საქმე №ა-1937-შ-50-2025
8 მაისი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „უდ–ე“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ტ.ფ.ა.ი–ი“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე - უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე №368/2023)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე №368/2023) შპს „ტ.ფ.ა.ი–ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: ........, საქართველო, თბილისი ............, Tbilisi, Georgia) (შემდგომში - „მოწინააღმდეგე მხარე“) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „უდ–ეს“ (შედგომში - „შუამდგომლობის ავტორი“) სასარგებლოდ (საიდენტიფიკაციო კოდი: .........; მდებარეობა: უკრაინა, .........) დაეკისრა მიწოდებული საქონლის დავალიანების ანაზღაურება 359 691.89 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე, საარბიტრაჟო ხარჯების ანაზღაურება 9 915.07 აშშ დოლარის, საერთო ჯამში - 369 606.96 (სამას სამოცდაცხრა ათას ექვსასექვსი დოლარი და ოთხმოცდატექვსმენტი ცენტი) ანაზღაურება.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „უდ–ეს“ წარმომადგენელმა და მოითხოვა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე №368/2023) ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა. განმცხადებელმა ასევე მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის გამოთხოვა მოწინააღმდეგე მხარის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, მის ინტერესშია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოწინააღმდეგე მხარის სატრანსპორტო საშუალებებზე. განმცხადებლისვე მითითებით, მოწინააღმდეგე მხარე არ ფლობს არანაირ უძრავ ქონებას ან/და წილებს სხვა კომპანიაში, რის დასადასტურებლადაც წარმოდგენილი აქვს წერილები სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან. შუამდგომლობას ასევე ერთვის მიმართვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის - s@sa.gov.ge.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე №368/2023) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. ამავე თარიღის განჩინებით, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა შპს „ტ.ფ.ა.ი–ის“ (ს/ნ ........) სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათ სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია.
4. 2025 წლის 2 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს MIA 3 25 01297101 წერილით ეცნობა, რომ სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შპს „ტ.ფ.ა.ი–ის“ (ს/ნ ........) სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული.
5. ზემოაღნიშნული წერილი შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა და ჩაბარდა 2025 წლის 3 მაისს.
6. 2025 წლის 8 მაისს შუამდგომლობის ავტორმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედოს შპს „ტ.ფ.ა.ი–ის“ (ს/ნ: .......) სახელზე საქართველოში ლიცენზირებულ ყველა კომერციულ ბანკში არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის - 369,606.96 აშშ დოლარის (სამას სამოცდაცხრა ათას ექვსას ექვსი აშშ დოლარი და ოთხმოცდათექვსმეტი ცენტი) ფარგლებში.
7. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის დასასაბუთებლად შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ
7.1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება მოკლებულია, როგორც მატერიალურ, ისე პროცესუალურ უზრუნველყოფას და არსებობს საფრთხე, რომ გადაწყვეტილება დარჩეს აღუსრულებელი. მოპასუხე კომპანიას არ გააჩნია არც მოძრავი და არც უძრავი ქონება, ან სხვა რეგისტრირებადი აქტივი, რაზეც შესაძლებელი იქნება აღსრულების მიქცევა. შესაბამისად, ერთადერთი აქტივი, რაც მას შეიძლება გააჩნდეს, არის ფულადი თანხა საბანკო ანგარიშზე;
7.2. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება უკიდურესად გართულდება, ვინაიდან სახეზეა ალბათობა, რომ მხარე მარტივი ტრანზაქციებით გადარიცხავს თანხებს საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან და ფიზიკურად აღარ იარსებებს მოწინააღმდეგე მხარის სახელზე რიცხული აქტივები. მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედების ვარაუდის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ უკვე 2 წელიწადზე მეტია იგი არ პასუხობს განმცხადებლის გაგზავნილ წერილებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ანაზღაურების თაობაზე და ცდილობს აარიდოს თავი ვალდებულებას. ამავდროულად, უკვე 1 წელიწადზე მეტია რაც მოწინააღმდეგე მხარე უარს ამბობს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებაზე. შესაბამისად, როგორც კი მხარე გაიგებს საქართველოში მიმდინარე სააღსრულებო პროცესის შესახებ, ის აუცილებლად შეეცდება მოახდინოს საკუთარი ქონების გასხვისება, ვალდებულებისგან თავის დაღწევის მიზნით;
7.3. განმცადებელი ითხოვს საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებას მხოლოდ საარბიტრაჟო გადაწყვტილებით მიკუთვნებული ოდენობით. შესაბამისად, დაცულია პროპორციულობის პრინციპი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე №368/2023) აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე №368/2023) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულია განსახილველად.
10. „არბიტრაჟის შესახებ“ საქარტველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში, მიუხედავად საარბიტრაჟო განხილვის ადგილისა, სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი წესებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ ნორმებს.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამ ნორმით დადგენილი წესი გამოყენებულ უნდა იქნას ასევე უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად. სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებს ადგენს სსსკ-ის 191-ე მუხლი.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებით/ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დადგენილი პროცესუალური შედეგის საქართველოს სახელმწიფოს მიერ მარტოოდენ ცნობამ, შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში, აზრი დაკარგოს, თუკი მხარე, რომლის სასარგებლოდაც ეს გადაწყვეტილება გამოვიდა, საპროცესო უზრუნველყოფის ბერკეტის გარეშე აღმოჩნდება. შედეგად, ასეთი მხარის კანონიერი უფლებები და ინტერესები მნიშვნელოვნად დაზიანდება, რაც კანონმდებლის ინტერესს ეწინააღმდეგება.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო წარმოება საქართველოს ტერიტორიაზე იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ გადაწყვეტილებას ცნობს და აღსასრულებლად მიაქცევს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამისათვის კი კანონით დადგენილი პროცედურების დაცვაა საჭირო, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის წარმოებაში მიღებიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე შესაძლებელია, საჭირო გახდეს მითითებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, რაც სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლისა და ამავე კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად უნდა შესრულდეს.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
17. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. სუსგ №ას-939-2019, 15 ივლისი, 2019წ).
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან.
19. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
20. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება (სუსგ №ას-449-431-2016, 2016 წლის 7 ივლისი).
21. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარეს შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა მიწოდებული საქონლის დავალიანების 359 691.89 აშშ დოლარის, ასევე, საარბიტრაჟო ხარჯების 915.07 აშშ დოლარის, საერთო ჯამში - 369 606.96 (სამას სამოცდაცხრა ათას ექვსასექვსი დოლარი და ოთხმოცდატექვსმენტი ცენტი) აშშ დოლარის ანაზღაურება.
22. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მითითებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხაზე ყადაღის დადება გამოწვეულია გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საშიშროებით, კერძოდ, მოპასუხის საკუთრების უფლებით არ რეგისტრირდება რაიმე უძრავი, მოძრავი ქონება ან სხვა რეგისტრირებადი აქტივი, რომელზედაც შესაძლებელი იქნებოდა აღსრულების მიქცევა. აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში წარდგენილია წერილები სსიპ საჯარო რეესტრის მომსახურების სააგენტოდან და შსს მომსახურების სააგენტოდან.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა იმ კონკრეტული გარემოებების არსებობის თაობაზე, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ამართლებს ასევე შუამდგომლობის ავტორის ლეგიტიმური მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. გარდა ამისა, უზრუნვეყოფა მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხაზე ყადაღის დადებების თაობაზე, მოთხოვნილია სწორედ 369 606.96 აშშ დოლარის ფარგლებში.
24. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც (იხ. სუსგ საქმე №ა-3283-შ-79-2020, 18 სექტემბერი, 2020 წელი; საქმე №ა-1133-შ-29-2020, 6 ივლისი, 2020 წელი; საქმე №ა-704-შ-24-2019, 14 თებერვალი, 2019 წელი).
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე №368/2023) აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და ყადაღა დაედოს შპს „ტ.ფ.ა.ი–ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: .......) საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში საბანკო ანფარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს 369 606.96 (სამას სამოცდაცხრა ათას ექვსასექვსი დოლარი და ოთხმოცდატექვსმენტი ცენტი) აშშ დოლარის ფარგლებში, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო) და სახელფასო გასაცემლებისა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 271-ე, 191-ე, 193-ე, 198-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „უ–ეს“ განცხადება უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე №368/2023) აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ყადაღა დაედოს შპს „ტ.ფ.ა.ი–ის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: ........) სახელზე საქართველოში გახსნილ ყველა საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხებს 369 606.96 (სამას სამოცდაცხრა ათას ექვსასექვსი დოლარი და ოთხმოცდატექვსმენტი ცენტი) აშშ დოლარის ფარგლებში, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო) და სახელფასო გასაცემლებისა;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე