საქმე №ას-246-2025 30 მაისი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გ.ხ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - კ.ბ–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
კერძო საჩივრის დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით გ.ხ–ძის (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტიბ ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ კ.ბ–იამ (შემდეგში - მოპასუხე) სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, სააპელაციო საჩივარზე ამ უკანასკნელის მიერ ხარვეზის შეუვსებლობიდან გამომდინარე.
5. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ კერძო საჩივარი შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინა:
5.1. 2023 წლის სექტემბრიდან მოპასუხე №8 პენიტენციურ დაწესებულებაში იყო მოთავსებული, რადგან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, ხოლო ამჟამად ის სასჯელს იხდის №16 პენიტენციურ დაწესებულებაში.
5.2. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინების თაობაზე კერძო საჩივრის ავტორისთვის ცნობილი არ ყოფილა. ხსენებული განჩინება, რომლითაც მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაევალა, ქ.თბილისში, ........ გაიგზავნა, რაც ზემომითითებული მიზეზის გამო ადრესატს ვერანაირად ვერ ჩაბარდებოდა. ამასთან, თავის მარწმუნებელთან მოპასუხეს აღარ აქვს არანაირი კავშირი, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების შესახებ წარმომადგენელს მისთვის არ უცნობებია.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 2 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 414-416-ე მუხლების საფუძველზე კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
7. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის შედეგად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
8. საქმის მასალებით შემდეგი გარემოებებია დადგენილი:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებით აპელანტს დაევალა, რომ ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სასამართლოში წარედგინა სსსკ-ის 177-ე და 368-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით (თავად აპელანტის ან/და უფლებამოსილი ადვოკატის/წარმომადგენლის ხელმოწერით დადასტურებული) სააპელაციო საჩივარი, 80 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლების დამადასტურებელი მტკიცებულება.
- მის მიერ სააპელაციო საჩივარსა და შესაგებელში მითითებულ მისამართზე (ქ.თბილისი, .....) ზემომითითებული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს ორჯერ გაეგზავნა, თუმცა ადრესატისთვის გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება ვერ მოხერხდა. უკუგზავნილებში მითითებულია შემდეგი ინფორმაცია: „არ იყვნენ დავტოვე შეტყობინება, ტელეფონი არასწორია“ და „მისამართზე არავინ იყო, არ პასუხობს“.
9. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სსსკ-ის 76-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. ამ მუხლის შინაარსით მკაფიოდაა დადგენილი, რომ მხარეს, რომელიც საქმის წარმოების განმავლობაში შეიცვლის მისამართს, სასამართლოსთვის ახალი ადგილსამყოფელის მითითების ვალდებულება აკისრია.
შესაბამისად, ვინაიდან საკუთარი ადგილსამყოფელის ცვლილების შესახებ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო სასამართლოსთვის არ უცნობებია, ხარვეზის განჩინება კანონშესაბამისად ჩაითვალა აპელანტისთვის ჩაბარებულად.
12. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, სსსკ-ის 59.1 (საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში), 60.2 (წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი), 61.2 (თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე), 61.3 (საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება), 63-ე (საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ), 368.5 (თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება) მუხლებიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.
13. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ გამოდგება კერძო საჩივრის ავტორის მიერ იმ არგუმენტზე მითითება, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინება სასამართლოს მიერ გაგზავნილ მისამართზე მას ვერ ჩაბარდებოდა, რადგან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გამო 2023 წლის სექტემბრიდან პენიტენციურ დაწესებულებაში იყო მოთავსებული. ეს გარემოება განსახილველ შემთხვევას სსსკ-ის 76-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგების ფარგლებს გარეთ ვერ მოაქცევს და მხოლოდ იმ გარემოებას გვაუწყებს, რომ სასამართლოში საქმის წარმოების განმავლობაში აპელანტის ადგილსამყოფელი რეალურად შეიცვალა, რაც ამ უკანასკნელს სასამართლოს ინფორმირების (მისამართის ცვლილების შესახებ) ვალდებულებას წარმოუშობდა, თუმცა ასეთ ქმედებას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ხ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა