Facebook Twitter

საქმე №ას-442-2025 22 მაისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ.ბ–ვა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ–ია (მოპასუხე)

მესამე პირი (დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე) - რ.ვ–ია

მესამე პირი (დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე) - კრწანისის რაიონის გამგეობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.ბ–იას (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება მ.ბ–ვას (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის, მდებარე: ქ.თბილისი, ......... გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემის შესახებ და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი (შემდეგში - სადავო უძრავი ქონება) ეკუთვნის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს. ამ უკანასკნელმა სადავო უძრავ ქონებაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 31 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე შეიძინა;

2.2. 2019 წლის 31 დეკემბრამდე სადავო ბინა სახელმწიფოს ეკუთვნოდა;.

2.3. 2006-2008წწ-ში სადავო ბინაში მოსარჩელე თვითნებურად დასახლდა;

2.4. მოგვიანებით, სადავო ბინა მოსარჩელემ მოპასუხეს დაუთმო და ამჟამად, სადავო ბინაში მოპასუხე, მისი მეუღლე რ.ვ–ია (შემდგომში -მესამე პირი) და მათი ოჯახის წევრები ცხოვრობენ.

2.5. 2019 წლის დასაწყისში მოსარჩელემ სადავო ბინის სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საკუთრებაში გადაცემის თხოვნით კრწანისის რაიონის გამგებელს მიმართა. აღნიშნულის საფუძველზე, 2019 წლის 22 მარტს გამგეობამ მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, რათა მას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს წინაშე, სადავო ბინის თბილისის მუნიციპალიტეტისათის გადაცემის თაობაზე ეშუამდგომლა. საბოლოოდ, ბინა გამგეობას მოსარჩელისათვის უნდა გადაეცა.

2.6. 2019 წლის 10 ოქტომბერს კრწანისის რაიონის გამგეობას განცხადებით მიმართა უკვე მესამე პირმა და მოსარჩელისათვის სადავო ბინის გადაცემაზე უარის თქმა მოითხოვა. ამ განცხადებაში მესამე პირმა აღნიშნა, რომ მოსარჩელეს სადავო ბინაში საერთოდ არ უცხოვრია, 2009 წლიდან ბინას მესამე პირი ფლობდა და მოსარჩელისათვის მისი საკუთრებაში გადაცემის საფუძვლები არ არსებობდა. აღნიშნულის გამო, 2019 წლის 30 ოქტომბრის წერილით გამგეობამ ბინის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის პროცესის შეჩერება ითხოვა.

2.7. 2021 წლის 2 ივნისს სადავო ბინის სიმბოლურ ფასად პრივატიზაციის მოთხოვნით გამგეობას უკვე მესამე პირმა მიმართა. ამ განცხადებასთან დაკავშირებით გამგეობამ ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა და, რადგან მესამე პირისათვის ბინის საკუთრებაში გადაცემას მოსარჩელე ეწინააღმდეგებოდა, მხარეთა მფლობელობა დაუდგენელი იყო და, გარდა ამისა, მათ შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავა, განცხადება არ დააკმაყოფილა.

2.8. სადავო ბინა თბილისში, ......... მდებარეობს და მისი ნომერია 43. 2017 წლის 11 სექტემბრიდან მოსარჩელე ამავე სახლში, ოღონდ N78 ბინაშია რეგისტრირებული.

3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 159-ე, 160-ე, 161-ე, 170-ე და 172-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ვინაიდან სადავო ბინაზე მოსარჩელის არც საკუთრების უფლება, არც მართლზომიერი ან კეთილსინდისიერი მფლობელობა არ დგინდება, სარჩელი უარსაყოფია.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (მოსარჩელე) შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. საკასაციო განაცხადში კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელე არაკეთილსინდისიერ მფლობელად მიიჩნია, მაშინ როცა პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა და შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით რომლებიც საქმეშია წარმოდგენილი.

6. კასატორი მიუთითებს, რომ სადავო ბინაზე კეთილსინდისიერ მფლობელობას ახორციელებდა. მოპასუხე სადავო ფართში - N43 ბინაში შევიდა 2019წ. მაისიდან, სწორედ მას შემდეგ რაც მოსარჩელემ მოპასუხეს ფართი დროებით, ავადმყოფობის გამო ნათესავთან გადასვლის გამო, დაუთმო (დეტალურად იხ., საკასაციო საჩივარი).

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

9. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)

11. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო უძრავი ქონება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, მოსარჩელე კი, თავის მოთხოვნას სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ/კეთილსინდისიერ მფლობელობაზე აფუძნებს (იხ., სარჩელი, ტ.1. ს.ფ: 3, 5), იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, სსკ-ის 159-ე (კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე) და 160-ე (თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკეთესი უფლების მქონე პირის მიმართაც, თუკი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით) მუხლებიდან გამომდინარეობს.

12. კერძო სამართალში მფლობელობის დაცვის მიმართ მოქმედებს კანონმდებლობით დადგენილი უფლების დაცვის წესები - მფლობელობის დაცვა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მფლობელობით ასევე, უფლების დაცვისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამაში იგულისხმება, მოთხოვნები, რომლებიც ემყარება მხოლოდ მფლობელობას, როგორც ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას - პოსესურული მოთხოვნები (ლათინურად “Possesio“ - „მფლობელობა“) (იხ., შოთაძე თამარ, სანივთო სამართალი, თბილისი, 2014, 104). შესაბამისად, მფლობელობითი დაცვის ინსტიტუტის არსებობა გამორიცხავს ყოველგვარ თვითნებურ მოქმედებას.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პოსესურული მოთხოვნა შესაძლებელია წარდგენილ იქნეს როგორც მესაკუთრის, ასევე ნებისმიერი მესამე პირის მიმართ რომლის მხრიდანაც ადგილი აქვს მფლობელობის განხორციელების ხელშეშლას ან მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. კეთილსინდისიერ (მართლზომიერ) მფლობელს მართლზომიერი მფლობელობის განმავლობაში უფლება აქვს გამოიყენოს ვინდიკაციური სარჩელი, როგორც მესაკუთრის ისე ნებისმიერი მესამე პირის წინააღმდეგ (იხ., ზარანდია თამარ, სანივთო სამართალი, მეორე შევსებული გამოცემა, თბილისი, 2019, 173). თუმცა, საგულისხმოა, რომ კანონმდებელი სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობას აძლევს მხოლოდ კეთილსინდისიერ მფლობელს (გამონაკლისია სსკ-ის 164 მუხ.)

14. კეთილსინდისიერი (მართლზომიერი) მფლობელის მოთხოვნა განხორციელებადია შემდეგი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სახელდობრ: მოსარჩელე უნდა იყოს სადავო ნივთის კეთილსინდისიერი მფლობელი; მას სხვა პირის მხრიდან ჩამორთმეული უნდა ჰქონდეს მფლობელობა სადავო ნივთზე და ახალ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უკეთესი უფლება (შდრ: სუსგ №ას-1256-2022, 25 აპრილი, 2024წ. პ.33).

15. განსახილველ საქმეზე დადგენილია იმგვარი ფაქტობრივი გარემოებები, რომლის მიხედვითაც მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, კერძოდ, თავად მოსარჩელის განმარტებით, სადავო ბინა მისთვის უფლებამოსილ პირს არ გადაუცია და იგი მას თვითნებურად დაეუფლა. მეტიც, მოსარჩელე სადავო ბინაში რეგისტრირებულიც კი არ არის და კომუნალურ გადასახადებსაც არ იხდის. მართალია, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება მისთვის სადავო ბინის საკუთრებაში გადასაცემად, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დროისათვის, ბინა თავად მუნიციპალიტეტსაც კი არ ეკუთვნოდა და, გარდა ამისა, საბოლოოდ, მას იგი მოსარჩელისათვის აღარ გადაუცია.

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქონებაზე სანივთო უფლებათა წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტის საფუძველია სხვადასხვა შინაარსისა და იურიდიული ძალის უფლების დამდგენი დოკუმენტი, კერძოდ, გარიგება, სასამართლო გადაწყვეტილება ან ადმინისტრაციული აქტი.

17. ქართულ სანივთო სამართალში მფლობელობის მართლზომიერება სამოქალაქო ბრუნვის მონაწილის კეთილსინდისიერების საფუძველზე განისაზღვრება. მართლზომიერია მფლობელობა თუკი ნივთზე პირის ფაქტობრივი კავშირის წარმოშობა კანონიერია. კერძოდ, თუ ფაქტობრივი მფლობელობა მოპოვებულია მესაკუთრისაგან ან უფლებამოსილი პირისაგან. პირი მიიჩნევა მართლზომიერ მფლობელად თუ: ნივთზე მფლობელობა კანონით დადგენილი წესით წარმოიშვა; ან მართლზომეური მფლობელობის დადგენა შესაძლებელია საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე (სსკ-ის 159-ე მუხ).

18. პირს, მართლზომიერი მფლობელობა ანიჭებს შემდეგი სახის უპირატესობებს: მართლზომიერი მფლობელობის განმავლობაში ნივთის ჩამორთმევა დაუშვებელია, თვით ნივთის მესაკუთრისგანაც; მფლობელის კუთვნილებად თვლება მართლზომიერი მფლობელობის განმავლობაში ნივთისა და უფლების ნაყოფი (სსკ-ის 162 მუხ.).

19. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელია, რაც გამორიცხავს მისი სარჩელის წარმატებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. ამდენად საკასაციო პალატა კასატორთა არაძირითად არგუმენტებზე აღარ იმსჯელებს (იხ., „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

22. ვინაიდან, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა კასატორს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდა, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის პირობებში სსსკ-ის 401.4 მუხლის საფუძველზე ამ უკანასკნელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 45 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.ბ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. მ.ბ–ვას (..........) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 45 ლარის გადახადა. თანხა ჩარიცხულ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე