22 მაისი, 2025 წელი,
საქმე №ას-214-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ხ.პ–ნი, უ.პ–ნი, მ.პ–ნი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ე.გ–ნი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - აუცილებელი გზისათვის თმენის ვალდებულება და კედელ-ღობის დემონტაჟი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ხ.პ–ნი (შემდეგში - პირველი მოსარჩელე), უ.პ–ნი (შემდეგში - მეორე მოსარჩელე) და მ.პ–ნი (შემდეგში - მესამე მოსარჩელე), როგორც თანამესაკუთრეები, საკუთრებაში ფლობენ ნინოწმინდაში, ...... მდებარე მიწის ნაკვეთს.
2. ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილი ისეა განლაგებული, რომ მოსარჩელეებს მასთან მისასვლელი გზა არ აქვთ, რადგან მიწის ნაკვეთის ეს ნაწილი სრულად არის იზოლირებული, როგორც დანარჩენი მიწის ნაკვეთისგან, ისე ცენტრალურ გზასთან მომიჯნავე მიწის ნაკვეთიდან, რომელიც ნინოწმინდაში, ...... მდებარეობს და მოპასუხის საკუთრებადაა დარეგისტრირებული.
3. სსიპ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 3 აგვისტოს დასკვნის თანახმად, ექსპერტიზის წინაშე დასმული შეკითხვები შემდეგნაირად განისაზღვრა:
- როგორ არის შესაძლებელი მოეწყოს აუცილებელი მისასვლელი სამანქანო გზა ე.გ–ნის (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გავლით, რათა მოსარჩელეებმა შეძლონ მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში მისვლა, სარგებლობა და გამოყენება, რომელიც სრულად არის იზოლირებული მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისგან, დანარჩენი მიწის ნაკვეთის ნაწილისგან და ცენტრალური გზისგან.
ხსენებული დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჩრდილოდასავლეთის ნაწილში არსებულ ტერიტორიაზე ავტომობილით მოხვედრა საჯარო გზიდან შეუძლებელია გზის სიმცირის მოტივით. ექსპერტიზის დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად მათ მიერ მომზადდა გზის მოწყობის ერთი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც სამანქანო გზის ნაწილი გაივლის მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე.
4. სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 6 ივლისის დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზის წინაშე დასმული შეკითხვები შემდეგნაირად განისაზღვრა:
შესაძლებელია თუ არა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე დამხმარე ნაგებობის (პირუტყის შესანახის) აღების გადაწევის შემთხვევაში, მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთ ნაწილში მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობა.
ექსპერტიზის დასკვნით, ქ.ნინოწმინდაში, ....... მდებარე მოსარჩელეთა საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე დამხმარე ნაგებობის (პირუტყვის შესანახის) აღების ან დასავლეთის მხარეს გადაწევის შემთხვევაში, შესაძლებელია, მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთ ნაწილში საავტომობილი გზის მოწყობა ისე, რომ არ მოხდეს ქ.ნინოწმინდაში, ....... მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გადაკვეთა.
5. მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელეებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, რომლითაც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნითა და №1დანართით განსაზღვრული ტრაექტორიით მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთ ნაწილის საჯარო გზასთან დამაკავშირებელი აუცილებელი სამანქანო გზის მოწყობის დადგენა და მოპასუხის მიერ აშენებული კედელ-ღობის დემონტაჟი მოითხოვეს.
6. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
8.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და, დამატებით, სპეციალისტ ა.ვ–ის ახსნა-განმარტებაზე მიუთითა, საიდანაც ირკვევა, რომ:
ქ.ნინოწმინდაში, ........, მოპასუხის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კომფიგურაცია არ შეესაბამება 2008 წლის 18 დეკემბერს მომზადებელი ქ.ნინოწმინდის ნორაშენის დასახლების გენერალურ გეგმაზე ასახული მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას, ასევე, შეუსაბამოა საინვენტარიზაციო გეგმაზე ასახული მიწის ნაკვეთის კონფიგურაციასთან.
ქ.ნინოწმინდაში, ......., მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია არ შეესაბამება ქ.ნინოწმინდის ნორაშენის დასახლების გენერალურ გეგმაზე ასახული მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას, ასევე, არ შეესაბამება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს.
....... ს/კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე N1 შენობა-ნაგებობის აშენებით გაუქმდა აღნიშნული ნაკვეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში არსებულ ტერიტორიაზე საჯარო გზიდან (კიროვის ქუჩიდან) ავტომანქანით მისასვლელი გზა.
....... ს/ კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არსებულ ტერიტორიაზე მისასვლელი ალტერნატიული გზის არსებობა არ დგინდება არც ქ.ნინოწმინდის ნორაშენის დასახლების გენერალური გეგმის მიხედვთ და არც ფაქტობრივად.
სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით სპეციალისტმა ა.ვ–მა დაადასტურა, რომ, როგორც ადგილზე დათვალიერების შედეგად მოსარჩელეებისა და მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების შედარებით დადგინდა, გენერალური გეგმით სამოსახლოდ გამოყოფილი მონაცემები ორივე ნაკვეთის შემთხვევაში არ იყო თანხვედრაში.
ამასთან, მისი განმარტებით, ....... ს/კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე №1 შენობა-ნაგებობის (პირუტყვის სამყოფელი) აშენებით გაუქმდა აღნიშნული ნაკვეთის ჩრდილოდასავლეთ ნაწილში არსებულ ტერიტორიაზე საჯარო გზიდან (...... ქუჩიდან) ავტომობილით მისასვლელი გზა. (იხ. 13.05.2024 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 14:38:02 წუთიდან).
8.2. საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის ადგილზე დათვალიერების ოქმის, მოწმეთა ჩვენებისა და ექსპერტიზის დასკვნების ურთიერთშეჯერებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობები, კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა მომზადდა მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად და ექსპერტიზის მიმართ დასმული შეკითხვა მიმართული იყო მხოლოდ მოპასუხის მიწის ნაკვეთის გავლით აუცილებელი გზის მოწყობის შესაძლებლობის დადგენაზე.
აღნიშნული დასკვნის საპირისპიროდ მოპასუხემ სასამართლოში წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, საიდანაც დგინდებოდა, რომ ქ.ნინოწმინდაში, ....... მდებარე მოსარჩელეთა საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე დამხმარე ნაგებობის (პირუტყვის შესანახის) აღების ან დასავლეთის მხარეს გადაწევის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო, მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთ ნაწილში საავტომობილი გზის მოწყობა ისე, რომ მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გადაკვეთა არ მომხდარიყო.
სპეციალისტის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით დგინდებოდა, რომ გენერალური გეგმით სამოსახლოდ გამოყოფილი მონაცემები ორივე ნაკვეთის შემთხვევაში არ იყო თანხვედრაში. ამასთან, ს/კოდით ....... რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე N1 შენობა-ნაგებობის (პირუტყვის სამყოფელი) აშენებით გაუქმდა აღნიშნული ნაკვეთის ჩრდილოდასავლეთ ნაწილში არსებულ ტერიტორიაზე საჯარო გზიდან (კიროვის ქუჩიდან) ავტომობილით მისასვლელი გზა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავდა დადასტურებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა აუცილებელი გზის უფლების დადგენის მიზნით ერთადერთ და პროპორციულ საშუალებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დგინდებოდა, რომ მშენებლობის შედეგად (შენობა-ნაგებობა N1 (პირუტყვის შესანახი) მოსარჩელეებმა თავად გააუქმეს მათ უძრავ ქონებაზე ალტერნატიული მისასვლელი გზა, რაც მოპასუხის საკუთრებაზე აუცილებელი გზის უფლების დადგენის შესაძლებლობას გამორიცხავდა.
8.3. რაც შეეხებოდა მოპასუხის მიერ აშენებულ კედელ-ღობის დემონტაჟის ნაწილში მოსარჩელეთა მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულიც უსაფუძვლო იყო, რადგან აუცილებელი გზის მოწყობის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც გამორიცხავდა.
9. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელეებმა საკასაციო საჩივარი შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინეს:
9.1. მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გაზიარებისას, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ექსპერტს შეკითხვა შემდეგი სახით დაესვა: ექნებოდათ თუ არა მოსარჩელეებს მათ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი აუცილებელი გზის მოწყობის შესაძლებლობა იმ პირობებში, თუკი ისინი თავიანთ საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობას დაანგრევდნენ. მსგავსი კატეგორიის დავებში შეკითხვის ამგვარად დასმა არასწორია, მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც მითითებული შენობა-ნაგებობა უფრო ადრეა აშენებული, ვიდრე აუცილებელი გზის მოწყობის საჭიროება დადგა.
9.2. რაც შეეხება მოპასუხის მიერ აშენებულ კედელ-ღობეს, რომლის დემონტაჟი კასატორთა ერთ-ერთი მოთხოვნაა, აღნიშნული ნაგებობის აშენებით მათ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა კასატორებს მოწინააღმდეგე მხარემ საერთოდ ჩაუკეტა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
11. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.
13. აუცილებელი გზის დადგენის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 180.1 მუხლი, რომლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.
14. დადგენილია, რომ, მოსარჩელეები, როგორც თანამესაკუთრეები, საკუთრებაში ფლობენ ნინოწმინდაში, .......... მდებარე მიწის ნაკვეთს. აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილი ისეა განლაგებული, რომ მოსარჩელეებს მასთან მისასვლელი გზა არ გააჩნია, რადგან მიწის ნაკვეთის ეს ნაწილი სრულად არის იზოლირებული, როგორც დანარჩენი მიწის ნაკვეთისგან, ისე ცენტრალურ გზასთან მომიჯნავე მიწის ნაკვეთიდან, რომელიც ნინოწმინდაში, ....... მდებარეობს და მოპასუხის საკუთრებადაა დარეგისტრირებული.
15. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა მოცემული საქმის გადაწყვეტისთვის უმთავრესი გარემოება: მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა აუცილებელი გზის უფლების დადგენის მიზნით ერთადერთ და პროპორციულ საშუალებას.
ზემოაღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, მათ შორის ადგილზე დათვალიერების ოქმიდან, მოწმეთა ჩვენებებიდან და ექსპერტიზის დასკვნების ერთობლივი გაანალიზების შედეგად.
მითითებული საკითხის შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება სწორად გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ამ უკანასკნელის მოთხოვნის შესაბამისად მომზადდა და ექსპერტიზის მიმართ დასმული შეკითხვა მხოლოდ მოპასუხის მიწის ნაკვეთის გავლით აუცილებელი გზის მოწყობის შესაძლებლობის განსაზღვრისკენ იყო მიმართული.
ამავე დასკვნის მიხედვით, მშენებლობის შედეგად (შენობა-ნაგებობა N1 (პირუტყვის შესანახი) მოსარჩელეებმა თავად გააუქმეს მათი უძრავი ქონების ნაწილზე ალტერნატიული მისასვლელი გზა. ამავდროულად, მოპასუხის მიერ სასამართლოში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ქ.ნინოწმინდაში, ......... მდებარე მოსარჩელეთა საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე დამხმარე ნაგებობის (პირუტყვის შესანახის) აღების ან დასავლეთის მხარეს გადაწევის შემთხვევაში, შესაძლებელია, მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთ ნაწილში საავტომობილი გზის მოწყობა ისე, რომ მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გადაკვეთა არ გახდება საჭირო.
16. იმის გამო, რომ აუცილებელი გზის დადგენის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას მართებულად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე ნაგებობის დემონტაჟის თაობაზე აღძრულ მოთხოვნასაც არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, რაც მისი უარყოფის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
17. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხ.პ–ნის, უ.პ–ნისა და მ.პ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ხ.პ–ნს (პ/ნ .........), უ.პ–ნსა (პ/ნ ........) და მ.პ–ნს (პ/ნ .........) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გ.ო–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება №3025, გადახდის თარიღი - 14.02.2025) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა