საქმე №ას-1585-2023
23 იანვარი 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები - მ.გ–ძე, ი.ბ–ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის გადასახდელად დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის 2017 წლის 30 ნოემბრის N07/154 ბრძანება მ.გ–ძისათვის საყვედურის გამოცხადების თაობაზე;
1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის 2018 წლის 3 სექტემბრის N03/კ2646 ბრძანება მ.გ–ძის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და აღდგენილ იქნეს მ.გ–ძე საოპერაციო ბლოკის ექიმის თანამდებობაზე.
1.3. დაეკისროს მოპასუხე სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მ.გ–ძის სასარგებლოდ იძულებითი მოცდენის ანაზღაურება 2018 წლის 3 სექტემბრიდან სამსახურში აღდგენის დღემდე ყოველთვიურად დასაბეგრი 12502 ლარის ოდენობით;
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის 2018 წლის 17 აგვისტოს N07/72 ბრძანება ი.ბ–ისათვის საყვედურის გამოცხადების თაობაზე;
1.5. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის 2018 წლის 12 სექტემბრის N3156 ბრძანება ი.ბ–ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და აღდგენილ იქნეს ი.ბ–ი საოპერაციო ბლოკის ექიმის თანამდებობაზე;
1.6. დაეკისროს მოპასუხე სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს
ი.ბ–ის სასარგებლოდ იძულებითი მოცდენის ანაზღაურება 2018 წლის 12 სექტემბრიდან სამსახურში აღდგენის დღემდე ყოველთვიურად დასაბეგრი 1875 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მ.გ–ძეს, უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის 30.11.2017 წლის N07/154 ბრძანების მოსარჩელე მ.გ–ძისათვის დისციპლინური სახდელის სახით საყვედურის შეფარდების შესახებ ბათილად ცნობაზე. მოსარჩელე მ.გ–ძეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის 03.09.2018 წლის N03/კ2646 ბრძანების მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბათილად ცნობაზე, პირვანდელ სამუშაოზე აღდგენაზე და განაცდურის ანაზღაურებაზე. მოსარჩელე - ი.ბ–ს, უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის 17.08.2018 წლის N07/72 ბრძანების მოსარჩელე ი.ბ–ისათვის დისციპლინური სახდელის სახით საყვედურის შეფარდების შესახებ ბათილად ცნობაზე. მოსარჩელე ი.ბ–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის 12.09.2018 წლის N3156 ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. მოსარჩელე ი.ბ–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ, მოპასუხე - სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს დაეკისრა, მოსარჩლე - ი.ბ–ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დასაბეგრი 20 625 ლარის გადახდა. მოპასუხე - სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 718.75 ლარის გადახდა.
3.2 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ, ამასთან, მოსარჩელე - ი.ბ–მა წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები და შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განჩინებით, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, 1. მ.გ–ძის და სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივრები, ასევე, ი.ბ–ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ.გ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის 30.11.2017 წლის N07/154 ბრძანება, მოსარჩელე მ.გ–ძისათვის დისციპლინური სახდელის სახით საყვედურის შეფარდების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის 03.09.2018 წლის N03/კ2646 ბრძანება მ.გ–ძისათვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; მ.გ–ძის სასარჩელო მოთხოვნა პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ, მ.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 15 000 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები თანხა); ი.ბ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის 17.08.2018 წლის N07/72 ბრძანების მოსარჩელე ი.ბ–ისათვის დისციპლინური სახდელის სახით საყვედურის შეფარდების შესახებ ბათილად ცნობაზე; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის 12.09.2018 წლის N3156 ბრძანება ი.ბ–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ, ი.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის გადახდა 15 000 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები თანხა);
7.2 სააპელაციო პალატას მიერ დადგენილად იქნა ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.2.1 საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები მოპასუხესთან დასაქმებული იყვნენ უვადო შრომის ხელშეკრულების საფუძველზე საოპერაციო ექთნის თანამდებობაზე. გათავისუფლების დროისათვის მოსარჩელე ი.ბ–ის საშუალო ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა დასაბეგრ 1875 ლარს, ხოლო მოსარჩელე მ.გ–ძის ხელფასი დასაბეგრ 1250 ლარს.
7.2.2 26.09.2017 წელს, მ.გ–ძემ მოხსენებითი ბარათით მიმართა მოპასუხეს, რომელშიც მითითებული იყო კლინიკაში არსებული კონკრეტული დარღვევები.
7.2.3 19.10.2017 წლის მოპასუხე კლინიკის გენერალური დირექტორის ბრძანებით N07/133 შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფი, მ. გ–ძის მოხსენებით ბარათში მითითებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მონიტორინგის ჯგუფის მიერ საკითხის განხილვისა და 2017 წლის 24 ოქტომბერს ჩატარებული სხდომის ფარგლებში, რომელსაც ასევე ესწრებოდა მ.გ–ძე გატარდა დისციპლინური ხასიათის ღონისძიება და გენერალური დირექტორის 30.11.2017 წლის N07/154 ბრძანებით საყვედური გამოეცხადა როგორც მ. გ–ძეს, ისე სასტერილიზაციოსა და საოპერაციოს ექთნებს, რადგან საკითხის შესწავლისას არ დადასტურდა მ. გ–ძის მოხსენებით ბარათში მითითებული ფაქტები. გამოიკვეთა მ.გ–ძის მიერ სხვისი კომპეტენციის ფარგლებში შეჭრა, თვითნებური გადაწყვეტილებების მიღება ხელმძღვანელებთან შეუთანხმებლად და კონფლიქტური სიტუაციების შექმნა. ასევე, გამოიკვეთა პერსონალს შორის პირადი ხასიათის ურთიერთდაპირისპირებები, რის გამოც ყველა კონფლიქტში ჩართულ პირს გამოეცხადა საყვედური შრომის შინაგანაწესის დარღვევისათვის.
7.2.4 მ.გ–ძემ 01.12.2017 წლის მოხსენებითი ბარათით წარადგინა მისი პოზიცია 24.10.2017 წლის N1 სხდომის ოქმთან დაკავშირებით.
7.2.5 04.07.2018 წლის განცხადების განხილვის პროცესში ი.ბ–მა და მ.გ–ძემ ანალოგიური შინაარსის განცხადებით მიმართეს სახალხო დამცველს, რომელმაც საკითხი შემდგომი მოკვლევის მიზნით გადააგზავნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, რის საფუძველზეც კლინიკაში შედგა შემოწმების აქტი 20.09.2018წ.
7.2.6 ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შეფასებით დადგინდა, რომ დაწესებულების მიერ სრულდება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციების კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 07.02.2018წ. N01-5/ნ ბრძანების დანართი N1-ის ყველა მოთხოვნა (100%) და დანართი 39 N2-ის 17 პუნქტის მოთხოვნა (85%), არ სრულდება (15%): პუნქტი 1.1.- სამედიცინო სერვისების მიწოდების გარკვეული სათავსების კედლების და იატაკის მცირედ უბნებზე აღინიშნება ვიზუალურად აღქმადი დაზიანებები (საღებავის აქერცვლა, გადაცლა), რაც არ წარმოადგენს სანიტარული მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესების საფუძველს; 1.2. ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა ელექტროგაყვანილობის სადენი, რომლის მთლიანობა და იზოლირება ვიზუალურად იყო დარღვეული; 2.6. ნაცვლად წინსაფრებისა, სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია ერთჯერადი ხალათებით.
7.2.7 მოპასუხის 03.09.2018 წლის N03/კ2646 ბრძანებით მოსარჩელე მ.გ–ძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37.1. მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე 03.09.2018 წლიდან.
7.2.8 გასაჩივრებულ ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია: 1. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის იურისტის 08.08.2018 წლის მოხსენებითი ბარათი N11/2646; 2. საოპერაციო და სასტერილიზაციო ბლოკის უფროსის მოხსენებითი ბარათი 19.07.2018 წლის N112249. 3. საოპერაციო ბლოკის თანამშრომელთა განცხადება 03.08.2018 წლის N11/2525.4. საოპერაციო ბლოკის ექთნის მოხსენებითი ბარათი 24.07.2018 წ. N11/2348, 5. სასტერილიზაციო ბლოკის უფროსი ექთნის განცხადება 24.07.2018 წლის N11/2349. 6. მ. გ–ძის განცხადება 25.07.2018 N11/2371. 7. სსიპ, თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ბრძანება N07/154 30.11.2017 წ.
7.2.9 მოსარჩელე მ.გ–ძის 03.09.2018 წლის განცხადებაზე მოპასუხემ 12.09.2018 წლის წერილით აცნობა გათავისუფლების საფუძვლების თაობაზე. დასაბუთებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე მ.გ–ძის გათავისუფლება მოხდა საქართველოს შრომის კოდექსის 37.1. მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ვინაიდან მოსარჩელის მიმართ გამოყენებული იყო კლინიკის შინაგანაწესით გათვალისწინებული ერთ-ერთი დისციპლინური ზომა, კერძოდ 2017 წლის 11 ნოემბერს გენერალური დირექტორის N07/154 ბრძანებით გამოცხადებულ იქნა საყვედური, რომელიც არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში, ასევე გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია 2018 წლის 3 აგვისტოს საოპერაციო ბლოკის პერსონალის მიერ წარმოდგენილი ერთობლივი განცხადება და მასში მოყვანილი ფაქტები, რომელიც ასევე დასტურდება საოპერაციოს ექთნის 24.07.2018 წN11/2348 და სასტერილიზაციოს უფროსი ექთნის 24.07.2018 წ. N11/2349 მოხსენებითი ბარათებით.
7.2.10 მოსარჩელე ი.ბ–ს საოპერაციოს თანამშრომლების ერთობლივი განცხადებისა და კლინიკის იურისტის თ.ხ–ის მოხსენებითი ბარათის
საფუძველზე გამოეცხადა საყვედური, თანამშრომლებთან შექმნილი კონფლიქტური სიტუაციების და საოპერაციოში თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების გამო, რომელიც არ ყოფილა შეთანხმებული ხელმძღვანელებთან.
7.2.11 სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის 12.09.2018 წლის N3156 ბრძანებით, ი.ბ–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37.1 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად 2018 წლის 12 სექტემბრიდან. გათავისუფლების ბრძანების შესაბამისად ი.ბ–ს მიეცა სახელფასო სარგო ნამუშევარი დღეების შესაბამისად, ერთი თვის კომპენსაცია, ასევე გამოუყენებელი შვებულების ფულადი კომპენსაცია.
7.2.12 სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოქმედი ატესტაციის ჩატარების წესის შესაბამისად, ატესტაციის მიზანი არის ატესტაციას დაქვემდებარებული პირის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან; სამსახურებრივი საქმიანობის პერიოდში შესრულებული სამუშაოსა და დასაქმებულის პროფესიული შეფასება; დასაქმებულის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა; კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა; თანამდებობრივად უფრო მაღალი პოზიციის მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა.
7.2.13 ატესტაციის ჩატარების პროცედურის შესაბამისად, კლინიკაში ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს როგორც წერილობით (ტესტირება, წერითი დავალება) ან ზეპირად გასაუბრების გზით. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. ატესტაციის შედეგების მიხედვით, კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: - ატესტაციას დაქვემდებარებული პირი შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას. - ატესტაციას დაქვემდებარებული პირი შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას. - ატესტაციას დაქვემდებარებული პირი ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას); - ატესტაციას დაქვემდებარებული პირი არ შეესაბამება დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას.
7.2.14 ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს ატესტაციის შედეგები გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოში. ატესტაციის შედეგები მოსარჩელე ი.ბ–ს სასამართლოში არ გაუსაჩივრებია.
7.2.15 საატესტაციო/საკონკურსო კომისიის 07.09.2018 წლის N3 სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ საატესტაციო გამოცდაზე 2018 წლის 7 სექტემბერს გამოცხადდა 22ატესტაციას დაქვემდებარებული პირი, მათ შორის საოპერაციოს ექთანი ი.ბ–ი.
7.2.16 საატესტაციო კომისიის 17.08.18 წლის N1 ოქმის შესაბამისად, ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლებოდა 30 კითხვიდან 21 სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, ხოლო ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში ატესტაციას დაქვემდებარებული პირი გაივლიდა გასაუბრების ეტაპს.
7.2.17 ოქმში აღნიშნულია, რომ ტესტირება ვერ გაიარა საოპერაციო ბლოკის ექთანმა ი.ბ–მა, რაც იმას ნიშნავს რომ მან 30 შეკითხვიდან ვერ უპასუხა 21 შეკითხვას.
7.2.18 გასაუბრების მსვლელობისას კომისიას თხოვნით მიმართა საოპერაციოს ექთანმა ი.ბ–მა, რომელმაც 30 შეკითხვიდან სწორად უპასუხა 20 შეკითხვას და მოითხოვა კომისიას მოესმინა მისთვის გასაუბრებაზე და ჩაეტარებინა ზეპირი გამოცდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ ი.ბ–ი დაუშვა გასაუბრებაზე, მან მაინც ვერ უპასუხა დასმულ შეკითხვებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ გადაწყვიტა, რომ ატესტაციას დაქვემდებარებული პირები, რომლებმაც ვერ გაიარეს ტესტირება, გასაუბრების გარეშე გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან.
7.3 სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მ.გ–ძის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედურის გამოცხადება განხორციელდა მხოლოდ მას შემდგომ - 2017 წლის 30 ნოემბერს, რაც დასაქმებულმა 2017 წლის 26 სექტემბერს მოხსენებითი ბარათით მიმართა დამსაქმებელს ორგანიზაციაში არსებულ კონკრეტულ (სტერილიზაციასთან დაკავშირებული) დარღვევებთან მიმართებით.
7.4 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ წინამდებარე შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა საყვედურის თაობაზე მიღებული ბრძანების საფუძვლიანობა, კერძოდ, არ დგინდება მ.გ–ძის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, თანამშრომლებთან არაკოლეგიალური დამოკიდებულება, რაც დაუსაბუთებელს ხდის დამსაქმებლის 2017 წლის 30 ნოემბრის ბრძანებას საყვედურის გამოცხადების თაობაზე, მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ საყვედურის გამოცხადება ქრონოლოგიურად მოსდევს მ.გ–ძის მხრიდან გარკვეულ დარღვევებზე მითითებას და მანამდე დამსაქმებლის მიმართ არასოდეს არავითარი პრეტენზია დამსაქმებლის მხრიდან არ ყოფილა გაცხადებული.
7.5 სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მ.გ–ძის მიერ გაცხადებული დარღვევების დაუდასტურებლობის პირობებშიც, აღნიშნული არ შეიძლება შეფასებულიყო დასაქმებულის მხრიდან მასზე ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებად, რადგანაც არ დგინდება კონკრეტული დასაქმებულის არაკეთილსინდისიერი მიზნები,შეეფერხებინა საავადმყოფოს ფუნქციონირება და პირიქით მიმართული იყო იმ მნიშვნელოვანი ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვან შესრულებასთან, რაც დაკავშირებული იყო პაციენტების ჯანმრთელობასთან და შესაბამისად დასაქმებულის მხრიდან გარკვეულ ფაქტებზე მითითება არ შეიძლება შეფასდეს უარყოფით კონტექსტში, პირიქით არსებული ეჭვების განუცხადებლობა არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, საავადმყოფოს ჯეროვანი ფუნქციონირებისათვის შესაძლოა შეფასებულიყო ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობად.
7.6 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის 2017 წლის 30 ნოემბრის N07/154 ბრძანება მ.გ–ძისათვის საყვედურის გამოცხადების თაობაზე. მითითებული ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში, ასევე დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის 2018 წლის 3 სექტემბრის N03/კ2646 ბრძანება მ.გ–ძის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, რამეთუ პირველადი დისციპლინური სახდელის არ არსებობის პირობებში, ვერ იქნება განხორციელებული სშკ-ს 37.1 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემადგენლობა (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ მის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა).
7.7 სააპელაციო პალატის მოსაზრებით, წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დგინდება მ.გ–ძის მხრიდან განმეორებითი დარღვევის არსებობა, რასაც შეეძლო გაემართლებინა დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.
7.8 რაც შეეხება ი.ბ–ის ნაწილში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერებას, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დამსაქმებლის მტკიცება ი.ბ–ის ცოდნის დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობასთან მიმართებით, რადგანაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება შესაფასებელი კანდიდატის ცოდნა და შესაბამისობა რომ ეწინააღმდეგებოდა დადგენილ სტანდარტებს.
7.9 სააპელაციო პალატის შეფასებით, საქმის გარემოებებით არ დასტურდება, რომ დამსაქმებელი, მიიჩნევდა რა მნიშვნელოვნად დასაქმებულების მაღალ კვალიფიკაციას, მათი პროფესიული გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების ან შრომითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისათვის რაიმე სახის საგანმანათლებლო ან პრაქტიკულ საქმიანობას ეწეოდა. არ დადასტურდა, რომ დასაქმებულებს საშუალება ჰქონდათ, დამსაქმებლის ინიციატივით და მისივე ხარჯით, გაევლოთ რაიმე სახის შრომითი კურსები ან კვალიფიკაციის ამაღლებისათვის სწავლება.
7.10 სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა და მიიჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა მის მიერ მიღებული ბრძანების კანონშესაბამისობა, რაც განაპირობებს სადავო ბრძანების ბათილობას (სსკ-ს 54-ე მუხლი - ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს). აღნიშნული დასკვნის გამოტანის საფუძველს კი ქმნის საქმეზე თანმიმდევრულად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამსაქმებლის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამდგენი მტკიცებულებების უკმარისობა.
7.11 გარდა ამისა, პალატამ აღნიშნა - ი.ბ–ის განთავისუფლების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მან ვერ დააგროვა საჭირო ქულათა რაოდენობა, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი ბრძანება, რომელიც დაადგენდა გამსვლელ ქულათა მინიმუმს და განსაზღვრავდა, თუ რა ოდენობის ქულების დაგროვების შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი დადებითი შედეგის დადგომა გამოსაცდელი პირისათვის. ასეთი ბრძანება ან სხვა იურიდიული აქტი გამოცემული არ ყოფილა, საქმეში არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად, არც ი.ბ–ისათვის არ იყო ცნობილი მის შესახებ. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წინასწარ დადგენილი გამსვლელ ქულათა მინიმუმის არარსებობის პირობებში, მოპასუხეს არ ჰქონდა უფლება ი.ბ–ისათვის განესაზღვრა, თუ რამდენი ქულის დაგროვების შემთხვევაში ეთვლებოდა მას გამოცდა ჩაბარებულად, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, მოსარჩელის მიერ მიღებული ქულათა ჯამი რატომ არ იყო საკმარისი და რის საფუძველზე ევალებოდა მას უფრო მეტი ქულების დაგროვება სამსახურში დასარჩენად.
7.12 სააპელაციო სასამართლომ კომპენსაციის დაკისრების ნაწილში განმარტა, რომ იმ პირობებში, თუ შეუძლებელია დასაქმებულის სამსახურში აღდგენა, შეფასება უნდა მიეცეს კომპენსაციის დაკისრებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის წინაპირობებს. მოხმობილი ნორმის ჩანაწერი, სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას მიიღოს გადაწყვეტილება კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, როგორც სამსახურში აღდგენის ალტერნატივა და მოსარჩელის შელახული კანონიერი უფლების ღირსეული და საკმარისი რესტიტუცია.
7.13 კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან.
7.14 სააპელაციო პალატამ განმარტა, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შრომით სამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამუშაოს მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამდენად, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან. ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ კომპენსაციის ზოგადი მიზანი და ორიენტირი არის ის, რომ მან დაფაროს დროის ის მონაკვეთი (მინიმალურად), რაც საჭირო იქნებოდა ახალი სამსახურის მოსაძებნად.
7.15 იმ პირობებში, როდესაც ბათილად არის მიჩნეული გათავისუფლების თაობაზე ბრძანება და ამავდროულად შეუძლებელია დასაქმებული პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა, მოსარჩელის უფლებებში რესტიტუციის მიზნით კომპენსაციის ოდენობამ უნდა მოიცვას ის პერიოდი, რა დროც გონივრულად უზრუნველყოფს უკანონოდ გათავისუფლებულ მუშაკს ახალი სამსახურის მოძიებამდე. მოცემულ შემთხვევაში პალატამ მიიჩნია, რომ თითოეულ დასაქმებულს, კომპენსაციის სახით უნდა მიეკუთვნოს 15000- 15000 ლარის ოდენობით, რაც გონივრულად უზრუნველყოფს უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკების უფლებრივ რესტიტუციას და ამავდროულად, შეუსაბამო ტვირთს არ დააკისრებს დამსაქმებელს.
8. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
8.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში.
8.2 კასატორები არ ეთანხმებიან და სადავოდ ხდიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კომპენსაციის დაკისრების ნაწილში.
8.3 კასატორებმა განმარტეს, რომ სასამართლოს მიერ კომპენსაცია განისაზღვრა არაგონივრულად დაბალი ოდენობით. სასამართლო კომპენსაციის განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ „ხსენებული საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შრომით სამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამუშაოს მოძებნამდე განიცდის, ასევე იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამდენად, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში.“ მიუხედავად აღნიშნული მსჯელობისა, გადაწყვეტილებაში არ არის ასახული, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისას სასამართლომ მოსარჩელეებისათვის, კომპენსაციის სახით, რატომ განსაზღვრა 15000-15000 ლარი.
8.4 კასატორებმა განმარტეს, რომ გათავისუფლების საფუძვლების გათვალისწინებით, მოსარჩელეებისათვის საქართველოში სამუშაოს მოძიება პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა. მხარეთა სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა 2018 წლის სექტემბრის თვეში და 5 წელზე მეტია, რაც საქმე სასამართლოს წარმოებაშია. მართალია, კომპენსაციის მიზანს არ წარმოადგენს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის გამდიდრება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრული ოდენობით კომპენსაცია სამართლიან ბალანსს ნამდვილად ვერ აღადგენს.
8.5 კასატორები მიუთითებენ, შრომის კოდექსში, 2020 წლის სექტემბრის თვეში შეტანილ ცვლილებებზე და განმარტავენ, რომ ამ ცვლილებებით (მუხლი 48) არ მომხდარა ნორმის მიზნის შეცვლა, არამედ მოხდა ერთიანი სტანდარტის ჩამოყალიბების მიზნის ნორმის დაკონკრეტება, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული სწორედ სასამართლოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში სტანდარტების განსხვავებულად გამოყენება, რაც არასამართლიანობის განცდას აჩენდა. შესაბამისად, განისაზღვრა იძულებითი განაცდურის პარალელურად, სამსახურში აღუდგენლობის გამო კომპენსაცია, ანუ ის ორი კომპონენტი, რომელსაც მანამდე 38-ე მუხლი მოიცავდა გადანაწილდა იძულებით განაცდურსა და აღუდგენლობის გამო კომპენსაციაში. ბუნებრივია, სამსახურიდან გათავისუფლების დროს არსებული რედაქციით არ მოქმედებდა მუხლი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ნორმის შინაარსის დაზუსტება მოხდა, სასამართლოს მიერ სახელმძღვანელო სტანდარტად სწორედ ეს მოცემულობა უნდა იქნას გათვალისწინებული.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
9.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
9.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და ნაწილობრივ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეებს ნაწილობრივ დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვთ წარმოდგენილი.
12. საქმის მასალების თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის 30.11.2017 წლის N07/154 ბრძანება, მოსარჩელე მ.გ–ძისათვის დისციპლინური სახდელის სახით საყვედურის შეფარდების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის 03.09.2018 წლის N03/კ2646 ბრძანება მ.გ–ძისათვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; მ.გ–ძის სასარჩელო მოთხოვნა პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ, მ.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 15 000 ლარის ოდენობით. ი.ბ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის 17.08.2018 წლის N07/72 ბრძანების მოსარჩელე ი.ბ–ისათვის დისციპლინური სახდელის სახით საყვედურის შეფარდების შესახებ ბათილად ცნობაზე; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის 12.09.2018 წლის N3156 ბრძანება ი.ბ–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ, ი.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის გადახდა 15 000 ლარის ოდენობით.
13. განსახილველ შემთხვევაში, კასატორების პრეტენზია მიემართება მათ სასარგებლოდ დაკისრებული კომპენსაციის ოდენობაზე, კერძოდ, კასატორები მიუთითებენ, რომ სასამართლომ კომპენსაციის ანაზღაურების ოდენობის დაკისრების დროს არ გაითვალისწინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ისე განსაზღვრა კომპენსაციის თანხა.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო პერიოდში, შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებული იყო „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე-38-ე მუხლებით (დღეს მოქმედი რედაქციის 47-48 მუხლები), რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცედურულ მხარეს.
15. დასაქმებულთა გათავისუფლების დროს მოქმედი სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით (რაც მოქმედი ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილია), სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითიხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
16. როგორც აღინიშნა, კასატორები სადავოდ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთჯერადი კომპენსაციის ოდენობას. საგულისხმოა, რომ შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. ამ მოცემულობაში, კომპენსაციის ოდენობა ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ხორციელდება. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულთა უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომით-სამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდეც განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, დასაქმების პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. სუსგ-ები Nას-792-2019, 18.02.2021წ.; №ას-146-2023, 11.04.2023წ. იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 272).
17. საკასაციო პალატის განმარტების თანახმად, კომპენსაცია გაიცემა სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, რომელიც, ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა გაცილებით მეტიც იყოს, ვიდრე სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში დამსაქმებლისათვის დაკისრებული იძულებითი განაცდური, რადგან ასეთ ვითარებაში ყოფილი დასაქმებულის ნაწილობრივი უფლებრივი რესტიტუცია ხდება, ამასთან, არა მხოლოდ კონკრეტული დამსაქმებლისათვის, არამედ ზოგადად შრომით ბაზარზე ერთგვარი „სანქციის“ სახესაც უნდა ატარებდეს დამსაქმებლისათვის დაკისრებული კომპენსაცია იმ კონტექსტში, რომ მომავალში არიდებულ იქნეს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის შემთხვევები (იხ. სუსგ-ები: N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1627-2019, 07.02.2020წ.).
18. საქმეზე დადგენილი გარემოებების და არსებული სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიანი ბალანსის აღდგენას გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში.
19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მხარეებს ხანგრძლივი შრომითი ურთიერთობა აკავშირებდათ; შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო განუსაზღვრელი ვადითა და ამ კონტექსტით, მოსარჩელეების თანამდებობიდან არამართლზომიერი გათავისუფლებით მიღებული მორალური წნეხის სიმძიმეს; მოსარჩელეების გათავისუფლებიდან დავის საბოლოო გადაწყვეტამდე განვლილ, ხანგრძლივ პერიოდს; საქართველოში შრომის ბაზარზე არსებულ მწვავე გამოწვევებს და, სამართლიან, გონივრულ და დასაბუთებულ კომპენსაციად მიაჩნია საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების, მ.გ–ძის შემთხვევაში (1250 X18) 22 500 ლარის, ხოლო ი.ბ–ის შემთხვევაში (1875X18) 33 750 ლარის განსაზღვრა.
20. მოსარჩელეები კომპენსაციასთან ერთად, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდნენ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული არ შეესაბამება დავის წარმოშობის მომენტში მოქმედ სშკ-ის ნორმებს იძულებითი განაცდურის და კომპენსაციის ერთად დაკისრების თაობაზე. მოქმედი შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილების (სშკ-ს 38.8-9 მუხლი: სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე) არსებულ დავაზე გავრცელებასთან მიმართებით კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია, აღნიშნული მიდგომა ეწინააღმდეგება სამართლის ზოგად პრინციპებს, მათ შორის წინააღმდეგობაში მოდის, შრომის კოდექსის ახალი რედაქციის დასკვნით დებულებებში არსებულ 86-ე მუხლთან, რომლის შესაბამისადაც კანონი ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა. კონკრეტულ შემთხვევაში კი, მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილია 2018 წლის წლის 3 სექტემბრიდან და 12 სექტემბრიდან, რაც გამორიცხავს 2020 წლის სექტემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილების გავრცელებას წინარე პერიოდზე.
21. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმეზე თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
10. პროცესის ხარჯები:
სსსკ-ის 53-ე მუხლის, პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. სსსკ-ის 55-ე მუხლის, პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, დაეკისრება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რაკი მოსარჩელე ი.ბ–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2700 ლარის ოდენობით; ხოლო მ.გ–ძის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 450 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ.გ–ძის და ი.ბ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს, მოპასუხისათვის მოსარჩელეების სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. მ.გ–ძის და ი.ბ–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მ.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს, კომპენსაციის სახით - 22 500 ლარის გადახდა;
5. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ი.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისროს, კომპენსაციის სახით - 33 750 ლარის გადახდა;
6. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
7. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მ.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 450 ლარის ოდენობით;
8. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2700 ლარის ოდენობით;
9. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი