2016 - გამგზავნი: ნ.ხ–ი - 5 000 აშშ დოლარი, 09/07/2016 - გამგზავნი: ნ.ხ–ი - 5 000 აშშ დოლარი, 27/12/2016 - გამგზავნი: ნ.ხ–ი - 200 აშშ დოლარი. გ.ხ–ას 2016 წლის 31 მაისს უფიქსირდება 3 000 აშშ დოლარის ოდენობით სწრაფი ფულადი გზავნილის მიღება (გამომგზავნი არ ფიქსირდება) სს „ლ. ბ“-ს მეშვეობით.
26. უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ............., ბინა N131, საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ნ.ხ–ის სახელზე 07/06/2017 წლიდან. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 07/06/2017.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში სსკ-ის) 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. სსკ-ის 1158-ე მუხლის შესაბამისად „მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას) თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი“.
28. საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ და საერთო თანაზიარ საკუთრებად. ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. აღნიშნული დანაწესი რეგულირდება სსკ-ის 1161-ე-1162-ე მუხლებით. თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლესთან ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. საპატიო მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ პირის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზის გამო, დამოუკიდებელი შემოსავლის მიუღებლობას. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს იმას, ქონება შეძენილია ერთ-ერთი მათგანისა, თუ ორივე მეუღლის მიერ (იხ. სუსგ. №ას-7-7-2016, 16.03.2016წ; №ას-1169-1089-2017, 24.11.2017წ; ას-1413-2022, 30.03.2023; ).
29. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........, 1168 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი ........., შეძენილია ტ.შ–ისა და გ.ხ–ას რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, შესაბამისად წარმოადგენს მათ თანასაკუთრებას (იხ. სუსგ ას-1344-2020, 2.04.2021; ას-7-7-2016, 16.03.2016, ას-180-169-2017, 19.07.2018 წელი).
30. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, კერძოდ, გ.ხ–ას მიერ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ½ ნაწილი (მდებარე: ქ. თბილისი, ............, 1168 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი ........) გასხვისდა თანამესაკუთრე ტ.შ–ის თანხმობის/მოწონების გარეშე და გ.ხ–ასა და ნ.ხ–ს შორის 2018 წლის 31 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელს გადაეცა საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე წარმოადგენდა მოჩვენებით გარიგებას, რადგან უძრავ ნივთზე ხელშეკრულების დადებისას მათ მიერ გამოვლენილი ნება იყო მოჩვენებითი, მხარეებს არ სურდათ გარიგებით განსაზღვრული იურიდიული შედეგის დადგომა და ისინი შეთანხმებულად მოქმედებდნენ (დედა-შვილი), შესაბამისად, ადგილი ჰქონდა მოჩვენებითი გარიგების დადებას, რაც სადავო გარიგების ბათილობის (½ ნაწილში) საფუძველს წარმოადგენს.
31. ზემოაღნიშნულთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ ნ.ხ–მა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იყიდა უძრავი ქონება (ქ. თბილისი, .........., ბინა N131 - 2017 წელი, ასევე, მის საკუთრებაშია ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ......... – 2016 წელი), ხოლო მას შემდეგ, რაც გ.ხ–ას და ტ.შ–ს დაეძაბათ ურთიერთობა (2018 წელი, გ.ხ–ა მიდის სახლიდან) ხდება დედასა და შვილს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება სადავო უძრავ ქონებაზე, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ცარიელი მიწის ნაკვეთი თავდაპირველად შეძენილია 29 200 აშშ დოლარად და უდავოა, რომ მასზე უკვე იდგა შენობა-ნაგებობა (არ არის აღრიცხული საჯარო რეესტრში), ნასყიდობის ფასად მითითებულია - 25 000 ლარი.
32. გარდა იმისა, რომ მეუღლეთა ფაქტობრივი თანაცხოვრების შეწყვეტას ემთხვევა ქონების გასხვისება, გასათვალისწინებელია, რომ გ.ხ–ა საკუთრების უფლების გასხვისების შემდგომაც აგრძელებს ცხოვრებას ზემოაღნიშნულ მისამართზე (შემაკავებელი ორდერის გამოცემის დროისათვის - 2020 წელს, ს. აგარაკი მითითებულია გ.ხ–ას მისამართად). ნასყიდობის ხელშეკრულებაში კი, როგორც თავად მოპასუხემ აღნიშნა, მითითებულია არარეალური ნასყიდობის ფასი - 25 000 ლარი (აღნიშნულს ადასტურებს შეუსაბამოდ განსხვავებული ნასყიდობის საფასურის მითითება შემდეგში, ნ.ხ–სა და ლ.ბ–ვას შორის დადებულ ხელშეკრულებაში), აღნიშნული ფასის მითითებასთან დაკავშირებით გ.ხ–ას განმარტებები ბუნდოვანია, მოპასუხემ ასევე ვერ დაადასტურა ქონების სარემონტო სამუშაოებში გაწეული რეალური ხარჯის ოდენობა.
33. საკასაციო სასამართლო, საკასაციო მოთხოვნის პასუხად, მოსარჩელის იმ მოთხოვნაზეც გაამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც სადავო იყო ნ.ხ–სა და ლ.ბ–ვას შორის 2021 წლის 19 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება, ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით.
34. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნას, რომ მოპასუხეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით მოჩვენებითი ხასიათის იყო, რაც ამავე ქონებაზე დადებული ხელშეკრულების ნაწილობრივ, სადავო ქონების ½ ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველია. საგულისხმოა, რომ ლ.ბ–ვას პირდაპირი კავშირი სხვა მოპასუხეებთან არ დგინდება, თუმცა, შესაგებლის წარდგენისას მისამართის ველში ლ.ბ–ვას სხვა მისამართი უფიქსირდება, ხოლო, დანარჩენ მოპასუხეებს ერთი - სადავო უძრავი ნივთის მისამართი. ასევე, საგულისხმოა, რომ ლ.ბ–ვა ფაქტობრივად არ დაუფლებია სადავო უძრავ ქონებას, რომელიც ისედაც შეზღუდული უფლებით შეიძინა.
35. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საკასაციო საჩივრის მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) მიერ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2023 წლის 25 დეკემბერს წარმოდგენილ განცხადებაზე, დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ, რომლითაც განმცხადებელი, სადავო ბინაში შვილების შესახლებას ითხოვდა.
36. საკასაციო სასამართლო განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
37. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს დროებითი განკარგულება, რათა მოაწესრიგოს: ა) შვილის მიმართ მშობელთა ზრუნვის საკითხები; ბ) ერთ-ერთი მშობლის ურთიერთობა ბავშვთან; გ) ბავშვის აღსაზრდელად გადაცემა ერთ-ერთი მშობლისათვის; დ) მცირეწლოვანი ბავშვის შენახვის ვალდებულება; ე) საკითხი ერთ-ერთი მეუღლის მიერ მეორე მეუღლისათვის მატერიალური დახმარების გაწევის შესახებ; ვ) საოჯახო მეურნეობისა და ბინით სარგებლობის საკითხი; ზ) საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვასთან დაკავშირებით ხარჯების ავანსის სახით გადახდევინების საკითხი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად აღნიშნულ საკითხებზე სასამართლოს განჩინება შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს იმ ურთიერთობათა ჩამონათვალს რომლის მოსაწესრიგებლად სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს დროებითი განკარგულება. სასამართლო ტ.შ–ის შუამდგომლობაზე მსჯელობისას, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მოწესრიგებულ დროებითი განკარგულების ინსტიტუტის არსზე, რომელსაც კანონმდებელი საქორწინო და საოჯახო დავებისათვის ითვალისწინებს.
38. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც არასრულწლოვანის ინტერესებს შეეხება, ამოსავალი დებულება ყოველთვის ბავშვის საუკეთესო ინტერესია. ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა გავრცელდეს ყველა საკითხზე, რომელიც შეეხება ბავშვებს, და უნდა იქნეს გათვალისწინებული კონვენციასა თუ ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებს შორის ნებისმიერი შესაძლო წინააღმდეგობის გადასაწყვეტად. ყურადღება უნდა მიექცეს გადაწყვეტის ისეთი შესაძლო გზების განსაზღვრას, რომლებიც შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ეს გულისხმობს იმას, რომ განხორციელების ღონისძიებების შემუშავებისას სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, დაადგინონ ყველა ბავშვის, მათ შორის მოწყვლადი ბავშვების, საუკეთესო ინტერესები (შეად. სუსგ-ას N ას-163-2021, 28.05.2021წ.).
39. სასამართლოს მიერ დროებითი განკარგულების მიღების მიზანს პირველ რიგში არასრულწლოვანის ინტერესების დაცვა წარმოადგენს. სასამართლოს უფლება აქვს დროებითი განკარგულება მიიღოს საქორწინო და საოჯახო საქმეთა განხილვისას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლიდან გამომდინარე საქმის არსებითად გადაწყვეტამდე იმ შემთხვევაში, როდესაც იკვეთება გადაუდებელი აუცილებლობა არასრულწლოვანის ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, გათვალისწინებით იმისა, რომ ტ.შ–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, ხოლო წინამდებარე განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი დაუშვებლად არის ცნობილი, რის შედეგად მხარეთა შორის არსებული დავა დასრულებულია და ტ.შ–ი წარმოადგენს უძრავი ნივთის (ს/კ: ........) ½ ნაწილის მესაკუთრეს, რითაც ტ.შ–ს, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, სრული უფლებამოსილება გააჩნიათ ისარგებლონ აღნიშნული უძრავი ქონებით.
40. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს წარმოდგენილ განცხადებაზე. შესაბამისად, განცხადება დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 355-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ხ–ის, გ.ხ–ასა და ლ.ბ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
2. ტ.შ–ის შუამდგომლობა დროებითი განკარგულების გამოცემის თაობაზე დარჩეს განუხილველი;
3. ნ.ხ–ს (........), გ.ხ–ას (.........) და ლ.ბ–ვას (..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გ.ს–ის (.......) გადახდილი (საგადახდო დავალება №1697371225, გადახდის თარიღი 15/10/2023), 750 ლარის 70% - 525 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი