საქმე №ას-632-2024 1 მაისი, 2025 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენით
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორი – კ.გ–ი (მოსარჩელე)
კასატორის წარმომადგენელი - თ.ს–ვა
მოწინააღმდეგე მხარე – სს „რ.ა–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი - ა.ც–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მოსარჩელის თანამდებობის აღიარება მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოდ, სახელფასო და საშვებულებო დანამატის ანაზღაურება
საკითხი რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით კ.გ–ის სარჩელი (შემდეგში მოსარჩელე, კასატორი ან დასაქმებული) სს „რ.ა–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან დამსაქმებელი კომპანია) მიმართ მოსარჩელის თანამდებობის მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოდ აღიარების, სახელფასო და საშვებულებო დანამატის ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
1.1. დადგინდა, რომ მოპასუხე კომპანიაში, მოსარჩელის სამუშაო პოზიცია - “რკინიგზის საამქროს თბომავლის მემანქანე” განეკუთვნება მძიმე მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოს;
1.2. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისთვის 2022 წლის 13 ოქტომბრამდე გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება ჯამში 393,1 ლარის ოდენობით 1.3. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 13 ოქტომბრამდე, დაეკისრა სახელფასო დანამატის- ყოველთვიურად 50 ლარის ანაზღაურება (გადასახადების გარეშე).
2. სარჩელსა და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.მოსარჩელე 10 წელზე მეტი ხანია მოპასუხე კომპანიაში დასაქმებულია თბომავლის მემანქანის პოზიციაზე. ეს პოზიცია, შესასრულებელი სამუშაოს თავისებურებების გათვალისწინებით, განეკუთვნება მძიმე, მავნე და საშიშპირობებინ სამუშაოს, რაც დაკავშირებულია საქართველოს შრომის კოდექსით (შემდეგში: სშკ ან ორგანული კანონი) დადგენილ საშვებულებო დანამატთან. კომპანიაში ყველა ის დასაქმებული, რომლებსაც დამსაქმებელი მიიჩნევს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულებად, გარდა საშვებულებო დანამატისა, ყოველთვიურად იღებს დამატებით სარგოს - 50 ლარს. მოპასუხე/დამსაქმებელი არ მიიჩნევს თბომავლის მემანქანის პოზიციას საშიშ და მავნე პირობებიან სამუშაოდ, შესაბამისად, თბომავლის მემანქანეები ვერ იღებენ შესაბაბამის სახელფასო დანამატებს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით თბომავლის მემანქანის პოზიციის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოდ აღიარების შემთხვევაში, სარჩელის აღძვრამდე, წინა სამწლიანი პერიოდისათვის, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს საშვებულებო და სახელფასო დანამატები.
2.2.მოპასუხემ წერილობით წარდგენილ შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დამსაქმებელ კომპანიაში, ამ უკანასკნელისავე მოთხოვნით, შპს „კ-კ.ო.ს–მა“ ჩაატარა კვლევა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაო პოზიციების დადგენის მიზნით. ამ კვლევის შედეგად თბომავლის მემანქანეს არ მიენიჭა ამგვარი სტატუსი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ნ. მ–ძის სახელობის შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დასკვნა დაუსაბუთებელია და კვლევა არ არის ჩატარებული შესაბამისი ნორმატიული აქტის მოთხოვნების დაცვით. კერძოდ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 17 მაისის N147/ნ ბრძანების მიხედვით, საწარმოში დაკვირვება უნდა ჩატარდეს არანაკლებ ერთი კვირის მანძილზე, ინსტიტუტის ექსპერტები კი დამსაქმებელ კომპანიაში მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. იმ დაშვებითაც, თუ მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოდ იქნება აღიარებული თბომავლის მემანქანას პოზიცია, საშვებულებო ანაზღაურების და სახელფასო დანამატის გადახდის მოთხოვნები ხანდაზმულია. შრომის ორგანული კანონით ამ მოთხოვნებისათვის დადგენილია სპეციალური ვადები და 1 წელს შეადგენს. შესაბამისად, სარჩელის აღძვრამდე წინა სამი წლის საშვებულებო და სახელფასო დანამატის გადახდის მოთხოვნიდან ხანდაზმულად არ უნდა ჩაითვალოს მხოლოდ 1 წლის განმავლობაში მისაღები ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნები. სახელფასო დანამატი დაწესდა დამსაქმებელი კომპანიის 2021 წლის 17 სექტემბრის ბრძანებით, რის გამოც მოსარჩელის/დასაქმებულის მიერ მითითებული დანამატის გაანგარიშება სწორი არ არის.
3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
3.1. მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ შემდეგი უდავო ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა:
3.1.1. მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში დასაქმებულია რკინიგზის საამქროში თბომავლის მემანქანის პოზიციაზე. მხარეებს შორის ჩამოყალიბებულია შრომითი ურთიერთობა განუსაზღვრელი ვადით.
3.1.2. დამსაქმებელი კომპანიის დირექტორის 2021 წლის 17 სექტემბრის N471 ბრძანებით ორგანიზაციაში მომუშავე დასაქმებულებს, რომელთაც განსაზღვრული ექნებათ მავნე პირობებში მომუშავის სტატუსი, განესაზღვრათ დამატებით 10 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება და მავნე პირობებში მუშაობისათვის სახელფასო დანამატის - 50 ლარის (დარიცხული) ოდენობით გადახდა. ბრძანების ამ პუნქტით დადგენილი ცვლილებები განხორციელდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან.
3.1.3. დამსაქმებელსა და შპს „კ-კ.ო.ს–ი“ შორის 2022 წლის 10 იანვარს დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საგანია დამკვეთის (დამსაქმებელი კომპანიის) სამუშაო ადგილზე სამუშაო პირობების ატესტაცია მავნეობის კლასის განსაზღვრის მიზნით. შპს „კ-კ.ო.ს–ის“ მიერ, 2022 წლის 27 თებერვალს, შედგენილია დასკვნა დამსაქმებელი კომპანიის რკინიგზის საამქროში სამუშაო ადგილებზე სამუშაო პირობების ატესტაციის შესახებ მავნეობის კლასის განსაზღვრის მიზნით. დასკვნაში მითითებულია, რომ დამსაქმებელი კომპანიის რკინიგზის საამქროში განხორციელდა სამუშაო პროცესზე დაკვირვება და შესწავლილი იქნა თითოეულ პოზიციაზე დასაქმებულებზე მოქმედი გარემო ფიზიკური ფაქტორები. განხორციელებული სამუშაოს მიზანი იყო, დაედგინათ შრომის პირობების ჰიგიენური კლასები, საწარმოო გარემოს ფაქტორებისა და სამუშაოს მავნეობის მიხედვით. საამქროში განხორციელდა სამუშაო კატეგორიების განსაზღვრა თითოეული პოზიციისათვის და შემდეგი გარემო ფიზიკური ფაქტორების გაზომვებით: მიკროკლიმატი (ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე), ხმაური, ვიბრაცია· შრომის პროცესის სიმძიმე მოცემული ფიზიკური ფაქტორების ზღვრულად დასაშვები დონეები (ზდდ) და მავნეობის მაჩვენებლები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
3.1.4. მიკროკლიმატის აღწერაში მითითებულია, რომ მიკროკლიმატის მაჩვენებლების პარამეტრების გაზომვა მოხდა წლის ცივ პერიოდში, გაზომვის მიზანი იყო, დაედგინათ საამქროში არსებული მიკროკლიმატის შესაბამისობა საქართველოს მთავრობის N69 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქარხნო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნა ოპტიმალურ, დასაშვებ და მავნე მიკროკლიმატურ პირობებთან მიმართებაში. გაზომვითი სამუშაოები ჩატარდა საამქროს მთელ ტერიტორიაზე, დასაქმებულთა თითოეულ პოზიციაზე, თითოეულ სამუშაო ადგილზე როგორც დღის, ასევე ღამის სამუშაო საათებში. გაზომვების შედეგების მიხედვით, რკინიგზის საამქროში არსებული სამუშაო პოზიციებისათვის მიკროკლიმატური პარამეტრები შეესაბამება ოპტიმალური მაჩვენებელს, გარდა შემდეგი პოზიციებისა: თბომავლის მემანქანე, კოვშიანი ამწის მემანქანე. მოცემული პოზიციებისათვის მიკროკლიმატური პარამეტრები შეესაბამება დასაშვებ ნორმას. მიკროკლიმატის დასაშვები პირობები დადგენილია ადამიანის დასაშვები თბური და ფუნქციური მდგომარეობის კრიტერიუმების მიხედვით. ისინი არ იწვევენ დაზიანებას, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის დარღვევას, მაგრამ ძალუძთ სითბური დისკომფორტის ზოგადი ან ლოკალური შეგრძნებების აღძვრა, თერმორეგულაციის მექანიზმების დაძაბვა, თვითშეგრძნების გაუარესება და შრომისუნარიანობის დაქვეითება.
3.1.5. ხმაურის შეფასების შესახებ დასკვნაში მითითებულია, რომ ჩატარებული გაზომვების მიზანია, დაადგინოს საამქროში არსებული ხმაურის დონე. შედეგი შედარდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 297/ნ ბრძანებით “გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ” განსაზღვრულ ნორმებს; მოხდა შრომის კლასის დადგენა, საამქროში დასაქმებულთა თითოეული პოზიციისათვის, რკინიგზის საამქროში ჩატარებული გაზომვების შედეგად გამოვლინდა, რომ ხმაურის დონე არ აღემატება ზღვრულად დასაშვენ ნორმებს.
3.1.6. ვიბრაციის შესახებ დასკვნაში მითითებულია, რომ მოხდა IIIა კატეგორიის (ვიბრაცია სამრეწველო საწარმოს შენობებში, მუდმივ სამუშაო ადგილებზე) ვიბრაციის გაზომვა თბომავლის მემანქანის პოზიციებზე. ჩატარებული გაზომვის შედეგების მიხედვით, ზოგადი ვიბრაციის მაჩვენებელი არ აღემატება ზღვრულად დასაშვებ დონეს. დასკვნაში მითითებულია შრომის პირობების კლასები შრომითი პროცესის სიმძიმის მაჩვენებლების მიხედვთ, შრომითი სიმძიმის მაჩვენებლების მიხედვით გამოვლინდა პოზიციები, რომელთაც მიენიჭათ მავნეობის კლასი 3.2. მატარებლის შემდგენელი ლაინდაგის შემკეთებელი.
3.1.7. მოცემული შედეგები ემყარება საქართველოს შრომის, ჯანმრთეობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N 147/ნ ბრძანებას - მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე, ცხრილი 12; შპს „კ-კ.ო.ს–ის“ მიერ საბოლოო დასკვნა დამსაქმებელ კომპანიაში სამუშაო ადგილზე სამუშაო პირობების ატესტაციის შესახებ შედგენილია 2022 წლის 16 აპრილს. ამ დასკვნით კომპანიის რკინიგზის საამქროში მავნეობის კლასი მინიჭებული აქვთ მატარებლის შემდგენელს და ლიანდაგის შემკეთებელს.
3.1.8. დასაქმებულის დაკვეთით დამსაქმებელი კომპანიის რკინიგზის საამქროში თბომავლის მემანქანის სამუშაო ადგილზე შრომის პირობების ჰიგიენური შეფასების ოქმი 2023 წლის 4 აპრილს შეადგინა ნ. მ–ძის სახელობის შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა. ამ დასკვნის საფუძველზე მოსარჩელე მოითხოვს მისი სამუშაო პოზიციის მავნე სამუშაოდ აღიარებას. დასკვნაში მითითებულია თბომავლის მემანქანის ქრონომეტრაჟული დაკვირვების შემდეგი შედეგები: თბომავლის მემანქანე მუშაობს დილის 8:00 საათიდან 20:00 საათამდე და 20:00-დან დილის 8:00 საათამდე. ცვლებს შორის სამი დღე აქვს დასვენება. ცვლაში ორი მემანქანეა. საწარმოში უწევს ცისტერნებისა და ვაგონების შეყვანა, წყალმომარაგებაში, ძველ და ახალ ცაინებში, გვარჯილაში, ზეთის საამქროში და სხვა საამქროებში, საჭიროების შემთხვევაში უწევს ფილტრების გამოცვლა, რედუქტორების რეცხვა, ზეთის ჩამატება. ქრონომეტრაჟული დაკვირებით განსაზღვრულია თბომავლის მემანქანის შრომის პირობები სიმძიმის და დაძაბულობის მაჩვენებლის მიხედვით.
3.1.9. შრომის სიმძიმის დამახასიათებელი ფაქტორი 1.0. ფიზიკური დინამიური დატვირთვა: 1.1. რეგიონული დატვირთვისას 1მ. მანძილზე მექანიკური მუშაობის სიდიდის მიხედვით სიმძიმე დასაშვები 2.0 კლასია. 1.2. საერთო დატვირთვისას 5მ და 5მ-ზე მეტი მანძილზე მუშაობის სიდიდის მიხედვით სიმძიმე დასაშვები 2.0 კლასია.
2.0. ხელით აწეული და გადაადგილებული ტვირთის მასა.
2.1. სთ-ში სხვა სამუშოებთან მომნაცვლეობით სიმძიმის აწევის მიხედვით სამუშაო ოპტიმალური 1.0 კლასია.
2.2. სიმძიმის აწევა და გადაადგილება 3კგ-ზე ნაკლებია და სიმძიმე 1.0 კლასია.
2.3. ა) ცვლის ყოველ საათში სამუშაო ზედაპირიდან გადაადგილებული ტვირთის ჯამური მასის მიხედვით სამუშაოს სიმძიმე 2.0 კლასის ტოლია. ბ) ასევე ყოველი იატაკიდან საათში გადაადგილებული ტვირთის ჯამური მასის მიხედვით სიმძიმე 2.0 კლასია.
3.0. სტერეოტიპული სამუშაო მოძრაობები: 3.1. ლოკალური დატვირთვისას სტერეოტიპური სამუშაო მოძრაობების და 3.2. რეგიონული მოძრაობების მიხედვით, სიმძიმე 2.0 კლასია.
4.0. სტატიკური დატვირთვა.
4.1. ცვლის განმავლობაში სტატიკური დატვირთვის სიდიდე ტვირთის შეკავების დროს ძალის გამოყენებისას ერთი ხელით და
4.2. ორი ხელით დატვირთვისას სტატიკური დატვირთვის სიდიდის მიხედვით სიმძიმე 1.0 კლასია.
4.3. სტატიკური დატვირთვა სხეულის და ფეხების კუნთების მონაწილეობით ხდება. სიმძიმე 2.0 კლასია.
5.0. სამუშაო პოზა. რადგან ფიქსირებულ პოზაში პერიოდულად ცვლის 25%-ზე დროის განმავლობაში უწევს ყოფნა, ამიტომ სიმძიმე 2.0 კლასია.
6.0. სხეულის დახრა (30 გრადუსზე მეტით) რაოდენობით ცვლის განმავლობაში უწევს და სიმძიმე 2.0 კლასია.
7.0. ტექნილოგიურ პროცესით განპირობებული გადაადგილება სივრცეში. ფორმირების ოსტატების გადაადგილება ჰორიზონტალურად 4-კმ-მდეა, ამიტომ შრომის პირობები სიმძიმის მაჩვენებლის მიხედვით 1.0 კლასია.
3.10. შვიდივე მონაცემის შეჯამებით დადგინდა, რომ თბომავლის მემანქანის შრომის პირობები სიმძიმის მაჩვენებლის მიხედვით განეკუთვნება დასაშვებ 2.0 კლასს, რადგან შრომის სიმძიმის საბოლოო შეფასება დგინდება იმ მაჩვენებლის მიხედვით, რომელსაც მიკუთვნებული აქვს სიმძიმის მაღალი ხარისხი.
3.11. შრომის პირობები დაძაბულობის მაჩვენებლის მიხედვით შეფასებულია შემდეგნაირად: ინტელექტუალური ხასიათის დატვირთვა: რადგან ამოცანების გადაწყვეტა უწევს ინსტრუქციების შესაბამისად, დაძაბულობა მიეკუთვნება 2.0 კლასს. სიგნალების აღქმა და შეფასება: მათი შრომითი საქმიანობა მოითხოვს სიგნალების აღქმას მოქმედების და ოპერაციების შემდგომი კორექციით. ამიტომ დაძაბულობა 2.0 კლასია. ფუნქციების განაწილება დავალების სირთულის ხარისხის მიხედვით: შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით დაძაბულობა 3.1 კლასია. 1.4. შესრულებული სამუშოს ხასიათი: შესრულებული სამუშაოს ხასიათის მიხედვით დაძაბულობა 3.1 კლასია.
2.0. სენსორული დატვირთვა:
2.1 გულისყურით დაკვირვის ხანგრძლივობის მიხედვით დაძაბულობა მავნე 3.1 კლასია;
2.2. სიგნალის და შეტყობინების სიმჭიდროვის მიხედვით დაძაბულობა მავნე 3.1 კლასია;
2.3. ერთდროული დაკვირვების საწარმოო ობიექტების რიცხვის მიხედვით დაძაბულობა 2.0 კლასია;
2.4. გასარჩევი ობიექტების ზომის (დასაქმებულის თვალიდან გასარჩევ ობიექტებამდე არაუმნეტეს 0,5 მ მანძილისა) მიხედვით, დაძაბულობა ოპტიმალური 1.0 კლასია;
2.5. ოპტიკურ ხელსაწყოებთან და 2.6 კომპიუტერთან მუშაობა არ უწევს. ამიტომ დაძაბულობა 1.0 კლასია.
2.7. სმენის ანალიზატორების მიხედვით, დაძაბულობა 3.1 კლასია;
2.8. დატვირთვა სახმო აპარატზე კვირის განამვლობაში ნალაპარაკევი საათების ჯამური რაოდენობის მიხედვით - შრომის დაძაბულობა 3.1 კლასია; 7
3.0. ემოციური დატვირთვა
3.1. საკუთარი საქმიანობის შედეგებზე პასუხისმგებლობის ხარისხის და შეცდომის მნიშვნელობის მიხედვით შრომის დაძაბულობა მავნე 3.1. კლასია; 3.2. და 3.3. საკუთარი სიცოცხლის რისკის ხარისხი და პასუხისმგებლობის ხარისხი სხვა პირების უსაფრთხოებაზე მოსალოდნელი არის, რის გამოც შრომის დაძაბულობა 3.1 კლასია.
4.0. დატვირთვის მონოტონურობა
4.1-ის და 4.2-ის მიხედვით დაძაბულობა 3.1 კლასია.
4.3-ის და 4.4-ის მიხედვით, დაძაბულობა მიეკუთვნება მავნე 2.0 კლასს. 5.0.მუშაობის რეჟიმი
5.1. სამუშო დღის ფაქტიური ხანგრძლივობა 12 სთ. ამიტომ დაძაბულობა მავნე 3.1. კლასია.
5.2. იმის გამო, რომ სამუშაო სრულდება ღამის ცვლაში, დაძაბულობა 3.1 კლასია. 5.3. შესვენება რეგლამენტირებული არ არის, დაძაბულობა 2.0 კლასია. თბომავლის მემანქანის შრომის პირობები, შრომის დაძაბულობის მიხედვით, მიეკუთვნება მავნე 3.2 კლასს, რადგან 6-ზე მეტი მაჩვენებელს მიკუთვნებული აქვს 3.1 კლასი.
3.12. პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის სამუშაო პოზიცია განეკუთვნება მავნე პირობებიან სამუშაოს, რის გამოც უფლებამოსილია მიიღოს ამ საფუძვლით დადგენილი სახელფასო და საშვებულებო დანამატი.
3.13. სასამართლოს განმარტებით, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა განუსაზღვრელი ვადით შრომით ურთიერთობას წარმოადგენს. მოსარჩელე დასაქმებულია თბომავლის მემანქანის თანამდებობაზე.
3.14. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია მოსარჩელის სამუშაო პოზიციის აღიარება მძიმე, მავნე და საშიში პირობებიან სამუშაოდ და, შედეგად, სშკ-ით და დამსაქმებლის გადაწყვეტილებით დადგენილი შეღავათების გავრცელება.
3.15. საქმეზე ორივე მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში თბომავლის მემანქანის სამუშაო პროცესზე მოქმედი ფიზიკური ფაქტორები შეფასებულია, როგორც ზღვრული ნორმის ფარგლებში დასაშვები. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში თბომავლის მემანქანის პოზიცია მავნე პირობებიან სამუშაოდ შეფასებულია სამუშაოს დაძაბულობის კრიტერიუმების მიხედვით, შესაბამისად, გადაწყვეტილებაში სასამართლომ ამ კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
3.16. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომის ორგანული კანონი ცალკე არ განმარტავს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაო რეჟიმის ცნებას. ამა თუ იმ სამუშაოსათვის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოდ აღიარების საფუძვლები და წესები დადგენილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 3 მაისის N 147 /ნ ბრძანებით (შემდეგში: მინისტრის ბრძანება) ,,მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის” დამტკიცების თაობაზე.
3.17. პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა სშკ-ის მე-2 მუხლის მეორე ნაწილით, 45-ე, 31-ე, 35-ე, 41-ე მუხლებით, და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 3 მაისის N147/ნ ბრძანებით - “მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე.
3.17.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შრომის ჰიგიენის ინსტიტუტის დასკვნით, თბომავლის მემანქანის სამუშაოსთვის მავნე სამუშაოს კვალიფიკაცია მინიჭებულია შრომის დაძაბულობის მაჩვენებლით ამ მაჩვენებლების შემდეგი კომპონენტების მიხედვით, ინტელექტუალური ხასიათის დატვირთვის შემდეგი კომპონენტები - ფუნქციის განაწილება დავალების სირთულის ხარისხის მიხედვით და შესასრულებელი სამუშაოს ხასიათი.
3.17.2. სენსორული დატვირთვის კომპონენტებია გულისყურით დაკვირვების ხანგრძლივობა და სიგნალების და შეტყობინებების სიმჭიდროვე. სმენის ანალიზატორების მიხედვით და სახმო აპარატზე დატვირთვა კვირის განავლობაში ნალაპარაკევი საათების ჯამური რაოდენობით. ემოციური დატვირთვის მაჩვენებლით, საკუთარი საქმიანობის შედეგებზე პასუხისმგებლობის ხარისხის და შეცდომის მნიშვნელობის მიხედვით და საკუთარი და სხვისი სიცოცხლის უსაფრთხოებაზე მოსალოდნელი პასუხისმგებლობის კომპონენტებით. მუშაობის რეჟიმის მაჩვენებებლით, სამუშაოს დღის ფაქტობრივი 12 საათიანი ხანგრძლივობის, ღამის ცვლაში მუშაობის რეჟიმის გამო.
3.17.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მინისტრის ბრძანების საფუძველზე განმარტა, რომ შრომის პირობების მავნეობის ხარისხის შეფასებისათვის შესწავლილი და გამოკვლეული უნდა იყო შრომითი პროცესისთვის დამახასიათებელი ყველა მავნე და საშიში ფაქტორი და ყველა ფაქტორის „მავნეობის“ ხარისხის შეჯამების შედეგად უნდა გაკეთდეს დასკვნა სამუშაოს მავნეობის შესახებ. სადავო შემთხვევაში თბომავლის მემანქანის პოზიცია მავნე პირობებიან სამუშაოდ შეფასებულია შრომის პროცესის დაძაბულობის მიხედვით, ეს მაჩვენებელი კი ბრძანების 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უნდა შეფასდეს ქრონომეტრაჟული დაკვირვების გზით. 22-ე მუხლის მიხედვით, 1. შრომითი პროცესის დაძაბულობას აფასებენ წინამდებარე სახელმძღვანელოს შესაბამისად; 2. დასაქმებულთა პროფესიული ჯგუფის შრომის დაძაბულობის შეფასება დამყარებულია შრომითი მოღვაწეობის და მისი სტრუქტურის ანალიზზე, რომელიც შეისწავლება ქრონომეტრაჟული დაკვირვების გზით, დინამიკაში მთელი სამუშაოს დღის მანძილზე არანაკლებ ერთი კვირის განმავლობაში; 3. შრომითი პროცესის ანალიზი დაფუძნებულია იმ საწარმოო ფაქტორების (სტიმულების, გამაღიზიანებლების) მთელი კომპლექსის აღრიცხვაზე, რომლებიც ქმნიან არახელსაყრელი ნერვულ-ემოციური მდგომარეობის (გადაძაბვის) წარმოქმნის წინაპირობას. შრომითი პროცესის ყველა ფაქტორს (მაჩვენებელს) აქვს ხარისხობრივი და რაოდენობრივი გამოხატულება და დაჯგუფებულია დატვირთვის სახეების მიხედვით: ინტელექტუალური, სენსორული, ემოციური, მონოტონური, რეჟიმული დატვირთვები.
3.17.4. ბრძანების 22-ე მუხლში მითითებულია შრომითი პროცესის მაჩვენებლის თითოეული კომპონენტის მიხედვით შრომითი საქმიანობისათვის დამახასიათებელი რა თავისებურების გამო მიიჩნევა სამუშაო მავნე პირობებიან სამუშაოდ. ამავე მუხლში მითითებულია გარკვეული პროფესიების შესახებ, რაც სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებულია ერთგვარ ნიმუშად იმისათვის, რომ შეფასდეს ამა თუ იმ კომპონენტისათვის დამახასიათებელი თავისებურების არსი მავნეობის კლასის მიკუთვნების მიზნებიდან გამომდინარე. შრომის ჰიგიენის ინსტიტუტის დასკვნით მავნეობის კლასი მინიჭებული აქვს 10 კომპონენტს, რის გამოც სასამართლომ ბრძანების შესაბამისად შეაფასა, თუ როგორ არის შეფასებული თითოეული კომპონენტი და დაცულია თუ არა ამ ნორმატიული აქტით დადგენილი კრიტერიუმები.
3.17.5. ინტელექტუალური დატვირთვის მაჩვენებლით 3.1. მავნეობის კლასი მინიჭებული აქვს 1.3 („ფუნქციების განაწილება დავალების სირთულის ხარისხის მიხედვით“) და 1.4 („შესასრულებელი სამუშაოს ხასიათი“) კომპონენტებში. ბრძანების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „ფუნქციების განაწილება დავალების სირთულის ხარისხის მიხედვით“ ფასდება შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: „ნებისმიერი შრომითი საქმიანობა ხასიათდება დასაქმებულებს შორის ფუნქციების განაწილებით. შესაბამისად, რაც მეტი ფუნქცია ეკისრება დასაქმებულს, მით მეტია მისი შრომის დაძაბულობა. შრომით საქმიანობას, რომელიც შეიცავს უბრალო ფუნქციებს, მიმართულს კონკრეტული დავალების დამუშავებისა და შესრულებისაკენ, არ მივყავართ შრომის მნიშვნელოვან დაძაბულობამდე. ასეთი საქმიანობის მაგალითად გვევლინება ლაბორანტის შრომა (1 კლასი). დაძაბულობა იზრდება, როცა ხორციელდება ინფორმაციის დამუშავება, შესრულება შესრულებული დავალების შემდგომი შემოწმებით (2 კლასი), რაც დამახასიათებელია ისეთი პროფესიებისათვის, როგორიცაა მედდები, ტელეფონისტები და სხვ. დამუშავება, შემოწმება და, გარდა ამისა, დავალების შესრულებაზე კონტროლი მიუთითებს დასაქმებულის შესასრულებელი ფუნქციის სირთულის დიდ ხარისხზე და, შესაბამისად, შრომის დაძაბულობის გამოვლენის დიდ ხარისხზე (სამრეწველო საწარმოების ოსტატები, ტელეგრაფისტები, კონსტრუქტორები, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები-3.1 კლასი). უფრო მეტად რთული ფუნქცია – ეს არის წინასწარი მოსამზადებელი სამუშაო, რაც ითვალისწინებს დავალების განაწილებას სხვა პირებზე (3.2 კლასი), რომელიც დამახასიათებელია ისეთი პროფესიებისათვის, როგორიცაა სამრეწველო საწარმოების ხელმძღვანელები, ავიადისპეტჩერები, მეცნიერ-თანამშრომლები, ექიმები და სხვ“. დავალების სირთულის მიხედვით ფუნქციების განაწილების კომპონენტი მავნე სამუშაოდ ითვლება, თუ სამუშაოსათვის დამახასიათებელია დავალების დამუშავება, შემოწმება, მიღებული დავალების შესრულებაზე კონტროლი.
3.17.6. თბომავლის მემანქანის სამუშაო ინსტრუქციის მიხედვით, დამსაქმებელი კომპანიის რკინიგზის საამქროს თბომავლის მემანქანის ინსტრუქციის მე-2 მუხლის თანახმად, რკინიგზის საამქროს თბომავლის მემანქანე ოპერატიულად ექვემდებარება რკინიგზის საამქროს ცვლის დისპეტჩერს, ადმინისტრაციულად ექვემდებარება საამქროს უფროსს, ცვლის დისპეტჩერის ნებართვის გარეშე არა აქვს უფლება, შეასრულოს ვინმეს განკარგულება. ავარიის შემთხვევაში საამქროს ხელმღვანელობის განკარგულება სრულდება დაუყოვნებლივ ცვლის დისპეტჩერისათვის შემდგომი შეტყობინებით. 2.2 პუნქტის მიხედვით, ავარიული სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ცვლის დისპეტჩერს და იმოქმედოს მისი მითითებით. ავარიის სწრაფად განვითარების საშიშროების შემთხვევაში შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს ზომები ავარიის ლიკვიდაციისათვის. შემდგომ ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ცვლის დისპეტჩერს. ინსტრუქციის თანახმად, თბომავლის მემანქანე თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ შეასრულოს დადგენილი წესდების და ინსტრუქციის თანახმად თბომავლის სარემონტო სამუშოები, მონაწილეობა მიიღოს მექანიკოსთან ერთად თბომავლის ყველა სახის რემონტის ჩატარებაში და მოვალეა, პასუხი აგოს თბომავლის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისათვის. არ დაუშვას შემადგენლობის მოძრაობა, რომლის ტვირთამწეობა აღემატება დასაშვებ ნორმებს და კრიტიკულია მოცემული უბნისათვის. ეკონომიურად ხარჯოს საწვავი, ელექტროენერგია, საცხები, საწმენდი მასალები, გამართულ მდგომარეობაში იქონიოს საჭირო ინვენტარი და აწარმოოს თბომავლის ტექნიკური დათვალიერება. 3.10 პუნქტის მიხედვით, ევალება შეასრულოს დისპეტჩერის ოპერატიული განკარგულება, ასევე - ყველა იმ პირის, ვინც პასუხს აგებს მოძრაობაზე და მენევრირებაზე; 3.20 პუნქტის საფუძველზე, თბომავლის მემანქანეს ევალება ცვლის დამთავრებისას შეასრულოს სარემონტო სამუშაოები. თბომავალი დაასუფთაოს, აიღოს ზეთის, საწავის და წყლის სინჯები, აწარმოოს ჩანაწერები თბომავლის ტექნიკური დათვალიერების ჟურნალში; 3.21 პუნქტის მიხედვით, თბომავლის მემანქანე პასუხს აგებს გაუმართავი თბომავლის გადაბარებაზე მომდევნო ცვლისათვის; 3.24 პუნქტის მიხედვით, თბომავლის მემანქანე პასუხისმგებელია ძირითადი ინსტრუქციის ზუსტად შესრულებაზე. თბომავლის მემანქანე მოძრაობის და მანევრირების დროს ემორჩილება შემადგენლის სიგნალს. შემადგენლის მიერ სიგნალის მიცემის შემდეგ მემანქანე ვალდებულია, გაიმეოროს მიცემული სიგნალი, რათა შემადგენელი დარწმუნდეს, რომ მისი მიცემული სიგნალი გაიგო და ამის შემდეგ დაიწყოს მოძრაობა და მენევრირება.
3.17.7. ინსტრუქციის თანახმად, თბომავლის მემანქანის მოვალეობაა არა მარტო თბომავლის მართვა, არამედ თბომავლის სარემონტო სამუშაოების შესრულება. მას ევალება მექანიკოსთან ერთად მონაწილეობა მიიღოს მატარებლის შემადგენლობის სარემონტო სამუშაოს შესრულებაში, ხოლო მექანიკოსოს სამუშაო აღიარებულია მავნე პირობებიან სამუშაოდ. ამდენად, გარდა მატარებლის შემადგენლობის მართვისა, თბომავლის მემანქანეს ევალება მატარებლის სარემონტო სამუშაოების შესრულება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ინსტრუქციის საფუძველზე გაზრდილია მემანქანის მოვალეობები ისეთი სამუშაოს შესრულების ვალდებულებით, რაც მავნე პირობებიან სამუშაოდ მიიჩნევა ამ სამუშაოს შესრულებელებელი სხვა დასაქმებულისათვის.
3.17.8. ინტელექტუალური დატვირთვის შემდგომი კომპონენტი, რაშიც მიენიჭა მავნეობის 3.1 კლასი, არის „შესასრულებელი სამუშაოს ხასიათი“, რომლის არსი განმარტებულია 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში შემდეგნაირად: „იმ შემთხვევაში, როცა სამუშაო სრულდება ინდივიდუალური გეგმით, შრომის დაძაბულობის დონე არ არის მაღალი (1 კლასი- ლაბორანტები). თუ სამუშაო მიმდინარეობს მკაცრად დადგენილი გრაფიკით, აუცილებლობის შემთხვევაში მისი კორექციის შესაძლებლობით, დაძაბულობა იზრდება (2 კლასი-მედდები, ტელეფონისტები, ტელეგრაფისტები და სხვ.). უფრო მეტია შრომის დაძაბულობა, როცა სამუშაო სრულდება დროის დეფიციტის პირობებში (კლასი 3.1 - სამრეწველო საწარმოების ოსტატები, მეცნიერ-თანამშრომლები, კონსტრუქტორები). კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა (კლასი 3.2) დამახასიათებელია ისეთი სამუშაოსათვის, რომელიც სრულდება დროის და ინფორმაციის დეფიციტის პირობებში. ამასთან, აღინიშნება მაღალი პასუხისმგებლობა სამუშაოს საბოლოო შედეგისათვის (ექიმები, სამრეწველო საწარმოების ხელმძღვანელები, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, ავიადისპეტჩერები)”.
3.18. პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, “შესასრულებელი სამუშაოს ხასიათის” კომპონენტის მიხედვით, ჰიგიენის ინსტიტუტის დასკვნა დასაბუთებული არ არის. ამ კომპონენტში სამუშაო პოზიციას დასკვნით მინიჭებული აქვს 3.1. კლასი. ბრძანების მიხედვით, იმ შემთხვევაში, როცა სამუშაო სრულდება ინდივიდუალური გეგმით, შრომის დაძაბულობის დონე არ არის მაღალი (1 კლასი- ლაბორანტები). თუ სამუშაო მიმდინარეობს მკაცრად დადგენილი გრაფიკით, აუცილებლობის შემთხვევაში მისი კორექციის შესაძლებლობით, დაძაბულობა იზრდება (2 კლასი-მედდები, ტელეფონისტები, ტელეგრაფისტები და სხვ.). უფრო მეტია შრომის დაძაბულობა, როცა სამუშაო სრულდება დროის დეფიციტის პირობებში (კლასი 3.1- სამრეწველო საწარმოების ოსტატები, მეცნიერ-თანამშრომლები, კონსტრუქტორები). სასამართლო სხდომაზე ექსპერტებმა ზეპირ განმარტებებში აღნიშნეს, რომ ამ კომპონენტის ფარგლებში თბომავლის მემანქანისათვის დამახასიათებელია სამუშაოს შესრულება დროის დეფიციტის პირობებში. ამ საკითხზე ექსპრტიზის დასკვნა დასაბუთებული არ არის, რადგან დასკვნაში აღწერილი არ არის დროის დეფიციტი რა გარემოებებით გამოვლინდა და ეს გარემოებები ვერც ზეპირი განმარტების დროს მიუთითეს. სამუშაო აღწერილობით და მხარეების განმარტებებით დასტურდება, რომ თბომავლის მემანქანის სამუშაო პროცესი ცვლაში სამუშაოს შესრულებით ხორციელდება. მხარეების განმარტებებით ირკვევა, რომ თბომავლის მემანქანეს წინასწარ აქვს განსაზღვრული დავალებები კონკრეტული სახეობის და რაოდენობის ტვირთის გადაზიდვის თაობაზე, ხოლო ქრონომეტრაჟული დაკვირვებით არ არის გამოკვლეული, რომ სამსახურებრივ დავალებებს თბომავლის მემანქანე ასრულებს დროის დეფიციტის პირობებში; რა დრო სჭირდება მატარებლის შემადგენლობით ტვირთის გადაზიდვას.
3.19. სენსორული დატვირთვის მაჩვენებლით მავნეობის კლასი მინიჭებულია ორ კომპონენტში - სმენის ანალიზატორის დატვირთვა და დატვირთვა სახმო აპარატზე (კვირის განმავლობაში ნალაპარაკევი საათების ჯამური რაოდენობა). ბრძანების 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის “ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სმენის ანალიზატორის დაძაბულობის ხარისხი განისაზღვრება სიტყვის გარკვეულობის დამოკიდებულებით პროცენტებში მეტყველების ინტენსიურობის დონესა და „თეთრ“ ხმაურს შორის თანაფარდობისაგან. როცა არ არის დაბრკოლება, სიტყვის გარკვეულობა ტოლია 100%-ის (1 კლასი); მე- 2 კლასს მიეკუთვნება შემთხვევები, როდესაც მეტყველების დონე აღემატება ხმაურს 10-15 დბ-თი და შეესაბამება სიტყვის გარკვეულობას, რომელიც ტოლია 90-70 %-ისა ან სმენადობას 3,5მ- მდე მანძილზე; ამ ბრძანების 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დატვირთვა სახმო აპარატზე (კვირის განმავლობაში ნალაპარეკევი საათების ჯამური რაოდენობა) ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით - „სახმო აპარატის დაძაბულობის ხარისხი დამოკიდებულია მეტყველების დატვირთვის ხანგრძლივობაზე. ხმის გადაძაბვა გვხვდება ხანგრძლივი, დასვენების გარეშე ხმოვანი საქმიანობის დროს. მაგალითი. უდიდესი დატვირთვა (კლასი 3.1 ან 3.2) აღენიშნებათ ხმოვან-სამეტყველო პროფესიის პირებს (პედაგოგები, საბავშვო დაწესებულებების აღმზრდელები, ვოკალისტები, მსახიობები, დიქტორები, ექსკურსიამძღოლები და სხვ.). უფრო მცირე ხარისხით ასეთი სახის დატვირთვა დამახასიათებელია სხვა პროფესიული ჯგუფებისათვის (ავიადისპეტჩერები, ტელეფონისტები, ხელმძღვანელები და სხვ. – 2 კლასი). კრიტერიუმის უმცირესი მნიშვნელობა შეიძლება აღინიშნებოდეს სხვა პროფესიების მუშაობაში (ლაბორანტები, კონსტრუქტორები, ავიატრანსპორტის მძღოლები) – I კლასი.
3.20. პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, სმენის ანალიზატორების ამ კომპონენტების შეფასებისათვის აუცილებელია ქრონომეტრაჟული დაკვირვების მონაცემების აღწერა, ხმაურის პარამეტრების გაზომვა და ამის შედეგად მოსმენილი სიტყვების რაოდენობის დადგენა. ამასთან, ბრძანების მიხედვით, უნდა შეფასდეს სმენადობა 3,5 მდე მანძილზე. ასევე არ არის დასაბუთებული სახმო აპარატზე დატვირთვის კომპონენტში მავნეობის კლასის დადგენისათვის აუცილებელი ფაქტორების არსებობა. ბრძანების მიხედვით, სახმო აპარატის დაძაბულობის ხარისხი დამოკიდებულია მეტყველების დატვირთვის ხანგრძლივობაზე. ხმის გადაძაბვა დამახასიათებელია ხანგრძლივი, დასვენების გარეშე ხმოვანი საქმიანობის დროს. უდიდესი დატვირთვის (კლასი 3.1 ან 3.2) მაგალითად ბრძანებაში მითითებულია ხმოვან-სამეტყველო პროფესიის პირები (პედაგოგები, საბავშვო დაწესებულებების აღმზრდელები, ვოკალისტები, მსახიობები, დიქტორები, ექსკურ-სიამძღოლები და სხვ.). სამუშაო ინსტრუქციის თანახმად, თბომავლის მემანქანე მოძრაობის და მანევრირების დროს ემორჩილება შემადგენლის სიგნალს. შემადგენლის მიერ სიგნალის მიცემის შემდეგ მემანქანე ვალდებულია გაიმეოროს მიცემული სიგნალი, რათა შემადგენელი დარწმუნდეს, რომ მისი მიცემული სიგნალი გაიგო და ამის შემდეგ დაიწყოს მოძრაობა და მენევრირება. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მხარეების განმარტებებით, ექსპერტების ზეპირი განმარტებებით ირკვევა, რომ თბომავლის მემანქანე კავშირისათვის იყენებს ტექნიკურ მოწყობილობას, რაციებს. დასკვნაში ქრონომეტრაჟული დაკვირვებით არ არის აღწერილი, ცვლის განმავლობაში სამუშაოს შესრულების პროცესში ტექნიკური საშუალებების გამოუყენებლად ან მათი მეშვეობით რა სიხშირით და რა სახის სიტყვიერი ბრძანებების ან მითითებების გაცემა უწევს თბომავლის მემანქანეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხმოვანი გადაძაბვა იმის მსგავსად, რაც დამახასიათებელია ხმოვან-სამეტყველო პროფესიის ადამიანებისათვის. სამუშაოს კვლევა არ ჩატარებულა ერთკვირიანი დაკვირვებით, ასევე არც ერთ სრულ სამუშო დღეზე დაკვირვების შედეგად.
3.21. ემოციური დატვირთვის მაჩვენებლით მავნეობის 3.1 კლასი მინიჭებული აქვს ორ კომპონენტში - “საკუთარი საქმიანობის შედეგებზე პასუხისმგებლობის ხარისხი „შეცდომის მნიშვნელობა“ და საკუთარი სიცოცხლის რისკის ხარისხი და პასუხისმგებლობის ხარისხი სხვა პირების უსაფრთხოებაზე“. ბრძანების 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, “საკუთარი საქმიანობის შედეგებზე პასუხისმგებლობის ხარისხი „შეცდომის მნიშვნელობა“ ფასდება შემდეგი გარემოებების საფუძველზე - „ეს მაჩვენებელი მიუთითებს, თუ რა ზომით შეუძლია დასაქმებულს გავლენა იქონიოს საკუთარი შრომის შედეგზე, განხორციელებული საქმიანობის სირთულის სხვადასხვა დონეების დროს. სირთულის ზრდასთან ერთად მატულობს პასუხისმგებლობის ხარისხი, რამდენადაც მცდარ მოქმედებას მივყავართ დამატებით ძალისხმევამდე დასაქმებულის ან მთელი შრომითი კოლექტივის მხრიდან, რაც შესაბამისად იწვევს ემოციური დაძაბვის ზრდას. მაგალითად, ისეთი პროფესიებისათვის, როგორიცაა სამრეწველო საწარმოების ხელმძღვანელები და ოსტატები, ავიადისპეტჩერები, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები და სხვ., დამახასიათებელია პასუხისმგებლობის ყველაზე მაღალი ხარისხი სამუშაოს საბოლოო შედეგისათვის, ხოლო დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება მიგვიყვანოს ტექნოლოგიური პროცესის გაჩერებამდე, ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში სიტუაციის წარმოქმნამდე (კლასი 3.2). თუ დასაქმებული პასუხისმგებელია დავალების ძირითად სახეზე, ხოლო შეცდომები იწვევენ დამატებით ძალისხმევას მთელი კოლექტივის მხრიდან, მაშინ ემოციური დატვირთვა მოცემულ შემთხვევაში უკვე რამდენადმე ნაკლებია (კლასი 3.1): (მედდები, მეცნიერ-მუშაკები, კონსტრუქტორები). იმ შემთხვევაში, როცა პასუხისმგებლობის ხარისხი დაკავშირებულია დამხმარე დავალების ხარისხზე, ხოლო შეცდომა იწვევს დამატებით ძალისხმევას ზემდგომი ხელმძღვანელის მხრიდან (კერძოდ, ბრიგადირი, ცვლის უფროსი და სხვ.), მაშინ ასეთი შრომა მოცემული მაჩვენებლის მიხედვით ხასიათდება კიდევ უფრო ნაკლები ემოციური დაძაბულობის გამოვლინებით (2 კლასი): (ტელეფონისტები, ტელეგრაფისტები). კრიტერიუმების უმცირესი მნიშვნელობა აღინიშნება ლაბორანტების მუშაობაში, სადაც დასაქმებული პასუხისმგებელია პროდუქციის მხოლოდ ცალკეული ელემენტების შესრულებაზე, ხოლო დაშვებული შეცდომის შემთხვევაში, დამატებით ძალისხმევას ადგილი აქვს მხოლოდ თვითონ დასაქმებულის მხრიდან (1 კლასი).
3.22. ბრძანების 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომპონენტის „საკუთარი სიცოცხლის რისკის ხარისხი და პასუხისმგებლობის ხარისხი სხვა პირების უსაფრთხოებაზე“ ფასდება შემდეგი გარემოებების საფუძველზე - „ეს ორი მაჩვენებელი ასახავს ემოციური მახასიათებლის ფაქტორებს. რიგი პროფესიები ხასიათდება პასუხისმგებლობით მხოლოდ სხვა პირების უსაფრთხოებაზე (ავიადისპეტჩერები, ექიმი-რეანიმა-ტოლოგები და სხვ.) და პირად უსაფრთხოებაზე (კოსმონავტები, პილოტები და სხვ.)- 3.2 კლასი. მაგრამ არსებობს მთელი რიგი სამუშაოები, რომლებიც ხასიათდება პასუხისმგებლობით როგორც პირადი, ისე სხვა პირების სიცოცხლისათვის (ექიმი-ინფექ-ციონისტები, ავტოტრანსპორტის მძღოლები და სხვ.). ამ შემთხვევაში ემოციური დატვირთვა მნიშვნელოვნად მაღალია, ამიტომ ეს მაჩვენებელი საჭიროა შეფასდეს, როგორც ცალკეული დამოუკიდებელი სტიმულები. არის მთელი რიგი პროფესიები, სადაც მოცემული ფაქტორები სრულიად არ არსებობს (ლაბორანტები, მეცნიერ-მუშაკები, ტელეფონისტები, ტელეგრაფისტები და სხვ.). მათი შრომა ფასდება, როგორც შრომის დაძაბულობის 1 კლასი“.
3.23. კომპანიის რკინიგზის საამქროს თბომავლის მემანქანის ინსტრუქციის მე-2 მუხლის თანახმად, რკინიგზის საამქროს თბომავლის მემანქანე ოპერატიულად ექვემდებარება რკინიგზის საამქროს ცვლის დისპეტჩერს. ადინისტრაციულად ექვემდებარება საამქროს უფროსს, ცვლის დისპეტჩერის ნებართვის გარეშე არა აქვს უფლება შეასრულოს ვინმეს განკარგულება. ავარიის შემთხვევაში საამქროს ხელმღვანელობის განკარგულება სრულდება დაუყოვნებლივ ცვლის დისპეტჩერისათვის შემდგომი შეტყობინებით; 2.2. პუნქტის მიხედვით, ავარიული სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში, მემანქანე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ცვლის დსიპეტჩერს და იმოქმედოს მისი მითითებით. ავარიის სწრაფად განვითარების საშიშროების შემთხვევაში შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს ზომები ავარიის ლიკვიდაციისათვის. შემდგომ ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ცვლის დისპეტჩერს; 3.7 პუნქტის მიხედვით, თბომავლის მემანქანე ეცნობა ბრძანებების და განკარგულებების წიგნს, განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა გაეცნოს ინსტრუქციას; 3.8 პუნქტის მიხედვით, თბომავლის მემანქანე ვალდებულია ზუსტად და დროულად შეასრულოს მიღებული დავალებები. 3.9 პუნქტის მიხედვით, თბომავლის მემანქანე თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას თბომავლის სწორი რეჟიმით მუშაობაზე. ასევე თბომავლის გაუმართაობის დროულად გამოვლენაზე და თბომავლის გარე და შიდა სისუფთავეზე. თბომავლის მემანქანე თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ შეასრულოს დადგენილი წესდების და ინსტრუქციის თანახმად თბომავლის სარემონტო სამუშოები, მონაწილეობა მიიღოს მექანიკოსთან ერთად თბომავლის ყველა სახის რემონტის ჩატარებაში და მოვალეა, პასუხი აგოს თბომავლის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისათვის; არ დაუშვას შემადგენლობის მოძრაობა, რომლის ტვირთამწეობა აღემატება დასაშვებ ნორმებს და კრიტიკულია მოცემული უბნისათვის. ეკონომიურად ხარჯოს საწვავი, ელექტროენერგია, საცხები, საწმენდი მასალები, გამართულ მდგომარეობაში იქონიოს საჭირო ინვენტარი და აწარმოოს თბომავლის ტექნიკური დათვალიერება; 3.10 პუნქტის მიხედვით, ევალება შეასრულოს დისპეტჩერის ოპერატიული განკარგულება. ასევე ყველა იმ პირის, ვინც პასუხს აგებს მოძრაობაზე და მენევრირებაზე; 3.17 პუნქტის მიხედვით, თბომავლის მემანქანე ვალდებულია განსაკუთრებული სიფრთხილით განახორციელოს იმ ვაგონების სამანევრო სამუშაოები, რომელშიც იმყოფებიან გამცილებლები, არის უგაბარიტო ან საშიში ტვირთით დატვირთული; 3.19 პუნქტის მიხედვით, თბომავლის მემანქანე ვალდებულია თბომავლის მიღება-ჩაბარების დროს ზუსტად დაიცავს შინაგანაწესი. მომდევნო ცვლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში გააგრძელოს მუშაობა დამატებით 2 სთ-ის განმავლობაში; 3.20 პუნქტის საფუძველზე, თბომავლის მემანქანეს ევალება ცვლის დამთავრებისას შეასრულოს სარემონტო სამუშაოები; თბომავალი დაასუფთაოს, აიღოს ზეთის, საწავის და წყლის სინჯები, აწარმოოს ჩანაწერები თბომავლის ტექნიკური დათვალიერების ჟურნალში; 3.21 პუნქტის მიხედვით, თბომავლის მემანქანე პასუხს აგებს გაუმართავი თბომავლის გადაბარებაზე მომდევნო ცვლისათვის; 3.24 პუნქტის მიხედვით, თბომავლის მემანქანე პასუხისმგებელია ძირითადი ინსტრუქციის ზუსტად შესრულებაზე. თბომავლის მემანქანე მოძრაობის და მანევრირების დროს ემორჩილება შემადგენლის სიგნალს. შემადგენლის მიერ სიგნალის მიცემის შემდეგ მემანქანე ვალდებულია გაიმეოროს მიცემული სიგნალი, რათა შემადგენელი დარწმუნდეს, რომ მისი მიცემული სიგნალი გაიგო და ამის შემდეგ დაიწყოს მოძრაობა და მენევრირება.
3.24. ემოციური დატვირთვის მაჩვენებლის ერთ-ერთი კომპონენტია საკუთარი საქმიანობის შედეგებზე პასუხისმგებლობის ხარისხი „შეცდომის მნიშვნელობა“. ამ კომპონენტის შეფასებისათვის მინიშვნელოვანია ის ფაქტორი, თუ რა ზომით შეუძლია დასაქმებულს გავლენა იქონიოს საკუთარი შრომის შედეგზე, განხორციელებული საქმიანობის სირთულის სხვადასხვა დონეების დროს. სირთულის ზრდასთან ერთად მატულობს პასუხისმგებლობის ხარისხი, რამდენადაც მცდარი მოქმედება იწვევს დამატებით ძალისხმევას დასაქმებულის ან მთელი შრომითი კოლექტივის მხრიდან, რაც შესაბამისად იწვევს ემოციური დაძაბვის ზრდას. გარკვეული პროფესიებისათვის დამახასიათებელია, რომ სამუშაოს შესრულებისას დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება გამოიწვიოს ტექნოლოგიური პროცესის გაჩერება ან მნიშვნელოვანი შეფერხება, წარმოქმნას ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რაც ამ ბრძანებით მავნეობის შედარებით მაღალი დონით 3.2 კლასით ფასდება. თუ დასაქმებული პასუხისმგებელია დავალების ძირითად სახეზე, ხოლო შეცდომები იწვევენ დამატებით ძალისხმევას მთელი კოლექტივის მხრიდან, მაშინ ემოციური დატვირთვა მოცემულ შემთხვევაში უკვე რამდენადმე ნაკლებია და ამგვარი სამუშაოს შესრულება ფასდება 3.1 კლასით. დამსაქმებელი კომპანიის თბომავლის მემანქანეს ევალება საწარმოს სხვადასხვა საამქროებიდან ქიმიური წარმოების შედეგად შექმნილი პროდუქციის გამოტანა და გადაზიდვა რკინიგზის სადგურამდე, ასევე ევალება დამსაქმებელი კომპანიის სხვადასხვა საამქროებში წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის გადაზიდვა. ამდენად, მატარებლის შემადგენლობით ხდება სახიფათო ტვირთის გადაზიდვა, რის გამოც გადაზიდვაში მონაწილე ყველა პირს ეკისრება პასუხისმგებლობა მატარებლის შემადგენლობის უსაფრთხო გადაადგილებისათვის, რათა არ წარმოიქმნას ქიმიური ნივთიერებების ან პროდუქციის ვაგონებიდან გაფანტვის და გადმოყრის საშიშროება. ამ კომპონენტის შეფასებისათვის მნიშვნელოვანია ის, თუ სამუშაო მოვალეობის შესრულებისას დაშვებული შეცდომა რა გავლენას მოახდენს საწარმოო პროცესზე და ამ შედეგის აღმოფხვრა რამდენად მარტივი ზომების მიღებით არის შესაძლებელი. პასუხისმგებლობის ხარისხი იზრდება, თუ შეცდომის შედეგად შექმნილი მდგომარეობის აღმოფხვრა შესაძლებელია სხვა დასაქმებულების მონაწილეობით და შედეგები ვერ გამოსწორდება თავად დასაქმებულის მიერ ან საწარმოს მცირე ძალისხმევით. ამ შემთხვევაში ვაგონების გადაადგილების შედეგად წარმოქმნილი საფრთხე ვერ აღმოიფხვრება თვითონ მემანქანის მიერ და ამით გამოწვეული შედეგები უნდა გამოსწორდეს დამსაქმებელი საწარმოს ძალისხმევით.
3.25. ემოციური დატვირთვის მეორე კომპონენტია საკუთარი სიცოცხლის რისკის ხარისხი და პასუხისმგებლობის ხარისხი სხვა პირების უსაფრთხოებაზე. ბრძანების 22-ე მუხლის მიხედვით, ეს მაჩვენებელი საჭიროა შეფასდეს, როგორც ცალკეული დამოუკიდებელი სტიმულები. არის მთელი რიგი პროფესიები, სადაც მოცემული ფაქტორები სრულიად არ არსებობს (ლაბორანტები, მეცნიერ-მუშაკები, ტელეფონისტები, ტელეგრაფისტები და სხვ.). მათი შრომა ფასდება, როგორც შრომის დაძაბულობის 1 კლასი. ინსტრუქციის 3.17 პუნქტის მიხედვით, მიხედვით, თბომავლის მემანქანეს ეკისრება 29 ვალდებულება განსაკუთრებული სიფრთხილით განახორციელოს იმ ვაგონების სამანევრო სამუშაოები, რომელშიც იმყოფებიან გამცილებლები, არის უგაბარიტო ან საშიშო ტვირთით დატვირთული. ინსტრუქცია განსაკუთრებულად აკისრებს ვალდებულებას მემანქანეს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით განხორციელოს მანევრირება, თუ მატარებლის შემადგენლობაში იმყოფებიან გამცილებლები ან სრულდება უგაბარიტო ან საშიში ტვირთის გადაზიდვა. დატვირთვის მონოტონურობა - ა) ელემენტების (მოქმედებების) რიცხვი, რომელიც აუცილებელია მარტივი დავალების ან მრავალგზის განმეორებადი ოპერაციების რეალიზაციისათვის. რაც ნაკლებია შესასრულებელი ელემენტების რიცხვი, მით მაღალია მრავალჯერადი დატვირთვებით განპირობებული შრომითი პროცესის დაძაბულობა. ამ მაჩვენებლის მიხედვით ყველაზე მაღალი დაძაბულობა დამახასიათებელია კონვეიერული შრომის დასაქმებულებისათვის (კლასი 3.1–3.2); ბ) მარტივი საწარმოო დავალებების ან განმეორებადი ოპერაციების შესრულების ხანგრძლივობა წმ-ში. რაც ნაკლებია დრო, შესაბამისად, მეტია დატვირთვის მონოტონურობა. მოცემული მაჩვენებელი, ისევე როგორც წინამორბედი, ყველაზე მეტად გამოხატულია კონვეიერული შრომის დროს (კლასი 3.1–3.2); დატვირთვის მონოტონურობის მაჩვენებლით სამუშაო მავნე პირობებიანად ითვლება, თუ სამუშაოს შესრულება მოითხოვს მარტივი დავალებების შესრულებას ან მრავალგზის განმეორებად ოპერაციების განხორციელებას. ასევე გასათვალისწინებელია ამ სამუშაო პროცესის შესრულებისათვის საჭირო დრო. თბომავლის მემანქანის სამუშაოსათვის დამახასიათებელია მარტივი ერთგვაროვანი დავალებების შესრულება. მას ევალება შემდგენლის სიგნალის საფუძველზე მატარებლის შემადგენლობის მართვა, შემდგენლის შეტყობინების გამეორება და მისი მითითებით შემადგენლობის მოძრაობა, ვაგონების რეცხვა, ტვირთის აწონვა. თბომავლის მემანქანის სამუშაო ერთგვაროვანი, მარტივი და მრავალგზის განმეორებადი მოქმედებებით სრულდება.
3.26. მინისტრის N147/მ ბრძანების მე-13 მუხლის თანახმად, 1. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო ადგილზე მავნე ფაქტორების დონეების ფაქტობრივი მნიშვნელობები ოპტიმალური ან დასაშვები სიდიდეების საზღვრებშია, ამ სამუშაო ადგილზე შრომის პირობები პასუხობს ჰიგიენურ მოთხოვნებს და შესაბამისად მიეკუთვნება 1 ან 2 კლასს; თუკი თუნდაც ერთი ფაქტორის დონე აღემატება დასაშვებ სიდიდეს, ამ შემთხვევაში ასეთ სამუშაო ადგილზე შრომის პირობები, გადამეტების სიდიდის მიხედვით და წინამდებარე სანიტარიული წესების შესაბამისად, როგორც ცალკეული ფაქტორით, ასევე მათი შერწყმით შეიძლება მიეკუთვნოს მე-3 კლასის (მავნე) 1–4 ხარისხის ან მე-4 კლასის (საშიშ) შრომის პირობებს; 2. შრომის პირობების კლასის დასადგენად ზდკ-ის და ზდდ-ის გადამეტება შეიძლება იყოს დარეგისტრირებული ერთი ცვლის განმავლობაში, თუ ის ტიპურია მოცემული ტექნოლოგიური პროცესისათვის. დასაქმებულზე მავნე ფაქტორის (ტიპურის მოცემული ტექნოლოგიური პროცესისათვის, ან არატიპურის და დასაქმებულის ფუნქციური მოვალეობებისათვის შეუსაბამისის) ეპიზოდური (კვირის, თვის განმავლობაში) ზემოქმედებისას მისი აღრიცხვა და შრომის პირობების შეფასება ხორციელდება შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტის მიერ. ამ ნორმის მიხედვით, შრომის პირობების დასაშვები ნორმების გადამეტება შესაძლებელია გამოწვეული იყოს საწარმოო პროცესისათვის დამახასიათებელი ტიპური მახასიათებლებით, ხოლო ამავე ბრძანების მიხედვით, მავნე ფაქტორის ეპიზოდური ზემოქმედების აღრიცხვა და შრომის პირობების შეფასება ხორციელდება შესაბამისი სპეციალისტის მიერ.
3.27. სასამართლოს შეფასებით, ამ შემთხვევაში თბომავლის მემანქანის სამუშაოსათვის, როგორც წესი, დამახასიათებელია მარტივი, ერთგვაროვანი მოქმედებების შესრულება ყოველ ცვლაში ერთ და იგივე მოქმედებებით. ამასთან, „დატვირთვის მონოტონურობის“ მაჩვენებლის კომპონენტით „ელემენტების (მოქმედებების) რიცხვი, რომელიც აუცილებელია მარტივი დავალების ან მრავალგზის განმეორებადი ოპერაციების რეალიზაციისათვის“ თბომავლის მემანქანის სამუშაო მიეკუთვნება მავნე პირობებიან სამუშაოს. მავნეობის კლასი მინიჭებულია მუშაობის რეჟიმის 2 კომპონენტით - სამუშაო დღის ფაქტობრივი ხანგრძლივობა და სამუშაოს ცვლიანობა. მუშაობის რეჟიმი - ა) სამუშაო დღის ფაქტობრივი ხანგრძლივობა, გამოყოფილია დამოუკიდებელ მაჩვენებლად. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ცვლის რიცხვისა და სამუშაოს რიტმისაგან დამოუკიდებლად, საწარმოო პირობებში სამუშაო დღის ფაქტობრივი ხანგრძლივობა მერყეობს 6-8 საათიდან (ტელეფონისტები, ტელეგრაფისტები და სხვ.) 12 საათამდე და მეტი (სამრეწველო დაწესებულებების ხელმძღვანელები). მთელი რიგი პროფესიებისათვის ცვლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 სთ-ს და მეტს (ექიმები, მედდები და სხვ.). რაც უფრო ხანგრძლივია მუშაობა დროის მიხედვით, მით მეტია ჯამური დატვირთვა ცვლაში და, შესაბამისად, მაღალია შრომის დაძაბულობა; ბ) სამუშაოს ცვლიანობა. განისაზღვრება შიდასაწარმოო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც რეგლამენტირებას უწევს შრომის განრიგს მოცემულ საწარმოში, ორგანიზაციაში. ყველაზე მაღალი კლასი–3.2 დამახასიათებელია არარეგულარული ცვლიანობით ღამის სამუშაოებზე (მედდები, ექიმები და ა.შ). თბომავლის მემანქანე მუშაობს დილის 8:00 საათიდან 20:00 საათამდე და 20:00-დან დილის 8:00 საათამდე. ერთ ცვლაში მისი სამუშო დროის ხანგრძლივობაა 12 საათი. ინტრუქციით ასევე ევალება დამატებით 2 საათით მუშაობა, თუ მომდევნო ცვლაში მისი შემცვლელი დასაქმებული არ გამოცხადდება სამუშაო ადგილზე. N147-ნ ბრძანებით 12 საათიანი განრიგის მქონე სამუშაო მავნე პირობებიან სამუშაოდ არის მიჩნეული. ამასთან, მავნე ზემოქმედების ხარისხი დაკავშირებულია ასევე ღამით მუშაობის წესთან. თბომავლის მემანქანის ცვლაში მუშობის განრიგი ითვალისწინებს როგორც დღისით, ასევე ღამით მუშაობას. N147/ნ ბრძანების მიხედვით, ღამით მუშაობის რეჟიმი და ცვლაში 12სთ და მეტი ხანგრძლივობის სამუშაო რეჟიმი მავნე პირობებიან სამუშაოდ მიიჩნევა. ბრძანების 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პროფესიული კუთვნილების (პროფესიის) მიუხედავად მხედველობაში მიიღება ცხრ. №12 ჩამოთვლილი ყველა მაჩვენებელი. შრომითი პროცესის დაძაბულობის ზოგადი შეფასებისათვის დაუშვებელია რომელიმე ცალკე აღებული მაჩვენებლების ამორჩევა. ამ მაჩვენებლიდან თითოეულისათვის ცალკე განისაზღვრება შრომის პირობების კლასი. ამ ნორმის მიხედვით, შრომითი პროცესის დაძაბულობის ზოგადი შეფასების მიზნით მხედველობაში მიიღება ამ ბრძანებით დადგენილი ყველა მაჩვენებელი და უპირატესობა არ ენიჭება რომელიმე მაჩვენებლისათვის მინიჭებულ კლასს. თავის მხრივ, მავნე პირობებიან სამუშაოდ ფასდება თუ 6 და მეტი მაჩვენებელი მიეკუთვნება მავნე პირობებიან სამუშაოს.
3.28. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ თბომავლის მემანქანის სამუშაოს შეფასების მიზნით საქმეში წარმოდგენილია ორი დასკვნა. დამსაქმებლის დაკვეთით შედგენილ დასკვნაში თბომავლის მემანქანეს არ აქვს მინიჭებული მავნეობის კლასი. დასკვნის შედგენამდე ექსპერტები ერთი თვის განმავლობაში იკვლევდნენ და აკვირდებოდნენ დამსაქმებელ კომპანიაში დასაქმებული პირების შრომით საქმიანობას. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შედგენის მიზნით ექსპერტები ერთი სრულ სამუშაო დღეზე ნაკლები დროით დააკვირდნენ თბომავლის მემანქანის სამუშაო პროცესს, დასკვნა გამოიტანეს ქრონომეტრაჟული დაკვირვების გარეშე, რის გამოც, მოპასუხის აზრით, ეს დასკვნა დასაბუთებული არ არის. პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, შრომის დაძაბულობის მაჩვენებლის ყველა კომპონენტის შეფასებისთვის მონაცემების გაზომვა აუცილებელი არ არის და მათი შეფასება შესაძლებელია კონკრეტული სამუშაოს იმ თავისებურებების გათვალისწინებით, რაც დადგენილია ამ სამუშაოს შესრულების ინსტრუქციით და საწარმოს საქმიანობის თავისებურებებით. სასამართლოს შეფასებით, ასეთებია ემოციური დატვირთვა, სამუშაო რეჟიმი, ინტელექტუალური დატვირთვის კომპონენტები.
3.29. შრომის ჰიგიენის ინსტუტუტის მიერ მავნეობის კლასის განსაზღვრის დროს ზოგიერთი კომპონენტის შეფასება დასაბუთებული არ არის. კერძოდ, დასაბუთებული არ არის სენსორული დატვირთის კომპონენტების მიხედვით თბომავლის მემანქანის სამუშოსათვის მავნეობის კლასის მინიჭება. თუმცა ამ დასკვნაში მითითებული შრომის დაძაბულობის მაჩვენებლის 6-ზე მეტ კომპონენტში მინიჭებულია მავნეობის კლასი. დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნაში შრომის დაძაბულობის მიხედვით მავნეობის კლასი არც ერთ კომპონენტში მინიჭებული არ არის, თუმცა ამ ნაწილში დასკვნის აღწერილობით ნაწილში არ არის მითითებული მათი კვლევის დროს გამოვლენილი გარემოებები. შესაბამისად, არ არის შესაძლებელი ერთმანეთს შედარდეს სხვადასხვა ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების დროს გამოვლენილი ფაქტორები. მართალია, კვლევა ჩატარებულია ქრონომეტრაჟული დაკვირვებით, მაგრამ დასკვნაში არ არის მითითებული ბრძანებით განსაზღვრული კომპონენტების შეფასებისათვის განმსაზღვრელი გარემოებების კვლევის აღწერილობა, თბომავლის მემანქანის სამუშაო პროცესზე დაკვირვების დროს გამოვლენილი სამუშაოს ის თავისებურებები, რაც ექსპერტებმა არ მიიჩნიეს მავნე სამუშაოდ შეფასების საფუძვლებად.
3.30. ექსპერტიზის დასკვნის შეფასებასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ დასკვნის შეფასებისათვის უმნიშვნელოვანესია დასკვნის აღწერილობითი ნაწილი, საექსპერტო კვლევის დროს გამოვლენილი გარემოებები და ამ გარემოებების შეფასების მიზნით ექსპერტების მიერ განვითარებული მსჯელობა. პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, დასკვნის დასაბუთებულობა საექსპერტო კვლევის შეფასებიდან, ექსპერტების არგუმენტების შინაარსიდან გამომდინარეობს. საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნების არსებობის პირობებში ყურადღება უნდა მიექცეს დასკვნაში გამოკვლეულ გარემოებებს და მათი შეფასების მიზნით ექსპერტების არგუმენტებს. თითოეულ დასკვნაში მითითებული გარემოებების ურთიერთშედარებით და ამის შედეგად მათი შეფასებით უნდა დადგინდეს სამუშაოს შესრულების პროცესზე მოქმედი ფაქტორების არსი. N147/ნ ბრძანებით დადგენილია, რომ სამუშაო პროცესზე მავნე ზეგავლენის ხარისხი უნდა შეფასდეს არა მარტო ფიზიკური ფაქტორების, არამედ შრომის სიმძიმის და დაძაბულობის მაჩვენებლების შეფასების საფუძველზე. ამასთან, თითოეული მაჩვენებლისათვის დამახასიათებელი კომპონენტები ცალკე ფასდება და არა მათი სირთულის ან მნიშვნელობის მიხედვით. იმის მიხედვით, თუ რამდენ კომპონენტს მიენიჭება მავნეობის კლასი, სამუშაო პოზიცია ფასდება მავნე სამუშაოდ. დამსაქმებლის ინიციატივით ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნაში არ არის მითითებული სამუშაოზე დაკვირვების დროს სამუშაოს დაძაბულობის და სიმძიმის რა კომპონენტები გამოვლინდა და ეს გარემოებები როგორ შეაფასეს კვლევის ჩამტარებელმა სპეციალისტებმა. დასაქმებულის ინიციატივით ჩატარებული კვლების შედეგად შრომის დაძაბულობის 6-ზე მეტ მაჩვენებს მინიჭებული აქვს მავნეობის კლასი, რის გამო N147/ნ ბრძანების საფუძველზე მოსარჩელის სამუშაო პოზიცია მიიჩნევა მავნე პირობებიან სამუშაოდ. ამ გარემოებების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ დასაქმებულის მიერ წარმოდგენილი დასკვნით დასტურდება, რომ დამსაქმებელი რკინიგზის საამქროს თბომავლის მემანქანის სამუშაო სამუშაოს დაძაბულობის მაჩვენებლით მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოს განეკუთვნება, რის გამოც დასაქმებული უფლებამოსილია მიიღოს კანონით და დამსაქმებლის გადაწყვეტილებით დადგენილი ფულადი ანაზღაურება - საშვებულებო და სახელფასო დანამატი.
3.31. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაასკვნა, რომ გამოვლენილია მოსარჩელის მოთხოვნის საშვებულებო და სახელფასო დანამატის ანაზღაურების შესახებ, სშკ-ის 41-ე მუხლის საფუძველზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი. სასამართლოს განმარტებით, დავის საგანი არა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით შეთანხმებული ხელფასის გადაუხდელობით წარმოშობილი სახელფასო დავალიანების გადახდაა, არამედ დამსაქმებლის გადაწყვეტილებით დადგენილი სახელფასო დანამატის ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე, წინა სამი წლის პერიოდში, გადაუხდელი სახელფასო დანამატის 1800 ლარის გადახდა. სასამართლოს შეფასებით, ყოველთვიური სახელფასო დანამატის 50 ლარის მოთხოვნის უფლება კომპანიაში მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან პოზიციაზე დასაქმებულს წარმოეშვა დამსაქმებლის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე, რომელიც გამოცემულია 2021 წლის 17 სექტემბერს. მხარეებს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების 1.8 პუნქტის მიხედვით, შრომის ანაზღაურება - ხელფასი გადაიხდება თვეში ერთხელ, არა უგვიანეს მომდევნო თვის 7-დან 14 რიცხვამდე. შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება დამსაქმებლის საშტატო განრიგის, შრომის ანაზღაურების შესახებ მოქმედი დებულებების და ბრძანებით დადგენილი დანამატების შესაბამისად. კომპანიაში მძინე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულებისათვის შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიური სახელფასო დანამატის გადახდის ვალდებულება წარმოშობილია დამსაქმებლის 2021 წლის 17 სექტემბრის ბრძანებით, რომლითაც განსაზღვრულია დანამატის გადახდა 2021 წლის 1 სექტემბრიდან. სახელფასო დანამატის გადახდის წესი არ არის გათვალისწინებული სშკ-ით. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელფასო დანამატის ყოველთვიურად მიღების უფლება წარმოეშვა ამ ბრძანების საფუძველზე 2021 წლის 1 სექტემბრიდან. ყოველივე ამის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს, ხელფასის დანამატი მიიღოს 2021 წლის 1 სექტემბრიდან. განსახილველი სარჩელი აღძრულია 2022 წლის 17 ოქტომბერს, მოსარჩელე მოითხოვს სარჩელის აღძვრამდე სამი წლის პერიოდში გადაუხდელი სახელფასო დანამატის დაკისრებას, საიდანაც საფუძვლიანია 2021 წლის სექტემბრის შემდგომ პერიოდში სახელფასო დანამატის მიღების მოთხოვნა, რადგან 2021 წლის სექტემბრამდე ამ საფუძვლით სახელფასო დანამატის გადახდა კომპანიაში დადგენილი არ იყო, ხოლო სშკ-ი მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოზე დასაქმებულებისათვის სახელფასო დანამატის გადახდის წესს, როგორც უკვე აღინიშნა, არ ითვალისწინებს. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ოქტომბრამდე მისაღები სახელფასო დანამატის - თვეში 50 ლარის გადახდა. მოსარჩელემ მოითხოვა, დამსაქმებელს დაევალოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან დასაქმებულს გადაუხადოს ყოველთვიური სახელფასო დანამატი თვეში - 50 ლარი. სასამართლოს შეფასებით განსახილველ საქმეში დავის ძირითადი არსი მდგომარეობს თბომავლის მემანქანის სამუშაოს მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოდ აღიარებაში. ასეთი სამუშაოს შესრულებისათვის დამსაქმებლის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულია დასაქმებულისათვის სახელფასო სარგოზე დამატებით 50 ლარის სახელფასო დანამატის გადახდა. დასაქმებული ამ სახელფასო დანამატს ამ დროისათვის ვერ იღებს იმის გამო, რომ სადავოა მისი სამუშაოს მავნე სამუშაოსადმი მიკუთვნების საკითხი. შესაბამისად, მოსარჩელის სამუშაოს მავნე სამუშაოდ აღიარების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, დამსაქმებელს, კანონის საფუძველზე, წარმოეშობა საშვებულებო დანამატის და მისივე გადაწყვეტილებით დაწესებული სახელფასო დანამატის გადახდის ვალდებულება. აქედან გამომდინარე სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგი თავისთავად არის კანონის საფუძველზე წარმოშობილი მოპასუხის ვალდებულება, გადაუხადოს მოსარჩელეს მავნე პირობებიანი სამუშაოს შესრულებისათვის შრომის კოდექსით და დამსაქმებელი კომპანიის შინაგანაწესით და მისივე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ყველა ფულადი გადასახდელები, რის გამოც სასამართლოს მიაჩნა, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სახელფასო დანამატის გადახდის ვალდებულების დაკისრება გადაწყვეტილებით აუცილებელი არ არის.
3.32. ამ შემთხვევაში საკითხი შეეხება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულისთვის საშვებულებო დანამატის ანაზღაურებას. მხარეების განმარტების თანახმად, მოსარჩელის სამუშაო პოზიცია მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოდ აღიარებული არასდროს ყოფილა. ეს საკითხი დასაქმებულის მხრიდან არ წამოჭრილა 2021 წლამდე. დასაქმებულის პრეტენზიის საპასუხოდ დამსაქმებელმა ჩაატარა კვლევა საწარმოში დასაქმებულების სამუშაო პირობების შეფასების მიზნით. დამსაქმებლის დაკვეთით დასკვნა მომზადებულია 2022 წლის იანვარში. ამდენად, 2021 წლამდე მხარეებს შორის სადაო არ ყოფილა თბომავლის მემანქანის სამუშაო პოზიციის მავნეობის საკითხი.
3.33. პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მოთხოვნა გაუდაუხდელი საშვებულებო დანამატის ანაზღაურების დაკისრების შესახებ, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო შემდეგი საფუძვლების გამო: მოსარჩელე მოითხოვს სარჩელის აღძვრამდე წინა სამი წლის პერიოდის საშვებულებო დანამატის ანაზღაურებას. ამ მოთხოვნის, ისევე როგორც სახელფასო დანამატის მოთხოვნის საწინააღმდეგო ერთ-ერთ არგუმენტად მოპასუხემ მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. სასამართლოს შეფასებით, სამი წლის განმავლობაში გამოუყენებელი საშვებულებო ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა არ გამომდინარეობს სშკ-ის 35-ე მუხლიდან, რომლის მიხედვით დასაშვებია გამოუყენებელი შვებულების გადატანა შემდგომი წლების განმავლობაში არა უმეტეს ზედიზედ ორჯერ. ამავე კოდექსის ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე თუკი დასაქმებული არ გამოიყენებს შვებულების მომდევნო წელს გადატანის შესაძლებლობას, შვებულების უფლება ქარწყლდება. შრომის კოდექსით ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლება დადგენილია ყოველწლიურად, ხოლო გამოუყენებელი შვებულებით მომდევნო წელს სარგებლობა დასაშვებია, თუკი დამსაქმებელი მოითხოვს გამოუყენებელი შვებულების გადატანას. თუკი დასაქმებული შვებულების გადატანას არ მოითხოვს, შესაბამისი წლის შვებულების უფლება გარწყლდება. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დასაქმებულს გამოყენებული აქვს ყოველწლიური შვებულება სშკ-ის 35-ე მუხლით დადგენილი ოდენობით - 2019 წელს 24 სამუშაო დღე; 2020 წელს - 24 სამუშაო დღე, 2021 წელს - 24 სამუშაო დღე და 2022 წელს - 24 სამუშაო დღე. ამდენად, სარჩელის აღძვრამდე სამწლიან პერიოდში, ყოველ შესაბამის წელს, მოსარჩელეს აქვს გამოყენებული ყოველწლიური შვებულება და შვებულება მომდევნო წლისათვის გადატანილი არ ყოფილა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ შვებულების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი სარგებლობა დადგენილია ყოველწლიურად, ხოლო გამოუყენებელი შვებულებების დრო თავისთავად არ ჯამდება. დასაქმებულმა უნდა მოითხოვოს გამოუყენებელი შვებულების გადატანა, რაც დასაშვებია არ უმეტეს ორჯერ. გამოუყენებელი შვებულებით სარგებლობა შესაძლებელია მომდევნო 2 წლის განმავლობაში. სადავო შემთხვევაში საკითხი არ შეეხება გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას, მოსარჩელემ სადავო წლებში ყოველ წელს ისარგებლა კანონით დადგენილი დროით განსაზღვრული შვებულებით. თბომავლის მემანქანის და სხვა სამუშაო პოზიციების თავისებურებების კვლევა დამსაქმებლების პრეტენზიების საპასუხოდ დაიწყო 2022 წელს, რის გამოც მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებული პირებისათვის დადგენილი დამატებითი შვებულების თანხის მოთხოვნის უფლების რეალიზაცია შესაძლებელია 2022 წლისათვის. ”ყოველწლიური ფასიანი შვებულების“ შესახებ კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით, ყოველი პირი, რომელიც შვებულებაში გადის წინამდებარე კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, შვებულების მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში იღებს: ა) ან თავის ჩვეულებრივ გასამრჯელოს, რომელიც გამოთვლილია ეროვნული კანონებით ან წესებით, მისი ნატურით ანაზღაურების, თუ ასეთი არსებობს, ფულადი ეკვივალენტის დანამატით; ბ) ან კოლექტიური შეთანხმებით განსაზღვრულ გასამრჯელოს. შვებულების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ დასაქმებულს უფლება აქვს, მოითხოვოს საშვებულებო ანაზღაურება გამოუყენებელი შვებულებისათვის, რაც გულისხმობს უფლებას, დასაქმებულმა მიიღოს ანაზღაურება იმ შვებულებისათვის, რომლის უფლება გაქარწყლებული არ ყოფილა და აქედან გამომდინარე ამ შვებულების დროით სარგებლობის უფლება მას შენარჩუნებული აქვს. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვებულების ამ სამართლებრივი თავისებურების გამო საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის აღძვრის წინა პერიოდისათვის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოს შესრულებისათვის დამატებითი შვებულების ანაზღაურების შესახებ, რადგან მავნე სამუშაოდ მისი სამუშაოს პოზიციის აღიარების პირობებში მოსარჩელე ყოველწლიურად ისარგებლებდა საშვებულებო დანამატით. სადაო შემთხვევაში თბომავლის მემანქანის სამუშაოს მავნე სამუშაოდ აღიარების საკითხის შესწავლა დამსაქმებლების მოთხოვნით დაიწყო 2021 წელს, რის გამოც სარჩელის აღძვრის წინა პერიოდის შვებულებიდან მოსარჩელე უფლებამოსილია მიიღოს სარჩელის აღძვრამდე წინა ერთი წლის საშვებულებო დანამატის - 10 დღის საშვებულებო დანამატის მიღება.
3.34. მოპასუხემ სახელფასო და საშვებულებო დანამატის ანაზღაურების მოთხოვნის საწინააღმდეგოდ მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე. წერილობით შესაგებელში, მოსამზადებელ სხდომებზე და საქმის მომზადების ეტაპზე წარმოდგენილ წერილობით განმარტებებში მოპასუხეს ხანდაზმულობის შესახებ არ მიუთითებია. სშკ-ის 74-ე მუხლის მიხედვით, პირს უფლება აქვს, ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის გარდა, ამ კანონიდან გამომდინარე სხვა სარჩელით სასამართლოს მიმართოს 1 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მან შეიტყო ან მას უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამ ნორმის მიხედვით, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის გარდა, სხვა შრომით-სამართლებრივ მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა არის 1 წელი, რაც აითვლება იმ დროიდან, როცა დასაქმებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლოს შეფასებით, ხანდაზმულობაზე მოპასუხის შედავება დაგვიანებით არის განცხადებული, რის გამოც ამ საკითხს სასამართლო ვერ შეაფასებს (საქალაქო სასამართლოში ერთხელ გაიმართა მოსამზადებელი სხდომა, 2017 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე მოსამართლემ მხარეებს აცნობა, რომ მორიგი სხდომა მთავარი სხდომა იქნებოდა (იხ. სხდომის ოქმი - 15:26:28). მოპასუხემ სარჩელის ხანდაზმულობაზე მთავარ სხდომაზე მიუთითა, რაც მხარის მიერ მოთხოვნისაგან თავდასაცავად წარდგენილი შედავების დაგვიანებული ეტაპია, რადგან საქმის არსებითად განხილვამდე არის ვალდებული თითოეული მხარე განაცხადოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება და წარადგინოს მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც უკეთესად და სარწმუნოდ წარმოაჩენს თითოეულის პოზიციას. მოპასუხეს ხანდაზმულობის თაობაზე სასამართლოს მთავარ სხდომამდე არ განუცხადებია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი) 219-ე მუხლის მიხედვით, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ამ ნორმის საფუძველზე ხანდაზმულობის შესახებ მოპასუხის შედავება განცხადებულია შესაბამისი საპროცესო ეტაპის დასრულების შემდეგ, რის გამოც სსსკ 219-ე მუხლის საფუძველზე ხანდაზმულობასთან დაკავშირებული გარემოებები სასამართლომ ვერ შეაფასა).
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
4.1.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ (დამსაქმებელმა კომპანიამ), რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
4.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და დასაქმებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც სააპელაციო საჩივარი, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილებულიყო.
4.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით დადგენილია:
4.4.1. მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში დასაქმებულია რკინიგზის საამქროში თბომავლის მემანქანის პოზიციაზე. მხარეებს შორის ჩამოყალიბებულია განუსაზღვრელი ვადით შრომითი ურთიერთობა.
4.4.2. დამსაქმებელი კომპანიის დირექტორის 2021 წლის 17 სექტემბრის N471 ბრძანებით ორგანიზაციაში მომუშავე დასაქმებულებს, რომელთაც განსაზღვრული ექნებოდათ მავნე პირობებში მომუშავის სტატუსი, მიეცემოდათ დამატებით 10-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება და მავნე პირობებში მუშაობისათვის გადაეხდებოდათ სახელფასო დანამატი 50 ლარის (დარიცხული) ოდენობით. ბრძანების ამ პუნქტით დადგენილი ცვლილებები განხორციელდა 2021 წლის 1 სექტემბრიდან.
4.4.3. დამსაქმებელ კომპანიასა და შპს „კ-კ.ო.ს–ის“ შორის , 2022 წლის 10 იანვარს, დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც შეფასდა დამკვეთის (დამსაქმებელი კომპანია) სამუშაო ადგილზე სამუშაო პირობების ატესტაცია მავნეობის კლასის განსაზღვრის მიზნით. შპს „კ-კ.ო.ს–ის“ მიერ 2022 წლის 27 თებერვალს შედგენილია დასკვნა დამსაქმებელ კომპანიაში რკინიგზის საამქროში სამუშაო ადგილებზე, მავნებლობის კლასის განსაზღვრის მიზნით, სამუშაო პირობების ატესტაციის შესახებ. დასკვნაში მითითებულია, რომ დამსაქმებელი კომპანიის რკინიგზის საამქროში განხორციელდა სამუშაო პროცესზე დაკვირვება და შესწავლილი იქნა თითოეულ პოზიციაზე, დასაქმებულზე მოქმედი გარემო ფიზიკური ფაქტორები. განხორციელებული სამუშაოს მიზანი იყო, დაედგინათ შრომის პირობების ჰიგიენური კლასები, საწარმოო გარემოს ფაქტორების და სამუშაოს მავნეობის მიხედვით. საამქროში განხორციელდა სამუშაო კატეგორიების განსაზღვრა თითოეული პოზიციისათვის და შემდეგი გარემო ფიზიკური ფაქტორების გაზომვებით: ა) მიკროკლიმატი (ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე); ბ) ხმაური; გ) ვიბრაცია; დ) შრომის პროცესის სიმძიმე [მოცემული ფიზიკური ფაქტორების ზღვრულად დასაშვები დონეები (ზდდ) და მავნეობის მაჩვენებლები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით].
4.4.4. მიკროკლიმატის აღწერაში მითითებულია, რომ მიკროკლიმატის მაჩვენებლების პარამეტრების გაზომვა მოხდა წლის ცივ პერიოდში, გაზომვის მიზანი იყო, დაედგინათ საამქროში არსებული მიკროკლიმატის შესაბამისობა საქართველოს მთავრობის N69 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის საქარხნო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნა ოპტიმალურ, დასაშვებ და მავნე მიკროკლიმატურ პირობებთან მიმართებაში. გაზომვითი სამუშაოები ჩატარდა საამქროს მთელ ტერიტორიაზე, დასაქმებულთა თითოეულ პოზიციაზე, თითოეულ სამუშაო ადგილზე როგორც დღის, ასევე ღამის სამუშაო საათებში, გაზომვების შედეგების მიხედვით, რკინიგზის საამქროში არსებული სამუშაო პოზიციებისათვის მიკროკლიმატური პარამეტრები შეესაბამება ოპტიმალური მაჩვენებელს, გარდა შემდეგი პოზიციებისა: ა) თბომავლის მემანქანე და ბ) კოვშიანი ამწის მემანქანე. მოცემული პოზიციებისათვის მიკროკლიმატური პარამეტრები შეესაბამება დასაშვებ ნორმას. მიკროკლიმატის დასაშვები პირობები დადგენილია ადამიანის დასაშვები თბური და ფუნქციური მდგომარეობის კრიტერიუმების მიხედვით. ისინი არ იწვევენ დაზიანებას, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის დარღვევას, მაგრამ ძალუძთ სითბური დისკომფორტის ზოგადი ან ლოკალური შეგრძნებების აღძვრა, თერმორეგულაციის მექანიზმების დაძაბვა, თვითშეგრძნების გაუარესება და შრომისუნარიანობის დაქვეითება.
4.4.5. ხმაურის შეფასების შესახებ დასკვნაში მითითებულია, რომ ჩატარებული გაზომვების მიზანია, დაადგინოს საამქროში არსებული ხმაურის დონე. შედეგი შედარდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 297/ნ ბრძანებით ,,გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ’’ განსაზღვრულ ნორმებს. მოხდა შრომის კლასის დადგენა, საამქროში დასაქმებულთა თითოეული პოზიციისათვის, რკინიგზის საამქროში ჩატარებული გაზომვების შედეგად გამოვლინდა, რომ ხმაურის დონე არ აღემატება ზღვრულად დასაშვენ ნორმებ;
4.4.6. ვიბრაციის შესახებ დასკვნაში მითითებულია, რომ მოხდა IIIა კატეგორიის (ვიბრაცია სამრეწველო საწარმოს შენობებში, მუდმივ სამუშაო ადგილებზე) ვიბრაციის გაზომვა თბომავლის მემანქანის პოზიციებზე. ჩატარებული გაზომვის შედეგების მიხედვით, ზოგადი ვიბრაციის მაჩვენებელი არ აღემატება ზღვრულად დასაშვებ დონეს. დასკვნაში მითითებულია შრომის პირობების კლასები შრომითი პროცესის სიმძიმის მაჩვენებლების მიხედვით, შრომითი სიმძიმის მაჩვენებლების მიხედვით გამოვლინდა პოზიციები, რომელთაც მიენიჭათ მავნეობის კლასი 3.2. კერძოდ, ა) მატარებლის შემდგენელი და ბ) ლიანდაგის შემკეთებელი. მოცემულ შედეგები ემყარება საქართველოს შრომის, ჯანმრთეობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N 147/ნ ბრძანებას მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე, ცხრილი N 12.
4.5. შპს „კ-კ.ო.ს–ის“ მიერ საბოლოო დასკვნა დამსაქმებელ კომპანიაში სამუშაო ადგილზე სამუშაო პირობების ატესტაციის შესახებ შედგენილია 2022 წლის 16 აპრილს, რომლის თანახმად, კომპანიაში რკინიგზის საამქროში მავნეობის კლასი მინიჭებული აქვთ მატარებლის შემდგენელს და ლიანდაგის შემკეთებელს.
4.6. დასაქმებულის დაკვეთით დამსაქმებელი კომპანიის რკინიგზის საამქროში თბომავლის მემანქანის სამუშაო ადგილზე შრომის პირობების ჰიგიენური შეფასების ოქმი 2023 წლის 4 აპრილს შეადგინა ნ. მ–ძის სახელობის შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა. ამ დასკვნის საფუძველზე მოსარჩელე მოითხოვს მისი სამუშაო პოზიციის მავნე სამუშაოდ აღიარებას.
4.6.1. დასკვნაში მითითებულია თბომავლის მემანქანის ქრონომეტრაჟული დაკვირვების შემდეგი შედეგები: თბომავლის მემანქანე მუშაობს დილის 8:00 საათიდან 20:00 საათამდე და 20:00-დან დილის 8:00 საათამდე. ცვლებს შორის სამი დღე აქვს დასვენება. ცვლაში ორი მემანქანეა. საწარმოში უწევს ცისტერნებისა და ვაგონების შეყვანა, წყალმომარაგებაში, ძველ და ახალ ცაინებში, გვარჯილაში, ზეთის საამქროში და სხვა საამქროებში, საჭიროების შემთხვევაში უწევს ფილტრების გამოცვლა, რედუქტორების რეცხვა, ზეთის ჩამატება. ქრონომეტრაჟული დაკვირებით განსაზღვრულია თბომავლის მემანქანის შრომის პირობები სიმძიმის და დაძაბულობის მაჩვენებლის მიხედვით.
4.6.2. შრომის სიმძიმის დამახასიათებელი ფაქტორები შეფასდა: ა) ფიზიკური დინამიური დატვირთვის; ბ) ხელით აწეული და გადაადგილებული ტვირთის მასის; გ) სტერეოტიპული სამუშაო მოძრაობების; დ) სტატიკური დატვირთვა; ე) სამუშაო პოზის; ვ) ცვლის განმავლობაში სხეულის დახრის (30 გრადუსზე მეტით) რაოდენობით; ზ) ტექნილოგიურ პროცესით განოპირობებული გადაადგილებით სივრცეში. აღნიშნულ ნაწილში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პარამეტრი მიჩნეული იქნა დასაშვებ ფარგლებში (სიმძიმე არაუმეტს 2.0 კლასი) [შვიდივე მონაცემის შეჯამებით დადგინდა, რომ თბომავლის მემანქანის შრომის პირობები სიმძიმის მაჩვენებლის მიხედვით განეკუთვნება დასაშვებ 2.0 კლასს, რადგან შრომის სიმძიმის საბოლოო შეფასება დგინდება იმ მაჩვენებლის მიხედვით, რომელსაც მიკუთვნებული აქვს სიმძიმის მაღალი ხარისხი].
4.6.3. ამავე დასკვნით შეფასდა შრომის დაძაბულობის დამახასიათებელი ფაქტორები შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- ინტელექტუალური ხასიათის დატვირთვა, რომლის ფარგლებშიც ფუნქციების განაწილება დავალების სირთულის ხარისხის მიხედვით: შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით დაძაბულობის სიმძიმე განისაზღვრა 3.1 კლასით, ასევე შესრულებული სამუშოს ხასიათი: შესრულებული სამუშაოს ხასიათის მიხედვით დაძაბულობა შეფასდა 3.1 კლასით; (აღნიშნული მონაცემი აღემატება დასაშვებ ზღვარს).
- სენსორული დატვირთვა, რომლის ფარგლებშიც: გულისყურით დაკვირვის ხანგრძლივობის მიხედვით დაძაბულობა მავნეობა განისაზღვრა 3.1 კლასით, ასევე სიგნალის და შეტყობინების სიმჭიდროვის მიხედვით დაძაბულობის მავნებლობა განისაზღვრა 3.1 კლასით; ამავე მონაცემში სმენის ანალიზატორების მიხედვით, დაძაბულობის ხარისხი განისაზღვრა 3.1 კლასით და დატვირთვა სახმო აპარატზე კვირის განამვლობაში ნალაპარაკევი საათების ჯამური რაოდენობის მიხედვით, შრომის დაძაბულობა შეფასდა 3.1 კლასით;
- ემოციური დატვირთვის ნაწილში, საკუთარი საქმიანობის შედეგებზე პასუხისმგებლობის ხარისხის და შედომის მნიშვნელობის მიხედვით შრომის დაძაბულობის მავნებლობა შეფასდა 3.1. კლასით, ასევე საკუთარი სიცოცხლის რისკის ხარისხი და პასუხისმგებლობის ხარისხი სხვა პირების უსაფრთხოებაზე მოსალოდნელად იქნა მიჩნეული, რის გამოც შრომის დაძაბულობა შეფასდა 3.1 კლასით;
- დატვირთვის მონოტონურობის ნაწილში, სიმძიმე შეფასდა 3.1 კლასით; - მუშაობის რეჟიმის თვალსაზრისით, სამუშო დღის ფაქტიური ხანგრძლივობა 12 სთ. მიჩნეული იქნა მავნედ და განისაზღვა 3.1. კლასით; ასევე სამუშაოს შესრულება ღამის ცვლაში დამატებით დაძაბულობად იქნა მიჩნეული და მიენიჭა 3.1 კლასი. საბოლოოდ მოხმობილი დასკვნის შესაბამისად, თბომავლის მემანქანის შრომის პირობები შრომის დაძაბულობის მიხედვით მიკუთვნებული იქნა მავნე - 3.2 კლასს, რადგან 6-ზე მეტი მაჩვენებელს მიკუთვნებული აქვს 3.1 კლასი.
4.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე/დასაქმებული მოითხოვს მის მიერ დამსაქმებელ კომპანიაში დაკავებული პოზიციის - თბომავლის მემანქანის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოდ მიჩნევას/აღიარებას, რათა დასაქმებულმა ისარგებლოს შესაბამისი შეღავათებით (დამატებითი 10 დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით და სახელფასო დანამატით). მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დაძაბულობის გათვალისწინებით, თბომავლის მემანქანის პოზიცია მიჩნეულია მავნე სამუშაოდ. აღნიშნულის საპირისპიროდ, დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით შედავებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, თბომავლის მემანქანის პოზიცია, დატვირთულობიდან გამომდინარე, არ არის მიჩნეული იმგვარ საქმიანობად, რომელიც კანონით განსაზღვრული საგამონაკლისო შეღავათით შესაძლოა სარგებლობდეს. ამდენად, მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს კვლევის საგანია დამსაქმებელ კომპანიაში განსაზღვრული სამუშაო პოზიცია - თბომავლის მემანქანე მიეკუთვნება თუ არა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხას.
4.7.1. თავის მხრივ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოს ნუსხა დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის N147-ნ ბრძანებით „მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის“ დამტკიცების თაობაზე, თუმცა მითითებული ბრძანება კითხვაზე ზუსტ პასუხს არ იძლევა, რის გამოც საჭირო არის შესაბამისი სპეციფიკური ცოდნის მქონე ექსპერტების მიერ საკითხის დამატებითი შესწავლა და შეფასების გაკეთება თავად ამ ბრძანებაში მოცემული კრიტერიუმებისა და მეთოდების გათვალისწინებით.
4.8. სასამართლოს განმარტებით, მოქმედი სშკ-ის IX თავით განსაზღვრულია შრომის პირობების დაცვა, კერძოდ, 45-ე მუხლით განმტკიცებულია მუშაკთა უფლება უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფასთან მიმართებით. მოხმობილი ნორმის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოთი. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს გონივრულ ვადაში მიაწოდოს მის ხელთ არსებული სრული, ობიექტური და გასაგები ინფორმაცია ყველა ფაქტორის შესახებ, რომლებიც მოქმედებს დასაქმებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებაზე. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხა, შრომის უსაფრთხოების წესები, მათ შორის, დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარების შემთხვევები და წესები, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4.9. „შრომის უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,მ’’, ,,ნ’’ და ,,ო’’ პუნქტებით განსაზღვრულია მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოს ცნებები. კერძოდ, მოხმობილი ნორმის შესაბამისად: - მძიმე სამუშაოდ მიიჩნევა, სამუშაო პროცესი, რომელიც ზემოქმედებას ახდენს უპირატესად ადამიანის ორგანიზმის საყრდენ-მამოძრავებელ აპარატსა და ფუნქციურ სისტემებზე (გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და სხვა), რომლებიც უზრუნველყოფს მის საქმიანობას, და რომელიც ხასიათდება ფიზიკური დინამიკური დატვირთვით, ასაწევი და გადასაადგილებელი ტვირთის მასით, სტერეოტიპული სამუშაო მოძრაობების საერთო რაოდენობით, სტატიკური დატვირთვის სიდიდით, სამუშაო პოზის ფორმით, სხეულის დახრის ხარისხით და სივრცეში გადაადგილებით; - მავნე სამუშაოდ განიხილება საწარმოო გარემო ან/და სამუშაო პროცესი, რომლის ადამიანზე ზემოქმედებას გარკვეულ პირობებში (ინტენსივობა, ხანგრძლივობა და სხვა) შეუძლია გამოიწვიოს პროფესიული დაავადება, შრომისუნარიანობის დროებითი ან მდგრადი დაქვეითება, გაზარდოს სომატური და ინფექციური დაავადებების სიხშირე და დაარღვიოს შთამომავლობის ჯანმრთელობა; - საშიშპირობებიან სამუშაოდ განიხილება საწარმოო გარემო ან/და სამუშაო პროცესი, რომელიც შეიძლება გახდეს მწვავე დაავადების, ადამიანის ჯანმრთელობის უეცარი, მკვეთრი გაუარესების ან გარდაცვალების მიზეზი;
4.10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ამა თუ იმ სამუშაოსათვის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოდ აღიარების საფუძვლები და წესები ასევე დადგენილია მინისტრის ბრძანებით, რომლითაც დამტკიცებულია “მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა თანდართული ნუსხა”. ასევე დადგენილია “შრომის პირობების ჰიგიენური კლასიფიკაცია საწარმოო გარემოს ფაქტორებისა და სამუშაოს მავნეობისა და საშიშროების მიხედვით”. ეს უკანასკნელი ადგენს, თუ რა ფაქტორების გამო მიიჩნევა ესა თუ ის სამუშაო პოზიცია მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოდ და როგორ უნდა ჩატარდეს ამ მიზნით შესასრულებელი სამუშაოს თავისებურებების კვლევა.
4.10.1. ბრძანების დანართი N2 ადგენს შრომის პირობების ჰიგიენური კლასიფიკაციას საწარმოო გარემოს ფაქტორებისა და სამუშაოს მავნეობისა და საშიშროების მიხედვით. დანართის მე-2 მუხლის მიხედვით:
- შრომის ჰიგიენა არის პროფილაქტიკური მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს შრომის პირობებს და ხასიათს, მათ გავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და ფუნქციურ მდგომარეობაზე; შეიმუშავებს დასაქმებულებზე საწარმოო გარემოს და შრომითი პროცესის ფაქტორების მავნე და საშიში ზემოქმედების პროფილაქტიკის მეცნიერულ საფუძვლებს და პრაქტიკულ ღონისძიებებს;
- შრომის პირობები განმარტებულია, როგორც შრომითი პროცესისა და საწარმოო გარემოს ფაქტორების ერთობლიობა, რომელშიც ხორციელდება ადამიანის საქმიანობა;
- მავნე საწარმოო ფაქტორი არის საწარმოო გარემოსა და შრომითი პროცესის ფაქტორი, რომლის ზემოქმედებას ადამიანზე გარკვეულ პირობებში (ინტენსივობა, ხანგრძლივობა და სხვ.) შეუძლია გამოიწვიოს პროფესიული დაავადება, შრომისუნარიანობის დროებითი ან მდგრადი დაქვეითება, აამაღლოს სომატიური და ინფექციური დაავადების სიხშირე, მიგვიყვანოს შთამომავლობის ჯანმრთელობის დარღვევამდე;
- საწარმოო გარემოს ფაქტორებია: ა) ფიზიკური ფაქტორები (ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე, სითბური გამოსხივება; არამაიონებელი გამოსხივება; მაიონებელი გამოსხივება*; საწარმოო ხმაური, ულტრაბგერა, ინფრაბგერა; ვიბრაცია; აეროზოლები (მტვერი) უპირატესად ფიბროგენული მოქმედების; არასათანადო განათება; აეროიონები); ბ) ქიმიური ფაქტორები (მათ შორის ქიმიური სინთეზით მიღებული ბიოლოგიური ბუნების ზოგიერთი ნივთიერება (ანტიბიოტიკები, ვიტამინები, ჰორმონები, ფერმენტები, ცილოვანი პრეპარატები) და/ან რომელთა კონტროლისათვის გამოიყენება ქიმიური ანალიზის მეთოდები); გ) ბიოლოგიური ფაქტორები – პრეპარატებში შემავალი მიკროორგანიზმები– პროდუცენტები, ცოცხალი უჯრედები და სპორები, პათოგენური მიკროორგანიზმები; - შრომის სიმძიმე – შრომითი პროცესის დახასიათება, რომელიც ასახავს დატვირთვას უპირატესად ორგანიზმის საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე და ფუნქციურ სისტემებზე (გულსისხლძარღვთა, სუნთქვის და სხვ.), რომლებიც უზრუნველყოფენ მის საქმიანობას. შრომის სიმძიმე ხასითდება ფიზიკური დინამიკური დატვირთვით, ასაწევი და გადასაადგილებელი ტვირთის მასით, სტერეოტიპული სამუშაო მოძრაობების საერთო რიცხვით, სტატიკური დატვირთვის სიდიდით, სამუშაო პოზის ფორმით, სხეულის დახრის ხარისხით, სივრცეში გადაადგილებით;
- შრომის დაძაბულობა – შრომითი პროცესის დახასიათება, რომელიც ასახავს დატვირთვას უპირატესად დასაქმებულთა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, გრძნობათა ორგანოებზე, ემოციურ სფეროზე. შრომის დაძაბულობის დამახასიათებელ ფაქტორებს მიეკუთვნება: ინტელექტუალური, სენსორული, ემოციური დატვირთვები, დატვირთვების მონოტონურობის ხარისხი, მუშაობის რეჟიმი;
- საშიში საწარმოო ფაქტორი – საწარმოო გარემოსა და შრომითი პროცესის ფაქტორები, რომელიც შეიძლება გახდეს მწვავე დაავადების, ჯანმრთელობის უეცარი მკვეთრი გაუარესების ან სიკვდილის მიზეზი. ცალკეული მავნე საწარმოო ფაქტორი რაოდენობრივი მახასიათებლებისა და მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად შეიძლება გახდეს საშიში;
- წამყვანი საწარმოო ფაქტორი – ფაქტორი, რომლის სპეციფიკური გავლენა დასაქმებულის ორგანიზმზე რიგი ფაქტორების კომბინირებული ან შერწყმული მოქმედებისას ყველაზე მეტად ვლინდება;
- შრომის პირობების ჰიგიენური ნორმატივები (ზდკ, ზდდ) – მავნე საწარმოო ფაქტორის დონე, რომელიც ყოველდღიური (დასვენების დღეების გარდა) მუშაობისას, მაგრამ არა უმეტეს 40 სთ-ისა კვირაში, მთელი სამუშაო პერიოდის განმავლობაში არ უნდა იწვევდეს დაავადებას ან სხვა გადახრას (რომლის გამოვლენაც შესაძლებელია კვლევის თანამედროვე მეთოდებით) დასაქმებულის ან მისი შთამომავლობის ჯანმრთელობის მდგომარეობაში. ჰიგიენური ნორმატივების დაცვა არ გამორიცხავს ჯანმრთლობის მდგომარეობის დარღვევას პირებში, რომლებიც გამოირჩევიან მომატებული მგრძნობელობით. ჰიგიენური ნორმატივები დასაბუთებულია 8 სთ-იანი 49 სამუშაო ცვლისათვის. ცვლის უფრო დიდი ხანგრძლივობისას, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში მუშაობის შესაძლებლობა შეთანხმებული უნდა იყოს სახელმწიფოს შესაბამის ორგანიზაციებთან;
- ექსპოზიცია – მავნე ფაქტორის ინტენსივობის და მოქმედების ხანგრძლივობის რაოდენობრივი დახასიათება.
4.10.2. აღნიშნული ბრძანების შესაბამისად, წინამდებარე სანიტარიულ ნორმებში მოცემული ჰიგიენური კრიტერიუმები არის მაჩვენებლები, რომლებიც საშუალებას იძლევა შეფასდეს საწარმოო გარემოსა და შრომითი პროცესის პარამეტრების მოქმედი ჰიგიენური ნორმატივებიდან გადახრის ხარისხი. შრომის პირობების კლასიფიკაცია დაფუძნებულია აღნიშნული გადახრების დიფერენცირების პრინციპზე. ბრძანებით დადგენილია შრომის პირობების ჰიგიენური კრიტერიუმები და კლასიფიკაცია მავნეობის და საშიშროების ხარისხის მიხედვით. კერძოდ, მე-3 მუხლის მიხედვით, 1. კლასიფიკაციაში გამოყენებულია დასაქმებულთა ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების ხარისხობრივი დახასიათება, რომელიც შეივსება რაოდენობრივი მაჩვენებლებით, სათანადო ინფორმაციის დაგროვების შესაბამისად. ჰიგიენური კრიტერიუმებიდან გამომდინარე, შრომის პირობები იყოფა 4 კლასად: ოპტიმალური, დასაშვები, მავნე და საშიში.
ა) შრომის ოპტიმალური პირობები (1 კლასი) – ისეთი პირობებია, რომლის დროსაც შენარჩუნებულია დასაქმებულთა ჯანმრთელობა და შექმნილია წინაპირობა მუშაობისუნარიანობის მაღალ დონეზე შესანარჩუნებლად. საწარმოო ფაქტორების ოპტიმალური ნორმატივები დგინდება მიკროკლიმატური პარამეტრებისა და შრომითი პროცესის ფაქტორებისათვის. სხვა ფაქტორებისათვის ოპტიმალურად, პირობითად მიიღება შრომის ისეთი პირობები, რომელთა დროსაც არახელსაყრელი ფაქტორები არ არსებობს ან არ აღემატება მოსახლეობისათვის უსაფრთხოდ მიჩნეულ დონეს;
ბ) შრომის დასაშვები პირობები (2 კლასი) – ხასიათდება საწარმოო გარემოსა და შრომითი პროცესის ფაქტორების ისეთი დონეებით, რომლებიც არ აღემატება სამუშაო ადგილისათვის დადგენილ ჰიგიენურ ნორმატივებს, ხოლო ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის შესაძლო ცვლილებები აღდგება რეგლამენტირებული შესვენების დროს ან შემდეგი ცვლის დასაწყისისათვის. შრომის დასაშვები პირობები არ უნდა ახდენდეს არახელსაყრელ ზემოქმედებას (ახლო და შორეულ პერიოდში) დასაქმებულის ან მისი შთამომავლობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. შრომის დასაშვები პირობები პირობითად მიეკუთვნება უსაფრთხოს; გ) შრომის მავნე პირობები (3 კლასი) – ხასიათდება მავნე საწარმოო ფაქტორების არსებობით, რომლებიც აღემატება ჰიგიენურ ნორმატივებს და ახდენს არახელსაყრელ გავლენას დასაქმებულის და/ან მისი შთამომავლობის ორგანიზმზე. შრომის მავნე პირობები ჰიგიენური ნორმატივების გადამეტების ხარისხის და დასაქმებულთა ორგანიზმზში ცვლილებების გამოხატულების* მიხედვით იყოფა მავნეობის 4 ხარისხად: გ.ა) 3 კლასის 1 ხარისხი (3. 1.) – შრომის პირობები ხასიათდება ჰიგიენური ნორმატივებიდან მავნე ფაქტორების დონეების ისეთი გადახრით, რაც იწვევს 50 ფუნქციურ ცვლილებებს, რომლებიც, როგორც წესი, აღდგება მავნე ფაქტორებთან კონტაქტის შეწყვეტიდან უფრო გვიან (ვიდრე შემდეგი ცვლის დასაწყისი) და ზრდის ჯანმრთელობის დაზიანების რისკს. გ.ბ) 3 კლასის 2 ხარისხი (3. 2.) – მავნე ფაქტორების დონე, რომელიც იწვევს მყარ ფუნქციურ ცვლილებებს, რაც უმრავლეს შემთხვევაში იწვევს პროფესიით განპირობებული ავადობის ზრდას (რაც ვლინდება შრომისუნარიანობის დროებითი დაკარგვით მიმდინარე ავადობის დონის მატებით, პირველ რიგში ისეთი დაავადებებით, რომლებიც აისახება მოცემული მავნე ფაქტორებისადმი ყველაზე უფრო მგრძნობიარე ორგანოებზე და სისტემებზე) და ხანგრძლივი ექსპოზიციის (15 წელი და მეტი) შედეგად წარმოქმნილი პროფესიული დაავადებების საწყისი ნიშნების ან მსუბუქი (პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის გარეშე) ფორმების გამოვლენას; გ.გ) 3 კლასის 3 ხარისხი (3.3.) – შრომის პირობები, რომელიც ხასიათდება მავნე ფაქტორების ისეთი დონეებით, რომელთა ზემოქმედებას შრომითი საქმიანობის პერიოდში, როგორც წესი, მივყავართ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პროფესიული დაავადებების განვითარებამდე (პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვით), ქრონიკული (პროფესიით განპირობებული) პათოლოგიების ზრდისა და შრომისუნარიანობის დროებითი დაკარგვით მიმდინარე ავადობის დონის მატებისაკენ; გ.დ) 3 კლასის 4 ხარისხი (3.4.) – შრომის პირობები, რომლის დროსაც შეიძლება წარმოიქმნას პროფესიული დაავადებების მძიმე ფორმები (საერთო შრომისუნარიანობის დაკარგვით), აღინიშნება ქრონიკული დაავადებების რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა და შრომისუნარიანობის დროებითი დაკარგვით მიმდინარე ავადობის მაღალი დონე.
დ) საშიში (ექსტრემალური) შრომის პირობები (4 კლასი) – ხასიათდება საწარმოო ფაქტორების დონეებით, რომელთა ზემოქმედება სამუშაო ცვლის (ან მისი ნაწილის) განმავლობაში ქმნის საშიშროებას სიცოცხლისათვის, მწვავე პროფესიული დაავადებების, მათ შორის, მძიმე ფორმების განვითარების მაღალ რისკს.
4.11. სააპელაცო სასამართლომ შეაფასა მოდავე მხარეთა მიერ წარმოდგენილი დასკვნები და მიუთითა, რომ ორივე დასკვნის მიხედვით თბომავლის მემანქანის სამუშაო პროცესზე მოქმედი ფიზიკური ფაქტორები შეფასებულია, როგორც ზღვრული ნორმის ფარგლებში დასაშვები. მოსარჩელის/დასაქმებულის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში თბომავლის მემანქანის პოზიცია მავნე პირობებიან სამუშაოდ შეფასებულია სამუშაოს დაძაბულობის კრიტერიუმების მიხედვით, შესაბამისად, გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლომ ამ კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა მხარეების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულები.
4.11.1. ზემოთ მოხმობილი ბრძანების 11-ე მუხლით დადგენილია შრომის პირობების შეფასების ჰიგიენური კრიტერიუმები შრომითი პროცესის სიმძიმის და დაძაბულობის მიხედვით, რომლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, შრომითი პროცესის სიმძიმის და დაძაბულობის შეფასება წარმოდგენილია ცხრილებში 11 და 12; მე-2 პუნქტის თანახმად, ფიზიკური შრომის სიმძიმის შეფასება ხორციელდება ცხრილი 11-ში მოცემული ყველა მაჩვენებლის გათვალისწინებით. ამასთან, თავდაპირველად ადგენენ კლასს თითოეული გაზომილი მაჩვენებლის მიხედვით. შრომის სიმძიმის საბოლოო შეფასება კი ხორციელდება იმ მაჩვენებლის მიხედვით, რომელმაც მიიღო სიმძიმის ყველაზე უფრო მაღალი ხარისხი; 3.1 და 3.2 კლასის ორი ან მეტი მაჩვენებლის არსებობისას შრომის პირობები შრომითი პროცესის სიმძიმის მიხედვით შეფასდება 1 ხარისხით უფრო მაღლა (3.2 და 3.3 კლასი, შესაბამისად). აღნიშნული კრიტერიუმის მიხედვით სიმძიმის უმაღლესი ხარისხია კლასი 3.3 („შრომითი პროცესის სიმძიმის შეფასების მეთოდიკა“ – იხ. თავი VI). ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, შრომის დაძაბულობის შეფასება ხორციელდება „შრომითი პროცესის დაძაბულობის შეფასების მეთოდიკის“ შესაბამისად (თავი VI) შრომის დაძაბულობის უმაღლესი ხარისხი შეესაბამება 3.3 კლასს.
4.11.2. ბრძანების თავი IV ადგენს ზოგად მეთოდურ მითითებებს საწარმოო გარემოსა და შრომითი პროცესის ფაქტორების გაზომვისა და შეფასებისადმი. ბრძანების მე-14 მუხლის მიხედვით, 1. დასაქმებულთა საწარმოო გარემოსა და შრომითი პროცესის ფაქტორების გაზომვა და შეფასება (კონტროლი შრომის პირობებზე) ხორციელდება შემდეგი მიზნით: ა) მავნე ფაქტორების ფაქტობრივი დონის ჰიგიენური ნორმატივებთან შესაბამისობის დასადგენად და შრომის პირობების მავნეობისა და საშიშროების გარკვეული კლასისადმი მისაკუთვნებლად როგორც თითოეული ფაქტორის, ასევე მათი კომპლექსის მიხედვით; ბ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების დასასაბუთებლად; გ) დასაქმებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შრომის პირობებს შორის კავშირის დასადგენად; დ) შრომის პირობების გამაჯანსაღებელი ღონისძიებების შესამუშავებლად. მოხმობილი ნორმის მე-5-7 პუნქტების თანახმად, კონტროლს ექვემდებარება სამუშაო ადგილზე არსებული საწარმოო გარემოსა და შრომით პროცესის ყველა მავნე და საშიში ფაქტორი. ინსტრუმენტული გაზომვების მონაცემები ფორმდება ოქმებით სამედიცინო დოკუმენტაციის შესაბამისად, ან მათ საფუძველზე დამუშავებულლი ოქმების შესაბამისად. შრომის პირობების ჰიგიენური შეფასება ხორციელდება წინამდებარე დოკუმენტის შესაბამისად.
4.11.3. ბრძანების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილია მაჩვენებელი „ინტელექტუალური დატვირთვა“, მასში შედის შემდეგი კომპონენტები: ა) „სამუშაოს შინაარსი“ მიუთითებს დავალების შესრულების სირთულის ხარისხზე: უბრალო ამოცანის გადაწყვეტიდან შემოქმედებით (ევრისტიკულ) საქმიანობამდე რთული დავალების გადაწყვეტით ალგორითმების არარსებობისას. მაგალითად, ყველაზე უბრალო დავალებას ასრულებენ ლაბორანტები (შრომის პირობების I კლასი**), ხოლო საქმიანობა, რომელიც ითხოვს უბრალო ამოცანის გადაწყვეტას, მაგრამ უკვე არჩევით (ინსტრუქციით), დამახასიათებელია მედდების, ტელეფონისტების, ტელეგრაფისტების და ა.შ. (2 კლასი). რთულ ამოცანებს, რომლებიც გადაწყდება ცნობილი ალგორითმებით (მუშაობა ინსტრუქციის სერიებით), ადგილი აქვს ხელმძღვანელების, სამრეწველო საწარმოების ოსტატების, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების, ავიადისპეტჩერების და სხვ. მუშაობაში (3 კლასი). შინაარსის მიხედვით ყველაზე უფრო რთული სამუშაო, რომელიც მოითხოვს ამა თუ იმ ხარისხით ევრისტიკულ (შემოქმედებით) საქმიანობას დადგენილია მეცნიერმუშაკებში, კონსტრუქტორებში, სხვადასხვა პროფილის ექიმებში და სხვ. (3.2 კლასი); ბ) „სიგნალების (ინფორმაციის) აღქმა და მათი შეფასება“ - შრომითი პროცესის ფაქტორებისათვის სიგნალის (ინფორმაციის) აღქმა, მოქმედების და შესასრულებელი ოპერაციის შემდგომი კორექციით მიეკუთვნება 2 კლასს (ლაბორანტის სამუშაო). სიგნალების აღქმა პარამეტრების (ინფორმაციის) ფაქტობრივი მნიშვნელობების შემდგომი შეპირისპირებით მათ ნომინალურ მოთხოვნილ დონეებთან აღინიშნება მედდების, ოსტატების, ტელეფონისტების, ტელეგრაფისტების და ა.შ. მუშაობაში (3.1 კლასი). იმ შემთხვევაში, როცა შრომითი საქმიანობა მოითხოვს სიგნალების აღქმას, ყველა საწარმოო პარამეტრის (ინფორმაციის) შემდგომი კომპლექსური შეფასებით, შრომა დაძაბულობის მიხედვით მიეკუთვნება 3.2 კლასს (სამრეწველო საწარმოების ხელმძღვანელები, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, ავიადისპეტჩერები, კონსტრუქტორები, ექიმები, მეცნიერ-მუშაკები და ა.შ.); გ) „ფუნქციების განაწილება დავალების სირთულის ხარისხის მიხედვით“ - ნებისმიერი შრომითი საქმიანობა ხასიათდება დასაქმებულებს შორის ფუნქციების განაწილებით. შესაბამისად, რაც მეტი ფუნქცია ეკისრება დასაქმებულს, მით მეტია მისი შრომის დაძაბულობა. შრომით საქმიანობას, რომელიც შეიცავს უბრალო ფუნქციებს, მიმართულს კონკრეტული დავალების დამუშავებისა და შესრულებისაკენ, არ მივყავართ შრომის მნიშვნელოვან დაძაბულობამდე. ასეთი საქმიანობის მაგალითად გვევლინება ლაბორანტის შრომა (1 კლასი). დაძაბულობა იზრდება, როცა ხორციელდება ინფორმაციის დამუშავება, შესრულება შესრულებული დავალების შემდგომი შემოწმებით (2 კლასი), რაც დამახასიათებელია ისეთი პროფესიებისათვის, როგორიცაა მედდები, ტელეფონისტები და სხვ. დამუშავება, შემოწმება და, გარდა ამისა, დავალების შესრულებაზე კონტროლი მიუთითებს დასქმებულის შესასრულებელი ფუნქციის სირთულის დიდ ხარისხზე და, შესაბამისად, შრომის დაძაბულობის გამოვლენის დიდ ხარისხზე (სამრეწველო საწარმოების ოსტატები, ტელეგრაფისტები, კონსტრუქტორები, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები-3.1 კლასი). უფრო მეტად რთული ფუნქცია – ეს არის წინასწარი მოსამზადებელი სამუშაო, რაც ითვალისწინებს დავალების განაწილებას სხვა პირებზე (3.2 კლასი), რომელიც დამახასიათებელია ისეთი პროფესიებისათვის, როგორიცაა სამრეწველო საწარმოების ხელმძღვანელები, ავიადისპეტჩერები, მეცნიერ-თანამშრომლები, ექიმები და სხვ. დ) „შესასრულებელი სამუშაოს ხასიათი“ - იმ შემთხვევაში, როცა სამუშაო სრულდება ინდივიდუალური გეგმით, შრომის დაძაბულობის დონე არ არის მაღალი (1 კლასილაბორანტები). თუ სამუშაო მიმდინარეობს მკაცრად დადგენილი გრაფიკით, აუცილებლობის შემთხვევაში მისი კორექციის შესაძლებლობით, დაძაბულობა იზრდება (2 კლასი-მედდები, ტელეფონისტები, ტელეგრაფისტები და სხვ.). უფრო მეტია შრომის დაძაბულობა, როცა სამუშაო სრულდება დროის დეფიციტის პირობებში (კლასი 3.1 სამრეწველო საწარმოების ოსტატები, მეცნიერ-თანამშრომლები, კონსტრუქტორები). კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა (კლასი 3.2) დამახასიათებელია ისეთი სამუშაოსათვის, რომელიც სრულდება დროის და ინფორმაციის დეფიციტის პირობებში. ამასთან, აღინიშნება მაღალი პასუხისმგებლობა სამუშაოს საბოლოო შედეგისათვის (ექიმები, სამრეწველო საწარმოების ხელმძღვანელები, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, ავიადისპეტჩერები).
4.11.4. 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულია მაჩვენებელი „სენსორული დატვირთვა“, რომლის ფარგლებში ფასდება შემდეგი კომპონენტები:
ა) „ყურადღებით დაკვირვების ხანგრძლივობა (ცვლის დროის %)“ - ცვლის განმავლობაში რაც მეტი სამუშაო დროის პროცენტი ეთმობა ყურადღებით დაკვირვებას, მით მეტია დაძაბულობა. სამუშაო ცვლის საერთო დრო მიიღება 100%-ად. მაგალითად, ტექნოლოგიური პროცესის მიმდინარეობაზე ყურადღებით დაკვირვების უდიდესი ხანგრძლივობა აღინიშნება ოპერატორების პროფესიებში: ტელეფონისტების, ტელეგრაფისტების, ავიადისპეტჩერები, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები (ცვლის 75%-ზე მეტი- კლასი 3.2). ამ პარამეტრზე რამდენადმე დაბალი მნიშვნელობა (51-75%) დადგენილია ექიმებში (კლასი 3.1). ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა 26- დან 50%- მდე მერყეობს მედდებში, სამრეწველო საწარმოების ოსტა-ტებში (2 კლასი). ამ მაჩვენებლის ყველაზე დაბალი დონე აღინიშნება საწარმოების ხელმძღვანელებში, მეცნიერ-თანამშრომლებსა და კონსტრუქტორებში (1 კლასი- ცვლის საერთო დროის 25%-მდე). ბ) „სიგნალის (სინათლის, ბგერითი) და შეტყობინების სიმჭიდროვე საშუალოდ 1 სთ. მუშაობისას“ - აღსაქმელი და გადასაცემი სიგნალების (შეტყობინების, განკარგულების) რაოდენობა საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ დასაქმებულის დაკავებულობა, საქმიანობის სპეციფიკა. რაც მეტია შემოსული და გადასაცემი სიგნალების ან შეტყობინებების რიცხვი, მით მეტია ინფორმაციული დატვირთვა, რაც იწვევს დაძაბულობის ზრდას. ინფორმაციის წარდგენის ფორმის (ან მეთოდის) მიხედვით სიგნალები შეიძლება მიეწოდოს სპეციალური მოწყობილობებით (სინათლის, ბგერითი სასიგნალო მოწყობილობები, ხელსაწყოების სკალები, ცხრილები, გრაფიკები და დიაგრამები, სიმბოლოები, ტექსტი, ფორმულები და ა.შ.) და სიტყვიერი შეტყობინებით (ტელეფონით, რადიოფონით და მუშაკთა უშუალოდ პირდაპირი კონტაქტით). მაგალითად, თვითმფრინავის ეკიპაჟებთან და მიწისზედა სამსახურებთან კავშირების და სიგნალების უდიდესი რიცხვი აღინიშნება ავიადისპეტჩერებში – 300-ზე მეტი 54 (კლასი 3.2). მძღოლის სენსორული დატვირთვა საწარმოო საქმიანობისას (სატრანსპორტო საშუალებების მართვისას) რამდენადმე დაბალია- საშუალოდ 200 სიგნალი 1-სთ-ის განმავლობაში (კლასი 3.1). ამავე კლასს მიეკუთვნება ტელეგრაფისტის შრომა. სიგნალები რაოდენობით 75-დან 175-მდე დიაპაზონში მიეწოდება 1 სთ-ის განმავლობაში ტელე-ფონისტებს, (მომსახურებული აბონენტების რიცხვი სთ-ში 25-დან 150-მდე). რეანიმაციული განყოფილების მედდებისა და ექიმების ( სასწრაფო გამოძახება ავადმყოფთან, მონიტორების სიგნალიზაცია ავადმყოფთა მდგომარეობის შესახებ) შრომითი პროცესი- 2 კლასი. სიგნალების და შეტყობინებების უფრო ნაკლები რიცხვი დამახასიათებელია ისეთი პროფესიებისათვის როგორიცაა: ლაბორანტები, ხელმძღვანელები, ოსტატები, მეცნიერ-მუშაკები, კონსტრუქტორები – 1 კლასი. გ) ერთდროული დაკვირვების საწარმოო ობიექტების რიცხვი – ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ერთდროული დაკვირვების ობიექტების რიცხვის ზრდასთან ერთად მატულობს შრომის დაძაბულობა. მაგალითად, ოპერატორული სახის საქმიანობისათვის ერთდროული დაკვირვების ობიექტებს წარმოადგენს სხვადასხვა ინდიკატორი, დისპლეები, მართვის ორგანოები, კლავიატურა და სხვა. ერთდროული დაკვირვების ობიექტების უმეტესი რიცხვი დადგენილია ავიადისპეტჩერებისათვის – 13, რაც შეესაბამება კლასს 3.1. რამდენადმე ნაკლებია ეს რიცხვი ტელეგრაფისტებისათვის (8-9 ტელეტაიპი), ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისათვის (2 კლასი). ერთდროული დაკვირვების 5-მდე ობიექტი აღენიშნებათ ტელეფონისტებს, ოსტატებს, ხელმძღვანელებს, მედდებს, ექიმებს, კონსტრუქტორებს და სხვ. (1 კლასი); დ) გასარჩევი ობიექტის ზომა ყურადღებით დაკვირვების ხანგრძლივობისას (ცვლის დროის %). რაც უფრო ნაკლებია დასაკვირვებელი საგნის ზომა (ნაკეთობა, დეტალი, ციფრული ან ანბანური ინფორმაცია და სხვ.) და რაც უფრო ხანგრძლივია დაკვირვების დრო, მით მეტია დატვირთვა მხედველობის ანალიზატორზე. შესაბამისად იზრდება შრომის დაძაბულობის კლასი; ე) მუშაობა ოპტიკურ ხელსაწყოებთან (მიკროსკოპი, ლუპა და სხვ.). ყურადღებით დაკვირვების ხანგრძლივობისას (ცვლის დროის %). ქრონომეტრაჟული დაკვირვების საფუძველზე ისაზღვრება ოპტიკურ ხელსაწყოებთან მუშაობის დრო (საათები, წუთები). სამუშაო დღის ხანგრძლივობა მიიღება 100%-ად, ხოლო ფიქსირებული მზერის დრო, მიკროსკოპის, ლუპის გამოყენებით გადაიყვანება პროცენტებში – რაც მეტია დროის პროცენტი, მით მეტია დატვირთვა, რომელსაც მივყავართ მხედველობის ანალიზატორის დაძაბულობის განვითარებამდე; ვ) ვიდეოტერმინალის ეკრანზე დაკვირვება (საათები ცვლაში). ამ მაჩვენებლის თანახმად ფიქსირდება დისპლეის ეკრანიანი ვიდეოდისპლეური ტერმინალის მომხმარებლის უშუალო მუშაობის დრო (სთ, წთ) მთელი სამუშაო დღის განმავლობაში (მონაცემების შეყვანა, ტექსტის ან პროგრამის რედაქტირება, ანბანური, ციფრული, გრაფიკული ინფორმაციის კითხვა ეკრანიდან). რაც უფრო ხანგრძლივია ვდტ-ის მოხმარებისას ეკრანზე მხედველობის ფიქსაციის დრო, მით მეტია დატვირთვა მხედველობის ანალიზატორზე და მით მეტია შრომის დაძაბულობა; ზ) სმენის ანალიზატორის დატვირთვა. სმენის ანალიზატორის დაძაბულობის ხარისხი განისაზღვრება სიტყვის გარკვეულობის დამოკიდებულებით პროცენტებში მეტყველების ინტენსიურობის დონესა და „თეთრ“ ხმაურს შორის თანაფარდობისაგან. როცა არ არის დაბრკოლება, სიტყვის გარკვეულობა ტოლია 100%-ის (1 კლასი). 2 კლასს მიეკუთვნება შემთხვევები, როდესაც მეტყველების დონე აღემატება ხმაურს 10-15 დბთი და შეესაბამება სიტყვის გარკვეულობას, რომელიც ტოლია 90-70 %-ისა ან სმენადობას 3,5მ- მდე მანძილზე; თ) დატვირთვა სახმო აპარატზე (კვირის განმავლობაში ნალაპარეკევი საათების ჯამური რაოდენობა). სახმო აპარატის დაძაბულობის ხარისხი დამოკიდებულია მეტყველების დატვირთვის ხანგრძლივობაზე. ხმის გადაძაბვა გვხვდება ხანგრძლივი, დასვენების გარეშე ხმოვანი საქმიანობის დროს. მაგალითი. უდიდესი დატვირთვა (კლასი 3.1 ან 3.2) აღენიშნებათ ხმოვან-სამეტყველო პროფესიის პირებს (პედაგოგები, საბავშვო დაწესებულებების აღმზრდელები, ვოკალისტები, მსახიობები, დიქტორები, ექსკურ-სიამძღოლები და სხვ.). უფრო მცირე ხარისხით ასეთი სახის დატვირთვა დამახასიათებელია სხვა პროფესიული ჯგუფებისათვის (ავიადისპეტჩერები, ტელეფონისტები, ხელმძღვანელები და სხვ. – 2 კლასი). კრიტერიუმის უმცირესი მნიშვნელობა შეიძლება აღინიშნებოდეს სხვა პროფესიების მუშაობაში (ლაბორანტები, კონსტრუქტორები, ავიატრანსპორტის მძღოლები) – I კლასი. ბრძანების 22-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია მაჩვენებელი „ემოციური დატვირთვა“, რაც მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ა) საკუთარი საქმიანობის შედეგებზე პასუხისმგებლობის ხარისხი „შეცდომის მნიშვნელობა“. ეს მაჩვენებელი მიუთითებს, თუ რა ზომით შეუძლია დასაქმებულს გავლენა იქონიოს საკუთარი შრომის შედეგზე, განხორციელებული საქმიანობის სირთულის სხვადასხვა დონეების დროს. სირთულის ზრდასთან ერთად მატულობს პასუხისმგებლობის ხარისხი, რამდენადაც მცდარ მოქმედებას მივყავართ დამატებით ძალისხმევამდე დასაქმებულის ან მთელი შრომითი კოლექტივის მხრიდან, რაც შესაბამისად იწვევს ემოციური დაძაბვის ზრდას. [მაგალითად, ისეთი პროფესიებისათვის, როგორიცაა სამრეწველო საწარმოების ხელმძღვანელები და ოსტატები, ავიადისპეტჩერები, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები და სხვ., დამახასიათებელია პასუხისმგებლობის ყველაზე მაღალი ხარისხი სამუშაოს საბოლოო შედეგისათვის, ხოლო დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება მიგვიყვანოს ტექნოლოგიური პროცესის გაჩერებამდე, ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში სიტუაციის წარმოქმნამდე (კლასი 3.2). თუ დასაქმებული პასუხისმგებელია დავალების ძირითად სახეზე, ხოლო შეცდომები იწვევენ დამატებით ძალისხმევას მთელი კოლექტივის მხრიდან, მაშინ ემოციური დატვირთვა მოცემულ შემთხვევაში უკვე რამდენადმე ნაკლებია (კლასი 3.1): (მედდები, მეცნიერ-მუშაკები, კონსტრუქტორები). იმ შემთხვევაში, როცა პასუხისმგებლობის ხარისხი დაკავშირებულია დამხმარე დავალების ხარისხზე, ხოლო შეცდომა იწვევს დამატებით ძალისხმევას ზემდგომი ხელმძღვანელის მხრიდან (კერძოდ, ბრიგადირი, ცვლის უფროსი და სხვ.), მაშინ ასეთი შრომა მოცემული მაჩვენებლის მიხედვით ხასიათდება კიდევ უფრო ნაკლები ემოციური დაძაბულობის გამოვლინებით (2 კლასი): (ტელეფონისტები, ტელეგრაფისტები). კრიტერიუმების უმცირესი მნიშვნელობა აღინიშნება ლაბორანტების მუშაობაში, სადაც დასაქმებული პასუხისმგებელია პროდუქციის მხოლოდ ცალკეული ელემენტების შესრულებაზე, ხოლო დაშვებული შეცდომის შემთხვევაში, დამატებით ძალისხმევას ადგილი აქვს მხოლოდ თვითონ დასაქმებულის მხრიდან (1 კლასი)]. ბ) საკუთარი სიცოცხლის რისკის ხარისხი და პასუხისმგებლობის ხარისხი სხვა პირების უსაფრთხოებაზე. ეს ორი მაჩვენებელი ასახავს ემოციური მახასიათებლის ფაქტორებს. რიგი პროფესიები ხასიათდება პასუხისმგებლობით მხოლოდ სხვა პირების უსაფრთხოებაზე (ავიადისპეტჩერები, ექიმი-რეანიმა-ტოლოგები და სხვ.) და პირად უსაფრთხოებაზე (კოსმონავტები, პილოტები და სხვ.)- 3.2 კლასი. მაგრამ არსებობს მთელი რიგი სამუშაოები, რომლებიც ხასიათდება პასუხისმგებლობით როგორც პირადი, ისე სხვა პირების სიცოცხლისათვის (ექიმი-ინფექ-ციონისტები, ავტოტრანსპორტის მძღოლები და სხვ.). ამ შემთხვევაში ემოციური დატვირთვა მნიშვნელოვნად მაღალია, ამიტომ ეს მაჩვენებელი საჭიროა შეფასდეს, როგორც ცალკეული დამოუკიდებელი სტიმულები. არის მთელი რიგი პროფესიები, სადაც მოცემული ფაქტორები სრულიად არ არსებობს (ლაბორანტები, მეცნიერ-მუშაკები, ტელეფონისტები, ტელეგრაფისტები და სხვ.). მათი შრომა ფასდება, როგორც შრომის დაძაბულობის 1 კლასი.
4.11.5. ბრძანების 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით გათვალისწინებულია მაჩვენებელი „დატვირთვის მონოტონურობა“, რომლის შემადგენელი კომპონენტებია: ა) ელემენტების (მოქმედებების) რიცხვი, რომელიც აუცილებელია მარტივი დავალების ან მრავალგზის განმეორებადი ოპერაციების რეალიზაციისათვის. რაც ნაკლებია შესასრულებელი ელემენტების რიცხვი, მით მაღალია მრავალჯერადი დატვირთვებით განპირობებული შრომითი პროცესის დაძაბულობა. ამ მაჩვენებლის მიხედვით ყველაზე მაღალი დაძაბულობა დამახასიათებელია კონვეიერული შრომის დასაქმებულებისათვის ( კლასი 3.1–3.2); ბ) მარტივი საწარმოო დავალებების ან განმეორებადი ოპერაციების შესრულების ხანგრძლივობა წმ-ში. რაც ნაკლებია დრო, შესაბამისად, მეტია დატვირთვის მონოტონურობა. მოცემული მაჩვენებელი, ისევე როგორც წინამორბედი, ყველაზე მეტად გამოხატულია კონვეიერული შრომის დროს (კლასი 3.1–3.2); გ) აქტიური მოქმედების დრო (ცვლის ხანგრძლივობის %). ტექნოლოგიური პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვება არ მიეკუთვნება „აქტიურ მოქმედებას“. რაც ნაკლებია აქტიური მოქმედებების შესრულების დრო და მეტია საწარმოო პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვების დრო, შესაბამისად, მით მაღალია დატვირთვის მონოტონურობა. ამ მაჩვენებლის მიხედვით ყველაზე მაღალი მონოტონურობა დამახასიათებელია ქიმიური წარმოების მართვის პულტების ოპერატორებისათვის (კლასი 3.1–3.2); დ) საწარმოო გარემოს მონოტონურობა (ტექნოლოგიური პროცესის მიმდინარეობაზე პასიური მეთვალყურეობის დრო – ცვლის დროის %-ში). რაც მეტია ტექნოლოგიური პროცესების მიმდინარეობაზე პასიური დაკვირვების დრო, მით უფრო მონოტონურია სამუშაო. მოცემული მაჩვენებელი, ისევე როგორც წინამორბედი, უფრო გამოხატულია ოპერატორთა შრომაში, რომლებიც მუშაობენ ლოდინის რეჟიმში – ქიმიური წარმოების მართვის პულტების, ელექტროსადგურების ოპერატორები და სხვ. (კლასი 3.2).
4.11.6. ბრძანების 22-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილია მაჩვენებელი „მუშაობის რეჟიმი“, რომლის შემადგენელი კომპონენტებია: ა) სამუშაო დღის ფაქტობრივი ხანგრძლივობა. გამოყოფილია დამოუკიდებელ მაჩვენებლად. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ცვლის რიცხვისა და სამუშაოს რიტმისაგან დამოუკიდებლად, საწარმოო პირობებში სამუშაო დღის ფაქტობრივი ხანგრძლივობა მერყეობს 6-8 საათიდან (ტელეფონისტები, ტელეგრაფისტები და სხვ.) 12 საათამდე და მეტი (სამრეწველო დაწესებულებების ხელმძღვანელები). მთელი რიგი პროფესიებისათვის ცვლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 სთ-ს და მეტს (ექიმები, მედდები და სხვ.). რაც უფრო ხანგრძლივია მუშაობა დროის მიხედვით, მით მეტია ჯამური დატვირთვა ცვლაში და, შესაბამისად, მაღალია შრომის დაძაბულობა. ბ) სამუშაოს ცვლიანობა. განისაზღვრება შიდასაწარმოო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც რეგლამენტირებას უწევს შრომის განრიგს მოცემულ საწარმოში, ორგანიზაციაში. ყველაზე მაღალი კლასი–3.2 დამახასიათებელია არარეგულარული ცვლიანობით ღამის სამუშაოებზე (მედდები, ექიმები და ა.შ). გ) რეგლამენტირებული შესვენებების არსებობა და მათი ხანგრძლივობა სასადილო შესვენების გარდა. შრომის სათანადო ორგანიზაციისას სამუშაო დროის ხარჯზე რეგლამენტირებული შესვენებების შემოღება ხელს უწყობს დასაქმებულის ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებას და უზრუნველყოფს მისი შრომის მაღალ მწარმოებლურობას. რეგლამენტირებული შესვენებების არასაკმარისი ხანგრძლივობა ან არარსებობა აძლიერებს შრომის დაძაბულობას, რამდენადაც არ არსებობს საწარმოო გარემოს და შრომითი პროცესის ფაქტორების ზემოქმედებისაგან დროით დაცვის მოკლე დროიანი ელემენტი [მაგალითად, ავიადისპეტჩერების, ექიმების, მედდების და სხვათა არსებული მუშაობის რეჟიმი ხასიათდება რეგლამენტირებული შესვენებების არარსებობით (კლასი 3.2.), საწარმოების ხელმძღვანელებისა და ოსტატებისგან განსხვავებით, რომელთა შესვენებები არარეგლამენტირებული და არახანგრძლივია (კლასი 3.1). ამავე დროს, კონსტრუქტორებს, მეცნიერ-თანამშრომლებს, ტელეგრაფისტებს, ტელეფონისტებს აქვთ შესვენებები, მაგრამ არასაკმარისი ხანგრძლივობის (2 კლასი)].
4.11.7. ბრძანების 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად: ა) პროფესიული კუთვნილების (პროფესიის) მიუხედავად მხედველობაში მიიღება ცხრ. №12 ჩამოთვლილი ყველა მაჩვენებელი. შრომითი პროცესის დაძაბულობის ზოგადი შეფასებისათვის დაუშვებელია რომელიმე ცალკე აღებული მაჩვენებლების ამორჩევა. ამ მაჩვენებლიდან თითოეულისათვის ცალკე განისაზღვრება შრომის პირობების კლასი. იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული საქმიანობის ხასიათის ან თავისებურებების გამო რომელიმე მაჩვენებელი არ არის წარმოდგენილი (მაგ., არ წარმოებს ვიდეოდისპლეური ტერმინალის ეკრანთან ან ოპტიკურ ხელსაწყოებთან მუშაობა), მაშინ მოცემულ მაჩვენებელს ენიჭება I კლასი (ოპტიმალური) – შრომის მსუბუქი ხარისხის დაძაბულობა.ბ) შრომის დაძაბულობის საბოლოო შეფასებისათვის: ბ.ა) „ოპტიმალური“ (I კლასი) დგინდება იმ შემთხვევებში, როცა 17 და მეტ მაჩვენებელს აქვს შეფასება I კლასი, ხოლო დანარჩენი მიეკუთვნება 2 კლასს. ამასთანავე, არ არის მაჩვენებლები, რომლებიც მიეკუთნება 3 (მავნე) კლასს. ბ.ბ) „დასაშვები“ (2 კლასი) დგინდება შემდეგ შემთხვევებში: ბ.ბ.ა) როცა 6 და მეტი მაჩვენებელი მიეკუთვნება 2 კლასს, ხოლო დანარჩენი – 1 კლასს. ბ.ბ.ბ) როცა 1-დან 5 მაჩვენებლამდე მიეკუთვნება მავნეობის 3.1 და/ან 3.2 ხარისხს, ხოლო დანარჩენ მაჩვენებლებს აქვთ შეფასება 1 ან 2 კლასი. ბ.გ) „მავნე“ (3) კლასი დგინდება მაშინ, როცა 6 და მეტი მაჩვენებელი მიეკუთვნება 3 კლასს. ბ.დ) 1 ხარისხის შრომის დაძაბულობა (3.1 კლასი) დგინდება: ბ.დ.ა) როცა 6 მაჩვენებელს აქვს შეფასება 3.1 კლასი, ხოლო დანარჩენი მაჩვენებლები მიეკუთვნება 1 და/ან 2 კლასს. ბ.დ.ბ) როცა 3-დან 5 მაჩვენებლამდე მიეკუთვნება 3.1 კლასს, ხოლო 1-დან 3 მაჩვენებლამდე მიეკუთვნება 3.2 კლასს.
4.12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბომავლის მემანქანის სამუშაოს შეფასების მიზნით საქმეში წარმოდგენილია ორი ექსპერტიზის დასკვნა. დამსაქმებლის დაკვეთით შედგენილ დასკვნაში თბომავლის მემანქანეს არ აქვს მინიჭებული მავნეობის კლასი. დასკვნის შედგენამდე ექსპერტები ერთი თვის განმავლობაში იკვლევდნენ და აკვირდებოდნენ დამსაქმებელ კომპანიაში დასაქმებული პირების შრომით საქმიანობას. მოსარჩელის/დასაქმებულის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შედგენის მიზნით ექსპერტები ერთი სრულ სამუშაო დღეზე ნაკლები დროით დააკვირდნენ თბომავლის მემანქანის სამუშაო პროცესს, დასკვნა გამოიტანეს ქრონომეტრაჟული დაკვირვების გარეშე, რაც ნაკლებ დამაჯერებელს ხდის წარმოდგენილ დასკვნას.
4.12.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვებული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით. ამ ნორმის საფუძველზე, გარკვეული გარემოებების მტკიცებისათვის კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული მტკიცების წესი, ხოლო გარკვეული გარემოებები მათი შინაარსის თავისებურების გამო უნდა დადასტურდეს მხოლოდ კონკრეტული სახის მტკიცებულებით. განსახილველ საქმეში დავის საგანი სამუშაო პოზიციის მავნე სამუშაოდ აღიარებაა, ამ გარემოების დადგენა კი მხოლოდ შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების კვლებით არის შესაძლებელი. ამასთან, 147/ნ ბრძანებით დადგენილია ამგვარი კვლევის ჩატარების წესები, კერძოდ, სამუშაო პროცესზე დაკვირვება უნდა მოხდეს არანაკლებ ერთი კვირის განმავლობაში ქრონომეტრაჟული დაკვირვებით.
4.12.2. თავის მხრივ, შპს „კ-კ.ო.ს–ის“ დასკვნაში აღწერილია სამუშაო პროცესზე მოქმედი ფიზიკური ფაქტორები, ხოლო სამუშაოს დაძაბულობის და სიმძიმის მაჩვენებლის შესახებ მითითებულია, რომ ამ მაჩვენებლით თბომავლის მემანქანის სამუშაო მავნე პირობებიანი არ არის. დასკვნაში არ არის აღწერილი და შეფასებული დაკვირვებით გამოვლენილი N147-ნ ბრძანებით გათვალისწინებული თითოეული მაჩვენებლის კომპონენტებისათვის დამახასიათებელი გარემოებები. დასკვნაში არ არის მითითებული, სამუშაოს სიმძიმის და დაძაბულობის მაჩვენებლის მიხედვით თბომავლის მემანქანის სამუშაო პროცესი რატომ არ არის მავნე, რა გარემოებების შეფასების შედეგად მივიდნენ ექსპერტები ამ დასკვნამდე. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ სააპელაციო ეტაპზე დაიკითხენ, როგორც ერთი, ასევე მეორე დასკვნის შემდგენელი ექსპერტები. შპს „კ-კ.ო.ს–ის“ დასკვნის მომზადებელი ექსპერტების ფ.დ–ისა და მ.მ–ის განმარტების შესაბამისად, მათი მხრიდან არ შეფასებულა დაძაბულობის კომპონენტი, რადგანაც აღნიშნულ პროფესიასთან მიმართებით არ გაითვალისწინება. ექსპერტთა მითითებით, ის რაც აპარატით იყო გაზომვადი, ორივე დასკვნის შესაბამისად იყო ნორმაში, ხოლო ის რაც სუბიექტურ შეფასებას ემყარება მათ შორის დაძაბულობის კომპონენტი აღნიშნული იქნა მიჩნეული ზღვარს ზემოთ მოწინააღმდეგე მხარის დაკვეთით შედგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად. ექსპერტთა განმარტების შესაბამისად, მავნეობა გულისხმობს ამა თუ იმ სამუშაოს დაძაბულობის თუ სხვა დატვირთვის გათვალისწინებით საფრთხის არსებობა, რომ ადამიანს განუვითარდეს პროფესიული დაავადება. მემანქანის (მძღოლის) შემთხვევაში შეიძლება თვალის დაავადებები, კუჭ-ნაწლავის დაავადებები. ამიტომ მოხდა განსახილველ შემთხევვაში, ხმაურის, ვიბრაციის და მიკროკლიმატის შესწავლა. დაძაბულობის შემოწმებას რაც შეეხევა, ამ საამქროში დაახლოებით 1 კვირა დაჰყვეს, ჰქონდათ გასაუბრება საამქროს ხელმძღვანელთან, თუ თითოეული პოზიცია რას აკეთებდა, ასევე შეხვედრა დასაქმებულებთან და იმისთვის, რომ კრიტერიუმი შემოწმდეს, უნდა არსებობდეს გონივრული ვარაუდი, რომ არსებობს საშიშროება. დაძაბულობის კომპონენტის აღნიშნულ პოზიციასთან მიმართებით შეფასება არ იქნა მიჩნეული საჭიროდ. თუ რა უნდა შეფასდეს ამას წყვეტს ექსპერტი და რაიმე დადგენილებით არ არის განსაზღვრული შესაბამისი შეფასების ჩამონათვალი. დაძაბულობის არ არსებობა ცალსახა იყო პირველად დაკვირვებითაც. საქმეზე ასევე დაიკითხა, მოსარჩელის/დასაქმებულის დაკვეთით შედგენილი ექსპერტიზის დასკვნის ექსპერტი მ.ა–ძე, რომელმაც წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით აღნიშნა, რომ მართალია ბრძანებით განსაზღვრულია ერთ კვირიანი დაკვირვების საჭიროება, თუმცა მათი მხრიდან აღნიშნული არ განხორციელებულა და საკმარისად იქნა მიჩნეული ერთი სამუშაო დღის ფარგლებში რამდენიმე საათის დაკვირვება და ქრონომეტრაჟის მონაცემების შესწავლა. ექსპერტის განმარტებით, მათი შესწავლის საფუძველზე დამსაქმებელ კომპანიაში განსაზღვრული პროფესია თბომავლის მემანქანე არის მავნე პროფესია.
4.13. სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებისა და, ამავდროულად ზეპირ მოსმენაზე გაკეთებულ ექსპერტთა განმარტებების შეფასების შედეგად, ნაკლებად დამაჯერებლად მიიჩნია დასაქმებულის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნა, რადგან დასკვნა შედგენილია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და არ არის განხორციელებული მინიმუმ ერთკვირიანი დაკვირვება სამუშაო პროცესთან მიმართებით, შესაბამისად ექსპერტის გამოცდილებასთან მიმართებით პრეტენზია ავერ გამოდგება კანონით განსაზღვრული დანაწესის უგულებელყოფისათვის. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მხოლოდ რამდენიმე საათიანი დაკვირვება და გარკვეული მონაცემების შეკრება არ შეიძლება ექსპერტისათვის მიჩნეული ყოფილიყო საკმარისად შეედგინა იმგვარი დასკვნა, რომელიც კონკრეტულ პოზიციას ანიჭებს მავნე კლასს. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმეზე წარმოდგენილია აპელანტის/ დამსაქმებელი კომპანიის მიერ შედგენილი ზოგადი დასკვნა, რომლითაც შედგენილია მოპასუხე საწარმოში დასაქმებული ყველა პირის სამუშაო პოზიცია და თბომავლის მემანქანის პოზიცია არ არის მიჩნეული მავნე სამუშაოდ, რომელსაც სამომავლოდ შეუძლია გამოიწვიოს გარკვეული პროფესიული დაავადება. საგულისხმოა, რომ დასკვნა შედგენილია ერთთვიანი დაკვირვების საფუძველზე და კონკრეტული დავის წარმოშობამდე, რაც მეტ დამაჯერებლობას სძენს წარმოდგენილ დასკვნას. რაც შეეხება დაძაბულობის კომპონენტის შეუფასებლობას, აღნიშნულ ნაწილში ექსპერტების მიერ განიმარტა, რომ თითოეულ პროფესიასთან მიმართებით ფასდება შესაბამისი ადექვატური ფაქტორები, მემანქანის დანიშნულებიდან გამომდინარე მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული აღნიშნული ფაქტორის შეფასება, რადგანაც პირველად დაკვირვების შესაბამისად აღნიშნული გამორიცხული იყო და დამატებითი კვლევა მიზანშეუწონელი.
4.14. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მიერ წარმოდგენილი დასკვნა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი სამუშაო, პროფესია თავის თავში ითვალისწინებს დაძაბულობის გარკვეულ ელემენტებს, რაც ავტომატურად ვერ მიაკუთვნებს აღნიშნულ პროფესიას მავნე სამუშაოთა ჩამონათვალს და მითითებული უნდა აღწევდეს სიმძიმის გარკვეულ ხარისხს (უნდა არსებობდეს სამომავლო საფრთხე პროფესიული დაავადების განვითარებასთან მიმართებით), რაც წარმოდგენილ შემთხვევაში არ ვლინდება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ შრომის დაძაბულობის მაჩვენებლის ყველა კომპონენტის შეფასებისათვის მონაცემების გაზომვა აუცილებელი არ არის და მათი შეფასება შესაძლებელია კონკრეტული სამუშაოს იმ თავისებურებების გათვალისწინებით, რაც დადგენილია ამ სამუშაოს შესრულების ინსტუქციით და საწარმოს საქმიანობის თავისებურებებით. სასამართლოს შეფასებით, ასეთებია ემოციური დატვირთვა, სამუშაო რეჟიმი, ინტელექტუალური დატვირთვის კომპონენტები. შრომის ჰიგიენის ინსტუტუტის მიერ მავნეობის კლასის განსაზღვრის დროს ზოგიერთი კომპონენტის შეფასება დასაბუთებული არ არის. კერძოდ, დასაბუთებული არ არის სენსორული დატვირთის კომპონენტების მიხედვით თბომავლის მემანქანის სამუშოსათვის მავნეობის კლასის მინიჭება. თუმცა ამ დასკვნაში მითითებული შრომის დაძაბულობის მაჩვენებლის 6-ზე მეტ კომპონენტში მინიჭებულია მავნეობის კლასი. დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნაში შრომის დაძაბულობის მიხედვით მავნეობის კლასი არც ერთ კომპონენტში მინიჭებული არ არის, თუმცა ამ ნაწილში დასკვნის აღწერილობით ნაწილში არ არის მითითებული მათი კვლევის დროს გამოვლენილი გარემოებები. შესაბამისად, არ არის შესაძლებელი ერთმანეთს შედარდეს სხვადასხვა ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების დროს გამოვლენილი ფაქტორები. მართალია, კვლევა ჩატარებულია ქრონომეტრაჟული დაკვირვებით, მაგრამ დასკვნაში არ არის მითითებული ბრძანებით განსაზღვრული კომპონენტების შეფასებისათვის განმსაზღვრელი გარემოებების კვლევის აღწერილობა, თბომავლის მემანქანის სამუშაო პროცესზე დაკვირვების დროს გამოვლენილი სამუშაოს ის თავისებურებები, რაც ექსპერტებმა არ მიიჩნიეს მავნე სამუშაოდ შეფასების საფუძვლებად.
4.15. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დასკვნის შეფასებისათვის უმნიშვნელოვანესია დასკვნის აღწერილობითი ნაწილი, საექსპერტო კვლევის დროს გამოვლენილი გარემოებები და ამ გარემოებების შეფასების მიზნით ექსპერტების მიერ განვითარებული მსჯელობა. დასკვნის დასაბუთებულობა საექსპერტო კვლევის შეფასებიდან, ექსპერტების არგუმენტების შინაარსიდან გამომდინარეობს. საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნების არსებობის პირობებში ყურადღება უნდა მიექცეს დასკვნაში გამოკვლეულ გარემოებებს და მათი შეფასების მიზნით ექსპერტების არგუმენტებს. თითოეულ დასკვნაში მითითებული გარემოებების ურთიერთშედარებით და ამის შედეგად მათი შეფასებით უნდა დადგინდეს სამუშაოს შესრულების პროცესზე მოქმედი ფაქტორების არსი. N147/ნ ბრძანებით დადგენილია, რომ სამუშაო პროცესზე მავნე ზეგავლენის ხარისხი უნდა შეფასდეს არა მარტო ფიზიკური ფაქტორების, არამედ შრომის სიმძიმის და დაძაბულობის მაჩვენებლების შეფასების საფუძველზე. ამასთან, თითოეული მაჩვენებლისათვის დამახასიათებელი კომპონენტები ცალკე ფასდება და არა მათი სირთულის ან მნიშვნელობის მიხედვით. იმის მიხედვით, თუ რამდენ კომპონენტს მიენიჭება მავნეობის კლასი, სამუშაო პოზიცია ფასდება მავნე სამუშაოდ. დამსაქმებლის ინიციატივით ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნაში არ არის მითითებული სამუშაოზე დაკვირვების დროს სამუშაოს დაძაბულობის და სიმძიმის რა კომპონენტები გამოვლინდა და ეს გარემოებები როგორ შეაფასეს კვლევის ჩამტარებელმა სპეციალისტებმა. დასაქმებულის ინიციატივით ჩატარებული კვლების შედეგად შრომის დაძაბულობის 6-ზე მეტ მაჩვენებს მინიჭებული აქვს მავნეობის კლასი, რის გამო N147/ნ ბრძანების საფუძველზე მოსარჩელის სამუშაო პოზიცია მიიჩნევა მავნე პირობებიან სამუშაოდ. ამასთან, დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შემდგენელი ექსპერტების განმარტებით, კონკრეტული კომპონენტების შეფასება არ განხორციელდა, რადგანაც აღნიშნული არ მიესადაგება კონკრეტულ პოზიციებს და პირველადი დაკვირვებითაც ცალსახაა მათი არ არსებობა. N147/ნ ბრძანების მიხედვით განმარტებულია, რომ შრომის დაძაბულობა არის შრომითი პროცესის დახასიათება, რომელიც ასახავს დატვირთვას უპირატესად დასაქმებულთა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, გრძნობათა ორგანოებზე, ემოციურ სფეროზე. შრომის დაძაბულობის დამახასიათებელ ფაქტორებს მიეკუთვნება: ინტელექტუალური, სენსორული, ემოციური დატვირთვები, დატვირთვების მონოტონურობის ხარისხი, მუშაობის რეჟიმი. მითითებული ბრძანების 13-ე მუხლის მიხედვით, დადგენილია შრომის პირობების ზოგადი ჰიგიენური შეფასების წესები და კრიტერიუმები. ამ ნორმის მიხედვით: 1. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო ადგილზე მავნე ფაქტორების დონეების ფაქტობრივი მნიშვნელობები ოპტიმალური ან დასაშვები სიდიდეების საზღვრებშია, ამ სამუშაო ადგილზე შრომის პირობები პასუხობს ჰიგიენურ მოთხოვნებს და შესაბამისად მიეკუთვნება 1 ან 2 კლასს; თუკი თუნდაც ერთი ფაქტორის დონე აღემატება დასაშვებ სიდიდეს, ამ შემთხვევაში ასეთ სამუშაო ადგილზე შრომის პირობები, გადამეტების სიდიდის მიხედვით და წინამდებარე სანიტარიული წესების შესაბამისად, როგორც ცალკეული ფაქტორით, ასევე მათი შერწყმით შეიძლება მიეკუთვნოს მე-3 კლასის (მავნე) 1–4 ხარისხის ან მე-4 კლასის (საშიშ) შრომის პირობებს; 2. შრომის პირობების კლასის დასადგენად ზდკ-ის და ზდდ-ის გადამეტება შეიძლება იყოს დარეგისტრირებული ერთი ცვლის განმავლობაში, თუ ის ტიპურია მოცემული ტექნოლოგიური პროცესისათვის. დასაქმებულზე მავნე ფაქტორის (ტიპურის მოცემული ტექნოლოგიური პროცესისათვის, ან არატიპურის და დასაქმებულის ფუნქციური მოვალეობებისათვის შეუსაბამისის) ეპიზოდური (კვირის, თვის განმავლობაში) ზემოქმედებისას მისი აღრიცხვა და შრომის პირობების შეფასება ხორციელდება შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტის მიერ; 3. საწარმოო გარემოსა და შრომითი პროცესის მავნე ფაქტორების შეფასების შედეგები შეაქვთ მე-13 ცხრილში შრომის პირობების საერთო შეფასება მავნეობისა და საშიშროების მიხედვით დგინდება: ა) მავნეობის ყველაზე უფრო მაღალი კლასისა და ხარისხის მიხედვით; ბ) 3.1 კლასს მიკუთვნებული 3 და მეტი ფაქტორის შერწყმული მოქმედების შემთხვევაში შრომის პირობების საერთო შეფასება შეესაბამება 3.2 კლასს; გ) 3.2, 3.3, 3.4 კლასების 2 და მეტი ფაქტორის შერწყმის შემთხვევაში შრომის პირობები შეფასდება შესაბამისად ერთი ხარისხით მაღლა. ბრძანების მე-14 მუხლით დადგენილია ზოგადი მეთოდური მითითებები, რომლის დაცვით უნდა მოხდეს სამუშაო პროცესზე მოქმედი მავნე და საშიში ფაქტორების დადგენა. ამ მუხლის მე-5-7 პუნქტების მიხედვით; 4. კონტროლს ექვემდებარება სამუშაო ადგილზე არსებული საწარმოო გარემოსა და შრომით პროცესის ყველა მავნე და საშიში ფაქტორი; 5. ინსტრუმენტული გაზომვების მონაცემები ფორმდება ოქმებით სამედიცინო დოკუმენტაციის შესაბამისად, ან მათ საფუძველზე დამუშავებულლი ოქმების შესაბამისად; 6. შრომის პირობების ჰიგიენური შეფასება ხორციელდება წინამდებარე დოკუმენტის შესაბამისად. ამდენად, შრომის პირობების მავნეობის ხარისხის შეფასებისათვის შესწავლილი და გამოკვლეული უნდა იყო შრომითი პროცესისთვის დამახასიათებელი ყველა მავნე და საშიში ფაქტორი და ყველა ფაქტორი „მავნეობის“ ხარისხის შეჯამების შედეგად უნდა გაკეთდეს დასკვნა სამუშაოს მავნეობის შესახებ.
4.16. სადავო შემთხვევაში თბომავლის მემანქანის პოზიცია მავნე პირობებიან სამუშაოდ შეფასებულია შრომის პროცესის დაძაბულობის მიხედვით, ეს მაჩვენებელი კი ბრძანების 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უნდა შეფასდეს ქრონომეტრაჟული დაკვირვების გზით. 22-ე მუხლის მიხედვით: 1. შრომითი პროცესის დაძაბულობას აფასებენ წინამდებარე სახელმძღვანელოს შესაბამისად; 2. დასაქმებულთა პროფესიული ჯგუფის შრომის დაძაბულობის შეფასება დამყარებულია შრომითი მოღვაწეობის და მისი სტრუქტურის ანალიზზე, რომელიც შეისწავლება ქრონომეტრაჟული დაკვირვების გზით, დინამიკაში მთელი სამუშაოს დღის მანძილზე არანაკლებ ერთი კვირის განმავლობაში; 3. შრომითი პროცესის ანალიზი დაფუძნებულია იმ საწარმოო ფაქტორების (სტიმულების, გამაღიზიანებლების) მთელი კომპლექსის აღრიცხვაზე, რომლებიც ქმნიან არახელსაყრელი ნერვულ-ემოციური მდგომარეობის (გადაძაბვის) წარმოქმნის წინაპირობას. შრომითი პროცესის ყველა ფაქტორს (მაჩვენებელს) აქვს ხარისხობრივი და რაოდენობრივი გამოხატულება და დაჯგუფებულია დატვირთვის სახეების მიხედვით: ინტელექტუალური, სენსორული, ემოციური, მონოტონური, რეჟიმული დატვირთვები.
4.17. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შრომის ჰიგიენის ინსტიტუტის დასკვნით, თბომავლის მემანქანის სამუშოსათვის მავნე სამუშაოს კვალიფიკაცია მინიჭებულია შრომის დაძაბულობის მაჩვენებლით ამ მაჩვენებლების შემდეგი კომპონენტების მიხედვით: ა) ინტელექტიალური ხასიათის დატვირთვის შემდეგი კომპონენტები: ფუნქციის განაწილება დავალების სირთულის ხარისხის მიხედვით და შესასრულებელი სამუშაო ხასიათი; ბ) სენსორული დატვირთვის შემდეგი კომპონენტები: გულისყურით დაკვირვების ხანგრძლივობა და სიგნალების და შეტყობინებების სიმჭიდროვე. სმენის ანალიზატორების მიხედვით და სახმო აპარატზე დატვირთვა კვირის განავლობაში ნალაპარაკევი საათების ჯამური რაოდენობით; გ) ემოციური დატვირთვის მაჩვენებლით, საკუთარი საქმიანობის შედეგებზე პასუხისმგებლობის ხარისხის და შეცდომის მნიშვნელობის მიხედვით და საკუთარი და სხვისი სიცოცხლის უსაფრთხოებაზე მოსალოდნელი პასუხისმგებლობის კომპონენტებით; დ) მუშაობის რეჟიმის მაჩვენებებლით, სამუშაოს დღის ფაქტიური 12 საათიანი ხანგრძლივობის, ღამის ცვლაში მუშაობის რეჟიმის გამო.
4.18. შრომის ჰიგიენის ინსტიტუტის დასკვნით მავნეობის კლასი მინიჭებული აქვს 10 კომპონენტს, რის გამოც შეფასება უნდა მიეცეს ბრძანების შესაბამისად, როგორ არის შეფასებული თითოეული კომპონენტები და დაცულია თუ არა ამ ნორმატიული აქტით დადგენილი კრიტერიუმები. ინტელექტუალური დატვირთვის მაჩვენებლით 3.1. მავნეობის კლასი მინიჭებული აქვს 1.3 („ფუნქციების განაწილება დავალების სირთულის ხარისხის მიხედვით“) და 1.4 („შესასრულებელი სამუშაოს ხასიათი“) კომპონენტებში. ბრძანების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „ფუნქციების განაწილება დავალების სირთულის ხარისხის მიხედვით“ ფასდება შემდეგი გარემოებების 64 გათვალისწინებით: „ნებისმიერი შრომითი საქმიანობა ხასიათდება დასაქმებულებს შორის ფუნქციების განაწილებით. შესაბამისად, რაც მეტი ფუნქცია ეკისრება დასაქმებულს, მით მეტია მისი შრომის დაძაბულობა. შრომით საქმიანობას, რომელიც შეიცავს უბრალო ფუნქციებს, მიმართულს კონკრეტული დავალების დამუშავებისა და შესრულებისაკენ, არ მივყავართ შრომის მნიშვნელოვან დაძაბულობამდე. ასეთი საქმიანობის მაგალითად გვევლინება ლაბორანტის შრომა (1 კლასი). დაძაბულობა იზრდება, როცა ხორციელდება ინფორმაციის დამუშავება, შესრულება შესრულებული დავალების შემდგომი შემოწმებით (2 კლასი), რაც დამახასიათებელია ისეთი პროფესიებისათვის, როგორიცაა მედდები, ტელეფონისტები და სხვ. დამუშავება, შემოწმება და, გარდა ამისა, დავალების შესრულებაზე კონტროლი მიუთითებს დასქმებულის შესასრულებელი ფუნქციის სირთულის დიდ ხარისხზე და, შესაბამისად, შრომის დაძაბულობის გამოვლენის დიდ ხარისხზე (სამრეწველო საწარმოების ოსტატები, ტელეგრაფისტები, კონსტრუქტორები, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები-3.1 კლასი). უფრო მეტად რთული ფუნქცია – ეს არის წინასწარი მოსამზადებელი სამუშაო, რაც ითვალისწინებს დავალების განაწილებას სხვა პირებზე (3.2 კლასი), რომელიც დამახასიათებელია ისეთი პროფესიებისათვის, როგორიცაა სამრეწველო საწარმოების ხელმძღვანელები, ავიადისპეტჩერები, მეცნიერთანამშრომლები, ექიმები და სხვ“. დავალების სირთულის მიხედვით ფუნქციების განაწილების კომპონენტი მავნე სამუშაოდ ითვლება, თუ სამუშაოსათვის დამახასიათებელია დავალების დამუშავება, შემოწმება, მიღებული დავალების შესრულებაზე კონტროლი.
4.19. თბომავლის მემანქანის სამუშაო ინსტუქციის მიხედვით, დამსაქმებელი კომპანიის რკინიგზის საამქროს თბომავლის მემანქანის ინსტრუქციის მე-2 მუხლის თანახმად, რკინიგზის საამქროს თბომავლის მემანქანე ოპერატიულად ექვემდებარება რკინიგზის საამქროს ცვლის დისპეტჩერს, ადმინისტრაციულად ექვემდებარება საამქროს უფროსს, ცვლის დისპეტჩერის ნებართვის გარეშე არა აქვს უფლება შეასრულოს ვინმეს განკარგულება. ავარიის შემთხვევაში საამქროს ხელმღვანელობის განკარგულება სრულდება დაუყოვნებლივ ცვლის დისპეტჩერისათვის შემდგომი შეტყობინებით; 2.2. პუნქტის მიხედვით, ავარიული სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ცვლის დისპეტჩერს და იმოქმედოს მისი მითითებით. ავარიის სწრაფად განვითარების საშიშროების შემთხვევაში შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს ზომები ავარიის ლიკვიდაციისათვის. შემდგომ ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ცვლის დისპეტჩერს. ინსტრუქციის თანახმად, თბომავლის მემანქანე თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ შეასრულოს დადგენილი წესდების და ინსტრუქციის თანახმად თბომავლის სარემონტო სამუშოები, მონაწილეობა მიიღოს მექანიკოსთან ერთად თბომავლის ყველა სახის რემონტის ჩატარებაში და მოვალეა პასუხი აგოს თბომავლის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისათვის. არ დაუშვას შემადგენლობის მოძრაობა. რომლის ტვირთამწეობა აღემატება დასაშვებ ნორმებს და კრიტიკულია მოცემული უბნისათვის. ეკონომიურად ხარჯოს საწვავი, ელექტროენერგია, საცხები, საწმენდი მასალები, გამართულ მდგომარეობაში იქონიოს საჭირო ინვენტარი და აწარმოოს თბომავლის ტექნიკური დათვალიერება; 3.10 პუნქტის მიხედვით, ევალება შეასრულოს დისპეტჩერის ოპერატიული განკარგულება. ასევე ყველა იმ პირის, ვინც პასუხს აგებს მოძრაობაზე და მენევრირებაზე; 3.20 პუნქტის საფუძველზე, თბომავლის მემანქანეს ევალება ცვლის დამთავრებისას შეასრულოს სარემონტო სამუშაოები. თბომავალი დაასუფთაოს, აიღოს ზეთის, საწავის და წყლის სინჯები, აწარმოოს ჩანაწერები თბომავლის ტექნიკური დათვალიერების ჟურნალში; 3.21 პუნქტის მიხედვით, თბომავლის მემანქანე პასუხს აგებს გაუმართავი თბომავლის გადაბარებაზე მომდევნო ცვლისათვის; 3.24 პუნქტის მიხედვით, თბომავლის მემანქანე პასუხისმგებელია ძირითადი ინსტუქციის ზუსტად შესრულებაზე. თბომავლის მემანქანე მოძრაობის და მანევრირების დროს ემორჩილება შემადგენლის სიგნალს. შემადგენლის მიერ სიგნალის მიცემის შემდეგ მემანქანე ვალდებულია გაიმეოროს მიცემული სიგნალი, რათა შემადგენელი დარწმუნდეს, რომ მისი მიცემული სიგნალი გაიგო და ამის შემდეგ დაიწყოს მოძრაობა და მენევრირება.
4.19.1. ინსტრუქციის თანახმად, თბომავლის მემანქანის მოვალეობაა არა მარტო თბომავლის მართვა, არამედ თბომავლის სარემონტო სამუშაოების შესრულება. მას ევალება მექანიკოსთან ერთად მონაწილეობა მიიღოს მატარებლის შემადგენლობის სარემონტო სამუშაოს შესრულებაში. ამდენად, გარდა მატარებლის შემადგენლობის მართვისა, თბომავლის მემანქანეს ევალება მატარებლის სარემონტო სამუშაოების შესრულება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ინსტრუქციის საფუძველზე გაზრდილია მემანქანის მოვალეობები ისეთი სამუშაოს შესრულების ვალდებულებით, რაც მავნე პირობებიან სამუშაოდ მიიჩნევა ამ სამუშაოს შესრულებელებელი სხვა დასაქმებულისათვის. თუმცა, საყურადღებოა ის გარემოება, რომ დასაქმებულის ინიციატივით შედგენილი ექსპერტიზის დასკვნით უშუალოდ არ არის შესწავლილი სარემონტო სამუშაოების განხორციელება, დასკვნა ეყრდნობა მხოლოდ ინსტრუქციაში ასახულ მონაცემს, მაშინ, როდესაც რეალურად საწარმოში დასაქმებულია მექანიკოსები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სარემონტო სამუშაოებს. ექსპერტიზის დასკვნა აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია იმდენად, რამდენადაც სასამართლო სხდომაზე დასმულ შეკითხვაზეც ექსპერტმა ვერ დაადასტურა, რომ უშუალოდ დააკვირდა მემანქანის მხრიდან გარკვეული სარემონტო სამუშაოების განხორციელებას, ექსპერტის განმარტებით, იგი დაეყრდნო შრომით ინსტრუქციას და აღნიშნული მიიჩნია საკმარისად შესაბამისი კლასის განსაზღვრისათვის.
4.19.2. ინტელექტუალური დატვირთვის შემდგომი კომპონენტი, რაშიც მიენიჭა მავნეობის 3,1 კლასი, არის „შესასრულებელი სამუშაოს ხასიათი“, რომლის არსი განმარტებულია 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში შემდეგნაირად „იმ შემთხვევაში, როცა სამუშაო სრულდება ინდივიდუალური გეგმით, შრომის დაძაბულობის დონე არ არის მაღალი (1 კლასი - ლაბორანტები). თუ სამუშაო მიმდინარეობს მკაცრად დადგენილი გრაფიკით, აუცილებლობის შემთხვევაში მისი კორექციის შესაძლებლობით, დაძაბულობა იზრდება (2 კლასი-მედდები, ტელეფონისტები, ტელეგრაფისტები და სხვ.). უფრო მეტია შრომის დაძაბულობა, როცა სამუშაო სრულდება დროის დეფიციტის პირობებში (კლასი 3.1- სამრეწველო საწარმოების ოსტატები, მეცნიერ-თანამშრომლები, კონსტრუქტორები). კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა (კლასი 3.2) დამახასიათებელია ისეთი სამუშაოსათვის, რომელიც სრულდება დროის და ინფორმაციის დეფიციტის პირობებში. ამასთან, აღინიშნება მაღალი პასუხისმგებლობა სამუშაოს საბოლოო შედეგისათვის (ექიმები, სამრეწველო საწარმოების ხელმძღვანელები, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, ავიადისპეტჩერები)”. აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ „შესასრულებელი სამუშაოს ხასიათის“ კომპონენტის მიხედვით, ჰიგიენის ინსტიტუტის დასკვნა დასაბუთებული არ არის. ამ კომპონენტში სამუშაო პოზიციას დასკვნით მინიჭებული აქვს 3.1. კლასი. ბრძანების მიხედვით, იმ შემთხვევაში, როცა სამუშაო სრულდება ინდივიდუალური გეგმით, შრომის დაძაბულობის დონე არ არის მაღალი (1 კლასი- ლაბორანტები). თუ სამუშაო მიმდინარეობს მკაცრად დადგენილი გრაფიკით, აუცილებლობის შემთხვევაში მისი კორექციის შესაძლებლობით, დაძაბულობა იზრდება (2 კლასი-მედდები, ტელეფონისტები, ტელეგრაფისტები და სხვ.). უფრო მეტია შრომის დაძაბულობა, როცა სამუშაო სრულდება დროის დეფიციტის პირობებში (კლასი 3.1- სამრეწველო საწარმოების ოსტატები, მეცნიერ-თანამშრომლები, კონსტრუქტორები). სასამართლო სხდომაზე ექსპერტებმა ზეპირ განმარტებებში აღნიშნეს, რომ ამ კომპონენტის ფარგლებში თბომავლის მემანქანისათვის დამახასიათებელია სამუშაოს შესრულება დროის დეფიციტის პირობებში. ამ საკითხზე ექსპრტიზის დასკვნა დასაბუთებული არ არის, რადგან დასკვნაში აღწერილი არ არის დროის დეფიციტი რა გარემოებებით გამოვლინდა და ეს გარემოებები ვერც ზეპირი განმარტების დროს მიუთითეს. სამუშაო აღწერილობით და მხარეების განმარტებებით დასტურდება, რომ თბომავლის მემანქანის სამუშაო პროცესი ცვლაში სამუშაოს შესრულებით ხორციელდება. მხარეების განმარტებებით ირკვევა, რომ თბომავლის მემანქანეს წინასწარ აქვს განსაზღვრული დავალებები კონკრეტული სახეობის და რაოდენობის ტვირთის გადაზიდვის თაობაზე, ხოლო ქრონომეტრაჟული დაკვირვებით არ არის გამოკვლეული, რომ სამსახურებრივ დავალებებს თბომავლის მემანქანე ასრულებს დროის დეფიციტის პირობებში.
4.19.3. სენსორული დატვირთვის მაჩვენებლით მავნეობის კლასი მინიჭებულია ორ კომპონენტში - სმენის ანალიზატორის დატვირთვა და დატვირთვა სახმო აპარატზე (კვირის განმავლობაში ნალაპარაკევი საათების ჯამური რაოდენობა). ბრძანების 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის “ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სმენის ანალიზატორის დაძაბულობის ხარისხი განისაზღვრება სიტყვის გარკვეულობის დამოკიდებულებით პროცენტებში მეტყველების ინტენსიურობის დონესა და „თეთრ“ ხმაურს შორის თანაფარდობისაგან. როცა არ არის დაბრკოლება, სიტყვის გარკვეულობა ტოლია 100%-ის (1 კლასი). მე-2 კლასს მიეკუთვნება შემთხვევები, როდესაც მეტყველების დონე აღემატება ხმაურს 10-15 დბ-თი და შეესაბამება სიტყვის გარკვეულობას, რომელიც ტოლია 90-70 %-ისა ან სმენადობას 3,5მ- მდე მანძილზე; ამ ბრძანების 22-ე 67 მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დატვირთვა სახმო აპარატზე (კვირის განმავლობაში ნალაპარეკევი საათების ჯამური რაოდენობა) ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით - „სახმო აპარატის დაძაბულობის ხარისხი დამოკიდებულია მეტყველების დატვირთვის ხანგრძლივობაზე. ხმის გადაძაბვა გვხვდება ხანგრძლივი, დასვენების გარეშე ხმოვანი საქმიანობის დროს. მაგალითი. უდიდესი დატვირთვა (კლასი 3.1 ან 3.2) აღენიშნებათ ხმოვან-სამეტყველო პროფესიის პირებს (პედაგოგები, საბავშვო დაწესებულებების აღმზრდელები, ვოკალისტები, მსახიობები, დიქტორები, ექსკურსიამძღოლები და სხვ.). უფრო მცირე ხარისხით ასეთი სახის დატვირთვა დამახასიათებელია სხვა პროფესიული ჯგუფებისათვის (ავიადისპეტჩერები, ტელეფონისტები, ხელმძღვანელები და სხვ. – 2 კლასი). კრიტერიუმის უმცირესი მნიშვნელობა შეიძლება აღინიშნებოდეს სხვა პროფესიების მუშაობაში (ლაბორანტები, კონსტრუქტორები, ავიატრანსპორტის მძღოლები) – I კლასი.
4.20. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სმენის ანალიზატორების ამ კომპონენტების შეფასებისათვის აუცილებელია ქრონომეტრაჟული დაკვირვების მონაცემების აღწერა, ხმაურის პარამეტრების გაზომვა და ამის შედეგად მოსმენილი სიტყვების რაოდენობის დადგენა. ამასთან, ბრძანების მიხედვით, უნდა შეფასდეს სმენადობა 3,5 მდე მანძილზე. ასევე არ არის დასაბუთებული სახმო აპარატზე დატვირთვის კომპონენტში მავნეობის კლასის დადგენისათვის აუცილებელი ფაქტორების არსებობა. ბრძანების მიხედვით, სახმო აპარატის დაძაბულობის ხარისხი დამოკიდებულია მეტყველების დატვირთვის ხანგრძლივობაზე. ხმის გადაძაბვა დამახასიათებელია ხანგრძლივი, დასვენების გარეშე ხმოვანი საქმიანობის დროს. უდიდესი დატვირთვის (კლასი 3.1 ან 3.2) მაგალითად ბრძანებაში მითითებულია ხმოვან-სამეტყველო პროფესიის პირები (პედაგოგები, საბავშვო დაწესებულებების აღმზრდელები, ვოკალისტები, მსახიობები, დიქტორები, ექსკურ-სიამძღოლები და სხვ.). სამუშაო ინსტრუქციის თანახმად, თბომავლის მემანქანე მოძრაობის და მანევრირების დროს ემორჩილება შემადგენლის სიგნალს. შემადგენლის მიერ სიგნალის მიცემის შემდეგ მემანქანე ვალდებულია გაიმეოროს მიცემული სიგნალი, რათა შემადგენელი დარწმუნდეს, რომ მისი მიცემული სიგნალი გაიგო და ამის შემდეგ დაიწყოს მოძრაობა და მენევრირება. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მხარეების განმარტებებით, ექსპერტების ზეპირი განმარტებებით ირკვევა, რომ თბომავლის მემანქანე კავშირისათვის იყენებს ტექნიკურ მოწყობილობას, რაციებს. დასკვნაში ქრონომეტრაჟული დაკვირვებით არ არის აღწერილი, ცვლის განმავლობაში სამუშაოს შესრულების პროცესში ტექნიკური საშუალებების გამოუყენებლად ან მათი მეშვეობით რა სიხშირით და რა სახის სიტყვიერი ბრძანებების ან მითითებების გაცემა უწევს თბომავლის მემანქანეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხმოვანი გადაძაბვა იმის მსგავსად, რაც დამახასიათებელია ხმოვან-სამეტყველო პროფესიის ადამიანებისათვის. სამუშაოს კვლევა არ ჩატარებულა ერთ კვირიანი დაკვირვებით, ასევე არც ერთ სრულ სამუშო დღეზე დაკვირვების შედეგად.
4.21. ემოციური დატვირთვის მაჩვენებლით მავნეობის 3.1 კლასი მინიჭებული აქვს ორ კომპონენტში - “საკუთარი საქმიანობის შედეგებზე პასუხისმგებლობის ხარისხი „შეცდომის მნიშვნელობა“ და საკუთარი სიცოცხლის რისკის ხარისხი და პასუხისმგებლობის ხარისხი სხვა პირების უსაფრთხოებაზე“.
4.21.1. ბრძანების 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, “საკუთარი საქმიანობის შედეგებზე პასუხისმგებლობის ხარისხი „შეცდომის მნიშვნელობა“ ფასდება შემდეგი გარემოებების საფუძველზე - „ეს მაჩვენებელი მიუთითებს, თუ რა ზომით შეუძლია დასაქმებულს გავლენა იქონიოს საკუთარი შრომის შედეგზე, განხორციელებული საქმიანობის სირთულის სხვადასხვა დონეების დროს. სირთულის ზრდასთან ერთად მატულობს პასუხისმგებლობის ხარისხი, რამდენადაც მცდარ მოქმედებას მივყავართ დამატებით ძალისხმევამდე დასაქმებულის ან მთელი შრომითი კოლექტივის მხრიდან, რაც შესაბამისად იწვევს ემოციური დაძაბვის ზრდას. მაგალითად, ისეთი პროფესიებისათვის, როგორიცაა სამრეწველო საწარმოების ხელმძღვანელები და ოსტატები, ავიადისპეტჩერები, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები და სხვ., დამახასიათებელია პასუხისმგებლობის ყველაზე მაღალი ხარისხი სამუშაოს საბოლოო შედეგისათვის, ხოლო დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება მიგვიყვანოს ტექნოლოგიური პროცესის გაჩერებამდე, ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში სიტუაციის წარმოქმნამდე (კლასი 3.2). თუ დასაქმებული პასუხისმგებელია დავალების ძირითად სახეზე, ხოლო შეცდომები იწვევენ დამატებით ძალისხმევას მთელი კოლექტივის მხრიდან, მაშინ ემოციური დატვირთვა მოცემულ შემთხვევაში უკვე რამდენადმე ნაკლებია (კლასი 3.1): (მედდები, მეცნიერ-მუშაკები, კონსტრუქტორები). იმ შემთხვევაში, როცა პასუხისმგებლობის ხარისხი დაკავშირებულია დამხმარე დავალების ხარისხზე, ხოლო შეცდომა იწვევს დამატებით ძალისხმევას ზემდგომი ხელმძღვანელის მხრიდან (კერძოდ, ბრიგადირი, ცვლის უფროსი და სხვ.), მაშინ ასეთი შრომა მოცემული მაჩვენებლის მიხედვით ხასიათდება კიდევ უფრო ნაკლები ემოციური დაძაბულობის გამოვლინებით (2 კლასი): (ტელეფონისტები, ტელეგრაფისტები). კრიტერიუმების უმცირესი მნიშვნელობა აღინიშნება ლაბორანტების მუშაობაში, სადაც დასაქმებული პასუხისმგებელია პროდუქციის მხოლოდ ცალკეული ელემენტების შესრულებაზე, ხოლო დაშვებული შეცდომის შემთხვევაში, დამატებით ძალისხმევას ადგილი აქვს მხოლოდ თვითონ დასაქმებულის მხრიდან (1 კლასი).
4.22. ბრძანების 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომპონენტის „საკუთარი სიცოცხლის რისკის ხარისხი და პასუხისმგებლობის ხარისხი სხვა პირების უსაფრთხოებაზე“ ფასდება შემდეგი გარემოებების საფუძველზე - „ეს ორი მაჩვენებელი ასახავს ემოციური მახასიათებლის ფაქტორებს. რიგი პროფესიები ხასიათდება პასუხისმგებლობით მხოლოდ სხვა პირების უსაფრთხოებაზე (ავიადისპეტჩერები, ექიმი-რეანიმა-ტოლოგები და სხვ.) და პირად უსაფრთხოებაზე (კოსმონავტები, პილოტები და სხვ.)- 3.2 კლასი. მაგრამ არსებობს მთელი რიგი სამუშაოები, რომლებიც ხასიათდება პასუხისმგებლობით როგორც პირადი, ისე სხვა პირების სიცოცხლისათვის (ექიმი-ინფექ-ციონისტები, ავტოტრანსპორტის მძღოლები და სხვ.). ამ შემთხვევაში ემოციური დატვირთვა მნიშვნელოვნად მაღალია, ამიტომ ეს მაჩვენებელი საჭიროა შეფასდეს, როგორც ცალკეული დამოუკიდებელი სტიმულები.არის მთელი რიგი პროფესიები, სადაც მოცემული ფაქტორები სრულიად არ არსებობს (ლაბორანტები, მეცნიერ-მუშაკები, ტელეფონისტები, ტელეგრაფისტები და სხვ.). მათი შრომა ფასდება, როგორც შრომის დაძაბულობის 1 კლასი“.
4.22.1. დამსაქმებელი კომპანიის რკინიგზის საამქროს თბომავლის მემანქანის ინსტრუქციის მე-2 მუხლის თანახმად, რკინიგზის საამქროს თბომავლის მემანქანე ოპერატიულად ექვემდებარება რკინიგზის საამქროს ცვლის დისპეტჩერს, ადმინისტრაციულად ექვემდებარება საამქროს უფროსს, ცვლის დისპეტჩერის ნებართვის გარეშე არა აქვს უფლება შეასრულოს ვინმეს განკარგულება. ავარიის შემთხვევაში საამქროს ხელმღვანელობის განკარგულება სრულდება დაუყოვნებლივ ცვლის დისპეტჩერისათვის შემდგომი შეტყობინებით; 2.2. პუნქტის მიხედვით, ავარიული სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ცვლის დსიპეტჩერს და იმოქმედოს მისი მითითებით. ავარიის სწრაფად განვითარების საშიშროების შემთხვევაში შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს ზომები ავარიის ლიკვიდაციისათვის. შემდგომ ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ცვლის დისპეტჩერს; 3.7 პუნქტის მიხედვით, თბომავლის მემანქანე ეცნობა ბრძანებების და განკარგულებების წიგნს, განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა გაეცნოს ინსტრუქციას; 3.8 პუნქტის მიხედვით, თბომავლის მემანქანე ვალდებულია ზუსტად და დროულად შეასრულოს მიღებული დავალებები; 3.9 პუნქტის მიხედვით, თბომავლის მემანქანე თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას თბომავლის სწორი რეჟიმით მუშაობაზე. ასევე თბომავლის გაუმართაობის დროულად გამოვლენაზე და თბომავლის გარე და შიდა სისუფთავეზე. თბომავლის მემანქანე თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ შეასრულოს დადგენილი წესდების და ინსტრუქციის თანახმად თბომავლის სარემონტო სამუშოები, მონაწილეობა მიიღოს მექანიკოსთან ერთად თბომავლის ყველა სახის რემონტის ჩატარებაში და მოვალეა პასუხი აგოს თბომავლის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისათვის. არ დაუშვას შემადგენლობის მოძრაობა, რომლის ტვირთამწეობა აღემატება დასაშვებ ნორმებს და კრიტიკულია მოცემული უბნისათვის. ეკონომიურად ხარჯოს საწვავი, ელექტროენერგია, საცხები, საწმენდი მასალები, გამართულ მდგომარეობაში იქონიოს საჭირო ინვენტარი და აწარმოოს თბომავლის ტექნიკური დათვალიერება; 3.10 პუნქტის მიხედვით, ევალება შეასრულოს დისპეტჩერის ოპერატიული განკარგულება. ასევე ყველა იმ პირის, ვინც პასუხს აგებს მოძრაობაზე და მენევრირებაზე; 3.17 პუნქტის მიხედვით, თბომავლის მემანქანე ვალდებულია განსაკუთრებული სიფრთხილით განახორციელოს იმ ვაგონების სამანევრო სამუშაოები, რომელშიც იმყოფებიან გამცილებლები, არის უგაბარიტო ან საშიში ტვირთით დატვირთული; 3.19 პუნქტის მიხედვით, ვალდებულია თბომავლის მიღება-ჩაბარების დროს ზუსტად დაიცავს შინაგანაწესი. მომდევნო ცვლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში გააგრძელოს მუშაობა დამატებით 2 სთ-ის განმავლობაში; 3.20 პუნქტის საფუძველზე, თბომავლის მემანქანეს ევალება ცვლის დამთავრებისას შეასრულოს სარემონტო სამუშაოები. თბომავალი დაასუფთაოს, აიღოს ზეთის, საწავის და წყლის სინჯები, აწარმოოს ჩანაწერები თბომავლის ტექნიკური დათვალიერების ჟურნალში; 3.21 პუნქტის მიხედვით, თბომავლის მემანქანე პასუხს აგებს გაუმართავი თბომავლის გადაბარებაზე მომდევნო ცვლისათვის; 3.24 პუნქტის მიხედვით, თბომავლის მემანქანე პასუხისმგებელია ძირითადი ინსტუქციის ზუსტად შესრულებაზე. თბომავლის მემანქანე მოძრაობის და მანევრირების დროს ემორჩილება შემადგენლის სიგნალს. შემადგენლის მიერ სიგნალის მიცემის შემდეგ მემანქანე ვალდებულია გაიმეოროს მიცემული სიგნალი, რათა შემადგენელი დარწმუნდეს, რომ მისი მიცემული სიგნალი გაიგო და ამის შემდეგ დაიწყოს მოძრაობა და მენევრირება.
4.22.2. ემოციური დატვირთვის მაჩვენებლის ერთერთი კომპონენტია საკუთარი საქმიანობის შედეგებზე პასუხისმგებლობის ხარისხი „შეცდომის მნიშვნელობა“. ამ კომპონენტის შეფასებისათვის მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, თუ რა ზომით შეუძლია დასაქმებულს გავლენა იქონიოს საკუთარი შრომის შედეგზე, განხორციელებული საქმიანობის სირთულის სხვადასხვა დონეების დროს. სირთულის ზრდასთან ერთად მატულობს პასუხისმგებლობის ხარისხი, რამდენადაც მცდარ მოქმედებს იწვევს დამატებით ძალისხმევას დასაქმებულის ან მთელი შრომითი კოლექტივის მხრიდან, რაც შესაბამისად იწვევს ემოციური დაძაბვის ზრდას. გარკვეული პროფესიებისათვის დამახასიათებელია, რომ სამუშაოს შესრულებისას დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება გამოიწვიოს ტექნოლოგიური პროცესის გაჩერება ან მნიშვნელოვანი შეფერხება, წარმოქმნას ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რაც ამ ბრძანებით მავნეობის შედარებით მაღალი დონით 3.2 კლასით ფასდება. თუ დასაქმებული პასუხისმგებელია დავალების ძირითად სახეზე, ხოლო შეცდომები იწვევენ დამატებით ძალისხმევას მთელი კოლექტივის მხრიდან, მაშინ ემოციური დატვირთვა მოცემულ შემთხვევაში უკვე რამდენადმე ნაკლებია და ამგვარი სამუშაოს შესრულება ფასდება 3.1 კლასით;
4.22.3. დამსაქმებელი კომპანიის თბომავლის მემანქანეს ევალება საწარმოს სხვადასხვა საამქროებიდან ქიმიური წარმოების შედეგად შექმნილი პროდუქციის გამოტანა და გადაზიდვა რკინიგზის სადგურამდე, ასევე ევალება მოპასუხე კომპანიის სხვადასხვა საამქროებში წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის გადაზიდვა. ამდენად, მატარებლის შემადგენლობით ხდება სახიფათო ტვირთის გადაზიდვა, რის გამოც გადაზიდვაში მონაწილე ყველა პირს ეკისრება პასუხისმგებლობა მატარებლის შემადგენლობის უსაფრთხო გადაადგილებისათვის, რათა არ წარმოიქმნას ქიმიური ნივთიერებების ან პროდუქციის ვაგონებიდან გაფანტვის და გადმოყრის საშიშროება. ამ კომპონენტის შეფასებისათვის მნიშვნელოვანია ის, თუ სამუშაო მოვალეობის შესრულებისას დაშვებული შეცდომა რა გავლენას მოახდენს საწარმოო პროცესზე და ამ შედეგის აღმოფხვრა რამდენად მარტივი ზომების მიღებით არის შესაძლებელი. პასუხისმგებლობის ხარისხი იზრდება, თუ შეცდომის შედეგად შექმნილი მდგომარეობის აღმოფხვრა შესაძლებელია სხვა დასაქმებულების მონაწილეობით და შედეგები ვერ გამოსწორდება თავად დასაქმებულის მიერ ან საწარმოს მცირე ძალისხმევით. ამ შემთხვევაში ვაგონების გადაადგილების შედეგად წარმოქმნილი საფრთხე ვერ აღმოიფხვრება თავად მემანქანის მიერ და ამით გამოწვეული შედეგები უნდა გამოსწორდეს დამსაქმებელი საწარმოს ძალისხმევით;
4.22.4. ემოციური დატვირთვის მეორე კომპონენტია საკუთარი სიცოცხლის რისკის ხარისხი და პასუხისმგებლობის ხარისხი სხვა პირების უსაფრთხოებაზე. ბრძანების 22-ე მუხლის მიხედვით, ეს მაჩვენებელი საჭიროა შეფასდეს, როგორც ცალკეული დამოუკიდებელი სტიმულები. არის მთელი რიგი პროფესიები, სადაც მოცემული ფაქტორები სრულიად არ არსებობს (ლაბორანტები, მეცნიერ-მუშაკები, ტელეფონისტები, ტელეგრაფისტები და სხვ.). მათი შრომა ფასდება, როგორც შრომის დაძაბულობის 1 კლასი.
4.23. ინსტრუქციის 3.17 პუნქტის მიხედვით, თბომავლის მემანქანეს ეკისრება ვალდებულება, განსაკუთრებული სიფრთხილით განახორციელოს იმ ვაგონების სამანევრო სამუშაოები, რომელშიც იმყოფებიან გამცილებლები, არის უგაბარიტო ან საშიშოი ტვირთით დატვირთული. ინსტრუქცია განსაკუთრებულად აკისრებს ვალდებულებას მემანქანეს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით განახორციელოს მანევრირება, თუ მატარებლის შემადგენლობაში იმყოფებიან გამცილებლები ან სრულდება უგაბარიტო ან საშიში ტვირთის გადაზიდვა. დატვირთვის მონოტონურობა. ა) ელემენტების (მოქმედებების) რიცხვი, რომელიც აუცილებელია მარტივი დავალების ან მრავალგზის განმეორებადი ოპერაციების რეალიზაციისათვის. რაც ნაკლებია შესასრულებელი ელემენტების რიცხვი, მით მაღალია მრავალჯერადი დატვირთვებით განპირობებული შრომითი პროცესის დაძაბულობა. ამ მაჩვენებლის მიხედვით ყველაზე მაღალი დაძაბულობა დამახასიათებელია კონვეიერული შრომის დასაქმებულებისათვის ( კლასი 3.1–3.2); ბ) მარტივი საწარმოო დავალებების ან განმეორებადი ოპერაციების შესრულების ხანგრძლივობა წმ-ში. რაც ნაკლებია დრო, შესაბამისად, მეტია დატვირთვის მონოტონურობა. მოცემული მაჩვენებელი, ისევე როგორც წინამორბედი, ყველაზე მეტად გამოხატულია კონვეიერული შრომის დროს (კლასი 3.1–3.2); დატვირთვის მონოტონურობის მაჩვენებლით სამუშაო მავნე პირობებიანად ითვლება, თუ სამუშაოს შესრულება მოითხოვს მარტივი დავალებების შესრულებას ან მრავალგზის განმეორებად ოპერაციების განხორციელებას. ასევე გასათვალისწინებელია ამ სამუშაო პროცესის შესრულებისათვის საჭირო დრო. თბომავლის მემანქანის სამუშაოსათვის დამახასიათებელია მარტივი ერთგვაროვანი დავალებების შესრულება. მას ევალება შემდგენლის სიგნალის საფუძველზე მატარებლის შემადგენლობის მართვა, შემდგენლის შეტყობინების გამეორება და მისი მითითებით შემადგენლობის მოძრაობა, ვაგონების რეცხვა, ტვირთის აწონვა. თბომავლის მემანქანის სამუშაო ერთგვაროვანი, მარტივი და მრავალგზის განმეორებადი მოქმედებებით სრულდება.
4.24. მინისტრის N147/მ ბრძანების მე-13 მუხლის თანახმად: 1. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო ადგილზე მავნე ფაქტორების დონეების ფაქტობრივი მნიშვნელობები ოპტიმალური ან დასაშვები სიდიდეების საზღვრებშია, ამ სამუშაო ადგილზე შრომის პირობები პასუხობს ჰიგიენურ მოთხოვნებს და შესაბამისად მიეკუთვნება 1 ან 2 კლასს; თუკი თუნდაც ერთი ფაქტორის დონე აღემატება დასაშვებ სიდიდეს, ამ შემთხვევაში ასეთ სამუშაო ადგილზე შრომის პირობები, გადამეტების სიდიდის მიხედვით და წინამდებარე სანიტარიული წესების შესაბამისად, როგორც ცალკეული ფაქტორით, ასევე მათი შერწყმით შეიძლება მიეკუთვნოს მე-3 კლასის (მავნე) 1–4 ხარისხის ან მე-4 კლასის (საშიშ) შრომის პირობებს; 2. შრომის პირობების კლასის დასადგენად ზდკ-ის და ზდდ-ის გადამეტება შეიძლება იყოს დარეგისტრირებული ერთი ცვლის განმავლობაში, თუ ის ტიპურია მოცემული ტექნოლოგიური პროცესისათვის. დასაქმებულზე მავნე ფაქტორის (ტიპურის მოცემული ტექნოლოგიური პროცესისათვის, ან არატიპურის და დასაქმებულის ფუნქციური მოვალეობებისათვის შეუსაბამისის) ეპიზოდური (კვირის, თვის განმავლობაში) ზემოქმედებისას მისი აღრიცხვა და შრომის პირობების შეფასება ხორციელდება შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტის მიერ. ამ ნორმის მიხედვით, შრომის პირობების დასაშვები ნორმების გადამეტება შესაძლებელია გამოწვეული იყოს საწარმოო პროცესისათვის დამახასიათებელი ტიპიური მახასიათებლებით, ხოლო ამავე ბრძანების მიხედვით, მავნე ფაქტორის ეპიზოდური ზემოქმედების აღრიცხვა და შრომის პირობების შეფასება ხორციელდება შესაბამისი სპეციალისტის მიერ.
4.25. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ რამდენადაც თბომავლის მემანქანის სამუშაოსათვის, როგორც წესი დამახასიათებელი მარტივი, ერთგვაროვანი მოქმედებების შესრულება ყოველ ცვლაში ერთ და იგივე მოქმედებებით, „დატვირთვის მონოტონურობის“ მაჩვენებლის კომპონენტით იგი მიჩნეული უნდა იქნეს მავნე პირობებიან სამუშაოდ. აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლოს შეფასებით დატვირთვის მონოტონურობის გათვალისწინებით, ყოველდღიურად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ყოველ ცვლაში დასაქმებულია ორი პირი მაინც, აღნიშნული ვერ განიხილება მავნე სამუშაოდ. თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით არ შეფასებულა მინიმუმ ერთი კვირის მანძილზე სამუშაო დატვირთულობა, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და მხოლოდ ინსტრუქციაზე დაყრდნობით დასკვნის გაკეთება საფუძველს არის მოკლებული. ასევე, ამავე ექსპერტიზის დასკვნით, მავნეობის კლასი მინიჭებულია მუშაობის რეჟიმის 2 კომპონენტით - სამუშაო დღის ფაქტობრივი ხანგრძლივობა და სამუშაოს ცვლიანობა. ა) სამუშაო დღის ფაქტობრივი ხანგრძლივობა გამოყოფილია დამოუკიდებელ მაჩვენებლად. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ცვლის რიცხვისა და სამუშაოს რიტმისაგან დამოუკიდებლად, საწარმოო პირობებში სამუშაო დღის ფაქტობრივი ხანგრძლივობა მერყეობს 6-8 საათიდან (ტელეფონისტები, ტელეგრაფისტები და სხვ.) 12 საათამდე და მეტი (სამრეწველო დაწესებულებების 73 ხელმძღვანელები). მთელი რიგი პროფესიებისათვის ცვლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 სთ-ს და მეტს (ექიმები, მედდები და სხვ.). რაც უფრო ხანგრძლივია მუშაობა დროის მიხედვით, მით მეტია ჯამური დატვირთვა ცვლაში და, შესაბამისად, მაღალია შრომის დაძაბულობა. ბ) სამუშაოს ცვლიანობა კი, განისაზღვრება შიდასაწარმოო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც რეგლამენტირებას უწევს შრომის განრიგს მოცემულ საწარმოში, ორგანიზაციაში. ყველაზე მაღალი კლასი–3.2 დამახასიათებელია არარეგულარული ცვლიანობით ღამის სამუშაოებზე (მედდები, ექიმები და ა.შ).
4.25.1. თბომავლის მემანქანე მუშაობს დილის 8:00 საათიდან 20:00 საათამდე და 20:00-დან დილის 8:00 საათამდე. ერთ ცვლაში მისი სამუშო დროის ხანგრძლივობაა 12 საათი. ინტრუქციით ასევე ევალება დამატებით 2 საათით მუშაობა, თუ მომდევნო ცვლაში მისი შემცვლელი დასაქმებული არ გამოცხადდება სამუშაო ადგილზე. N147-ნ ბრძანებით 12 -საათიანი განრიგის მქონე სამუშაო მავნე პირობებიან სამუშაოდ არის მიჩნეული. ამასთან, მავნე ზემოქმედების ხარისხი დაკავშირებულია ასევე ღამით მუშაობის წესთან. თბომავლის მემანქანის ცვლაში მუშაობის განრიგი ითვალისწინებს, როგორც დღისით, ასევე ღამით მუშაობას. N147/ნ ბრძანების მიხედვით, ღამით მუშაობის რეჟიმი და ცვლაში 12სთ და მეტი ხანგრძლივობის სამუშაო რეჟიმი მავნე პირობებიან სამუშაოდ მიიჩნევა.
4.25.2. ბრძანების 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პროფესიული კუთვნილების (პროფესიის) მიუხედავად მხედველობაში მიიღება ცხრ. №12 ჩამოთვლილი ყველა მაჩვენებელი. შრომითი პროცესის დაძაბულობის ზოგადი შეფასებისათვის დაუშვებელია რომელიმე ცალკე აღებული მაჩვენებლების ამორჩევა. ამ მაჩვენებლიდან თითოეულისათვის ცალკე განისაზღვრება შრომის პირობების კლასი. ამ ნორმის მიხედვით, შრომითი პროცესის დაძაბულობის ზოგადი შეფასების მიზნით მხედველობაში მიიღება ამ ბრძანებით დადგენილი ყველა მაჩვენებელი და უპირატესობა არ ენიჭება რომელიმე მაჩვენებლისათვის მინიჭებულ კლასს. თავის მხრივ, მავნე პირობებიან სამუშაოდ ფასდება თუ 6 და მეტი მაჩვენებელი მიეკუთვნება მავნე პირობებიან სამუშაოს.
4.26. ამდენად, ზემოთ განვითარებული მსჯელობისა და შეფასებული თითოეული კომპონენტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ, მოპასუხე კომპანიის თბომავლის მემანქანის პოზიციას არ მიაკუთვნა მავნე სამუშაოთა რიცხვს, რამეთუ მათ შორის შეფასებული დაძაბულობის კომპონენტის 6 ან/და მეტი მაჩვენებელი არ იქნა მიკუთვნებული მავნე კლასად. გარდა აღნიშნულისა, თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნა შედგენილია კანონდარღვევით, რაც დამატებით გამორიცხავს კონკრეტულ დასკვნაზე დაყრდნობით სასამართლო გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმეზე წარმოდგენილია დამსაქმებლის ინიციატივით შედგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც თბომავლის მემანქანის პოზიცია არ არის მიჩნეული მავნე სამუშაოდ. ყოველივე აღნიშნული ერთობლიობაში გამორიცხავს წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებას, რამეთუ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება თბომავლის მემანქანის მავნე სამუშაოდ მიკუთვნების სათანადო წინაპირობები.
5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
5.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
5.2. კასატორის პრეტენზიის თანახმად სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტროს 2007 წლის 3 მაისის ბრძანება N147/ნ. განსახილველ საქმეზე მთავარი სადავო საკითხია - განეკუთვნება თუ არა თბომავლის მემანქანის პოზიცია მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოს. კასატორის განმარტებით, დამსაქმებლის მიერ ჩატარებული ექსპერტიზით არ იყო სწორად და სათანადოდ გამოკვლეული გარკვეული გარემოებები, რის გამოც მან თავისი ინიციატივით ჩაატარა დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომლის თანახმადაც, თბომავლის მემანქანის პოზიცია განეკუთვნება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოს, რაც სასამართლოს წარუდგინა. მხარეთა წარდგენილ დასკვნებში მთავარი განმასხვავებელი გარემოებაა ის, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნით გამოკვლეულია პოზიციის შრომითი დაძაბულობა, რომელიც დამსაქმებლის წარმოდგენილ დასკვნაში კვლევის საგანი არ ყოფილა.
5.3. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ დასაქმებულის მიერ წარდგენილი დასკვნა არ გაიზიარა იმ საფუძვლით, რომ შრომითი პროცესის დაძაბულობის შესაფასებლად კანონით გათვალისწინებულა ერთ-კვირიანი ქრონომეტრაჟული დაკვირვების წესი, დასაქმებულის დაკვეთით შესრულებული დასკვნა კი მომზადებულია ამ ვადის დარღვევით. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ კანონი საქმის გარემოებების შეჯერების გარეშე არასწორად განმარტა. ექსპერტების გამოკითხვისას აღინიშნა, რომ თბომავლის მემანქანის პოზიცია იყო მონოტონური, დასაქმებული ასრულებდა ერთსა და იმავე ფუნქციას, მოცემულიდან გამომდინარე, დაკვირვება მოხდებოდა 1 საათის, 1 დღის თუ 1 კვირის განმავლობაში, შედეგს არ შეცვლიდა. ექსპერტები დამსაქმებელი კომპანიის ტერიტორიაზე მივიდნენ, ადგილზე გაესაუბრნენ როგორც თბომავლის მემანქანეებს, ასევე დამსაქმებლის წარმომადგენლებს. ექსპერტებს ასევე მიეწოდათ სამუშაო აღრიცხვის ჟურნალი, რომლითაც თვალსაჩინოა თბომავლის მემანქანის მიერ შესრულებული ვალდებულებები. აღნიშნულ ჟურნალში მემანქანის მიერ აღიწერება მანქანის დაქოქვიდან ჩაქრობამდე მთლიანი ციკლი, შესრულებული ვალდებულებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს კანონი უნდა განემარტა მიზნიდან გამომდინარე, განსაკუთრებით იმფონზე, როდესაც თვალსაჩინო იყო შრომითი დაძაბულობის კომპონენტის კვლევის აუცილებლობა.
5.4. კასატორის განმარტებით, თბომავლის მემანქანის სამუშაო ხასიათდება განსაკუთრებული სირთულით და თავად სატრანსპორტო საშუალების მართვა ხასიათდება იმგვარი დატვირთვით, რომელიც 22-ე მუხლის დანაწესებში ექცევა. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად ექსპერტებმა არ შეამოწმეს სამუშაო დაძაბულობა, ვინაიდან მათი მოსაზრებით მუხლში ჩამოთვლილ არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა.
5.5. კასატორის პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ თბომავლის მანქანა ვაგონებისა და ცისტერნების დასატვირთათ/დასაცლელად შედის სხვადასხვა საწარმოებში, როგორებიცაა ამიაკი, ციანმარილი, აზოტმჟავა, გოგირდმჟავა, სულფატი და სხვა. მძღოლი ვალდებულებების შესრულებისას ვერ ხედავს სამუშაო სივრცის მარცხენა მხარეს, რაც კიდევ უფრო ახდენს გავლენას დაძაბულობის ხარისხზე. ამასთან, საამქროში არის მიხვეულ-მოხვეული გზები, ხშირად არსებობს რისკი გზაზე სხვა დასაქმებულის, თუ მესამე პირების არსებობს. დამსაქმებელმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რომ ზიანი არ მიაყენოს თავის ან მესამე პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. მათივე მოწოდებული დოკუმენტაციით თვალსაჩინოა, რომ დასაქმებული უშუალოდ ცისტერნებისა და ვაგონების გადაადგილებას დროის გარკვეულ მონაკვეთებში ნადგომებს 8, 12 ან 16 საათს. მოცემული საათებით მანქანის მართვა და სახიფათო ტვირთის გადატანა უკავშირდება დიდ ძალისხმებას. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოებების საფუძველზე ექსპერტებს უნდა გამოეკვლიათ შრომითი დაძაბულობა, თუმცა არ გამოიკვლიეს. სასამართლომ კი მხოლოდ იმ ფაქტს მიაქცია ყურადღება, რომ ექსპერტებმა რამდენიმე საათიანი კვლევისას ვერ დადებდნენ შედეგს, და არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ დამსაქმებელი კომპანიის ექსპერტებმა შრომითი დაძაბულობა საჭიროების მიუხედავად არ გამოიკვლიეს.
5.6. კასატორის განმარტებით, მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ თბომავლის მემანქანის შრომით ინსტრუქციის 3.10 მუხლის თანახმად, მემანქანეს ევალება, შეასრულოს დადგენილი წესდებისა და ინსტრუქციის თანახმად თბომავლის სარემონტო სამუშაოები, მონაწილეობა მიიღოს მექანიკოსთან ერთად თბომავლის ყველა სახის რემონტის ჩატარებაში და მოვალეა, პასუხი აგოს თბომავლის გამართულ მდგომარეობაში ყოფნაზე და ასევე 3.20. მუხლის შესაბამისად, ცვლის დამთავრებისას, სარემონტო სამუშაოების შესრულება, თბომავლის დასუფთავება, ზეთის, საწვავის და წყლის სინჯების აღება, ჩანაწერების წარმოება თბომავლის ტექნიკური დათვალიერების ჟურნალში. კასატორის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული გარემოებები სწორად გაითვალისწინა და აღნიშნა, რომ თბომავლის მემანქანის მოვალეობაა არა მარტო თბომავლის მართვა, არამედ სარემონტო სამუშაოების შესრულებაც. მას ევალება მექანიკოსთან ერთად მონაწილეობა მიიღოს მატარებლის სარემონტო სამუშაოების შესრულებაში, ხოლო მექანიკს სამუშაო აღიარებულია მავნე პირობებიან სამუშაოდ. კასატორის პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო აღნიშნული ფაქტი და გამორიცხა დასაქმებულის მიერ აღნიშნული ვალდებულებების შესრულება.
5.7. კასატორის განმარტებით, მინისტრის ბრძანება შრომითი დაძაბულობის შეფასებისთვის განსაზღვრავს ერთკვირიან პერიოდს, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში ამ ვადის დაცვა არ შეცვლიდა შეფასების სურათს. ერთკვირიანი ჩატარების მიზანია პოზიციის სრული გამოკვლევა, განსახილველ შემთხვევაში კი ერთდღიანი კვლევის პირობებშის შესაძლებელი იყო იგივე შედეგის დადება. ამასთან, ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მათ აქამდეც გამოუკვლევიათ თბომავლის მემანქანის პოზიცია, რომელიც დამსაქმებელ კომპანიაში არსებული თანამდებობის იდენტურია. ამასთან, არც მოპასუხე უარყოფდა, რომ ექსპერტებს ამავე კომპანიაში ჩატარებული აქვთ კვლევები. შესაბამისად, მათთვის ცნობილია საწარმოების მდებარეობა, განლაგება და გარემო პირობები. აქედან გამომდინარე, მათთვის მარტივი იყო დასკვის გაკეთება უფრო მცირე ვადებში.
5.8. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ შრომითი დაძაბულობის 1.3. პუნქტით განსაზღვრული გარემოების - ფუნქციების განაწილების დავალების სირთულის მთავარი გარემოებაა - თბომავლის მემანქანის მიერ სარემონტო სამუშაოების შესრულება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ჩათვალა გამოკვლეულად. შესაბამისად, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს შეფასება, სარემონტო სამუშაოების შეუსრულებლობის საფუძველზე, აღნიშნული კომპონენტისთვის 3.1 კლასის არ მინიჭების შესახებ. კასატორი განმარტებით, სშკ-ით განსაზღვრული, ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობაა თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე ან აღწერილობა. ინსტრუქციებში დეტალურად უნდა იყოს ყველა მოვალეობა განსაზღვრული ვინაიდან, როგორც დასაქმებულს, ასევე დამსაქმებელს მტკიცების თვალსაზრისით ჰქონდეს შესაძლებლობა წარმოადგინოს აღნიშნული დოკუმენტი. განსახილველ შემთხვევაში ექსპერტებს გადაცემული ჰქონდათ მძღოლის ინსტრუქცია. ამასთან აღნიშნული გარემოებები დაზუსტდა როგორც დასაქმებულთა, ისე - დამსაქმებელთან. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა შრომის ორგანული კანონი აღნიშნული გარემოების შესაფასებლად. ასევე, არასწორად აღნიშნა, რომ ექსპერტებს არ შეუფასებიათ თბომავლის მემანქანის მიერ სარემონტო სამუშაოების შესრულების ფაქტი.
5.9. კასატორის მორიგი პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად გამორიცხა სმენის ანალიზატორისთვის დაძაბულობის 3.1 კლასის მინიჭება. ექსპერტებმა სამუშაო ადგილზე შეაფასეს აღნიშნული გარემოება და მათ მიერ 1 საათით, 1 დღით თუ 1 კვირით დაკვირვება მონაცემებს ვერ შეცვლიდა. ვინაიდან, სამუშაო არის მონოტონური და სრულდება ერთი და იგივე ფუნქციები, შესაბამისად დატვირთვაც იგივეა.
5.10. კასატორი ასევე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლითაც გამოირიცხა დატვირთვის მონოტონურობის გამო, თბომავლის მემანქანისთვის 3.1 კლასის მინიჭება. სასამართლომ აღნიშნული მუხლი ბრძანების საფუძველზე არასწორად შეაფასა და ჩათვალა, რომ ორი მემანქანის ცვლაში მუშაობა არ არის მონოტონური. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასაართლომ არასწორად შეაფასა მინისტრის ბრძანების მე-6 თავის 22-ე მუხლი, როგორც ერთკვირიანი შეფასების ნაწილში, ასევე, თითოეული კატეგორიისთვის 3.1 კლასის მინიჭების თვალსაზრისით.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
6.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
6.2. კასატორის პრეტენზიის თანახმად სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტროს 2007 წლის 3 მაისის ბრძანება N147/ნ.
6.3. განსახილველ საქმეზე მთავარი სადავო საკითხია - განეკუთვნება თუ არა თბომავლის მემანქანის პოზიცია მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოს.
6.4. კასატორის განმარტებით, დამსაქმებლის მიერ ჩატარებული ექსპერტიზით არ იყო სწორად და სათანადოდ გამოკვლეული გარკვეული გარემოებები, რის გამოც თავისი ინიციატივით დასაქმებულმა ჩაატარა დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომლის თანახმადაც, თბომავლის მემანქანის პოზიცია განეკუთვნებოდა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოს და წარუდგინა სასამართლოს. მხარეთა წარდგენილ დასკვნებში მთავარი განმასხვავებელი გარემოებაა ის, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნით გამოკვლეულია პოზიციის შრომითი დაძაბულობა, რომელიც დამსაქმებლის წარმოდგენილ დასკვნაში კვლევის საგანი არ ყოფილა.
6.5. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მის მიერ წარდგენილი დასკვნა არ გაიზიარა იმ საფუძვლით, რომ შრომითი პროცესის დაძაბულობის შესაფასებლად კანონით გათვალისწინებულა ერთ კვირიანი ქრონომეტრაჟული დაკვირვების წესი, წარდგენილი დასკვნა კი მომზადებულია ამ ვადის დარღვევით. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ კანონი საქმის გარემოებების შეჯერების გარეშე არასწორად განმარტა. ექსპერტების გამოკითხვისას აღინიშნა, რომ თბომავლის მემანქანის პოზიცია იყო მონოტონური, დასაქმებული ასრულებდა ერთი და იგივე ფუნქციას, მოცემულიდან გამომდინარე, დაკვირვება მოხდებოდა 1 საათის, 1 დღის თუ 1 კვირის განმავლობაში, შედეგს არ შეცვლიდა.
6.6. ექსპერტები დამსაქმებელი კომპანიის ტერიტორიაზე მივიდნენ, ადგილზე გაესაუბრნენ როგორც თბომავლის მემანქანეებს, ასევე დამსაქმებლის წარმომადგენლებს. ექსპერტებს ასევე მიეწოდათ სამუშაო აღრიცხვის ჟურნალი, რომლითაც თვალსაჩინოა თბომავლის მემანქანის მიერ შესრულებული ვალდებულებები. აღნიშნულ ჟურნალში მემანქანის მიერ აღიწერება მანქანის დაქოქვიდან ჩაქრობამდე მთლიანი ციკლი, შესრულებული ვალდებულებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს კანონი უნდა განემარტა მიზნიდან გამომდინარე, განსაკუთრებით იმფონზე, როდესაც თვალსაჩინო იყო შრომითი დაძაბულობის კომპონენტის კვლევის აუცილებლობა.
6.7. კასატორის განმარტებით, თბომავლის მემანქანის სამუშაო ხასიათდება განსაკუთრებული სირთულიდ და თავად სატრანსპორტო საშუალების მართვა ხასიათდება იმგვარი დატვირთვიღ რომელიც 22-ე მუხლის დანაწესებში ექცევა. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად ექსპერტებმა არ შეამოწმეს სამუშაო დაძაბულობა, ვინაიდან მათი მოსაზრებით მუხლში ჩამოთვლილ არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა.
6.8. კასატორის პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ თბომავლის მანქანა ვაგონებისა და ცისტერნების დასატვირთათ/დასაცლელად შედის სხვადასხვა საწარმოებში, როგორებიცაა ამიაკი, ციანმარილი, აზოტმჟავა, გოგირდმჟავა, სულფატი და სხვა. მძღოლი ვალდებულებების შესრულებისას ვერ ხედავს სამუშაო სივრცის მარცხენა მხარეს, რაც კიდევ უფრო ახდენს გავლენას დაძაბულობის ხარისხზე. ამასთან საამქროში არის მიხვეულ-მოხვეული გზები, ხშირად არსებობს რისკი გზაზე სხვა დასაქმებულის თუ მესამე პირების არსებობს. დამსაქმებელმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რომ ზიანი არ მიაყენოს თავის ან მესამე პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. მათივე მოწოდებული დოკუმენტაციით თვალსაჩინოა, რომ დასაქმებული უშუალოდ ცისტერნებისა და ვაგონების გადაადგილებას დროის გარკვეულ მონაკვეთებში ნადგომებს 8, 12 ან 16 საათს. მოცემული საათებით მანქანის მართვა და სახიფათო ტვირთის გადატანა უკავშირდება დიდ ძალისხმებას. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოებების საფუძველზე ექსპერტებს უნდა გამოეკვლიათ შრომითი დაძაბულობა თუმცა არ გამოიკვლიეს. სასამართლომ კი მხოლოდ იმ ფაქტს მიაქცია ყურადღება, რომ ექსპერტებმა რამდენიმე საათიანი კვლევისას ვერ დადებდნენ შედეგს, და არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ დამსაქმებელი კომპანიის ექსპერტებმა შრომითი დაძაბულობა საჭიროების მიუხედავად არ გამოიკვლიეს.
6.9. კასატორის განმარტებით, მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ თბომავლის მემანქანის შრომით ინსტრუქციის 3.10 მუხლის თანახმად მემანქანეს ევალება, შეასრულოს დადგენილი წესდებისა და ინსტრუქციის თანახმად თბომავლის სარემონტო სამუშაოები, მონაწილეობა მიიღოს მექანიკოსთან ერთად თბომავლის ყველა სახის რემონტის ჩატარებაში და მოვალეა პასუხი აგოს თბომავლის გამართულ მდგომარეობაში ყოფნაზე და ასევე 3.20. მუხლის შესაბამისად, ცვლის დამთავრებისას სარემონტო სამუშაოების შესრულება, თბომავლის დასუფთავება, ზეთის, საწვავის და წყლის სინჯების აღება, ჩანაწერების წარმოება თბომავლის ტექნიკური დათვალიერების ჟურნალში. კასატორის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღNიშნული გარემოებები სწორად გაითვალისწინა და აღნიშნა, რომ თბომავლის მემანქანის მოვალეობაა არა მარტო თბომავლის მართვა, არამედ სარემონტო სამუშაოების შესრულებაც. მას ევალება მექანიკოსთან ერთად მონაწილეობა მიიღოს მატარებლის სარემონტო სამუშაოების შესრულებაში, ხოლო მექანიკს სამუშაო აღიარებულია მავნე პირობებიან სამუშაოდ. კასატორის პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო აღნიშნული ფაქტი და გამორიცხა დასაქმებულის მიერ აღნიშნული ვალდებულებების შესრულება.
6.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, არსებობდა მრავალი გარემოება, რომლის საფუძველზეც ექსპერტებს უნდა გამოეკვლიათ შრომითი დაძაბულობა. შესაბამისად, დასკვნა შრომითი დაძაბულობის კვლევის გარეშე ვერ იქნებოდა სრულყოფილი.
6.11. კასატორის განმარტებით, მინისტრის ბრძანება შრომითი დაძაბულობის შეფასებისთვის განსაზღვრავს 1 კვირიან პერიოდს. თუმცა მოცემულ შემთხვევაში 1 კვირიანი ვადის დაცვა არ შეცვლიდა შეფასების სურათს. 1 კვირიანი ჩატარების მიზანია პოზიციის სრული გამოკვლევა, განსახილველ შემთხვევაში კი 1 დღიანი კვლევის პირობებშის შესაძლებელი იყო იგივე შედეგის დადება. ამასთან, ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მათ აქამდეც გამოუკვლევიათ თბომავლის მემანქანის პოზიცია, რომელიც დამსაქმებელ კომპანიაში არსებული თანამდებობის იდენტურია. ამასთან, არც მოპასუხე უარყოფდა, რომ ექსპერტებს ამავე კომპანიაში ჩატარებული აქვთ კვლევები. შესაბამისად, მათთვის ცნობილია საწარმოების მდებარეობა, განლაგება და გარემო პირობები. აქედან გამომდინარე, მათთვის მარტივი იყო დასკვის გაკეთება უფრო მცირე ვადებში.
6.12. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ შრომითი დაძაბულობის 1.3 პუნქტით განსაზღვრული გარემოების - ფუნქციების განაწილების დავალების სირთულის მთავარი გარემოებაა - თბომავლის მემანქანის მიერ სარემონტო სამუშაოების შესრულება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ჩათვალა გამოკვლეულად. შესაბამისად, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს შეფასება, სარემონტო სამუშაოების შეუსრულებლობის საფუძველზე, აღნიშნული კომპონენტისთვის 3.1 კლასის არ მინიჭების შესახებ.
6.13. კასატორის განმარტებით, სშკ-ით განსაზღვრული, ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობაა თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე ან აღწერილობა. ინსტრუქციებში დეტალურად უნდა იყოს ყველა მოვალეობა განსაზღვრული ვინაიდან, როგორც დასაქმებულს ასევე დამსაქმებელს მტკიცების თვალსაზრისით ჰქონდეს შესაძლებლობა წარმოადგინოს აღნიშნული დოკუმენტი. განსახილველ შემთხვევაში ექსპერტებს გადაცემული ჰქონდათ მძღოლის ინსტრუქცია. ამასთან აღნიშნული გარემოებები დაზუსტდა როგორც დასაქმებულთა, ისე დამსაქმებელთან. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სშკ-ი აღნიშნული გარემოების შესაფასებლად. ასევე, არასწორად აღნიშნა, რომ ექსპერტებს არ შეუფასებიათ თბომავლის მემანქანის მიერ სარემონტო სამუშაოების შესრულების ფაქტი.
6.14. კასატორის მორიგი პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად გამორიცხა სმენის ანალიზატორისთვის დაძაბულობის 3.1 კლასის მინიჭება. ექსპერტებმა სამუშაო ადგილზე შეაფასეს აღნიშნული გარემოება და მათ მიერ 1 საათით, 1 დღით თ 1 კვირით დაკვირვება მონაცემებს ვერ შეცვლიდა. ვინაიდან, სამუშაო არის მონოტონური და სრულდება ერთი და იგივე ფუნქციები, შესაბამისად დატვირთვაც იგივეა.
6.15. კასატორი ასევე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლითაც გამოირიცხა დატვირთვის მონოტონურობის გამო, თბომავლის მემანქანისთვის 3.1 კლასის მინიჭებას. სასამართლომ აღნიშნული მუხლი ბრძანების საფუძველზე არასწორად შეაფასა და ჩათვალა, რომ ორი მემანქანის ცვლაში მუშაობა არ არის მონოტონური.
6.16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასაართლომ არასწორად შეაფასა მინისტრის ბრძანების მე-6 თავის 22-ე მუხლი, როგორც 1 კვირიანი შეფასების ნაწილში, ასევე, თითოეული კატეგორიისთვის 3.1 კლასისი მინიჭების თვალსაზრისით.
6.17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით დასაქმებულის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი არსებითად განხილვის მიზნით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან შესაძლოა საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.’
6.18. საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 3 აპრილის სხდომაზე, ზეპირი განხილვის ფორმით, გამოცხადებულმა მხარეებმა მხარი დაუჭირეს თავიანთ არგუმენტებს, კერძოდ, კასატორმა (მოსარჩელემ) მოითხოვა საკასაციო საჩივრის (შესაბამისად- სარჩელის) დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ-გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის არგუმენტების, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზების, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში დაკითხული ექსპერტ-სპეციალისტთა მიერ მიცემული განმარტებების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების ზეპირი განხილვის ფორმით მოსმენისა და შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის (დასაქმებულის) საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებელია, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც კანონიერი და დასაბუთებული მართლმსაჯულების აქტი.
7. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სსსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. მოცემულ შემთხვევაში „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება გამოიკვეთა.
8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო სამართალურთიერთობა შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს და კასატორის/მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს, მიმდინარე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში, მის მიერ დაკავებული თბომავლის მემანქანის პოზიცია აღიარებულ იქნეს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოდ, რა შემთხვევაშიც მოსარჩელე მიიღებს სახელფასო დანამატს ყოველთვიურად 50 ლარის (გადასახადების გარეშე) ოდენობით და დამატებითი 10 დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით ისარგებლებს (იხ. ტ.3, ს.ფ. 167-177).
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მისი კვლევის საგანია მოპასუხე/დამსაქმებელ კომპანიაში განსაზღვრული სამუშაო პოზიცია - თბომავლის მემანქანე, რომელიც მოსარჩელეს (კასატორს) უკავია, მიეკუთვნება თუ არა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხას, რაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე უნდა შეფასდეს.
10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია:
10.1. მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში დასაქმებულია რკინიგზის საამქროში თბომავლის მემანქანის პოზიციაზე. მხარეებს შორის ჩამოყალიბებულია განუსაზღვრელი ვადით შრომითი ურთიერთობა.
10.2. დამსაქმებელი კომპანიის დირექტორის 2021 წლის 17 სექტემბრის N471 ბრძანებით ორგანიზაციაში მომუშავე დასაქმებულებს, რომელთაც განსაზღვრული ექნებოდათ მავნე პირობებში მომუშავის სტატუსი, მიეცემოდათ დამატებით 10-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება და მავნე პირობებში მუშაობისათვის გადაეხდებოდათ სახელფასო დანამატი 50 ლარის (დარიცხული) ოდენობით. ბრძანების ამ პუნქტით დადგენილი ცვლილებები განხორციელდა 2021 წლის 1 სექტემბრიდან.
10.3. დამსაქმებელ კომპანიასა და შპს „კ-კ.ო.ს–ის“ შორის , 2022 წლის 10 იანვარს, დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც დამსაქმებლის (მოპასუხე მხარის) დაკვეთით მომზადდა მოპასუხე კომპანიაში სამუშაო ადგილზე სამუშაო პირობების ატესტაცია მავნეობის კლასის განსაზღვრის მიზნით, რაც კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე შეფასებას და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტროს 2007 წლის 3 მაისის N147/ნ ბრძანებით განსაზღვრული წესით - 7 დღის განმავლობაში დასაქმებულთა სამუშაო პირობებზე დაკვირვებას, ქრონომეტრაჟულ მონიტორინგს მოიცავდა. საბოლოოდ დამსაქმებლის ინიციატივით მოწვეული შპს „კ-კ.ო.ს–ის“ სპეციალისტების მიერ 2022 წლის 27 თებერვალს შედგენილია დასკვნა დამსაქმებელ კომპანიაში რკინიგზის საამქროში სამუშაო ადგილებზე, მავნებლობის კლასის განსაზღვრის მიზნით, სამუშაო პირობების ატესტაციის შესახებ;
10.4. ამ დასკვნაში მითითებულია, რომ დამსაქმებელი კომპანიის რკინიგზის საამქროში განხორციელდა სამუშაო პროცესზე დაკვირვება და შესწავლილი იქნა თითოეულ პოზიციაზე, დასაქმებულზე მოქმედი გარემო ფიზიკური ფაქტორები. განხორციელებული სამუშაოს მიზანი იყო, დაედგინათ შრომის პირობების ჰიგიენური კლასები, საწარმოო გარემოს ფაქტორების და სამუშაოს მავნეობის მიხედვით. საამქროში განხორციელდა სამუშაო კატეგორიების განსაზღვრა თითოეული პოზიციისათვის და შემდეგი გარემო ფიზიკური ფაქტორების გაზომვებით: ა) მიკროკლიმატი (ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე); ბ) ხმაური; გ) ვიბრაცია; დ) შრომის პროცესის სიმძიმე. [მოცემული ფიზიკური ფაქტორების ზღვრულად დასაშვები დონეები (ზდდ) და მავნეობის მაჩვენებლები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით];
10.4.1. მიკროკლიმატის აღწერაში მითითებულია, რომ მიკროკლიმატის მაჩვენებლების პარამეტრების გაზომვა მოხდა წლის ცივ პერიოდში, გაზომვის მიზანი იყო, დაედგინათ საამქროში არსებული მიკროკლიმატის შესაბამისობა საქართველოს მთავრობის N69 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის საქარხნო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნა ოპტიმალურ, დასაშვებ და მავნე მიკროკლიმატურ პირობებთან მიმართებაში. გაზომვითი სამუშაოები ჩატარდა საამქროს მთელ ტერიტორიაზე, დასაქმებულთა თითოეულ პოზიციაზე, თითოეულ სამუშაო ადგილზე როგორც დღის, ასევე ღამის სამუშაო საათებში, გაზომვების შედეგების მიხედვით, რკინიგზის საამქროში არსებული სამუშაო პოზიციებისათვის მიკროკლიმატური პარამეტრები შეესაბამება ოპტიმალური მაჩვენებელს, გარდა შემდეგი პოზიციებისა: ა) თბომავლის მემანქანე და ბ) კოვშიანი ამწის მემანქანე. მოცემული პოზიციებისათვის მიკროკლიმატური პარამეტრები შეესაბამება დასაშვებ ნორმას. მიკროკლიმატის დასაშვები პირობები დადგენილია ადამიანის დასაშვები თბური და ფუნქციური მდგომარეობის კრიტერიუმების მიხედვით. ისინი არ იწვევენ დაზიანებას, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის დარღვევას, მაგრამ ძალუძთ სითბური დისკომფორტის ზოგადი ან ლოკალური შეგრძნებების აღძვრა, თერმორეგულაციის მექანიზმების დაძაბვა, თვითშეგრძნების გაუარესება და შრომისუნარიანობის დაქვეითება;
10.4.2. ხმაურის შეფასების შესახებ დასკვნაში მითითებულია, რომ ჩატარებული გაზომვების მიზანია, დაადგინოს საამქროში არსებული ხმაურის დონე. შედეგი შედარდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 297/ნ ბრძანებით ,,გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ’’ განსაზღვრულ ნორმებს. მოხდა შრომის კლასის დადგენა, საამქროში დასაქმებულთა თითოეული პოზიციისათვის, რკინიგზის საამქროში ჩატარებული გაზომვების შედეგად გამოვლინდა, რომ ხმაურის დონე არ აღემატება ზღვრულად დასაშვენ ნორმებს;
10.4.3. ვიბრაციის შესახებ დასკვნაში მითითებულია, რომ მოხდა IIIა კატეგორიის (ვიბრაცია სამრეწველო საწარმოს შენობებში, მუდმივ სამუშაო ადგილებზე) ვიბრაციის გაზომვა თბომავლის მემანქანის პოზიციებზე. ჩატარებული გაზომვის შედეგების მიხედვით, ზოგადი ვიბრაციის მაჩვენებელი არ აღემატება ზღვრულად დასაშვებ დონეს. დასკვნაში მითითებულია შრომის პირობების კლასები შრომითი პროცესის სიმძიმის მაჩვენებლების მიხედვით, შრომითი სიმძიმის მაჩვენებლების მიხედვით გამოვლინდა პოზიციები, რომელთაც მიენიჭათ მავნეობის კლასი 3.2. კერძოდ, ა) მატარებლის შემდგენელი და ბ) ლიანდაგის შემკეთებელი. მოცემული შედეგები ემყარება საქართველოს შრომის, ჯანმრთეობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N 147/ნ ბრძანებას მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე. ცხრილი 12.
11. შპს „კ-კ.ი.ს–ის“ მიერ საბოლოო დასკვნა დამსაქმებელ კომპანიაში სამუშაო ადგილზე სამუშაო პირობების ატესტაციის შესახებ შედგენილია 2022 წლის 16 აპრილს. ამ დასკვნის თანახმად, კომპანიაში რკინიგზის საამქროში მავნეობის კლასი მინიჭებული აქვთ მატარებლის შემდგენელს და ლიანდაგის შემკეთებელს.
12. საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია, დასაქმებულის (მოსარჩელის/კასატორის) დაკვეთით მომზადებული დამსაქმებელი კომპანიის რკინიგზის საამქროში თბომავლის მემანქანის სამუშაო ადგილზე შრომის პირობების ჰიგიენური შეფასების ოქმი, რომელიც 2023 წლის 4 აპრილს შეადგინა ნ. მ–ძის სახელობის შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა. სწორედ ამ დასკვნის შედეგების საფუძველზე მოითხოვს მოსარჩელე მისი სამუშაო პოზიციის მავნე სამუშაოდ აღიარებას. მოსარჩელის/კასატორის ინიციატივით მომზადებულ დასკვნაში მითითებულია თბომავლის მემანქანის ქრონომეტრაჟული დაკვირვების შემდეგი შედეგები:
12.1.1. თბომავლის მემანქანე მუშაობს დილის 8:00 საათიდან 20:00 საათამდე და 20:00-დან დილის 8:00 საათამდე. ცვლებს შორის სამი დღე აქვს დასვენება. ცვლაში ორი მემანქანეა. საწარმოში უწევს ცისტერნებისა და ვაგონების შეყვანა, წყალმომარაგებაში, ძველ და ახალ ცაინებში, გვარჯილაში, ზეთის საამქროში და სხვა საამქროებში, საჭიროების შემთხვევაში უწევს ფილტრების გამოცვლა, რედუქტორების რეცხვა, ზეთის ჩამატება. ქრონომეტრაჟული დაკვირებით განსაზღვრულია თბომავლის მემანქანის შრომის პირობები სიმძიმის და დაძაბულობის მაჩვენებლის მიხედვით;
12.1.2. შრომის სიმძიმის დამახასიათებელი ფაქტორები შეფასდა: ა) ფიზიკური დინამიური დატვირთვის; ბ) ხელით აწეული და გადაადგილებული ტვირთის მასის; გ) სტერეოტიპული სამუშაო მოძრაობების, დ) სტატიკური დატვირთვა; ე) სამუშაო პოზის; ვ) ცვლის განმავლობაში სხეულის დახრის (30 გრადუსზე მეტით) რაოდენობით; ზ) ტექნილოგიურ პროცესით განოპირობებული გადაადგილებით სივრცეში. აღნიშნულ ნაწილში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პარამეტრი მიჩნეული იქნა დასაშვებ ფარგლებში (სიმძიმე არაუმეტს 2.0 კლასი). [შვიდივე მონაცემის შეჯამებით დადგინდა, რომ თბომავლის მემანქანის შრომის პირობები სიმძიმის მაჩვენებლის მიხედვით განეკუთვნება დასაშვებ 2.0 კლასს, რადგან შრომის სიმძიმის საბოლოო შეფასება დგინდება იმ მაჩვენებლის მიხედვით, რომელსაც მიკუთვნებული აქვს სიმძიმის მაღალი ხარისხი].
12.1.3. ამავე დასკვნით შრომის დაძაბულობის დამახასიათებელი ფაქტორები შეფასდა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- ინტელექტუალური ხასიათის დატვირთვა, რომლის ფარგლებშიც ფუნქციების განაწილება დავალების სირთულის ხარისხის მიხედვით: შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით დაძაბულობის სიმძიმე განისაზღვრა 3.1 კლასით, ასევე შესრულებული სამუშოს ხასიათი: შესრულებული სამუშაოს ხასიათის მიხედვით დაძაბულობა შეფასდა 3.1 კლასით; (აღნიშნული მონაცემი აღემატება დასაშვებ ზღვარს).
- სენსორული დატვირთვა, რომლის ფარგლებშიდაც: გულისყურით დაკვირვის ხანგრძლივობის მიხედვით დაძაბულობა მავნეობა განისაზღვრა 3.1 კლასით, ასევე სიგნალის და შეტყობინების სიმჭიდროვის მიხედვით დაძაბულობის მავნებლობა განისაზღვრა 3.1 კლასით; ამავე მონაცემში სმენის ანალიზატორების მიხედვით, დაძაბულობის ხარისხი განისაზღვრა 3.1 კლასით და დატვირთვა სახმო აპარატზე კვირის განამვლობაში ნალაპარაკევი საათების ჯამური რაოდენობის მიხედვით, შრომის დაძაბულობა შეფასდა 3.1 კლასით;
- ემოციური დატვირთვის ნაწილში, საკუთარი საქმიანობის შედეგებზე პასუხისმგებლობის ხარისხის და შედომის მნიშვნელობის მიხედვით შრომის დაძაბულობის მავნებლობა შეფასდა 3.1. კლასით, ასევე საკუთარი სიცოცხლის რისკის 45 ხარისხი და პასუხისმგებლობის ხარისხი სხვა პირების უსაფრთხოებაზე მოსალოდნელად იქნა მიჩნეული, რის გამოც შრომის დაძაბულობა შეფასდა 3.1 კლასით.
- დატვირთვის მონოტონურობის ნაწილში, სიმძიმე შეფასდა 3.1 კლასით; - მუშაობის რეჟიმის თვალსაზრისით, სამუშო დღის ფაქტიური ხანგრძლივობა 12 სთ. მიჩნეული იქნა მავნედ და განისაზღვა 3.1. კლასით; ასევე სამუშაოს შესრულება ღამის ცვლაში დამატებით დაძაბულობად იქნა მიჩნეული და მიენიჭა 3.1 კლასი. საბოლოოდ მოხმობილი დასკვნის შესაბამისად, თბომავლის მემანქანის შრომის პირობები შრომის დაძაბულობის მიხედვით მიკუთვნებული იქნა მავნე - 3.2 კლასს, რადგან 6-ზე მეტი მაჩვენებელს მიკუთვნებული აქვს 3.1 კლასი.
13. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 3 მაისის N147-ნ ბრძანებით დამტკიცებულია მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ N147-ნ ბრძანება ზუსტ და ამომწურავ პასუხს მოსარჩელის მოთხოვნასთან მიმართებით არ იძლევა. სწორედ ამ მიზნით სააპელაციო სასამართლომ შეაფასა საქმის მასალებში წარმოდგენილი ორი დასკვნა, მოსარჩელის (დასაქმებულის) და მოპასუხის (დამსაქმებლის) დაკვეთით მომზადებული და დამატებით, სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 იანვრის სხდომაზე, მოუსმინა დასკვნების შემდგენელ ექსპრეტ-სპეციალისტებს: მ.მ–ს, ფ.დ–ს და მ.ა–ძეს. თავის მხრივ, საკასაციო სასამართლომ საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში, საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის კვლევის კუთხით ზეპირი მოსმენით გამართულ სხდომაზე - 2025 წლის 3 აპრილს, მხარეთა წარმომადგნელი ადვოკატების პოზიციების, მათ მიერ სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის მიერ დასმულ კითხვებზე მიცემული განმარტებების გარდა, მოისმინა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების (პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 25 მაისის სხდომაზე დაკითხული იქნენ მოსარჩელის მხარეზე მოწვეული ექსპერტები: მ.მ–ი და ფ.დ–ი, ხოლო იმავე სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის სხდომაზე დაკითხული იქნენ მოპასუხის მხარეზე მოწვეული ექსპერტები: მ.ა–ძე და ქ.ხ–ნი. სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკითხული იქნენ ექსპერტები: მ.მ–ი, ფ.დ–ი და მ.ა–ძე ასევე გამოკითხნენ 2024 წლის 15 იანვრის სხდომაზეც) სხდომების ოქმები, გამოკითხული ექსპერტ-სპეციალისტების განმარტებების შეფასების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ საკვლევ საკითხთან მიმართებით - წარმოადგენს თუ არა დამსაქმებელი კომპანიის რკინიგზის საამქროში თბომავლის მემანქანის პოზიცია მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან პოზიციას.
14. პირველი ინსტანციის სასამართლოში ექსპერტ-სპეციალისტმა (მოპასუხის ინიციატივით ჩატარებული კვლევის სპეციალისტი) მ.მ–მა განმარტა, რომ დამსაქმებლი კომპანია დაუკავშირდა შპს „კ-კ.ი.ს–ის”, რათა დადგენიყო მავნეობის კლასები, თუ არსებობს რაიმე მავნე ფაქტორის ზემოქმედება დასაქმებულზე კონკრეტულ საამქროებში. სპეციალისტის მიზანი იყო, რომ თითოეული პოზიცია შეესწავლა, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, და დაედგინა რომელიმე მავნე ფაქტორი თუ მოქმედებს ადამიანზე. თვითონ კვლევა მოპასუხე კომპანიის სამუშაო სივრცეში გრძელდებოდა დაახლოებით ორი თვე, ორთვენახევარი, თუმცა კონკრეტულ საამქროში, ანუ რკინიგზის საამქროში დაახლოებით ერთი კვირა ხდებოდა სამუშაოებზე დაკვირვება და შესწავლა, ვთქვათ რომელი პოზიცია რითი არის დაკავებული (პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 25 მაისის სხდომის ოქმი 11:25:45 -დან) . სასამართლოს შეკითხვის პასუხად, სპეციალისტმა განმარტა, რომ მემამქანეები რკინიგზის საამქროში 24 საათიანი ცვლებით მუშაოებენ, ორი მემანქანე არის ცვლაში, მათი მოვალეობა არის რომ ტვირთის შეტანა მოხდეს კონკრეტულ საამქრომდე და გამოსვლა თბომავალზე არის მიბმული ვაგონები, თბომავალს მართავს მემანქანე (პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 25 მაისის სხდომის ოქმი 11:29:19 -დან). მოსამართლის შეკითხვის -დღეში რამდენჯერ უწევს და სად გადაადგილდება ეს თბომავალი? - პასუხად სპეციალისტმა განმარტა: ეს დამოკიდებულია დავალებაზე. ჩვენი კვლევებით და ჩანაწერების მიხედვით დაახლოებით აქტიური სამუშაო თბომავლის მემანქანეს უწევს, ცვლას უწევს 7-8 საათი პირობითად და იმიტომ რომ ორი მემანქანე არებობს ცხადია, რომ საქმე ნახევრდება (პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 25 მაისის სხდომის ოქმი 11:29:25 -დან). მოსამართლის კითხვის პასუხად, სპეციალისტმა განმარტა, რომ თბომავლის მემანქანე მხოლოდ დამსაქმებელი კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე გადაადგილდება. მაგალითად, ცენტრალური სარკინიგზო ხაზით მოდის რაღაცა პროდუქტი და შემდეგ უკვე მოპასუხე კომპანიის ტერიტორიაზე ამ სივრცეში ხდება... ვინაიდან კონკრეტულ სივრცეში ხდება თბომავლის გადაადგილება, ვერ ავითარებს და არც უნდა განავითროს, შრომის უსაფრთხოების კუთხით, ასე არის ნორმები, მაღალი სიჩქარე. ამიტომაც იყო მაგალითად, რომ ვიბრაციის დონე არ იყო ისეთი მაღალი, როგორიც შეიძლება ჰქონდეს ცენტრალური რკინიგზას (პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 25 მაისის სხდომის ოქმი 11:29:50-დან). მოსამართლის შეკითხვის პასუხად, რომ დამსაქმებელი კომპანიის ინიციატივით მოწვეულმა ექსპერტმა მავნეობის კლასი მიანჭა ამ სარკინიგზო საამქროში ორ პოზიციას, მატარებლის შემდგენელს და ლიანდაგების შემკეთებელს, ამათგან განსხვავებული რა მოვალეობები გააჩნია თბომავლის მემანქანეს?- სპეციალისტმა განმარტა: რადიკალურად განსხვავებული სამუშაო პროცესი არის მათთვის. თუ თბომავლის მემანქანე თბომავალს მართავს მჯდომარე მდგომარეობაში, იქ გაზომილი არის ტემპერტურია, ხმაური არ არის გადაჭარბებული და ასე შემდეგ დანარჩენი ორი პოზიციის შემთხვევაში მიკროკლიმატის გაზომვა მაგალითად ვერ მოხერხდა, არალეგიტიმურია, ისინი მუშაობენ ღია ცის ქვეშ, იქ მიკროკლიმატი ვერ ნარჩუნდება, ამინდზე არიან დამოკიდებული. იქ დაკვირვება მოხდა უფრო შრომის სიმძიმეზე, რომელიც გულისხმობს ფიზიკურ დატვირთვას. ფეხით სიარულს, სიმძიმეების გადაადგილებას. იქ, მაგალითად, ამ ორი პოზიციიდან ერთ-ერთი მუდმივად არის თბომავლის სარკესთან ახლოს რომ წარმოიდგინოთ ჩამოკიდებული, დგას ფეხით, უწევს იმის დაკვირვება, რამდენად სუფთა არის ლიანდაგები, რამდენად უსაფრთხოდ გაივლის თბომავალი და ასე შემდეგ. არის მეორე პოზიცია, ლიანდაგის შემკეთებელი, რომლებსაც უწევთ ლოიანდაგის საყრდენი შპალების გამოცვლა, ანუ ეს არის კონსტრუქცია, რომელზეც განთავსებულია ლანდაგი. იმიტომ რომ ძველი საწარმოა, შეიძლება ეს იყოს ხისგან დამზადებული, ხშირად დაზიანდეს წვიმისგან და ასე შემდეგ, ამიტომ ექვემედბარება ხოლმე შეკეთებას. მატარებლის შემდგენელს და ლიანდაგების შემკეთებელს უწევთ საკმაოდ მძიმე სამუშაოს შესრულება იმიტომ, რომ დაათვალიერონ ეს შპალები, რამდენად არის გამართული, ფეხით გადაადგილება უწევთ ძალიან ინტენსიურად, თვითონ ეს შპალი არის საკმაოდ წონის, ადგილამდე მიტანა, იქ შეცვლა და ასე შემდეგ. ამიტომ გადავწყვიტე, რომ გამოიკვეთა საწყისი დაკვირვების დროს და შემდეგ უკვე მოხდა დათვლა, მიენიჭებოდათ თუ არა სიმძიმის კუთხით მათ მავნეობა და მიენიჭათ მავნეობის კლასი (პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 25 მაისის სხდომის ოქმი 11:31:04 -დან). ექპერტმა განმარტა, რომ თითოეულ სამუშაო პოზიციას იმიტომ სჭირდება დაკვირვება და დეტალური ანალიზი ზუსტად, რომ შრომის დაძაბულობის რიცხვობრივად გამოსახვა, მისი გაზომვა აპარატის ან ლაბორატორიული კვლევის საშუალებით შეუძლებელია, ამ გადაწყვეტილებას იღებს ადამიანი, ამიტომ არის ნორმატიულ აქტში - მინისტრის 2007 წლის 3 მაისის N 147/ნ ბრძანებაში, კონკრეტულად 22-ე მუხლში და შემოწმების მეთოდიკაში ესეთი ჩანაწერი, რომ უწყვეტ რეჟიმში, არანაკლებ 7 დღე უნდა დააკვირდეს მკვლევარი სამუშაო პროცესს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რომ დაიდოს დასკვნა იმის შესახებ აქ დაძაბულობა არებობს თუ არ არსებობს (პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 25 მაისის სხდომის ოქმი 11:41 -დან).
15. პირველი ინსტანციის სასამართლოში ექსპერტ-სპეციალისტმა (მოპასუხის ინიციატივით ჩატარებული კვლევის სპეციალისტი) ფ.დ–მა განმარტა, რომ მარიამ მჭელიშვილი დამსამქბელი კომპანიის საამქროში იმყოფებოდა, როგორც დღისით, ისე - ღამით, მათ შორის ცვლაში რამდენიმე პარამეტრია რომელსაც ჭირდება ცვლაში დაკვირვება, ხანგრძლივ რეგულარულ პროცესში დაკვირვება და პირველადი შედეგები ერთად განიხილებოდა. განხილვა გვჭირდებოდა რისთვის, რომ თუკი იყო რაიმე საეჭვო ფაქტორი, გონივრული ეჭვი გვქონდა, რომ მაღალი რისკი ხომ არ არის და ხომ არ გადავზომოთ ან გადავაკონტროლოთ ამას ვაკეთებდით ხოლმე. ასე, რომ ერთი სინჯი ავიღეთ და წამოვედით ესე არაა, ან დასაქმებულების მხრიდან ან ჩვენი მხრიდან, მოდი კიდევ გადავამოწმოთ ვამოწმებდით აი ამ პროცესს და საკმაოდ შრომატევადი იყო ამ კუთხით (პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 25 მაისის სხდომის ოქმი 12:07:08-დან). სასამართლოს შეკითხვის პასუხად, სპეციალისტმა განმარტა, რომ ერთი მავნე ფაქტორი მაინც უნდა ყოფილიყო იქ, თუნდაც ერთი, მაინც ჩვენ მთლიანად პოზიციას მივანიჭებდით მავნეობის კლასს. ფიზიკურ გაზომვებში მანდ გადაჭარბება არ იყო, რაც პარალელურმა გაზომვამაც აჩვენა , მათ შორის, სხვა ორგანიზაციის გაზომვამ, რომ იქ ფიზიკური ფაქტორები, როგორიც არის მავნე ვიბრაცია, მტვერი, მავნე ნივთიერებები თუ ასე შემდეგ, არ იყო, ანუ ეს ის ფაქტორებია, რაც აპარატით იზომებოდა. შრომითი დაძაბვა- შრომითი სიმძიმე კი არის მეორე ნაწილი, როდესაც უნდა შეფასდეს, ფიზიკურად იტვირთება თუ არა მემანქანე. ამ პოზიციაზე გონივრული ეჭვიც არ გაჩენილა, რომ შესაძლებელია იყოს შრომითი დაძაბულობა, რატომ, რას ნიშნავსგონივრული ეჭვით რომ ვამბობ. ექსპერტმა უნდა შეისწავლოს სამუშაო ადგილი, დოკუმენტაციას, ტარდება გამოკითხვას და ამის შემდგომ იგეგმება, რა ფაქტორები უნდა გავზომოთ... მემანქანის პოზიცია არ არის გონებრივად მძიმე სამუშაო, ის არ მართავს რაღაც საწარმოს, რომ გვეთქვა. მაგალითად, წყალბადის ოპერატორზე, პირველ რიგში, გავზომავდით გონებრივ დაძაბულობას იმიტომ, რომ იქ არის ეს 12- საათიანი მუდმივად მონიტორინგი ამ მაჩვენებლებზე და იქ არის გონებრივი, ფსიქოსოციალური დაძაბვა, მაგრამ მემანქანის პოზიცია არ განეკუთვნება ამას, მით უმეტეს, როცა ჩვენ მავნე კატეგორიაზე ვსაუბრობთ.. როდესაც მემანქანეს გამოკითხვას ვაკეთებთ, ჟურნალებს ვნახულობთ და ვნახულობთ, რომ ის 24 საათის განმავლობაში საათნახევარი, 2 საათი წყვეტილად მუშაობს, იქ ფიზიკურად არანაირი საფუძველი არ იყო, რომ გონებრივად ხომ არ იძაბება ადამიანი ეს შეგვემოწმებინა, ანუ ეს უნდა ყოფილიყო, როგორც, მაგალითად ,წყალბადის მემანქანეს ოპერატორის, რომელიც ვიცით, რომ 12 საათი მუდმივად აკვირდება და იქ ჩნდება ეჭვი, ხომ არ არის გადაძაბვა.. მემანქანე ჩანაწერებში თვითონაც აღიარებდა , რომ მაქსიმალური დატვირთვა შეიძლება იყოს 2 საათი 24 საათის განმავლობაში წყვეტილად, გაიაროს 5 კილომეტრი. არ ყოფილა გონივრული ეჭვი, რომ გვემსჯელა შრომით დაძაბულობაზე (პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 25 მაისის სხდომის ოქმი 12:12:50-დან). მინისტრის N 147/ნ ბრძანებით განსაზღვრულ არანაკლებ ერთკვიარიან ვადასთან დაკავშირებით ექსპერტმა განმარტა: ერთი კვირის განმავლობაში დაკვირვება და კვლევა იმიტომ ხდება, რომ თვითონ სამუშაო დაძაბულობის შესწავლა კითხვარით კეთდება, იქ აპარატურას არ ვიყენებთ, რომ, მაგალითად, აი ერთიანი სინჯი ავიღოთ და მორჩა. იმ კითხვარში რამდენიმე პუნქტია და ერთჯერადი დაკვირვებით ვერ მიიღებ შედეგს. მაგალითად, რაღაც გადაწყვეტილების მიღება კონკრეტულ მონაკვეთში, პირობითად, ერთ საათში, საერთოდ არ უწევდა მემანქანეს, მაგრამ უწევს ცვლაში ან უწევს კვირაში ერთხელ და სპეციალისტმა ეს მონაცემებიც უნდა აღრიცხოს, რომ განისაზღვროს, კვირის განმავლობაში, მაგალითად, რამდენჯერ უწევს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და ამას სპეციალისტი-ექსპერტი ვერ დაინახავს ერთი შეხედვით. ამიტომ არის განსაზღვრული, რომ შესწავლას სჭირდება ერთი კვირის განმავლობაში დაკვირვების ქრონომეტრაჟი (პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 25 მაისის სხდომის ოქმი 12:15:06-დან).
16. პირველი ინსტანციის სასამართლოში ექსპერტ-სპეციალისტმა (მოსარჩელის ინიციატივით ჩატარებული კვლევის სპეციალისტი) მ.ა–ძემ განმარტა, რომ ექსპერტმა გაზომა ფიზიკური ფაქტორები. გაზომვის პერიოდში ნორმის ფარგლებში იყო. არ ჰქონდათ გაზომილი შრომის დაძაბულობა, მაგრამ თბომავლის მემანქანეს აუცილებლად აქვს დაძაბულობა. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს შეგვესწავლა. ვიცი, რომ იქ ამბობენ, რომ ერთი კვირა უნდა ყოფილიყო გაზომვის შედეგები. ჩვენ ვატარებთ ქრონომეტრაჟს, წარმოდგენილი გვქვს სახელმძღვანელო როგორ გავზომოთ ქრონომეტრაჟი. შეიძლება ის ერთი და იგივე სამუშაოს ასრულებს დღის განმავლობაში, შეიძლება გადაღებულიც იყოს ან ვიდეო გადაღებული მოკლე მონაკვეთში შეიძლება დავაკვირდეთ მემანქანის მუშაობას. ჩვენ დავაკვირდით ორჯერ, 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ გამოვითხოვეთ მუშაობის გრაფიკი არა ერთი კვირის, არამედ მთელი ორი თვის და მეტის. ყოველდღე ის რას აკეთებს და ამითი რომ ვუყურებდით, გავიგეთ რას აკეთებს, დშევხედეთ ფაქტობრივად, მაგრამ მერე იქ ერთი კვირა შენ ეგრე არავინ შეგიშვებს რომ იარო და შეგიშვან და აკეთო ის, ამიტომ ჩვენ გამოვითხოვეთ მათი მუშაობის გრაფიკი. ჩვენ ვიყავით აპრილის დასაწყიში მთელი მარტის თვის მოგვეს, ტელეფონზეც გადავიღეთ ... ერთი კვირა რომ ყოფილიყო ქრონომეტრაჟი, ამოვიღეთ ეს მონაცემები ჟურნალიდან წინა დღეებში რამდენს მუშაობდა თბომავლის მემქნქანე და როგორ მუშაობდა გავეცანით, შემდეგ ამის მიხედვით დავწერეთ დასკვნა. შრომის მძიმე და მავნეპირობებიან სამუშაოთა ნუსხაში თავი 22-ე რკინიგზის საამქრო მუხლი 484, რკინიგზის ტრანსპორტი პუნქტი 44 წერია, რომ მაგისტრალზე მოძრაობისას იქ სხვადასხვა ელმავლის მემანქანეს თბომავლის მემანქანესაც ეკუთვნის ეს პირობები. ახლა ისინი იძახიან, რომ მაგისტრალი არ არის, მაგისტრალი წარმოდგნეილი გვაქვს ყველას გზაზე, რომ მიდის ის არის მაგისტრალი... კოდექსში სარკინიგზო ქსელი რას ნიშნავს, მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგი, მათ შორის, მისასვლელი ლიანდაგები მაგისტრალი ქვია ამას . ჩვენ გამოვითხოვეთ უფლება-მოვალებები, უფლება-მოვალეობებში თვითონ ქარხანას ხელმოწერილი აქვს, არის ასეთი თავი- უსაფრთხოების ტექნიკა და აქ უწერია - უსაფრთხოების ტექნიკის საშიში ადგილებია მაგისტრალური მონაკვეთების შემადგენლობების მანევრირებისთვის (პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის სხდომის ოქმი 14:16:10 -დან). მემანქანე ზის კაბინაში, იგივე პოზა აქვს, იგივეს აკეთებს, გინდა ერთი კვირა დააკვირდი, გინდა რვა თვე დააკვირდი. ჩვენ დავაკვირდით რას აკეთებს, რა მოძრაობები აქვს და ამოვიღეთ წინა დღეს რა გააკეთა, იმის წინა დღეს რა გააკეთა და ერთი თვის განმავლობაში. მე შემიძლია წარმოგიდგინოთ ქრონომეტრაჟის გაკეთება როგორ ხდება, სახელმძღვანელო (პირველი ინსტაცნიის სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის სხდომის ოქმი 14:32:09-დან). მოსამართლის შკითხვის პასუხად - მინისტრის ბრძანებიტ დადგენილი ქრონომეტრაჟის და უშუალოდ დაკვირვებით სამუშაო პირობების შეფასება რატომ დაწესდა, ამას რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს? სამუშაოს ინსტრუქცია სამუშაოს დეტალური აღწერილობა რატომ არ შეიძლება იყოს საკმარისი შეფასებისთვის და კიდევ ფაქტობრივი დაკვირვება რატომ არის საჭირო? - სპეციალისტმა განმარტა: ზუსტად არ ვიცი მაგრამ, მაინც არის საჭირო, ამითაც შეიძლება, ეს მოვალეობები ამას თუ ასრულებს, დოკუმენტში წერია ეს მოვალეობები (პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის სხდომის ოქმი 14:44:00 -დან).
17. პირველი ინსტანციის სასამართლოში ექსპერტ-სპეციალისტმა (მოსარჩელის ინიციატივით ჩატარებული კვლევის სპეციალისტი) ქ.ხ–ნმა განმარტა, რომ მოისმინა უშუალოდ მოსარჩელისაგან და კიდევ სხვა მემანქანისაგან, მუშაობის პროცესში რა სამუშაოებს ასრულებს მთელი დღის განმავლობაში. იმისათვის რომ შევსულიყავი უშუალოდ მენახა, ეს ჩემთვის იყო უფრო სასარგებლო იქნებოდა, მაგრამ არ ცვლიდა იმას, რომ შემექმნა წარმოდგენა, თუ რა პირობებში მუშაობს , როგორია მისი დაძაბულობა …. რომელიც ცნობილია თქვენთვის 147-ე მუხლის განმარტებით. მე იქ მოცემული მაქვს დაძაბულობის მიხედვით დატვირთვის ხასიათი, ამ შემთხვევაში თბომავლის მემანქანის და როდესაც გამოვკითხე ბატონ კ–ას, რა ფუნქციებს ასრულებს, (კითხულობს დასკვნას). ბატონმა კ–ამ ახსენა, რომ შეიძლება გადმოტვირთვა იყოს საჭირო, ეს რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში, მცირე დროის განმავლობაში უნდა შეასრულოს და ამ დროს მისი მუშაობის პროცესი არის მეტად დაძაბული. (დასკვნას კითხულობს) (პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის სხდომის ოქმი 15:09:00 -დან). მოსარჩელე დასაქმებულის სამუშაო ინსტრუქციაში აღწერი უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, სპეციალისტმა განმარტა: მე სხვა საწარმოებშიც, თუნდაც აზოტის საწარმოში ყოველთვის შევდიოდი და ვნახულობდი ჩემი თვალით რამდენ ხანს მუშაობდა რას მუშაობდა, რა მოძრაობებს აკეთებდა, რამდენ ხანს იყო ფეხზე, ამ შემთხვევაში იყო ის ადამიანი და ეს მე მაკმაყოფილებდა. მაგრამ, რომ მცოდნოდა, რომ სასამართლო პროცესისთვის იყო, მეტ სამუშაოს შევასრულებდი, თუმცა საკმარისია იმისთვის, რაც მე გავაკეთე (პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის სხდომის ოქმი 15:59:32 -დან). მე ისიც არ ვიცოდი, რომ შემოწმებაზე უნდა წავსულიყავი, წინა დღეს მითხრა მ–ამ, რომ შესამოწმებელიაო, ჩემთვის სასამართლო პროცესზე არაფერი ცნობილი არ იყო. უბრალოდ მე მოვითხოვდი და მეპატრონე უარს არ მეტყოდა ნამდვილად შემოვსულიყავი სხვა დღეს, რომ მცოდნოდა სასამართლო პროცესისთვის იყო. განვმეორდები და რომ მიმენიჭებინა ეს ხარისხი, რაც მქონდა მონაცემები ჩემთვის საკმარისი იყო (პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის სხდომის ოქმი 16:20:42-დან) .არსებითად იგივე საკითხებზეა მსჯელობა და ექსპერტთა განმარტებები სასამართლოსა და მხარეების შეკითხვების პასუხად სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის სხდომაზე (იხ. წინამდებარე განჩინებისბ 4.12.4 ქვეპუნქტი).
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დეტალურად გამოიკვლიეს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში მხარეთა მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნები, რომელთაგან პირველი ინსტანციის სასამართლომ დამაჯერებლად და დასაბუთებულად მიიჩნია მოსარჩელის დაკვეთით მომზადებული დასკვნა, ხოლო სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილების მიღების დროს (რომლითაც გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დაკმაყოფილდა სარჩელი) მოპასუხე მხარის დასკვნას დაეყრდნო. საკასაციო სასამართლოს შეფასებით დამსაქმებლის დაკვეთით მომზადებული დასკვნა, გარდა მისი მომზადების მეთოდოლოგიის, საფუძვლად გამოყენებული ნორმატიული აქტებისა, იმითაც არის საყურადღებო, რომ მომზადდა დამსაქმებლის დაკვეთით არა წინამდებარე დავაზე სარჩელის მოთხოვნის გამოსარიცხად, არამედ, დამსაქმებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელის დაკვეთით (წინამდებარე სარჩელის აღვრამდე), რათა დადგენილიყო ორგანიზაციაში მომუშავე დასაქმებულთაგან, მათი შრომითი პირობების გათვალისწინებით, მანამდე მინიჭებულის გარდა, კიდევ რომელ პოზიციას უნდა მინიჭებოდა ე.წ. „მავნეობის“ კლასი. ამ მიზნით დამსაქმებლის დაკვეთით მომუშავე კომპანიამ დაახლოებით თვენახევარი იმუშავა მოპასუხე კომპანიაში, რათა შეესწავლა თითოეული პოზიცია და განესაზღვრა „მავნეობის“ კლასი, ხოლო ერთკვირიანი დაკვირვება აწარმოა მოსარჩელის (კასატორის) მიერ დაკავებული თბომავლის მემანქანის პოზიციის შესასწავლად, რაც რკინიგზის საამქროში, დამსაქმებლი კომპანიის კუთვნილ და მის მიერვე შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე გადაადგილებას მოიცავს. მინისტრის N 147/ნ ბრძანებით დადგენილია სამუშაო ადგილის “მავნეობის” კვლევის ჩატარების წესები, კერძოდ, სამუშაო პროცესზე დაკვირვება უნდა მოხდეს არანაკლებ ერთი კვირის განმავლობაში ქრონომეტრაჟული დაკვირვებით.
19. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ნებისმიერი სამუშაო, პროფესია, თავის თავში, ითვალისწინებს დაძაბულობის გარკვეულ ელემენტებს, რაც ავტომატურად ვერ მიაკუთვნებს აღნიშნულ პროფესიას მავნე სამუშაოთა ჩამონათვალს და მითითებული უნდა აღწევდეს სიმძიმის გარკვეულ ხარისხს (უნდა არსებობდეს სამომავლო საფრთხე პროფესიული დაავადების განვითარებასთან მიმართებით), რაც მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდება. დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნაში აღწერილია სამუშაო პროცესზე მოქმედი ფიზიკური ფაქტორები, ხოლო სამუშაოს დაძაბულობის და სიმძიმის მაჩვენებლის შესახებ მითითებულია, რომ ამ მაჩვენებლით თბომავლის მემანქანის სამუშაო მავნე პირობებიანი არ არის. N147/ნ ბრძანებით დადგენილია, რომ სამუშაო პროცესზე მავნე ზეგავლენის ხარისხი უნდა შეფასდეს არა მარტო ფიზიკური ფაქტორების, არამედ შრომის სიმძიმის და დაძაბულობის მაჩვენებლების შეფასების საფუძველზე. ამასთან, თითოეული მაჩვენებლისათვის დამახასიათებელი კომპონენტები ცალკე ფასდება და არა მათი სირთულის, ან მნიშვნელობის მიხედვით. იმის მიხედვით, თუ რამდენ კომპონენტს მიენიჭება მავნეობის კლასი, სამუშაო პოზიცია ფასდება მავნე სამუშაოდ.
20. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არის გასაზიარებელი მოსარჩელის (კასატორის) მტკიცება, რომ თბომავლის მემანქანის სამუშაოსათვის, როგორც წესი, დამახასიათებელი მარტივი, ერთგვაროვანი მოქმედებების შესრულება ყოველ ცვლაში ერთი და იგივე მოქმედებებით, „დატვირთვის მონოტონურობის“ მაჩვენებლის კომპონენტით მიჩნეული უნდა იქნეს მავნე პირობებიან სამუშაოდ. ამის საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მონოტონურობის გათვალისწინებით, ყოველდღიურად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ყოველ ცვლაში დასაქმებულია ორი პირი მაინც, ეს ვერ განიხილება მავნე სამუშაოდ. თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით არ შეფასებულა მინიმუმ ერთი კვირის მანძილზე სამუშაო დატვირთულობა, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და მხოლოდ ინსტრუქციაზე დაყრდნობით დასკვნის გაკეთება უსაფუძველოა და ნორმატიული აქტით განსაზღვრულ წესებს არ შეესაბამება.
21. სშკ-ის IX თავით განსაზღვრულია შრომის პირობების დაცვა, კერძოდ, 45-ე მუხლით განმტკიცებულია მუშაკთა უფლება უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფასთან მიმართებით. მოხმობილი ნორმის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოთი. თავის მხრივ, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულს გონივრულ ვადაში მიაწოდოს მის ხელთ არსებული სრული, ობიექტური და გასაგები ინფორმაცია ყველა ფაქტორის შესახებ, რომლებიც მოქმედებს დასაქმებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებაზე. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხა, შრომის უსაფრთხოების წესები, მათ შორის, დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარების შემთხვევები და წესები, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
22. „შრომის უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,მ’’, ,,ნ’’ და ,,ო’’ პუნქტებით განსაზღვრულია მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოს ცნებები. კერძოდ, მოხმობილი ნორმის შესაბამისად: - მძიმე სამუშაოდ მიიჩნევა, სამუშაო პროცესი, რომელიც ზემოქმედებას ახდენს უპირატესად ადამიანის ორგანიზმის საყრდენ-მამოძრავებელ აპარატსა და ფუნქციურ სისტემებზე (გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და სხვა), რომლებიც უზრუნველყოფს მის საქმიანობას, და რომელიც ხასიათდება ფიზიკური დინამიკური დატვირთვით, ასაწევი და გადასაადგილებელი ტვირთის მასით, სტერეოტიპული სამუშაო მოძრაობების საერთო რაოდენობით, სტატიკური დატვირთვის სიდიდით, სამუშაო პოზის ფორმით, სხეულის დახრის ხარისხით და სივრცეში გადაადგილებით; - მავნე სამუშაოდ განიხილება საწარმოო გარემო ან/და სამუშაო პროცესი, რომლის ადამიანზე ზემოქმედებას გარკვეულ პირობებში (ინტენსივობა, ხანგრძლივობა და სხვა) შეუძლია გამოიწვიოს პროფესიული დაავადება, შრომისუნარიანობის დროებითი ან მდგრადი დაქვეითება, გაზარდოს სომატური და ინფექციური დაავადებების სიხშირე და დაარღვიოს შთამომავლობის ჯანმრთელობა; - საშიშპირობებიან სამუშაოდ განიხილება საწარმოო გარემო ან/და სამუშაო პროცესი, რომელიც შეიძლება გახდეს მწვავე დაავადების, ადამიანის ჯანმრთელობის უეცარი, მკვეთრი გაუარესების ან გარდაცვალების მიზეზი;
23. როგორც უკვე აღინიშნა, ამა თუ იმ სამუშაოსათვის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოდ აღიარების საფუძვლები და წესები ასევე დადგენილია მინისტრის N147/ნ ბრძანებით, რომლითაც დამტკიცებულია “მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა თანდართული ნუსხა”. ასევე დადგენილია “შრომის პირობების ჰიგიენური კლასიფიკაცია საწარმოო გარემოს ფაქტორებისა და სამუშაოს მავნეობისა და საშიშროების მიხედვით”. ეს უკანასკნელი ადგენს, თუ რა ფაქტორების გამო მიიჩნევა ესა თუ ის სამუშაო პოზიცია მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოდ და როგორ უნდა ჩატარდეს ამ მიზნით შესასრულებელი სამუშაოს თავისებურებების კვლევა (იხ. წინამდებარე განჩინების 4.10.1-4.10.2 ქვეპუნქტები).
24. ზემოხსენებული ბრძანების 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად: ა) პროფესიული კუთვნილების (პროფესიის) მიუხედავად მხედველობაში მიიღება ცხრ. №12 ჩამოთვლილი ყველა მაჩვენებელი. შრომითი პროცესის დაძაბულობის ზოგადი შეფასებისათვის დაუშვებელია რომელიმე ცალკე აღებული მაჩვენებლების ამორჩევა. ამ მაჩვენებლიდან თითოეულისათვის ცალკე განისაზღვრება შრომის პირობების კლასი. იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული საქმიანობის ხასიათის ან თავისებურებების გამო რომელიმე მაჩვენებელი არ არის წარმოდგენილი (მაგ., არ წარმოებს ვიდეოდისპლეური ტერმინალის ეკრანთან ან ოპტიკურ ხელსაწყოებთან მუშაობა), მაშინ მოცემულ მაჩვენებელს ენიჭება I კლასი (ოპტიმალური) – შრომის მსუბუქი ხარისხის დაძაბულობა.ბ) შრომის დაძაბულობის საბოლოო შეფასებისათვის: ბ.ა) „ოპტიმალური“ (I კლასი) დგინდება იმ შემთხვევებში, როცა 17 და მეტ მაჩვენებელს აქვს შეფასება I კლასი, ხოლო დანარჩენი მიეკუთვნება 2 კლასს. ამასთანავე, არ არის მაჩვენებლები, რომლებიც მიეკუთნება 3 (მავნე) კლასს. ბ.ბ) „დასაშვები“ (2 კლასი) დგინდება შემდეგ შემთხვევებში: ბ.ბ.ა) როცა 6 და მეტი მაჩვენებელი მიეკუთვნება 2 კლასს, ხოლო დანარჩენი – 1 კლასს. ბ.ბ.ბ) როცა 1-დან 5 მაჩვენებლამდე მიეკუთვნება მავნეობის 3.1 და/ან 3.2 ხარისხს, ხოლო დანარჩენ მაჩვენებლებს აქვთ შეფასება 1 ან 2 კლასი. ბ.გ) „მავნე“ (3) კლასი დგინდება მაშინ, როცა 6 და მეტი მაჩვენებელი მიეკუთვნება 3 კლასს. ბ.დ) 1 ხარისხის შრომის დაძაბულობა (3.1 კლასი) დგინდება: ბ.დ.ა) როცა 6 მაჩვენებელს აქვს შეფასება 3.1 კლასი, ხოლო დანარჩენი მაჩვენებლები მიეკუთვნება 1 და/ან 2 კლასს. ბ.დ.ბ) როცა 3-დან 5 მაჩვენებლამდე მიეკუთვნება 3.1 კლასს, ხოლო 1-დან 3 მაჩვენებლამდე მიეკუთვნება 3.2 კლასს.
25. საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით, დამსაქმებლის მიერ მოსარჩელისათვის დადგენილი შრომითი ინსტრუქცია, რომელიც დეტალურად აღწერს დასაქმებულის უფლება-მოვალეობებს, მხოლოდ იმიტომ, რომ თბომავლის მემანქანის მიერ შესასრულებელი ყოველდღიური, თუნდაც რუტინული (განმეორებადი), უფლება-მოვალეობების გარდა, ასევე აღწერს დამატებით უფლება-მოვალეობებს, რაც არა ყოველდღიურ დატვირთვას, არამედ კონკრეტულ ვითარებაში შესასრულებელ მოვალეობას ადგენს, ვერ დაედება საფუძვლად დასაქმებულის მიერ შესასრულებელი სამუშაოს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოდ მიჩნევას, შესაბამისად, არ არის გაზიარებული კასატორის მტკიცება, რომ “დატვირთვის მონოტონურობის” მაჩვენებლის კომპონენტის მიხედვით მოსარჩელის მიერ დაკავებულ პოზიციას უნდა მიენიჭოს “მავნეობის” კლასი. მინისტრის N147/ნ ბრძანებით განსაზღვრული ნორმატიული წესი, რომელიც გარდა იმისა, რომ არა ნაკლებ ერთკვირიან პერიოდში დაკვირვების ვალდებულებას ადგენს, ასევე განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებსა და კომპონენტებს, რომლებიც სათითაოდ უნდა შეფასდეს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის (დასაქმებულის) მიერ წარმოდგენილი დასკვნა ეყრდნობა მხოლოდ ინსტრუქციაში ასახულ მონაცემს, მაშინ, როდესაც რეალურად საწარმოში დასაქმებული არიან მექანიკოსები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სარემონტო სამუშაოებს. ექსპერტიზის დასკვნა აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია იმდენად, რამდენადაც ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე დასმულ შეკითხვაზეც ვერ დაადასტურა, რომ უშუალოდ დააკვირდა მემანქანის მხრიდან გარკვეული სარემონტო სამუშაოების განხორციელებას, ექსპერტის განმარტებით, იგი დაეყრდნო შრომით ინსტრუქციას და აღნიშნული მიიჩნია საკმარისად შესაბამისი კლასის განსაზღვრისათვის. გარდა ამისა, მოსარჩელის პრეტენზიის ფარგლებში, რომ მაგალითად დამსაქმებელ კომპანიაში ორ პოზიციას “მატარებლის შემდგენელს” და “ლიანდაგის მემანქანეს” მინიჭებული აქვთ ე.წ. “მავნეობის” კლასი, საკასაციო სასამართლომ მოისმინა პირველი ინსტანციის სასამართლოში ექსპერტის განმარტება ამ ორ პოზიასთან დაკავშირებით. ექსპერტმა თბომავლის მემანქანისაგან რადიკალურად განსხავავებულად შეაფასა მითითებული ორი პოზიცია და მათ მიერ შესასრულებელი სამუშაო (იხ. წინამდებარე განჩინების მე-14 პუნქტი), რასაც მოსარჩელემ ვერანაირი მტკიცებულება ვერ დაუპირისპირა.
26. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ დამსაქმებელმა კუთვნილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, კვალიფიციური წერილობითი შესაგებლით, საექსპერტო დასკვნით, სასამართლოს მიერ მოწვეული ექსპერტების განმარტებების საფუძველზე, დამაჯერებლად დაადასტურა, რომ მის კომპანიაში რკინიგზის საამქროში დასაქმებული თბომავლის მემანქანის პოზიცია არ წარმოადგენს იმ კატეგორიის სამუშაოს, რომელიც მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოდ უნდა შეფასდეს. სავსებით დასაბუთებულია დამსაქმებლის მტკიცება და მის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დაკვირვების შედეგები სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის თაობაზე. საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით, საკასაციო სასამართლოს მიერ ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოებში დაკითხული ექპერტ-სპეციალისტების მოსაზრებათა ურთიერთშეჯერების შედეგად (იხ. წინამდებარე განჩინების 14-17 პუნქტებში ასახული ესქპერტ-სპეციალისტთა განმარტებები), გამოვლინდა, რომ ობიექტური კრიტერიუმებით გაზომვადი კომპონენეტების მიხედვით, რაც კონკრეტული ხელსაწყოებით და ინსტრუმენტებით ფასდება, მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიცია არ წარმოადგენს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოს, რაც შეეხება, სუბიექტური კომპონენტების მიხედვით შესაფასებელ გარემოებებს, მაგალითად, შრომითი დაძაბულობის/დატვირთვის მაჩვენებელი, ამ ნაწილში მოსარჩელემ ვერ დაძლია კუთვნილი მტკიცების ტვირთი, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ფატქობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
21. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში აღნიშნავს, რომ შრომის კანონმდებლობის ფუნდამენტური პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ დასაქმებულის წესთა უპირატესობის პრინციპი - “favor prestatoris” მოქმედებს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით. მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება დამსაქმებელი კომპანიის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენება იმ სახით. რომ დასაქმებულს არ მიენიჭა ე.წ.”მავნეობის” კლასი, რაც მას სახელფასო დანამატისა და დამატებითი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობას წარმოუშობდა. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უარყოფილია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 410-ე, 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ.გ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე