Facebook Twitter

საქმე №ას-232-2025

30 აპრილი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „სკ.ა–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების სააგენტო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების სააგენტომ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დამზღვევი“, „შემსყიდველი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „სკ.ა–ას“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მზღვეველი“, „კომპანია“, „მიმწოდებელი“, „კასატორი“) მიმართ ზიანის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის - 3 006.00 ლარისა და პირგასამტეხლოს - შეუსრულებელი ვალდებულების 3 006.00 ლარის 0,2%-ის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადახდა, რაც შეადგენს 6.01 ლარს, ხოლო სარჩელის აღძვრის (2024 წლის 5 ივლისი) დროისათვის (72 დღე) - 432.72 ლარს.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. 2023 წლის 29 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ 02/01/24-CON ხელშეკრულება (კონსოლიდირებული ტენდერი CON 230000390) (შემდგომში - „ხელშეკრულება“). ხელშეკრულების 2.1. პუნქტით, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის სადაზღვევო მომსახურების შესყიდვა;

6.2. ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 767 021.79 ლარი, რაც 3.2. პუნქტის შესაბამისად, მოიცავდა როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ისე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხელშეკრულების მე-4 პუნქტით, მომსახურების გაწევის ადგილია საქართველოს ტერიტორია, ვადა - ხელშეკრულების გაფორმების დღის 24:00 საათიდან არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრის 24:00 საათამდე. დაზღვევის პერიოდი: ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღის 24:00 საათიდან არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრის 24:00 საათამდე. 5.1. პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით, მიმწოდებელი ვალდებული იყო სადაზღვევო ანაზღაურების დარიცხვა შესაბამისი სერვისცენტრის ანგარიშზე განეხორციელებინა მზღვეველსა და დამზღვევს შორის გაფორმებული სადაზღვევო შემთხვევის აქტის ხელმოწერიდან სამი სამუშაო დღის ვადაში;

6.3. ხელშეკრულების 5.4. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო სადაზღვევოს შემთხვევის დადგომისას მიეღო სადაზღვევო ანაზღაურება წინამდებარე ხელშეკრულებით და ავტოტრანსპორტის დაზღვევის პირობებით დადგენილი წესით. ხელშეკრულების 10.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ან/და ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში, მხარეებს ეკისრებოდათ პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებით;

6.4. ავტომანქანის დაზღვევის პირობების პირველი ნაწილის პირველი მუხლის „ა“ პუნქტით, კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრული სადაზღვევო რისკი იყო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ ჰქონდა მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდებოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მიუხედავად იმისა, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა თუ იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში. ამავე მუხლის „თ“ პუნქტის შესაბამისად, ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი არ უნდა ყოფილიყო შემსყიდველის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების მიერ გზაზე მოძრაობის წესების დარღვევა, მათ შორის: ღერძულა ხაზის გადაკვეთით გამოწვეული ზიანი, სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეული ზიანი, წითელ შუქზე გავლის შედეგად გამოწვეული ზიანი, არასწორი პარკირების დროს მესამე პირის მხრიდან მიყენებული ზიანი, გზაჯვარედინზე პრიორიტეტულობის დაუცველობით გამოწვეული ზიანი, საბურავების დაზიანება, თუ ეს არ იყო გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევით, ტერაქტის, სამოქალაქო მღელვარების ან/და სხვა სახის არეულობის დროს მიყენებული ზიანი (მათ შორის სატრანსპორტო საშუალების დეტალების, დამატებითი აღჭურვილობის (ციმციმა, ხმამაღლა მოლაპარაკე, ანტენა და სხვა), აქსესუარების (მინების, მოლდინგების, სახურავის, საბარგულის, სარკეების და სხვა). დაზღვევის პირობების მე-2 ნაწილის პირველი მუხლის პირველი პუნქტით, სატრანსპორტო საშუალების დაზღვევა გულისხმობდა სატრანსპორტო საშუალების ნაწილობრივი ან სრული დაზიანებით (განადგურებით), აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების ან მისი ნაწილების დაკარგვით/დაზიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას. დაზღვევის პირობების მე-2 ნაწილის 2.1 მუხლით, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად სატრანსპორტო საშუალების ნაწილობრივი დაზიანების ან/და ნაწილების დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში, მზღვეველი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნებისათვის საჭირო თანხების გაღება;

6.5. მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული ავტომობილი - FIAT DUCATO, ს/ნომერი ......., დაზღვეულ იქნა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;

6.6. 2024 წლის 8 მარტს „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა (ს/ნომრით .......) მოძრაობდა ქ. თბილისში, .......... მიმართულებით, როდესაც იგი იმყოფებოდა ავლაბრის მოედანზე და უხვევდა წურწუმიას ქუჩის მიმართულებით, მას შეეჯახა ავტობუსისთვის განკუთვნილ ზოლში მოძრავი FIAT DUCATO, ს/ნომერი ....... საპატრულო პოლიციის მიერ გამოიწერა ჯარიმა და ავტომანქანის - FIAT DUCATO, ს/ნომერი ........ (შემდგომში -„დაზღვეული ავტომობილი“), მძღოლი - მ.ჩ–ი, ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ასკ-ის 125-ე მუხლის საფუძველზე;

6.7. ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზღვეულ ავტომობილის მძღოლს ჩართული არ ჰქონდა სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი. დაზღვეული ავტომობილი ახორციელებდა ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტის ჰოსპიტალიზაციას;

6.8. შპს „ს.მ–ის’’ 2024 წლის 12 მარტის ინვოისით, დაზღვეული ავტომობილისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 3 006.00 ლარს;

6.9. მზღვეველის 2024 წლის 24 აპრილის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ 2024 წლის 08 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა არ წარმოადგენდა სადაზღვევო შემთხვევას, რადგან მძღოლის ქმედება წარმოადგენდა უხეშ გაუფრთხილებლობას, ვინაიდან გადასული იყო ავტობუსისათვის განკუთვნილ ზოლში;

6.10. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს დაზღვეული ავტომობილის მძღოლი დასაქმებული იყო მოსარჩელე ორგანიზაციაში და წარმოადგენდა „უფლებამოსილ მძღოლს“.

7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში - „სსკ“) 799-ე, 814-ე, 820-ე, 821-ე, 829-ე, 417-ე მუხლებზე, ასევე, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპზე.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე მხარემ მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველ შესაგებელში აღნიშნა, რომ სადაზღვევო შემთხვევა გამოწვეულია დაზღვეული ავტომობილის მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით, რაც სსკ-ის 829-ე მუხლის საფუძველზე, გამორიცხავს სადაზღვევო ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას.

9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომლის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია მოსარჩელე ცენტრის მძღოლის უხეშმა გაუფრთხილებლობამ, ვინაიდან იგი გადასული იყო ავტობუსისათვის განკუთვნილი ზოლში, რამაც განაპირობა მის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა, თუმცა აქვე მიუთითა მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც ითვალისწინებს სწორედ იმ სადაზღვევო რისკების დაზღვევას, რაც გათვალისწინებული იყო შემსყიდველის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მიერ გზაზე მოძრაობის წესების დარღვევით, მათ შორის: ღერძულა ხაზის გადაკვეთით, სიჩქარის გადაჭარბებით, წითელ შუქნიშანზე გავლის შედეგად, არასწორი პარკირების დროს და გზაჯვარედინზე პრიორიტეტულობის დაუცველობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას.

10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რისკი, რომელიც მოცემულ შემთხვევაში აიღო სადაზღვევო კომპანიამ საკმაოდ ფართო იყო და აღნიშნული რისკის საზღვრები ვერ დადგინდება მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და გზებზე მოძრაობის წესების მოთხოვნათა დარღვევის გათვალისწინებით.

11. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა სსკ-ის 327-ე, 52-ე მუხლებზე და ნების გამოვლენის/ მიღების განმარტების აუცილებლობაზე იმსჯელა, ასევე, ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების სატენდერო დოკუმენტაციის ზოგადი პირობების ნაწილი I, მუხლი 1 „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნა, რომ დაზღვეულის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, სახეზეა მოპასუხე კომპანიის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილების საფუძვლები.

12. პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ძირითადი ვალდებულების ოდენობის გათვალისწინებით (3 006 ლარი), ჯამურად მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა (432.72 ლარი), არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და უზრუნველყოფს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, ვადაგადაცილებული დღეებისა და იმ ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით, რაც მოსარჩელეს ვალდებულების დროული შესრულების მიმართ ჰქონდა.

13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

14. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:

14.1. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მზღვეველის მხრიდან დამზღვევისთვის ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმა განპირობებული იყო ავტო-საგზაო შემთხვევაში მონაწილე სასწრაფო მანქანის მძღოლის მიერ უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედების, კერძოდ, ხმოვანი და ციმციმა სიგნალის გარეშე ავტობუსისთვის განკუთვნილ ზოლში გადასვლის გამო. ვინაიდან სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას, განსახილველ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იყო ავტოსაგზაო შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასება. მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ მძღოლის ჩადენილი ქმედება შეფასდა უხეშ გაუფრთხილებლობად. სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია მოსარჩელე ცენტრის მძღოლის უხეშმა გაუფრთხილებლობამ, ვინაიდან იგი გადასული იყო ავტობუსისთვის განკუთვნილ ზოლში, რამაც განაპირობა მის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დაზღვევის პირობების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრული სადაზღვევო რისკი არის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მიუხედავად იმისა, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა თუ იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში. ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი არ უნდა ყოფილიყო შემსყიდველის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების მიერ გზაზე მოძრაობის წესების დარღვევა, მათ შორის: ღერძულა ხაზის გადაკვეთით გამოწვეული ზიანი. მოცემულ საქმეზე, სასამართლოს მიერ უნდა შეფასებულიყო მძღოლის ქმედების ბრალეულობის ხარისხი და ამის საფუძველზე დადგენილიყო, არსებობდა თუ არა ზიანის ანაზღაურებისგან გათავისუფლების კანონისმიერი სსკ-ის 829-ე მუხლის საფუძველი;

14.2. სადაზღვევო შემთხვევის შეფასებისთვის, შესაბამისად იმის დასადგენად, სადაზღვევო რისკი განხორციელებულად ითვლება თუ არა, უნდა დადგინდეს, ეს შემთხვევა ხომ არ წარმოადგენს ხელშეკრულებით შეთანხმებულ გამონაკლის შემთხვევას, რა დროსაც გამოირიცხება მისი სადაზღვევო შემთხვევად დაკვალიფიცირება და მზღვეველის მხრიდან თანხის გადახდის სამართლებრივი საფუძველი. ასევე, უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა მზღვეველის ზიანის ანაზღაურებისგან გათავისუფლების კანონისმიერი, სსკ-ის 829-ე მუხლით (მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისგან, თუ დამზღვევმა გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით), გათვალისწინებული საფუძველი;

14.3. სააპელაციო სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა საქალაქო სასამართლოს მიერ უზენაესი სასამართლოს სსკ-ს 829-ე მუხლის გამოყენების წინაპირობებთან დაკავშირებით მოყვანილი გადაწყვეტილება, საქმეზე ას-1319-1257-2014, რომელშიც მითითებულია შემდეგი: „საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის (მოპასუხის) მოსაზრებას, რომ ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება (და მისი სპეციფიკური პირობები) არ შეიცავდა მითითებას დამზღვევის ბრალით (განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველის მხრიდან ანაზღაურების მოვალეობის შესახებ, მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობის პირობებში, სადაზღვევო კომპანიას არ ეკისრებოდა დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის შესაბამისად. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი მზღვეველს ათავისუფლებს ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან დამზღვევის განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებმა აღნიშნულისაგან განსხვავებულ პირობაზე შეთანხმების სურვილის არსებობისას (კერძოდ, ბრალის მიუხედავად მზღვეველის მხრიდან ანაზღაურების ვალდებულება), ამის შესახებ ხელშეკრულებაში პირდაპირ უნდა მიუთითონ. თუ ხელშეკრულებით მხარეები პირდაპირ არ გაითვალისწინებენ ამ პირობას (პირდაპირ არ შეთანხმდებიან დამზღვევის ბრალით სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ), აღნიშნული შემთხვევა დარეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით, რომელიც განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით მომხდარი შემთხვევისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავს”;

14.4. საქმეზე წარდგენილი ხელშეკრულებით დგინდება, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე, რომლის ფორმატიც მდგომარეობს იმაში, რომ ხელშეკრულების წინამდებარე ფორმულირება შეთავაზებულია შემსყიდველის მიერ, ხოლო კომპანიამ თანხმობა განაცხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებზე;

14.5. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით პირდაპირ არ ყოფილა გათვალისწინებული მძღოლის მიერ ნებისმიერი უხეში გაუფრთხილებლობის შედეგად გამოწვეული შემთხვევის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლოს მითითება დაზღვევის პირობების ნაწილის პირველი მუხლის „თ“ პუნქტზე (ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი არ უნდა ყოფილიყო შემსყიდველის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების მიერ გზაზე მოძრაობის წესების დარღვევა, მათ შორის: ღერძულა ხაზის გადაკვეთით გამოწვეული ზიანი), აღნიშნული პუნქტი არ ადგენს მოძრაობას ავტობუსისთვის განკუთვნილ ზოლში, სადაც გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები, იმგვარ საგამონაკლისო პირობად, რაც საგზაო მოძრაობის შესახებ კანონით დადგენილი მოთხოვნების უხეში დარღვევის მიუხედავად, დაექვემდებარებოდა სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებას. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გაანალიზებით არ დგინდება, რომ მხარეთა შორის საგანგებოდ იყო შეთანხმებული უხეში გაუფრთხილებლობის ის კომპონენტები (ავტობუსისთვის განკუთვნილ ზოლში მოძრაობა), რაც საგამონაკლისო პირობის სახით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს წარმოშობდა. პირიქით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების III ნაწილის პირველი მუხლის (მესამე პირთა წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობები) მე-4 პუნქტი ადგენს, მესამე პირთა წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევისას, (მათ შორის უფლებამოსილი მძღოლის მიერ უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული შემთხვევა) სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში ზიანის ანაზღაურებას. აღნიშნული მუხლის არსებობა ხელშეკრულებაში მოიაზრებს იმას, რომ მხარეს უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული შემთხვევა აქვს გათვალისწინებული სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის თქმის პირობად, ამიტომ ადგენს მესამე პირთა წინაშე მზღვეველის მიერ ანაზღაურების გაცემის ვალდებულებას, მიუხედავად უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული შემთხვევისა. თუმცა მსგავსი დანაწესი, ხელშეკრულების სადაზღვევო რისკების პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტით არ ყოფილა გათვალისწინებული. შესაბამისად _ ხელშეკრულების მხარეები პირდაპირ არ შეთანხმებულან, ავტოსატრანსპორტო საშუალების ე.წ. ძარის დაზღვევისას, დამზღვევის ბრალით ნებისმიერი უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილი შემთხვევის დადგომისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ, შესაბამისად სასამართლოს აღნიშნული შემთხვევა უნდა შეეფასებინა სსკ-ს 829- მუხლის საფუძველზე;

14.6. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით მოსარჩელეს არ ჰქონდა ნათლად და პირდაპირ მითითება ნებისმიერი უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული შემთხვევისას სადაზღვევო კომპანიის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაზე. სატენდერო ხელშეკრულებაში მხარის მიერ დაზღვევის პირობების III ნაწილის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით ცენტრს გამოხატული ჰქონდა ნება უხეში გაუფრთხილებლობის მიუხედავად მესამე პირთა წინაშე ზიანის ანაზღაურებაზე, ხოლო აღნიშნული ნება ცენტრს არ გამოუვლენია ავტოსატრანსპორტო საშუალების ე.წ. ძარის დაზღვევის შემთხვევაში, რაც ზ/აღნიშნულ გარემოებებთან ერთად კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მზღვეველს ჰქონდა უფლება, სსკ-ს 829-ე მუხლის საფუძვლით უარი ეთქვა დამზღვევისთვის სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

17. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი]. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

21. წინამდებარე დავის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სახეზე არის თუ არა სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას.

22. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმებით (799-858) კანონმდებელი დამზღვევსა და მზღვეველს შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის მოწესრიგებას ისახავს მიზნად. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 820-ე-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (იხ. სუსგ საქმე №ას-663-624-2011, 17 თებერვალი 2012 წელი).

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ საქმე №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი).

24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე (იხ. სუსგ-ები: №ას-535-2020, 5 ოქტომბერი, 2021, პ. 11; №ას-1306-1226-2015, 1 ივლისი 2016 წელი).

25. დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (იხ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ. 85).

26. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზიის თანახმად, სადაზღვევო კომპანია თავისუფლდება ანაზღაურების ვალდებულებისგან, რამდენადაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით, ხოლო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით პირდაპირ არ ყოფილა გათვალისწინებული ნებისმიერი უხეში გაუფრთხილებლობის შედეგად გამოწვეული შემთხვევის ანაზღაურება.

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმები აზუსტებენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი (იხ. სუსგ №ას-92-88-2016, 11 მარტი 2016 წელი). შესაბამისად, მნიშვნელოვანია თავად სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებების შინაარსი (იხ. სუსგ №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი).

28. სსკ-ის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ზემოაღნიშნული ნორმა დაზღვევის ფუნდამენტურ პრინციპს განამტკიცებს. აღნიშნული პრინციპი დაზღვევის დოქტრინაში სადაზღვევო ინტერესის სახელით არის ცნობილი და დამზღვევს დაზღვევის ობიექტისადმი ზრუნვის ვალდებულებას აკისრებს. ნორმის მიზანია დამზღვევსა და მზღვეველს შორის კეთილსინდისიერი სახელშეკრულებო ურთიერთობების ჩამოყალიბება და საჯარო წესრიგის დაცვა. სადაზღვევო ინტერესის ცნების ქვეშ უხეში გაუფრთხილებლობის მოქცევა ამკაცრებს წინდახედულობის მოთხოვნას დამზღვევის მიმართ (https://gccc.tsu.ge/, ქეთევან ირემაშვილი, სსკ-ის 829-ე მუხლის კომენტარი, ბოლო დამუშავება: 16 მარტი, 2016).

29. იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი მზღვეველს ათავისუფლებს ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან დამზღვევის განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებმა აღნიშნულისაგან განსხვავებულ პირობაზე შეთანხმების სურვილის არსებობისას (კერძოდ, ბრალის (განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) მიუხედავად მზღვეველის მხრიდან ანაზღაურების ვალდებულება), ამის შესახებ ხელშეკრულებაში პირდაპირ უნდა მიუთითონ. თუ ხელშეკრულებით მხარეები პირდაპირ არ გაითვალისწინებენ ამ პირობას (პირდაპირ არ შეთანხმდებიან დამზღვევის ბრალით სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ), აღნიშნული შემთხვევა დარეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით, რომელიც განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით მომხდარი შემთხვევისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავს (იხ. სუსგ საქმე №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი, 2015 წელი; სუსგ საქმე №ას-1664-2019, 31 მაისი, 2022 წელი).

30. დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ. სუსგ საქმე №ას-1479-2019, 21 იანვარი, 2020 წელი).

31. სადაზღვევო კომპანიის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით პირდაპირ არ ყოფილა გათვალისწინებული მძღოლის მიერ ნებისმიერი უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული შემთხვევის ანაზღაურება და ავტობუსის ზოლში გადასვლის შემთხვევაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ანაზღაურება, საქართველოს უზენაესი სასამართლო ხელშეკრულების სატენდერო დოკუმენტაციის ზოგადი პირობების, ნაწილი I, მუხლი 1 „თ“ ქვეპუნქტის ანალიზის შედეგად იზიარებს წინამდებარე განჩინების 9-12 პუნქტებში მითითებულ სააპელაციო სასამართლოს განმარტებებს და აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკები არ იყო ამომწურავი, კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ავტომანქანის დაზღვევის პირობების პირველი ნაწილის პირველი მუხლის „ა“ პუნქტით, კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრული სადაზღვევო რისკი იყო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ ჰქონდა მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდებოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მიუხედავად იმისა, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა თუ იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში. ამავე მუხლის „თ“ პუნქტის შესაბამისად, ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი არ უნდა ყოფილიყო შემსყიდველის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების მიერ გზაზე მოძრაობის წესების დარღვევა, მათ შორის: ღერძულა ხაზის გადაკვეთით გამოწვეული ზიანი, სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეული ზიანი, წითელ შუქზე გავლის შედეგად გამოწვეული ზიანი, არასწორი პარკირების დროს მესამე პირის მხრიდან მიყენებული ზიანი, გზაჯვარედინზე პრიორიტეტულობის დაუცველობით გამოწვეული ზიანი, საბურავების დაზიანება, თუ ეს არ იყო გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევით, ტერაქტის, სამოქალაქო მღელვარების ან/და სხვა სახის არეულობის დროს მიყენებული ზიანი (მათ შორის სატრანსპორტო საშუალების დეტალების, დამატებითი აღჭურვილობის (ციმციმა, ხმამაღლა მოლაპარაკე, ანტენა და სხვა), აქსესუარების (მინების, მოლდინგების, სახურავის, საბარგულის, სარკეების და სხვა) (იხ. წინამდებარე განჩინების 6.4 პუნქტი). შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ ხელშეკრულება არ მოიცავდა ავტობუსის ზოლში გადასვლის შემთხვევაში მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის ანაზღაურების ვალდებულებას.

32. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ზემოაღნიშნულის იდენტური ჩანაწერი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა ერთ-ერთ საქმეზე, კერძოდ, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რისკი, რომელიც მოცემულ შემთხვევაში აიღო სადაზღვევო კომპანიამ საკმაოდ ფართო იყო და აღნიშნული რისკის საზღვრები ვერ დადგინდება მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და გზებზე მოძრაობის წესების მოთხოვნათა დარღვევის გათვალისწინებით (იხ. სუსგ საქმე Nას-736-2023, 1 ნოემბერი, 2023 წელი).

33. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოების, დამზღვევის საქმიანობისა და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით ხდებოდა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია, უფლებამოსილი მძღოლის ქმედება ვერ აღიქმება მოქმედ ნორმათა, მათ შორის, ხელშეკრულების ელემენტარული მოთხოვნების უგულებელყოფას, რაც გამორიცხავდა კომპანიის მიერ ხელშეკრულებით აღებული რისკის რეალიზაციას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდებოდა კონკრეტული მტკიცებულებებით, მძღოლის მიერ უჩვეულო მაღალი ხარისხის უყურადღებობა. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლომ მართლზომიერად დააკმაყოფილა სარჩელი.

34. საკასაციო სასამართლო ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ კასატორს განსაზღვრული ზიანის ოდენობა, სადავოდ არ გაუხდია. საკასაციო საჩივარი ასევე არ შეიცავს პრეტენზიებს პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დამატებით არ იმსჯელებს ამ საკითხზე და განმარტავს, რომ რამდენადაც დადგინდა, რომ სადაზღვევო კომპანიას ჰქონდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ზიანის ანაზღაურების ვადის გადაცილების შემთხვევაში, პირგასამტეხლო, ქვედა ინსტანციის სასამართლომ მართლზომიერად განახორციელა პირგასამტეხლოს დარიცხვა.

35. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

36. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე Nას-736-2023, 1 ნოემბერი, 2023 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

37. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „სკ.ა–ას“ საკასაციო საჩივარი , როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „სკ.ა–ას“ (ს/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2025 წლის 6 თებერვალს №1738837628 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ზედმეტად გადახდილი - 150 ლარი და დარჩენილი 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე