30 მაისი, 2025 წელი,
საქმე №ას-287-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს „ნ.ვ.დ–ვა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.ფ–ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის 31 დეკემბერს, შპს „ს.ფ–ასა“ (შემდეგში - მოსარჩელე, დამზღვევი ან საწარმო) და სს „ნ.ვ.დ–ვას“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, მზღვეველი, სადაზღვევო კომპანია) შორის ხელშეკრულება (შემდეგში - დაზღვევის ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო, რომლითაც მოსარჩელის ბალანსზე არსებული სარანსპორტო საშუალებები, მათ შორის, ....... სახელმწიფო ნომრის მქონე სატრანსპორტო საშუალება (შემდეგში - დაზღვეული ავტომობილი) იქნა დაზღვეული.
2. მომსახურების გაწევის ვადა 2022 წლის 31 დეკემბრამდე განისაზღვრა, ხოლო ხელშეკრულების საერთო ღირებულება 332 076.51 ლარს შეადგენდა.
3. შსს საპატრულო პოლიციის 2022 წლის 25 მაისის პატაკის მიხედვით, 2022 წლის 25 მაისს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე მოხდა შეჯახება. კერძოდ, დაზღვეული ავტომობილი თბილისიდან ბაკურციხის მიმართულებით მოძრაობდა, რომელსაც ზ.პ–ი (შემდეგში - მოსარგებლე ან მძღოლი) მართავდა. ავტომობილი სველ გზაზე მოცურდა, სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს გადავიდა და ლითონის დამცავ ჯებირს შეეჯახა. ავტომობილს მძღოლი ფხიზელი მართავდა, ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობა მას არ აღენიშნებოდა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-10 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით მოსარგებლე 250 ლარით დაჯარიმდა.
4. 2022 წლის 9 სექტემბრის წერილით, სადაზღვევო კომპანიამ დამზღვევს აცნობა, რომ, მოცემული საგზაო პირობების გათვალისწინებით მოსახვევის უსაფრთხოდ გავლისთვის საჭირო სიჩქარე მძღოლმა ვერ შეარჩია და სველ გზაზე საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც გზიდან გადავიდა და ლითონის დამცავ ჯებირს შეეჯახა. მოცემულ ვითარებაში, ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე ავტომობილის მძღოლის მოქმედება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, რომელთა დაცვის პირობებში კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. მოსარგებლემ ვერ დაასაბუთა მითითებული ქმედების უკიდურესი აუცილებლობა, კერძოდ, თუ რა სამართლებრივი სიკეთის გადარჩენას ემსახურებოდა რისკის აღება და რამდენად წარმოადგენდა მითითებული ქმედება მიზნის მიღწევის აუცილებელ და თანაზომიერ საშუალებას, რომ საავარიო შემთხვევაში მის მიერ მიღებული იყო ისეთი ზომა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან არიდებას ან/და რაიმე სიკეთის გადარჩენის საშუალებას უზრუნველყოფდა. მძღოლის ქმედება მზღვეველმა უხეშ გაუფრთხილებლობად შეაფასა და დაზღვევის პირობებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული შედეგის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.
5. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 27 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი დაზღვეული ავტომობილი იყო ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაში. შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით ავტომობილის აღდგენა, ძარის წინა და უკანა ნაწილზე არსებული დაზიანებების გათვალისწინებით, ტექნიკური თვალსაზრისით არ იქნებოდა მიზანშეწონილი.
6. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 2 სექტემბრის დასკვნის თანახმად, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევამდე არსებული მარჯვენა მოსახვევის უსაფრთხოდ გავლა ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელი იყო არაუმეტეს 92კმ/სთ სიჩქარით. მძღოლის მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
7. 43 626.88 ლარისა და 2022 წლის 9 სექტემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 8.72 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნით მზღვეველის წინააღმდეგ დამზღვევმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ამ ფაქტების ერთობლიობა ქმნიდა მძღოლის მოქმედების მარტივ და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების წინაპირობას.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის განზრახვას არ წარმოადგენდა საგზაო წესების დაუმორჩილებლობა. შესაძლოა, მძღოლს მცდარი წარმოდგენა შეექმნა იმის შესახებ, რომ საპირისპირო მხრიდან მოძრავი ავტომობილი, რომელიც მისი სავალი ნაწილის ზოლთან ახლოს იმყოფებოდა, მის ავტომობილს შეეჯახებოდა, თუმცა ამგვარი წარმოდგენა არ იყო საფუძველს მოკლებული, ვინაიდან, უფლებამოსილი მძღოლი გამთენიისას, დილის საათებში, წვიმიან ამინდში, სველ გზაზე მოძრაობდა და, მისი გადმოცემით, შემხვედრი ავტომობილი უკიდურესად მიუახლოვდა გზის გამყოფ ზოლს, რამაც მოსარჩელის ავტომობილთან შეჯახების საფრთხე შექმნა.
ამდენად, მძღოლის ქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად ვერ განიხილებოდა, რადგან, დადგენილი სასამართლო პრაქტიკით, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც მოძრაობს გადაჭარბებული სიჩქარით, არაფხიზელ მდგომარეობაში მართავს ავტომობილს, უმიზეზოდ გადადის მოძრაობის საპირისპირო ზოლში და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში, არც ზემოხსენებული და არც მასთან გათანაბრებული რომელიმე ქმედება უფლებამოსილ მძღოლს არ ჩაუდენია. შესაბამისად, მისი ქმედება მარტივ გაუფრთხილებლობად უნდა მიჩნეულიყო, რაც ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან მზღვეველს არ ათავისუფლებდა.
11. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მზღვეველმა საკასაციო საჩივარი შემდეგი დასაბუთებით შემოიტანა:
11.1. საქმის ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ მძღოლმა ვერ დაასაბუთა მის მიერ ჩადენილი ქმედების უკიდურესი აუცილებლობა, კერძოდ, თუ რა სამართლებრივი სიკეთის გადარჩენას ემსახურებოდა მითითებული რისკის აღება და შერჩეული ქმედება რამდენად წარმოადგენდა მიზნის მიღწევის აუცილებელ და თანაზომიერ საშუალებას. ფაქტია, რომ მძღოლის მიერ შერჩეული სიჩქარე იმის საშუალებას არ იძლეოდა, რომ საავარიო შემთხვევაში მას ისეთი ზომა მიეღო, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან არიდებას ან/და რაიმე სიკეთის გადარჩენის საშუალებას უზრუნველყოფდა.
11.2. თუკი გავითვალისწინებთ კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის განვითარების მექანიზმს, სახელდობრ, იმ გარემოებას, რომ საგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლმა, მოცემული საგზაო პირობების გათვალისწინებით ვერ შეარჩია მოსახვევის უსაფრთხოდ გავლისთვის საჭირო სიჩქარე და სველ გზაზე საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც გზიდან გადავიდა და ლითონის დამცავ ჯებირს შეეჯახა, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ მისი მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.1 და 33.2 მუხლის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
11.3. მიუხედავად იმისა, რომ მძღოლს ჰქონდა ცოდნა მისი მდგომარეობის შესახებ, გააზრებული ჰქონდა, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა მსგავს შემთხვევას, აღნიშნულის აღმოსაფხვრელად არაფერი მოიმოქმედა. ზემოთქმული გვაფიქრებს მის მეტისმეტ დაუდევრობაზე. მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მოძრაობისას მხედველობის არე მოსარგებლემ თვითნებურად შეზღუდა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნები დაარღვია. ავტოსაგზაო შემთხვევა სწორედ დასახელებული ფაქტების კუმულაციურად წარმოდგენამ გამოიწვია.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
13. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს.
იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში (შდრ: ი. გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრატიკა, 2017, გვ.119).
დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო;
მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85.).
სსკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). მოცემული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე.
აქედან გამომდინარე, მხარეთა მიერ დაზღვევის ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირობების დაცვა უმნიშვნელოვანესია ვინაიდან გამოირიცხოს მზღვეველის მიმართ სათანადო საფუძვლის გარეშე თანხის დაკისრება, შესაბამისად მაქსიმალურად შეიზღუდოს დამზღვევის არაკეთილსინდისიერი მოქმედების წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის რეალურ დანიშნულებასა და მიზანს.
16. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველი საქმის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოცემული დავის ძირითადი კვლევის საგანი, კერძოდ, არსებობს თუ არა სსკ-ის 829-ე მუხლით (მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან მზღვევლის განთავისუფლების საფუძველი.
ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ შეკითხვას სწორად გასცა პასუხი, რისი დამადასტურებელი არგუმენტებიც გასაჩივრებულ განჩინებაში საკმარისად წარმოადგინა და მათი მოტივაცია საკასაციო პრეტენზიით უარყოფილი ვერ იქნა.
17. პირველ რიგში, პალატა ყურადღებას მიაქცევს დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის ფარგლებში მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე, სახელდობრ: მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (შდრ. იხ. სუსგ. №ას-1479-2019, 21.01.2020). შესაბამისად, სწორედ მზღვეველია ვალდებული ამტკიცოს, რომ სადაზღვევო შემთხვევა განვითარდა დამზღვევის უხეში გაუფრთხილებლობის შედეგად.
18. სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (შდრ., იხ. სუსგ-ები: №ას-745-713-2014; №ას-654-2019, 26.06.2020).
19. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო ინტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შესაბამისადაც:
შსს პატრულ-ინსპექტორის პატაკით და თავად უფლებამოსილი მძღოლის ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ ეს უკანასკნელი ავტომობილს მართვდა ფხიზელ მდგომარეობაში (არ აღენიშნებოდა ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობა), დასაშვები სიჩქარით - 70-80 კმ/სთ, ავტომობილი მოცურდა სველ გზაზე, გადავიდა სავალი ნაწილის მაჯვენა მხარეს და შეეჯახა ლითონის დამცავ ჯებირს (იხ. ტომი I, ს.ფ. 84-85). ამავე მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2022 წლის 25 მაისს, დილის საათებში (გამთენიისას 07:10 სთ-ზე), წვიმიან ამინდში, სველ გზაზე, ცუდი ხილვადობის პირობებში.
ამ გარემეობებისგან განსხვავებული ფაქტები არ დადგენილა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 2 სექტემბრის დასკვნითაც, მათ შორის, ექსპერტიზას არც ის დაუდასტურებია, რომ მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა (ექსპერტმა საერთოდ ვერ დაადგინა, თუ რა სიჩქარით მოძრაობდა ავტომანქანა).
აქედან გამომდინარე, მტკიცებულებების ერთობლიობით სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მძღოლის ქმედებაში არ იკვეთებოდა უხეშ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაციისთვის აუცილებელი ელემენტები და სასარჩელო მოთხოვნაც კანონშესაბამისად დაკმაყოფილდა.
20. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
21. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ნ.ვ.დ–ვის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ნ.ვ.დ–ვას“ (ს/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 317.84 ლარის (საგადასახადო დავალება # 1743759350, გადახდის თარიღი - 4.04.2025) 70% - 222.48 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა