საქმე №ას-437-2025
04 აპრილი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ს.ჯ.გ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ბ.მ–ი, ი.მ–ი (მოსარჩელეები)
მესამე პირი - შპს ს.გ.ტ.კ–ია
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბ.მ–მა და ი.მ–მა 2023 წლის 15 მაისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე შპს „ს.ჯ.გ–ის“ მიმართ, მესამე პირები - შპს ს.გ.ტ.კ–ია, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და მოითხოვა: შპს „ს.ჯ.გ–ს“ დაევალოს მის საკუთრებაში არსებული ხაზობრივი ნაგებობის (ს/კ 26.00.272) გადატანა ბ.მ–ისა და ი.მ–ის საკუთრებაში არსებული, ოზურგეთში, სოფელ ...... მდებარე მიწის ნაკვეთიდან (ს/კ ......)..
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით, ბ.მ–ისა და ი.მ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „ს.ჯ.გ–ს“ დაევალა მის საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ნაგებობის (ს/კ ......) გადატანა ბ.მ–ისა და ი.მ–ის კუთვნილი, ოზურგეთში, სოფელ ...... მდებარე მიწის ნაკვეთიდან (ს/კ.......);
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს.ჯ.გ–მა“ რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის განჩინებით, შპს „ს.ჯ.გ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის განჩინება, საქმეზე მტკიცებულებათა დართვაზე უარის თქმის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა შპს „ს.ჯ.გ–მა“, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმეში არსებულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „ს.ჯ.გ–ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლთან შესაბამისობა წყდება ერთპიროვნულად მომხსენებელი მოსამართლის მიერ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს შეტანილია თუ არა იგი კანონით დადგენილ ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ დასაბუთებული განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი.
ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში კასატორი არ წარმოადგენს პირს, ვისთანაც სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის გაგზავნის ვალდებულება გააჩნია.
სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი ცალსახად მიუთითებს, რომ მხარე, გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ვალდებულია კანონით განსაზღვრულ ვადაში ჩაიბაროს სასამართლოს გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმა ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) და ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში წარადგინოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 2014 წლის 30 დეკემბრის Nას-1161-1106-2014 გადაწყვეტილებით განმარტა, რომ სსსკ-ის 2591 თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს აქვს არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
ამდენად, სსსკ-ის 2591 მუხლი ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს (იხ: სუსგ №ას-923-2018, 20.07.2018წ.).
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 2025 წლის 20 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომას ესწრებოდა აპელანტის წარმომადგენელი მარინე ნიქაბაძე (იხ.მინდობილობა ტ.2, ს.ფ.104). თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 2025 წლის 20 იანვრის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ იქნა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და განმარტებულ იქნა გასაჩივრების ვადა და წესი. ამდენად, საკასაციო საჩივრის ავტორის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნები; შესაბამისად, მხარეს წარმოეშვა კანონისმიერი ვალდებულება გამოცხადებულიყო სასამართლოში/მიემართა სასამართლოსათვის და მოეთხოვა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება; აღნიშნული ვალდებულება მხარეს არ შეუსრულებია. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, მხარისათვის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის საწყისი თარიღია მისი გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღე 2025 წლის 20 თებერვალი, ხოლო საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის ამოწურვის თარიღია 2025 წლის 12 მარტი.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე მიუთითა, რომ კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოში მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ივარაუდება, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლომ დროულად მოამზადა. ამ ვარაუდის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი კი ესკირება იმ პირს, ვინც ასაჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებას. (იხ. სუსგ №ას-1533-2023, 21.12.2023).
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება გადაწყვეტილების გვიან მომზადების ფაქტი.
საქმის მასალებით დგინდება, რომ აპელანტის (კასატორის) წარმომადგენელმა - მარინე ნიქაბაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული განჩინების ჩაბარების მოთხოვნით მიმართა ვადის დარღვევით - 2025 წლის 12 მარტს და დასაბუთებული განჩინება ჩაიბარა იმავე დღეს.
ასევე დადგენილია, რომ შპს „ს.ჯ.გ–ის“ საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა 2025 წლის 24 მარტს (საკასაციო საჩივრის ფოსტაში ჩაბარების თარიღია 20.03.2025წ.) გასაჩივრების 21-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, რაც წარმოადგენს შპს „ს.ჯ.გ–ის“ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერ საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის, მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ. სუსგ. №ას-1395-2020, 7.12.2020წ. №ას-963-2024 23 .07.2024 წელი; სუსგ საქმეზე №ას-119-2022, 03.02.2022წ.; №ას-1133-2021, 29.11.2021).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი) (იხ.:სუსგ საქმეზე №ას-924-2022, 22.07.2022წ.).
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის გაშვების გამო, შპს „ს.ჯ.გ–ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 285-ე ,372-ე, 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს.ჯ.გ–ის“ საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი