Facebook Twitter

22 მაისი, 2025 წელი,

საქმე №ას-378-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ფ.ა–ვი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ლამბალოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 500კვ.მ დაზუსტებული ფართობი (ბლოკი N026, ნაკვეთი N003) და მასზე განლაგებული N01 შენობა-ნაგებობა (შემდეგში წინამდებარე განჩინებაში მოხსენიებული, როგორც უძრავი ნივთი ან უძრავი ქონება) სს „თ.ბ–ის“ (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) საკუთრებაში ირიცხება.

2. უძრავ ქონებას ფ.ა–ვი (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი ან მფლობელი) ფლობს, რის გამოც მესაკუთრე უძრავი ნივთის მფლობელობას, სარგებლობასა და განკარგვას ვერ ახერხებს.

3. გაფრთხილების წერილი მოპასუხეს არაერთხელ გაეგზავნა და განემარტა, რომ მესაკუთრისთვის უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა. მიუხედავად დამატებით განსაზღვრული ვადისა, ქონება მფლობელს მოსარჩელისთვის არ გადაუცია.

4. უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ მესაკუთრემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

5. სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მაგისტრატი სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

- სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 168-ე, 170-172-ე მუხლებიდან გამომდინარე სარჩელი წარმატებული იყო.

8. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი შემდეგი დასაბუთებით შემოიტანა:

- მოპასუხის მიერ წარდგენილი ინფორმაციებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელესთან გარიგება მას მოტყუებით და შეცდომაში შეყვანის გზით დაადებინეს, სახელდობრ, დაჰპირდნენ, რომ უძრავ ნივთს საფრთხე არ შეექმნებოდა, ქონება იპოთეკით დაიტვირთებოდა და თუკი მსესხებელი კრედიტს არ გადაიხდიდა, კასატორის ქონებას საფრთხე არ დაემუქრებოდა. ამდენად, უძრავი ნივთი მოსარჩელემ მოტყუებით დადებული გარიგების საფუძველზე მიიღო.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

10. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.

12. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ, საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

13. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172.1 მუხლი. ამ ნორმის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები:

ა). მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე,

ბ). მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და

გ). მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

მოსარჩელე სადავო ქონების მესაკუთრეა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

რაც შეეხება უძრავ ქონებაზე მოპასუხეთა მფლობელობის არსებობას, აღნიშნულ გარემოებას მოპასუხე არ უარყოფს და გასაჩივრებული განჩინებითაც დამტკიცებულადაა ცნობილი, რის გამოც საკასაციო პალატისათვის იგი სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

14. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

ამდენად, ვინაიდან არსებობს სსკ-ის 172.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.

15. კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ სადავო ბინის მესაკუთრე მოსარჩელეა და მოპასუხე უძრავ ნივთს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს. ეს გარემოებები მესაკუთრეს იმ უფლებით აღჭურავს, რომ თავის საკუთრებაში არსებული ქონების მოპასუხისგან, როგორც არამართლზომიერი მფლობელებისგან გამოთხოვა მოითხოვოს. ამდენად, გასაჩივრებული განჩინებით მესაკუთრის სარჩელი სწორად დაკმაყოფილდა.

16. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას საფუძვლად ვერ დაედება კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ უძრავი ნივთი მოსარჩელემ მოტყუებით დადებული გარიგების საფუძველზე მიიღო, მითუმეტეს იმ პირობებში, რომ მოწინააღმდეგე მხარის საკუთრების წარმოშობის საფუძველი სამართლებრივად შედავებული არ არის და შესაბამისად ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების გარემოებაც არ დასტურდება.

მოცემული საკითხის გაანალიზებისას საყურადღებოა სსკ-ის 312.1 მუხლის შინაარსი, ამ ნორმის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. სანამ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება კანონიერად ითვლება, მანამდე უფლებამოსილ პირს შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება. ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს (იხ. სუსგ. Nას-320-2020, 18.02.2021წ.; Nას-1542-1462-2017, 30.01.2018წ.).

გარდა ამისა, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ მარტოოდენ გასაჩივრების ფაქტი არ აჩერებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მოქმედებას, თუ არ დადასტურდა უფლების ნამდვილობის ხარვეზი თავად გარიგების მხარეთა მიერ ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მანამდე ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (იხ. სუსგ. Nას-1542-1462-2017, 30.01.2018წ.; Nას-1719-2019, 22.01.2020წ.).

კანონის ზემომითითებული ნორმის შინაარსი, ასევე, დასახელებულ განჩინებებში ასახული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსჯელობა, საფუძველს ქმნის დასკვნისათვის, რომ მოცემულ შემთხვევაში, უნდა დავეყრდნოთ საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას. ეს პრეზუმფცია იმაში მდგომარეობს, რომ სადავო ქონების მესაკუთრე მოსარჩელეა, რაც სათანადო წესით ამ ფაქტის უსწორობის დამტკიცებამდე პრეზუმირებულია.

როგორც ზემოთ განიმარტა, მოსარჩელეს, რომელიც ამჟამად უძრავი ქონების მესაკუთრეა, აღნიშნული ქონების მოპასუხისგან გამოთხოვის სრული უფლება აქვს, რაც კანონიერად დაკმაყოფილდა.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-577-2019, 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება; №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; №ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება). სადავო საკითხის ამგვარად გადაწყვეტა სრულ შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან (მაგალითისათვის იხ.: მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი; იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII; პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ, დიდი პალატა, N42527/98, §83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII)).

18. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფ.ა–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ფ.ა–ვს (...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. კ........ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება #26945799186, გადახდის თარიღი - 23.04.2025) 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა