საქმე №ას-1631-2023 30 აპრილი, 2025 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს "თ.ა.ჯ–ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს "ა.ქ–ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ა.ქ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, მომხმარებელი/შემკვეთი) სარჩელი, სს „თ.ა.ჯ–ის“ (მოპასუხე, კასატორი, ექსპედიტორი) მიმართ, ზიანის - 17 511.78 აშშ დოლარისა და ამავე თანხის წლიური 6.9%-ის, 2020 წლის 24 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ანაზღაურების დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვისა და ექსპედიციის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს უნდა დაეორგანიზებინა, შემკვეთის/მოსარჩელის მიერ, Ebay-დან 17 511.78 აშშ დოლარად, შეძენილი 22 ცალი მყარი დისკის ამერიკის შეერთებული შტატების ქ. ნიუკასლიდან თბილისში ჩამოტანა;
2.2. მოსარჩელის კუთვნილი ამანათი “თრექინგ” კოდით - ....., ექსპედიტორი კომპანიის საწყობში მიიტანეს 2020 წლის 27 იანვარს; 2020 წლის 10 თებერვალს, საქართველოში ჩამოტანილი ამანათი აიწონა, გაიხსნა და აღმოჩნდა, რომ მისი შიგთავსი ცარიელი იყო;
2.3. მოსარჩელემ 2020 წლის 12 თებერვალს მოპასუხეს წარუდგინა განცხადება რეკლამაციის შესახებ და მოითხოვა ხელშეკრულების საფუძველზე, რეისის ჩამოფრენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში, ტვირთის დაკარგვით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაზედაც მოპასუხე კომპანიამ უარი განაცხადა;
2.4. რეორგანიზაციის შედეგად სს „თ.ა.ჯ–ი“ წარმოადგენს შპს „U”- ს უფლებამონაცვლეს;
2.5. საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ ექსპედიტორის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის უშუალო მიზეზშედეგობრივი კავშირი არ დასტურდება. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 17 მარტის N001853320 ვიდეოსა და კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილი ვიდეო-ჩანაწერების კომპლექსური ანალიზით ირკვევა, რომ მე-5 ფოტოზე ისრით ნაჩვენები ამანათის გახსნასთან და რაიმე სახით მის შიგთავსთან შეხება არ აქვს ობიექტზე დასაქმებულ არც ერთ პირს, თუ მოწყობილობას. ამანათი, ობიექტზე შემოსვლიდან, აწონვისა და კონტეინერში მოთავსების ეტაპს გადის გაუხსნელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 17 511.78 აშშ დოლარის გადახდა. შესაბამისდ, გადანაწილდა მხარეთა შორის სასამართლო ხარჯები.
3.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1-2.4 ქვეპუნქტები) და დაასკვნა, რომ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი) 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შეცვლის წინაპირობები. ვინაიდან, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია.
3.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის (ტვირთის დაკარგვით მიყენებული ზიანის ანაზღაურება) სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ი) 730.1-ე “ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა, გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია”, 731-ე “ექსპედიტორმა კეთილსინდისიერი ექსპედიტორის გულისხმიერებით უნდა გაგზავნოს ტვირთი, შეარჩიოს გადაზიდვაში მონაწილე პირები. ამასთან, მან უნდა დაიცვას გამგზავნის ინტერესები და შეასრულოს მისი მითითებები”, 739.1-ე “თუ სხვა შეთანხმება არ არსებობს, ექსპედიტორს უფლება აქვს საკუთარი ძალებით გადაზიდოს ტვირთი. ამ უფლების განხორციელება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს შემკვეთის უფლებებსა და ინტერესებს”, 394.1-ე “მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის”, 408.1-ე “იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება” და 409-ე “თუ ზიანის ანზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება” მუხლები.
3.4. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის/შემკვეთის პრეტენზია, რომ მხარეთა შორის დადებული ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორმა საკუთარი სახელითა და კლიენტის ხარჯით იკისრა ვალდებულება, ტვირთის დანიშნულებისამებრ მიწოდებაზე და მასვე ეკისრებოდა, როგორც სატრანსპორტო ექსპედიტორის, ასევე ტვირთის გადამზიდავის ვალდებულებებიც. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, დაკარგა გადასაზიდად მიწოდებული ტვირთი და არ მიაწოდა მოსარჩელეს დანიშნულების ადგილზე.
3.5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 730-ე მუხლზე (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების 3.3 ქვეპუნქტში) და განმარტა, რომ ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემკვეთი დამოკიდებულია ექსპედიტორის გამოცდილებაზე, რაც გამოიხატება საქონლის გადაზიდვის ორგანიზების, გადაზიდვისთვის შესაბამისი ფასის, გადაზიდვის ყველაზე შესაფერისი დროისა და მარშრუტის შერჩევაში და ა.შ. ამდენად, საექსპედიციო მომსახურება შემკვეთისთვის მოსახერხებელია, თუმცა ექსპედიტორისთვის მაღალი რისკის მატარებელია. სწორედ ამიტომ, ექსპედიტორმა უნდა უზრუნველყოს შემკვეთის სათანადოდ დაცვა. შემკვეთისთვის აუცილებელია, რომ მისი ტვირთის გადაზიდვის მომსახურება საიმედო იყოს. საიმედოობა კი ნიშნავს, რომ შემკვეთის მიერ დაქირავებულმა ექსპედიტორმა უნდა აანაზღაუროს გადაზიდვისას მიყენებული შესაძლო ზარალიც. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსპედიტორი გადაზიდვას ანდობს გადამზიდველს, ის გადაზიდვის ორგანიზებასთან ერთად, იღებს ტვირთის გადაზიდვის პასუხისმგებლობასაც. FIATA-ს (გადამზიდველთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია) ტიპური წესების მე-7 მუხლის თანახმად, ასეთი ექსპედიტორი, განზოგადებულად იწოდება, როგორც პრინციპალი, იგივე გადამზიდავ-ექსპედიტორი (კოპალეიშვილი პ., სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების ძირითადი კონსტრუქციები - სამართლის ჟურნალი N2, 2018 წ.; გვ. 214.; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). საექსპედიციო ორგანოები ატარებენ საჭირო ზომებს და მატერიალურ პასუხისმგელობას ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის, რომელიც განსაზღვრულია ვალდებულების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის თავში. იმ შემთხვევისთვის, როცა ხელშეკრულების შეუსრულებლობა მოხდა გადამზიდავის მიზეზით, მაშინ ექსპედიტორის პასუხისმგებლობა კლიენტის წინაშე განისაზღვრება იმავე წესებით, როგორც შესაბამისი გადამზიდავის (ბოცვაძე ლ., გელაშვილი ო., მებურიშვილი ო., ჩხეტია ი., საერთაშორისო სატრანსპორტო-საექსპედიციო მომსახურება, 2008, გვ. 123), რამდენადაც ექსპედიციისა და გადაზიდვის კონსტრუქციები თანმთხვევადია, აქვთ ერთნაირი სუბიექტური შემადგენლობა და შესაბამისად, ექსპედიტორს იმავდროულად აქვს ტვირთის გადამზიდავის უფლება-მოვალეობები (ჭანტურია ლ., ზოიძე ბ., ნინიძე თ., შენგელია რ., ხეცურიანი ჯ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, ვალდებულებითი სამართალი კერძო ნაწილი, წიგნი IV, ტ.,I. თბილისი, 2001, 436-437).
3.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ექსპედიტორის მიერ საკუთარ მოვალეობათა შესრულებისას “კეთილსინდისიერების პრინციპების” დაცვის მტკიცების ვალდებულება ცალსახად ექსპედიტორის მხარესაა. იგი ვალდებულია ამტკიცოს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, შემკვეთის დავალებით მოქმედებისას, მის მიერ განხორციელებული მოქმედებები იყო დავალების ჯეროვნად შესრულებისთვის გონივრული, ობიექტური და ადეკვატური. ამასთან, სსკ-ის 741-ე მუხლი კრედიტორს, სპეციალური ნორმის საფუძველზე, ანიჭებს დამხმარე პირების მიმართ მოთხოვნის უფლებას, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ექსპედიტორი თავად არჩევს და თავადვე ხელმძღვანელობს ხელშეკრულებაში მონაწილე მესამე პირებს, გამართლებულია, რომ ექსპედიტორი დამხმარის ბრალისათვის, როგორც საკუთარი ბრალისათვის, ისე აგებდეს პასუხს შემკვეთის წინაშე (ჭეჭელაშვილი ზ. სახელშეკრულებო სამართალი. თბილისი, 2014, 187-188). ამდენად, დამხმარეში (მესამე პირში) მოიაზრება, სწორედაც გადამზიდველი (გადამზიდველები), რომელიც ექსპედიტორმა დაიქირავა შემკვეთის ვალდებულების შესასრულებლად და მისი ინტერესებიდან გამომდინარე.
3.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სადავო ხელშეკრულების 1.1 პუნქტის მიხედვით, „ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ექსპედიტორის საწყობიდან (რომელიც მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში - ქ. New Castle-ში), შემკვეთის მიერ გადაგზავნილი და ექსპერდიტორის მიერ მიღებული ტვირთის საქართველოში საექსპედიციო გადაზიდვის მომსახურების გაწევა, რომელსაც ექსპედიტორი უზრუნველყოფს თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯზე“ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 19). ამდენად, მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე, რადგან ექსპედიტორმა ექსპედიციის ხელშეკრულებით იტვირთა არა მხოლოდ გადაზიდვის ორგანიზება, არამედ გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობაც.
3.8. საქმეში წარმოდგენილი ინვოისით ირკვევა, რომ მოპასუხის საწყობში (მდებარე აშშ, ქ. ნიუკასლი) მიტანილი მოსარჩელის კუთვნილი ამანათი იწონიდა 3 ლბს, რაც 1.36 კგ-ს შეადგენს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 29-33). ამასთან, დადგენილია, რომ 2020 წლის 10 თებერვალს საქართველოში ჩამოტანილი ამანათი გაიხსნა და აღმოჩნდა, რომ მისი შიგთავსი იყო ცარიელი, კერძოდ, მასში არ იყო მოთავსებული შემკვეთის მიერ შეძენილი, 17 511.78 აშშ დოლარის ღირებულების 22 ცალი მყარი დისკი (იხ. ტ.1, ს.ფ. 40-42). ამდენად, მითითებული ფაქტების შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აშშ-ში მოპასუხისათვის გადასაზიდად გადაცემული ტვირთი საქართველოში ჩამოტანამდე დაიკარგა. ექსპედიტორის განმარტებით, მას ტვირთი არ დაუკარგავს. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდებოდა, რომ ექსპედიტორისათვის გადაცემის შემდეგ, ამანათი არავის გაუხსნია და იმ სახით ჩამოიტანა საქართველოში, რა სახითაც აშშ-ში ჩაიბარა.
3.9. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის ეს განმარტება და ყურადღება გაამახვილა ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, რომლითაც ირკვევა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი და გაშიფრული ვიდეოჩანაწერი მოიცავს პერიოდს ამანათის ექსპედიტორთან (ობიექტზე) შემოსვლიდან მისი კონტეინერში მოთავსების მომენტამდე. ამასთან, ზემოხსენებული ინვოისით ირკვევა, რომ ამანათი ექსპედიტორს გადაეცა 01/27/2020 წელს, დილის 10:14 საათზე, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი, ვიდეოჩანაწერში ამანათი პირველად ჩნდება 01/27/2020 წელს, 19:13:58 საათზე, ანუ გადაცემიდან რამდენიმე საათის შემდეგ. გარდა ამისა, ვიდეოჩანაწერი საერთოდ არ მოიცავს აშშ-დან საქართველომდე ამანათის გადაზიდვის პერიოდს (01/27/2020-10/02/2020). აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, არ გამოირიცხება, რომ ამანათში მოთავსებული ტვირთი სწორედ იმ პერიოდში დაკარგულიყო, რომელიც არ არის ასახული ვიდეოჩანაწერში. აღნიშნულ დასკვნას ვერ გააქარწყლებს მოპასუხის მითითება იმ ფაქტზე, რომ აშშ-ში ჩაბარებისას, ამანათი აიწონა და მისმა წონამ შეადგინა 0.19გრ.; საქმის მასალებით დასტურდება, რომ ამანათის ექსპედიტორისათვის გადაცემიდან მის აწონვამდე, გასული რამდენიმე საათი სრულად არაა ასახული ვიდეოჩანაწერში. გარდა ამისა, რადგან ინვოისში მითითებული ამანათის წონა არ ემთხვეოდა ამ უკანასკნელის აწონვისას მიღებულ წონას და, ამასთან, წონაში შეუსაბამობაც არ იყო უმნიშვნელო (ინვოისში მითითებული წონა - 1.36კგ (ანუ 1360გრ), 7-ჯერ აღემატება საწყობში ამანათის აწონვისას მიღებულ წონას - 190გრ-ს).
3.10. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სსკ-ის 731-ე მუხლით გათვალისწინებული კეთილსინდისიერი ექსპედიტორის გულისხმიერება, მოპასუხეს ავალდებულებდა, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ (ტვირთის საქართველოში გადმოგზავნამდე) ეცნობებინა შემკვეთისათვის, რათა ამ უკანასკნელს მისცემოდა შესაძლებლობა, პრეტენზია წარედგინა ტვირთის მიმწოდებლისათვის (გამყიდველისათვის). მოცემულ შემთხვევაში, ექსპედიტორს ეს ვალდებულება არ შეუსრულებია - შემკვეთისათვის ზემოხსენებული ინფორმაცია არ მიუწოდებია. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება იმის თაობაზე, რომ, მის მიერ შემუშავებული სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ტვირთთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია (მათ შორის, წონის თაობაზე). აღნიშნული განმარტება, გარდა იმისა, რომ არ დასტურდებოდა სათანადო მტკიცებულებით, დასაშვებიც არ იყო სსსკ-ის 380-ე მუხლის მიხედვით (სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა), რადგან ის არ ყოფილა გაცხადებული პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზი არსებობდა. ამდენად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სააპელაციო სასამართლო მიიჩნევდა, რომ გადაცემის მომენტში ამანათში არ იყო მოთავსებული სადავო ტვირთი, მის დაკარგვაზე პასუხისმგებლობა მაინც მოპასუხეს/ექსპედიტორს ეკსირებოდა, რადგან მან დაარღვია ზემოხსენებული კეთილსინდისიერი ექსპედიტორის გულისხმიერების ვალდებულება, რითაც ზიანი მიაყენა შემკვეთს. შესაბამისად, შემკვეთს შეუძლია წაუყენოს მოთხოვნა ექსპედიტორს იმ ზიანისათვის, რაც მას მიადგა ექსპედიტორის მიერ თავის ვალდებულებათა შეუსრულებლობით, რამაც ტვირთის დაკარგვა გამოიწვია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით მოსარჩელის პირველი მოთხოვნა - დაკარგული ტვირთის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე, დასაბუთებულია და დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 17 511.78 აშშ დოლარის გადახდა.
3.11. რაც შეეხება მოსარჩელის მეორე მოთხოვნას - მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ ეს მოთხოვნა მიიჩნია დაუსაბუთებელად და განმარტა, რომ რადგან მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება და წინასწარ სავარაუდო იყო თუ არა ეს ზიანი მოვალისათვის (სსკ-ის 412-ე მუხლი). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეს 17 511.78 აშშ დოლარი გადახდილი აქვს მოძრავი ქონების შეძენის მიზნით, შესაბამისად, მის ინტერესს წარმოადგენდა ქონების შეძენა და არა ნასყიდობის საფასურის ბანკში ანაბარზე განთავსება და ამ გზით სარგებლის მიღება. შესაბამისად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი გამოვლენილი არ არის, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
4.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ (ექსპედიტორმა), მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4.2. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ ონლაინ მაღაზია Ebay-დან შეიძინა 17 511.78 აშშ დოლარის ღირებულების 22 ცალი მყარი დისკი (კომპიუტერული მეხსიერების მოწყობილობა), რომლის ამერიკის შეერთებული შტატებიდან თბილისში ტრანსპორტირების ორგანიზების ვალდებულება იკისრა მოპასუხემ, შპს „U”-ს აშშ-ს საწყობიდან (აშშ, ქალაქი “New Castle”), ამანათის საქართველოში ტრანსპორტირების ორგანიზება განხორციელდა დათქმულ დროსა და ადგილას, თუმცა, ამანათის გახსნისას და დათვალიერებისას შიგთავსი აღმოჩნდა ცარიელი;
4.3. სადავო ამანათი, შეფუთული და გაუხსნელი, ამერიკის საწყობში მიიღეს 2020 წლის 27 იანვარს, ამერიკის შიდა გადამზიდი ფოსტის „ფ–ის“ მეშვეობთ. საწყობში მიღებისთანავე აიწონა და დაფიქსირდა ამანათის წონა - 0.19კგ. იგი არ გადაფუთულა და ჩამოვიდა საქართველოში იმავე მდგომარეობაში და იმავე წონით, როგორც მიიღეს ამერიკის საწყობში;
4.4. კასატორის განმარტებით, ამანათის მიღების, გატარებისა და აწონვის გარემოებები დადასტურებული იყო საქმეში წარდგენილი ვიდეო და კომპიუტერული ექსპერტიზით. დასკვნის თანახმად, საწყობში მყოფ პირებს ამანათი არ გაუხსნიათ, არც რაიმე სახის შეხება ჰქონიათ მის შიგთავსთან. ამანათი ობიექტზე შესვლიდან, აწონვისა და კონტეინერში მოთავსების ეტაპს გადის გაუხსნელად. ამანათის წონა შეადგენდა 0.19 კგ-ს, ნათელია, რომ ამანათი რა წონითაც მიიღო კასატორმა, იმავე წონით ჩამოიტანეს საქართველოში;
4.5. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელიც წინამდებარე განჩინების 3.5-3.7 ქვეპუნქტებშია ასახული და ტვირთების გადაზიდვისას ექსპედიტორისა და გადამზიდავის ერთნაირ ფუნქციასა და პასუხისმგებლობას უკავშირდება. ექსპედიტორი/მოპასუხე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 730-ე მუხლი და FIATA-ს (გადამზიდველთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია) ტიპური წესების მე-7 მუხლი სადავო გარემოებებთან მიმართებით;
4.6. კასატორის მტკიცებით, სსკ-ის 730-ე მუხლის დისპოზიცია, „ექსპედიტორის მიერ ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას“, გულისხმობს შემთხვევას, როდესაც ტვირთი/ამანათი იმგვარ გადაზიდვა/ტრანსპორტირებას, რომელიც მის უვნებლად საქართველოში საქართველოში ჩამოტანას უზრუნველყოფს, ანუ დაკარგვისა და დაზიანების გარეშე გადაზიდვას ითვალისწინებს აღნიშნული ნორმა;
4.7. კასატორის პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ ნორმის განმარტებისას არ გაითვალისწინა, რომ ამანათი საქართველოში უსაფრთხოდ და არსებული სახით იქნა ტრანსპორტირებული და გადაზიდვასთან დაკავშირებული ღონისძიებები განხორციელდა კანონის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ ამანათი შეფუთული და გაუხსნელი ჩამოვიდა საქართველოში და გადაეცა მოსარჩელეს (შემკვეთს). უდავო გარემოებაა, რომ სპეციფიკურად შეფუთული ამანათი არ გახსნილა გადაზიდვის განმავლობაში და არც რაიმე დაზიანების კვალი არსებობდა. ამდენად, გადაზიდვის საიმედოობის პირობა მოპასუხემ შეასრულა. კასატორის განმარტებით, საიმედოობის განმარტება იმ შემთხვევაში ნიშნავს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, თუ კრედიტორმა გადაზიდვისას დაკარგა ამანათი, როგორც გადასაზიდი ობიექტი და იგი დანიშნულების ადგილზე არ მიიტანეს, ხოლო თუ დალუქული და შეფუთული ამანათი ჩამოიტანეს დანიშნულების ადგილზე, თუმცა მომხმარებლის მიერ გახსნის შემდეგ მასში არ აღმოჩნდა შეძენილი ნივთი, ასეთი ზიანი ვერ ანაზღაურდება. სპეციალური გარეგანი შეფუთვა, სხვა გადაზიდვებში ლუქი, დამღა და სხვა, იმისთვის ედება ტვირთს, რომ განისაზღვროს ბრალეული პირი შესაძლო დამდგარ ზიანში. თუ შეფუთვის, ლუქის, დამღის მთლიანობა არ არის დარღვეული, ექსპედიტორის თუ გადამზიდის პასუხისმგებლობა გამოირიცხება ან დამოკიდებულია იმაზე, რა ბრალი შეიძლება მიუძღოდეს ექსპედიტორს. ამ გარემოების მტკიცების ტვირთი კი მოსარჩელეს ეკისრება;
4.8. კასატორის განმარტებით, მხარეები შეთანხმებული იყვნენ ამანათის დაკარგვის შემთხვევაში პასუხისმგებლობაზე (ხელშეკრულების 8.2. პუნქტი - ექსპედიტორი კომპანია ამანათის დაკარგვის ან გაუჩინარების შემთხვევაში სრულად იღებს პასუხისმგებლობას. მათ შორის კერძო პირის მიერ Ebay ან სხვა აუქციონში ნაყიდი პროდუქციის, ჩამოწერილი, შეკეთებული ან ნახმარი პროდუქციის შემთხვევაში). განსახილველ შემთხვევაში, ამანათი არ დაკარგულა და შეფუთული, იგივე მდგომარეობაში, როგორიც მიიღეს ამერიკის საწყობში, ჩამოვიდა საქართველოში;
4.9. კასატორი მის (ექსპედიტორის) ბრალს გამორიცხავს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 17 მარტის N001853320 ვიდეო და კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, რომლის თანახმად; გამოსაკვლევად წარდგენილი ვიდეო ჩანაწერების კომპლექსური ანალიზით ამანათის გახსნა ან რაიმე სახით შიგთავსთან შეხებას დასაქმებულების მიერ ადგილი არ ჰქონია და ამანათი, ობიექტზე შესვლიდან, აწონვის და კონტეინერებში მოთავსების ეტაპს გადის გაუხსნელად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს სხვაგვარად უნდა შეეფასებინა მოპასუხის პასუხისმგებლობის საკითხი და დაედგინა გარემოებები;
4.10. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განმარტებულ FIATA-ს ტიპური წესების მე-7 მუხლთან დაკავშირებით მიუთითა, რომ მოცემული საერთაშორისო წესების ტერმინთა განმარტებაში სატრანსპორტო საექსპედიტორო მომსახურება არის ნებისმიერი სახის მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია საქონლისა და ტვირთის გადაზიდვასთან, ანუ გადასაზიდი ობიექტი განსაზღვრულია საქონელი (განცალკევებული იდენტიფიცირებული ნივთი) ან ტვირთი (გადასაზიდ სივრცეში ჩატვირთული ერთი ან რამოდენიმე ნივთი). კასატორის განმარტებით, აღნიშნული წესების მე-7 მუხლი განსაზღვრავს ტვირთების დაკარგვის შემთხვევაში ექსპედიტორის/გადამზიდავის პასუხისმგებლობას, განსახილველ შემთხვევაში გადასაზიდი ტვირთი არ დაკარგულა ყოფილა და ჩამოიტანეს იგივე მდგომარეობაში, როგორშიც მიიღეს საწყობში;
4.11. კასატორის განმარტებით, ექსპედიტორს, გადამზიდავისგან განსხვავებით, არ აქვს შეფუთული ამანათის გახსნისა და მასში მოთავსებული ნივთების/საქონლის ცალობრივი შემოწმების უფლებამოსილება, რადგან ამანათს ექსპედიტორი იღებს სპეციალურად შეფუთულ, დალუქულ მდგომარეობაში. გამონაკლისი შემთხვევა არის, როდესაც მომხმარებელი ელექტრონული ფორმით (გადაფუთვის სერვისის ჩართვა) ითხოვს ამანათის გადაფუთვას მისი ზომებში შემცირებისა და მოცულობითი წონის ღირებულების შემცირების მიზნით. განსახილველ შემთხვევაში, ამანათის შიგთავსთან ექსპედიტორს რაიმე სახის შემხებლობა არ ჰქონია, რაც დასტურდება ვიდეო-კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით;
4.12. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 733-ე მუხლი „შემკვეთს მხოლოდ განსაკუთრებული გასამრჯელოს გადახდის პირობით აძლევს უფლებას მოითხოვოს ექსპედიტორისგან ტვირთის მიღებისას მისი ცალობრივი (მათ შორის რაოდენობის, წონის) შემოწმება“, შესაბამისად, არ უნდა იქნეს იზიარებული სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშის განვითარებული მსჯელობა და იურიდიული შედეგი. მოპასუხის განმარტებით, ექსპედიტორის პასუხისმგებლობა როგორც მხარეთა ხელშეკრულებით, ასევე, დასახელებული ნორმებით განისაზღვრება მხოლოდ ტვირთის, როგორც გადასაზიდი ობიექტის, დაკარგვის შემთხვევაში და არა საქართველოში ტრანსპორტირებული ამანათის შიგთავსში ნივთების არარსებობის შემთხვევაში, თუკი ამანათის გარეგანი შეფუთვა დაუზიანაებელია და გაუხსნელია;
4.13. კასატორი უთითებს, რომ სამართლის ანალოგიის თვალსაზრისით იგივე რეგულაციას შეიცავს კონვენცია „ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ“, რომლის მე-17 მუხლის მიხედვით, „გადამზიდავი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისთვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან-ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე - მიტანის ვადის გადაცილებისთვის“. ამასთან, მოპასუხე საზღვაო კოდექსის 156-ე მუხლზეც უთითებს, რომლის თანახმადაც, „გადამზიდავი პასუხს აგებს გემზე მიღებული ტვირთის დაკარგვის, დანაკლისის ან დაზიანებისთვის, თუ ვერ დაამტკიცებს, რომ დაკარგვა, დანაკლისი ან დაზიანება გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით“;
4.14. კასატორი განმარტავს, რომ სადავო ამანათის წონის საკითხი პირდაპირ კავშირშია შეფუთულ, გაუხსნელ და გარეგანად დაუზიანებელ მდგომარეობაში მიღებულ სადავო ამანათთან. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ გამყიდველმა/გამომგზავნმა „ონლაინ“ მაღაზიამ თვითონ შეფუთა სადავო ამანათი, თვითონვე შექმნა ეტიკეტი ამანათისთვის და ჩააბარა აშშ ფოსტას - FedEx-ს, რაც დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი FedEx-ის მიერ გაცემული შეკვეთის დეტალების დოკუმენტიდან და ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ხელშეკრულებიდან. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შეკვეთის დეტალების დოკუმენტიდან ირკვევა, რომ შემკვეთს შეფუთვის სახედ არჩეული აქვს „თქვენი შეფუთვა“ (your package). აშშ ფოსტის საიტიდან ირკვევა, რომ აღნიშნული სერვისის არჩევის შემთხვევაში, გამომგზავნი თავად ფუთავს და თავადვე აკრავს ამანათს საინფორმაციო ეტიკეტს. (htt[s://www.fedex.com/content/dam/fedex/us-unitedstates/shipping/images/2020/Q3/Step by step packing instructions 1983015854.pdf). ამავე ვებგვერდზე ასევე მითითებულია ინსტრუქციები ნივთის შეფუთვის და საინფორმაციო ეტიკეტის შექმნის შესახებ;
4.15. განსახილველ შემთხვევაში, „ფ–ის“ მიერ გაცემული აქტით დასტურდება, რომ ამანათის გამგზავნმა მაღაზიამ (tm_space) თავად შეფუთა, შეავსო ამანათის წონისა და მოცულობის მონაცემები, შექმნა ეტიკეტი და მიიტანა „ფ–ის“ სერვის ცენტრში 2020 წლის 23 იანვარს. კასატორის განმარტებით, სარწმუნო არ არის ამანათის გამგზავნის მიერ მითითებული წონა, ვინაიდან 22 მყარი დისკის წონა 3 ლბლ-ზე ანუ 1.36 კგ.ზე მეტი შეიძლებოდა ყოფილიყო ნივთების რაოდენობიდან და მეტალის მასალისგან დამზადების გამო;
4.16. მნიშვნელოვანია, რომ სარჩელს მე-2 დანართად ერთვის „ფ–ის“ მიერ გაცემული ცნობის მხოლოდ პირველი გვერდი, თუმცა ცნობა ორგვერდიანია. მეორე გვერდზე კი მითითებულია მონაცემები გამომგზავნის მიერ „ფ–ის“ პირველ სერვისცენტრში ჩაბარებიდან, მოპასუხის ოფისში მიტანამდე განვლილი ყველა მისამართი და დრო. აღნიშნული ცნობის თანახმად, „ფ–მა“ 2020 წლის 22 იანვარს, 8:03 საათზე ელექტრონულად მიიღო გზავნილის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია. 2020 წლის 23 იანვარს 5 საათზე გამომგზავნმა კალიფორნიაში, სან ხოსეს სერვის ცენტრში ჩააბარა გზავნილი, რომელმაც „ფ–ის“ სან ხოსეს სერვის ცენტრი დატოვა 7:48 საათზე. 2020 წლის 24 იანვარს, პარასკევს ღამის 2:12 საათზე, გზავნილი მიიღეს „ფ–ის“ ოუკლენდის მისამართზე, 7:33 საათზე გზავნილმა დატოვა ოუკლენდის ობიექტი და 3:30 საათზე ჩავიდა ნიუ ჯერსის შტატში ნიუარკის მისამართზე, 9:43 საათზე ამანათმა დატოვა ეს ობიექტი და მეორე დღეს 2020 წლის 25 იანვარს, დილის 3:11 საათზე ჩავიდა ფილადელფიის შტატში. ამანათი მისამართზე გაჩერდა ორი დღის განმავლობაში. ზუსტად ორი დღის შემდეგ 2020 წლის 27 იანვარს, ორშაბათს დილის 6:54 საათზე, ფილადელფიის შტატიდან ამანათი ჩავიდა „ფ–ის“ შემდეგ მისამართზე, დელავერის შტატში, ქალაქ ნიუ კასლში. 8:06 საათზე ამანათი განთავსდა „ფ–ის“ ავტომობილში და 10:14 საათზე ჩავიდა ექსპედიტორის მისამართზე, ნიუ კასლში;
4.17. კასატორის განმარტებით, ამანათის მოძრაობის ისტორიით ნათელია, რომ 5 დღის განმავლობაში, 2020 წლის 22 იანვრიდან 27 იანვრამდე ამანათმა გაიარა და გარკვეული დროით გაჩერდა 5 სხვადასხვა მისამართზე და მე-6 მისამართზე მივიდა ექსპედიტორის (მოპასუხის) საწყობში. სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია აღნიშნული გარემოებები, მათ შორის, ამ დროის განმავლობაში როგორ ინახებოდა ამანათი „ფ–ის“ განთავსების ადგილებზე, ჰქონდათ თუ არა თანამშრომლებს მასთან შეხება და სხვა;
4.18. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის, დასკვნითი და კვლევითი ნაწილებით შეფასებულ დროის გამოთვლის გარემოებებს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ინვოისზე (ს.ფ . 29-33), თუმცა ასეთი სახელწოდების მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ამ გვერდებზე წარმოდგენელია შეკვეთის დეტალებისა და ამანათის ჩაბარების დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია ტვირთის ფაქტობრივი ჩაბარების დრო - 2020 წლის 27 იანვარი, 10:14 საათი;
4.19. კასატორის განმარტებით, მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის წინაშე დასმული შეკითხვებიდან და ვიდეო - ჩანაწერებიდან გამომდინარე, დადგინდა სრულიად სხვა დრო და ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევით ნაწილში მითითებულია შემდეგი: „კვლევის პროცესში ირკვევა, რომ FedEx-ის ავტომობილი, რომლითაც ამანათი მოიტანეს, ობიექტზე მოდის 19:13:58 საათზე.“ აღნიშნული ნიშნავს, რომ „დელივერის“ ანუ ჩაბარების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტში არის მცდარი საათი (10:14 საათი) მითითებული და რეალურად ფ–ის ავტომობილის საწყობში მისვლისა და ამანათის მიტანის ფაქტობრივი დრო არის 19:13:58 საათი. ზემოაღნიშნული საკითხი სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია და მიიჩნია, რომ ექსპერტიზით დადგინდა ამანათის დაგვიანებით მიტანა, რაც მცდარია. ექსპერტიზის დასკვნის კვლევის ნაწილი შემდეგში მიუთითებს დროის გაგრძელებისა და მასში ამანათის მოძრაობის გარემოებების აღწერად ვიდეო სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების მიხედვით;
4.20. კასატორი განმარტავს, რომ ვიდეო ჩანაწერი არის უწყვეტი და დასკვნის მიხედვით, ამანათი მუდმივად იყო ვიდეოკამერის მხედველობის არეალში, „ფ–ის“ მიერ ამანათის ობიექტზე მოტანიდან მის კონტეინერში მოთავსებამდე. შესაბამისად, ნათელია, რომ ექსპედიტორმა ჩაიბარა ზუსტად 0.19 კგ წონის ამანათი და ჩამოიტანა იგივე ამანათი გაუხსნელად;
4.21. კასატორმა მიუთითა სსკ-ის 731-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ექსპედიტორმა კეთილსინდისიერი ექსპედიტორის გულისხმიერებით უნდა გაგზავნოს ტვირთი, შეარჩიოს გადაზიდვაში მონაწილე პირები; ამასთან, მან უნდა დაიცვას გამგზავნის ინტერესები და შეასრულოს მისი მითითებები. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს არ დაურღვევია კეთილსინდისიერების მოვალეობა. შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულება და ჩამოიტანა ამანათი დანიშნულების ადგილას. არც გადაზიდვაში მონაწილე სხვა პირების მხრიდან დასტურდება არაკეთილსინდისიერი ქმედება, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ვიდეო კამერის ჩანაწერებით და ექსპერტის დასკვნით. ექსპედიტორმა ზუსტად შეასრულა შემკვეთის მითითება და მას ცალობრივ შემოწმებაზე დავალება არ მიუღია;
4.22. კასატორი მიიჩნევს, რომ სსკ-ის 731-ე მუხლის და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ექსპედიტორის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ტვირთის გაგზავნისა ან/და გადაზიდვაში მონაწილე პირების შერჩევაში არაკეთილსინდისიერ ქმედებას. ასევე, მოპასუხემ მიუთითა სსკ-ის 740-ე მუხლზე და გამორიცხა ექსპედიტორის ბრალი ამანათის შიგთავსთან დაკავშირებით. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, ვინაიდან ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე ზიანის არსებობის ფაქტის და მისი ოდენობის მტკიცების ტვირთი ეკისრება დაზარალებულს, ხოლო რადგან ექსპედიტორის პასუხისმგებლობა ბრალეულობის პრინციპს ეყრდნობა, ბრალის გამორიცხვის მტკიცების ტვირთი მოპასუხემ დაძლია;
4.23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასებისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითი განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხე კომპანიის საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, როგორც კანონიერი და დასაბუთებული მართლმსაჯულების აქტი.
5. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოპასუხის საკასაციო განაცხადის არსებითად განხილვის შედეგად, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული საკასაციო საჩივრის არგუმენტები.
6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
7. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება სსკ-ის 730.1-ე “ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა, გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია”, 731-ე “ექსპედიტორმა კეთილსინდისიერი ექსპედიტორის გულისხმიერებით უნდა გაგზავნოს ტვირთი, შეარჩიოს გადაზიდვაში მონაწილე პირები. ამასთან, მან უნდა დაიცვას გამგზავნის ინტერესები და შეასრულოს მისი მითითებები”, 739.1-ე “თუ სხვა შეთანხმება არ არსებობს, ექსპედიტორს უფლება აქვს საკუთარი ძალებით გადაზიდოს ტვირთი. ამ უფლების განხორციელება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს შემკვეთის უფლებებსა და ინტერესებს”, 394.1-ე “მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის”, 408.1-ე “იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება” და 409-ე “თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება” მუხლებს, რაც სავსებით მართებულად განსაზღვრა სააპელაციო სასამართლომ და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილების საფუძველზე დაადგინა საქმის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოებები.
8. მოპასუხე (კასატორი) საწარმო ამტკიცებს, რომ ექსპედიტორს, გადამზიდავისგან განსხვავებით, არ აქვს შეფუთული ამანათის გახსნისა და მასში მოთავსებული ნივთების/საქონლის ცალობრივი შემოწმების უფლებამოსილება, რადგან ამანათს ექსპედიტორი იღებს სპეციალურად შეფუთულ, დალუქულ მდგომარეობაში. გამონაკლისი შემთხვევა არის, როდესაც მომხმარებელი ელექტრონული ფორმით (გადაფუთვის სერვისის ჩართვა) ითხოვს ამანათის გადაფუთვას მისი ზომებში შემცირებისა და მოცულობითი წონის ღირებულების შემცირების მიზნით. განსახილველ შემთხვევაში კი, ამანათის შიგთავსთან ექსპედიტორს (კასატორ მხარეს) რაიმე სახის შემხებლობა არ ჰქონია, რაც დასტურდება ვიდეო-კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით. სსკ-ის 733-ე მუხლი „შემკვეთს მხოლოდ განსაკუთრებული გასამრჯელოს გადახდის პირობით აძლევს უფლებას მოითხოვოს ექსპედიტორისგან ტვირთის მიღებისას მისი ცალობრივი (მათ შორის რაოდენობის, წონის) შემოწმება“, შესაბამისად, არ უნდა იქნეს იზიარებული სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშის განვითარებული მსჯელობა და იურიდიული შედეგი. მოპასუხის განმარტებით, ექსპედიტორის პასუხისმგებლობა როგორც მხარეთა ხელშეკრულებით, ასევე, დასახელებული ნორმებით განისაზღვრება მხოლოდ ტვირთის, როგორც გადასაზიდი ობიექტის, დაკარგვის შემთხვევაში და არა საქართველოში ტრანსპორტირებული ამანათის შიგთავსში ნივთების არარსებობის შემთხვევაში, თუკი ამანათის გარეგანი შეფუთვა დაუზიანებელია და გაუხსნელია.
9. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1-2.4 და 3.2 ქვეპუნქტები) სავსებით საკმარისად მიიჩნევს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად და განმარტავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ხელშეკრულების დადების თავისუფლება; ბ) ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“ (შეად. გელაშვილი ი., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III მუხლი 319, ველი 8, თბილისი, 2019); ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებული ხელშეკრულების სახეები არ არის ამომწურავი. ხელშეკრულების მხარეებს, როგორც წესი უფლება აქვთ, დამოუკიდებლად აირჩიონ ხელშეკრულების ტიპიც და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი (იხ. ჯორბენაძე ს., ხელშეკრულების თავისუფლება სამოქალაქო სამართალში, თბილისი, 2017, გვ. 103). საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმების შედეგია. შეთანხმება გულისხმობს მხარეთა თანმხვედრი ნების გამოვლენას, რომელიც მიმართულია ერთი და იმავე სამართლებრივი მიზნის მიღწევისაკენ. სახელშეკრულებო სამართალში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულების დადების მომენტის განსაზღვრას, რადგან სწორედ ამ მომენტიდან წარმოეშვებათ მხარეებს სახელშეკრულებო უფლებები და იბოჭებიან ნაკისრი ვალდებულებებით (შეად. ბაღიშვილი ე., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III მუხლი 327, ველი 3, თბილისი, 2019; სუსგ N ას-680-2021, 26.01.2022წ.).
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება იმყოფება სხვადასხვა ვალდებულებითი ურთიერთობის გადაკვეთაზე. განცალკევებულად, ექსპედიტორის ცალკეული ფუნქცია მოქცეულია სხვადასხვა კერძო სახელშეკრულებო ურთიერთობაში. ტვირთის ჩატვირთვა/გადმოტვირთვა წარმოადგენს ნარდობას, ტვირთის მიწოდება – გადაზიდვის ხელშეკრულებას, ტვირის შენახვა- მიბარების ხელშეკრულებას, ტვირთის მიღება/ჩაბარება – დავალების ან კომისის ხელშეკრულებას. წარმოდგენილი მსგავსებების მიუხედავად, სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება არ იგივდება თითოეულ განხილულ სამართალ ურთიერთობასთან და გააჩნია დამოუკიდებელი ხასიათი... FIATA-ს წესების 2.1. მუხლის თანახმად, საექსპედიციო მომსახურება ნიშნავს მომსახურების ნებისმიერ სახეს, რომელიც დაკავშირებულია: საქონლის გადაზიდვასთან (ერთი ან რამდენიმე სახეობის ტრანსპორტით), კონსოლიდაციასთან, შენახვასთან, დასაწყობებასთან, დამუშავებასა და დანიშნულებისამებრ მიწოდებასთან, ასევე დამხმარე და საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, რომელიც დაკავშირებულია ყველა ზემოთ აღწერილ სამუშაოებთან. საქონელთან და მის გადაზიდვასთან დაკავშირებული, საბაჟო და საგადასახადო საკითხების გადაწყვეტის, დეკლარირების, დაზღვევის, გადახდების განხორციელების, დოკუმენტების გაფორმების მომზადების მომსახურების ჩათვლით (კოპალეიშვილი პ., სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების ძირითადი კონსტრუქციები - სამართლის ჟურნალი N2, 2018 წ.; გვ. 204.; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
11. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ, სსკ-ის 668-ე მუხლზე დაყრდნობით, განმარტა, რომ კომპანიამ ხელშეკრულებით იკისრა არა ტვირთის გადაზიდვის, არამედ გადაზიდვის ორგანიზაციის ვალდებულება, რომელიც მოიცავდა როგორც გადაზიდვის ორგანიზებას, ასევე საბუთების გაფორმებას. ამრიგად, ეს ურთიერთობა თავისი შინაარსით, უფრო ახლოს დგას სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულებასთან, თუმცა ექსპედიციის ხელშეკრულებისაგან ამ სამართალურთიერთობას განასხვავებს ის გარემოება, რომ ხელშეკრულების თანახმად ზემოხსენებული საწარმო მესამე პირებთან ურთიერთობაში უნდა გამოსულიყო არა საკუთარი, არამედ დამკვეთის, სახელით. აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ რეალურად მხარეთა შორის დადებული იყო არა გადაზიდვისა ან სატრანსპორტო ექსპედიციის, არამედ დავალების ხელშეკრულება (იხ. სუსგ N ას-418-391-2010, 5.07 .2010წ.). მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მხარეთა შორის დადებული ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორმა საკუთარი სახელითა და კლიენტის ხარჯით იკისრა ვალდებულება, ტვირთის დანიშნულებისამებრ მიწოდებაზე და მასვე ეკისრებოდა, როგორც სატრანსპორტო ექსპედიტორის, ასევე ტვირთის გადამზიდავის ვალდებულებებიც. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, დაკარგა გადასაზიდად მიწოდებული ტვირთი და არ მიაწოდა მოსარჩელეს დანიშნულების ადგილზე. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც ექსპედიტორი გადაზიდვას ანდობს გადამზიდველს, ის გადაზიდვის ორგანიზებასთან ერთად, იღებს ტვირთის გადაზიდვის პასუხისმგებლობასაც. ამდენად, მოპასუხეს/კასატორს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე, რადგან ექსპედიტორმა ექსპედიციის ხელშეკრულებით იტვირთა არა მხოლოდ გადაზიდვის ორგანიზება, არამედ გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობაც. „სატრანსპორტო ექსპედიცია, პრაქტიკულად, მოიცავს საქონლის ტრანსპორტირების სრულ ლოგისტიკას ტვირთის გამგზავნიდან ტვირთის მიმღებამდე“ (იხ. კოპალეიშვილი პ., სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების ძირითადი კონსტრუქციები - სამართლის ჟურნალი N2, 2018 წ.; გვ. 205.; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
12. საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას, რომ ექსპედიტორის მიერ საკუთარ მოვალეობათა შესრულებისას “კეთილსინდისიერების პრინციპების” დაცვის მტკიცების ვალდებულება ცალსახად ექსპედიტორის მხარესაა, რაც იურიდიულ დოქტრინასა და საკასაციო სასამართლოს პრაქტიკასთან სრულად შესატყვისია (შეად. სუსგ-ებს: N ას-745-2023, 6.06.2024წ.; N ას-11-2023, 7.04.2023წ.; N ას-1677-2018, 5.07.2022წ.; N ას-1087-2021, 21.02.2021წ.; N ას-227-212-2014, 1.12.2014წ.). სსკ-ის 731-ე მუხლის საფუძველზე, ექსპედიტორმა კეთილსინდისიერი ექსპედიტორის გულისხმიერებით უნდა გაგზავნოს ტვირთი, შეარჩიოს გადაზიდვაში მონაწილე პირები. ამასთან, მან უნდა დაიცვას გამგზავნის ინტერესები და შეასრულოს მისი მითითებები, 740-ე მუხლით ექსპედიტორი ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობებისათვის, ჩვეულებრივ, მაშინ აგებს პასუხს, თუ მას ან მის დამხმარეს მიუძღვის რაიმე ბრალი, ხოლო 396-ე მუხლით მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს. საქმეზე დადგენილი გარემოებების მიხედვით მოპასუხე/კასატორი, რომელიც ექსპედიტორია, როგორც ორგანიზატორი, პასუხისმგებელია მის მიერ შერჩეული დამხმარე სატრანსპორტო ორგანიზაციების/ფიზიკური პირების, მესამე პირების ბრალეულ ქმედებებზე. ამდენად, ექსპედიციის ხელშეკრულებით, მომსახურების მიმწოდებელი - ექსპედიტორი მოქმედებს საკუთარი სახელითა და შემკვეთის ხარჯით, რაც იმას ნიშნავს, რომ ქონებრივ-სამართლებრივი შედეგები მის მიერ განხორციელებული მოქმედებებისათვის ექსპედიტორს პირდაპირ არ ეხება, არამედ ეს შედეგები უშუალოდ შემკვეთის უფლებებსა და ინტერესებზე აისახება. აქედან გამომდინარე, ექსპედიტორს ბრალად შეერაცხება არა მხოლოდ უშუალოდ თავისი, არამედ იმ პირის განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედება, რომელიც ექსპედიტორს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში ეხმარება.
13. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ FIATA-ს („ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ“) მოდელურ წესებზე მითითებას, რომლის მე-7 მუხლით განსაზღვრულია ექსპედიტორის, როგორც გადამზიდველის, პასუხისმგებლობა, კერძოდ: ექსპედიტორი ექვემდებარება პასუხისმგებლობას, როგორც პრინციპალი, არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ფაქტობრივად ახორციელებს გადაზიდვას საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით (შემსრულებელი გადამზიდავი), არამედ იმ შემთხვევაშიც, თუ საკუთარი სატრანსპორტო დოკუმენტის გაცემით ან სხვაგვარად, მან აიღო მკაფიო ან ნაგულისხმევი ვალდებულება აიღოს გადამზიდველის პასუხისმგებლობა (კონტრაქტორი გადამზიდავი). თუმცა, ექსპედიტორი არ ჩაითვლება პასუხისმგებლად, როგორც გადამზიდველი, თუ მომხმარებელმა მიიღო სატრანსპორტო დოკუმენტი, რომელიც გაცემულია სხვა პირის მიერ, გარდა ექსპედიტორისა და გონივრულ ვადაში არ ამტკიცებს, რომ ექსპედიტორი მაინც პასუხისმგებელია როგორც გადამზიდავი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ექსპედიტორი/გადამზიდავი პასუხს აგებს, როგორც საკუთარი მოქმედებისა და დაუდევრობისათვის, ასევე თავისი აგენტების, თანამშრომლების ან სხვა პირთა მოქმედების და დაუდევრობისათვის, ვისი მომსახურებითაც სარგებლობს გადამზიდავი გადაზიდვის განხორციელებისას, როდესაც ეს აგენტები, თანამშრომლები ან სხვა პირები მოქმედებენ მათთვის დაკისრებული მოვალეობების ფარგლებში. ამდენად, დამხმარეში, აგენტებში, თანამშრომლებში (მესამე პირში) მოიაზრება გადამზიდველი (გადამზიდველები), რომელიც ექსპედიტორმა დაიქირავა შემკვეთის ვალდებულების შესასრულებლად და მისი ინტერესებიდან გამომდინარე. „ყველა მომსახურება, რომელსაც უწევს ექსპედიტორი კლიენტს, ასრულებს ერთ მიზანს –ტვირთის გადაზიდვას ან გადაზიდვის ორგანიზებას. ტრანსპორტირებასთან კავშირის გარეშე სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება არ არსებობს. ამდენად, სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების „დამახასიათებელი სახელშეკრულებო ვალდებულებაა“ ტვირთის გადაზიდვა ან გადაზიდვის ორგანიზება, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს ექსპედიტორის მხრიდან ვალდებულებათა ჯეროვნად შესრულების ზოგად სტანდარტსაც” (იხ. კოპალეიშვილი პ., სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების ძირითადი კონსტრუქციები - სამართლის ჟურნალი N2, 2018 წ.; გვ. 206.; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეზე ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ - საჩივარი N21447/11 და N35839/11 2020 წლის 27 თებერვალი - განმარტავს: „კონვენციის მე-6 მუხლის 1-რლი პუნქტი ეროვნულ სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [დიდი პალატა], no. 926/05, § 91, ECHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, § 27, 13 ივლისი 2017). ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით (იხ. Ruiz Torija v. Spain, 9 დეკემბერი 1994, § 29, Series A no. 303-A; García Ruiz v. Spain [დიდი პალატა], no. 30544/96, § 26, ECHR 1999-I; და Moreira Ferreira v. Portugal (no.2) [დიდი პალატა] (no. 19867/12, § 84, 11 ივლისი 2017). ზემოაღნიშნული ვალებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, 11 ოქტომბერი 2011), არამედ ის გულისხმობს, რომ სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ. Moreira Ferreira, § 84; Tchankotadze v. Georgia, no. 15256/05, § 103, 21 ივნისი 2016; და Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, 21 ივლისი 2015). გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. Boldea v. Romania, no. 19997/02, § 30, 15 თებერვალი 2007, და Uche v. Switzerland, no. 12211/09, § 37, 17 აპრილი 2018; ასევე ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03).
15. მიუხედავად მოპასუხის ვრცელი საკასაციო შედავებისა, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის ეტაპზე არ გამოიკვეთა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მატერიალური და/ან საპროცესო ნორმების დარღვევა, რამაც გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგზე იქონია გავლენა, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც კანონიერი და დასაბუთებული, უცვლელად უნდა დარჩეს.
16. კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 410-ე, 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "თ.ა.ჯ–ის" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე