Facebook Twitter

საქმე№ას-407-2025

28 აპრილი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ა.კ–ნი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა.ც–ძე“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის დაკისრება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით, ა.კ–ნის სასარჩელო მოთხოვნები: ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ა.ც–ძის“ 2023 წლის 21 ნოემბრის ზეპირსიტყვიერად გამოვლენილი ნება 2023 წლის 01 დეკემბრიდან ა.კ–ნთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; დაევალოს მოპასუხე შპს „ა.ც–ძეს“ აღადგინოს მოსარჩელე ა.კ–ნი კომპანიაში თავდაპირველ (კონსულტანტის) თანამდებობაზე და შპს „ა.ც–ძეს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად, დარიცხული შრომის ანაზღაურების - 1020.41 ლარის გადახდა 2023 წლის 01 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი შპს „ა.ც–ძის“ 2023 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება ა.კ–ნის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მოპასუხე შპს „ა.ც–ძეს“ მოსარჩელე ა.კ–ნის სასარგებლოდ დაეკისრა შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტის გამო, კომპენსაცია 1600 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები ოდენობა); მოპასუხე შპს „ა.ც–ძეს“ მოსარჩელე ა.კ–ნის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 1020.41 ლარის ოდენობით (დარიცხული ოდენობა), 2023 წლის 01 დეკემბრიდან - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა ა.კ–ნის მიერ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სადავო ნაწილში გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ა.კ–ნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მხოლოდ 1.2 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „ა.ც–ძეს“ ა.კ–ნის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია 3200 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები ოდენობა); დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება; აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში; შპს „ა.ც–ძეს“ სააპელაციო ეტაპზე საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება -128 ლარის ოდენობით; საქმეზე შეცვლილი შედეგის შესაბამისად, შეიცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისათვის შპს „ა.ც–ძეს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 363.35 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.კ–ნმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინებით, კასატორს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება და განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება, კასატორ ა.კ–ის წარმომადგენელს - ს.მ––ძეს (იხ.მინდობილობა/რწმუნებულება ს.ფ.182-185) ჩაბარდა 2025 წლის 01 აპრილს. (ს.ფ.271).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა.კ–ნის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია (იხ. სუსგ Nას-1305-2022 11.05.2023წ)

როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინებით, ა.კ–ნს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება. კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინება, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - თბილისი, ........., პირველი სადარბაზო, მე-3 სართული, ს.მ–ძეზე გადასაცემად ჩაბარდა იურისტ გ.ჯ–ვას, 2025 წლის 01 აპრილს. (იხ. ჩაბარების დასტური - ს.ფ.271), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 7 დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2025 წლის 02 აპრილს და ამოიწურა 2025 წლის 08 აპრილს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინებით განსაზღვრულ შვიდ დღიან ვადაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ (იხ. სუსგ Nას-840-2024 31.07.2024წ)

პალატა დამატებით მიუთითებს, რომ როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი და დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება.

საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).(იხ. სუსგ №ას-1597-2023 28.05.2024).

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით იმსჯელა მრავალ საქმეზე მათ შორის, საქმეებზე: კრეუცი პოლონეთის წინააღმდეგ (Kreuz v. Poland), იედამსკა და იედამსკი პოლონეთის წინააღმდეგ (Jedamski and Jedamska v. Poland) , გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Golder v. the United Kingdom), ბრუალა გომეს დე ლა ტორე ესპანეთის წინააღმდეგ (Brualla Gomez de la Torre v. Spain), ტოლსტოი-მილოსლავსკი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Tolstoy-Miloslavsky v. the United Kingdom) და ა. შ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფად.

მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს.

ასევე საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება Nას-1220-2018; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის განჩინება №ას-58-2024).

განსახილველ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქმეს არ ერთვის რაიმე მტკიცებულება, რაც დაასაბუთებდა კასატორისათვის სახელმწიფო ბაჟზე დადგენილი ხარვეზის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შევსების შეუძლებლობას, მძიმე მატერიალური მდგომარეობის ან სხვა ობიექტური გარემოების გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორის მიერ ხარვეზი არ გამოსწორებულა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე 372-ე, 396.3-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.კ–ნის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი