Facebook Twitter

საქმე №ას-1357-2024

28 აპრილი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.ბ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით, სს „ს.ბ–ის“ სარჩელი მ.ბ–ძის მიმართ დაკმაყოფილდა; მ.ბ–ძეს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2021 წლის 25 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე: სესხის ძირითადი თანხის - 8 306.04 ლარის, პროცენტის - 793.67 ლარის, პირგასამტეხლოს - 543.10 ლარის, საკომისიოს - 40.00 ლარის ანაზღაურება; ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით დავალიანების ძირითადი თანხის - 8 306.04 ლარის წლიური 22.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 4.33 ლარს, 2022 წლის 09 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა; მ.ბ–ძეს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2021 წლის 10 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის - 481.79 ლარის, პროცენტის - 47.31 ლარის, პირგასამტეხლოს - 170.00 ლარის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მ.ბ–ძემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, მ.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ.ბ–ძემ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორს დადგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა 7 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის და კერძო საჩივრის, გასაჩივრების საფუძვლების მითითებით წარმოდგენა.

2024 წლის 18 დეკემბერს, კერძო საჩივრის ავტორმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 15 დღით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორის - მ.ბ–ძის შუამდგომლობა, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კერძო საჩივრის ავტორს - მ.ბ–ძეს გაუგრძელდა კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში შეევსო ხარვეზი და საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და კერძო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების მითითებით;

ზემოაღნიშნული განჩინება მ.ბ–ძეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაეგზავნა რამდენჯერმე საქმეში მითითებულ მისამართზე, თუმცა ადრესატისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა.

განჩინების ადრესატისათვის ჩაბარება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.03.2025 წლის განჩინებით დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტს, რაც ასევე ვერ განხორციელდა. საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის პირველი სამმართველოს მომართვით ირკვევა, რომ ........... ქუჩა N19-ში ადრესატის - მ.ბ–ძის მოძიება ვერ მოხერხდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 01 აპრილის განჩინებით, მ.ბ–ძეს საჯარო შეტყობინების საშუალებით ეცნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი; განიმარტა, რომ მოცემული განჩინება ჩაბარებულად ჩაითვლება მისი საჯაროდ გავრცელებიდან მე-7 დღეს. განჩინება ვებ-გვერდზე 2025 წლის 02 აპრილს განთავსდა.

სსსკ-ის 78-ე მუხლის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინება მ.ბ–ძისათვის ჩაბარებულად 2025 წლის 10 აპრილიდან ითვლება უქმე დღის გათვალისწინებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ბ–ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია (იხ. სუსგ Nას-1305-2022 11.05.2023წ).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება Nას-1220-2018).

როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა 7 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის და კერძო საჩივრის, გასაჩივრების საფუძვლების მითითებით წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს ვერ ჩაბარდა. 2024 წლის 18 დეკემბერს, კერძო საჩივრის ავტორმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 15 დღით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორის - მ.ბ–ძის შუამდგომლობა, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კერძო საჩივრის ავტორს - მ.ბ–ძეს გაუგრძელდა კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში შეევსო ხარვეზი და საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და კერძო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების მითითებით; ამავე განჩინებით მხარეს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 01 აპრილის განჩინებით, მ.ბ–ძეს საჯარო შეტყობინების საშუალებით ეცნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად (ს.ფ.331-335).

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 7 დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2025 წლის 10 აპრილს, (უქმე დღის გათვალისწინებით) და ამოიწურა 2025 წლის 17 აპრილს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2025 წლის 17 აპრილის ჩათვლით. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებით განსაზღვრულ შვიდ დღიან ვადაში, რაც მ.ბ–ძის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ (იხ. სუსგ Nას-840-2024 31.07.2024წ)

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ.ბ–ძის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ბ–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი