საქმე №ას-152-2024 27 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ტ...“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ტ...“-მა (შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორი) სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ აღძრული სარჩელით, მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა მოითხოვა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.12.2023წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელეს, მის საკუთრებად აღრიცხული №.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის, საჯარო გზასთან კავშირის მიზნით მიეცა უფლება ისარგებლოს (მოაწყოს) აუცილებელი გზით, მოპასუხის კუთვნილ №........ და №........ საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე გავლით, სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 22.06.2022წ. №004174322 დასკვნის №1 და №2 დანართის შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.12.2024წ. განჩინებით.
3. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.2078.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე, ქ. თბილისში, .......... (ს/კ N........), მოსარჩელის საკუთრებაა;
3.2.უძრავი ქონება: 7488.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე, ქ. თბილისში, ........... (ნაკვეთი 01/........); ქ. თბილისში, ........... მიმდებარედ; ქ.თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ფერდობი N2 ნაკვეთი 01/...); ქ. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ფერდობი N2 (ს/კ N.........) და 4060.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე, ქ. თბილისში, .......... სახელობის მარჯვენა სანაპირო N1-ში (ს/კ N..........), საკუთრების უფლებით ირიცხება მოპასუხის საკუთრების უფლებით; მოპასუხის საკუთრებაშია ასევე 18906.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე, ქ. თბილისში, ........ქუჩასა და მდ. მტკვრის სანაპიროს შორის ავტოგასამართი სადგურის მიმდებარედ (ს/კ N......... (ნაკვეთის წინა ნომერი N.........., N........., N........., N.........);
3.3.მოსარჩელემ წარმოადგინა სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.03.2022წ. N001694322 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტს გამოსაკვლევად დაესვა კითხვა: „წარმოადგენს თუ არა N........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილი N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელ ერთადერთ გზას და აღნიშნული გზის გარდა, არსებობს თუ არა ალტერნატიული მისასვლელი გზა მოსარჩელის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (N.......)? დასკვნის თანახმად, „რეგისტრირებული მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთი სრულად მოქცეულია N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთის ფარგლებში (დანართი N1), შესაბამისად იმისათვის რომ განხორციელდეს საჯარო გზასთან დაკავშირება ნებისმიერი შესაძლო ვარიანტით აუცილებელი იქნება N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე გავლა. ფაქტობრივი მდგომარეობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს მიერ შეთანხმებული სქემების მიხედვით, ოპტიმალურ ვარიანტს N........... ნაკვეთის დასაკავშირებლად საჯარო გზასთან წარმოადგენს ფაქტობრივი მდგომარეობით არსებული გზა (იხ. დანართი N2 და N3)“ (ტ. I, ს.ფ. 56-64);
3.4.თავის მხრივ, მოპასუხის მიერ წარმოდგენილია სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის 22.06.2022წ. N004174322 დასკვნა. ექსპერტს გამოსაკვლევად დაესვა კითხვა: - „შესაძლებელია თუ არა, მიწის ნაკვეთთან ს/კ ......... სატრანსპორტო მისასვლელი (კავშირის) განხორციელება წარმოდგენილი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთების ს/კ ......... და ს/კ ........... ნაწილობრივ გამოყენებით.“ დასკვნის მიხედვით: „ქ. თბილისში, .......... მდებარე N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დამაკავშირებელი მისასვლელი გზა ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია მოეწყოს წარმოდგენილი გზის მოწყობის დასრულებულ ვარიანტში მოცემული მიმართულების შესაბამისად (იხ. დანართი N1), მაგრამ აღნიშნული გზის პარამეტრების და დასაშვებობის განსაზღვრა არ შედის ინჟინერ-მშენებლის კონპეტენციაში. ზემოხსენებულ ვარიანტში მითითებული ორგასასვლელიანი (ასასვლელი და ჩამოსასვლელი) საავტომობილო გზა ფაქტობრივი მდგომარეობით უკვე არსებობს, ხოლო წრიული მოძრაობისათვის განკუთვნილი საავტომობილო გზისა და ერთგასასვლელიანი (მხოლოდ ასასვლელი) საავტომობილო გზის მოწყობის შემთხვევაში, საჭირო იქნება გზის მოწყობასთან დაკავშირებული რიგი სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება. სამუშაოები უნდა განხორციელდეს შესაბამისი კომპეტენციის მქონე საპროექტო ორგანიზაციის მიერ შედგენილი და სათანადოდ შეთანხმებული პროექტის შესაბამისად“(ტ. I, ს.ფ. 256-267);
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს აუცილებელი გზა არ გააჩნია.
5. აუცილებელი გზის მოწყობა შესაძლებელია მოპასუხის კუთვნილ №....... და №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე გავლით.
6. სააპელაციო სასამართლომ, აუცილებელი გზის დადგენის შესახებ, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის მითითება გაითვალისწინა. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 22.06.2022წ. №004174322 დასკვნის №1 და №2 დანართის შესაბამისად წარმოდგენილია ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის საჯარო გზასთან ჯეროვან კავშირს და არის მოპასუხის უფლების ნაკლებად მზღუდავი.
7. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის/აპელანტის პრეტენზია, რომ მოპასუხის მიერ შემოთავაზებული ვარიანტი არ ყოფილა გამოკვლეული და შესწავლილი, რამდენად წარმოადგენდა სრულფასოვან და ჯეროვან გზას.
8. მართალია, თავისი პოზიციის დასადასტურებლად აპელანტმა წარადგინა მტკიცებულება - სსიპ ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10.01.2024წ. N5000066724 დასკვნა, რომელზე დაყრდნობითაც მიუთითა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მიკუთვნებული გზა არ არის საკმარისი ჯეროვანი, სრულფასოვანი და სრულყოფილი გამოყენებისათვის - ვარგისი ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისათვის, თუმცა, ეს პრეტენზია სააპელაციო პალატამ იმ მოსაზრებით უკუაგდო, რომ მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებების წარდგენით სადავოდ არ გაუხდია, რომ მოპასუხის მიერ შემოთავაზებული ვარიანტი ვერ უზრუნველყოფდა მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელ კავშირს საჯარო გზებთან.
9. იმ მოცემულობაში, რომ აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენის საჭიროება წარმოადგენდა უდავო გარემოებას, სააპელაციო სასამართლომ, ის გარემოება გამოიკვლია მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული ვარიანტი იყო თუ არა ერთადერთი/უალტერნატივო მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად საჯარო გზებთან, ხოლო თუ სხვა ვარიანტის შესაძლებლობაც გამოიკვეთებოდა, მაშინ, რომელი ვარინტით იქნებოდა აუცილებელი გზის მოწყობა ოპტიმალური/მიზანშეწონილი/საუკეთესო.
10. საკვლევი საკითხი, სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 162-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების საშუალებით შეაფასა და სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში ექსპერტი ოპტიმალურად აფასებდა საკვლევ საკითხს - სხვა ვარიანტების არსებობასაც უშვებდა, ხოლო მოპასუხის დასკვნა, უთითებდა სწორედ მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული ვარიანტის ალტერნატიულ გზაზე. ამასთან, მოსარჩელეს, პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნა, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით სადავოდ არ გაუხდია, იმ ჭრილში, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნაში დადგენილი გზის ვარიანტი ვერ უზრუნველყოფდა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის ჯეროვან კავშირს საჯარო გზასთან - არ გამოდგებოდა სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისათვის.
11. სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო მოპასუხის მითითება, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, რომლის აუცილებელი გზის სახით სარგებლობაში გადაცემას ითხოვდა მოსარჩელე (1900 კვ.მ), დაგეგმილია შემდეგი სამშენებლო განვითარება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელის მოთხოვნა 1900კვ.მ. ე.წ. აუცილებელი გზის სახით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე დაკმაყოფილდება, აღნიშნული გამოიწვევს სამშენებლო ფართის დაახლოებით 10%-ით შემცირებას და შესაბამისად, მოპასუხეს შეეზღუდება 2650.4 კვ.მ. ფართის აშენება.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის/აპელანტის მიერ.
13. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელით მოთხოვნილი აუცილებელი გზის დადგენას.
13.1. კასატორი აღნიშნავს, რომ მას აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება უნდა მიეცეს 18.03.2022წ. N001694322 დასკვნის შესაბამისად. სარჩელში მოთხოვნილი გზა იყო სრულფასოვანი და სრულყოფილი მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის და ვარგისი ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილებისათვის. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს ისეთი გზა მიეკუთვნა, რომელიც არ არის ვარგისი ჯეროვანი გამოყენებისთვის და არ მიიჩნევა სრულფასოვან გზად. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებდა, რომ მოპასუხის მიერ შემოთავაზებული გზა უზრუნველყოფდა მოსარჩელის მიწის ნაკვეთის დანიშნულებისამებრ გამოყენებას.
13.2. იმ მოცემულობაში, როდესაც ორივე მხარემ განსხვავებული ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგინა, სასამართლოს ვალდებულება იყო დაენიშნა განმეორებითი ექსპერტიზა, რამდენადაც ექსპერტიზის დასკვნა მნიშვნელოვანი იყო ფაქტობრივი გარემოების - აუცილებელი გზის უფლების დადგენისათვის.
13.3. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ უგულვებელყო საქმეზე არსებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. ფაქტობრივი გზა წარმოადგენდა საჯარო გზას; 2. მუნიციპალიტეტმა, მოსარჩელეს თავისი კანონიერი მშენებლობის განსახორციელებლად სწორედ ამ გზით სარგებლობის ნებართვა მისცა, რადგან ეს გზა ყველა სტანდარტს აკმაყოფილებდა და ვარგისი იყო ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებებისათვის; 3. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად ფაქტობრივი მდგომარეობის და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს მიერ შეთანხმებული სქემების მიხედვით ოპტიმალურ ვარიანტს ფაქტობრივი მდგომარეობით არსებული გზა წარმოადგენდა. 4. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ საექსპერტო კვლევაში კითხვა დასმულია შემდეგი სახით: - „შესაძლებელია თუ არა, მიწის ნაკვეთთან ს/კ ........ სატრანსპორტო მისასვლელი (კავშირის) განხორციელება წარმოდგენილი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთების ს/კ ......... და ს/კ ....... ნაწილობრივ გამოყენებით?“ რომელ კითხვასაც, ექსპერტმა უპასუხა: „ქ. თბილისში, .......... მდებარე N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დამაკავშირებელი მისასვლელი გზა ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია მოეწყოს წარმოდგენილი გზის მოწყობის დასრულებულ ვარიანტში მოცემული მიმართულების შესაბამისად (იხ. დანართი N1), მაგრამ აღნიშნული გზის პარამეტრების და დასაშვებობის განსაზღვრა არ შედის ინჟინერ-მშენებლის კონპეტენციაში. ზემოხსენებულ ვარიანტში მითითებული ორგასასვლელიანი (ასასვლელი და ჩამოსასვლელი) საავტომობილო გზა ფაქტობრივი მდგომარეობით უკვე არსებობს, ხოლო წრიული მოძრაობისათვის განკუთვნილი საავტომობილო გზისა და ერთგასასვლელიანი (მხოლოდ ასასვლელი) საავტომობილო გზის მოწყობის შემთხვევაში, საჭირო იქნება გზის მოწყობასთან დაკავშირებული რიგი სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება. სამუშაოები უნდა განხორციელდეს შესაბამისი კომპეტენციის მქონე საპროექტო ორგანიზაციის მიერ შედგენილი და სათანადოდ შეთანხმებული პროექტის შესაბამისად.“ პრაქტიკულად, სასამართლომ, თავისი გადაწყვეტილება იმ ექსპერტიზის დასკვნას დააფუძნა, რომელშიც ექსპერტი უთითებს, რომ: „მისასვლელი გზა ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია მოეწყოს“, თუმცა, კასატორი სასამართლოს ყურადღებას იმ გარემოებაზე მიაქცევს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სატრანსპორტო სქემის შეთანხმება ბევრ ადგილზეა შესაძლებელი, მთავარი სადავო საკითხი კი ისაა, წარმოადგენს თუ არა ექსპერტის მიერ მითითებული (მოპასუხისთვის უფრო მისაღები ვარიანტი) გზა, ჯეროვანი სარგებლობისთვის სრულყოფილ გზას.
13.4. კასატორი ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს 17.10.2024წ. საოქმო განჩინებას საქმისთვის მტკიცებულების სახით 10.01.2024წ. ექსპერტიზის დასკვნის დართვაზე უარის თქმის შესახებ. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ დაუდგენია მის მიერ დადგენილი გზა უზრუნველყოფდა თუ არა ჯეროვან კავშირს საჯარო გზასთან, სწორედ ამ მიზნით წარადგინა მოსარჩელემ ახალი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ის გზა, რომელიც სასამართლომ მიაკუთვნა მოსარჩელეს არ არის სრულყოფილი ჯეროვანი სარგებლობისთვის - ამ გზით სარგებლობას ვერ შეძლებს სახანძრო, სასწრაფო და სამშენებლო ტექნიკა-ავტომანქანები და იგი ვარგისია მხოლოდ მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილებისათვის.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2025 წლის 04 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
17. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს.
18. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია მოსარჩელისთვის აუცილებელი გზის დადგენის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება.
19. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს ისეთი გზა მიაკუთვნა, რომელიც არ ჩაითვლება ჯეროვანი გამოყენებისთვის ვარგის, სრულფასოვან გზად. ამ გზით სარგებლობას ვერ შეძლებს სახანძრო, სასწრაფო და სამშენებლო ტექნიკა-ავტომანქანები და იგი ვარგისია მხოლოდ მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილებისათვის. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გარდა, სხვა გარემოებები არ გამოუკვლევიათ - საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ მოპასუხის მიერ შემოთავაზებული გზა უზრუნველყოფს მოსარჩელის მიწის ნაკვეთის დანიშნულებისამებრ გამოყენებას. კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას, საკასაციო პალატა, ნაწილობრივ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას.
21. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.
22. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში. სამართალში დამკვიდრებულია „jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი) პრინციპი, რომლის შესაბამისად, მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომელიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს.
23. მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და სასურველია მათი აღრევა თავიდან იქნეს აცილებული. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38, 42).
24. მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა.
25. მოთხოვნის საფუძვლის ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
26. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა რა აუცილებელი გზის უფლების დადგენა, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 180.1 მუხლი (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად) წარმოადგენს.
27. სსკ-ის 180.1 მუხლით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ, ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ.
28. სსკ-ის 180-ე მუხლის გამოყენებისათვის საჭიროა ობიექტური გარემოებების არსებობა, რაც წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. ეს კი ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გულისხმობს, ანუ - თუ არსებობს ობიექტური გარემოება, როგორიცაა - სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება. ამასთან, ვინაიდან აუცილებელი გზის დადგენა მეზობელი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მნიშვნელოვან ჩარევას იწვევს, აუცილებელი კავშირი მკაცრი კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს (იხ., ზარანდია თ., სანივთო სამართალი, მეორე შევსებული გამოცემა, თბილისი, 2019, 279, 280).
29. აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება - ესაა კანონით დადგენილი საკუთრების უფლების შეზღუდვა (ე. წ. “servitus necessaria“ - „აუცილებელი გზის სერვიტუტი“) და წარმოიშობა მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც არის ცალმხრივი აღმჭურველი ნების გამოვლენა (იხ., თოთლაძე ლ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი, 2018წ., მუხ.180, ველი 1).
30. უდავოა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ N....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს აუცილებელი გზა არ გააჩნია.
31. ის გარემოება, რომ აუცილებელი გზის მოწყობა შესაძლებელია მოპასუხის კუთვნილ №..... და №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე გავლით, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია (იხ., ამ განჩინების პპ: 4,5).
32. მხარეთა შორის სადავოა საკითხი, თუ საჯარო გზასთან მისასვლელი რომელი გზის დადგენა იქნება სრულფასოვანი და ამავდროულად, მოპასუხის საკუთრების უფლების ნაკლებად მზღუდავი.
33. სადავო შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ, აუცილებელი გზით სარგებლობის საკითხი მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 22.06.2022წ. №004174322 დასკვნის №1 და №2 დანართების შესაბამისად დაადგინა. სასამართლომ ეს გზა ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად მიიჩნია, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის საჯარო გზასთან ჯეროვან კავშირს და არის მოპასუხის უფლების ნაკლებად მზღუდავი (იხ., ამ განჩინების პ.6). აუცილებელი გზის დადგენის ამ ვარიანტს, კასატორი არ ეთანხმება, რადგან მიაჩნია, რომ მისთვის მიკუთვნებული (დადგენილი) გზა არ ჩაითვლება ჯეროვანი გამოყენებისთვის ვარგის, სრულფასოვან გზად - ამ გზით სარგებლობას ვერ შეძლებს სახანძრო, სასწრაფო და სამშენებლო ტექნიკა-ავტომანქანები და იგი ვარგისია მხოლოდ მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილებისათვის, რაც სააპელაციო პალატას არ გამოუკვლევია.
34. კასატორის შედავების საფუძვლიანობის გამოსარკვევად საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მატერიალური სამართლით - სსკ-ის 180.1 მუხლი - გათვალისწინებულ წინაპირობათა არსებობა კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით სარწმუნოდ უნდა იქნეს დადგენილი. აუცილებელი გზის უფლების თაობაზე სარჩელი ფორმალურად გამართულია, თუკი მოსარჩელე მიუთითებს ნორმით განსაზღვრულ ყველა წინაპირობაზე: ის უნდა წარმოადგენდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს; მიწის ნაკვეთს არ უნდა გააჩნდეს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან; მეზობელი ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ნივთის ფაქტობრივი მდებარეობითა და ფუნქციური დანიშნულებისამებრ გამოყენებით; მეზობელი მიწის ნაკვეთი უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი პროპორციული საშუალება. იმის მიხედვით, თუ ზემოჩამოთვლილთაგან რომელ ფაქტებს შეედავება მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე, განისაზღვრება მტკიცების საგანი (სადავო ფაქტები) და შედავებათა პროცესუალური ხასიათიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი.
35. რაც შეეხება დასაშვებ მტკიცებულებას, პრაქტიკაში, აუცილებელი გზის დასაბუთება სხვადასხვა მტკიცებულებებით, მათ შორის, საექსპერტო დასკვნით, სასამართლოს მიერ ადგილზე დათვალიერების შედეგად გამოვლენილი ფაქტობრივი მოცემულობებითაა შესაძლებელი (შდრ: სუსგ №ას-36-2024, 05.07.2024წ. პპ: 5.2, 5.3,19).
36. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, ეს მტკიცებულების სახეა, რომელიც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. იმის მიხედვით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებაა დასადგენი. თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს. ერთი მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე. კერძო დავებზე წარმატების მისაღწევად მხარეებმა ჯეროვნად უნდა განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, რაც დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და მათი რელევანტური მტკიცებულებებით დამტკიცების ტვირთის რეალიზებაში მდგომარეობს. ამ უფლებით თანაბრად სარგებლობს როგორც მოსარჩელე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება), ასევე, მოპასუხე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება)“ (იხ., გაგუა ი., „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020წ., 97-122, რედ-ები: ძლიერიშვილი ზ., კვანტალიანი ნ.).
37. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მისი მტკიცების საპროცესო ვალდებულების შესრულების პირობებში (იხ., ამ განჩინების პ.3.3) წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცების საპროცესო საშუალების წარმოდგენის ვალდებულებამ, მოპასუხის მხარეზე გადაინაცვლა (სუსგ-ები №ას-1291-1211-2017, 15.12.2017წ.; №ას-569-2024, 8.11.2024წ.). მოპასუხემ წარმოადგინა სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის 22.06.2022წ. N004174322 დასკვნა, რომელშიც ექსპერტმა პასუხი გასცა კითხვას: - „შესაძლებელია თუ არა, მიწის ნაკვეთთან ს/კ ....... სატრანსპორტო მისასვლელი (კავშირის) განხორციელება წარმოდგენილი ნახაზის შესაბამისად, მიწის ნაკვეთების ს/კ ........ და ს/კ ......... ნაწილობრივ გამოყენებით“.
38. როგორც ირკვევა ექსპერტიზის წინაშე კითხვა იმგვარადაა დასმული, რომ აუცილებელი გზა N........ და N........ საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ნაწილობრივი გამოყენებით იქნას შერჩეული, და ამასთან ვარგისი იყოს სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისათვის, თუმცა, საკითხი იმის შესახებ, სარჩელში მითითებული გარემოებების შესაბამისად კონკრეტულ ფაქტობრივ მოცემულობაში, შერჩეული გზა იქნება თუ არა სრულფასოვანი მოსარჩელის მიწის ნაკვეთის გამოყენებისათვის, ამ დასკვნით არ იკვეთება. მით უმეტეს, როგორც ეს სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, მოსარჩელე აუცილებელი გზის დადგენის შესახებ მოთხოვნას იმ გარემოებებზე აფუძნებს, რომ მას თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 25 მაისის №5418669 ბრძანებით ქალაქ თბილისში, ........, მდებარე კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ......) რესტორნის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მიეცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვის ვადად მითითებულია - 21.11.2022წ. (იხ., სარჩელის ფაქტობრივი გარემოება).
39. გასაჩივრებული განჩინების პ.6.6.1-ში, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის სამტკიცებელი გარემოება პირველი ინსტანციის სასამართლოში ის იყო, რომ აუცილებელი გზა, მისი მოთხოვნილი ვარიანტით, წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელ კავშირს საჯარო გზებთან, ხოლო მოპასუხის მიერ შემოთავაზებული ვარიანტი, ვერ უზრუნველყოფდა მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელ კავშირს საჯარო გზებთან, რასაც მოსარჩელემ კონკრეტული მტკიცებულების წარდგენით თავი ვერ გაართვა (იხ., სააპელაციო სასამართლოს განჩინება - ტ.4 ს.ფ. 141).
40. ზემომითითებული მსჯელობის საწინააღმდეგოდ, საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელემ, თავისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში წარმოადგინა სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.03.2022წ. N001694322 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც ექსპერტი ადგენს, რომ ფაქტობრივი მდგომარეობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს მიერ შეთანხმებული სქემების მიხედვით, ოპტიმალურ ვარიანტს N..... ნაკვეთის დასაკავშირებლად საჯარო გზასთან წარმოადგენს ფაქტობრივი მდგომარეობით არსებული გზა (იხ. დანართები N2 და N3)“, ხოლო გარემოება თუ, რა მიზნით სჭირდებოდა მოსარჩელეს აუცილებელი გზა სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობდა. გარდა ამისა, სასამართლო პრაქტიკაში განმარტებულია, რომ საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან უნდა გამომდინარეობდეს, რა იქნება თითოეულ სადავო შემთხვევაში, სრულფასოვანი გზა. საჯარო გზებთან ჯეროვანი კავშირის ცნებაზე, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „აუცილებელ გზაში იგულისხმება არა მარტო ბილიკი, საცალფეხო გზა, არამედ სამანქანე გზაც“ (იხ., სუსგ №ას-144-486-07, 26.07.2007წ.; აგრეთვე: სუსგ №ას-70-68-2014, 6.04. 2015წ.).
41. მხედველობაშია მისაღები უშუალოდ სსკ-ის 180-ე მუხლის დანაწესი, რომელიც „ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელ კავშირს“ გულისხმობს. ეს კი ნიშნავს, რომ აუცილებელმა გზამ უნდა უზრუნველყოს, სულ მცირე, მიწის ნაკვეთის დანიშნულებისამებრ გამოყენება. ცხადია, აუცილებელი გზა იმგვარად უნდა დადგინდეს, რომ ორივე მხარის უფლებები იყოს დაცული და მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შესაძლებლობა ყველაზე ნაკლებად შეზღუდოს, თუმცა, ეს გზა უნდა იყოს გამოსადეგი მიზნისთვის.
42. სასამართლო პრაქტიკაში განმარტებულია, რომ აუცილებელი გზა გულისხმობს, მიწის ნაკვეთთან ჯეროვან მისასვლელს, რომელიც, სულ მცირე, უზრუნველყოფს ნაკვეთის დანიშნულებისამებრ გამოყენებას, ასევე გადაუდებელი დახმარების სამსახურების დანიშნულების ადგილამდე მიღწევას (იხ., სუსგ №ას-6-6-2012, 23.03.2012წ).
43. განსახილველ შემთხვევაში, გაურკვეველია, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გზა უზრუნველყოფს თუ არა ჯეროვან კავშირს. მით უმეტეს, სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ, მოსარჩელეს თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 25.05.2021წ. №5418669 ბრძანებით ქალაქ თბილისში, ........, მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ........) რესტორნის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მიეცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვის ვადად მითითებულია - 21.11.2022წ. (იხ., სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები).
44. ამდენად, მოცემულ საქმეში იქმნება იმგვარი ფაქტობრივი მოცემულობა, რომ ორივე მხარემ წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლებშიც მითითებული პარამეტრები, სავალდებულო გზის დადგენის შესახებ, განსხვავებულია. მოპასუხე მიიჩნევს, რომ მის მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით შემოთავაზებული გზა ნაკლებად შეზღუდავს მოპასუხის საკუთრების უფლებას, ხოლო მოსარჩელე, სარჩელის მოთხოვნას იმ გარემოებას აფუძნებს, რომ მას სჭირდება აუცილებელი გზა კონკრეტული მიზნის რეალიზებისთვის (იხ., ამ განჩინების პ.37).
45. სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. იმ მოცემულობაში, რომ განსახილველ საქმეზე რამდენიმე ექსპერტიზაა ჩატარებული. ორივე საექსპერტო დასკვნა აუცილებელი გზის დადგენის სხვადასხვა ვარიატს განიხილავს. მათი მტკიცებულებითი ძალის შესაფასებლად ყურადღებაა გასამახვილებელი დასკვნათა შინაარსობრივ მხარესა და უშუალოდ მხარეთა ახსნა-განმარტებებზე.
46. ამასთან, მხედველობაშია მისაღები კასატორის პრეტენზია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს სრულყოფილად არ შეუსწავლიათ რამდენად უზრუნველყოფდა მოპასუხის მიერ წარმოდგენილ 22.06.2022წ. N004174322 დასკვნაში მითითებული პარამეტრებით დადგენილი გზა, აუცილებელი გზის ფუნქციას. ხაზგასასმელია ისიც, რომ არც 22.06.2022წ. N004174322 დასკვნის ექსპერტისთვის არაა მსგავსი შინაარსის კითხვა დასმული. ხოლო როგორც ეს საქმის მასალებით ირკვევა შესაძლებელია ადგილზე მოეწყოს სხვადასხვა პარამეტრების გზა.
47. ამ ფაქტობრივ მოცემულობაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს დამაჯერებელ მსჯელობას, ხოლო სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ არ გამოუკვლევია 22.06.2022წ. N004174322 დასკვნით შემოთავაზებული გზის მოწყობა უზრუნველყოფს თუ არა სრულფასოვან კავშირს. შესაბამისად, არ იკვეთება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 22.06.2022წ. N004174322 ექსპერტიზის დასკვნით შემოთავაზებული პარამეტრებით აუცილებელი გზის უალტერნატივოდ გაზიარების მართლზომიერება.
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულად დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ N.... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის მოწყობა შესაძლებელია მოპასუხის კუთვნილ №....... და №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე გავლით, სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 22.06.2022წ. №004174322 დასკვნის №1 და №2 დანართების შესაბამისად, როგორც ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის საჯარო გზასთან ჯეროვან კავშირს და არის მოპასუხის უფლების ნაკლებად მზღუდავი ვარიანტი.
49. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარმოადგინა დასაბუთებული შედავება (სსსკ-ის 393.3 მუხლი), რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
50. საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, თვითონ მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება. სსკ-ს 394-ე მუხლის „ე” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება არ არის შესაძლებელი.
51. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ, საქმის ხელახლა განხილვისას სათანადოდ უნდა გამოიკვლიოს ფაქტობრივი გარემოებები და სრულყოფილად შეაფასოს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და მტკიცებულებები. ყველა მტკიცებულების შეფასების გზით უნდა გამოარკვიოს რომელი გზა უზრუნველყოფს ჯეროვან კავშირს ექსპერტიზის დასკვნით შეთავაზებული ვარიანტების გათვალისწინებით. დამატებით ფაქტობრივ გარემოებათა გამოკვლევისათვის კი, იხელმძღვანელოს სსსკ-ით გათვალისწინებული წესით და ამ გარემოებების შესაბამისად გადაწყვიტოს სარჩელის საფუძვლიანობა.
52. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რომელმაც საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებაში მოცემული მსჯელობების შესაბამისად უნდა გამოიკვლიოს სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
53. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ასევე ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს 17.10.2024წ. საოქმო განჩინებას საქმისთვის მტკიცებულების სახით 10.01.2024წ. ექსპერტიზის დასკვნის დართვაზე უარის თქმის შესახებ. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ დაუდგენია, გარემოება მასზე დადგენილი გზა უზრუნველყოფდა თუ არა ჯეროვან კავშირს საჯარო გზასთან. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა აპელანტის მხრიდან ახალი მტკიცებულების წარდგენა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, კასატორმა, სსსკ-ის 380-ე, 219-ე, 215-ე მუხლების საფუძველზე, ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია გასაჩივრებული საოქმო განჩინების წინააღმდეგ (იხ.,სუსგ №ას-123-123-2018, 9.11. 2018წ. პ-1.3.1).
54. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ტ...“-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 დეკემბრის განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე