Facebook Twitter

13 მარტი, 2025 წელი,

საქმე №ას-980 -2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ნ.პ–ი, ლ.კ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.ყ–ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - სს „თ.ბ–ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - ჩუქების და ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 1998 წელს კ.კ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც თავდაპირველი მესაკუთრე, პირველი მოპასუხის მეუღლე ან მეორე მოპასუხის მამა) რუსთავში, .........) მდებარე #15 ბინა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორცუძრავი ქონება ან სადავო ბინა) შეიძინა, რომელიც ამ უკანასკნელის სახელზე საჯარო რეესტრში 2007 წლის 31 ივლისს აღირიცხა.

2. თ.ყ–ი (გვარის შეცვლამდე კობახიძე) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) და ლ.კ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, კასატორი ან მოსარჩელის ყოფილი მეუღლე) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2006 წლის 13 მაისიდან (იხ. ქორწინების მოწმობა).

3. 2009 წლის 26 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მეორე მოპასუხემ თავდაპირველი მესაკუთრისგან/მამისგან შეიძინა სადავო ბინა და, ნივთის მესაკუთრედ ეს უკანასკნელი აღირიცხა.

4. 2010 წლის 27 აგვისტოს მეორე მოპასუხემ, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ზემოაღნიშნული უძრავი ქონება დედას/ნ.პ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი მოპასუხე, კასატორი ან მეორე მოპასუხის დედა) აჩუქა და ქონება მის საკუთრებად აღირიცხა.

5. 2012 წლის 8 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულებით, პირველმა მოპასუხემ უძრავი ნივთი შვილს/მეორე მოპასუხეს აჩუქა და საკუთრების უფლება მას გადაეცა.

6. 2014 წლის 27 ოქტომბერს კი, მეორე მოპასუხემ უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, პირველ მოპასუხეს მიჰყიდა და სადავო ქონების მესაკუთრედ კვლავ ეს სუბიექტი აღირიცხა.

7. 2016 წლის 19 ივლისს პირველ მოპასუხესა და სს ,,თ.ბ–ს'' (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც თავდაპირველი მოპასუხე ან ბანკი) შორის გაფორმებული გარიგებით სადავო ქონებაზე იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო.

8. ზემოღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ სადავო ქონება მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდშია შეძენილი, რომელიც პირველი მოპასუხის სახელზე იმ მიზნით გაფორმდა, რომ არ მომხდარიყო უძრავი ქონების 1/2 ნაწილის მის სახელზე აღრიცხვა.

9. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, წარადგინეს მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითეს, რომ პირველმა მოპასუხემ და მისმა მეუღლემ სადავო ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 1998 წელს შეიძინეს და ქონების შეძენაში არც მეორე მოპასუხეს და არც მოსარჩელეს წვლილი არ მიუძღვით. უძრავი ქონების მესაკუთრე ოჯახის საჭიროებიდან გამომდინარე ხშირად იცვლებოდა თუმცა, მიუხედავად სადავო ქონების მესაკუთრის ცვლილებებისა, უძრავ ქონებაში უწყვეტად ცხოვრობდნენ პირველი მოპასუხე და მისი მეუღლე, შესაბამისად, გარიგების ბათილად ცნობის სამართლებრვი საფუძველიც არ არსებობდა.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2010 წლის 27 აგვისტოს მოპასუხეებს შორის დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, 1/2 ნაწილში; ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2012 წლის 7 აგვისტოს მოპასუხეებს შორის დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება 1/2 ნაწილში; ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2014 წლის 27 ოქტომბერს მოპასუხეებს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება 1/2 ნაწილში და მოსარჩელე ცნობილი იქნა უძრავი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.

13. გადაწყვეტილება მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

13.1. კასატორების მტკიცებით, მოსარჩელეს სადავო ბინაში არასოდეს უცხოვრია და იქ მხოლოდ სტუმრად მოდიოდა. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ კი, არასწორად გამოიყენა და განმარტა მატერიალური სამართლის ნორმები, შესაბამისად, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, რაც მისი გაუქმების აბსოლიტური საფუძველია (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 6 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეების/კასატორების პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები, დასაბუთებულია.

16. საკასაციო პალატის დასკვნით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მოპასუხეების შედავების პირობებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სადავო ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელების წინაპირობების არსებობა.

17. იმისთვის, რომ სადავო ქონება, მეუღლეთა თანასაკუთრებად მივიჩნიოთ უნდა დადასტურდეს მტკიცების საგანში შემავალი შემდეგი გარემოებები: მეუღლეები რეგისტრირებულ ქორწინებაში უნდა იმყოფებოდნენ და ობიექტურად უნდა არსებობდეს მეუღლეთა საერთო ქონება.

18. ამდენად, საოჯახო ურთიერთობების მომწესრიგებელი კანონმდებლობით, მეუღლის ქონებრივი უფლების რეალიზაცია - სადავო მატერიალური სიკეთის, რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენის ფაქტზეა დამოკიდებული. ამასთან, ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგისთვის ერთ-ერთი მეუღლე უნდა ითხოვდეს საერთო ქონების გაყოფას, რაც ნიშნავს საერთო ქონების რეალურ/იდეალურ წილად ტრანსფორმირებას.

19. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ქონება მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში - 2009 წლის 26 მარტსაა შეძენილი, შესაბამისად, სადავო ნივთი ექცევა მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმში და ქონების 1/2 ნაწილზე საკუთრების უფლება შეუძლია მიიღოს.

20. ქორწინება წარმოშობს მეუღლეთა ორმხრივ, პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. სწორედ ამიტომ მოცემული დავის ფარგლებში მნიშვნელოვანია შევეხოთ იმ საკითხის გადაწყვეტას, რაც შეეხება ქორწინებიდან გამომდინარე მეუღლეთა თანასაკუთრებას.

21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ [სსკ-ის 1161-ე-1162-ე მუხლები] და საერთო თანაზიარ საკუთრებად [სსკ-ის 1158-ე მუხლი: მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი]. „ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს... თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. საპატიო მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ პირის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზის გამო, დამოუკიდებელი შემოსავლის მიუღებლობას. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს იმას, ქონება შეძენილია ერთ-ერთი მათგანისა თუ ორივე მეუღლის მიერ.

ამდენად, უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია, რომ ქონება ერთობლივი მეურნეობის მართვის შედეგად იყოს შეძენილი. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ, როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით. მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას (მეუღლეების საერთო ქონებას) მიეკუთვნება, როგორც შრომის საქმიანობით მიღებული ორივე მეუღლის შემოსავალი, ასევე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სხვა სახის შემოსავალი, რომლებსაც სპეციალური მიზნობრივი დანიშნულება არ აქვთ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეების მიერ ქორწინების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, ვის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა“ (იხ. სუსგ №ას-7-7-2016, 16 მარტი, 2016 წელი).

22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. ამრიგად, სასამართლო ვერ გადაწყვეტს ვერცერთ სამოქალაქო საქმეს, თუ მან წინასწარ არ დაადგინა გარკვეული ფაქტები. ამ ფაქტების დადგენა ხორციელდება უმთავრესად დამტკიცების გზით, შესაბამისი მტკიცებულებების გამოყენებით.

23. მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების საგანში შემავალ და შესაბამისად დასადასტურებელ გარემოებათა წრე შემდეგია: მეუღლეები რეგისტრირებულ ქორწინებაში უნდა იმყოფებოდნენ; უნდა არსებობდეს მეუღლეთა საერთო ქონება. ამდენად, საოჯახო ურთიერთობების მომწესრიგებელი კანონმდებლობით, მეუღლის ქონებრივი უფლების რეალიზაცია - სადავო მატერიალური სიკეთის, ერთობლივი მეურნეობის მართვის შედეგად მიღების ფაქტზეა დამოკიდებული.

24. განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილი ფაქტია, რომ უძრავი ქონება 1998 წელს პირველმა მოპასუხემ და მისმა მეუღლემ შეიძინეს, რომელიც ამ უკანასკნელის სახელზე მარეგისტრირებელ ორგანოში 2007 წლის 31 ივლისს აღირიცხა. ასევე დადგენილია, რომ ოჯახის საჭიროებიდან გამომდინარე, უძრავი ნივთი, მათ შორის დადებული გარიგებების საფუძველზე, სხვადასხვა პერიოდში, ოჯახის წევრების საკუთრებაში რეგისტრირდებოდა; სახელდობრ, 2009 წლის 26 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მეორე მოპასუხის, 2010 წლის 27 აგვისტოდან 2012 წლის 8 აგვისტომდე ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, პირველი მოპასუხის, 2012 წლის 8 აგვისტოდან 2014 წლის 29 ოქტომბრამდე ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მეორე მოპასუხის სახელზე იყო რეგისტრირებული. 2014 წლის 29 ოქტომბრიდან დღემდე კი, სადავო ქონება პირველი მოპასუხის საკუთრებაა.

25. ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელზე მითითებითაც მოსარჩელე უძრავ ქონებას თანაცხოვრების პერიოდში შეძენილად მიიჩნევს და შესაბამისად ნივთის 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობას მოითხოვს, 2009 წლის 26 მარტს, მეორე მოპასუხესა და თავდაპირველ მესაკუთრეს შორისაა შედგენილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას მხარეების მიერ დასახელებული გარიგებით საკუთრების უფლების რეალურად გადაცემის მიზნის ნაწილში, სახელდობრ:

26. საკასაციო სასამართლო მოსარჩელის ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლზე რომელიც ადგენს უძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობის სანივთოსამართლებრივ წინაპირობებს (უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში), თუმცა იგი არ არის ამომწურავი. საკუთრების გადაცემის, როგორც განკარგვითი ხელშეკრულების ვალდებულებითი ნაწილიდან გამომდინარე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. სსკ-ის 477-ე მუხლი), მასზე ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილი ყველა ის ზოგადი და კერძო შეზღუდვა ვრცელდება, რაც სახელშეკრულებო სამართლისთვისაა დამახასიათებელი.

საკუთრების უფლების გადაცემისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ კანონის ზემოხსენებული ფორმალური მოთხოვნების დაცვა (მაგ: მხოლოდ გარიგების ფორმის დაცვა და სხვა), არამედ, უმთავრეს ამოსავალს წარმოადგენს მხარეთა ნების ნამდვილობა, ანუ ქონების განკარგვა უნდა განხორციელდეს გამყიდველისა და მყიდველის ურთიერთმფარავი ნამდვილი ნების საფუძველზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმის მიხედვით თუ რა ნაკლი გააჩნდა გარეგნულად ფორმირებულ ნებას, დღის წესრიგში დგება მისი შედეგის ნამდვილობის საკითხი (საცილო და უცილოდ ბათილი გარიგებები).

27. ნების გამოვლენის ნამდვილობაზე მსჯელობისას, ყურადღება უნდა გამახვილდეს სამ კომპონენტზე: ნება, მისი გამოვლენა და მათი ურთიერთშესაბამისობა. ამ სამი ელემენტიდან ერთ-ერთის ხარვეზი განაპირობებს ნების გამოვლენის არარსებობას ან არანამდვილობას ნამდვილობის შემაფერხებელი მოტივების გამო. ასეთია ის გარემოება, რომელიც ნების გამოვლენის გარეგნული გამოხატულების, მისი შემადგენლობის არსებითი ელემენტების არსებობის მიუხედავად, გავლენას ახდენს გარიგების კანონიერებაზე.

28. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (შდრ. სუსგ №ს 15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; სუსგ საქმე №ას-973-1208-04).

29. ამასთან, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა კანონისმიერი საფუძვლიდან. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნას იმაზე ამყარებდა რომ ქონება შეძენილი იყო ქორწინების პერიოდში. სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი). დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ №ას-746-2019, 26 ივლისი, 2019 წელი);

30. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ მეორე მოპასუხესა და თავდაპირველ მესაკუთრეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებმა რეალურად გამოავლინეს საკუთრების გადაცემის ნება. მხარეთა ახსნა-განმარტებების და მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ხელშეკრულებას სამართლებრივად ნამდვილი ხასიათი არ შეუძენია, კერძოდ, ნასყიდობის თანხის სანაცვლოდ მოპასუხეს ბინა არ მიუღია და სადავო ქონებაში 1998 წლიდან უწყვეტად ცხოვრობენ პირველი მოპასუხე და მისი მეუღლე. მათ აღნიშნული ბინის გარდა სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა (იხ. მოწმეთა ჩვენება) ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ მოსარჩელე და მისი მეუღლე/მეორე მოპასუხე სადავო ბინას არ დაუფლებიან, მათ ქორწინების შემდგომ ქალაქ რუსთავში შეიძინეს ბინა და იქ დაიწყეს ერთობლივი ცხოვრება. სადავო ბინაში კი, მხოლოდ სტუმრად მიდიოდნენ. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა განხორციელებადი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელე დამაჯერებლად და სარწმუნოდ დაასაბუთებდა თანასაკუთრების უფლების წარმოშობას ქორწინების განმავლობაში და ქონების საერთო ფინანსური რესურსით შეძენის ფაქტს.

31. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პირველი მოპასუხე მეუღლესთან ერთად უწყვეტად ცხოვრობდა სადავო სახლში ხოლო თავდაპირველი (2009 წლის 26 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება) ნასყიდობის ხელშეკრულება და სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომდევნო გარიგებანი მხოლოდ ოჯახის სპეციფიკური ფინანსური (უძრავი ნივთის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება) და სხვა ინტერესებით იყო ნაკარნახევი.

32. ამდენად, საქმის გარემოებათა ურთიერთშეჯერებითა და სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის დანაწესთა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა სადავო ქონებაზე მისი თანასაკუთრების უფლების წარმოშობა.

33. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ის გარემოება, რომ მეორე მოპასუხესა და თავდაპირველ მესაკუთრეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება კანონის მოთხოვნათა დაცვით და საკუთრების უფლების რეალურად გადაცემის მიზნით არ დადებულა, საფუძველს აცლის მოპასუხეებს შორის გაფორმებული 2010 წლის 27 აგვისტოს და 2012 წლის 7 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულებისა და 2014 წლის 27 ოქტომბერის ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნებს.

34. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

35. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. ამდენად, მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივრებზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნ.პ–ისა და ლ.კ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. თ.ყ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. თ.ყ–ს, ნ.პ–ისა და ლ.კ––ძის სასარგებლოდ, დაეკისროს ამ უკანასკნელების მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 2725 ლარის ანაზღაურება;

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა