საქმე №ას-308-2025 23 მაისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქოსაქმეთაპალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
გოჩა ჯეირანაშვილი (მომხსენებელი), ლაშა ქოჩიაშვილი,
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი/კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ქ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.12.2024წ. გადაწყვეტილება; ამავე სასამართლოს 05.02.2025წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის/კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა; გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების თაობაზე 05.02.2025წ. განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ასევე, ამავე განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შეჩერება
დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა/კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.12.2024წ. გადაწყვეტილბით თ.ქ–ძის (შემდეგში: დასაქმებული ან მოსარჩელე ან აპელანტი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 19.04.2024წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდეგში - დამსაქმებელი ან სააგენტო ან მოპასუხე ან კასატორი) 12.02.2021წ. N04-33/კ ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მოსარჩელე აღდგენილ იქნა სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალის უფროსის თანამდებობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდური ხელფასი 16.02.2021წ. – 2022წ. იანვრამდე, ყოველთვიურად 1472 ლარი ხელზე ასაღები, სულ-14720 ლარი; 2022წ. იანვრიდან-დეკემბრამდე, ყოველთვიურად ხელზე ასაღები 2112 ლარი, სულ 25 344 ლარი; 2023წ. იანვრიდან-აღდგენის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ყოველთვიურად 2323 ლარი (ხელზე ასაღები).
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.მოსარჩელე, მუშაობდა მოპასუხე სააგენტოში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო 03.01.2014წ. დაინიშნა სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალის უფროსად;
2.2.სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალის უფროსის ხელფასი 16.02.2021წ.-დან 2022წ. იანვრამდე, ყოველთვიურად, 1472 (ხელზე ასაღები) ლარს შეადგენდა; 2022წ. იანვრიდან-დეკემბრამდე, ყოველთვიურად, - 2112 (ხელზე ასაღები) ლარს, ხოლო 2023წ. იანვრიდან, ყოველთვიურად - 2323 (ხელზე ასაღები) ლარს;
2.3.სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალის დებულების პირველი მუხლით განისაზღვრა სააგენტოს ა/რ ფილიალის სტატუსი, უფლებამოსილება, ანგარიშვალდებულება და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები (შემდეგში- სააგენტოს დებულება);
2.4.დებულების თანახმად, ფილიალი წარმოადგენს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს. მისი საქმიანობის მიზანია აჭარის ა/რ სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირება, სოციალური დახმარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და ხელშეწყობა, აგრეთვე, მოქმედი კანონმდებლობით სააგენტოზე დაკისრებული სხვა უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებების გატარება (2.1 მუხ.);
2.5.ფილიალს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი (4.1 მუხ.);
2.6. ფილიალის უფროსი:
2.6.1. პასუხისმგებელია ფილიალზე დაკისრებული ამოცანების, ფუნქციებისა და დავალებების ჯეროვან შესრულებაზე;
2.6.2. წარმართავს და ხელმძღვანელობს ფილიალის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
2.6.3. ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს ფილიალისა და ფილიალის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე რაიონულ (საქალაქო) განყოფილებების თანამშრომლებს შორის, ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას მათ საქმიანობაზე და დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე;
2.6.4. დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
2.6.5. სააგენტოსთან შეთანხმებით გეგმავს და ახორციელებს პერიოდულ კონტროლს დაქვემდებარებული ტერიტორიული ერთეულების საქმიანობაზე, წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას სააგენტოს ხელმძღვანელობას;
2.6.6. ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ფილიალისა და ფილიალის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სოციალური მომსახურების ცენტრებსა და რაიონულ განყოფილებების საქმიანობაზე და მათზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე;
2.6.7. სააგენტოს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ფილიალისა და ფილიალის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სოციალური მომსახურების ცენტრებსა და რაიონული განყოფილებების საკადრო რესურსების, მუშაობის ორგანიზების, თანამშრომლების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
2.6.8. დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, სააგენტოს ცენტრალურ აპარატში პერიოდულად წარადგენს ინფორმაციას ფილიალისა და მის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სააგენტოს სოციალური მომსახურების ცენტრებისა და რაიონული განყოფილებების მიერ გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით (4.3 მუხ.);
2.7.ფილიალის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სააგენტოს საშტატო განრიგით. ფილიალის თანამშრომლებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი. ფილიალის თანამშრომლები ასრულებენ ამ დებულებით, მოქმედი კანონმდებლობით და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის ფუნქციებს და მათი განხორციელებისას ემორჩილებიან ფილიალის უფროსს და ფილიალის უფროსის მოადგილეს (5 მუხ.);
2.8.21.07.2016წ. მოსარჩელემ სააგენტოს წერილი მისწერა, რომლითაც აცნობა, რომ 05.01.2016წ. ბრძანებით, ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულება, თავის ძირითად საქმიანობასთან ერთად, დავალებული ჰქონდა, ფილიალის მთავარ სპეციალისტ რ.ა–ძეს. სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო აღნიშნულ თანამდებობებზე ერთი თანამშრომლის მიერ მოვალეობის შესრულება. შესაბამისად, ითხოვდა სასწრაფოდ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას (ტ.1, ს.ფ.302);
2.9.20.12.2017წ. წერილით მოსარჩელემ შეატყობინა სააგენტოს, რომ ფილიალსა და რაიონულ განყოფილებაში ხანგრძლივად ვაკანტური იყო თანამდებობები, რომლებიც სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა სამსახურს გამართულ მუშაობაში. შესაბამისად, ითხოვა შემდეგ ვაკანსიებზე კონკურსის დროულად გამოცხადება: ქობულეთის რაიონული განყოფილების უფროსი, ქედის რაიონული განყოფილების უფროსი, შუახევის რაიონული განყოფილების უფროსი, შუახევის რაიონულ განყოფილებაში მთავარი სპეციალისტი (იურისტი), ხულოს რაიონულ განყოფილებაში მთავარი სპეციალისტი (იურისტი), აჭარის ა/რ ფილიალში უფროსი სპეციალისტი, აჭარის ა/რ ფილიალში შტატგარეშე თანამშრომლის ხელშეწყობითი დასაქმების სპეციალისტი (ტ.1,ს.ფ.303). წერილის პასუხად, მოსარჩელეს ეცნობა, რომ აღნიშნულ ვაკანსიებზე არაერთგზის გამოცხადებული კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა, რის გამოც 2018წ. ვაკანტურ თანამდებობებზე საჯარო კონკურსი გამოცხადდებოდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით (ტ.1, ს.ფ.304);
2.10. 27.06.2018წ. მოსარჩელემ სააგენტოს კვლავ მისწერა წერილი შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების თხოვნით, კერძოდ: აჭარის ა/რ ფილიალის უფროსი სპეციალისტი (მიმართულება - სოციალური რეაბილიტაციის დამხმარე საშუალებები); ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მთავარი სპეციალისტი (მიმართულება - საპენსიო); ქობულეთის რაიონული განყოფილების სპეციალისტი (მიმართულება - საპენსიო) (ტ.1, ს.ფ. 305);
2.11. 24.09.2018წ. ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების უფროსმა წერილი მისწერა მოსარჩელეს და აცნობა, რომ ხელვაჩაურის რაიონულ განყოფილებაში ვაკანტური იყო მთავარი სპეციალისტის, უფროსი სოციალური აგენტის და სოციალური აგენტის თანამდებობები. აღნიშნულ სამუშაოს ასრულებდნენ შეთავსებით სხვა თანამშრომლები, თუმცა სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე, უჭირდათ მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება. ამის გამო, ითხოვდნენ ვაკანტური თანამდებობების შევსებას (ტ.1, ს.ფ. 306);
2.12. 13.12.2018წ. მოსარჩელემ წერილი მისწერა სააგენტოს და მოსთხოვა ხელვაჩაურის რაიონულ განყოფილებაში ვაკანტურ თანამდებობებზე მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა. ამასთან, ეს თანამდებობები (იურისტი) ასევე ვაკანტური იყო ხულოსა და შუახევის რაიონულ განყოფილებებში. წერილის პასუხად მოსარჩელეს ეცნობა, რომ სააგენტოში ვაკანტურ საშტატო ერთეულზე დასაქმება ხორციელდება, მხოლოდ საჯარო კონკურსის გზით (ტ.1, ს.ფ. 307, 323);
2.13. სააგენტოს 30.01.2020წ. ბრძანებით, სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალის მძღოლს შეუწყდა შრომითი ურთიერთობა 31.01.2020წ. რაზედაც უმაყოფილება გამოთქვა მოსარჩელემ 12.02.2020წ. წერილში და მიუთითა, რომ მძღოლის გარეშე მუშაობამ მათ უკვე შეუქმნა პრობლემები (ტ.1, ს.ფ. 308, 309);
2.14. საქმეში განთავსებული საშტატო ნუსხის თანახმად, 2016-2020წწ.-ში აჭარის ა/რ ფილიალში ფაქტობრივად არსებული თანამდებობებიდან, ვაკანტური იყო 2016წ.-39%, 2017წ.-80%, 2018წ.-56%, 2019წ.-53%, 2020წ.-59% (ტ.3.ს.ფ.432-436);
2.15. სააგენტოს უფროსის 12.02.2021წ. N04-33/კ ბრძანებით, მოსარჩელე გათავისუფლდა სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის უფროსის თანამდებობიდან, სამსახურებრივი ვალდებულების უხეში დარღვევის გამო (ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 47.1.„ზ“ მუხლი).
2.16. მოსარჩელის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო სპეციალური კომისიის მიერ, აჭარის ა/რ ფილიალისა და მასში შემავალი რაიონული განყოფილებებში, 01.02.2016წ. – 01.02.2020წ. პერიოდზე გაწეული სამუშაოს შემოწმების შედეგად გამოვლენილი შემდეგი ფაქტები/დარღვევები:
2.17. სახელმწიფო გასაცემლების დანიშვნა - ცვლილებების, შეჩერების, აღდგენის და შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძვლიანობის შერჩევითი შესწავლა:
2.18. ბათუმის მომსახურების ცენტრი: სახელმწიფო გასაცემლის 1329 საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა დარღვევები, მათ შორის, ბენეფიციარების მხრიდან საჯარო საქმიანობის დამალვის გზით 6 შემთხვევაში 7590 ლარის ზედმეტად გაცემა, საიდანაც ბიუჯეტში აღდგენილი იყო 370 ლარი, აღსადგენი იყო 3011 ლარი, ხოლო საქართველოს მთავრობის 22.12.2016წ. N198 კანონის შესაბამისად, 4209 ლარი ლეგალიზებულად ჩაითვალა და დაბრუნებას აღარ დაექვემდებარა;
2.19. ქობულეთის რაიონული განყოფილება: სახელმწიფო გასაცემლის 520 საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა დარღვევები, მათ შორის, 12 შემთხვევაში ზედმეტად 6486 ლარის გაცემა, აქედან სახელმწიფო კომპენსაცია იყო 1280 ლარი და პენსია-სოც.პაკეტი 5206 ლარი, საიდანაც, 22.12.2016წ. N198 კანონის შესაბამისად, ლეგალიზებული იყო 3100 ლარი, ხოლო ბიუჯეტში აღსადგენი იყო 3386 ლარი;
2.20. ქედის რაიონული განყოფილება: სახელმწიფო გასაცემლის 481 საქმის შესწავლის შედეგად, ერთ შემთხვევაში ბენეფიციარის მხრიდან საჯარო საქმიანობის დამალვის გზით გამოვლინდა სახელმწიფო გასაცემლის 784 ლარის ზედმეტად მიღების ფაქტი, რაც ექვემდებარებოდა დაბრუნებას;
2.21. შუახევის რაიონული განყოფილება: სახელმწიფო გასაცემლის 426 საქმის შესწავლის შედეგად, გამოვლინდა დარღვევები, მათ შორის, 2 შემთხვევაში საჯარო საქმიანობის პერიოდში ზედმეტად მიღებული 430 ლარიდან ბიუჯეტში აღდგენილი იყო 30 ლარი, ლეგალიზებული იყო 70 ლარი, ბიუჯეტში აღსადგენი იყო 60 ლარი, რაზეც შუახევის განყოფილებას ყურადღება არ გაუმახვილებია;
2.22. ხულოს რაიონული განყოფილება: სახელმწიფო გასაცემლის 682 საქმის შესწავლის შედეგად, გამოვლინდა დარღვევები, მათ შორის, 6 შემთხვევაში 66 922 ლარის ზედმეტად გაცემა (აქედან 2 შემთხვევაში საჯარო საქმიანობის და 4 შემთხვევაში შშმ სტატუსის დამადასტურებელი შეუსაბამო/გაყალბებული დოკუმენტის წარმოდგენის შედეგად). სულ ზედმეტად გაცემული 66 922 ლარიდან ლეგალიზაციას დაექვემდებარა 50590 ლარი და ბიუჯეტში აღსადგენი იყო 18812 ლარი;
2.23. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულებიდან, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან სს ,,ლ.ბ–იდან“, ფიზიკური და იურიდიული პირებიდან ბენეფიციართა შესახებ მიღებული (მონაცემების) ინფორმაციის დამუშავების მდგომარეობის შერჩევითი შესწავლა: ხულოს რაიონული განყოფილება აწარმოებდა რიგ შემთხვევაში სასამართლო დავას ზედმეტად გაცემული თანხის დაბრუნების მოთხოვნით, ხოლო 4 შემთხვევაში, ბენეფიციარის გარდაცვალების გამო, არ გაუტარებია შესაბამისი ღონისძიებები 824,53 ლარის დაბრუნების თაობაზე;
2.24. სს ,,ლ.ბ–ის“ მიერ სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებისათვის, ყოველთვიურად წარმოდგენილი ინფორმაცია, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ საარსებო შემწეობის მიმღები იმ ბენეფიციართა შესახებ, რომლებსაც ბოლო ექვსი თვის მანძილზე ბანკიდან არ გაუტანიათ მათზე ჩარიცხული სოციალური დახმარების თანხა, ასევე იმ ბენეფიციართა მონაცემები, რომელთა თანხების ბანკიდან გატანა ბოლო ერთი წლის მანძილზე ხორციელდებოდა დამატებითი ბარათით: ბათუმის სოციალურ მომსახურების ცენტრში (26 შემთხვევა), ქობულეთის (20 შემთხვევა), ქედის (8 შემთხვევა), შუახევის (4 შემთხვევა), ხელვაჩაურის (19 შემთხვევა), ხულოს (42 შემთხვევა) რაიონულ განყოფილებებში დაფიქსირდა ოჯახების შემოწმების კანონით გათვალისწინებული ვადების დარღვევა;
2.25. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის გამო, შვებულების ანაზღაურების წესის მოთხოვნების დაცვის მდგომარეობის შერჩევის შესწავლა. შესწავლილ იქნა 1208 ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის გამო, შვებულების ანაზღაურების წესის მოთხოვნების დაცვის მართლზომიერების საკითხი. 1218 საქმის შემოწმებით გამოვლინდა 107527 ლარის ზედმეტად გაცემის ფაქტი. სწორედ ამის გამო, მოთხოვნილი იქნა აჭარის მთლიანი შემოწმება, რაც ითვალისწინებდა დარჩენილი 6516 საქმის შემოწმებას. ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრში 67 შემთხვევაში, გამოვლინდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 64327,03 ლარის უსაფუძვლოდ გაცემა; ქობულეთის რაიონულ განყოფილებაში 37 შემთხვევაში გამოვლინდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 37224,4 ლარის უსაფუძვლოდ გაცემა; ქედის რაიონულ განყოფილებაში 2 შემთხვევაში გამოვლინდა სახელმწიფო ბიუეტიდან 2000 ლარის უსაფუძვლოდ გაცემა; შუახევის რაიონულ განყოფილებაში 1 შემთხვევაში გამოვლინდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1000 ლარის უსაფუძვლოდ გაცემა; ხელვაჩაურის რაიონულ განყოფილებაში 5 შემთხვევაში გამოვლინდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4654,64 ლარის უსაფუძვლოდ გაცემა;
2.26. წინა შემმოწმებელი ორგანოს მიერ გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებებზე გატარებული ღონისძიებების შესწავლა: სააგენტომ შეისწავლა 2010 წლის 01 იანვრიდან-2016 წლის 01 თებერვლამდე პერიოდში გაწეული სამუშაოები, რის შედეგადაც, გამოვლინდა დარღვევები. შედეგად, სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალს დაევალა საჭირო ღონისძიებების გატარება, თუმცა მას დღემდე არ გაუტარებია რაიმე ქმედითი ღონისძიება ზედმეტად გაცემული სახელფასო თანხებისა და სახელმწიფო გასაცემლების დაბრუნების კუთხით;
2.27. ,,სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების მონაცემების კორექტირების მართლზომიერების შერჩევითი შესწავლა: ბათუმში შესწავლილი იქნა 1424 შემთხვევა, საიდანაც 1 შემთხვევაში მასალებს არ ერთვოდა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა N100 და 1 შემთხვევაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის გადახდილი თანხის კორექტირება განხორციელდა კანონმდებლობის დარღვევით; ქობულეთში შესწავლილი იქნა 1109 შემთხვევა, საიდანაც 3 შემთხვევაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის გადახდილი თანხის კორექტირება განხორციელდა კანონმდებლობის დარღვევით, რის შედეგადაც ზედმეტად გაცემულმა თანხამ შეადგინა 3840 ლარი; შუახევში შესწავლილი იქნა 601 შემთხვევა, საიდანაც 1 შემთხვევაში ოჯახის ფულადი კორექტირება განხორციელდა კანონმდებლობის დარღვევით; ქედაში შესწავლილი იქნა 920 შემთხვევა, საიდანაც 2 შემთხვევაში განხორციელებული კორექტირების შემდეგ, ,,ოჯახის დეკლარაციაში“ დაფიქსირდა ბრძანებაში მითითებული მონაცემებისგან განსხვავებული მონაცემები; ხულოში შესწავლილი იქნა 1273 შემთხვევა, საიდანაც 1 შემთხვევაში ფორმა N100-ში მითითებული დიაგნოზის კოდი - ჯ96.1, არასწორად იყო გადატანილი ბრძანების ტექსტში (ჯ96.6);
2.28. ,,ოჯახის დეკლარაციის“ შევსებისას წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა N100), საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 22 მაისის N01-14/ნ ბრძანების მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ,,დაავადებათა ჩამონათვალთან“ შესაბამისობის შერჩევითი გადამოწმება: ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრში შესწავლილი იქნა ,,ოჯახის დეკლარაციებში“ განთავსებული 1155 ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ 2 შემთხვევაში იგი არ შეესაბამებოდა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ დაავადებათა ჩამონათვალს. 1 შემთხვევაში ,,ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში დაფიქსირებული იყო ოჯახის სხვა წევრი, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელ დოკუმენტში ოჯახის სხვა წევრს ეკუთვნოდა. 1 შემთხვევაში არ იყო წარმოდგენილი ბენეფიციარის ფორმა N100. ქობულეთის რაიონულ განყოფილებაში შესწავლილი იქნა ,,ოჯახის დეკლარაციებში“ განთავსებული 1616 ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ 2 შემთხვევაში იგი არ შეესაბამებოდა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ დაავადებათა ჩამონათვალს. 3 შემთხვევაში ,,ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში დაფიქსირებული იყო ოჯახის სხვა წევრი, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელ დოკუმენტში ოჯახის სხვა წევრს ეკუთვნოდა. 24 შემთხვევაში არ იყო წარმოდგენილი ბენეფიციარის ფორმა N100. ქედის რაიონულ განყოფილებაში შესწავლილი იქნა ,,ოჯახის დეკლარაციებში“ განთავსებული 507 ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ 3 შემთხვევაში იგი არ შეესაბამებოდა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ დაავადებათა ჩამონათვალს. 1 შემთხვევაში ,,ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში დაფიქსირებული იყო ოჯახის სხვა წევრი, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელ დოკუმენტში ოჯახის სხვა წევრს ეკუთვნოდა. 1 შემთხვევაში არ იყო წარმოდგენილი ბენეფიციარის ფორმა N100. ხელვაჩაურის რაიონულ განყოფილებაში შესწავლილი იქნა ,,ოჯახის დეკლარაციებში“ განთავსებული 641 ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ 1 შემთხვევაში იგი არ შეესაბამებოდა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ დაავადებათა ჩამონათვალს. 1 შემთხვევაში ,,ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში დაფიქსირებული იყო ოჯახის სხვა წევრი, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელ დოკუმენტში ოჯახის სხვა წევრს ეკუთვნოდა. შუახევის რაიონულ განყოფილებაში შესწავლილი იქნა ,,ოჯახის დეკლარაციებში“ განთავსებული 703 ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ 4 შემთხვევაში იგი არ შეესაბამებოდა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ დაავადებათა ჩამონათვალს. 2 შემთხვევაში ,,ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში დაფიქსირებული იყო ოჯახის სხვა წევრი, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელ დოკუმენტში ოჯახის სხვა წევრს ეკუთვნოდა. 4 შემთხვევაში არ იყო წარმოდგენილი ბენეფიციარის ფორმა N100. ხულოს რაიონულ განყოფილებაში შესწავლილი იქნა ,,ოჯახის დეკლარაციებში“ განთავსებული 1545 ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ 7 შემთხვევაში იგი არ შეესაბამებოდა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ დაავადებათა ჩამონათვალს. 16 შემთხვევაში არ იყო წარმოდგენილი ბენეფიციარის ფორმა N100, საიდანაც 4 შემთხვევაში ქულის გადათვლის შემდეგ დაფიქსირებული ოჯახის სარეიტინგო ქულა არსებითად შეიცვალა, რამაც გავლენა მოახდინა ოჯახისათვის ფულადი სოციალური გასაცემლის ცვლილებაზე. 2 შემთხვევაში ,,ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში დაფიქსირებული იყო ოჯახის სხვა წევრი, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელ დოკუმენტში ოჯახის სხვა წევრს ეკუთვნოდა.
2.29. მოსარჩელეს კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების უფროსთან თ.ჭ–თან. ამის გამო, ის ითხოვდა მისი ან თ.ჭ–ის სამსახურიდან გათავისუფლებას. მოსარჩელემ თ.ჭ–ის მიმართ გაატარა დისციპლინური ღონისძიება, დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამო, კერძოდ, გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა და დაუკავდა მიმდინარე ხელფასის 10%. მოსარჩელის მტკიცებით, ის სისტემატიურად არ ასრულებდა დავალებებს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მოსარჩელის 8.10.2018წ. წერილით, პირველად ან/და განმეორებით განცხადებებზე რეაგირების უფლება მიეცა ხელვაჩაურის, შუახევისა და ხულოს რაიონულ განყოფილებებს, ასევე ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს, ხოლო სააგენტოს ქობულეთისა და ქედის რაიონულ განყოფილებას აღნიშნული ქმედების უფლება არ მისცემია. აღნიშნულ პერიოდში ქობულეთის რაიონული განყოფილების უფროს სოციალური აგენტებს არ ჰქონდათ დელეგირება განეხორციელებინათ პირველად და განმეორებით განაცხადებზე რეაგირება. შესაბამისად, თ.ჭ–ის მიმართ გატარებული დისციპლინური ღონისძიება მიღებული იქნა ერთპიროვნულად;
2.30. 2020 წლის 20 მარტიდან-2020 წლის 20 აპრილამდე და 20 აპრილიდან-20 მაისამდე პერიოდში, სააგენტოს ბათუმის ცენტრის პასუხისმგებელი პირების მიერ შედგენილი და მონაცემთა ბაზაში განთავსებული იქნა 43 ოქმი (მიზეზით: ვერ ხერხდება ოჯახის წევრებთან ან უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეხვედრა), რის საფუძველზეც მათ გაუუქმდათ რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. იგივე პრობლემა იყო ხულოში - 15 შემთხვევაში. შედეგად დაირღვა ამ ოჯახების უფლებები და რიგ შემთხვევაში არასწორად განხორციელდა იქ მომუშავე აგენტების სახელფასო ანაზღაურება;
2.31. 01.01.2018 – 01.06.2020წწ.-ში, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დაცული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმების კუთხით შესრულებული არ იყო სამუშაოს მინიმუმი. ამ კუთხით, ფილიალის უფროსი არ ახდენდა სათანადო სამსახურებრივ ზედამხედველობას ფილიალში შემავალ ერთეულებში თანამშრომელთა საქმიანობასა და დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე;
2.32. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების ,,ოჯახის დეკლარაციაში“ დაფიქსირებული არასწორი მონაცემების გამო, ისინი მოხვდნენ ბაზის გაწმენდაში და სააგენტოს პასუხისმგებელი პირების მიერ რეაგირება განხორციელდა არსებული კანონდებლობით გათვალისწინებული ვადების დარღვევით, რამაც გამოიწვია ჯამში 116 ოჯახის შემთხვევაში 15000 ლარის სოციალური დახმარების გაუცემლობა;
2.33. 2020 წლის 4 თებერვალს, სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს, მათ შორის, სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალს, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის წერილით დაეგზავნა ინფორმაცია, სხვადასხვა საფუძვლით შესწავლილი 280 ერთეულის ოჯახის თაობაზე, რომლებზედაც რაიონული განყოფილებების მიერ რეაგირება არ მომხდარა;
2.34. სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის 27.01.2020წ. წერილში დაფიქსირებული ინფორმაცია, რომელიც ეხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 44 ოჯახებს, რომელთაც მოიპოვეს საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე დაბალი სარეიტინგო ქულა, მაგრამ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების გასვლის შემდგომ მონაცემთა ბაზაში შემდგომი რეაგირება არ დაფიქსირებულა.
2.35. 01.01.2018-1.07.2020წწ. პერიოდში, გადამოწმდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებში განხორციელებული ვიზიტების საფუძვლიანობის შემოწმება და აღმოჩნდა, რომ - ხულოს რაიონულ განყოფილებაში 167 შემთხვევიდან 20 შემთხვევაში ვერ წარმოადგინა კანონმდებლობით გათვალისწინებული გადამოწმების საფუძველი, შუახევმა - 90 შემთხვევიდან - 3 შემთხვევაში, ქობულეთმა - 166 შემთხვევიდან - 3 შემთხვევაში (ტ.2, ს.ფ. 123-163);
3. დამსაქმებელი მიუთითებდა, რომ დასაქმებულის მხრიდან შრომითი მოვალეობის დარღვევა გამოიხატა იმაში, რომ დასაქმებული მუშაობდა რა, სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალის უფროსად, ვერ უზრუნველყო მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება, კერძოდ, აჭარის ა/რ ფილიალში შემავალი საქალაქო და რაიონული განყოფილებების მუშაობის ზედამხედველობა და ხელმძღვანელობა, რის შედეგად, სამუშაო პროცესში გამოვლენილი დარღვევების გამო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არასწორად გაიცა თანხა და დაირღვა ბენეფიციართა უფლებები მიეღოთ დროული, სოციალური შეღავათები. დამსაქმებლის მითითებულ არგუმენტს, დასაქმებული სადავოდ ხდიდა და აცხადებდა, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იყო, თავად მოპასუხის უმოქმედობით, ვინაიდან, დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება შეუძლებელი იყო დასაქმებულთა მცირე რიცხოვნობით, ხოლო სააგენტო, მისი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, არ ახდენდა ვაკანტურ ადგილებზე თანამშრომელთა დანიშვნას, რაც მხოლოდ, მის კომპეტენციას მიეკუთვნებოდა.
4. სააპელაციო პალატის შეფასებით, მართალია, კომისიამ, შემოწმების დროს გამოავლინა დარღვევები, თუმცა, საქმეში წარმოდგენილი წერილებით დასტურდებოდა. რომ მოსარჩელის, როგორც აჭარის ფილიალის უფროსის მხრიდან დარღვევების აღმოსაფხვრელად განხორციელებული იქნა გარკვეული მოქმედებები, კერძოდ, დასაქმებულმა სააგენტოს არაერთხელ გაუგზავნა მოთხოვნა, ვაკანტურ ადგილებზე თანამშრომელთა დანიშვნის თაობაზე, რაც სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა, მაგრამ უშედეგოდ.
5. ვინაიდან, შესასრულებელი სამუშაო დიდი მოცულობის იყო, ხოლო ვაკანტური ადგილების რაოდენობა დასაქმებულებთან შეფარდებით 39%-დან 80%-ს შეადგენდა, სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით, მოსალოდნელი იყო ის შედეგები/დარღვევები, რაც სპეციალური კომისიის მიერ, აჭარის ა/რ ფილიალისა და მასში შემავალი რაიონული განყოფილებებში, 01.02.2016წ.-1.02.2020წ. პერიოდზე გაწეული სამუშაოს შემოწმების შედეგად იქნა გამოვლენილი.
6. განსახილველ შემთხვევაში, სპეციალური კომისიის შემოწმების აქტით/დასკვნით გამოვლენილი დარღვევები მიეკუთვნებოდა უშუალოდ იმ თანამდებობის პირთა შესასრულებელს, რომელთა სამუშაო ადგილებიც ვაკანტური იყო, რომელთა შევსებაც სააგენტოს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენდა, თუმცა, ამ მიზნით სათანადო ღონისძიებები, თავად დამსაქმებლის მხრიდან არ გატარდა.
7. გარდა ამისა, საქმის განხილვისას, დამსაქმებელს არ მიუთითებია რაიმე სხვა უფრო ეფექტური და გონივრული ღონისძიების გატარებაზე, რაც იქნებოდა მიმართული გამოვლენილი დარღვევევის გამოსასწორებლად და რაც მოსარჩელის მიერ განხორციელებული არ ყოფილა.
8. ზემომითითებულიდან გამომდინარე, დამსაქმებლის გადაწყვეტილება, რომლითაც არსებული დარღვევები დასაქმებულის უხეშ, ბრალეულ ქმედებად შეფასდა და დასაქმებულის მიმართ ყველაზე მკაცრი ღონისძიება - სამუშაოდან გათავისუფლება, განაპირობა, სააპელაციო სასამართლომ არაგონივრულ და არაპროპორციულ ღონისძიებად შეაფასა.
9. უფლებრივ რესტიტუციას რაც შეეხება იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, მოსარჩელის სამუშაო ადგილი ვაკანტური იყო, მოსარჩელე აღდგენილი იქნა, სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალის უფროსის თანამდებობაზე (სშკ-ის 48.8 მუხ.).
10. ამასთან, სშკ-ის 48.9 მუხლის თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.02.2025წ. განჩინებით, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა №2/ბ-685-24 სამოქალაქო საქმეზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 24.12.2024წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი, სააგენტოს 12.02.2021წ. ბრძანება N04-33/კ და მოსარჩელე აღდგენილი იქნა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალის უფროსის თანამდებობაზე, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ოთხწელზე მეტია აღნიშნული დავა მიმდინარეობს, ხოლო მოსარჩელეს მძიმე ოჯახური მდგომარეობა აქვს, თავად კი ამ დრომდე დაუსაქმებელია. ვინაიდან, შრომითი დავა განსაკუთრებულ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლისთვისაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია განხილვის შემჭიდროებული ვადა - ერთი თვე. დავა, ჯერ კიდევ, 2021 წლიდან იმყოფება სასამართლო წარმოებაში. შესაბამისად, ამ ნაწილში, მისი დაუყოვნებლივ აღსრულების წინაპირობა წარმოიშობა, რათა დასაქმებულს მიეცეს სამუშაოს შესრულებისა და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა.
12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სააგენტომ/დამსაქმებელი.
13. კასატორი აღნიშნავს, საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია დასაქმებულის მხრიდან მასზე დაკისრებული შრომითი მოვალეობების არაერთი დარღვევა, რაც მისი სიხშირისა და ერთობლიობის გათვალისწინებით განაპირობებდა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას სშკ-ის 47.1.„ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
14. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ის დარღვევები, რამაც დასაქმებულთან შრომითი მოვალეობების უხეში დარღვევის საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა განპირობებული იყო შტატების სიმცირით;
15. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელე არ ახორციელებდა დასაქმებულ თანამშრომელთა საქმიანობასა და დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებაზე კონტროლს/რეაგირებას, რაც უხეშ დარღვევას წარმოადგენდა (დეტალურად იხ., საკასაციო საჩივარი).
16. მოპასუხემ ასევე წარადგინა კერძო საჩივარი 05.02.2025წ. განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება გადაწყვეტილების დაუყოვნებლვ აღსასრულებლად გადაცემის ნაწილში, ასევე, ამავე განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შეჩერება და კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა მოითხოვა.
17. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია რომ ვიდრე არ დადასტურდება დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერების საკითხი, დაუყოვნებლივ, მოსარჩელის სამსახურში აღდგენის ინტერესს უპირატესად სწონის საზოგადოების ინტერესის კანონიერად და კეთილსინდისიერად რეალიზების საჭიროება. გასაჩივრებული განჩინება კი, ზიანს აყენებს დამსაქმებელს.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
20. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. შესაბამისად, ამ განჩინების პპ:2-ში მითითებულ გარემოებებს საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა აქვთ, რადგან მათ მიმართ კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
22. წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზის შინაარსიდან გამომდინარე, მსჯელობის საგანს წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების კანონიერება, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდაა გამხდარი შრომითი მოვალეობების უხეში დარღვევის ფაქტი.
23. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის და უფლებრივი რესტიტუციის მოთხოვნა სშკ-ის 48.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითიხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), 48.9 (დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ანსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია), სშკ-ის 58-ე (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), სსკ-ის 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
24. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატა, შეამოწმებს მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერებას, რაც შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ., სუსგ №ას-1392-2023, 25.01.2024წ.).
25. დადგენილია, რომ მოსარჩელე სამუშაოდან სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა) საფუძველზე გათავისუფლდა. შესაბამისად, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, რომლებზე დაყრდნობითაც განისაზღვრება დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების მოშლის შესახებ გამოვლენილი ცალმხრივი ნების კანონიერების, თანაზომიერების საკითხი.
26. ამასთან, სადავოა რა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის ბრძანების კანონიერება, უნდა ვიხელმძღვანელოთ სამოქალაქო სამართალსა და სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესისაგან განსხვავებული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტით:
27. შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება მიზანშეუწონელია. ეს კი, განპირობებულია იმით, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა მოიცავს ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე (სსკ-ის 317-ე, 319-ე, 327-ე მუხ.), მაშინ, როდესაც შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში, ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას (სშკ-ის მე-2 მუხ.). შესაბამისად, შრომითი დავის განხილვისას, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა საკითხი, თუ როდის გადადის მტკიცების ვალდებულება ერთი მხარიდან მეორეზე. როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა ფაქტის მითითების ტვირთს სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხოლოდ ერთ მხარეს აკისრებოდეს, ხოლო მათი დამტკიცების ტვირთს - მეორეს. ამის თვალსაჩინო მაგალითია შრომითი დავა, რომელშიც ფაქტებზე მითითების ტვირთი პროცესის მონაწილე ერთ მხარეს ეკისრება, ხოლო მათი დამტკიცების ტვირთი - მეორეს. მაგ., სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების სადავოობისას, დასაქმებული მხოლოდ უთითებს სამუშაოდან მისი დათხოვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობაზე (ფაქტის მითითების ტვირთი), ხოლო იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ თანამშრომლის სამუშაოდან გათავისუფლება განხორციელდა სშკ-ის 47-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობის საფუძველზე, დამსაქმებლის მტკიცების ტვირთია (დამტკიცების ტვირთი). ამდენად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძვლის (“Good Reason“) არსებობის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება. კანონმდებლის ასეთი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ დამსაქმებელი სარგებლობს მტკიცებითი უპირატესობით, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საამისოდ გათვალისწინებული მართლზომიერი საფუძველი ჰქონდა. მტკიცების ტვირთის განაწილების ასეთი წესი შესაბამისობაშია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებთან. მიუხედავად იმისა, რომ „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ 1982 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ მიღებულ N158 კონვენციას საქართველოსთვის სავალდებულო ძალა არა აქვს, მისი დებულებები და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსთვისაც საინტერესოა. კონვენციის მე-9 მუხლის მე-2 (ა) პარაგრაფი სამუშაოდან არამართლზომიერი გათავისუფლებისაგან მუშაკის დაცვის ეფექტიან საშულებად მტკიცების ტვირთის დამსაქმებელზე დაკისრებას განიხილავს. ამ დებულების მიხედვით, მუშაკი მარტო ვერ გაუმკლავდება სამსახურიდან მისი გათავისუფლების საფუძვლის არამართლზომიერების მტკიცებით პროცესს, ამიტომ, მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს უნდა დაეკისროს (Protection Against Unjustified Dismissal, International Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva, 7) (იხ., გაგუა ი., მტკიცებულებები და მტკიცების ტვირთი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, რედაქტორები: ძლიერიშვილი ზ., კვანტალიანი ნ., გამომცემლობა - „ბონა კაუზა“, თბილისი, 2020, 258-260).
28. ზემოთქმულიდან გამომდინარე, დამსაქმებელია ვალდებული, სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს დასაქმებულის მიერ, მასზე ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტები, რაც სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძვლად იქნება მიჩნეული.
29. დამსაქმებელმა, დასაქმებულის მხრიდან შრომითი მოვალეობის დარღვევის ფაქტის დასადასატურებლად, იმაზე მიუთითა, რომ დასაქმებული მუშაობდა რა, სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალის უფროსად, ვერ უზრუნველყო მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება, კერძოდ, აჭარის ა/რ ფილიალში შემავალი საქალაქო და რაიონული განყოფილებების მუშაობის ზედამხედველობა და ხელძღვანელობა, რის შედეგად სამუშაო პროცესში გამოვლენილი დარღვევების გამო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არასწორად გაიცა თანხა და დაირღვა ბენეფიციართა უფლებები მიეღოთ დროული, სოციალური შეღავათები.
30. დამსაქმებელი, საკასაციო საჩივარშიც უთითებს, რომ მოსარჩელე არ ახორციელებდა დასაქმებულ თანამშრომელთა საქმიანობასა და დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებაზე კონტროლს/რეაგირებას, რაც უხეშ დარღვევას წარმოადგენდა.
31. დამსაქმებლის/კასატორის პრეტენზიებს საკასაციო პალატა არ იზიარებს და ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, გათავისუფლების დროისათვის, მოსარჩელე, დანიშნული იყო სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალის უფროსად და მის საქმიანობას წარმოადგენდა შემდეგი:
34.1.პასუხისმგებელია ფილიალზე დაკისრებული ამოცანების, ფუნქციებისა და დავალებების ჯეროვან შესრულებას;
34.2.წარმართავს და ხელმძღვანელობს ფილიალის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
34.3.ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს ფილიალისა და ფილიალის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე რაიონულ (საქალაქო) განყოფილებების თანამშრომლებს შორის, ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას მათ საქმიანობაზე და დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე;
34.4.დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
34.5.სააგენტოსთან შეთანხმებით გეგმავს და ახორციელებს პერიოდულ კონტროლს დაქვემდებარებული ტერიტორიული ერთეულების საქმიანობაზე, წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას სააგენტოს ხელმძღვანელობას;
34.6.ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ფილიალისა და ფილიალის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სოციალური მომსახურების ცენტრებსა და რაიონულ განყოფილებების საქმიანობაზე და მათზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე;
34.7.სააგენტოს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ფილიალისა და ფილიალის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სოციალური მომსახურების ცენტრებსა და რაიონული განყოფილებების საკადრო რესურსების, მუშაობის ორგანიზების, თანამშრომლების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
34.8.დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, სააგენტოს ცენტრალურ აპარატში პერიოდულად წარადგენს ინფორმაციას ფილიალისა და მის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სააგენტოს სოციალური მომსახურების ცენტრებისა და რაიონული განყოფილებების მიერ გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით.
35. დადგენილია, რომ ფილიალის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სააგენტოს საშტატო განრიგით. ფილიალის თანამშრომლებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.
36. დადგენილია, რომ მოსარჩელემ, არაერთგზის ითხოვა ფილიალზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად კონკრეტული ღონისძიებების გატარება, კერძოდ, დადგენილია:
36.1.21.07.2016წ. მოსარჩელემ სააგენტოს წერილი მისწერა, რომლითაც აცნობა, რომ 05.01.2016წ. ბრძანებით, ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულება, თავის ძირითად საქმიანობასთან ერთად, დავალებული ჰქონდა, ფილიალის მთავარ სპეციალისტ რ.ა–ძეს. სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო აღნიშნულ თანამდებობებზე ერთი თანამშრომლის მიერ მოვალეობის შესრულება. შესაბამისად, ითხოვდა სასწრაფოდ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას (ტ.1, ს.ფ.302);
36.2.20.12.2017წ. წერილით მოსარჩელემ შეატყობინა სააგენტოს, რომ ფილიალსა და რაიონულ განყოფილებაში ხანგრძლივად ვაკანტური იყო თანამდებობები, რომლებიც სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა სამსახურს გამართულ მუშაობაში. შესაბამისად, ითხოვა შემდეგ ვაკანსიებზე კონკურსის დროულად გამოცხადება: ქობულეთის რაიონული განყოფილების უფროსი, ქედის რაიონული განყოფილების უფროსი, შუახევის რაიონული განყოფილების უფროსი, შუახევის რაიონულ განყოფილებაში მთავარი სპეციალისტი (იურისტი), ხულოს რაიონულ განყოფილებაში მთავარი სპეციალისტი (იურისტი), აჭარის ა/რ ფილიალში უფროსი სპეციალისტი, აჭარის ა/რ ფილიალში შტატგარეშე თანამშრომლის ხელშეწყობითი დასაქმების სპეციალისტი (ტ.1,ს.ფ.303). წერილის პასუხად, მოსარჩელეს ეცნობა, რომ აღნიშნულ ვაკანსიებზე არაერთგზის გამოცხადებული კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა, რის გამოც 2018წ. ვაკანტურ თანამდებობებზე საჯარო კონკურსი გამოცხადდებოდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით (ტ.1, ს.ფ.304);
36.3.27.06.2018წ. მოსარჩელემ სააგენტოს კვლავ მისწერა წერილი შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების თხოვნით, კერძოდ: აჭარის ა/რ ფილიალის უფროსი სპეციალისტი (მიმართულება - სოციალური რეაბილიტაციის დამხმარე საშუალებები); ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მთავარი სპეციალისტი (მიმართულება - საპენსიო); ქობულეთის რაიონული განყოფილების სპეციალისტი (მიმართულება - საპენსიო) (ტ.1, ს.ფ. 305);
36.4.24.09.2018წ. ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების უფროსმა წერილი მისწერა მოსარჩელეს და აცნობა, რომ ხელვაჩაურის რაიონულ განყოფილებაში ვაკანტური იყო მთავარი სპეციალისტის, უფროსი სოციალური აგენტის და სოციალური აგენტის თანამდებობები. აღნიშნულ სამუშაოს ასრულებდნენ შეთავსებით სხვა თანამშრომლები, თუმცა სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე, უჭირდათ მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება. ამის გამო, ითხოვდნენ ვაკანტური თანამდებობების შევსებას (ტ.1, ს.ფ. 306);
36.5.13.12.2018წ. მოსარჩელემ წერილი მისწერა სააგენტოს და მოსთხოვა ხელვაჩაურის რაიონულ განყოფილებაში ვაკანტურ თანამდებობებზე მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა. ამასთან, ეს თანამდებობები (იურისტი) ასევე ვაკანტური იყო ხულოსა და შუახევის რაიონულ განყოფილებებში. წერილის პასუხად მოსარჩელეს ეცნობა, რომ სააგენტოში ვაკანტურ საშტატო ერთეულზე დასაქმება ხორციელდება, მხოლოდ საჯარო კონკურსის გზით (ტ.1, ს.ფ. 307, 323);
36.6.სააგენტოს 30.01.2020წ. ბრძანებით, სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალის მძღოლს შეუწყდა შრომითი ურთიერთობა 31.01.2020წ. რაზედაც უმაყოფილება გამოთქვა მოსარჩელემ 12.02.2020წ. წერილში და მიუთითა, რომ მძღოლის გარეშე მუშაობამ მათ უკვე შეუქმნა პრობლემები (ტ.1, ს.ფ. 308, 309);
36.7.საქმეში განთავსებული საშტატო ნუსხის თანახმად, 2016-2020წწ.-ში აჭარის ა/რ ფილიალში ფაქტობრივად არსებული თანამდებობებიდან, ვაკანტური იყო 2016წ.-39%, 2017წ.-80%, 2018წ.-56%, 2019წ.-53%, 2020წ.-59% (ტ.3.ს.ფ.432-436).
37. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოთდადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ერთი შეხედვით, მის ერთობლიობაში, ცხადყოფს, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იყო, თავად მოპასუხის უმოქმედობით, ვინაიდან, დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება შეუძლებელი იყო დასაქმებულთა მცირე რიცხოვნობით, ხოლო სააგენტო, მისი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, არ ახდენდა ვაკანტურ ადგილებზე თანამშრომელთა დანიშვნას, რაც მხოლოდ, მის კომპეტენციას მიეკუთვნებოდა. ამ მოსაზრების, უარსაყოფად, დასაბუთებულ და დასაშვებ საკასციო პრეტენზიას საკასაციო საჩივარი არ შეიცავს. მართალია, კომისიამ, შემოწმების დროს გამოავლინა დარღვევები, თუმცა, საქმეში წარმოდგენილი წერილებით დასტურდება. რომ მოსარჩელე არაერთხელ შეეცადა დარღვევების აღმოსაფხვრელად განხორციელებულიყო ეფექტური მოქმედებები, კერძოდ, დასაქმებულმა სააგენტოს არაერთხელ გაუგზავნა მოთხოვნა, ვაკანტურ ადგილებზე თანამშრომელთა დანიშვნის თაობაზე, რაც სააგენტოს დისკრეციული უფლებამოსილებას წარმოადგენდა, მაგრამ უშედეგოდ.
38. შესაბამისად, გასაზიარებელია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ სპეციალური კომისიის შემოწმების აქტით/დასკვნით გამოვლენილი დარღვევები მიეკუთვნებოდა უშუალოდ იმ თანამდებობის პირთა შესასრულებელს, რომელთა სამუშაო ადგილებიც ვაკანტური იყო, რომელთა შევსებაც სააგენტოს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენდა, თუმცა, ამ მიზნით სათანადო ღონისძიებები თავად დამსაქმებლის მხრიდან არ გატარდა.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ბრძანების არამართლზომიერად ცნობის ნაწილში, კასატორმა/დამსაქმებელმა ვერ წარმოადგინა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია და ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ჯეროვანი რეალიზება - იმის დადასტურება, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ვალდებულების იმგვარ უხეშ დარღვევას, რაც უპირობოდ წარმოადგენდა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. ის საკითხი, თუ რა მიიჩნევა შრომითი ვალდებულების უხეშ დარღვევად, კანონი არ განსაზღვრავს. დასაქმებულის/მუშაკის ქმედების შეფასება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივ გარემოებათა შეფასების საფუძველზე, დარღვევის სიმძიმის, სიხშირის, შედეგის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს (სუსგ №ას-252-2023, 08.06.2023წ.).
40. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა/დამსაქმებელმა ვერ დასძლია თავისი მტკიცების ტვირთი და ვერ მიუთითა, მართლზომიერი და “Ultima Ratio”-ს პრინციპის გამოყენებით, რატომ არ შეიძლება გამოყენებულიყო დისციპლინური სახდელის უფრო მსუბუქი ღონისძიება სამუშაოდან დათხოვნის გარდა. მით უფრო, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფილია შრომის თავისუფალება. შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. „შრომა თავისუფალია“, რაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით ,„იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო, ასევე, შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები. კონსტიტუციით დაცულია არა მარტო უფლება, არჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო“ (იხ., საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის გადაწყვეტილება საქმეზე გადაწყვეტილება საქმეზე N2/2-389).
41. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. ვინაიდან საკითხი შეეხება დასაქმებულის კონსტიტუციურ უფლებას - „შრომის უფლება,“ დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს, რომ მიჩნეული იქნეს მართლზომიერად, კერძოდ, შრომის უფლების შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს პროპორციული. დასახელებული კრიტერიუმებიდან პირველი - „გათვალისწინებული იყოს კანონით“ ნიშნავს იმას, რომ ამ უფლების შეზღუდვა სშკ-ით გათვალისწინებულ კანონიერ საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
42. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (შდრ: №ას-499-499-2018, 08.06.2018წ.).
43. სამართლებრივი სტაბილურობა, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ორგანული პოსტულატი, მოითხოვს, რომ მოქალაქეს ჰქონდეს მისთვის მოსალოდნელი შეზღუდვების განჭვრეტისა და ამისათვის სათანადო მომზადების შესაძლებლობა. თუმცა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს განეკუთვნება არა მხოლოდ სამართლებრივი სტაბილურობა, არამედ ასევე მატერიალური სამართლიანობაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, როცა კანონმდებელმა აირჩია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის ზოგადი ფორმულირება, სასამართლოს ეკისრება უდიდესი პასუხისმგებლობა თითოეული შემთხვევის შეფასებისა და გადაწყვეტისათვის.
44. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების განზოგადებას დიდი მნიშვნელობა აქვს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის სამართალიანი ბალანსის დასაცავად. ერთი მხრივ, დასაქმებულს უსაფუძვლოდ არ უნდა შეუწყდეს შრომითი ხელშეკრულება და ამით არ მოესპოს საარსებო საშუალება, ხოლო მეორე მხრივ, დამსაქმებელს არ უნდა შეეზღუდოს შრომითი მოვალეობების დამრღვევი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება და მისთვის მიუღებელი დასაქმებულის სამუშაოზე დატოვებით არ უნდა შეექმნას გარკვეული რისკი.
45. ამასთან, საკასაციო საჩივრით სრულადაა გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბრძანების ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრულია უფლებრივი რესტიტუციის საკითხი: სამსახურში აღდგენა და იძულებითი განცდურის ანაზღაურების საკითხი, თუმცა ამ ნაწილში კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ აქვს წარმოდგენილი.
46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
47. შესაბამისად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
48. რაც შეეხება წარმოდგენილ კერძო საჩივარს, საკასაციო პალატის შეფასების საგანია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.02.2025წ. განჩინება, რომლითაც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა №2/ბ-685-24 სამოქალაქო საქმეზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 24.12.2024წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი, სააგენტოს 12.02.2021წ. ბრძანება N04-33/კ და მოსარჩელე აღდგენილი იქნა, სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალის უფროსის თანამდებობაზე.
49. პირველ რიგში, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებად მიიჩნევა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია სამართლებრივი სისტემით გათვალისწინებული გასაჩივრების ყველა მექანიზმის ამოწურვით ან ამ მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობის გაშვებით/უარის თქმით, რის შემდეგაც ხდება გადაწყვეტილების აღსრულება. ეს წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ზოგად წესს. აღნიშნული ზოგადი წესიდან გამონაკლისია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება შედის ძალაში, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს უფლება აქვთ ის ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრონ და მიაღწიონ გადაწყვეტილების შეცვლას. სსსკ-ის 268-ე მუხლი განსაზღვრავს სწორედ იმ გადაწყვეტილებებს, რომელთა მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაც, მხარეთა თხოვნით, შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
50. სსსკ-ის 268.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება: დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ.
51. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, აშკარაა, რომ 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ , „ე1“ , ვ“ ქვეპუნქტები გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას უკავშირებს დავის ტიპს, ხსენებული საფუძვლებით გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო აფასებს, რამდენად ექცევა მის მიერ უკვე გადაწყვეტილი დავა კანონით განსაზღვრული სამართლებრივი კატეგორიის ქვეშ. აღნიშნულიდან გამომდინარე, 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ , „ბ“ , „გ“ , „დ“ , „ე1“, „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ საჭიროებს დამატებით ფაქტების დადგენას. სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად არის დამოკიდებული სამართლებრივი ასპექტების შეფასებაზე (შდრ:. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება №1/5/675,681 საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-15,16).
52. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე სავსებით მართებულად მიაქცია სადავო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად (იხ., ამავე განჩინების პ. 11), იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ვინაიდან, შრომითი დავა განსაკუთრებულ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლისთვისაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია განხილვის შემჭიდროებული ვადა. დავა, ჯერ კიდევ, 2021 წლიდან იმყოფება სასამართლო წარმოებაში. შესაბამისად, ამ ნაწილში, მისი დაუყოვნებლივ აღსრულების წინაპირობა წარმოიშობა, რათა დასაქმებულს მიეცეს სამუშაოს შესრულებისა და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა.
53. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს 05.02.2025წ. განჩინების შეჩერების შესახებ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადად, აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 418-ე მუხლი, რომლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით იყო გათვალისწინებული. სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ასეთი საპროცესო მოქმედების შესრულება. გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულების შეჩერება შეუძლია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს.
54. კანონის მითითებული დანაწესის შესაბამისად, ერთ-ერთი მხარის მიერ კერძო საჩივრის შეტანა აღსრულების უპირობოდ შეჩერებას არ გამოიწვევს. კერძო საჩივრის შეტანისას აღსრულების შეჩერების პრეროგატივა გააჩნია მხოლოდ კერძო საჩივრის განმხილველ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩათვლის, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას შესაძლოა იმაზე უფრო მძიმე შედეგი მოჰყვეს, ვიდრე აღსრულების დროებით, კერძო საჩივრის განხილვის პერიოდის განმავლობაში მის აღუსრულებლობას (სუსგ №ას-1328-1248-2017, 24 ნოემბერი, 2017 წელი).
55. განსახილველ შემთხვევაში, გათვალისწინებით იმისა, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას აპელაციის დაკმაყოფილების თაობაზე, საფუძველსაა მოკლებული კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს 05.02.2025წ. განჩინების გაუქმებისა და ასევე, მისი მოქმედების შეჩერების შესახებ.
56. კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის განხილვის ფორმას განსაზღვრავს სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. საქმის ზეპირი განხილვის შემთხვევაში მოსამართლე უფლებამოსილია, განჩინება გამოიტანოს სათათბირო ოთახში გაუსვლელად.
57. შესაბამისად, კერძო საჩივრის მხარეთა დასწრებით განხილვის საკითხს სასამართლო წყვეტს საქმის სირთულის გათვალისწინებით, რაც შესაფასებელი გარემოებებიდან გამომდინარეობს.
58. ზემოთ განხილული საკითხების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წინამდებარე დავა არ არის იმ ხარისხის სამართლებრივი სირთულის, რაც ზეპირი მოსმენის დანიშვნას განაპირობებდა. ამასთან, არც კერძო საჩივრის ავტორს წარმოუდგენია დასაბუთებული შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ (შდრ: სუსგ №ას-5-2025, 12 მარტი, 2025წ.).
59. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, ასევე სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორ დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუბრუნდეს 24.03.2024წ. №06045 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4904 ლარის 70% – 3,432.8 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.02.2025წ. განჩინება;
5. კერძო საჩივრის ავტორს უარი ეთქვას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.02.2025წ. განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შეჩერებისა და კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, შუამდგომლობათა დაკმაყოფილებაზე;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ლაშა ქოჩიაშვილი