17 ოქტომბერი, 2024 წელი,
საქმე №ას-836-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ე.ს–ვა (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.გ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2011 წელს გამოშვებული SUBARU FORESTER 2.5X PREMIUM-ი (სიდენტიფიკაციო ნომერი ........ წინამდებარე განჩინებაში შემდეგში მოხსენიებული, როგორც სადავო ავტომობილი, ავტომობილი ან სადავო ნივთი) ა.გ–ძის (შემდეგში - მესაკუთრე ან მამკვიდრებელი) სახელზეა დარეგისტრირებული.
2. სადავო ავტომობილის იმპორტის საბაჟო პროცედურა 2020 წლის 4 სექტემბერს შპს „კ.ა–ის“ სახელზე შესრულდა. იმავე დღეს, შპს „კ.ა–ისა“ და მამკვიდრებლის ერთობლივი განცხადების საფუძველზე ავტომობილის პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა და ნივთი დღემდე ამ უკანასკნელის სახელზეა რეგისტრირებული.
3. სადავო ავტომობილი ე.ს–ვას (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) მფლობელობაშია.
4. 1993 წლიდან 2021 წლის 24 მაისამდე მის კუთვნილ ბინაში მოპასუხე მამკვიდრებელთან ერთად ცხოვრობდა, ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილან.
5. ლ.გ–ძე (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) - მამკვიდრებლის (რომელიც 2021 წლის 24 მაისს გარდაიცვალა) შვილია.
6. მოსარჩელემ, როგორც მამკვიდრებლის შვილმა და კანონისმიერმა მემკვიდრემ, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული ქონება მემკვიდრეობით სრულად მიიღო.
7. 2011 წლის 6 დეკემბრიდან მოპასუხეს მცირე ბიზნესის სტატუსი აქვს მინიჭებული, მისი საქმიანობა - სურსათით ვაჭრობაა. 2011 წლიდან - დღემდე - მოპასუხე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა და აქვს შემოსავალი.
8. „ლ.ბ–დან“ მოპასუხეს აღებული ჰქონდა 15 000 ლარის ოდენობით
კრედიტი.
9. 2018 წლის 19 სექტემბერს, ქ.თბილისში, ........ ქუჩის N37ა-ს მე-4 სადარბაზოს პირველ სართულზე მდებარე 104.45კვ.მ ბინაში მოპასუხემ წილი შეიძინა.
10. მოპასუხესთან (და სამ სხვა იპოთეკართან) 2007 წლის 20 ივნისს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, მათ შორის, მოპასუხის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის, მ.კ–ძის უძრავი ნივთი.
11. მამკვიდრებელი 1991 წლიდან ქ.თბილისის მეტროპოლიტენის დაცვის სამსახურში მუშაობდა და ყოველ მესამე დღეს მორიგეობდა.
12. შპს „კ.ა–ის“ თანამშრომელ რ.კ–ის სანოტარო წესით დადასტურებული განცხადების მიხედვით, სადავო ავტომობილის ნასყიდობის თანხა მოპასუხემ გადაიხადა და ავტომობილის შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებსაც ეს უკანასკნელი აწარმოებდა.
13. 2017 წლის 5 ივნისს, მოპასუხის სახელზე მამკვიდრებელმა ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა გასცა განუსაზღვრელი ვადით.
14. ავტომობილის მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვისა და მისთვის გადაცემის მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
15. მოგვიანებით, სასამართლოში შეგებებული სარჩელი მოპასუხემ აღძრა, რომლითაც ავტომობილის მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა.
16. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით: სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა.
17. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა.
18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით:
- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;
- სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ ცნობის შესახებ მოპასუხის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ეს უკანასკნელი სადავო ავტომობილის ½ წილის მესაკუთრედ იქნა ცნობილი:
- დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
18.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-13 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნა ჩამოაყალიბა:
სადავო ავტომობილი, რომელიც მამკვიდრებლის სახელზეა დარეგისტრირებული, ამ უკანასკნელისა და მოპასუხის საერთო ქონებად უნდა ჩაითვალოს, არა როგორც მეუღლეების თანასაკუთრება, არამედ როგორც ერთობლივი სახსრებით შეძენილი ქონება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 186.1, 930-ე, 931-ე მუხლები).
18.2. ავტომობილზე მოსარჩელის და მოპასუხის თანასაკუთრების დადგენის პირობებში, საფუძველი გამოეცალა მოწინააღმდეგე მხარის ვინდიკაციურ სარჩელს, ვინაიდან თანამესაკუთრეს აქვს კუთვნილი ნივთის ფლობის უფლება და შესაბამისად, იგი ვერ მიიჩნევა არამართლზომიერ მფლობელად. ამდენად, ვინდიკაციური სარჩელი წარუმატებელია არა იმიტომ, რომ მოსარჩელემ ნივთზე მისი საკუთრების უფლება ვერ დაადასტურა, არამედ, იმიტომ, რომ მოპასუხესაც გააჩინა მასზე საკუთრების უფლება და აქედან გამომდინარე მფლობელობის უფლებაც, ხოლო სადავო მოძრავი ნივთი - ავტომობილი - ამ ეტაპზე განუყოფელია (სსკ-ის 170.1, 953-ე მუხლები).
19. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოპასუხემ, რომელმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, მისი შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგი დასაბუთებით მოითხოვა:
19.1. სადავო ავტომობილზე მესაკუთრეობის დასადასტურებლად მოსარჩელემ მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ სსიპ მომსახურების სააგენტოში ავტომობილი თავისი მამკვიდრებლის სახელზეა დარეგისტრირებული, თუმცა საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, აღნიშნული არგუმენტი მცდარია, რადგან მომსახურების სააგენტოში ავტომობილის კონკრეტული პირის სახელზე გაფორმებას ადმინისტრაციულსამართლებრივი დატვირთვა აქვს, ხოლო, მოძრავ ნივთებზე საკუთრების მიღების საკითხი, სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლებით წესრიგდება.
19.2. კასატორმა საქმეზე არაერთი მტკიცებულება წარმოადგინა, რომლებითაც დგინდება, რომ მას შესაბამისი ფინანსური სახსრები აქვს და ავტომობილი სწორედ თვითონ შეისყიდა. სწორედ მითითებული შემოსავლებიდან მოხდა სადავო ავტომობილის შესყიდვა, რასაც შპს „კ.ა–ის“ თანამშრომლის სანოტარო წესით დადასტურებული განცხადებაც ადასტურებს. მართალია, სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ რეგისტრირებული ქორწინების არარსებობის გამო სსკ-ის 1158.1 მუხლი სადავო სამართალურთიერთობის გადასაწყვეტად ვერ გამოიყენებოდა, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაზე ამ ნორმის დანაწესი მაინც გაავრცელა. სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის ადგილი ჰქონდა სსკ-ის 930-ე მუხლით გათვალისწინებულ ერთობლივ საქმიანობას, თუმცა გაუგებარია, თუ რას ეფუძნება ამგვარი არგუმენტაცია, ვინაიდან სასამართლო პროცესებზე არ დადასტურებულა მხარეთა მხრიდან მსგავსი ნების გამოვლენის ფაქტობრივი გარემოება.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
23. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
24. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.
კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოა.
25. პირველ რიგში, პალატა მიუთითებს სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის შინაარსით: საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, პალატისთვის ამოსავალი სწორედ კასატორის მიერ შედავებული მოთხოვნაა, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემდეგია:
რამდენად კანონიერია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, კერძოდ, ავტომობილის 1/2 ნაწილზე მისი მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის უარყოფისა და, შესაბამისად, ხსენებულ მოძრავი ნივთის 1/2 წილზე მესაკუთრედ მოწინააღმდეგე მხარის ცნობის ნაწილში.
26. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე ურის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გააუქმა და, ხსენებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით, კასატორის შეგებებული სარჩელი იმგვარად დააკმაყოფილა, რომ იგი ავტომობილის მხოლოდ 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების პროცესუალური შედეგი საკასაციო სასამართლოსთვის გასაზიარებელია, შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:
26.1. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სწორადაა აღნიშნული იმის შესახებ, რომ, ავტომობილის, როგორც მოძრავი ნივთის მხოლოდ სშს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის ფაქტი, ხსენებულ ავტომობილზე მოსარჩელის მამკვიდრებლის საკუთრების უფლების წარმოშობას არ მოიაზრებს.
მოცემული დასკვნის ჩამოყალიბებისას საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, სადაც განმარტებულია, რომ საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს.
ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას.
რეგისტრაციის განხორციელება არ წარმოადგენს სამოქალაქოსამართლებრივ აქტს, იგი მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და თავისი არსით ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება (იხ. სუსგ Nას-914-954-2011, 27.10.2011).
თუმცა, სადავო ნივთზე მოწინააღმდეგე მხარის მამკვიდრებლის საკუთრების უფლების წარმოშობის საკითხის კვლევის ფარგლებში, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დამტკიცებულად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის, პალატა ყურადღებას შემდეგ არგუმენტებზე მიაქცევს:
- კასატორი და აწ გარდაცვლილი მოწინააღმდეგე მხარის მამკვიდრებელი ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ, მათ შორის არსებობდა ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, ერთობლივად ეწეოდნენ საოჯახო და სამეწარმეო საქმიანობას, რითაც წვლილი შეჰქონდათ მათსავე საოჯახო მეურნეობაში. სადავო ავტომობილის შეძენის მიზანი, რომელსაც სამეწარმეო საქმიანობის მიზნებისთვის ფაქტობრივად მამკვიდრებელი მართავდა, სწორედ ამ საქმიანობის ხელშეწყობა და განვითარება წარმოადგენდა.
- როგორც თავად კასატორმა (შეგებებული სარჩელის ავტორი) მიუთითა, მამკვიდრებელთან ერთ ოჯახად ცხოვრობდა, ერთობლივ საოჯახო მეურნეობას ეწეოდა, სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში პროდუქტების შესაძენად ისინი ერთად მოქმედებდნენ, ამასთან, სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებულის გარდა, ორივე მათგანს გააჩნდა შემოსავალი.
ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი, ზემოთ მოყვანილი გარემოებების უარყოფის მიზნით სათანადო და რელევანტური არგუმენტაცია კასატორს არ წარმოუდგენია, რაც იმას გულისხმობს, რომ საკასაციო პალატისთვის ეს გარემოებები სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი).
26.2. სსკ-ის 186.1 მუხლის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.
26.3. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სსკ-ის 186.1 და 158-ე მუხლებთან ერთობლივი ანალიზი საკმარის საფუძველს ქმნის სადავო ავტომობილის 1/2 წილის მესაკუთრედ მოწინააღმდეგე მხარის (მამკვიდრებლის შვილის) მიჩნევისთვის. ამ მიზნით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე: გარდა იმისა, რომ სადავო ნივთი მამკვიდრებლის საკუთრებად შსს მომსახურების სააგენტოში იყო რეგისტრირებული, აღნიშნული ნივთი ამ უკანასკნელის მფლობელობაშიც იმყოფებოდა და ავტომობილს ფაქტობრივად სწორედ მამკვიდრებელი მართავდა. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის დადგენის მიზნით აუცილებელი ორი საკვანძო ელემენტის გათვალისწინებით სადავო ავტომობილი მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებაში შემავალ ნივთს წარმოადგენდა, რომლის 1/2 ნაწილზეც ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელის საკუთრების უფლება კანონიერად წარმოიშვა (სსკ-ის 1306-ე, 1307-ე, 1336-ე, 1421-ე მუხლები).
27. რაც შეეხება სადავო ნივთის დანარჩენი 1/2 წილის მესაკუთრედ კასატორის ცნობას, აღნიშნული საკითხი წინამდებარე განჩინების კვლევის საგანი ვერ გახდება, რადგან მითითებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია და იგი კანონიერ ძალაშია შესული (სსსკ-ის 264.2 მუხლი - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ).
28. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
29. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ს–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ე.ს–ვას (პ/ნ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.შ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 390 ლარის (საგადახდო დავალება 22696774781, მიღების თარიღი - 5.07.2024, წარდგენის თარიღი - 5.07.2024) 70% - 273 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე