Facebook Twitter

საქმე №ას-13-2025

12 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „თ.ე.კ–ია“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ „დ.გ–ია“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – თანხის დარიცხვის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა(ა)იპ „დ.გ–იამ“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „თ.ე.კ–იის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა 31 582.28 ლარის ოდენობით დარიცხული ელექტროენერგიის გადასახადის გაუქმება.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და დამატებით წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა შეგებებული სარჩელით მოპასუხეს დაკისრებოდა 20 614.69 ლარის გადახდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მოსარჩელე კომპანიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოპასუხე კომპანიის მიერ მოსარჩელე კომპანიისათვის 31 582.28 ლარის ოდენობით დარიცხული ელექტროენერგიის გადასახადი.

6. სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინებაში მიუთითა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დგინდებოდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 23 მაისს, 14:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ სასამართლო უწყება მოპასუხე კომპანიას 2024 წლის 18 აპრილის სასამართლო სხდომაზე (სასამართლოს უწყება/ხელწერილი ხელმოწერილია კომპანიის წარმომადგენლის - თ.ხ–იას მიერ) ეცნობა/ჩაბარდა. შესაბამისად, მოპასუხეს 2024 წლის 23 მაისს, 14:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ კანონით დადგენილი წესით ეცნობა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენდა;

6.2. მოპასუხეს სხდომის გადადების თაობაზე სასამართლოსათვის შუამდგომლობით არ მიუმართავს და სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ არ უცნობებია. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რაიმე საპატიო გარემოება;

7. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე და 230-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, განმარტა, რომ მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დამტკიცებულად ჩაითვალა სააპელაციო საჩივარში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. აპელანტი არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას. იგი ქ. თბილისში რიყის ტერიტორიაზე რეგისტრირებულია N.... აბონენტად. 2021 წლის 10 აგვისტოს მოსარჩელე კომპანიას ზედმეტად დაერიცხა 2 252.18 ლარი; 2021 წლის 9 სექტემბერს - 2 024.95 ლარი; 2021 წლის ოქტომბერს - 2 788.68 ლარი; 2021 წლის ნოემბერში - 1 659 ლარი; 2021 წლის 9 დეკემბერს - 2 183. 68 ლარი, 2022 წლის 25 თებერვალს - 2 149.11 ლარი; 2022 წლის 29 მარტს - 2 760.31 ლარი, ხოლო - 30 მარტს, ისე რომ კილოვატის ხარჯვა არ დაფიქსირებულა დაერიცხა 1 282 ლარი. 2022 წლის 27 აპრილს აპელანტს ზედმეტად დაერიცხა 1 706.84 ლარი; 2022 წლის 28 მაისს - 1 627.47 ლარი; 2022 წლის 27 ივნისს - 2 019.36 ლარი; 2022 წლის 28 ივლისს - 2 223. 67 ლარი; 2022 წლის 28 აგვისტოს 2 425.76 ლარი; ხოლო 2022 წლის 27 სექტემბერს - 1 837.18 ლარი. აპელანტს სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში სრულად გათიშული ჰქონდა ელექტროენერგია 27 დღის განმავლობაში, თუმცა იმდენივე აღმოჩნდა გადასახდელი თანხა რაც სხვა თვეებში. 2021 წლის ივლისამდე მომსახურებას მოწინააღმდეგე კომპანიის ნაცვლად სწევდა სს „ე-ეს თ–სი“, რა დროსაც ყოველთვიური ელექტროენერგიის გადასახადი 1 400 ლარზე მეტი არ ყოფილა;

7.2. აპელანტის განმარტებით, ჩატარდა ექსპერტიზა, რითაც დადგინდა, რომ 31 დღეში ელექტროენერგიის მაქსიმალური ხარჯვა შეადგენს 1 650.74 კილოვატს, ნაცვლად მოწინააღმდეგე მხარის მიერ საშუალოდ ნაჩვენები 6500 კილოვატისა. მას შემდეგ რაც მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა მრიცხველის შემოწმება და შემდგომ შეცვლა. 2021 წლის 3 ნოემბერს, აღმოჩნდა, რომ ელექტროენერგიის გათიშვის შემდგომაც 5 კილოვატს საათში მაინც აღრიცხავდა მრიცხველი;

7.3. 2022 წლის 29 ივნისს მოპასუხე კომპანიამ აპელანტის დაუკითხავად მოხსნა მრიცხველი და ახალი მრიცხველი დააყენა, რისთვისაც მოსარჩელე კომპანიას დააკისრა 99.45 ლარის გადახდა. მოწინააღმდეგე მხარისგან მიღებულია შეტყობინება, რომ თუ 2022 წლის 16 ოქტომბრამდე არ მოხდება ელექტროენერგიის დავალიანების თანხის დაფარვა N5.... აბონენტს შეუწყდება დენის მიწოდება. ამდენად, 2022 წლის 27 სექტემბრამდე ზედმეტად დარიცხული თანხა შეადგენს - 31 582. 28 ლარს.

8. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში, სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებლად მოსარჩელეს წარდგენილი აქვს აბონენტის ბრუნვის ისტორია და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შპს „ვ–ის“ დასკვნა. დასკვნაში მითითებულია, რომ აპელანტი მხარის მიერ 31 დღეში ელ. ენერგიის მაქსიმალური ხარჯვა შეადგენს 1 650.74 კვტ, ნაცვლად მოწინააღმდეგე მხარის მიერ ნაჩვენები საშუალოდ 6 500 კვტ.

9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას, რის გამოც საქმეზე მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

10. ზემოაღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხე მხარემ.

11. საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:

11.1. 2024 წლის 23 მაისს 14:00 საათზე მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, წარმომადგენელმა ვერ შეძლო მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულება, ასევე, მოვალეობის შესრულების (საპროცესო წარმომადგენლობის) შეუძლებლობის თაობაზე კომპანიის ან სასამართლოს წინასწარი ინფორმირება. 2024 წლის 22 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელი იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე მისი მცირეწლოვანი შვილის - ს.ბ–ის (დაბ. 11.07.2018 წ. პ/ნ .....) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (საჩივარს ერთვის N2393430 საავადმყოფო ფურცელი, ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარება „პედიატრი“ 112-ის გამოძახების დამადასტურებელი დოკუმენტი - N15481205 სამედიცინო ბარათი; ასევე 2024 წლის 22 ივნისის სს „ე–სი - დ.დ.პ–ის“ მიერ გაცემული N241739451 დანიშნულება). მიუხედავად შვილის ავადმყოფობისა, თ.ხ–ია 2024 წლის 23 მაისს გამოცხადდა სამსახურში (მისამართი: ქ. თბილისი, ....), რადგან მოცემულ საქმეზე კომპანიის მხრიდან მინდობილობა სააპელაციო სასამართლოში საქმისწარმოებაზე გაცემული იყო მხოლოდ თ.ხ–იაზე და გამოთქვა მზადყოფნა, მონაწილეობა მიეღო მის წარმოებაში არსებული საქმის განხილვაში, შესაბამისად, მისი სხვა იურისტით ჩანაცვლების აუცილებლობა არ არსებობდა;

11.2. 2024 წლის 23 მაისის დაახლოებით დღის 13:00 საათისთვის, როდესაც საპროცესო წარმომადგენელი - თ.ხ–ია სასამართლოში წავიდა, გზაში თავი იგრძნო შეუძლოდ, აღენიშნებოდა თავის ძლიერი ტკივილი, რის გამოც იძულებული გახდა ყველაზე ახლომდებარე კლინიკისათვის მიემართა დახმარების აღმოსაჩენად. საჩივარს ერთვის ს. ხ. სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N IV-100/ა, სადაც დიაგნოზის სახით მითითებულია ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზია. ამავე მტკიცებულებაში მითითებულია, რომ პაციენტს გაეწია პირველადი დახმარება და მიეცა რეკომენდაცია მომდევნო 3-4 დღის განმავლობაში მოსვენებით მდგომარეობაში ყოფნაზე. წარმომადგენლის მიერ აღნიშნული პირველადი დახმარების მიღების პროცესში გავიდა ის დრო, როდესაც იგი კომპანიის სახელით უნდა წარმდგარიყო პროცესზე სააპელაციო სასამართლოში. ამდენად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ წარმომადგენელი გონივრულად ვარაუდობდა სასამართლოში გამოცხადების შესაძლებლობას, მან ვეღარ შეძლო სასამართლოს წინასწარი ინფორმირება საპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ. აღნიშნული ასევე ვერ აცნობა დამსაქმებელს, რათა კომპანიას სხვა პირის გამოცხადების გზით უზრუნველეყო საპროცესო უფლებების რეალიზაცია;

11.3. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოწინააღმდეგე მხარემ უზრუნველყო საპროცესო წარმომადგენლობა, ხოლო, საპროცესო წარმომადგენელი სამსახურიდან სასამართლომდე გზაში გახდა ავად (რაც დადასტურებულია სამედიცინო დოკუმენტაციით) და საპატიო მიზეზით ვერ შეძლო ვერც სასამართლოს და ვერც დამსაქმებლის წინასწარი ინფორმირება, სასამართლომ უნდა მიიჩნიოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, უნდა გააუქმოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განაახლოს საქმის წარმოება.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

13. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინებაში მითითებულია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარდგენილი საჩივარი ეფუძნება - საპატიო მიზეზის არსებობას, რომლის დასადასტურებლად საჩივარს თან ერთვის მხოლოდ ერთი წარმომადგენლის - თ.ხ–იას მიმართ მითითებული გარემოების, მისი საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო არაფერია ნათქვამი მეორე წარმომადგენლის გ.ბ–ძის მიმართ შესაძლო არსებულ საპატიო მიზეზთან დაკავშირებით.

14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვერ გაიზიარებდა საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომლის თანახმად, რამდენადაც ბიულეტენზე მყოფმა თანამშრომელმა - თ.ხ–იამ გამოთქვა „მზადყოფნა“, მიეღო მონაწილეობა საქმის განხილვაში და გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე, ეს ათავისუფლებდა მეორე წარმომადგენელს - გ.ბ–ძეს თავისი უფლება-მოვალეობების შესრულებისაგან. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ის თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული წინამდებარე საქმის განხილვაში: მისი ხელმოწერითაა წარმოდგენილი 2022 წლის 7 მარტს წარდგენილი შესაგებელი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 59-94), 2022 წლის 2 მაისს - დაზუსტებული შესაგებელი (ტ.1 ს.ფ. 141- 171), 2022 წლის 10 მაისს - შეგებებული სარჩელი (ტ.1. 176-191), 2022 წლის 8 ნოემბერს - დაზუსტებული შესაგებელი (ტომი 2, 4-45), 2022 წლის 11 ნოემბერს კი - დაზუსტებული შეგებებული სარჩელი; მის მიერვეა სააპელაციო სასამართლოში შეტანილი 2024 წლის 22 თებერვალს სააპელაციო შესაგებელი; მანვე წარადგინა საჩივარიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით; საჩივრის წარდგენამდე კი, თავად მომართა სასამართლოს საქმის მასალების გაცნობის, სხდომის ოქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით; გ.ბ–ძის სახელზე კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ გაცემული (ბოლო) მინდობილობა ვადაშია - 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებები პალატას უქმნის შინაგან რწმენას, რომ მოწინააღმდეგე მხარე სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს ვერ ადასტურებს.

16. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დღეს - 2024 წლის 23 მაისს წარმომადგენელი - თ.ხ–ია საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა და ამის შესახებ წინასწარ ინფორმირებული იყო დამსაქმებელი. მოცემული დავის ფარგლებში, არ არის სადავო ის გარემოება, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა შეჩერებული იყო სასამართლო სხდომის დღეს - 2024 წლის 23 მაისს (საფუძველი - დროებითი შრომისუუნარობა). საჩივრის ავტორი თავად მიუთითებს საჩივარში, რომ 2024 წლის 22 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით თ.ხ–ია იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე მისი მცირეწლოვანი შვილის - ს.ბ–ის (დაბ. 11.07.2018 წ. პ/ნ ........) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ამდენად, თ.ხ–ია თუნდაც თავისი ნებით გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე, როგორც შრომისუუნარო, ბიულეტენზე მყოფი პირი, მაინც არ იქნებოდა უფლებამოსილი განეხორციელებინა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები.

17. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს შეჩერებულია შრომითი უფლებამოსილება, შეიძლება დასაქმებული გამოცხადდეს სამსახურში, შეასრულოს კიდეც სამსახურთან დაკავშირებული ფუნქციები, თუმცა ის ბიულეტენზე ყოფნის პერიოდში, არაუფლებამოსილ პირად ითვლება და მის მიერ განხორციელებულ საქმიანობას/ ქმედებას სამართლებრივი შედეგი ვერ მოყვება. რა თქმა უნდა, სასამართლოს არ აქვს წვდომა სასამართლო პროცესზე გამოცხადებული პირების/წარმომადგენლების ბიულეტენზე ყოფნის ფაქტები გადაამოწმოს, თუმცა იმ პირობებში, როცა თავად საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ კომპანია სასამართლო სხდომაზე ბიულეტენზე მყოფ თანამშრომელს აგზავნიდა, რომელიც ვერ გამოცხადდა საქმის განხილვაზე ჯანმრთელობის გაუარესების გამო და ამ საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებასაც კი ითხოვს, სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნულ ინფორმაციას ვერ უგულებელყოფს და ვერ დაუშვებს პრეცედენტს, რომლის თანახმად, მსგავსი მიდგომა თანამშრომლის ან თუნდაც სასამართლოს მიმართ კეთილსინდისიერებისა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩარჩოში ჯდება.

18. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის შესაბამისად ამა თუ იმ პირისთვის საავადმყოფო ფურცლის გახსნა თავისთავად, ცალკე აღებულიც, პაციენტის შრომისუუნარობასა და, შესაბამისად, სამუშაო ადგილზე თუ სხვა დაწესებულებაში, მათ შორის, სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობაზე მიუთითებს. განსხვავებით ამბულატორიული მკურნალობის სამედიცინო ცნობებისგან, არ საჭიროებს დამატებით აღნიშვნას სასამართლო სხდომაზე პაციენტის გამოუცხადებლობის თაობაზე. მითითებული დოკუმენტი, დანიშნულებიდან გამომდინარე, იმთავითვე გამორიცხავს საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში, პაციენტის შრომისუნარიან სუბიექტად და, მაშასადამე, საკუთარი ინტერესების დასაცავად სამართალწარმოებაში მონაწილეობისუნარიან პირად განხილვას“ (შდრ. სუსგ №ას-1976-2018, 2020 წლის 30 აპრილი).

19. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლზე, ასევე, საქართველოს შრომის კოდექსზე, რომელიც განამტკიცებს ქალის შრომითი უფლებების განხორციელებისა და დაცვის სამართლებრივ გარანტიებს, ითვალისწინებს შეღავათებს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის პერიოდში ქალის შრომითი უფლებების განხორციელებისათვის.

20. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ „ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ კონვენცია“ ქალის უფლებების შესახებ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო იურიდიული დოკუმენტია, რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერთდა. კონვენცია ეხება ქალების გაძლიერებას, თანასწორუფლებიანობას და აყალიბებს ნორმატივებს ამის მისაღწევად, ავალდებულებს სახელმწიფოს, მისცეს ქალს თანასწორობის უფლების რეალურად გამოყენების საშუალება. კონვენცია შეიცავს 16 არსებით მუხლს და ფოკუსირდება სამ მნიშვნელოვან მიმართულებაზე: (1). ქალის სამოქალაქო უფლებები და ლეგალური სტატუსი, (2). რეპროდუქციული უფლებები და კულტურული ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ გენდერულ ურთიერთობებზე; (3). სპეციფიკური მუხლები ეხება ქალების თანაბარ უფლებებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, განვითარების, ეკონომიკური ცხოვრების, დასაქმების, საოჯახო და ქორწინებით ურთიერთობებსა და სხვა სფეროებში; კონვენციაში სერიოზული ყურადღება ეთმობა ქალებისათვის ისეთ უაღრესად მნიშვნელოვან ასპექტს, როგორიცაა მათი უფლებები აღწარმოების სფეროში. ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია კონვენციის პრეამბულა, რომელშიც მითითებულია, რომ „ქალის როლი თაობის გაგრძელებაში არ უნდა იყოს დისკრიმინაციის მიზეზი”. კონვენცია არაერთგზის უბრუნდება დისკრიმინაციასა და რეპროდუქციულ ქცევას შორის კავშირის თემას, მაგალითად, მე-5 მუხლში მითითებულია აუცილებლობა „უზრუნველყონ ... დედობის, როგორც სოციალური ფუნქციის სწორი გაგება”. იგი შეიცავს აგრეთვე მოთხოვნას, რომ ორივე სქესს შორის სრულად იყოს განაწილებული პასუხისმგებლობა შვილების აღზრდისათვის. ამის შესაბამისად, აღიარებულია დედობისა და ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული პრინციპები, როგორც ძირითადი (სუსგ № ას-325-310-2016; 13 ოქტომბერი, 2016 წელი).

21. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების საჩივრით გასაჩივრების ინსტიტუტი სწორედ იმას ემსახურება, რომ მხარის უფლება სამართლიან სასამართლოზე არ შეილახოს და მას ეძლევა შესაძლებლობა, თუკი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დადასტურება ვერ შეძლო, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საჩივრის განხილვის ეტაპზე წარადგინოს. მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარემ მტკიცების ეს ტვირთი ვერც საჩივრის განხილვის ეტაპზე დასძლია, რაც იმაში გამოიხატება, რომ საჩივრის ავტორის მიერ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის მიმართ დგება არასასურველი საპროცესო-სამართლებრივი შედეგი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების სახით.

22. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საჩივარი არ შეიცავს რაიმე ისეთ არგუმენტს ან/და მტკიცებულებას, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდებოდა. სადავო არ არის, რომ მოწინააღმდეგე მხარე კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული იყო სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ. ასეთ ვითარებაში, მხარე ვალდებულია სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე წინასწარ წერილობით აცნობოს სასამართლოს და შესაბამისი მტკიცებულებაც წარადგინოს. ხოლო თუ მტკიცებულების წარდგენა იმ დროისთვის შეუძლებელია, კანონი მხარეს აძლევს შესაძლებლობას აღნიშნული საჩივრის ფარგლებში მაინც მიაწოდოს სასამართლოს.

23. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მოპასუხეს უნდა დაესაბუთებინა, რატომ იყო შეუძლებელი მეორე წარმომადგენლისთვის - გ.ბ–თვის პროცესზე გამოცხადება ან/და კომპანიის წარმომადგენლის - თ.ხ–იას საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის თაობაზე სასამართლოს ინფორმირება, აღნიშნული ტვირთი საჩივრის ავტორმა სათანადოდ ვერ გასწია.

24. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თ.ხ–ია საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა 2024 წლის 22 მაისიდან 2024 წლის 24 მაისის ჩათვლით (უდავო გარემოება), ამდენად, მოპასუხეს ჰქონდა საკმარისი დრო, მიეღო ზომები და რაიმე ფორმით ეცნობებინა სასამართლოსთვის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ, რაც შეფასდებოდა მხარის პროცესზე გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს დროულ ინფორმირებად და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებად.

25. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში და სააპელაციო საჩივარში მითითებული და სასამართლო სხდომაზე მოპასუხის/მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა/ასაბუთებდა სასარჩელო მოთხოვნას.

26. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.

27. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:

27.1. სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა 387-ე მუხლის მუხლის მე-3 ნაწილისა და 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, რაც წარმოადგენდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრის ერთ-ერთ წინაპირობას. 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ, იმ ფაქტებზე დაყრდნობით შეაფასა მომჩივნის არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას/ მის ძალაში დატოვებას ხსენებული ნორმის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს ასევე დამატებით პირობა სარჩელში/ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სააპელაციო მოთხოვნას. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი რეგულაცია: პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავი, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობისას მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე უნდა იყოს (სსსკ-ის 230-ე მუხლი) შემდეგი წინაპირობები: ა) მხარე დადგენილი წესით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე და არასაპატიოდ არ უნდა გამოცხადდეს სხდომაზე; ბ) სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს მოთხოვნას. მითითებული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა სასამართლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დასაკმაყოფილებლად, ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმის სწორად მოძიებას, რომელიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და იძლევა ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ამოწმებს მითითების ტვირთის მოსარჩელის მხრიდან დაძლევის საკითხს და ადგენს სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია. სააპელაციო წესით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილებისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სარჩელში მითითებული ფაქტების გარდა, სააპელაციო საჩივარში გადმოცემული უნდა იყოს იმგვარი დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზიები, რომლებიც, კანონის ძალით დადასტურების გამო, აქარწყლებენ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს სარჩელის უარყოფის თაობაზე;

27.2. კასატორმა სარჩელში მითითებულ ფაქტებთან, ექსპერტიზის დასკვნასა და სააპელაციო საჩივარში მითითებულ ფაქტებთან (იხ.საკასაციო საჩივარი, ტ. 2, ს.ფ. 163-166) დაკავშირებით აღნიშნა, რომ გარემოებების წინააღმდეგობრიობის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილად მიჩნეული ფაქტები იურიდიულად ამართლებდა სააპელაციო და შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნას, თუმცა მას ერთადერთი მოვალეობა - სამართლის ნორმასთან ხსენებული ფაქტების სუბზუმირება არ განუხორციელებია. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა უპირობოდ აღიარებს, რომ იურიდიული მართებულობა ნიშნავს მოთხოვნის მარეგულირებელი ნორმის წინაპირობების არსებობის შეფასებას. ასე მაგალითად, მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების უარყოფის გარეშე, აყალიბებს საკუთარ ლოგიკას კილოვატ საათების გამოთვლასთან დაკავშირებით და განსაზღვრავს ამ კილოვატების შეფასებას. სააპელაციო სასამართლომ ეს შეფასებითი მსჯელობა ისე ჩათვალა ფაქტად, რომ მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად მიიჩნია სამოქალაქო კოდექსის 316.1 და 319.1 მუხლები, ექსპერტიზის დასკვნის მხოლოდ ნაწილი და ფაქტობრივად განსაზღვრა მოხმარებული კილოვატების ღირებულება, ისე, რომ არც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში _ მოუძებნია სამართლის ნორმა, არც სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი უხსენებია გადაწყვეტილებაში და არც მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს N47 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებით“ და არც ამავე კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ტარიფებით“ უსარგებლია;

27.3. აპელანტის მიზნის მისაღწევად არასწორადაა ჩამოყალიბებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაც, კერძოდ, სააპელაციო საჩივრით აპელანტი მოითხოვს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას, თუმცა სასამართლოსათვის ეს დაბრკოლებად არ იქცა, მან ისე უარყო დაუსწრებელი გადაწყვეტილებით - შეგებებული სარჩელი, რომ აპელანტი ამას არ მოითხოვდა, ხოლო, არც დაუსწრებელი გადაწყვეტილება და არც განჩინება, მისი ძალაში დატოვების შესახებ პროცესუალურ დასაბუთებასაც არ შეიცავს ამ ფორმით. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული აქტებიდან არ დგინდება და შესაბამისად, შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევით, არ მიეცა შესაძლებლობა წარედგინა არგუმენტი იმის თაობაზე რა სამართლებრივი მოქმედებები განახორციელა პალატამ შეგებებული სარჩელის უარსაყოფად: მიიჩნია თავდაპირველი და შეგებებული სარჩელის ურთიერთკავშირი და გასცდა სააპელაციო მოთხოვნას (სსსკ-ის 377.1 მუხლი) თუ მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, მან ფაქტობრივად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება შეამოწმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის კონტექსტში. ამ მხრივ, სახეზეა გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი (სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ (1) ქვეპუნქტი გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია);

27.4. რაც შეეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მეორე საფუძველს, სახეზე იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი, რაც დადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო ცნობით (საკასაციო საჩივარი იმეორებს წარდგენილი საჩივრის საფუძვლებს, იხ. წინამდებარე განჩინების 11 პუნქტი). საქმის განხილვა ერთხელ უკვე გადაიდო იმ საფუძვლით, რომ აპელანტს პირადად სურდა სხდომაზე გამოცხადება, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევდა ამის შესაძლებლობას. ეს ფაქტი - სასამართლოს მხრიდან გაზიარებულ იქნა და გადაიდო პროცესი სხვა დროისათვის. მართალია, ხსენებული გარემოება პირდაპირი საპროცესო საფუძველი არ არის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა, თუმცა მხარეთა თანასწორობის კონტექსტში, (ვინაიდან ორივე მხარე იურიდიული პირია) სასამართლომ უნდა შეაფასოს საკითხი და საფუძვლად დაუდოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე საჩივრის საფუძვლიანობას;

27.5. არსებული სასამართლო პრაქტიკა პროცესზე იურიდიული პირის გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით ცნობილია, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოწინააღმდეგე მხარემ უზრუნველყო საპროცესო წარმომადგენლობა, ხოლო, საპროცესო წარმომადგენელი სამსახურიდან სასამართლომდე გზაში გახდა ავად (რაც დადასტურებულია სამედიცინო დოკუმენტაციით) და საპატიო მიზეზით ვერ შეძლო ვერც სასამართლოს და ვერც დამსაქმებლის წინასწარ ინფორმირება, მიიჩნიოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე გააუქმოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განაახლოს საქმის წარმოება, ვინაიდან წარმოდგენილი სამედიცინო ცნობები, საჩივრის შინაარსი და მხარის განმარტება, საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს წარმოუშობს შინაგან რწმენას იმისა, რომ მხარეს სააპელაციო განხილვის მიმართ არც იურიდიული ინტერესი დაუკარგავს და არც უპატივცემულობა გამოუხატავს სასამართლოს მიმართ;

27.6. ხსენებული არგუმენტისა და წარდგენილი მტკიცებულების უარსაყოფად სააპელაციო სასამართლომ საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ საპატიო მიზეზის შეფასება მისი პრეროგატივა იყო და ამ პრეროგატივით ისარგებლა „აბსოლუტურად“. საკასაციო სასამართლო უნდა გაეცნოს სააპელაციო პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის ოქმს მთლიანად, რათა გასაჩივრებული განჩინების იმ დასაბუთებასთან დაკავშირებით, სადაც ფაქტობრივად ბრალი დაედო კომპანიას გენდერის ნიშნით ძალადობაში და შეაფასოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებები და ამის პასუხად სასამართლოს დასკვნა. საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში დასაბუთებად განიხილება კონკრეტული ოქმის კონკრეტული მონაკვეთის მითითება, თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს შეუძლებელია და მიგვაჩნია, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად მთლიანი ოქმის გაცნობაა საჭირო, რომლის ფონზეც სააპელაციო სასამართლომ, საკუთარი ინიციატივით დაადგინა რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების ხელყოფა და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტი;

27.7. სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად მიიჩნია თ.ხ–იას გამოცხადების შეუძლებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული, თუმცა სასამართლოს ერთადერთ მოტივს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებისა, წარმოადგენს მეორე წარმომადგენლის გამოუცხადებლობა. აღნიშნული დამყარებულია იმ ფაქტს, რომ გ.ბ–ძის ხელმოწერითაა ყველა საპროცესო დოკუმენტი საქმეში. სასამართლო ამ შეფასებას აკეთებს საქმის მასალების ანალიზის გარეშე. საქმეში წარდგენილი მინდობილობის საფუძველზე, კომპანიის გენერალური დირექტორი სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს გ.ბ–ძეს ანიჭებს ყველა საპროცესო უფლებას, თუმცა, მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებების გადანდობის უფლება არ აქვს მინიჭებული, სწორედ ამით არის განპირობებული საპროცესო დოკუმენტებზე (შესაგებელი, შეგებებული სარჩელი, საჩივარი და ა.შ) გ.ბ–ძის ხელმოწერა, მას არც ერთ სხდომაზე არ მიუღია მონაწილეობა. თავდაპირველად საპროცესო წარმომადგენლობას პირველი ინსტანციის სასამართლოში ახორციელებდა კომპანიის ყოფილი იურისტი - ვ. მ–ძე, თუმცა, ვინაიდან ის დღეს აღარ იკავებს საპროცესო იურისტის პოზიციას, ამ დროიდან მოყოლებული ყველა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობდა თ.ხ–ია მინდობილობის საფუძველზე, რომელიც მას მიანიჭა გ.ბ–ძემ და ამ მინდობილობაში არ ჰქონია სსსკ-ის 98.1 მუხლით გათვალისწინებული უფლებები მინიჭებული. რა თქმა უნდა, საპროცესო წარმომადგენლობაზე გ.ბ–ძეს არასოდეს უთქვამს უარი და არასოდეს ჰქონია სასამართლოს მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულების შექმნის წინაპირობა, თუმცა, იმ ვითარებაში, როდესაც საპროცესო იურისტი, რომელიც აწარმოებს საქმეს, დათქმულ დროს მიდის პროცესზე და გზაში გახდება შეუძლოდ (რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით) ისე, რომ ვერც სასამართლოს გაფრთხილებას შეძლებს და ვერც დამსაქმებლის, ბუნებრივია გ.ბ–ძე ვერ გამოცხადდებოდა;

27.8. სააპელაციო სასამართლო - ასკვნის, რომ თ.ხ–ია რომც გამოცხადებულიყო სასამართლოში, შვილის ავადმყოფობის გამო, შრომისუუნარო იყო და ამასთან შეჩერებული იყო შრომითი ურთიერთობა, შესაბამისად, არ იყო უფლებამოსილი გაეწია წარმომადგენლობა. სასამართლოს დასკვნა, რომ თ.ხ–ია იყო შრომისუუნარო იწვევს სრულიად გაურკვევლობას, რადგანაც, როგორც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით, ისე სასამართლოს შეფასებით დადგენილია, რომ არა თ.ხ–ია, არამედ მისი არასრულწლოვანი შვილი იყო ავად, ამასთან, შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლად სასამართლო მიუთითებს ჯანდაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281-ნ ბრძანების 3.1 მუხლზე, თუმცა, სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ის ფაქტი, რომ საავადმყოფო ფურცლის გაცემა ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლისათვის გათვალისწინებულია ამავე აქტის მე-7 მუხლით, რომლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, 7 წლამდე ასაკის ბავშვის სტაციონარული მკურნალობისას საავადმყოფო ფურცელი გაიცემა მკურნალობის მთელ პერიოდზე, 7 წლის ასაკის ზევით მოვლის საჭიროებისას, მოვლის მთელ პერიოდზე. აღნიშნული ნიშნავს იმას და საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია (მათ შორის სასამართლოს წარმომადგენლებსაც ანალოგიურად მოემსახურება სამედიცინო დაწესებულება), რომ მკურნალობის მთელ პერიოდზე ნიშნავს რომ ექიმთან ვიზიტისას იხსენება საავადმყოფო ფურცელი და მასში დახურვის თარიღად მიეთითება დრო, როდესაც პაციენტის მშობელმა მიმართა დაწესებულებას ფურცლის დახურვის თხოვნით. სწორედ ამით არის განპირობებული ის ფაქტი, რომ ცნობაში მითითებული იყო დახურვის თარიღი 4 ოქტომბერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესის დღეს თ.ხ–იას 4 ოქტომბრით დათარიღებული ოჯახის წევრის მოვლის გამო საავადმყოფო ფურცელი უნდა ჰქონოდა თან, რაც აბსურდულია (იხ. ტ. 2, ს.ფ. 370);

27.9. საკასაციო სასამართლოს ვთხოვთ განმარტებას, იმ შემთხვევაში, თუკი შვილის მოვლის გამო საავადმყოფო ფურცელზე მყოფი თანამშრომელი გამოცხადდება სამსახურში, განმარტავს, რომ ბავშვი გამოჯანმრთელდა და ამიტომ შეუდგა შრომით მოვალეობას, ამასთან, აცხადებს, რომ ამ დღეს აქვს სასამართლო - სხდომა და მომდევნო დღეს წარმოადგენს დახურულ საავადმყოფო ფურცელს, სამსახური ვალდებულია უკან დააბრუნოს ეს თანამშრომელი, მისი მოვალეობა შეუთავსოს სხვას და მოსთხოვოს საავადმყოფო ფურცლის დაუყოვნებლივ დახურვა? ამგვარად ესმის სასამართლოს კანონი და ეს უნდა იყოს სასამართლო პრაქტიკით განმარტებული სამართლის ნორმა;

27.10. მხარის საჩივრის მიუხედავად, სადაც წარდგენილი იყო ფაქტები და არგუმენტები, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა, სასამართლო გასცდა საჩივარს და დაადგინა მათ შორის ძალადობისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფაქტები, რითაც დაარღვია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-4 და მე-5 მუხლების მოთხოვნები.

28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

29. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უცვლელად უნდა დარჩეს.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

31. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი]. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში, შესაფასებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და მისი უცვლელად დატოვების კანონიერება.

33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.

34. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით წარდგენილი ძირითადი პრეტენზიების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა როგორც საქმეში წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტებს, ისე პროცესზე მოპასუხე მხარის საპროცესო წარმომადგენლის - თ.ხ–იას გამოუცხადებლობას, ამასთან, არასწორად მიიჩნია სასამართლომ, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო/სააპელაციო მოთხოვნას.

35. საქართველოს უზენაესი სასამართლო ზემოაღნიშნული სადავო საკითხების შეფასებამდე, მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს სსსკ-ის 387-ე მუხლი განსაზღვრავს. აღნიშნული ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. სსსკ-ის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მოწინააღმდეგე მხარე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და არც გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე აცნობა სასამართლოს. ამავდროულად, ზემოაღნიშნული საპროცესო ღონისძიება ერთგვარი სანქციაა ისეთი მხარისათვის, რომელიც არასაპატიოდ არ ცხადდება საქმის განხილვაზე. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 387-ე მუხლის მეორე ნაწილის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობა; ბ) გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი; გ) სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

37. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის დადგენის შემდეგ, ამავე ნორმის მე-3 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, სახეზე ხომ არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, ამასთანავე, სასამართლომ უნდა შეამოწმოს სააპელაციო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებს თუ არა მასში გადმოცემული ფაქტები (სსსკ-ის 230.2 მუხლი).

38. წინამდებარე საქმის ფარგლებში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარეს სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 მაისის სხდომის შესახებ კანონით დადგენილი წესით ეცნობა (იხ. წინამდებარე განჩინების 6.1 პუნქტი), თუმცა საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ფაქტი არასწორად მიიჩნია სააპელაციო პალატამ არასაპატიოდ და დადგენილი ფაქტები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო/ სააპელაციო მოთხოვნას.

39. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ.იხ. სუსგ №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი; №ას-1445-1459-2011, 31 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-1410-1330-2017, 30 იანვარი, 2018 წელი).

40. სასამართლოს სხდომაზე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას ივარაუდება, რომ მან საქმის განხილვისადმი ინტერესი დაკარგა. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გარკვეული სანქციაა ისეთი მხარის მიმართ, რომელიც კეთილსინდისიერად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს.

41. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

42. დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა.

43. ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით.

44. განსახილველ საქმეში, მოპასუხე კომპანია სააპელაციო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მისი საპროცესო წარმომადგენელი სხდომის დაწყებამდე, სასამართლოსკენ მიმავალ გზაზე, შეუძლოდ გახდა, თუმცა ვერ უზრუნველყო ვერც მარწმუნებლისა და ვერც სასამართლოს წინასწარი ინფორმირება.

45. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სანამ უშუალოდ ამ საკითხის შეაფასებს სასამართლო, ყურადღების მიღმა ვერ დარჩება ის გარემოება, რომ მოპასუხის საპროცესო წარმომადგენელი 2024 წლის 22 მაისიდან ამავე წლის 24 მაისამდე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე მისი მცირეწლოვანი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (დეტალურად იხ. წინამდებარე განჩინების 11.1 პუნქტი).

46. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის 46-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რაც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძველია დროებითი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა არ აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 60 კალენდარულ დღეს.

47. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებით დამტკიცებულია „დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“, რომლის თანახმად, დროებითი შრომისუუნარობა დგინდება საავადმყოფო ფურცლით, რომელიც სხვა საფუძვლებთან ერთად, გაიცემა დაავადებით ან დასახიჩრებით გამოწვეული შრომის უნარის დაკარგვის გამო, აგრეთვე, ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლის გამო. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლის გამო, განსაკუთრებით, მცირეწლოვანი ბავშვის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული დადგენილების თანახმად, ნიშნავს დროებით შრომისუუნარობას და სშკ-ის 46-ე მუხლის მეორე ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძველია. სწორედ ამ საკითხის დასაბუთებას ემსახურებოდა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობები ქალთა უფლებებთან დაკავშირებით და ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო საჩივრის ავტორის წინამდებარე განჩინების 27.6 და 27.8 პუნქტში მითითებული საკასაციო პრეტენზიები. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის სხდომის ოქმის გაცნობის შედეგად განმარტავს, რომ დისკრიმინაციის დადგენასა და მოპასუხე კომპანიის მიერ ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით სასამართლოს რაიმე შეფასება არ გაუკეთებია.

48. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე კომპანია არ უარყოფს დასაქმებულის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნასთან დაკავშირებით ინფორმირებულობის ფაქტს, შესაბამისად, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმად, მოპასუხეს ჰქონდა საკმარისი დრო, მიეღო ზომები და რაიმე ფორმით ეცნობებინა სასამართლოსთვის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე, რაც შეფასდებოდა მხარის პროცესზე გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს დროულ ინფორმირებად და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებად. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, „საავადმყოფო ფურცელი, განსხვავებით ამბულატორიული მკურნალობის სამედიცინო ცნობებისგან, არ საჭიროებს დამატებით აღნიშვნას სასამართლო სხდომაზე პაციენტის გამოუცხადებლობის თაობაზე, მითითებული დოკუმენტი, დანიშნულებიდან გამომდინარე, იმთავითვე გამორიცხავს საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში, პაციენტის შრომისუნარიან სუბიექტად და, მაშასადამე, საკუთარი ინტერესების დასაცავად სამართალწარმოებაში მონაწილეობის უნარიან პირად განხილვას (სუსგ №ას-1976-2018, 30 აპრილი 2020 წელი).

49. ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, რამდენადაც მოპასუხე კომპანიის საპროცესო წარმომადგენელი - თ.ხ–ია საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა 2024 წლის 22 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით, იგი 2024 წლის 23 მაისის გასამართ სხდომაზე ვერ მიიჩნეოდა მოპასუხე კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლად. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ოჯახის წევრის ავადმყოფობის გამო სასამართლო პროცესზე წარმომადგენლის გამოუცხადებლობა, იურიდიული პირისთვის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება, რადგან ამ უკანასკნელს შესაძლებლობა აქვს უზრუნველყოს სასამართლო პროცესზე სხვა წარმომადგენლის (თანამშრომლის) გამოცხადება. შესაბამისად, თუ კომპანიის ინტერესებში შედიოდა საპროცესო წარმომადგენლობის თ.ხ–იას მიერ განხორციელება, შესაბამისი დასაბუთებითა და მისი საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შესახებ სასამართლოსათვის შეტყობინებისა და პროცესის გადადების მოთხოვნის ვალდებულება წარმოეშობოდა კომპანიას. საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, თ.ხ–ია იყო ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც იცნობდა საქმის მასალებსა და ჰქონდა პროცესზე გამოსვლის შესაძლებლობა მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ 2024 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე მხარეს განუმარტა, რომ საავადმყოფო ფურცელზე ყოფნასთან დაკავშირებით, სასამართლოს ინფორმირების შემთხვევაში, ამ გარემოების მხედველობაში მიღებით, შესაძლებელი იყო სხდომის სხვა დროისათვის გადადება.

50. ასეც რომ არ იყოს და თ.ხ–ია მივიჩნიოთ 2024 წლის 23 მაისის სხდომაზე მოპასუხე კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლად, რომელიც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებამდე 1 საათით ადრე გახდა შეუძლოდ, ვერც ეს გარემოება აქცევს კომპანიის პროცესზე გამოუცხადებლობას საპატიოდ. რამდენადაც, პირველ რიგში, საკასაციო საჩივრის ავტორმა ვერც ის გარემოება დაადასტურა, რატომ ვერ შეძლო სასამართლოს წინასწარი ინფორმირება, სხდომაზე მხარის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ. კერძოდ, სასამართლოში არ წარდგენილა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ თ.ხ–იას დიაგნოზი შეუძლებელს ხდიდა დამსაქმებლის/ სასამართლოს წინასწარ ინფორმირებას სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც თ.ხ–იამ სამედიცინო დაწესებულებას თავად მიმართა. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სხდომა 2024 წლის 23 მაისს ნაცვლად 14 საათისა გაიხსნა თითქმის ნახევარი საათის დაგვიანებით (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის სხდომის ოქმი, ტ.2, ს.ფ. 274-277) და მხარეს საკმარისი დრო ჰქონდა სასამართლოსათვის ინფორმაციის მისაწოდებლად.

51. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოპასუხის წარმომადგენლის ავადმყოფობას სასამართლო მიიჩნევს პროცესზე მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, სასამართლო პროცესზე მოპასუხის გამოუცხადებლობა მაინც ვერ ჩაითვლება საპატიოდ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ მოპასუხე არის იურიდიული პირი, რომლის ინტერესებს სასამართლოში იცავდა უფლებამოსილი წარმომადგენელი. შესაბამისად, იმისათვის, რომ აღნიშნული წარმომადგენლის ავადმყოფობის გამო პროცესზე კომპანიის გამოუცხადებლობა სასამართლომ საპატიოდ მიიჩნიოს, კომპანიამ უნდა დაადასტუროს, რომ წარმომადგენლის ავადმყოფობა (განსაკუთრებული ობიექტური გარემოება) კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა ამ უკანასკნელის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. ანუ, თავად წარმომადგენლის ავადმყოფობის ფაქტი, თავისთავად, შეუძლებელს არ ხდის პროცესზე კომპანიის გამოცხადებას. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს სარწმუნოდ არ დაუსაბუთებია, რატომ არ ჰქონდა კომპანიას შესაძლებლობა უზრუნველეყო გამოცხადება სასამართლო სხდომაზე სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით ან ეცნობებინა სასამართლოსთვის მხარის პროცესზე გამოუცხადებლობის ობიექტური, საპატიო მიზეზის თაობაზე.

52. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იურიდიული პირის (მით უფრო სამეწარმეო საზოგადოების) წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების ყველა შემთხვევაში გაუქმება დაუშვებელია, რადგანაც კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ისე უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობა (მოცემულ შემთხვევაში იურიდიული სამსახურის მუშაობა), რომ ამა თუ იმ თანამშრომლის მივლინებაში ან შვებულებაში ყოფნამ/ავადმყოფობამ არ შეაფერხოს იურიდიული პირის ნორმალური ფუნქციონირება. სათანადო მენეჯმენტის არქონა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად ვერ მიიჩნევა და, ცხადია, არ ათავისუფლებს იურიდიულ პირს კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების ვალდებულებისგან (იხ. სუსგ: №ას-152-148-2016, 3 ივნისი, 2016 წელი; №ას-345-330-2016, 6 ივნისი, 2016 წელი; №ას-269-257-2015, 20 ივლისი, 2015 წელი).

53. წინამდებარე საქმის ფარგლებში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომლის თანახმად, მოპასუხე კომპანიას ჰყავდა მინიმუმ მე-2 წარმომადგენელი - გ.ბ–ძე, რომლის ხელმოწერით არის შესრულებული სხვადასხვა საპროცესო დოკუმენტები. მის სახელზე გაცემული იყო ვადიანი მინდობილობა (იხ. ტ.1, ს.ფ 74-78), ამასთან წინამდებარე განჩინების 27.7 პუნქტში მითითებულ კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ არა გ.ბ–ძეს უნდა უზრუნველეყო სხვა პირზე მინდობილობის გაცემა (რადგან თავად მიუთითებს, რომ გადანდობის უფლებამოსილება არ ჰქონდა მინიჭებული), არამედ კომპანიას და თუ სხვა პირზე მინდობილობის გაცემა გარკვეულ დროსთან იყო დაკავშირებული ან სხვა საფუძვლით შეიძლება გაჭიანურებულიყო, ამის შესახებ მოპასუხე კომპანიას სასამართლოსთვის წინასწარ უნდა ეცნობებინა. შესაბამისად, ისეთ პირობებშიც კი, თუ სასამართლო გაიზიარებს, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა შესაძლებლობა უზრუნველეყო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, კომპანიას უნდა დაესაბუთებინა, რატომ იყო შეუძლებელი აღნიშნულის შესახებ სასამართლოს ინფორმირება, თუმცა მოპასუხემ აღნიშნული ტვირთი სათანადოდ ვერ გასწია.

54. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე არსებული მთელი რიგი გარემოებები ვერ აქარწყლებს პროცესზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტს.

55. იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს აპელანტის (მოსარჩელის) მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას, სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილს მოიხმობს, რომლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას სასამართლო დაემყარება მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ეს კი ნიშნავს არა სარჩელში მითითებული გარემოებების ავტომატურად დადგენილად მიჩნევას, არამედ იმის შემოწმებას, სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებებით (მათი დადგენილად მიჩნევით) გაბათილდება თუ არა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მისი სადავო ნაწილის დასკვნები, რომლებიც აპელანტის წინააღმდეგ არის მიმართული, ანუ სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას მხედველობაში უნდა მიიღოს აპელანტის ახსნა-განმარტება, ხოლო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით აპელანტის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებები მოთხოვნას იურიდიულად ამართლებს (ანუ აპელანტი მიუთითებს მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მატერიალური ნორმის შემადგენელ ელემენტებზე). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა-შეფასება არ ხდება და მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად, ივარაუდება, რომ სააპელაციო მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო (შეად. სუსგ საქმე №ას-970-2021, 29 ნოემბერი 2021 წელი; №ას-620-2021, 13 ოქტომბერი 2021 წელი; №ას-209-2019, 19 აპრილი 2021 წელი; №ას-837-2020, 8 აპრილი 2021 წელი; №ას-662-2019, 11 დეკემბერი 2020 წელი; №ას-330-2019, 19 ნოემბერი 2019 წელი; №ას- 656-626-2016, 27 მარტი 2017 წელი; №ას- 682-648-2013, 10 მარტი 2015 წელი).

56. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველზე. უდავოა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს აბონენტს, ხოლო, მოპასუხე - მიმწოდებელს, რომელიც აბონენტს აწვდის ელექტრო ენერგიას, შესაბამისად, მხარეთა შორის არსებობს ნასყიდობის სამართალურთიერთობა (მსგავს საკითხზე იხ. სუსგ საქმე №ას-1164-2084-2017, 22 თებერვალი 2019 წელი) რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 477-ე და შემდგომ ნორმებთან ერთად, რეგულირდება აბონენტთან გაფორმებული ხელშეკრულებითა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებით (იხ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №47 2020 წლის 13 აგვისტო ქ. თბილისი „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ). სასარჩელო მოთხოვნის საგანს წარმოადგენს მიმწოდებლის (გამყიდველი) მხრიდან ნაკლიანი შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის მრიცხველი აღრიცხავს მოხმარებულზე მეტი ოდენობით ელექტროენერგიას და მას უწევს ზედმეტი გადასახადის გადახდა, ასეთ ვითარებაში, მოთხოვნის წინაპირობა მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის მე-2 ნაწილში, რომლის თანახმად, ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთს მცირე რაოდენობით. რაც შეეხება მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, მას სამოქალაქო კოდექსის 493-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება (თუ მყიდველი მიიღებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები რაოდენობის საქონელს, მაშინ ფასს გადაიხდის სახელშეკრულებო ფასის პროპორციულად) წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების პირობებში, სააპელაციო საჩივარში მითითებული და დადგენილად მიჩნეული გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 7.1-7.3 პუნქტები) იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართლზომიერად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა (იხ. სუსგ საქმე №ას-1164-1084-2017, 22 თებერვალი 2019 წელი).

57. კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმაზეც, რომ სასამართლომ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, დადგენილად მიიჩნია სადავო ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც აპელანტი სადავოდ ხდიდა. საკასაციო პალატა, კიდევ ერთხელ, მიუთითებს სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ სასამართლო უპირობოდ ეტყვის უარს სააპელაციო საჩივრის ავტორს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ არ გამოცხადდა აპელანტი, არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები (არ ვლინდება სსსკ-ის 233-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევები) და გამოცხადებული აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე (შდრ. სუსგ №ას-1254-1176-2015, 15 აპრილი, 2016 წელი; №ას-191-2023, 16 ნოემბერი, 2023 წელი). როგორც დადგინდა, ზემოაღნიშნული ყველა წინაპირობა შესრულებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სწორად არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, იმის შეფასება რომელი ფაქტობრივი გარემოებები რა მტკიცებულებებით დასტურდება, წარმოადგენს არსებითი მსჯელობის ეტაპზე განსახილველ საკითხს და არა - დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში განსახილველ საკითხს.

58. საქართველოს უზენაესი სასამართლო ვერ გაიზიარებს წინამდებარე განჩინების 27.3 პუნქტში აღნიშნულ პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო მოთხოვნას, რამდენადაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება გამორიცხავს შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას და პირიქით, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს შედავებას შეგებებული სარჩელთან დაკავშირებით, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, იგი თავისთავად გამორიცხავდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას.

59. საკასაციო პალატის მითითებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხ.: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.). თუმცა, არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით კი - მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეთა თანასწორობის დაცვა უზრუნველყო.

60. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კასატორის მიერ მითითებული კანონის დარღვევა. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

61. კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „თ.ე.კ–იის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე