საქმე №ას-590-2025
01 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ბ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ქ–ი (მოპასუხე)
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 07 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით: 1. ე.ქ–ის სარჩელი შპს „ბ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: 1.1. მოპასუხე შპს „ბ–ის“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ე.ქ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი, …….. (ს/კ. ……..) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე ე.ქ–ს; 1.2. გამოთხოვილ იქნა შპს „ბ–ის“ უკანონო მფლობელობიდან და გადაეცა ე.ქ–ს შემდეგი მოძრავი ქონება: მაცივარი „უგური“ 1 ცალი, მაგიდა მაცივარ „ედესა“ (2 ცალი), დიდი მაცივარი „ედესა“ (2 ცალი), საყინულე მაცივარი „უგური“ (2ცალი), ყინულის 37 გენერატორი „კლასილი“ (1 ცალი), ლუდის ჩამოსასხმელი „კოლჰარტი“ (1 ცალი), გაზქურა „ენკომაკი“ (1 ცალი), გაზქურა პატარა „ენკომაკი“ (1ცალი), მაყვალი (1 ცალი), ელ. ღუმელი „ბოში“ (1 ცალი), ცომის საზელი „მატეკა“ (1ცალი), ცომის პრესი (1 ცალი), ცომის გასაბრტყელებელი (1 ცალი), ელექტრო ღუმელი „იმპორი“ (1 ცალი), ხორცის ელექტრომანქანა (1 ცალი), მიკროტალღური ღუმელი „გორენიე (1 ცალი), ფრიტურნიცა „ტურგა“ (1 ცალი), ხორცის დასამუშავებელი მაგიდა (1 ცალი), სამუშაო მაგიდა (7 ცალი), ჭურჭლის სარეცხი ნიჟარა (3 ცალი), რკინის თარო ჭურჭლისთვის (2 ცალი), ხელსაბანი ნიჟარა (3 ცალი), კონდიციონერი „მიდეა“ (4 ცალი), კონდიცირების აგრეგატი (სხვენში) (2 ცალი), ჰაერის გამწოვი დანადგარი (2 ცალი), წყლის ავზი (6 ცალი), ჰელიო წყლის გამათბობელი (2 ცალი), წყლის გამათბობელი „იმპრაგაზი“ (2 ცალი), წყლის გამათბობელი „არისტონი“ (2 ცალი); 1.3. მოპასუხე შპს „ბ–ს“ მოსარჩელე ე.ქ–ის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის 3913 ლარის გადახდა; 1.4. მოპასუხე შპს „ბ–ს“ მოსარჩელე ე.ქ–ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 1602.4 ლარის გადახდა; 1.5. მოპასუხე შპს „ბ–ს“ მოსარჩელე ე.ქ–ის სასარგებლოდ დაეკისრა საურავის სახით 1500 აშშ დოლარის გადახდა; 1.6. მოპასუხე შპს „ბ–ს“ მოსარჩელე ე.ქ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2025 წლის 01 აპრილიდან ყოველთვიურად საიჯარო ქონების დაბრუნებამდე 1400 აშშ დოლარის გადახდა.
ე.ქ–ის სარჩელი შპს „ბ–ის“ მიმართ დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ე.ქ–ის სარჩელი ჯ.რ–ძის და ც.კ–ის მიმართ, არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე შპს „ბ–ის“ სარჩელი მოპასუხე ე.ქ–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა;
ამავე გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 მაისის განჩინებით (შეგებებული სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც: (2.1.) უძრავი ქონების მესაკუთრეს (შეგებებულ სარჩელში მოპასუხეს) - ე.ქ–ს (პ/ნ ………) აეკრძალა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების მიწოდების შეზღუდვა, მისი შეწყვეტისკენ მიმართული ქმედების განხორციელება შპს „ბ–ის“ (ს/კ…..) მიმართ იჯარით აღებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქი ბათუმი, ……. (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: …….). (2.2.) უძრავი ქონების მესაკუთრე (სამომავლო შეგებებულ სარჩელში მოპასუხეს) ე.ქ–ს (პ/ნ ……) აეკრძალა შპს „ბ–ის“ (ს/კ ……) მფლობლობისა და სარგებლობის უფლების სხვაგავრი ხელშეშლა იჯარით აღებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქი ბათუმი, ……. (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ……). (2.3.) დავალდებულდა სს „ე. პ-ჯ–ას“ აჭარის ფილიალი აბონენტისათვის (შპს „ბ–ის“ (ს/კ ……)იჯარით აღებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქი ბათუმი, …… (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ……) ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელე მხარის - ე.ქ–ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 დეკემბრის №2/18422-23 გადაწყვეტილება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის (უძრავი, მოძრავი) გამოთხოვის ნაწილში (წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. და 1.2. პუნქტები) მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე (წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტის ნაწილში) უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე;
ე.ქ–მა და შპს „ბ–მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო საჩივრით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე წარადგინეს კერძო საჩივარი.
შპს „ბ–ის“ წარმომადგენელმა, ე.ა–ძემ კერძო საჩივარში იშუამდგომლა კერძო საჩივარზე მიღებული სასამართლო განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინების პირველი პუნქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 07 აპრილის განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორის შპს „ბ–ის“ შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინების პირველი პუნქტის აღსრულების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ბ–მა“ და მოითხოვა: გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 07 აპრილის განჩინება შპს „ბ–ის“ შუამდგომლობის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინების პირველი პუნქტის აღსრულების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილების შესახებ და „დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე“, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინების 1-ლი პუნქტი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების 1.1. და 1.2 პუნქტები (უკანონო მფლობელობიდან ნივთის (მოძრავი, უძრავი) გამოთხოვის ნაწილში)) დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში.
კერძო საჩივრის ავტორმა ასევე იშუამდგომლა კერძო საჩივარზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინების 1-ლი პუნქტი, (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 დეკემბრის N 2/18422-23 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1 და 1.2 პუნქტები უკანონო მფლობელობიდან ნივთის (უძრავი და მოძრავი) გამოთხოვის შესახებ) დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში და „კერძო საჩივრის ავტორის - შპს ბ–ის შუამდგომლობის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინების პირველი პუნქტის აღსრულების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 07 აპრილის განჩინების (საქმე N 2ბ/911- 25) მოქმედება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ბ–ის“ კერძო საჩივარი და შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.
სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი/კერძო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს წყვეტს ერთპიროვნულად, ზეპირი განხილვის გარეშე.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელე მხარის - ე.ქ–ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 დეკემბრის №2/18422-23 გადაწყვეტილება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის (უძრავი, მოძრავი) გამოთხოვის ნაწილში (წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. და 1.2. პუნქტები) მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე (წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტის ნაწილში) უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე (იხ. ტ-4; ს.ფ-196-203);
დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებულია მხარეების მიერ კერძო საჩივრით. ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 07 აპრილის განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორის შპს „ბ–ის“ შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინების პირველი პუნქტის აღსრულების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა განჩინების საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრის შეტანის გზით გასაჩივრების უფლება (იხ. ტ-5; ს.ფ-125-132);
შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 07 აპრილის განჩინებაზე შპს „ბ–მა“, საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა კერძო საჩივარი.
საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
სსსკ-ის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი, ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. კანონი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რომ კერძო საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს განჩინებით წარმოება სრულდება (იხ. სუსგ №ას-21-2019, 21.01.2019წ; №ას-1587-2019, 04.11.2019წ; №ას-478-2020, 03.07.2020წ; №ას-303-2023, 24.03.2023წ; იხ. ასევე სუსგ №ას-1007-2018, 23.07.2018წ; № ას-134-2021, 22.02.2021წ; №ას-12-2022, 17.01.2022წ.).
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივარი შეეხება იმ განჩინების კანონიერებას, რომლითაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებში, კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების (11.02.2025) შეჩერების თაობაზე შუამდგომლობა. შესაბამისად, აღნიშნული განჩინების კანონიერების შემოწმება საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ვერ გახდება, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივარზე ყოველგვარი წარმოება სრულდება სააპელაციო ინსტანციაში და კერძო საჩივარზე წარმოების ფარგლებში მიღებული მეორე ინსტანციის განჩინებები, მაგალითად, იქნება ეს დამატებითი განჩინების გამოტანაზე უარისა თუ კერძო საჩივარზე მიღებულ განჩინებაში უსწორობის გასწორების განჩინება, დამატებით კერძო საჩივრით საკასაციო ინსტანციის სასამართლოში არ საჩივრდება. დაუშვებელია ამ გზით რაიმე ცვლილება/დამატება იქნეს შეტანილი პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივარზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს (ანუ ზემდგომი სასამართლოს) განჩინებაში (იხ. სუსგ №ას-13-2024 , 22.01.24წ).
ზემოაღნიშნულ მსჯელობას ვერ შეცვლის გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მისი გასაჩივრების შესაძლებლობაზე მითითება (იხ. სუსგ №ას-21-2019, 21.01.2019წ.).
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა/არმიქცევის საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების კანონიერებაზე კერძო საჩივრის ფარგლებში უნდა იმსჯელოს სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება წარმოადგენს სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია, რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, ემსახურება საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი კერძო საჩივარი.
როგორც საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: № ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ; №ას-303-2023, 24.03.2023წ.).
გათვალისწინებით იმისა, რომ საკასაციო სასამართლო განუხილველად ტოვებს კერძო საჩივარს, საკასაციო პალატა არ მსჯელობს შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე, რომელიც ასახულია კერძო საჩივარში. შესაბამისად, შუამდგომლობა ასევე დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, როგორც შპს „ბ–ის“ კერძო საჩივარი, ასევე კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა კერძო საჩივარზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინების 1-ლი პუნქტი, უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ბ–ის“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 07 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი